განათლება,მთავარი,სიახლეები

„ფულბრაიტის“ სტიპენდიანტი მასწავლებელი ხულოდან, რომელიც აშშ-ში ისწავლის

11.09.2021 • 8105
„ფულბრაიტის“ სტიპენდიანტი მასწავლებელი ხულოდან, რომელიც აშშ-ში ისწავლის

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მეკეიძეების საჯარო სკოლის ინგლისურის მასწავლებელმა როლანდ შავაძემ, პრესტიჟული სტიპენდია მოიპოვა და ფულბრაიტის პროგრამით 6 კვირით, პედაგოგის კვალიფიკაციას აშშ-ში აიმაღლებს.

აღნიშნული პროგრამა საშუალებას აძლევს ინგლისურის, მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგებს კვალიფიკაციის ასამაღლებლად აშშ-ში გაემგზავრონ. წელს საქართველოდან სულ სამი პედაგოგი წავა, ერთ-ერთი როლანდ შავაძეა.

„პროგრამა მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ 6 კვირის განმავლობაში ვრჩებით აშშ-ში, უნივერსიტეტში ჩაგვიტარდება პროფესიული განმავითარებელი ტრენინგები და ამავდროულად, კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგები. შესაძლებლობა გვექნება შევიდეთ სკოლებში და მენტორი მასწავლებლის დაკვირვების ქვეშ გაკვეთილებიც ჩავატაროთ.

იქნება სხვადასხვა მოდულები თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაზე და სწავლების მეთოდებთან დაკავშირებით. შეგიძლია აირჩიო ის მოდული, რომელიც შენთვის პრიორიტეტულია და შემდეგ როცა ჩამოხვალ, ვალდებულება გაქვს, რომ შენი გამოცდილება შენს სასკოლო თემში გაუზიარო კოლეგებს“ – ამბობს როლანდ შავაძე.

რამდენად არის შესაძლებელი იქ მოღებული ცოდნა სოფლის სკოლებში დავნერგოთ, მაშინ როცა დღემდე პრობლემაა ინტერნეტის და ბავშვების ტექნიკით აღჭურვის? – ვკითხეთ მას.

როლანდ შავაძის აზრით, ტექნოლოგიების ფლობის თვალსაზრისით მდგომარეობა უკეთესობისკენ იცვლება სკოლებში.

„ერთადერთი პოზიტივი რაც შეიძლება ითქვას, რომ კორონაპანდემიამ დაგვიტოვა, ონლაისწავლებაზე გადასვლის გამო ტექნოლოგებთან უფრო მეტი დაახლოებაა.

მასწავლებლები იძულებული გახდნენ, კომპეტენციები აემაღლებინათ ამ მიმართულებით. თავიდან  ძალიან რთული მდგომარეობა იყო, თუმცა დღეს ბევრი მასწავლებელი ახერხებს ტექნოლოგიებით მუშაობას.

არის პრეცედენტებიც, როცა სკოლამ თვითონ უზრუნველყო ბავშვების ტექნიკურად აღჭურვა. მაგალითად, ჩვენს სკოლაში ბავშვებს კორპორატიული ნომრები დავურიგეთ, სადაც 5 ლარად შეუძლიათ შეღავათიანი ინტერნეტის ჩართვა.

ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე სკოლის ადმინისტრაციამ  დაგვავალა, რომ  „თიმსის“ პროგრამები მოვაწესრიგოთ, დავამატოთ ბავშვები, თუკი ვინმე არის ჯგუფის გარეთ და ვიყოთ მზადყოფნაში“ – ამბობს როლანდ შავაძე.

მასწავლებლის კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, წლიდან წლამდე მასწავლებელთა დიდი ნაწილი ახერხებს პროფესიული სტატუსის ამაღლებას, ჩართული არიან სხვადასხვა სახის ტრენინგებში, გადიან პროფესიულ მოდულებს საჭიროების მიხედვით, თუმცა ამის პარალელურად, მაინც არსებობს კრიტიკა იმასთან დაკავშირებით, რომ არ იცვლება სწავლების ხარისხი და განათლების დონე სკოლებში.

როგორ ფიქრობთ, რა განაპირობებს ამას, სტატუსების პარალელურად რატომ ვერ მაღლდება სწავლის ხარისხი სკოლებში? – ვკითხეთ როლანდ შავაძეს.

მისი თქმით, მასწავლებლის კარიერული სტატუსი, იქნება ეს – უფროსი, წამყვანი თუ მენტორი, სასწავლო კლიმატს ვერ შეცვლის, თუ სწავლების მეთოდოლოგია არ შეიცვალა.

„ზოგადად, სასწავლო კლიმატს ინდივიდუალურად ცვლის მასწავლებელი. არ აქვს მნიშვნელობა, პირობითად, მე ვიქნები წამყვანი თუ უფროსი [მასწავლებელი], ჩემი რეალობა არ შეიცვლება თუ ჩემი სტატუსი ჩემს კვალიფიკაციას არ ცვლის.

სამწუხაროდ, დღეს სტატუსები თანხვედრაში არ არის მასწავლებლის კვალიფიკაციასთან. ეს არის მინიჭებული სტატუსი, რომლის პოზიტიური მხარე არის ის, რომ მასწავლებელს ხელფასი ემატება, თუმცა კვალიფიკაციის მხრივ არაფერი იცვლება“ – ამბობს როლანდ შავაძე.

მისი აზრით, საგნობრივი კომპეტენციის დადასტურება აუცილებელია, რადგან მასწავლებელი თავის საგანს უნდა ფლობდეს, მაგრამ მნიშვნელოვანია სწავლების მეთოდები, როგორ ახერხებს ის ცოდნის გამოყენებას საკლასო ოთახში.

„ამიტომ რაღაც სხვა მიდგომები უფრო სწორი იქნებოდა, რომელიც მასწავლებლის საკლასო პროცესში ქმედებას შეამოწმებს, საგნობრივი ცოდნა კი, ბუნებრივია, ისედაც საჭიროა.

ზოგადად, ხარისხის საკითხი კომპლექსურია და პირველ რიგში უნივერსიტეტებიდან უნდა დავიწყოთ ამის მოგვარება. ჯერჯერობით ვერ შევძელით, რომ მასწავლებლის პროფესია პრესტიჟული გაგვეხადა, რადგან ამ პროფესიაში დღემდე ისეთი ადამიანები მიდიან, ვინც ბოლომდე არ არის დარწმუნებული, რომ ნამდვილად სურს პედაგოგობა.

სპეციალობის არჩევის დროს აბიტურიენტმა სადღაც შემთხვევით კი არ უნდა მონიშნოს მასწავლებლობა – „თუ მოვხვდები კარგია და იყოს“, არამედ, ეს უნდა იყოს მისი პრიორიტეტული არჩევანი, თუ უნდა ამ პროფესიაში შემოსვლა.

მნიშვნელოვანია, რომ განათლების სფეროში ახალგაზრდა და მოტივირებული სპეციალისტები შემოვიდნენ, რასაც, სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით ვერ ვახერხებთ“-ამბობს როლანდ შავაძე.

მისი აზრით, მასწავლებელი ყოველთვის უნდა იყოს სიახლეების ძიებაში, ამიტომ იმედოვნებს, რომ ამერიკაში გატარებული 6 კვირა შესაძლებლობას მისცემს ისეთი სიახლეები ჩამოიტანოს, რაც გამოადგება ქართულ სკოლებს და ქართველ კოლეგებს და „ასევე დამეხმარება პიროვნულ განვითარებაში“ – ამბობს როლანდ შავაძე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: