მთავარი,სიახლეები

როგორ გამდიდრდა ბათუმის წყლის დირექტორი 4 წელში – 700 კვ.მ. სახლი და სხვა ქონება

09.09.2021 • 19165
როგორ გამდიდრდა ბათუმის წყლის დირექტორი 4 წელში – 700 კვ.მ. სახლი და სხვა ქონება

შპს „ბათუმის წყლის“ დირექტორი, ლევან დავითაძე, საბიუჯეტო ორგანიზაციაში დაწინაურებიდან დღემდე სწრაფი ტემპით მდიდრდება. 2016 წელს, ბათუმის მერიის ა(ა)იპის ხელმძღვანელად დანიშვნის დროს, მას საკუთარი ბინა არ ჰქონდა. 2020 წლისთვის კი, რამდენიმე თანამდებობის ცვლილების პარალელურად, ორი ბინის და მიწის ნაკვეთის შეძენა მოახერხა, ასევე აიშენა 700 კვადრატული მეტრი სახლი ევრორემონტით ქალაქის გარეუბანში.

ლევან დავითაძე ბათუმის წყლის დირექტორად 2021 წლის თებერვალში მერის მოვალეობის შემსრულებელმა, არჩილ ჩიქოვანმა დანიშნა. არჩილ ჩიქოვანი ახლა „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატია, მას აქტიურად და შეუფარავად უჭერენ მხარს „ბათუმის წყლის“ თანამშრომლები სოციალურ ქსელებში. თანამშრომლებს არც თავად კომპანია ჩამორჩება, მაგალითად, 12 აგვისტოს „ქართულ ოცნებას“ საკუთარი სატვირთო მანქანით სკამები გადაუზიდა, როგორც აქ ირწმუნებიან, 100 ლარის სანაცვლოდ.

„ბათუმელების“ მიერ ამ ფაქტის დაფიქსირების შემდეგ, „ბათუმის წყალმა“ ოფიციალურ განმარტებაზე უარი განაცხადა. სტატიის გამოქვეყნების შემდეგ კი ლევან დავითაძემ წერილობით გვაცნობა, რომ „მოგებაზე ორიენტირებული“ ორგანიზაციის დირექტორია. ამავე წერილში ”ბათუმის წყლის” გენერალური დირექტორი გვარწმუნებს, რომ „ანაზღაურების სანაცვლოდ მოემსახურება ნებისმიერ სუბიექტს“, რაც ტყუილია: ამ კომპანიის ცხელ ხაზზე კატეგორიულად გამორიცხავენ, რომ „ბათუმის წყლის“ სატრანსპორტო საშუალებით შეიძლება, მაგალითად, სკამების გადატანა. ეს დასტურდება ვიდეოჩანაწერით. 

ლევან დავითაძის ოჯახს სხვა ტიპის თანამშრომლობის გამოცდილებაც აქვს არჩილ ჩიქოვანთან. მაგალითად, ბათუმის მერიის შპს-ს დირექტორის 68 წლის დედამ ზუსტად 1 თვეში მიიღო არჩილ ჩიქოვანის ხელმოწერით კორპუსის მშენებლობის ნებართვა.

არჩილ ჩიქოვანი და ლევან დავითაძე

  • ლევან დავითაძის დაფუძნებული კომპანია და გარიგება ყოფილ შს მინისტრ ჭიკაიძის კომპანიასთან

საჯარო რეესტრის მიხედვით, ლევან დავითაძემ კომპანია 2011 წელს დააფუძნა. მის მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ამ კომპანიის მოგება 2015-2019 წლებში 0 ლარი იყო. 2016 წელს, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში დირექტორის მოადგილედ დანიშვნის შემდეგ, ლევან დავითაძემ ეს კომპანია დედას გადაუფორმა უსასყიდლოდ.

ოფიციალური დოკუმენტებით ირკვევა, რომ კლარა დავითაძემ საჩუქრად მიღებული კომპანია 2020 წელს სარფიანად გაყიდა. ამ გარიგებამ მას სოლიდური თანხა – 215 000 აშშ დოლარი მოუტანა. გარიგება ასევე ითვალისწინებდა ლევან დავითაძის დედისთვის ბათუმის პრესტიჟულ უბანში, ზღვასთან ახლოს, 400 კვ.მეტრი ფართობის გადაცემასაც, მშენებარე კომპლექსის მე-17 სართულზე, ზღვისა და მთის ხედებით. გარიგებაში მონაწილეობდა ყოფილი შს მინისტრის, ალექსანდრე ჭიკაიძის კომპანია.

შპს „ბათუმის წყლის“ დირექტორის, ლევან დავითაძის მიერ დაფუძნებული კომპანია Best Offer Group-ი, რომელიც ალექსანდრე ჭიკაიძის კომპანიამ იყიდა, სასტუმრო-საცხოვრებელ კომპლექსს ბათუმის ახალ ბულვართან აშენებს. კომპანია უკვე ყიდის აპარტამენტებს, 1 კვ.მეტრი ფართობის ფასი ზღვის ხედით 600-650 დოლარია, ხოლო მთის ხედით – 500-550 დოლარი, მეათე სართულის ზემოთ ეს ფასები ერთ კვ.მ-ზე 30 დოლარით იზრდება.

მშენებარე პროექტის რენდერი – ფოტო კომპანიის ფეისბუქიდან

მიმდინარე მშენებლობა

ცვლილება კომპანიის მონაცემებში 2020 წლის სექტემბერში აისახა, კლარა დავითაძემ კომპანიის ასივე პროცენტი შპს „ჯორჯიან ვიზინგს“ მიჰყიდა.

შეთანხმების მიხედვით, კლარა დავითაძემ აიღო ვალდებულება, რომ თავად უზრუნველყოფდა 26-სართულიანი კორპუსის პროექტის მესამე ეტაპის ნებართვისთვის საჭირო დოკუმენტების მომზადებას და შესაბამის ხარჯებსაც თვითონ გაიღებდა.

პროექტის მესამე ეტაპზე საჭიროა გეოლოგიური კვლევა, ასევე პროექტის კონსტრუქციული ნაწილის შეთანხმება. გარდა ამისა, კლარა დავითაძეს უნდა მოეგვარებინა მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლასთან დაკავშირებული საკითხებიც – ნაკვეთის სასოფლო სამეურნეო სტატუსი, არასასოფლო სამეურნეო სტატუსით უნდა შეცვლილიყო; მასვე უნდა გადაეხადა კ2- ის მოსაკრებელი ბათუმის მერიაში.

კლარა დავითაძემ ასევე აიღო ვალდებულება, რომ მიწის ნაკვეთზე მშენებლობის ნებართვის მიღებას ზუსტად 30 სამუშაო დღეში შეძლებდა. მან პირობა შეასრულა, შეთანხმებას ხელი 2020 წლის 3 სექტემბერს მოეწერა. მერიის ინფორმაციით, შპს Best Offer Group-მა მშენებლობის ნებართვა 2020 წლის 22 ოქტომბერს მიიღო. ნებართვას ხელი მერის მოვალეობის შემსრულებელმა, არჩილ ჩიქოვანმა მოაწერა [პროექტის პირველი ეტაპი 2019 წლის დეკემბერში შეათანხმეს].

ამ გარიგებამდე ცოტა ხნით ადრე, 2020 წლის სექტემბერში, მიწის ნაკვეთები ბათუმში, ლორთქიფანიძის #30-32-ში შპს Best Offer Group-მა მესაკუთრეებთან გარიგების საფუძველზე დაირეგისტრირა. გარიგება მშენებლობის მომსახურებას გულისხმობდა. რეესტრში თავიდანვე ჩაიწერა სოლიდარული თავდებობის შესახებ. ეს იმას ნიშნავს, რომ საქმეში მესამე პირი მონაწილეობდა. ეს მესამე პირი კი სწორედ ყოფილი შს მინისტრის კომპანია – „ჯორგიან ვიზინგი“ იყო.

შპს „ჯორჯიან ვიზინგის“-ის  50 პროცენტი ალექსანდრე ჭიკაიძეს, 50 პროცენტი კი თორნიკე ქორთოშიძეს ეკუთვნის. კომპანიას უტა მაღლაფერიძე ხელმძღვანელობს.

  • ფეშენებელური სახლი

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ლევან დავითაძე ბათუმის გარეუბანში, სოფელ ქვედა სამებაში, ფეშენებელურ საცხოვრებელ სახლს იშენებს, რაც ჩვეულებრივ ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლზე ბევრად დიდი – 702,84 კვ,მ – ია. ადგილზე კი უკვე აშენებული სახლი დაგვხვდა, როგორც მეზობლებმა გვითხრეს, ოჯახი აქ უკვე ერთ წელზე მეტია ცხოვრობს.

ლევან დავითაძის ახალაშენებული სახლი სოფელ სამებაში

სამსართულიანი სახლი შემოსაზღვრულია ქვის გალავნით ისე, რომ ქუჩიდან პირველი სართულის და ეზოს დანახვას ვერ შეძლებთ

მიწის ნაკვეთი სოფელ სამებაში ლევან დავითაძემ 2017 წელს იყიდა, ერთი ვერსიით, 18 000 ლარად [კვ.მ. 32.90 ლარად]. შემდეგ წლებში შევსებულ დეკლარაციებში მან ნაკვეთთან დაკავშირებული მონაცემები შეცვალა და მიუთითა, რომ სოფელ სამებაში 2017 წელს 846 კვ.მ. მიწის ნაკვეთი იყიდა, რაშიც 27 918 ლარი გადაიხადა. ამ დროს ის უკვე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე იყო. ლევან დავითაძე მინისტრის მოადგილედ 2017 წელს დანიშნეს.

როგორც თვითონ აგვიხსნა, შეძენილ ნაკვეთს სასურველი ფორმა არ ჰქონდა: „ტრაპეციის ფორმის იყო, ამიტომაც მოგვიანებით გავასწორეთ და მცირე ზომის ნაკვეთები შევიერთეთ, ჯამში 846 კვ.მ. გამოვიდა“.

2018 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, ლევან დავითაძემ სახლის მშენებლობისთვის 120 000 ევრო დახარჯა. შენობის მასშტაბის და ვიზუალის მიხედვით, ქუჩიდან თვალის შევლებითაც ცხადია, რომ ის გაცილებით ძვირი დაჯდებოდა. ეს თავად ლევან დავითაძემაც დაგვიდასტურა სატელეფონო საუბარში და გვითხრა, რომ ამ სახლის მშენებლობის ხარჯების დასაფარად ბინებიც გაყიდა. თუმცა საჯარო რეესტრის თანახმად, დეკლარაციებში მითითებული ბინები ისევ მისი საკუთრებაა.

  • უძრავი ქონება

ლევან დავითაძის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, როცა მან საბიუჯეტო ორგანიზაციაში დაიწყო მუშაობა, მისი მეუღლის სახელზე მხოლოდ ერთი პატარა ბინა [35.37კვ.მ] ირიცხებოდა ბათუმში, გორგასლის ქუჩაზე, თავად კი ფლობდა კომერციულ ფართობს გრიბოედოვის ქუჩაზე [47 კვ.მ].

ამავე დეკლარაციის მიხედვით, ლევან დავითაძეს 2014 წელს გაუფორმებია ბინის გირავნობის ხელშეკრულება – ღირებულება 25 000 აშშ დოლარი.

დეკლარაციაში ლევან დავითაძემ ასევე მიუთითა, რომ 2013 წელს „თიბისი“ ბანკიდან ორი სესხი აიღო – 50 000 ლარი იპოთეკური სესხი და 11 000 აშშ დოლარი სამომხმარებლო სესხი. სესხებთან დაკავშირებული ვალდებულებები 2020-2024 წლამდე აქვს გაწერილი და ორივე სესხისთვის ხარჯი ერთ წელში 10 000 ლარზე მეტია. ამ დროს ლევან დავითაძის მეუღლე დასაქმებული არ ყოფილა.

2017 წელს ლევან დავითაძემ იპოთეკური სესხი გამოიტანა „თიბისი“ ბანკიდან 24 684 ლარის ოდენობით. 2018 წელს კი კიდევ ერთი იპოთეკური სესხი აიღო – 139 000 ევრო.

2017 წლიდან ლევან დავითაძის ქონებრივი ნუსხა იზრდება: გარდა მიწის ნაკვეთისა სოფელ ქვედა სამებაში [846 კვ.მ], შეისყიდა ბინა ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე [48,3 კვ.მ] და კიდევ ერთი ბინა კობალაძის ქუჩაზე – 24, 56 კვ.მ. ამ დროისთვის ლევან დავითაძის მეუღლე საქართველოს ბანკის მოლარე-ოპერატორად დასაქმდა.

  • საჯარო სამსახურები და შემოსავლები

2016 წლიდან დღემდე ლევან დავითაძემ რამდენიმე თანამდებობა შეიცვალა. 2016-2017 წლებში ის ჯერ ა(ა)იპ ბოტანიკური ბაღის დირექტორად დასაქმდა, შემდეგ ა(ა)იპ – ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურში, შემდეგ კი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში გადაიყვანეს და მოადგილის თანამდებობა ჩააბარეს.

2020 წლის იანვრიდან ლევან დავითაძე შპს „სტადიონის“ დირექტორის მოადგილე იყო, 2021 წლის თებერვალში კი არჩილ ჩიქოვანმა ის „ბათუმის წყლის“ დირექტორად დანიშნა.

2016 წელს, როცა ლევან დავითაძე ბოტანიკური ბაღის დირექტორის მოადგილე, შემდეგ კი დირექტორი იყო, შემოსავლის სახით 20 320 ლარი მიიღო.

2017 წელს, როცა ლევან დავითაძემ ქონებრივი დეკლარაცია შეავსო, როგორც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, მისი შემოსავალი იყო 22 120 ლარი.

2018 წელს ისევ მინისტრის მოადგილის რანგში ავსებს ლევან დავითაძე დეკლარაციას და მისი შემოსავალი მცირედით – 19 863 ლარამდე მცირდება.

ლევან დავითაძე, როგორც მინისტრის მოადგილე, ქონებრივ დეკლარაციას ავსებს 2019 წელს და მისი შემოსავალი ამჯერად 17 624 ლარამდე მცირდება.

მომდევნო წელს ლევან დავითაძეს ქონებრივი დეკლარაცია არ აქვს შევსებული, 2021 წელს კი, როგორც ბათუმის წყლის დირექტორი ავსებს დეკლარაციას. ამ დეკლარაციის მიხედვით, ლევან დავითაძე 2020 წელს შპს „სტადიონში“ მუშაობდა დირექტორის მოადგილედ და ანაზღაურების სახით 31 854 ლარი მიიღო.

  • გრანტები

ლევან დავითაძემ 2016-2017 წლების ქონებრივ დეკლარაციებში გრანტის მიღების თაობაზეც მიუთითა. მას ამ წლებში ჯამში 20 630 ლარი მიუღია გრანტის სახით. მისივე განმარტებით, ამ თანხას ქართუ „ბოტანიკური ბაღის“ თანამშრომლებს წახალისების მიზნით აძლევდა, რადგან იქ ხელფასები დაბალი იყო.

წერილი, რომლითაც „ბათუმის წყლის“ დირექტორი ირწმუნება, რომ მისი კომპანია „ანაზღაურების სანაცვლოდ მოემსახურება ნებისმიერ სუბიექტს“. ლევან დავითაძის მიერ ხელმოწერილი წერილი „ბათუმის წყალმა“ „ბათუმელებს“ ოფიციალურად მოაწოდა.

____________________________

ამავე თემაზე:

„ბათუმის წყალმა“ ავეჯი გადაუტანა „ოცნებას“, მოსამართლისთვის ეს დარღვევა არ არის

გადაბეჭდვის წესი


ასევე: