ღარიბაშვილი ტყუის, როცა აცხადებს, რომ „არც ერთი თეთრი სესხი წელს არ აგვიღია“

„არც ერთი ლარი, არც ერთი თეთრი სესხი წელს არ აგვიღია“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა 2021 წლის 26 ივლისს. 26 ივლისის შემდეგ „ბათუმელების“ მიერ ფინანსთა სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაციების დამუშავება ცხდყოფს, რომ პრემიერი ტყუის, რადგან 2021 წლის მაისიდან ივლისამდე პერიოდში საქართველოს მთავრობამ 2 ახალი სასესხო ხელშეკრულება გააფორმა.

ლარი და თეთრი სახელმწიფოს სესხად ნამდვილად არ აუღია. მთავრობამ ღარიბაშვილის პრემიერობის დროს, ზემოთ აღნიშნული 2 ახალი სასესხო ხელშეკრულებით, IBRD-ისგან დამატებით ჯამში 113 700 000 ევრო ისესხა.

[checklist]

  • 2021 წლის 17 მაისს გაფორმდა –  საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის სასესხო შეთანხმება (საქართველოს მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების დახმარებისა და აღდგენის პროექტი) – 85 მილიონ ევროზე.

[/checklist]

პროექტის მიზანია მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების დახმარება, მათ შორის, ციფრული გადახდებისა და ფინანსური ინფრასტრუქტურის განახლების უზრუნველყოფის გზით.

[checklist]

  • 2021 წლის 9 ივნისს კი გაფორმდა –  რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) და საქართველოსა შორის სასესხო შეთანხმება (COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის დამატებითი დაფინანსება) – 28 700 000 ევროზე.

[/checklist]

ამ სესხის დანიშნულებაა: COVID-19-ის ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმის განსახორციელება.

გარდა სესხისა, 2021 წლის მაის-ივნისში საქართველომ გააფორმა 2 ახალი საგრანტო შეთანხმებაც, ჯამში 66 960 382 აშშ დოლარსა და 23 737 626 ევროზე:
  • 2021 წლის 21 მაისს გაფორმდა – ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის განვითარების მიზნის შესახებ საგრანტო შეთანხმება (საქართველოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობისათვის 1. გარე საზიანო გავლენების მიმართ მდგრადობის გაძლიერება; 2. მოქალაქისადმი ანგარიშვალდებული მმართველობის გაძლიერება დემოკრატიული მიღწევების განსამტკიცებლად და 3. ეკონომიკური ზრდის შედეგად ინკლუზიური, მაღალანაზღაურებადი და მაღალხარისხიანი დასაქმების შესაძლებლობების შექმნა) – 66 960 382 აშშ დოლარზე.

საგრანტო შეთანხმების მიზანია საქართველოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, გარე საზიანო გავლენების მიმართ მდგრადობის გაძლიერებისა და ეკონომიკური ზრდის შედეგად ინკლუზიური, მაღალანაზღაურებადი და მაღალხარისხიანი დასაქმების შესაძლებლობების შექმნის საშუალებით, ასევე მოქალაქისადმი ანგარიშვალდებული მმართველობის გაძლიერებითა და დემოკრატიული მიღწევების განმტკიცებით.

  • 2021 წლის 24 ივნისს გაფორმდა – რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა (KfW) და საქართველოს შორის საგრანტო შეთანხმება „ბიომრავალფეროვნება და მდგრადი ადგილობრივი განვითარება საქართველოში“ – 23 737 626 ევროზე.

ეს საგრანტო შეთანხმება გაფორმდა არსებული და ახალი დაცული ტერიტორიების დასახმარებლად, ასევე აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მდგრადი სატყეო მეურნეობის დასაარსებლად, რაც მოიცავს ადგილობრივ სატყეო ოფისებს, მოსაზღვრე თემების სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებასა და განმახორციელებელი კონსულტანტების მომსახურებას.

2021 წლის ახალ სესხებსა და გრანტებზე ინფორმაცია „ბათუმელებმა“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან ოფიციალურად დაახლოებით 1 თვის წინ გამოითხოვა, პასუხი კი დღეს, 27 აგვისტოს მივიღეთ.

სასესხო ხელშეკრულებებისა და საგრანტო შეთანხმებების გარდა, მთავრობა სწორედ წელს გახდა იძულებული ძველი ევრობონდების დასაფარად ახალი ევრობონდები გამოეშვა, ანუ 1,7 მილიარდი ლარის სესხი/ვალი აეღო. ევრობონდები, ობლიგაციები და სხვა ფასიანი ქაღალდები სწორედ ვალის აღების ფორმებია.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ახალი ევრობონდების გამოშვება 2021 წლის 15-21 აპრილს განხორციელდა. საქმე იმაშია, რომ ადრე გამოშვებული 500 მილიონი აშშ დოლარის ევრობონდები საქართველოს 2021 წლის აპრილში უნდა დაეფარა. სახელმწიფო ამ ვალის დაფარვას მიმდინარე წელს გეგმავდა, თუმცა, საბოლოოდ იძულებული გახდა ძველი ვალი ახალი ვალით დაეფარა.

პრემიერის თქმით, „ჩვენ მოგვეცა საშუალება, რომ მილიარდზე მეტით გაგვეზარდა ბიუჯეტი“, რასაც ის მიმდინარე წელს ეკონომიკის ზრდას უკავშირებს: „12% ზრდა გვაქვს პრაქტიკულად პირველ 6 თვეში“.

2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები 22 ივლისს შევიდა.

ცვლილებაშესულ და გაზრდილ ბიუჯეტში გაწერილი 19,4 მილიარდი ლარიდან კი, ჯამში 5,2 მილიარდი ლარი, სწორედ სახელმწიფოს მიერ სხვადასხვა დროს გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე აღებული სესხია. აქედან:

  • ევრობონდის რეფინანსირებისთვის – 1 მილიარდ 713 მილიონ 200 ათასი ლარი;

ასევე, სხვადასხვა პროგრამებისა და პროექტების დასაფინანსებლად:

  • საფრანგეთის განვითარების სააგენტოდან (AFD) მისაღები სახსრები – 172 მილიონი ლარი;
  • გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკიდან (KfW) მისაღები სახსრები – 229 მილიონი ლარი;
  • COVID-19-ის პანდემიის კონტექსტში სოციალური უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკიდან (KfW) მისაღები სახსრები – 57 მილიონი ლარი;
  • აზიის განვითარების ბანკიდან (ADB) მისაღები სახსრები – 1 მილიარდ 427 მილიონი ლარი;
  • ევროკავშირიდან (EU) მისაღები სახსრები – 286 მილიონი ლარი;
  • საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და უცხო ქვეყნების მთავრობების მიერ საქართველოს მთავრობისთვის გამოსაყოფი გრძელვადიანი საინვესტიციო, შეღავათიანი კრედიტები – 1 მილიარდ 389 მილიონ 800 ათასი ლარი.

გარდა ამისა, 2021 წელს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან სხადასხვა ღონისძიება, ჯამში 49 მილიონ 480 ათასი ლარის უცხოური გრანტითაც დაფინანსდება.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ „ბათუმელებისთვის“ მოწოდებული ინფორმაციით, 2021 წლის 1-ლი იანვრიდან ამავე წლის 10 აგვისტოს ჩათვლით საქართველოს ბიუჯეტში სულ ჩამორიცხული და ათვისებულია:

სესხები[კრედიტები]:

537,78 მილიონი [USD] აშშ დოლარი [აქედან ევრობონდები – 500 მილიონი აშშ დოლარი],
518,87 მილიონი [EUR] ევრო,
0,03 მილიონი [KWD] ქუვეითური დინარი,
84,16 მილიონი [SDR] ინტერნაციონალური ვალუტა – ნასესხობის სპეციალური უფლებები;

გრანტები:

1,67 მილიონი [EUR] ევრო,
9,29 მილიონი [USD] აშშ დოლარი.

ამავე თემაზე:

საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 20.6 მილიარდი აშშ დოლარია

 

დიდოსტატი ბაციაშვილი გახარიას პარტიიდან – 20 ივნისს მეც ვიყავი აქციაზე

ექსპრემიერმა გიორგი გახარიამ  25 აგვისტოს თავისი პარტიის გუნდი წარადგინა ბათუმის საკრებულოში მოსახვედრად.

პარტია „საქართველოსთვის“ პროპორციული სიის პირველ ნომრად ჭადრაკის დიდოსტატ ნინო ბაციაშვილს ასახელებს. თვითმმართველობის არჩევნებზე  ბაციაშვილი ბათუმის საკრებულოში მოსახვედრად იყრის კენჭს.

  • როგორ აღმოჩნდით პარტიაში „საქართველოსთვის“ და რამ გიბიძგათ ჭადრაკიდან პოლიტიკისკენ?

მთელი ცხოვრება ჭადრაკს ვთამაშობ და ამ საქმის პროფესიონალი ვარ. აქამდე არ მქონია არასდროს გეგმაში პარტიული საქმიანობა. ბათუმის საჭადრაკო კლუბიდან მომიწია წამოსვლა, ეს კლუბი სამჯერ გახდა ევროპის ჩემპიონი, სამჯერ მივიღე ოქროს მედალი და ყოველთვის შესანიშნავად ვთამაშობდი, მაგრამ შარშან შეიქმნა პრობლემები, რის შემდეგაც დავტოვე საჭადრაკო კლუბი.

შევხვდი ბათუმის მაშინდელს მერს [ლაშა კომახიძეს] და, სამწუხაროდ, არაფერი გამოვიდა, პრობლემა ვერ გადაწყდა. გამიკვირდა ისიც, რომ არავინ შემეხმიანა ბათუმიდან დასახმარებლად, ასეთი შემოთავაზებები არ ყოფილა [2020 წლის დასაწყისში ნინო ბაციაშვილმა საჭადრაკო კლუბს კონტრაქტის პირობების შეცვლა სთხოვა, მწვრთნელისა და სახელფასო დაფინანსების გაზრდის გათვალისწინებით].

თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ ყოველთვის ვგრძნობდი რიგითი ბათუმელებისგან მხარდაჭერას. წელს კი ვგეგმავდი ქვეყანა დამეტოვებინა, მქონდა ბევრი შემოთავაზება ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან და ზუსტად ამ დროს გამოჩნდა შემოთავაზება პარტიიდან „საქართველოსთვის“. გადავწყვიტე დავთანხმებოდი მათ წინადადებას და მეცადა საკუთარი ქალაქისთვის გამეკეთებინა რაღაც. გადავწყვიტე საკუთარი წვლილი შევიტანო ჩემი ქალაქის განვითარებაში და საკრებულოს საშუალებით რაღაც საკითხების გადაწყვეტაში მივიღო მონაწილეობა.

  • როგორ ხედავთ საკუთარ თავს საკრებულოში, ისევ აქტიურად ითამაშებთ ჭადრაკს და შეუთავსებთ ერთმანეთს სპორტს და საკრებულოში მუშაობას?

ცხადია, ვრჩები აქტიურ მოჭადრაკედ. პოლიტიკურ საკითხებში ჯერ კარგად გარკვეული არ ვარ, მაგრამ ვეცდები საკრებულოში მუშაობას უაღრესი პასუხისმგებლობით მოვეკიდო და მივიღო მონაწილეობა გადაწყვეტილებების მიღებაში, რაც ჩემზე იქნება დამოკიდებული.

  • რა არის თქვენი დაკვირვებით ბათუმში მთავარი პრობლემა, რაც დაუყოვნებლივ ჩარევას საჭიროებს?

ჩემთვის, როგორც ერთი მოქალაქისთვის, ბათუმში მთავარი პრობლემა მწვანე ზონების ნაკლებობა და ცუდი ეკოლოგიური გარემოა. პრიორიტეტია ბათუმის ბულვარის გადარჩენა იმ ფორმით მაინც, რაც შემოგვრჩა და შექმნა საერთოდაც ახალი, მწვანე რეკრეაციული ზონების.

კარგი იქნება თუ კიდევ უფრო არ დავაზიანებთ ბათუმის ბულვარს, სანაპირო ზოლმა შეინარჩუნოს ის სახე, რაც ახლა აქვს.

  • გულისხმობთ იმასაც, რომ თქვენთვის მიუღებელია ბათუმის ბულვარში მაღალსართულიანი მშენებლობები? ვგულისხმობ კომპანია „ამბასადორის“ 16-სართულიანი მშენებლობას ბულვარში, რასაც დიდი ხანია აპროტესტებს მოსახლეობა.

ეს ძალიან რთული საკითხია, ასე კონკრეტულად რომელიმე მშენებლობას არ ვგულისხმობ, მაღალსართულიანი კორპუსების მშენებლობა ბულვარში არ შეიძლება. რაც აშენებულია ვეღარაფერს ვუზამთ, მაგრამ ახალი მშენებლობები ბულვარში, ვფიქრობ, აღარ შეიძლება, უნდა შევინარჩუნოთ ბულვარი ისეთ სივრცედ მაინც, როგორიც ახლა გვაქვს.

  • რას შეცვლიდით ბათუმის სამშენებლო პოლიტიკაში?

ამ საკითხებშიც ვერკვევი ჯერჯერობით. რა თქმა უნდა, ბევრი ახალი მშენებლობაა ქალაქში და ეს ბათუმელებისთვის დიდი პრობლემაა. უნდა იყოს რაღაც ერთიანი გეგმა, საერთო წესები, რაზეც შევთანხმდებით და დავიცავთ.

  • გახარიამ ბათუმის მერობის კანდიდატად ირაკლი მიქელაძე წარადგინა და აღნიშნა, რომ ის მერობის ღირსეული კანდიდატია, რომელიც მან გერმანიაში აღმოაჩინა. მიქელაძეს უკავშირდება სკანდალი, როცა ის ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იყო, ცხოვრობდა ამ დროს გერმანიაში ოჯახით და იღებდა პრემია, ხელფას, საწვავის და ტელეფონის ხარჯები. რა აზრის ხართ, თქვენი პარტიის მიერ მერობის კანდიდატად ირაკლი მიქელაძის წარდგენაზე?

ვიცი, რომ ირაკლი გერმანიაში ცხოვრობდა და ჩამოიყვანეს, დააბრუნეს როგორც მერობის ღირსეული კანდიდატი. კითხვები ალბათ უფრო მას უნდა დაუსვათ. მე ამ სკანდალზე არაფერი ვიცოდი. როგორც იცით, პოლიტიკაში ახლა ვერკვევი და ეს ამბავი, სიმართლე გითხრათ, არ მახსოვს.

  • ასევე შუახევის მერობის კანდიდატად პარტიისგან „საქართველოსთვის“ დასახელდა შალვა გოგიტიძე, რომელიც ასლან აბაშიძის მმართველობის დროს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი იყო. უხერხულობას არ გიქმნით ის ფაქტი, რომ ასლან აბაშიძის მთავრობის მინისტრთან ერთად მოგიწევთ ერთ პარტიაში ყოფნა?

ყველას წარსულზე მე ვერ ვილაპარაკებ, თავად უნდა გასცენ ალბათ კითხვებს პასუხები. მე მინდა, უბრალოდ, ქალაქისთვის კარგი საქმე გავაკეთო და ამ მიზნით ვიყრი კენჭს ბათუმის საკრებულოში.

  • 2019 წლის 20 ივნისის პროტესტისას გახარიას მინისტრობის პირობებში სპეცრაზმელები აქციის მონაწილეებს თვალში დამიზნებით ესროდნენ, სცემდნენ აქციის მონაწილეებს. როგორ ხედავთ თქვენ ამ პერიოდს?

მეც ვიყავი 20 ივნისის აქციაზე, რადგან, როგორც ყველა ქართველისთვის, ჩემთვისაც მიუღებელი იყო რუსი გავრილოვის პარლამენტში ვიზიტი და ხალხის ასე აბუჩად აგდება. ძალიან რთული ასატანი იყო ეს. მაგრამ შემდეგ, ძალიან სამწუხაროდ განვითარდა მოვლენები აქციაზე, რაც აღარ უნდა განმეორდეს. გახარია ამ კითხვებზე პასუხის გაცემას არასდროს არიდებს თავს.

  • არასასურველი მოვლენების განვითარებაში გულისხმობთ აქციის მონაწილეების მხრიდან პარლამენტში შეჭრის მცდელობას თუ სპეცრაზმელების მიერ დამიზნებით სროლებს?

ყოველმხრივ სამწუხარო მოვლენები განვითარდა აქციაზე, ყოველმხრივ. მე მალე წამოვედი ამ აქციიდან, მაგრამ შემდეგ ცუდად განვითარდა მოვლენები. არაკეთილსინდისიერი პოლიტიკოსები ძალაუფლების მოპოვებისთვის ცდილობენ გამოეყენებინათ ხალხის გულწრფელი პროტესტი და ეს ძალიან ცუდია.

  • მეჩეთის საკითხზეც მინდა გკითხოთ. სასამართლოს ორმა ინსტანციამ დისკრიმინაციად მიიჩნია მუსლიმი თემის მიმართ ბათუმის მერიის დამოკიდებულება „ბათუმის ახალი მეჩეთის საქმეზე“. როგორია თქვენი დამოკიდებულება, რას ფიქრობთ ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობაზე?

რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს სასამართლო ის უნდა აღსრულდეს, მიუხედავად იმისა, მოსწონს ეს ვინმეს თუ არა. ჩვენი მიზანი სამართლებრივი სახელმწიფოს შენებაა. შესაბამისად, ყველა უნდა დაემორჩილოს სასამართლოს გადაწყვეტილებას.

ბავშვებთან ერთად და ბავშვებისთვის კითხვის მაცოცხლებელი ძალა | შორენა ლორთქიფანიძე

ავტორი: შორენა ლორთქიფანიძე, საერთაშორისო პოლიტიკის მკვლევარი

___

ჩემი შვილები მსაყვედურობენ, რომ იმ წიგნების დასასრული, რომლებსაც ერთად ვკითხულობდით, უფრო სწორად, ვუკითხავდი, მათთვის დღემდე უცნობია. მათ არ იციან, როგორ მთავრდება „მიო, ჩემო მიო“, „ძმები ლომგულები“, „ყაჩაღის ასული რონია“, რადგან ბოლო ფურცლებს ვასველებდი იმდენს ვტიროდი, ბავშვები კი, გაოცებულები მიყურებდნენ, აღარ იცოდნენ რაზე ედარდათ, ატირებულ დედაზე, თუ საყვარელი პერსონაჟების ბედზე.

მე ვტიროდი სიხარულისგან, რომ შესაძლებელია ამდენი სიკეთე არსებობდეს, რომელსაც შეუძლია სამუდამოდ აავსოს პატარა არსებების გულები (ჩემი შვილების, სხვების შვილების), ასეთი უკიდეგანო შეიძლება იყოს სევდა და ტკივილი, რომელმაც შეიძლება ასე გაგაძლიეროს, გაგზარდოს, გაგამხნევოს; რომ შეიძლება ისე გაგამსუბუქოს სხვების დახმარების და ზრუნვის სურვილმა, რომ სამყაროდან სამყაროში გამოგზაუროს!

ახლაც მაბედნიერებს დედა წერტილის და შვილი წერტილის ამბავი, მოცეკვავე ძროხა მერი პოპინსიდან. კითხვის ყველაზე ბედნიერი გამოცდილება ბავშვებთან ერთად კითხვაა. მათთან ერთად მოგზაურობა წიგნის ჯადოსნურ სამყაროში.

ძალიან მინდა, რომ მშობლები ბავშვებთან ერთად ბევრს კითხულობდნენ, ეს მარტო ბავშვებისთვის არ არის მნიშვნელოვანი, პირველ რიგში, ზრდასრულებისთვის არის მაცოცხლებელი. ცხოვრების ყოველდღიურობა რობოტებად გვაქცევს, ავტომატური რეაქციებით ყოველდღიური პრობლემების ორომტრიალში, დრო და სივრცე დაფიქრებისთვის და ჩაფიქრებისთვის აღარ რჩება.

ბავშვებთან ერთად კითხვა ბავშვობაში დაბრუნებასავითაა, ოღონდ ახლებურად, როცა იხსენებ მაშინ განცდილს, თან ავტორსაც გინდა გაუგო, თან შენს თავსაც გინდა გამოუტყდე ბევრ რამეში. ბავშვებთან ერთად კითხვა და ბავშვებისთვის კითხვა ჩვენ გვაკეთილშობილებს, პირველ რიგში, თავიდან ვიზრდებით თითქოს.

დღეს ადამიანებმა თითქოს სიცოცხლის ხალისი დავკარგეთ, პატარა სიხარულებით აღფრთოვანების უნარი: მზის ამოსვლა, ჩიტის ჭიკჭიკი, ზაფხულის ხვატში ჭრიჭინების გაუთავებელი ჭრიჭინი ნაშუადღევს სოფელში. ჩვენ გვჭირდება ბავშვებთან ერთად კითხვა, ჩვენთვის და  ჩვენს შვილებთან სულიერი კავშირის სამუდამოდ დასამყარებლად.

ჩემი შვილები გაიზარდნენ, ჩემს გარეშე კითხულობენ, მაგრამ ჩვენი ჯადოსნური საღამოები ჩვენთან ერთად ცოცხლობს. ჩემი კითხვისაგან მიღებული ემოციები კი ისეთივე ცოცხალია, როგორც მაშინ, წლების წინ.

მინდა, რომ ამ ძვირფასი პროექტის ერთ-ერთი მთავარი სათქმელი იყოს: იკითხეთ ბავშვებთან ერთად, უკითხეთ მათ ბევრი. ეს გვჭირდება იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ სიხალასე, გამოვზარდოთ პატარა სიხარულები ჩვენს თავში ჩვენთვის და ბავშვებისთვის. ჩვენი საყვარელი საბავშვო წიგნების გმირები ხომ ბავშვებთან და ზღაპრულ არსებებთან ერთად ბავშვებივით აცეტებული, ცელქობას მოწყურებული დიდები არიან!!!

დააკლიკე და შეავსე ცარიელი თაროები სოფლის ბიბლიოთეკებში

ან გადმორიცხეთ ჩვენს ანგარიშზე

სს “საქართველოს ბანკი”, ბანკის კოდი:BAGAGE22;
ანგარიშის ნომერი: 
GE88BG0000000103117598
ა(ა)იპ თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი

 

ხელვაჩაურის მერობის კანდიდატი ამბობს, რომ მისი საარჩევნო ბანერი მოიპარეს

ხელვაჩაურის მერობის კანდიდატის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, მიშა ბოლქვაძის საარჩევნო ბანერი მოიპარეს. ინფორმაცია „ბათუმელებს“ ბანერის მოპარვის შესახებ თავად კანდიდატმა დაუდასტურა.

„ხელვაჩაურში, სოფელ შარაბიძეებში, ვარშალომიძეების გადასახვევთან, იყო ბანერი გამოკრული. ორი ვიდეოსათვალთვალო კამერაა, ამ კამერებს შსს აკონტროლებს. პრაქტიკულად ვიდეოკამერის ძირშივე, იმ ბოძზე მოიპარეს ეს ბანერი.

წინა არჩევნებზე არაერთი ფაქტი იყო მსგავსი – დაჭრა, მოპარვა, ჩამოხევა, ჩამოგლეჯა. აი, ეს არის იმ ცხრაწლიანი მმართველობის შედეგი, რაც დანერგა „ქურდულმა ოცნებამ“ – ბოროტება, დაპირისპირება, მათ არ გააჩნიათ და არ აქვთ იმის სურვილი პროდასავლურად, როგორც ცივილიზებულ ქვეყნებში ხდება, არჩევნები ისე ჩაატარონ,“ – უთხრა „ბათუმელებს“ მიშა ბოლქვაძემ.

მიშა ბოლქვაძის თქმით, აპირებს პოლიციას მიმართოს, თუმცა ბანერის ქურდების დაკავების იმედი არ აქვს.

„ახლა მივდივარ პოლიციაში, ვაპირებ საჩივრის შეტანას. მაგრამ შარშანდელი ფაქტები რაც იყო, არც ერთი არაა გამოძიებული. ათეულობით ფაქტი იყო შარშან. არც ახლა მაქვს იმის იმედი, რომ გამოიძიებენ,“ – ამბობს ხელვაჩაურის მერობის კანდიდატი.

—————————–

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერსაა დანიშნული.

 

„თქვენ ფეხბურთის თამაში იოლი გგონიათ?“ – ასლან ბალაძე, „ოცნების“ სიის პირველი ნომერი

ბათუმის „დინამოს“ გენერალური დირექტორი, ყოფილი ფეხბურთელი ასლან ბალაძე შესაძლოა ბათუმის საკრებულოს წევრი გახდეს. ის „ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომერია თვითმმართველობის არჩევნებზე. როგორ წარმოუდგენია საკრებულოში მუშაობა და იქნება თუ არა კრიტიკული განსხვავებული პოზიციის შემთხვევაში? – ამ საკითხებზე ბალაძე „ბათუმელებთან“ საუბრობს.

  • ბატონო ასლან, რატომ გადაწყვიტეთ, რომ ფეხბურთიდან პოლიტიკაში წახვიდეთ. რა იყო თქვენი მთავარი მოტივაცია?

სიახლეები ყოველთვის კარგია ცხოვრებაში. მთელი ცხოვრება სპორტს ვემსახურებოდი. ძალიან დიდი პატივია ჩემთვის ეს შემოთავაზება და მოულოდნელიც იყო. ყველანაირად ვეცდები, რომ როგორც სპორტში, ასევე პოლიტიკაში გავატარო ის პრინციპულობა, არ დავაკლო არაფერი ჩვენს საქმიანობას იმიტომ, რომ ჩემი სპორტში მოღვაწეობა იყო წარმატებული და ისეთი წარმატებული მინდა ვიყო პოლიტიკაშიც, ამიტომ ეს დიდი გამოწვევაა ჩემთვის. მაქსიმუმს გავაკეთებ ბათუმისთვის.

  • როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი მაქსიმუმი თვითმმართველობაში – შეგიძლიათ, რომ დაგვისახელოთ საკითხები, თემები, რაზეც იმუშავებთ?

ყველა ის პრობლემა, რაც იქნება ბათუმში, ყველა საკითხში მექნება ჩართულობა. არავის არ დავემალები, ვინც მიცნობს ბათუმში და ჩემთან ურთიერთობს, იცის, რომ რადგან პირველი ნომერი ვარ, რაღაც სხვანაირად წარმოვჩნდე. ჩემი მიზანი იქნება ყველა პრობლემის ახლოს მიტანა და მოსმენა, ასე წარმომიდგენია ჩემი თავი.

რადგან ეს ნაბიჯი გადავდგი, ბევრი არ მიფიქრია, სხვათა შორის, რადგან საკმაო გამოცდილება მაქვს ცხოვრებაში და ვიცი, როგორ უნდა მოვიქცე და როგორი კომუნიკაცია უნდა მქონდეს ხალხთან. ასე, რომ ჩვეულებრივი ცხოვრებით გავაგრძელებ.

  • მთლად ჩვეულებრივი ცხოვრება არ მოგიწევთ, რადგან სიის პირველი ნომერი ხართ, შესაძლოა საკრებულოს თავმჯდომარეც გახდეთ. თვითმმართველობის კოდექსი უნდა შეისწავლოთ, გაერკვეთ კანონმდებლობაში, ბევრი წესი, რეგულაცია გექნებათ შესასწავლი. ხართ ამ ყველაფრისთვის მზად?

მერე რა. თქვენ ფეხბურთის თამაში იოლი გგონიათ? ასე შევისწავლი ყველაფერს. საკმაო ნიჭი გამაჩნია იმისთვის, რომ ყველაფერი ავითვისო და ვისწავლო, რაც საჭიროა. მაგის პრობლემა არ მექნება. მარტო სპორტსმენი არ ვიყავი, ხელმძღვანელადაც მიმუშავია, მინდვრის გარეთაც ბევრი საქმე მაქვს გაკეთებული.

საკრებულოს თავმჯდომარეობას რაც შეეხება, ამას დრო გვიჩვენებს. მე მომზადებული ვარ ყველანაირად, ჩემი სახელი არ მაძლევს იმის უფლებას, რომ მოვდუნდე.

  • მოდით დავკონკრეტდეთ მაინც, რადგან თქვენს თითოეულ სიტყვას და განცხადებას უფრო მეტი ყურადღებით დააკვირდება ამიერიდან საზოგადოება. რას ფიქრობთ ბულვარში მიმდინარე მშენებლობაზე, მისაღებია თუ არა?

ჩემი პირადი პოზიცია ამაზე იქნება მაშინ, როცა შევალ საკრებულოში. მერე ვილაპარაკოთ ამ თემაზე.

  • თუ არ ისაუბრებთ ამ საკითხებზე, ისე ვინ მოგცემთ ხმას?

ყველა ის კითხვა, რომელიც მტკივნეული იქნება ბათუმის და ბათუმელებისთვის, ყოველთვის ვიქნები იქ პრინციპული.

  • თქვენ თქვით, რომ ყველაფრისთვის ხართ მზად, ამიტომ კონკრეტულ კითხვებსაც უნდა უპასუხოთ.

მე ბულვარში ვარ თითქმის გაზრდილი. აქ იყო ჩვენი სტადიონიც და ძველ ბულვარში მაქვს გატარებული ჩემი ცხოვრების ნაწილი. ასე, რომ არის რაღაც თემები, რომლებიც უნდა გადაიხედოს.

  • რომელია გადასახედი თემა?

მოსაწონი მე მგონი არ იქნება ისეთი მშენებლობები, რომლებიც ბულვარს, ასე რომ ვთქვათ, დახურავს. ის მშენებლობა, რომელიც არ წაადგება ბულვარს და იქნება მიუღებელი, ყოველთვის ყველა ვიქნებით მაგის წინააღმდეგი.

  • 16-სართულიანი ცათამბჯენის მშენებლობასაც ეხება ეს?

გადასახედი თემები არის ძალიან ბევრი და რა უნდა აშენდეს ან არ აშენდეს ამ დეტალებში ვერ შევალ. კიდევ ერთხელ ვამბობ, რაც იქნება მისაღები ბათუმელებისთვის, იმას დავუჭერ მხარს ყოველთვის.

  • სასამართლომ ბათუმის მერიას უთხრა, რომ დისკრიმინაციულად ექცევა მუსლიმ თემს, როცა მათ მეჩეთის აშენების უფლებას არ აძლევს. თქვენ რას ფიქრობთ – აქვთ მუსლიმებს უფლება აიშენონ ბათუმში მეჩეთი?

ეს თავისთავად ცხადია, რომ ძალიან სერიოზული თემაა. ჩვენ ყველა დიდ პატივს ვცემთ მუსლიმ თემს და ეს თემაც ვიცი, გამიგია და მომისმენია. ეს საკითხიც იქნება ძალიან სერიოზულად მოსასმენი, ყველა მხარეს უნდა მოვუსმინოთ და რომელიც იქნება მისაღები და უმრავლესობაში, ცხადია, ამას ყველაფერს ექნება… აქ არის ბევრი საკითხი იურიდიული თუ სხვა, რომელიც უნდა ვნახო, განვიხილოთ.

სასამართლო როგორც იტყვის და განიხილავს, აქედან გამომდინარე იქნება. უნდა დავემორჩილოთ სასამართლოს. მე, როგორც ყოველთვის, მხარს დავუჭერ სიმართლეს და ვიქნები პრინციპული ყველა საკითხის მიმართ.

  • წარმატებული სპორტსმენები საქართველოში არც თუ ეფექტური პოლიტიკოსები ხდებიან. თქვენი აზრით, რატომ მიდიან ოლიმპიური თუ მსოფლიო ჩემპიონები პოლიტიკაში და არ რჩებიან სპორტში, არ ზრუნავენ მის განვითარებაზე?

პოლიტიკაში თუ სპორტსმენები მივიდნენ, ძალიან კარგია, რადგან ჩვენც გვაქვს კარგი შეხედულებები. რატომ არის ცუდი, რომ კახა კალაძე პოლიტიკაშია.

  • 5 ივლისის ამბებზე მინდა გკითხოთ, როცა ძალადობრივი ჯგუფები გამოვიდნენ და ჟურნალისტებს სცემეს. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე?

რა თქმა უნდა, არ არის მოსაწონი ეს. ჩემთვის ეს მიუღებელია. როგორ უნდა აწიო ხელი ადამიანზე. ვინც არ უნდა იყოს, იქნება ის ჟურნალისტი თუ სხვა მოქალაქე, მასზე ძალადობა მიუღებელი იქნება ჩემთვის ყოველთვის. ამაზე ორი აზრი არ არსებობს.

  • ხშირად მმართველი პარტიის წევრებს უზღუდავენ საკუთარი აზრის თავისუფლად გამოხატვას, ან ნაკარნახები ფრაზებით ელაპარაკებიან საზოგადოებას, არ აქვთ უფლება პრესსამსახურთან შეთანხმების გარეშე ეკონტაქტონ მედიას და ასე შემდეგ. რამდენად კომფორტული იქნება ასეთ გარემოში მუშაობა თქვენთვის?

ჩვენს გუნდში ყოველთვის იქნება განხილვები. მე პირადად ვაპირებ, რომ ჩემი პოზიციები ყოველთვის დავაფიქსირო გუნდთან და მაქსიმალურად ვეცდები, რომ ერთობლიობაში, გუნდთან ერთად გავიტანოთ ესა თუ ის საკითხი. მე ყოველთვის ვიქნები სწორი აზრის დამცველი და მაქვს უნარი, რომ კრიტიკულიც ვიყო.

სპორტიც გუნდური თამაშია და ჩვენ ასე ვწყვეტთ ხოლმე საკითხებს. ვფიქრობ, არ გვექნება ამ მხრივ პრობლემა.

გამყრელიძის თქმით, თუ ყველა აიცრება, ახალ წელს ძველებურად შევხვდებით

„რა დრო დაგვჭირდება საქართველოს მოსახლეობის სრულად ასაცრელად, თუ ვაქცინაცია ამავე ტემპით გაგრძელდება როგორც ახლა მიდის?” – ჰკითხეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს ამირან გამყრელიძეს, დღეს, 27 აგვისტოს, სპეციალურად გამართულ ვებინარზე.

გამყრელიძის ინფორმაციით აგვისტოში დღეში საშუალოდ 23 ათასი აცრა კეთდება. ვაქცინაციის გეგმით კი, წელს სულ ცოტა მოზრდილი მოსახლეობის 60% უნდა აიცრას, რაც მილიონ შვიდასი ათასი ადამიანია.

„სამიზნე მილიონ შვიდასი ათასი ადამიანის ორჯერადი აცრა ეს არის 3 მილიონ ოთხასი ათასი აცრა. მილიონ ასი ათასი აცრა ჩვენ უკვე ჩატარებული გვაქვს, ამიტომ ამ ტემპით [საშუალოდ 23 ათასი აცრით დღეში] წლის ბოლომდე 3 მილიონ რვაასი ათასი აცრა იქნება გაკეთებული – სამიზნეზე 400 ათასით მეტი, რაც კარგი მაჩვენებელია,“ – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში სულ ორი მილიონ შვიდასი ათასი მოზრდილი ცხოვრობს.

„თუ ყველა ავიცრებით, იქნება ძალიან კარგი შედეგი. ახლა ვმუშაობთ და ველოდებით სხვადასხვა გადაწყვეტილებას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციიდან, შეიძლება ფაიზერი და მოდერნა გაუკეთდეთ 12 წლიდან მოზარდებს და ამ შემთხვევაში მოგვემატება კიდევ 200-250 ათასი მოზარდი. ასეთ შემთხვევაში, თუ დღევანდელი ტემპით წავედით, წლის მიზანსაც ვასრულებთ და სასურველზე მეტიც გვეყოლება აცრილი,“ – ამბობს ამირან გამყრელიძე.

მისი განმარტებით, რაც მეტი ადამიანი აიცრება, მით უფრო მეტად ძლიერი კოლექტიური იმუნიტეტი გამომუშავდება ქვეყანაში კორონავირუსზე და „ახალ წელს ძველებურად შევხვდებით“.

ქობულეთში ზღვაში ახალგაზრდა კაცი დაიხრჩო

დღეს, 27 აგვისტოს, ქობულეთში, ზღვაში ახალგაზრდა კაცი დაიხრჩო. ახალგაზრდა ქობულეთში დასასვენებლად იყო ჩასული, ის ზღვაში შევიდა და გაუჩინარდა. მის ძებნაში საგანგებო სიტუაციების სამსახური იყო ჩართული.

შსს-ს ინფორმაციით მომხდარ ფაქტზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ბათუმის კათოლიკური ეკლესიის დიაკონი კოვიდით გარდაიცვალა

დღეს, 27 აგვისტოს, ბათუმის კათოლიკური ეკლესიის დიაკონი თენგიზ პარმაქსიზიშვილი კოვიდით გარდაიცვალა. ის ბათუმში „მედცენტრში“ იყო მოთავსებული.

დიაკონის გარდაცვალების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა საქართველოს კათოლიკურმა ეკლესიამ.

„ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა ბათუმის სულიწმიდის სამრევლოს დიაკონი თენგიზ პარმაქსიზიშვილი.

კვირადღეს, 29 აგვისტოს, 10.00 საათიდან მისი ნეშტი დასვენებულ იქნება ბათუმის ეკლესიაში, 12.00 საათზე წმიდა წირვას აღავლენს  ეპისკოპოსი მეუფე ჯუზეპე პაზოტო“, – ნათქვამია განცხადებაში.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში 73 ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით, მათ შორის აჭარაში 11 ადამიანია გარდაცვლილი.

მეტი მუშაობა გვჭირდება – გამყრელიძე ეთნიკური უმცირესობების ვაქცინაციაზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს ამირან გამყრელიძეს დღეს გამართულ ვებინარზე ჰკითხეს, აპირებს თუ არა NCDC  რაიმე კამპანიის ჩატარებას ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ თემებში, სადაც ხალხი ინფორმაციას ქართულ ენაზე ვერ იღებს.

„ჩვენ გაეროს ბავშვთა ფონდი სერიოზულად გვეხმარება. [ვაქცინაციის] ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გვაქვს სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში, გასაგები მიზეზების გამო.

რადგან ეს ეთნიკური უმცირესობები ყველაზე მეტი აქ არიან. ამიტომ მათთან მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა და აქ სერიოზულად გვეხმარება გაეროს ბავშვთა ფონდი. მაგრამ მეტი მუშაობა გვჭირდება,“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ჩაერთე სილქფესტის შეთავაზებებში და გაიაქტიურე დიდი მოცულობის ინტერნეტ პაკეტები მთელი თვით

28 და 29 აგვისტოს, სილქნეტი, მობილური ქსელის მომხმარებელებს, დიდი მოცულობის ინტერნეტ პაკეტებს შესთავაზებს.

კომბინაციით *202# მინიმალურ ფასად აბონენტი მთელი თვით ჩაირთავს:
[checklist]

  • 15 GB მოცულობის ინტერნეტს  – 10 ლარად
  • 25 GB მოცულობის ინტერნეტს  – 14 ლარად

[/checklist]

„სილქფესტის“ პაკეტების გააქტიურებას ფიზიკური და იურიდიული პირები შეუზღუდავად  შეძლებენ,  ცალ-ცალკე ან ერთად.

ერთზე მეტი პაკეტის შეძენის შემთხვევაში თითოეულს უნარჩუნდება ინდივიდუალური ვადა.

მეგაბაიტების ამოწურვის შემთხვევაში, თუ პაკეტის 30 დღიანი მოქმედების ვადა არაა გასული,  1მბ-ის ფასი  0.15 ლარია.

თვალი ადევნეთ სილქნეტის  facebook და Instagram  გვერდებს. ასევე, სილქნეტის ოფიციალურ ვებ გვერდს www.silknet.com,  სადაც ერთი დღით ადრე „სილქფესტის“ აქციის შესახებ ინფორმაცია დაანონსდება.  

გადაგვივადეთ სესხი 1 წლით და არ გაგვიძვიროთ – საოჯახო სასტუმროების მფლობელები

ქობულეთელი საოჯახო სასტუმროს მფლობელები დღეს, 27 აგვისტოს, ქობულეთის მერიის წინ საპროტესტო აქციას მართავენ. ასამდე საოჯახო სასტუმროს მეპატრონე ხელისუფლებას სთხოვს დაეხმაროს და უშუამდგომლოს კომერციულ ბანკებთან. მოქალაქეების თქმით, მიმდინარე წელს ქობულეთში ტურისტული სეზონი ჩავარდა, შედეგად სასტუმროს მფლობელებს სესხის გადახდა აღარ შეუძლიათ.

„ბათუმელები“ ესაუბრა აქციის ერთ-ერთ მონაწილეს – ნინო ანანიძის თქმით, დროა მთავრობამ „შეწყვიტოს ზეპირი განცხადებები, თითქოს სეზონი ბრწყინვალედ ჩატარდა და აღიაროს, რომ ტურისტული სეზონი ქობულეთში ჩავარდა“.

„ჩვენ რომ ეს სესხები გამოვიტანეთ, მაშინ სტაბილური იყო ქვეყნის ცხოვრება. ახლა ეს გარემოებები შეიცვალა. ჩვენ მთავრობისგან ვითხოვთ გვიშუამდგომლოს ბანკებთან, ასევე ვთხოვთ ბანკებსაც, რომ გაითვალისწინონ შეცვლილი გარემოებები. ძალიან ბევრი ბერკეტი აქვს ხელისუფლებას, რომ ჩადგეს ჩვენსა და ბანკს შორის. ამდენი დახმარება შემოვიდა. ჩვენ ვითხოვთ გადაგვივადდეს ერთი წლით სესხი ისე, რომ არ გაგვიძვირდეს. შეგვაძლებინოს მთავრობამ, შეგვაძლებინოს ბანკებმა, რომ ჩვენ ეს სესხები დავფაროთ. ჩვენ უარს არ ვამბობთ ჩვენს ვალდებულებებზე. უბრალოდ, ასეთ რთულ სიტუაციაში ხომ ვერ დავხატავთ ამ თანხებს?

ბანკის თანხებზე კი არა, თავის გატანის პრობლემაა. მთელი ქობულეთი, 80 % არის უმუშევარი. ამ სეზონს ველოდი, აი არ ვიცი. თან ბანკიც უნდა გავისტუმროთ, თან ოჯახების ბიუჯეტიც უნდა შევავსოთ, რომ წლიდან წლამდე თავი გავიტანოთ. ხალხს ეს თავის გასატანი თანხა აღარ დარჩა, არამცთუ ბანკის,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ნინო ანანიძემ.

საპროტესტო აქცია ქობულეთში

საოჯახო სასტუმროს მფლობელის თქმით, ქობულეთში სეზონის ჩავარდნას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა.

„ჯერ ერთი, პანდემიაა და წითელი ზონა ვართ. ბევრმა ტურისტმა უარი თქვა, შეეშინდა საქართველოში ჩამოსვლა. ასევე, რუსეთის მხრიდან სახმელეთო საზღვრის ჩაკეტვამ გამოიწვია ის, რომ რუსეთიდან და ბელორუსიიდან ტურისტები ვერ ჩამოვიდნენ.

სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან იმიტომ ვერ შემოვიდნენ ტურისტები, რომ მაღალი ფასია ტესტებზე. ისინი შემოდიან ოთხი-ხუთი ადამიანი ოჯახიდან. ერთ ადამიანს რომ 80 ლარი უჯდება ტესტი, ვინ შემოვა ისედაც პანდემიაა და შეჭირვებულ მდგომარეობაში არიან.

დავრჩით აი, ამ შიდა ტურიზმის ამარა. აქაც პანდემია მძვინვარებს. ისედაც გაუფასურდა ბინები. მოთხოვნები არ იყო. დაეცა ფასები. ეს ჩვენი ტურისტები საერთოდ იაფად ითხოვენ საუკეთესო პირობებს. მაგალითად, მაგარმა სასტუმროებმა ათ-ათ ლარში გააქირავეს და ჩვეულებრივი სასტუმროები ხალხის გარეშე დავრჩით. აუზიან სასტუმროში რომ ათ ლარად შეუშვებ კაცს, შენთან ვიღა შემოვა ჩვეულებრივ სასტუმროში? 10-15 ლარი იყო წელს ყველაზე მაღალი თანხა, თუკი გადაიხდიდნენ,“ – ამბობს ნინო ანანიძე.

აქციის მონაწილეები ნახევარი საათით ქობულეთის მერიის შენობაშიც იყვნენ შესულები და მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვდნენ. თუმცა მოგვიანებით, კოვიდსიტუაციის გამო, შენობა დატოვეს და საპროტესტო აქციას მერიის შენობის წინ აგრძელებენ.

ეპიდემიოლოგიური ვითარება და ვაქცინაციის პროცესი აჭარაში – მინისტრის ანგარიში უმაღლეს საბჭოს

აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობისა დ სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე აჭარაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებისა და ვაქცინაციის შესახებ ანგარიში წარადგინა.

 

მინისტრის განმარტებით, ბოლო დღეებში მკვეთრად გამოხატულია სტაბილიზაცია, დღეს Covid-19-ით ინფიცირების 449 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც წინა დღეებთან შედარებით 200-ით ნაკლებია. დღევანდელი მონაცემებით ასევე ინფიცირებულთა მაჩვენებელს აჭარბებს გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და შეადგენს 563-ს. მისივე თქმით, აჭარაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა კვლავ საყურადღებოა და საჭიროა მოქალაქეების მიერ ყველა რეკომენდაციის ზედმიწევნით დაცვა.

ამჟამად აჭარაში მკურნალობის კურსს გადის 7779 ინფიცირებული პაციენტი. მათგან 15%-ია ჰოსპიტალიზებული. დანარჩენი მკურნალობის კურსს გადის კოვიდსასტუმროსა და ბინაზე ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

პაციენტის მკურნალობის პროცესში ჩართულია 13 სამედიცინო დაწესებულება. კლინიკებში კოვიდპაციენტებისათვის გამოყოფილია 1070 საწოლი.

 

“საწოლფონდის დატვირთვის მაჩვენებელი, ცვალებადია. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო დღეებში კარგი ტენდენცია გამოჩნდა, უკვე ყოველდღიურად გვაქვს თავისუფალი თერაპიული საწოლები, რაც კავშირშია ინფიცირების ახალი შემთხვევების შემცირებასთან, თუმცა თითქმის დაკავებულია ინტენსიური თერაპიის საწოლები. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ არ დავტოვოთ არცერთი პაციენტი სტაციონარული სერვისის გარეშე თუ ის ამას საჭიროებს”, – აღნიშნა მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ.

კორონავირუსის მართვის პროცესში ჩართულია 26 სასტუმრო. განთავსების სფეროში კოვიდპაციენტებისათვის არის საკმარისი ადგილები, თუმცა მოქალაქეთა 68% მკურნალობას ბინაზე, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ამჯობინებს. აჭარაში ონლაინ კონსულტაციის პროცესში ჩართულია პირველადი ჯანდაცვის ხუთი ცენტრი.

“აქტიურად მიმდინარეობს ვაქცინაციის პროცესი. ამ ეტაპისათვის ჩატარებულია 132 241 ვაქცინა, ორი დოზით აცრილია 39 601 მოქალაქე. პროცენტული მაჩვემებელი ასე ნაწილდება – აჭარაში ერთი დოზით აცრილია მოსახლეობის 26,3%, ორი დოზით აცრილია 11,3%. გუშინ ვაქცინაციის პროცესი დავიწყეთ სოფლებში”, – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

აჭარაში ვაქცინაცია ტარდება ყველა სამედიცინო დაწესებულებაში, ორ სავაჭრო ცენტრში და შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. დღეს სოფლებში ვაქცინაცია ტარდება, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩაისუბანში და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ აჭარისაღმართში. ხოლო ხვალ ვაქცინაცია ჩატარდება ხულოს მუნიციპალიტეტში, ღორჯომის თემში და შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფურტიოში.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით ვაქცინაციის პროცესი დაწყებულია ბინაზე მწოლიარე პაციენეტებისათვის. ვაქცინაცია უკვე ჩაუტარდა სახლში მყოფ 52 მოქალაქეს, პროცესი გრძელდება.

მოსალოდნელია ტემპერატურის მკეთრი მატება – საგანგებოს განცხადება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით მოსალოდნელია ტემპერატურის მკვეთრი მატება.

„ასევე გარკვეულ რაიონებში მოსალოდნელია ძლიერი ქარი, რის გამოც, იზრდება  ტყისა და მინდვრის ხანძრის გაჩენის რისკი.  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, არ დაანთოთ ცეცხლი სასოფლო სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს და არ დატოვოთ ცეცხლის კერები უყურადღებოდ. გასათვალისწინებელია, რომ საყოფაცხოვრებო ნარჩენებს თვითაალება შეუძლიათ, შესაბამისად,ნუ დაანაგვიანებთ გარემოს. -“ ნათქვამია განცხადებაში.

საგანგებო სიტუაციების სამსახური მოუწოდებს მოსახლეობას, რომ დაკვამლიანების ან  ცეცხლის  შემჩნევის შემთხვევაში დაუყოვნებლივ დარეკონ 112-ში.

ფოთი იმსახურებს უფრო დიდი ტემპებით განვითარებას – პრემიერი მერობის კანდიდატის წარდგენისას

ფოთის მერობის კანდიდატად ბექა ვაჭარაძის წარდგენისას, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოპოზიციონერ კანდიდატს გიგი უგულავას გარყვნილი და კორუმპირებული უწოდა.

„ჩვენ დღეს კიდევ ვდგავართ არჩევანის წინაშე. ფოთი ირჩევს ახალგაზრდა, გაურყვნელ, პატიოსან ადამიანს, რომელიც მოემსახურება თავის ფოთს და თავის ფოთელებს. მეორეს მხრივ არის კორუმპირებული, მართლაც დეგრადირებული პოლიტიკოსი, მარგინალიზებული გიგი უგულავა.

მე ძალიან მაინტერესებს რა უნდა ამ ადამიანს ფოთში? რატომ მოდის? კაცი, რომელიც არის ცნობილი ძარცვით და თანამედროვე ისტორიაში ყველაზე დიდი კორუფციონერია,“ – იკითხა ირაკლი ღარიბაშვილმა.

უგულავას ლანძღვის დასრულების შემდეგ პრემიერმა ფოთელებს მიმართა და უთხრა, რომ არჩევანის გაკეთება მარტივია.

„მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ყველა ის ხარვეზი, თუ რაიმე იყო ბოლო წლების განმავლობაში, მაქსიმალურად დროულად იქნეს გამოსწორებული. ამას შეძლებს ბექა. მაქსიმალური მხარდაჭერა ექნება ცენტრალური მთავრობისგან. ყველა იმ ხარვეზს, ყველა იმ შეცდომას თუ რაიმე იყო ბოლო წლების განმავლობაში, თუ რაიმე ძალისხმევა დავაკელით ჩვენ, აუცილებლად ძალიან მოკლე დროში გამოვასწორებთ. ვინაიდან ფოთი იმსახურებს უკეთესს. ფოთი იმსახურებს უფრო დიდი ტეპმებით განვითარებას,“ – განაცხადა პრემიერმა.

მერობის კანდიდატის წარდგენაზე სიტყვით გამოვიდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, რომელმაც ფოთელებს წყალმომარაგებისა და კანალიზაციის ჩავარდნილი პროექტის გამო ბოდიში მოუხადა.

„დღეს როცა მე აქ გამოვდივარ, ის თავის დროზე დროულად დანახული და დაწყებული აუცილებელი პროექტი, რომელიც 170 მილიონ ლარზე მეტ ინვესტიციას მოიცავს, მთლიანად ფოთის წყალმომარაგებას და წყალარინებას უზრუნველყოფს, სამწუხაროდ სხვადასხვა მიზეზების გამო გაჭიანურდა.

მნიშვნელობა არ აქვს მიზეზი რა არის, იმიტომ, რომ თქვენთვის შედეგი არის მთავარი. მე წარმოვადგენ იმ უწყებას, რომელიც ამ შედეგის მიღწევაზეა პასუხისმგებელი. ამიტომ ბოდიშს გიხდით იმ უხერხულობისთვის, იმ დაგვიანებისთვის, რომელიც დღემდე არის,“ – თქვა ირაკლი ქარსელაძემ.

მინისტრის თქმით უკვე გაფორმდა ხელშეკრულება კონტრაქტორ კომპანიასთან, რომელმაც აიღო ვალდებულება, რომ ერთი წლის ვადაში დაასრულებს ფოთის წყალმომარაგებისა და კანალიზაციის პროექტს.

___

საქართველოში 2 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართება.

ყველა მომსახურება ერთ ანგარიშზე

სილქნეტის ოპტიკურ ქსელში ჩართულ მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ისეთი ანგარიში შექმნას, სადაც გააერთიანებს ინტერნეტისა და ტელევიზიის სააბონენტოს და რამდენიმე მობილურის გადასახადს. 

სერვისების გაერთიანება „სილქ+“ პაკეტის შეთავაზებაა.თუ ინტერნეტის და ტელევიზიის ანგარიშზე  აბონენტი ჩართავს პაკეტი „მეტის“ მომსახურებას 5 მობილურ ნომერზე,   თითოეულზე   15-20% ფასდაკლებას მიიღებს. 

რა არის სილქნეტის სერვისების უპირატესობა?!

ოპტიკური ქსელი ყველა დიდ ქალაქსა და დასახლებულ პუნქტშია. ყველგან ინსტალაცია უფასოა. ინტერნეტ პაკეტი შეგიძლიათ სიჩქარის მიხედვით აარჩიოთ, სატელევიზიო სერვისი-არხების. მომხმარებელი თავადვე ქმნის და აკომპლექტებს პაკეტს. ტარიფიც ამის მიხედვით ანგარიშდება. 

„სილქ+“ -ის შეთავაზებაში სამი პაკეტია. სასურველი პაკეტის შედგენის შემდეგ,   საიტზე არსებული ონლაინ კალკულატორი დანაზოგსაც დაგითვლით.  

სატელევიზიო პაკეტები არხების მიხედვით არის დაყოფილი: მხოლოდ ქართული (ეკონომი), ქართული და უცხოური (169 არხი-კომფორტი) და მაქსიმალური პაკეტი, სადაც   200-ზე მეტი სხვადასხვა ჟანრის რეიტინგული არხია. მათ შორის სილქ სპორტი და სეტანტა, ასევე ყველა საინფორმაციო, შემეცნებითი, კინო და გასართობი ტელე არხი. თუ სატელევიზიო ეთერის გაუმჯობესება გსურთ, შეგიძლიათ, პაკეტის უცვლელად,  8 სხვადასხვა თემატური  ჟანრი (სპორტი, კინო, საოჯახო, მიქსის კატეგორია) დაამატოთ მომსახურებაში.   

SilkTV-ის  უპირატესობა მრავალფეროვანი, მაღალრეიტინგული არხებია, გადახვევა -დაპაუზების ფუნქციით. არხების გარდა მენიუში მომხმარებელს აქვს ასევე დამატებითი კონტენტი: სასკოლო პროგრამა „საშინაო სკოლის“ ვიდეო გაკვეთილები, ვიდეოთეკა და  განახლებადი კინოკატალოგი Amediateka, სადაც  HBO, Showtime, Starz, FOX, CBS, ABC Studios, sky, Sony, BBC სტუდიების უახლესი სერიალები და  ფილმებია წარმოდგენილი. 

სილქნეტი უკვე 1 წელია მილიონზე მეტ მომხმარებელს, ბაზარზე არსებულ ყველა სხვა სტანდარტზე  7 ჯერ სწრაფი მობილური ინტერნეტით ემსახურება.  უახლესი ტექნოლოგია “გიგაბიტ LTE” კომპანიამ  ქვეყნის მასშტაბით დანერგა. სადაც უნდა იყოთ – მთაში, ბარში, ზღვაზე, კურორტებზე, აგარაკებზე – თქვენ შეძლებთ ონლაინ რეჟიმში  UHD და 4K ხარისხის ვიდეოებს შეუფერხებლად უყუროთ; დიდი მოცულობის ფაილები ძალიან სწრაფად ჩამოვტვირთოთ;  ოპერატიულად გაცვალოთ მონაცემები ქვეყნის მასშტაბით ნებისმიერი წერტილიდან, იმუშაოთ და ისწავლოთ შეუფერხებლად.

 ამერიკული კომპანია Ookla, ექვსი თვის მანძილზე აწარმოებდა სილქნეტის მობილური ქსელის ტესტირებას.  მოხდა მონაცემთა ზუსტი ანალიზი, რომლის მიხედვით დადგინდა ქსელის სისწრაფე და ხარისხი. ყველაზე სრულყოფილი ანალიტიკური პლატფორმის მეშვეობით და უნიკალური მეთოდოლოგიით, სილქნეტის მობილურმა ქსელმა OOKLA® Speedtest Awards-ის ჯილდო დაიმსახურა. 

მრავალფეროვანი, მაღალი ხარისხის სერვისის დასანერგად, სილქნეტი იყენებს უახლეს ტექნოლოგიებს და   ევროპის მასშტაბით, ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ტარიფით ემსახურება მომხმარებლებს. 

ცხელი ხაზის 2100100 ან ვებ გვერდის www.silknet.com მეშვეობით, გადაამოწმეთ- არის თუ არა თქვენი მისამართი, აგარაკი, რეგიონი სილქნეტის ოპტიკური ზონაში და შეუკვეთეთ ყველა სერვისი ერთად – პაკეტი „სილქ+“. 

შეღავათიანი აგრო სესხი აგრო ტექნიკისთვის ტერაბანკისგან

ამიერიდან დაინტერესებულ პირებს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენა ტერაბანკის შეღავათიანი აგრო კრედიტით შეეძლებათ.

ბანკი სოფლის განვითარების სააგენტოს სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამაში უკვე ჩაერთო და მასში მონაწილე ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს აგრო კრედიტით სარგებლობას შესთავაზებს. პროგრამის ფარგლებში, სააგენტო მსურველებს გრანტის სახით თანხის 30%-35%-ს გამოუყოფს, დანარჩენილ ნაწილს ტერაბანკი შეღავათიანი აგრო კრედიტით დააფინანსებს, ამ თანხის წლიური პროცენტის 8%-ს კი 48 თვის განმავლობაში სახელმწიფო დამატებით დააფინანსებს.

აღსანიშნავია, რომ ტერაბანკი მსესხებლებს მოქნილ გრაფიკსაც შესთავაზებს. შეღავათიანი აგრო კრედიტით სარგებლობა ბანკის როგორც არსებულ, ისე ახალ მომხმარებლებს მთელი საქართველოს მასშტაბით შეეძლებათ.

„აგრო ტექნიკის შეძენა დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, ამიტომ ვფიქრობთ, პროგრამა ძალიან კარგი შესაძლებლობა იქნება ამ სექტორში დასაქმებული ფიზიკური თუ იურიდიული პირებისთვის. მოხარულები ვართ, რომ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ხელმისაწვდომობის გაზრდაში ჩვენც ვიღებთ მონაწილეობას“, – აცხადებენ ტერაბანკში.

პროგრამაში მონაწილეობისთვის მსურველებს სამი ეტაპის გავლა მოუწევთ. პირველი ეტაპი, რომელიც რეგისტრაციას გულისხმობს, 1 სექტემბერს, 12:00 საათიდან, www.rda.gov.ge -ზე დაიწყება. მეორე ეტაპი სტარტს 15 სექტემბერს, 12:00 საათიდან აიღებს და ამ დროიდან პროგრამაში უკვე განაცხადების წარდგენაც გახდება შესაძლებელი, დოკუმენტაციის ატვირთვას კი მონაწილეები 20 სექტემბერს, 00:01 საათიდან შეძლებენ. თითოეული ეტაპის დაწყებამდე www.rda.gov.ge-ზე გამოქვეყნდება ვიდეო ინსტრუქციები, რომლებიც დაინტერესებულ პირებს მათ გავლას გაუმარტივებს.

პროგრამა მთელი საქართველოს მასშტაბით ხორციელდება. მის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის გაცნობა სოფლის განვითარების სააგენტოს ვებგვერდზეა შესაძლებელი: https://bit.ly/2XVeMQm

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის ან პროდუქტით სარგებლობისთვის ეწვიეთ ტერაბანკის ბათუმის ფილიალებს მისამართებზე: ჭავჭავაძისა და ლუკა ასათიანის ქუჩების კვეთა, რუსთაველის N10 ან დარეკეთ ნომერზე: 2 55 00 00

შემდეგი 2 კვირა კოვიდით გარდაცვალების კლებას არ ველით – ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ მომდევნო ორი კვირის განმავლობაში კორონავირუსით გარდაცვალების კლების ტენდენციას არ ელოდება.

„ინფექციის გავრცელების კუთხით შემცირების ტენდენცია ბოლო დღეებში ფიქსირდება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ შეიძლება გვქონდეს ლეტალობის ტენდენციის კლების მოლოდინი.

ჩვენ მაქსიმალურად გვყავს გაძლიერებული კლინიკური ჯგუფი, მარინა ეზუგბაია, თენგიზ ცერცვაძე და ინეზა სულამანიძე მუდმივად იმყოფებიან კლინიკებში, მათ აქვთ გაწერილი გრაფიკი და კვლავ აზუსტებენ მკურნალობის ხარისხის იმ სტანდარტებს, რომელიც არის პროტოკოლით დადგენილი.

გვაქვს მოლოდინი, რომ ლეტალობის ის მაჩვენებელი, რომელიც საქართველოს მსოფლიოსგან გამოარჩევს და არის 1.32, შევძლებთ, რომ გავაუმჯობესოთ, რის შემდეგადაც არაერთი სიცოცხლის გადარჩენა მოხდება. თუმცა შემდგომი ორი კვირის მანძილზე ჩვენი მოლოდინი არის ნეგატიური, არ ველით გარდაცვალების კლებას“, – ამბობს ეკატერინე ტიკარაძე.

ბოლო დღეებში კორონავირუსით კლინიკებში 60-79 ადამიანი იღუპება. ტიკარაძის თქმით, ეს ტენდენცია მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება.

___

ბოლო 24 საათის მონაცემებით, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 369 პირი, აქედან 40 აჭარაში, 213 – თბილისში.

ჯამში მძიმე მდგომარეობაშია 1584 პაციენტი.

გამყრელიძე: 600 ათასი დოზა „სინოფარმი“ ამოიწურა – მეორე დოზა შენახულია ყველასთვის

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოს ნაყიდი ჰქონდა 600 ათასი დოზა „სინოფარმი“ და ეს დოზა ამოიწურა. შესაბამისად, „სინოფარმის“ პირველ დოზაზე რეგისტრაცია შეიზღუდა, „ველოდებით „სინოფარმის“ შემდეგ პარტიას.

ქვეყანამ იყიდა 600 ათასი დოზა. ეს 600 ათასი დოზა საკმარისია 300 ათასი ადამიანის ორჯერადად აცრისთვის. ამიტომ გადადებულია ეს 300 ათასი დოზა, ვინც მეორეჯერ იცრება. ეს შენახულია ყველასთვის და პირველ აცრაზე სადღაც ავედით 270 ათასზე და პლუს, ვისაც დაჯავშნილი აქვს.

მინდა განვმარტო, მხოლოდ პირველ დოზაზე და ჩაუწერლად მისვლა შეიზღუდა. ვისაც პირველი აცრა აქვს დაჯავშნილი, ყველა აიცრება. მეორე აცრა ვისაც აქვს დაჯავშნილი, შეუძლია ჯავშნის გარეშე მივიდეს და აიცრება მეორე აცრაზე.

ვისაც ჩინური ვაქცინა უნდა, მათ ვთავაზობთ აიცრან „სინოვაკით“, იგივე დამცველობითი უნარი აქვს. „სინოვაკზე“ აცრა უკვე 100 ათასზეა ასული“.

___

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდით 73 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 11 აჭარაში. ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, შემდეგი ორი კვირის განმავლობაში ლეტალობის მაჩვენებლის კლება მოსალოდნელი არ არის.

აჭარაში 11 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით

27 აგვისტოს დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში 11 ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით.

ამავე პერიოდში აჭარაში კორონავირუსის 449 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

27 აგვისტოს დილის მონაცემებით, აჭარაში საავადმყოფოებში მკურნალობს 1 011 ადამიანი, აქედან 161 მძიმე პაციენტია, 40 კი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

აჭარის კოვიდსასტუმროებში 1 183 ინფიცირებულია მოთავსებული.

აჭარის ონლაინკლინიკაში ანუ ბინაზე 5 418 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.

რეგიონში ამ დროისთვის 7 541 ადამიანი თვითიზოლაციაშია.

 

გამყრელიძე ორსულების გარდაცვალებაზე – პრევენცია არის ერთადერთი, ორსულები უნდა აიცრან

დღეს, 27 აგვისტოს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს პანდემიის პერიოდში ორსული ქალების გარდაცვალების შესახებაც ისაუბრა.

კითხვაზე, თუ რატომ იღუპებიან კორონავირისით დაავადებული ორსული ქალები და ხომ არ იგეგმება ორსულთა მკურნალობის პროტოკოლში რაიმე ცვლილება, გამყრელიძე ამბობს, რომ ორსულთა გარდაცვალების პრევენციის ერთადერთი გზა არის აცრა.

„პრევენცია არის ერთადერთი, ორსულები უნდა აიცრან. პანდემიის განმავლობაში, თუ არ ვცდები, სულ 13 ორსულია გარდაცვლილი.

პროტოკოლში იგეგმება თუ არა ცვლილება, ვერ გეტყვით, თუმცა სერიოზულად მუშაობს მეან-გინეკოლოგთა ასოციაცია და ჩართულია დაავადებათა კონტროლის ცენტრიც,“- ამბობს გამყრელიძე.

გუშინ 26 წლის ორსული ქალი გარდაიცვალა ქუთაისში, დღეს კი, როგორც ვრცელდება ინფორმაცია, თბილისში, ბოკერიას კლინიკაში, გარდაიცვალა კოვიდით ინფიცირებული 19 წლის ქალი.

ტიკარაძე ორსულების კოვიდით გარდაცვალებაზე – რიგ შემთხვევებში დაგვიანებული იყო სტაციონარიზაცია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძემ კორონავირუსით ორსულების გარდაცვალების გახშირებულ ფაქტებზე მედიასთან კომენტარი გააკეთა. მინისტრის თქმით, ხშირ შემთხვევაში კოვიდინფიცირებული ორსულების საავადმყოფოში გადაყვანა გვიან ხდება.

მინისტრს ჟურნალისტებმა კითხვა დღეს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებითაც დაუსვეს. 27 აგვისტოს დილას თბილისში, ერთ-ერთ კლინიკაში, 19 წლის ქალი მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა. ის კოვიდინფიცირებული იყო.

“მე ყოველთვის ვერიდები ხოლმე კონკრეტულად პაციენტებზე საუბარს, იმიტომ, რომ თითოეული პაციენტის ესეთი მძიმე გამოსავალი ეს არის არამხოლოდ ოჯახის ტრაგედია, არამედ მთელი ქვეყნის ტრაგედია. თუმცა ჩვენ ამ გართულებებს ვაკვირდებით სამედიცინო და სტატისტიკურ ჭრილში. ჩართული არის გინეკოლოგთა ასოციაცია, რათა მათ დადონ ის კონკრეტული დასკვნები, რაც არის გარკვეული მიზეზი იმის, თუ რატომ გვაქვს ბოლო პერიოდში გახშირებული ლეტალური შემთხვევები ორსულების კომპონენტში.

თუმცა აქვე აუცილებლად უნდა დავძინოთ, რომ ეს არის რიგ შემთხვევაში დაგვიანებული სტაციონარიზაცია, გუშინ, მაგალითად, ერთ-ერთი ორსულის სამეგრელოს რეგიონიდან საავადმყოფოში გადმოყვანა იქნა საჭირო, თუმცა ამ ორსულს დარეკილი არ ჰქონდა 112-ზე, მაგრამ სამაგიეროდ პოსტი ედო ფეისბუქზე და კარგია, რომ ჩვენი საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური აკვირდება ყველა იმ ჯგუფს, რომელიც აქტიურია ფეისბუქზე, ჩვენ ვიღებთ აქედან დამატებით ინფორმაციებს. ის პაციენტები, რომლებიც არ მიმართავენ არც ექიმს და არც 112-ს და არჩევენ სოციალური მედიით კომუნიკაციას, აქტიურად ვცდილობთ ამ კუთხითაც სამინისტრო და სასწრაფო გადაუდებელი დახმარება იყოს ყურადღებით,” – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

ჟურნალისტების კითხვაზე, იგეგმება თუ არა კოვიდინფიცირებული ორსულების მკურნალობის პროტოკოლის ცვლილება, ჯანდაცვის მინისტრმა თქვა, რომ ამ საკითხის გადასაწყვეტად გინეკოლოგთა ასოციაციის დასკვნას ელოდება.

“ამასთან დაკავშირებით იმსჯელებენ გინეკოლოგთა ასოციაციაში, ისინი დადებენ დასკვნას და შესაბამისად ჩვენ შევიტანთ ყველა იმ საჭირო ცვლილებას, რომელიც საჭირო იქნება,” – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ბათუმში აგვისტოს ბოლო დღეები უნალექო იქნება – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, აჭარაში 27 აგვისტოს 21 საათიდან 28 აგვისტოს 21 საათამდე მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 30 – 35 გრადუსი სითბო
  • ღამით: 18– 23 გრადუსი სითბო

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 25 – 30 გრადუსი სითბო
  • ღამით: 10 – 15 გრადუსი სითბო

ზღვის წყლის ტემპერატურა +27 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს, 29 და 30 აგვისტოს, ბათუმსა და აჭარაში უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით მოსალოდნელია ტემპერატურის მკვეთრი მატება.


ფიჭვნარი მაშველების გარეშე – პლაჟი, სადაც აკრძალვის მიუხედავად ბანაობენ

აჭარაში კორონავირუსის 449 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა – 27 აგვისტო

აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 449 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამავე პერიოდში რეგიონში 11 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

27 აგვისტოს დილის მონაცემებით, აჭარაში საავადმყოფოებში მკურნალობს 1 011 ადამიანი, აქედან 161 მძიმე პაციენტია, 40 კი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

აჭარის კოვიდსასტუმროებში 1 183 ინფიცირებულია მოთავსებული.

რეგიონში ამ დროისთვის 7 541 ადამიანი თვითიზოლაციაშია.

27 აგვისტოს დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 4 031 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში ვირუსით გარდაიცვალა 73 ადამიანი.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში სულ 132 241 აცრა გაკეთდა. სრულად ანუ 2 დოზით კი რეგიონში 39 601 ადამიანია აცრილი.


დღეს ვაქცინაცია აჭარის სოფლებშიც დაიწყო – ჯანდაცვის სამინისტრო

გარდაიცვალა 73, დადასტურდა 4 031 ახალი შემთხვევა – კორონავირუსი საქართველოში

27 აგვისტოს დილის მონაცემებით ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 4 031 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში ვირუსით გარდაიცვალა 73 ადამიანი.

ამ დროისთვის, stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, საქართველოში კოვიდსტატისტიკა ასეთია:

  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 473 502 , ბოლო 24 საათში – 4 585
  • მათ შორის გარდაცვლილი – 7 101 , ბოლო 24 საათში – 73
  • ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 42 744, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 25 358, PCR ტესტით – 17 386
  • დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 9,43%, ბოლო 14 დღის – 10,7%, ბოლო 7 დღის – 10,4%
  • სულ ჩატარდა – 1 095 069 აცრა, დღიურად აცრილია – 26 418
  • კარანტინის რეჟიმში – 130
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 7 493
  • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 3 205

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 031 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 639 შემთხვევა, აჭარაში – 449, იმერეთში – 493, ქვემო ქართლში – 247, შიდა ქართლში – 222, გურიაში – 127, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 294, კახეთში – 343, მცხეთა-მთიანეთში – 83, სამცხე-ჯავახეთში -100, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 34.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 55 573, მათგან 7 493 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 3 189, აჭარაში – 1 011, იმერეთში – 1 184.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 584, მათ შორის, თბილისში – 669, აჭარაში – 161, იმერეთში – 343. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 369 პირი,  მათგან თბილისში – 213, აჭარაში – 40, იმერეთში – 27.

44 875 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 54 565 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 27 451, აჭარაში – 7 541 იმერეთში – 4 183.

დელტა შტამი მეტი აგრესიულობით ხასიათდება, განსაკუთრებით ორსულებში – მინისტრის მოადგილე

 

არითმიები და მათი მკურნალობის მეთოდები

რა არის არითმია, რა იწვევს მას და რა შემთხვევაში უნდა მივმართოთ ექიმს? – ჩვენს კითხვებს მაღალტექნოლოგიურ ჰოსპიტალ “მედცენტრის” კარდიოლოგმა, არითმოლოგმა გურამ მაჩიტიძემ უპასუხა.

  • როგორია ნორმალური გულისცემა?

ჯანმრთელი ადამიანის გული ყოველდღიურად იკუმშება დაახლოებით 100 000-ჯერ და ტუმბავს 7200 ლიტრ სისხლს სხეულში. ცხოვრების 70 წლის მანძილზე ადამიანის გული სცემს საშუალოდ 2,5 მილიარდჯერ.

ექიმები ჯანმრთელ გულისცემას წუთში მისი რაოდენობით და რიტმულობით განსაზღვრავენ. ზოგადად, ნორმალურად ითვლება, როცა გულისცემა წუთში 60-დან 100-მდეა, თუმცა ხშირად ინდივიდთა შორის „ნორმალური“ გულისცემის სიხშირე განსხვავებულია. ნორმაში გულისცემა რეგულარული (რიტმული) უნდა იყოს.

  • რა არის არითმია?

არითმია – ეს არის პათოლოგიური მდგომარეობა, როდესაც გული არარეგულარულად (არარითმულად), ძალიან სწრაფად ან ძალიან ნელა სცემს.

არითმიები იყოფა 2 ძირითად ჯგუფად:

[checklist]

  • ბრადიარითმიები – ბრადიარითმია ეწოდება ისეთ არითმიას, რომლის დროსაც გულისცემის სიხშირე წუთში 60-ზე ნაკლებია;
  • ტაქიარითმიები – ტაქიარითმია ეწოდება ისეთ არითმიას, რომლის დროსაც გულისცემის სიხშირე წუთში 100-ს აჭარბებს.

[/checklist]

რეგულარულობის მიხედვით შეიძლება გამოვყოთ:

[checklist]

  • რეგულარული არითმიები – გულისცემა აჩქარებულია, მაგრამ რიტმულია (მაგალითად, პაროქსიზმული ტაქიკარდია)
  • არარეგულარული არითმიები – გულისცემა არარიტმულია (მაგალითად, ექსტრასისტოლური არითმია ანუ პულსის გამოტოვება; წინაგულთა ფიბრილაცია – იგივე „მოციმციმე არითმია“).

[/checklist]

  • რა იწვევს არითმიას?

არითმიას მრავალი გამომწვევი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს:

[checklist]

  • გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიები: კორონარული არტერიების დაავადება, მიოკარდიუმის ინფარქტი, გულის კუნთის დაავადებები (კარდიომიოპათიები), სარქვლოვანი პათოლოგია, გულის თანდაყოლილი მანკები,
  • რესპირატორული სისტემის პათოლოგიები (მაგ. ფილტვების ობსტრუქციული დაავადება, ძილის აპნოე)
  • ენდოკრინული პათოლოგიები
  • სისხლში ელექტროლიტების (მაგალითად, კალიუმის) დონის დარღვევა
  • ზოგიერთი მედიკამენტის გვერდითი ეფექტი
  • ჭარბი დოზით ალკოჰოლი, თამბაქო, კოფეინი ან ზედმეტი ვარჯიში
  • ძლიერი ემოცია, სტრესი

[/checklist]

  • როგორია არითმიის სიმპტომები?

[checklist]

  • გულისცემის აჩქარების ან შენელების შეგრძნება
  • გამოტოვებული გულისცემის, „პაუზის“ შეგრძნება
  • გულის „ფრიალი“
  • თავბრუსხვევა ან გაბრუება
  • სუნთქვის გაძნელება, ჰაერის უკმარისობა
  • გულმკერდში ტკივილი/დისკომფორტი
  • გამოხატული სისუსტე ან დაღლილობა

[/checklist]

აღსანიშნავია, რომ არითმია ზოგჯერ შეიძლება სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს და ექიმის მიერ დანიშნული კვლევის დროს შემთხვევით მოხდეს მისი დიაგნოსტირება.

არითმია

  • რა არის არითმიის აღმოცენების რისკფაქტორები?

[checklist]

  • ქრონიკული დაავადებები – გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების უმრავლესობას, რესპირატორული სისტემის, ასევე ენდოკრინულ და ონკოლოგიურ პათოლოგიებს შეუძლიათ გამოიწვიონ გულის რითმის პრობლემები.
  • ასაკი – არითმიის აღმოცენების რისკი იზრდება ასაკის მატებასთან ერთად.
  • გენეტიკა – არითმიის აღმოცენების რისკი უფრო მაღალია, თუ თქვენს ახლო ნათესავს არითმია ჰქონდა. გულის დაავადებების ზოგიერთი ტიპი ოჯახებშიც შეიძლება გავრცელდეს
  • არაჯანსაღი ცხოვრების წესი – ალკოჰოლმა, თამბაქომ და ნარკოტიკებმა, უძილობამ, სტრესმა, ასევე ზოგიერთი მედიკამენტის არასათანადო გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს არითმიის აღმოცენების რისკი.

[/checklist]

  •  როგორ ხდება არითმიების დიაგნოსტიკა?

არითმიების დიაგნოსტიკური კვლევის მეთოდებს მიეკუთვნება:

[checklist]

  • ელექტროკარდიოგრამა – იწერს გულის ელექტრულ აქტივობას.
  • ჰოლტერის ეკგ მონიტორინგი – პორტატული აპარატი, რომელსაც შეუძლია კარდიოგრამის ჩაწერა 24 ან 48 სთ-ის განმავლობაში.
  • იმპლანტირებადი მარყუჟოვანი ჩამწერი – ეს მცირე ზომის მოწყობილობა ინერგება კანქვეშ და ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ახდენს კარდიოგრამის ჩაწერას.
  • ექოკარდიოგრაფია – ექოსკოპიური კვლევა, რომლის საშუალებით ხდება გულის სტრუქტურის და ფუნქციის შეფასება.
  • სტრესტესტი – ფიზიკური დატვირთვის ტესტი, რომელიც ტარდება გულის იშემიურ დაავადებაზე ეჭვის არსებობის დროს.
  • ლაბორატორიული ანალიზები – გამოიყენება არითმიის გამომწვევი სხვადასხვა პათოლოგიის სადიაგნოსტიკოდ.
  • ელექტროფიზიოლოგიური კვლევა –  ეს გახლავთ ინვაზიური მეთოდი, რომელიც წარმოადგენს არითმიების კვლევის ოქროს სტანდარტს. ხორციელდება გულში შეყვანილი კათეტერების საშუალებით.

[/checklist]

  • როგორ მკურნალობენ არითმიებს?

არითმიების სამკურნალოდ სასურველია კარდიოლოგთან ან არითმოლოგთან ვიზიტი. შესაბამისი კვლევის ჩატარების შემდეგ ისმება არითმიის დიაგნოზი და შეირჩევა მკურნალობის ტაქტიკა. მკურნალობა შეიძლება განხორციელდეს როგორც მედიკამენტური, ისე ინვაზიური გზით.

არითმიის მედიკამენტური თერაპია ძირითადად მოიცავს ანტიარითმულ საშუალებებს.

არითმიის მკურნალობის ინვაზიური მეთოდებია:

[checklist]

  • პეისმეიკერის (კარდიოსტიმულატორის) იმპლანტაცია – გამოიყენება მკვეთრად შენელებული გულისცემის სამკურნალოდ.
  • კარდიოვერტერ-დეფიბრილატორის იმპლანტაცია – გამოიყენება სიცოცხლისთვის სახიფათო არითმიების დროს.
  • აბლაცია – არითმიის კერის მოშორება. ეს პროცედურა ხორციელდება შემდეგნაირად: ბარძაყის ვენის გავლით, გულში თავსდება სპეციალური კათეტერები, რომლებიც ახდენენ პათოლოგიური არითმიის კერის აღმოჩენას და შემდეგ მის დესტრუქციას „მოწვის“ (რადიოსიხშირული აბლაცია) ან „მოყინვის“ (კრიოაბლაცია) გზით.
  • აბლაციით შეიძლება განხორციელდეს შემდეგი არითმიების მკურნალობა: წინაგულთა ფიბრილაცია („მოციმციმე არითმია“), წინაგულთა თრთოლვა, სუპრავენტრიკულური პაროქსიზმული ტაქიკარდია, WPW სინდრომი, წინაგულოვანი ტაქიკარდია, პარკუჭოვანი ტაქიკარდია, ექსტრასისტოლური არითმიები.

[/checklist]

წიგნები ჩვენი ცხოვრების მეგზურია | მიიუკი იმამურა

ავტორი: მიიუკი იმამურა, საქართველოში იაპონიის ელჩის მეუღლე

___

თბილისში გასული წლის დეკემბერში ჩამოვედი. ძალიან ბედნიერი ვიყავი, როდესაც საქართველოში იაპონიის საელჩოს პროექტის „მობილური ბიბლიოთეკის“ და „ბათუმელების“ მიერ დაგეგმილი სხვა არაჩვეულებრივი აქტივობების შესახებ შევიტყვე. მიხარია, რომ მქონდა ასეთი მნიშვნელოვანი ტექნიკის გადაცემის ცერემონიაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა. ტექნიკის, რომელიც აჭარის მაღალმთიან რეგიონში მცხოვრებ ბავშვებს ადგილზე მიუტანს კითხვით მიღებულ სიამოვნებას.

ბიბლიოთეკა ეს არის ის, რაც ყველა ქვეყანას და ხალხს აუცილებლად უნდა ჰქონდეს. კითხვით შეძენილი საგანძური ადამიანს მთელი ცხოვრების მანძილზე გაყვება თან და ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის.

მახსენდება სკოლის პერიოდი, როდესაც ტოკიოს ერთ-ერთ დაწყებით სკოლაში, კვირაში ერთხელ გვქონდა „კითხვის დრო“. ეს ყველა ბავშვისთვის საყვარელი პერიოდი იყო – ერთად მივდიოდით ბიბლიოთეკაში და მთელ დღეს ჩვენი საყვარელი წიგნების კითხვაში ვატარებდით, ჩვენგან კი არ მოითხოვდნენ ანგარიშების და ტესტების ჩაბარებას.

განსაკუთრებით მიყვარდა მცირე ზომის მოთხრობების კითხვა, რომლებიც უცხო ქვეყნების ისტორიებს ეხებოდა. ზოგადად, სასიამოვნოდ მახსენდება წიგნებით სავსე კარადის წინ ყოფნის პროცესი და არჩევანის შესაძლებლობა, თუ რა წამეკითხა.

ამ პერიოდში წაკითხულ წიგნებს შორის გამოვარჩევდი წიგნს – „მერცხლები და ამორძალები“ (Swallows and Amazons), რომელსაც დაუსრულებლად ვკითხულობდი მანამ, სანამ ჩემმა მშობლებმა ამ სერიის 12-ივე წიგნი არ მიყიდეს. ამ წიგნიდან ვისწავლე იახტის დეტალების და მისი მართვის სპეციფიკის შესახებ და კითხვის დროს ვოცნებობდი, თუ როგორ ვნაოსნობდი ქარში.

ასევე, გამოვყოფდი მოთხრობას უცხო ქვეყნის შორეული რეგიონის შესახებ – „ინგლისის ტბის რაიონი“ (the Lake District of England), რომლის კითხვამაც ერთდროულად მომანიჭა მხიარულება და კმაყოფილება. ეს ისეთივე სასიამოვნო იყო, როგორც საზაფხულო არდადეგების გატარება ჩემს და-ძმასთან და ბიძაშვილებთან ერთად.

მოგვიანებით, როდესაც პირველად ვიმოგზაურე აღნიშნული ტბის რაიონში, ნოსტალგიური მოგონებები და წაკითხული სცენები ამომიტივტივდა გონებაში და მივხვდი, რომ კითხვით მიღებული ემოციები ჩემში ღრმად იყო დალექილი.

ჩემი ვაჟის დაბადების შემდეგ კი, კიდევ ერთხელ მომეცა საბავშვო წიგნებთან დაბრუნების შესაძლებლობა. ყოველ საღამოს დაძინებამდე ხმამაღლა ვუკითხავდი წიგნებს და ერთად ვტკბებოდით წიგნში არსებული სურათებით. შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი უბედნიერესი პერიოდი, როდესაც შემეძლო მსოფლიოს რჩეული მოთხრობები ჩემს ვაჟთან ერთად გამეზიარებინა.

მინდა მივმართო ახალგაზრდა დედებს და მამებს – წაუკითხეთ თქვენს შვილებს წიგნები და ამით ერთი მხრივ თქვენს შვილებთან ღირებული დროის გატარებას შეძლებთ და მეორე მხრივ, თქვენი ბავშვობის გახსენებას. შვილებისთვის კი, ეს იქნება ის ბედნიერი წუთები, როდესაც მშობლების სიყვარულით გარშემორტყმული ჩაეფლობიან მსოფლიო მოთხრობების სამყაროში.

წიგნები ახლაც ყოველთვის ჩემთან ერთად არის. ამ ეტაპზე, ერთადერთი ქართული მოთხრობა რაც წამიკითხავს „მე, ბებია, ილიკო და ილარიონია“. სამომავლოდ, რა თქმა უნდა, სხვებსაც  წავიკითხავ.

მინდა გამოვხატო ჩემი გულითადი მხარდაჭერა „ბათუმელების“ ამ ფასდაუდებელი წამოწყების მიმართ. ვიმედოვნებ, რომ მობილური ბიბლიოთეკის დახმარებით, რაც შეიძლება მეტი ადამიანი და განსაკუთრებით ახალგაზრდები, მოახერხებენ წიგნების კითხვით მიღებული სიამოვნების განცდას.

_______

Books are friends of life

By Mrs. Miyuki Imamura, wife of Japanese Ambassador to Georgia

I came to Tbilisi last December. I was glad when I heard that the Japanese Embassy provided a mobile library, and for the first time I learned about the wonderful activities of “Batumelebi”. I am grateful for having the opportunity to participate in this very precious and meaningful activity by attending its handover ceremony in order to bring the joy of reading to the children in the Adjara Mountainous region.

The library is one of the must-haves for all countries and all people. Knowing the joy of reading, especially when people are young, will give them an important treasure throughout their lives.

When I was small there was also a library at a public elementary school in Tokyo that I attended. There was one hour of “book time” every week when everyone in the class was visiting the library and spending their time reading their favorite books. It was my favorite time too as no tests and no reports were required.

I like stories, especially foreign stories, and I was always looking forward to choosing what to read in front of the bookshelves. Among them, “Swallows and Amazons” was my most favorite one. I read it over and over again, so my parents finally bought me the 12 books in the series. I learned from the book about the parts of a yacht and how to operate it and dreamed of sailing in the wind.

Even though it’s a story of a distant region in a foreign country, the Lake District of England, it gave me a real sense of fun and satisfaction that was as good as the actual summer vacation I spent with my sister, brother, and cousins. Later on, when I travelled to the Lake District, the nostalgic memory of the scene came back to me even though I visited the place for the first time. The time I spent embraced by reading the book certainly lived in me.

After my son was born, I had a second encounter with children’s literature. We enjoyed the picture books together and I read them aloud to him every night before going to bed. It was one of the happiest times of my life to be able to share the world of stories with my son.

I would like to address young fathers and mothers, please read books to your children.  By doing so, you can spend rich time with your loved ones while remembering your own childhood. And of course, for your children, it will be the happiest time totally immersed in the world of stories feeling at ease embraced by the love of their parents.

Even now books are always with me. The only Georgian story I have read so far is “Me, Grandma, Iliko, and Ilarion.”  I would like to read more in the future.

We sincerely support the valuable activities of “Batumelebi” and hope that with a help of Mobile Library as many people as possible, especially young people, will enjoy reading.

დააკლიკე და შეავსე ცარიელი თაროები სოფლის ბიბლიოთეკებში

ან გადმორიცხეთ ჩვენს ანგარიშზე

სს “საქართველოს ბანკი”, ბანკის კოდი:BAGAGE22;
ანგარიშის ნომერი: 
GE88BG0000000103117598
ა(ა)იპ თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი 

24,8 ტონა დაავადებული კარტოფილი სარფიდან ექსპორტიორ ქვეყანაში გააბრუნეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, 24 800 კილოგრამი დაავადებული კარტოფილით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება იქნა შეჩერებული.

„ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს სპეციალისტების მიერ, მონიტორინგის გეგმის შესაბამისად, აღებული ნიმუშების ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ჯანმრთელობისთვის საშიში საკარანტინო მავნე ორგანიზმები გამოვლინდა. საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების თანახმად, აღნიშნული ტვირთი უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა.

საქონლის სიჯანსაღის კონტროლი, რომელიც ინთვალისწინებს მცენარეების, მცენარეული პროდუქტებისა და სხვა ფიტოსანიტარიული პარამეტრებით რეგულირებადი ობიექტების ინსპექტირებას, მკაცრ საბაჟო კონტროლს ექვემდებარება“ – აცხადებს შემოსავლების სამსახური

1 ჰექტარზე მოყვანილი მოცვით შემოსავალი 40 ათასი დოლარია – ახალგაზრდა მეურნე

26 წლის სანდრო სოსიაშვილი სოფლის მეურნეობის სპეციალისტია. კენკრის სანერგე მეურნეობის მართვა ამერიკის შეერთებულ შტატებში ისწავლა. მისი ძირითადი პრიორიტეტი ამ ეტაპზე ლურჯი მოცვის კულტურის გავრცელებაა საქართველოში, რასაც სპეციფიკური მოვლა, ნერგების თანამედროვე ტექნოლოგიით გამოყვანა სჭირდება.

აგრარული უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ერთი წელი გაცვლითი პროგრამით ისწავლა აშშ-ში. გარდა თეორიული კურსისა, პრაქტიკულად მართავდა ლურჯი მოცვის ბაღებს, ნარგავების მოვლა ევალებოდა, სარწყავი სისტემის ზედამხედველობა, კრეფისშემდგომი დაბინავება, ნაყოფის რეალიზაცია, ტემპერატურული რეჟიმების დაცვა და ა.შ.

ამერიკაში წასვლამდეც აქტიურად იყო ჩართული მოცვის სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობაში, რომ სოფლის მეურნეობით დაინტერესებულებისთვის ესწავლებინა, როგორ მიიღება მოცვის კარგი მოსავალი ახალი ტექნოლოგიების საშუალებით.

სანდრო კოოპერატივი „ქართული ნერგების“ დამფუძნებელი და თავმჯდომარეა. ამბობს, რომ აწარმოებენ საქართველოს კლიმატური პირობებისთვის შესაფერისი ლურჯი მოცვის 5 სხვადასხვა სახეობის ნერგს.

საერთაშორისო ბაზარზე, საქართველოშიც, მოცვზე მოთხოვნა მაღალია, პროდუქტის რაოდენობა კი მცირეა. მოცვი ფართოდ გამოიყენება გასტრონომიასა და ფარმაციაში, დიაბეტიანებისთვის საუკეთესო კენკრადაა მიჩნეული.

„ამჯერად ლაგოდეხში გვაქვს სანერგე მეურნეობა და გვსურს კონტეინერული სისტემით, ქოთნებშიც გავაკეთოთ პლანტაციები დაახლოებით 1 ჰექტარზე, რასაც გაზაფხულიდან ვგეგმავთ. გვაქვს ასევე 5 ჰექტარი სადემონსტრაციო ნაკვეთი სამტრედიაში“, – ამბობს მეურნე.

რა სარგებელს იძლევა მოცვის ბაღის კონტეინერებში გაშენება

როგორც სანდრო გვიხსნის, მოცვს მჟავე ნიადაგი უყვარს, როგორიც დასავლეთ საქართველოშია. მოცვის გაშენება რეკომენდებულია სწორედ დასავლეთში, სადაც ადრე ხარობდა ჩაის პლანტაციები. თუმცა, თუ ნიადაგი არ გვიწყობს ხელს მოცვის გასაშენებლად, შესაძლებელია კონტეინერული სისტემის გამოყენება: 80-ლიტრიან ქოთნებში ხელოვნური ნიადაგის ჩაყრა ანუ მჟავე ტორფი და მოცვის პლანტაციის გაშენება.

თუ ღია გრუნტის 1 ჰექტარ ნიადაგზე თავსდება 3 300 ძირი მოცვი, კონტეინერულ სისტემაში ერთ ჰექტარზე დაახლოებით 8 000 ძირი მოთავსდება. შესაბამისად, თუ ერთ ჰექტარს კონტეინერულ სისტემაში გავაშენებთ, ეს ნიშნავს, რომ რეალურად ორ ჰექტარ-ნახევარს ვაშენებთ.

მოცვის ფასი

როგორც სანერგე მეურნეობის თავმჯდომარე ამბობს, საქართველოში მოცვის რეალიზაცია არ ჭირს. საქართველოში მოცვის რამდენიმე მსხვილი ჩამბარებელია, რომლებსაც ექსპორტზე გააქვთ პროდუქტი.

მოსავლის კრეფის დაწყებიდან 2 კვირის განმავლობაში მოცვის ადგილზე ჩასაბარებელი ფასი 7, 8 დოლარია. შემდეგ უკვე 3, 4 დოლარამდე იკლებს.

1 ჰექტარზე რომ გააშენოს მეურნემ მოცვი, დანახარჯი დაახლოებით 80 ათასამდე ლარი ექნება, მაგრამ საშუალოდ 8, 10 ტონამდე მოსავალი მიიღება. კარგი მოსავლისას 10 ტონამდეც იღებენ. ყველაზე იაფად, 4 დოლარად რეალიზების შემთხვევაშიც 1 ჰექტარზე მოყვანილი მოცვით შემოსავალი 40 000-მდე დოლარია. ეს ახლა 120 ათას ლარს უდრის.

მოცვის სანერგე მეურნეობა ლაგოდეხში

მნიშვნელოვანია ისიც, რომ მოცვი მრავალწლოვანი კულტურაა და ერთხელ გაშენებული ბაღი 8, 12 წლის განმავლობაში მსხმოიარობს. სრულად მოცვი მესამე, მეოთხე წლიდან მსხმოიარობს. მესამე, მეოთხე წლიდან მოსავალი მნიშვნელოვან მოგებას ტოვებს.

1 ნერგიდან რომ 25 გამოგვყავს,  ინვიტრო ლაბორატორიით კი 1 ნერგისგან შეგვეძლება გამოვიყვანოთ დაახლოებით 10 და 20 ათასი ნერგი”

„სანერგე მეურნეობა იმისთვის შევქმენით, რომ მოცვის ნერგების ადგილობრივი წარმოება საქართველოში ჯერჯერობით არ გვაქვს. მოცვის ნერგი აქამდე პორტუგალიიდან შემოჰქონდათ, მაგრამ ჩვენი მიზანია უვირუსო მოცვის ნერგის წარმოება. ჩვენი სანერგეც უვირუსო ნერგების სანერგე იქნება. მოცვის უვირუსო ნერგები დიდი პრობლემაა საქართველოში.

მოცვის ნერგი მოწმდება დაახლოებით 173 ვირუსზე. საქართველოში ლაბორატორიულად მხოლოდ 5 ვირუსზეა ნერგის შემოწმება შესაძლებელი. როცა უცხოეთიდან მოგაქვს, ნერგს უნდა მოჰყვებოდეს სერტიფიცირების დასკვნები იქაური ფიტოსანიტარიის დეპარტამენტიდან იმის დასადასტურებლად, რომ ეს ნერგი არის უვირუსო.

ვირუსიანი ნერგი მოსავალს კი მოგცემთ, მაგრამ პირველ წელს პირობითად თუ ერთმა ძირმა უნდა მოგცეთ 2 კილოგრამი ნაყოფი, მოისხამს მხოლოდ 100 გრამს. ეს დანახარჯების რენტაბელური რაოდენობა არ იქნება, როცა დიდი ხარჯი გაქვთ გაწეული“, – ამბობს სანდრო სოსიაშვილი.

რას შეცვლის ნერგების ინვიტრო ლაბორატორია

სანდროს კოოპერატივმა გადაწყვიტა ინვიტრო ლაბორატორის აშენება, სადაც უჯრედულად გაამრავლებენ მცენარეებს. ამისთვის მათ უკვე აქვთ USAID-ის გრანტი სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტის ფარგლებში. ინვიტრო ლაბორატორიის საშუალებით 1 ნერგიდან შესაძლებელი იქნება 10, 20 ათასი ნერგის გამოყვანა:

„საქართველოში აღარ იქნება უახლოეს მომავალში მოცვის ნერგის პრობლემა. სანერგე მეურნეობას ჰყავს პარტნიორები ნიდერლანდებისა და აშშ-ს დეივისის უნივერსიტეტებში ექსპერტების სახით, რომლებიც მათ ინვიტრო ლაბორატორიის გამართვაში ეხმარებიან.

როცა ჩვენთან მოდიან ნერგების შესასყიდად, ვთავაზობთ სრულ სერვისს: ვარჩევინებთ მიწას, ვამართინებთ წვეთოვან სისტემას, ვაწვდით ნერგს, დარგვას, მთლიან ციკლს ვაკონტროლებთ მოსავლის მოყვანამდე, აღებამდე და რეალიზაციამდე. ვზედამხედველობთ ყველაფერს და ვცდილობთ ასე გავავრცელოთ ცოდნა მოცვის მოყვანაზე. ვეხმარებით სარეალიზაციო გზებისა და კონტაქტების ძიებაში ასევე.

მეურნეებთან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ ნაკვეთში ორჯერ ჩავდივართ: ყოველ რვა თვეში ვამოწმებთ, როგორ ვითარდება ნარგავები, წვეთოვანი სარწყავი სისტემა, როგორ მუშაობს და ა.შ.“ – ამბობს „ქართული ნერგების“ დამფუძნებელი.

მათი გამოყვანილი მოცვის ნერგის საშუალო ფასი, რომლის რეალიზაციაც გაზაფხულიდან დაიწყება, 8, 12 ლარი იქნება. არსებობს მოცვის 1, 2, 3 და მრავალწლიანი ნერგები.

როგორც სანდრო სოსიაშვილი გვეუბნება, სექტემბრიდან ამოქმედდება სახელმწიფო პროექტი „დანერგე მომავალი“, რომელიც მეურნეებს დაუფინანსებს ნერგების ღირებულების გარკვეულ პროცენტს და სარწყავ სისტემებს.

„ქართულ ნერგებში“ ფერმერს შეუძლია სახელმწიფო პროგრამით შეიძინოს ნერგები შეღავათიან ფასად მოცვის ბაღების გასაშენებლად.

როცა ავიცერი, შემდეგ სხვებსაც გაუჩნდათ სურვილი – 22 წლის მარნეულელი აქტივისტი

22 წლის რაშან ზიადალიევი მარნეულში ცხოვრობს და თანამოაზრეებთან ერთად აქტიურად არის ჩაბმული ანტივაქსერულ კამპანიაში. ახალგაზრდები ცდილობენ პანდემიის პერიოდში სწორი ინფორმაცია მიაწოდონ მოსახლეობას კორონავირუსის საწინააღმედგო ვაქცინებთან დაკავშირებით. ისინი ამ გზით ცდილობენ გაუმკლავდნენ მითებს ვაქცინის შესახებ.

„სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრი“ ორი წელია, რაც დაფუძნდა მარნეულში და პანდემიის პირველი დღიდანვე აქტიურად ვიყავით ჩართული მოსახლეობის ინფორმირებაში.

როგორც ვიცით, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი ვერ ფლობს სახელმწიფო ენას. საჭიროა დროულად მივაწოდოთ ამ ადამიანებს  სწორი ინფორმაცია, რომ აიცრან და დაიცვან რეგულაციები“, – ამბობს რაშან ზიადალიევი „ბათუმელებთან“.

რაშანი ამბობს, რომ  ახალგაზრდებმა შექმნეს მოხალისეების ჯგუფი, რომელიც უშუალოდაა ჩართული სხვადასხვა აქტივობაში. მათ შორის ეხმარებიან შეჭირვებულ ოჯახებს პანდემიაში.

„დიდი პრობლემა ქვემო ქართლის რეგიონში ის, რომ ძალიან გავრცელებულია მითები ვაქცინებთან დაკავშირებით. ძირითადად რუსულ წყაროებს ეცნობიან ადამიანები და ბევრს სჯერა, რომ აცრის შემდეგ ბევრი ადამიანი გარდაიცვალა.

რა თქმა უნდა, ეს არის დეზინფორმაცია და მოსახლეობას უნდა დავეხმაროთ სწორი, სანდო ინფორმაციის მიღებაში. ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია უშუალოდ მათთან საუბარიც.

დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი საუკეთესო გზა არის პირადი მაგალითი. მაგალითად, როცა მე ავიცერი, მეკითხებოდნენ – „რაშან როგორ გრძნობ თავს?“ როცა დაინახეს, რომ კარგად ვიყავი, სხვებსაც გაუჩნდათ სურვილი აცრილიყვნენ.

ძალიან მალე ვიწყებთ ახალ პროექტს, რომლის ფარგლებში დაგეგმილი გვაქვს ვიდეოების გადაღება ცნობილი ადამიანების მონაწილეობით, ვინც აიცრა.

გვინდა, რომ ნახონ ეს ვიდეოები და დარწმუნდნენ, რომ ვაქცინაცია არის უსაფრთხო. გვინდა კლინიკებში აცრის პროცესიც გადავიღოთ, რომ მეტი ნდობა გაჩნდეს ვაქცინაციის მიმართ“, – გვეუბნება რაშანი.

აქტივისტი ახალგაზრდები რადიოგადაცემებსაც გეგმავენ ვაქცინაციასთან დაკავშირებით. ფიქრობენ, რომ სოციალურ ქსელებში ადვილად ვრცელდება ყალბი ინფორმაცია და ამის საპიროსპიროდ ალტერნატიული წყაროებიც უნდა არსებობდეს, რომ ადამიანები არ იმსხვერპლოს დეზინფორმაციამ.

„ანტიდასავლური პროპაგანდაც აქტიურად მუშაობს. ამბობენ, რომ ვაქცინა ამერიკელებისაა და რომ მილიარდელები გახდნენ ვაქცინების გაყიდვით, რომ სპეციალურად შექმნეს ვირუსი და ასე შემდეგ. ძალიან დაბალი მაჩვენებელია ვაქცინაციის მარნეულში, ახალგაზრდებში ნაკლებად, მაგრამ ასაკოვნებში უფროა სკეპტიციზმი, ამიტომ ცნობიერების ამაღლების მიზნით ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენი, ახალგაზრდების აქტიურობა, ასევე კანდიდატების, ქალაქის მერის, საჯარო მოხელეების, ბისზნესმენების, რომ უფრო მეტი ნდობა გაჩნდეს ვაქცინების მიმართ და უფრო მეტად დაიცვან ადამიანებმა უსაფრთხოების წესები“, – გვეუბნება რაშანი.

რაც შეეხება რეგულაციებს, მისი თქმით, მოსახლეობა ტრანსპორტის შემთხვევაში უფრო იცავს წესებს, მაგალითად, უფრო მეტად ატარებენ ადამიანები პირბადეს, თუმცა საჯარო სივრცეებში რეგულაციებს ნაკლებად იცავენ.

„ტარდება ქორწილებიც და მასობრივი ღონისძიებებიც. რადგან საარჩევნო წელია ერიდებიან ჯარიმებს, თუმცა არც ამ ჯარიმების ეშინია უკვე მოსახლეობას, რადგან დავინახეთ, რომ წინა წელს დაწერილი ჯარიმები ყველას ჩამოაწერეს.

რაც შეეხება ანტივაქსერულ განწყობებს, სამედიცინო პერსონალში არ შემინიშნავს, როცა ავიცერი, ვნახე, რომ პოზიტიურად  იყო განგაწნყობილი ექიმი, პედაგოგებიც აქტიურად არიან ჩართული ვაქცინაციის კამპანიაში, თუმცა არის ცალკეული საწინააღმდეგო შემთხვევებიც“.

რაშანი ამბობს, რომ ცნობიერების გაზრდის მიზნით აპირებენ, ქალაქის ცენტრში ვაქცინაციის წამახალისებელი დიდი ბანერიც განათავსონ.

„პირდაპირ საუბარიც ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ დროს, თუმცა პანდემიის გამო კარდაკარ სიარულს მაინც ვერიდებით და ვცდილობთ დისტანციურად ვიაქტიუროთ“, – ამბობს რაშანი.

6 ქალი და 7 კაცი – “ევროპული საქართველოს” სია ბათუმის საკრებულოში

დღეს, 26 აგვისტოს, პარტია „ევროპულმა საქართველომ“ საზოგადოებას გააცნო იმ პირთა ვინაობა, ვინც პარტიის სახელით 2 ოქტომბერს დაგეგმილ თვითმმართველობის  არჩევნებში ბათუმის საკრებულოში მოსახვედრად იბრძოლებს. პარტიული სიის პრეზენტაცია ბათუმში გაიმართა და მას პარტიის პოლიტსაბჭოს მდივანი გიგი წერეთელი უძღვებოდა.

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, რომელზეც გაერთიანებული ოპოზიცია შეთანხმდა, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ექიმი ვახტანგ კალოიანი იქნება. ვახტანგ კალოიანი ასევე იქნება „ევროპული საქართველოს“ სიის პირველი ნომერი ბათუმში.

„ჩემთვის დიდი პატივია ვიყო მაჟორიტარობის კანდიდატი ძველი ბათუმი-რუსთაველის ოლქში და ვიყო ერთ-ერთი ყველაზე ევროპული და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი. ჩვენ არ გვჭირდება ცვლილებები ცვლილებებისთვის. ჩვენ გვჭირდება ცვლილება, რომლითაც სარგებელს ნახავს თითოეული ჩვენი მოქალაქე,“ – თქვა წარდგენისას ვახტანგ კალოიანმა.

„ევროპული საქართველოს“ პარტიული სია ბათუმის საკრებულოში ასე გამოიყურება:

1. ბადრი გორგაძე

2.ნონა რომანაძე

3.გიორგი ქამადაძე

4.ნინო ხარჩილავა

5.ვასო ჩხარტიშვილი

6.გიორგი ვაშაყმაძე

7.ნანა მიქელაძე

8.გიორგი ბეჟანიძე

9.მედეა გოგრაჭაძე

10.თამაზ გორგაძე

11.სალომე ხიმშიაშვილი

12.ზაირა დავითაძე

“ევროპული საქართველოს” კანდიდატების წარდგენას ესწრებოდა ბათუმის მერობის კანდიდატი გიორგი კირთაძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“.

ბათუმში 7 სამაჟორიტარო ოლქია. ყველა ოლქში გაერთიანებულ ოპოზიციას საერთო კანდიდატი ჰყავს. ესენი არიან:

  1. ვახტანგ კალოიანი, „ევროპული საქართველო“ – ძველი ბათუმის დასახლება
  2. ბექა დიასამიძე, „სტრატეგია აღმაშენებელი“ –  კახაბრის, სამრეწველო და აღმაშენებლის ერთეულები
  3. ნაზი ფუტკარაძე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ –  ჩაქვი, განთიადი, მწვანე კონცხი, ბარცხანა
  4. გენო თებიძე, „ლელო საქართველოსთვის“ – ხიმშიაშვილის დასახლება
  5. ნოდარ დუმბაძე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – ჭაობის დასახლება
  6. დიმიტრი დარჩია, „დროა – ელენე ხოშტარია“ – მანთაშევისა და ბონის დასახლება
  7. ნუგზარ ფუტკარაძე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – ადლია, ანგისის დასახლება

 

ჩემზე რომ იყოს, დღესვე დავიწყებდი მეჩეთის აშენებას – „გირჩის“ კანდიდატი ბათუმში 

დასავლეთ საქართველოს მუფთის ყოფილი მრჩეველი და აქტივისტი თემურ გორგაძე „გირჩი – მეტი თავისუფლებას“ სიის პირველი ნომერია ბათუმის საკრებულოში. რას გეგმავს თემურ გორგაძე გამარჯვების შემთხვევაში და როგორ ხედავს ქალაქის მომავალს. პროპორციულ სიაში ამ პარტიას ბათუმში 3 ადამიანი ჰყავს. მერობის კანდიდატი კი გიორგი ფუტკარაძეა. „ბათუმელები“ საკუთარი პლიტიკური გეგმების შესახებ ამჯერად ინტერვიუს გთავაზობთ თემურ გორგაძესთან.

  • ბატონო თემურ, თქვენ ბათუმში აქამდე გიცნობდნენ როგორც მუფთის მრჩეველს და აქტივისტს მეჩეთის მშენებლობის საკითხებში. ამ სფეროს ჩამოშორდით, თუ ისევ აპირებთ ამ მიმართულებით მუშაობას?

მარტო სასულიერო და პოლიტიკური არა, სხვა აქტივობებიც მქონდა. ვმუშაობდი არასამთავრობო ორგანიზაციებში, მქონდა ჩემი სატელევიზიო გადაცემაც. ერთადერთი, რაც შეიცვალა არის ის, რომ მუსლიმთა სამმართველოში აღარ ვმუშაობ. ახლა დამერქვა პოლიტიკოსი, თუმცა ჯერ კარგად ვერ ვირგებ ამ ამპლუას.

  • რადგან რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენელი იყავით, კონსერვატორული შეხედულებები უფრო უნდა გქონოდათ თითქოს, ყოველ შემთხვევაში, ასეთია სტერეოტიპული აღქმები. რატომ „გირჩი – მეტი თავისუფლება“, რა კონკრეტული თანხვედრა გაქვთ ამ პარტიასთან?

ის, რომ თუ რელიგიური ხარ, მაინც და მაინც კონსერვატორი უნდა იყო, არასწორია და არ მესმის ამის, რადგან მე ასეთი ვიყავი მაშინაც, როცა არ ვიყავი პარტიაში. სულ მჯეროდა იმის, რომ ადამიანი არის თავისუფალი არსება და, შესაბამისად, ყველაფერი, რასაც აკეთებს, არის მისი თავისუფალი ნებიდან გამომდინარე.

მე ვარ მუსლიმი, მაგრამ მე თუ რელიგიური გაგებით ცოდვას ჩავიდენ, ამის გამო ვერავინ დამსჯის. ამის სასჯელი არის იმქვეყნად და მე, როგორც რიგით ადამიანს, მგონია, რომ ამ ქვეყანაზე ცოდვის ჩადენის უფლებაც უნდა მქონდეს. ჩემთვის ეს არის თავისუფლება. როდესაც გაქვს იმის კეთების უფლება, რაც გინდა. ეს არის ჩემთვის თავისუფლება.

„გირჩამდეც“ მჯეროდა ამის, ჩემთან, ხულოში, მეძახდნენ  მეტსახელს – „არ შემეხო, არ შეგეხები“. ასე მჯერა მე ცხოვრებაში, რომ ერთმანეთის საქმეში არ უნდა ჩავერიოთ.

  • თქვენი სხვა რომელი ღირებულებებია „გირჩის“ ღირებულებებთან თანხვედრაში?

ზოგადად, „გირჩი“, რატომღაც მხოლოდ ნარკოპოლიტიკასთან ასოცირდება. მე მაინც ვიტყვი, რომ ერთადერთი პარტია ვართ საქართველოში, რომელიც ამბობს, რომ თავდაცვის ბიუჯეტი უნდა იყოს მშპ-ზე მიბმული, უნდა იყოს მშპ-ს მინიმუმ 5 პროცენტი, რაც დღევანდელი თავდაცვის ბიუჯეტს გააორმაგებდა.

ასევე, თუ სწორად მახსოვს, სადღაც საქართველოს უძრავ-მოძრავი აქტივების 67 პროცენტი სახელმწიფო საკუთრებაშია. ერთადერთი პარტიაა „გირჩი“, ვინც სწავლობს და საუბრობს ამ თემაზე და პროგრამაშიც გვაქვს გაწერილი. ეს სახელმწიფო აქტივები, რომელსაც სახელმწიფო კრუხივით აზის, შემდეგ კი 1 ლარად გადასცემენ საკუთარ საძმაკაცოს და სანათესაოს,  უნდა გახდეს პროტესტის საგანი.

  • საკრებულოში თუ შეხვალთ, რა იქნება თქვენი მთავარი საკითხები ქალაქთან, მის განვითარებასთან დაკავშირებით, იქნებ გვითხრათ ამაზე თქვენი აზრი, თუ როგორ ხედავთ ამ თემებს?

ვინც ამბობს, რომ საკრებულოში შევალ და ამას და იმას ვიზამო, ტყუილია და არ მჯერა ასეთი ხალხის.

  • აბა, რისთვის შედიხართ?

ბოლო თვეებია, რაც ჩემი საქმიანობის ძალიან დიდი ნაწილი მერიის ვებგვერდის შესწავლას დავუთმე. მაგალითად, 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი რომ უდევთ, იმავე ფაილში 4-5 ადგილზე წერია 2020-ში. ადამიანებმა, რომლებმაც ეს ბიუჯეტი გააკეთეს, არც წაიკითხეს, აიღეს წინა პროექტი, ჩააკოპირეს შიგნით რაღაც ციფრები და დაამტკიცეს.

მე თუ ვიქნები საკრებულოში, ყოველთვის წავიკითხავ ბიუჯეტს. შესწავლის დროს ვაკეთებდი შედარებას, თუ რამდენი ადამიანია სხვადასხვა ქალაქის მერიაში დასაქმებული. მაგალითად, ბათუმის მერიას 2622 ადამიანი ჰყავს დასაქმებული და ამდენ ადამიანს ვუხდით ხელფასს ბიუჯეტიდან, მაშინ, როცა თბილისის მერიაში 3 900-მდე პირია დასაქმებული.

ბათუმში 153 ათასი ადამიანი ვცხოვრობთ, ქუთაისში  – 147 ათასი. ჩვენ 2622 დასაქმებული გვყავს მერიაში, ქუთაისს კი – 340 დასაქმებული.

  • საკრებულოს დონეზე ამ პოლიტიკის შეცვლა შესაძლებელია?

ბუნებრივია. როდესაც ბიუჯეტი შემოვა საკრებულოში, მე ამ საკითხზე მექნება რეაგირება და ვიტყვი, რომ ეს იდიოტობაა. მერიაში „ოცნებას“ პარტიული აქტივი ჰყავს ჩაყრილი და ამათ ვუხდით ჩვენ ფულს. 2020 წლის ბიუჯეტი შემცირდა, დასაქმებულების რაოდენობა კი არა. 2021 წლის ბიუჯეტიც შემცირებულია, თუმცა დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა. მოიყვანეს აქტივისტები და დაასაქმეს, რომ არჩევნები მოიგონ.

როცა ბიუჯეტი დეტალურად წავიკითხე, სადღაც 30 მლნ-მდე ლარი იფლანგება, რომელიც შეიძლება ეფექტურად და ნორმალურად დახარჯო.

  • რა არის კიდევ ამ ქალაქში შესაცვლელი, როგორი უნდა იყოს მშენებლობების, ინფრასტრუქტურის პოლიტიკა, კულტურული მემკვიდრეობა, რეკრეაციული ზონები – რა პოზიცია გექნებათ ამ საკითხებზე?

პირველ რიგში, რეალური თვითმმართველობაა საჭირო. ჩვენ ხომ ვიცით, ვისი დანიშნულია დღევანდელი ბათუმის მერი? ეს ხომ არ არის თვითმმართველობა.

ასევე, ბათუმს თავისი ქონების განკარგვის უფლება რეალურად რომ არ აქვს, ესეც ხომ ვიცით? არ შეიძლება რეგიონში ფული იკრიბებოდეს, მიდიოდეს ცენტრალურ ბიუჯეტში და შემდეგ თბილისი წყვეტდეს, ვის რამდენი მოგვცეს ან მოგვცეს თუ არა საერთოდ. ესეც არ არის რეალური თვითმმართველობა. როგორც ხდება გერმანიაში, ამერიკაში, ასე უნდა იმართებოდეს თვითმმართველობა.

მაგალითად, ამერიკაში ადგილობრივი მოსახლეობა ირჩევს თავის შერიფებს, ჩვენთან კი შს მინისტრს ნიშნავს ბიძინა და შემდეგ ის ნიშნავს ბათუმის პოლიციის უფროსს. ეს არ არის თვითმმართველობა.

ის, რომ ქალაქში მიწების, ქონების გადაცემა ხდება ფეშქაშად პარტიულ შემწირველებზე, ესეც არასწორია. განაშენიანებას რაც შეეხება, ეს არ არის საკითხი, რაშიც მე კარგად ვერკვევი, მაგრამ ვხედავთ ერთ რამეს, რომ რეგულაციების დაცვას მოითხოვენ პატარა მშენებლობებისგან, მაგრამ მსხვილ მშენებლებს, რომლებიც „ოცნების“ შემწირველები არიან, სულ ფეხებზე ჰკიდიათ კანონი და რეგულაცია.

საერთოდ, როცა რამეს აშენებ, თუკი ვინმეს აზიანებს, იქნება ეს მეზობლები თუ იერსახე, ჩრდილი ადგება ვინმეს საცხოვრებელს თუ სხვა რაიმე ზიანი, ამაზე სასამართლომ უნდა იმსჯელოს.

როგორი სახლი უნდა ავაშენოთ და რა ფორმის, ვფიქრობ, ეს იმ კონკრეტულ უბანს უნდა შეუთანხმო და არა მერიას, რომელიც მხოლოდ ფულს აკეთებს ასეთი პროექტებისგან.

  • ბულვარზე, რეკრეაციულ ზონებზე რას ფიქრობთ? 

ჩემი აზრით, პრობლემა არის იმაში, როცა ჩვენს საერთო საკუთრებას აძლევენ თავიანთ მხარდამჭერებს და მეგობრებს ფეშქაშად. მაშინ უნდა გავაპროტესტოთ, როცა ეს ხდება. თუ ვიღაც კეთილსინდისიერი მყიდველია, რას ააშენებს კერძო საკუთრებაში, ამის კონტროლის მომხრე არ ვარ.

რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, ამ ქალაქში მეტ-ნაკლებად მოწესრიგებულია, თუმცა არის ადგილები, სადაც მოსაწესრიგებელია. მაგალითად, ბარცხანის დასახლებისკენ ყველაფერი გადათხრილია, ქალაქის შემოსასვლელში ორი ხიდი გვაქვს და ორივე გადაკეტილია, რის გამო საცობებია ტურისტულ სეზონზე და გადაჭედილია გზები.

  • მეჩეთის მშენებლობაზე მინდა გკითხოთ. როგორც ვიცით, ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ნებართვის გაცემაზე მერია უარს ეუბნება მუსლიმებს. საკრებულოში ყოფნის შემთხვევაში რა შეგიძლიათ ამ პროცესს შესძინოთ?

სავარაუდოდ, ვერაფერს შეცვლის ერთი თემურ გორგაძე საკრებულოში ამ მიმართულებით, მაგრამ მე რაც შემიძლია და რასაც აქამდე ვაკეთებდი, იმას გავაკეთებ. შემიძლია საჯაროდ, ხმამაღლა ვილაპარაკო ამ საკითხზე სხდომებზე.

ამ ქვეყანაში მეჩეთის მშენებლობა პოლიტიკური საკითხია, რადგან ყველა ხელისუფლება, ყველა პოლიტიკური პარტია, არამარტო ახლანდელი, ცდილობს რაღაცნაირად დომინანტ რელიგიურ ჯგუფს ეკეკლუცოს, რომ მისგან ხმები წამოიღოს. სანამ დომინანტი ჯგუფის მოსყიდვა რელიგიური უმცირესობის დაჩაგვრის ხარჯზე ხდება, ეს საკითხი არ მოგვარდება.

მე შემიძლია საჯაროდ, სხდომებზე, მედიაში, ვიყვირო. ბოლომდე გულწრფელი რომ ვიყო გეტყვით, რომ მომხრე ვიყავი და ახლაც ვარ იმის, რომ საინიციატივო ჯგუფმა ახალი მეჩეთის მშენებლობა ახლავე დაიწყოს და ფეხზე დავიკიდოთ მერიაც და მაგათი პროექტიც.

  • ეს ხომ კანონის წინააღმდეგ მოქმედებას ნიშნავს?

სად არის კანონი და სამართალი? ჩვენ ხომ ფორმალურად ყველა ეტაპი გავიარეთ, სამი წელი ხომ მარტო სასამართლოს ველოდეთ, სასამართლოც ხომ მოვიგეთ, მეტი რა შეგვიძლია ვქნათ. კანონის და სამართლის წინააღმდეგ იმ მეჩეთის ტერიტორიაზე 9 ეკლესიაა აშენებული, მათ შორის ნაწილი სახელმწიფო საკუთრებაზეა, იმათ კანონი არ ეხება?

რადგან ამ საკითხში არ გვაქვს სახელმწიფო, არ გვაქვს სასამართლო, ისე უნდა მოვიქცეთ, როგორც სახელმწიფო გვექცევა. სხვა გამოსავალი მითხარით მაშინ. ჩვენ სამართალი არ გვაქვს.

ჩოლოქში ადამიანმა სამი ინსტანციის სასამართლო მოიგო და იუსტიციის სახლი მაინც არ ურეგისტრირებს მიწას. მეჩეთთან მიმართებაშიც ეგ არის საკითხი, რომ სასამართლო არ გვაქვს, არც სახელმწიფო არ გვაქვს და ჩემი ნება რომ იყოს, ხვალვე დავიწყებდი მეჩეთის მშენებლობას.

  • თუ ყველაფერი პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული, მაშინ რა აზრი აქვს საკრებულოში თქვენს ყოფნას, რატომ უნდა მოგცეთ ხმა ამომრჩეველმა?

ყველაფერი პოლიტიკური ნებაა მეჩეთთან მიმართებაში. ამომრჩეველს კი ვეუბნები, რომ თუ საკრებულოში მოვხვდები, ყველა ამ არასწორ ნაბიჯზე, ბიუჯეტის არასწორ  ხარჯვაზე, პარტიულ და ნეპოტისტურ დასაქმებებზე და მსგავს საკითხებზე მექნება მკვეთრი და მწვავე პოზიცია. შევეცდები, მაქსიმალურად ნაკლები ამოვიღოთ ადამიანებისგან და მეტი ფული დავუტოვოთ მოქალაქეებს. გავაკონტროლოთ ბიუჯეტის ხარჯვა.

დღეს ვაქცინაცია აჭარის სოფლებშიც დაიწყო – ჯანდაცვის სამინისტრო

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 26 აგვისტოდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მაღალმთიანი აჭარის სოფლებშიც იქნება შესაძლებელი.

„ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების სოფლებში ამცრელი ბრიგადები თემის საექიმო ამბულატორიებში ვაქცინაციას სისტემატურად ჩაატარებენ.

გასვლითი ბრიგადების ვიზიტების მიზანია იმუნიზაციის გეოგრაფიული არეალის გაზრდა და მაქსიმალური მოცვა, ასევე მოწყვლადი ჯგუფებისთვის სერვისის ხელმისაწვდომობა“, – აცხადებს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში „ბათუმელებმა“ დააზუსტა, ამცრელი ბრიგადები ეტაპობრივად გადაინაცვლებენ სოფლებსა და თემებში. „ამის შესახებ მოსახლეობა წინასწარ იქნება ინფორმირებული და ყველა მსურველი აიცრება“, – გვითხრეს ჯანდაცვაში.

მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება სურვილის მიხედვით აიცრას „სინოფარმის“, „სინოვაკისა“ და „ფაიზერის“ ვაქცინით.

სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, 26 აგვისტოს, ვაქცინაცია ხიხაძირის თემში ჩატარდა. ამ დროისთვის აჭარაში სულ 127 850 ვაქცინაა გამოყენებული, მათგან 37 727 ორი დოზითაა აცრილი.

სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აჭარაში 354 905 ადამიანი ცხოვრობს.

დელტა შტამი მეტი აგრესიულობით ხასიათდება, განსაკუთრებით ორსულებში – მინისტრის მოადგილე

„ზოგადად, დელტა შტამი უფრო სწრაფად ვრცელდება ორსულებში იმუნური სტატუსიდან გამომდინარე და ასევე შედარებით მძიმე მიმდინარეობა შესაძლოა გამოიწვიოს ორსულებში,” – განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისივე თქმით, სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია პრევენციული ზომების გატარება და თუ ორსული დაინფიცირდა, ძალიან სწრაფად მოხდეს შესაბამისი რეაგირება.

„უფრო ეს უკავშირდება იმ ბიოლოგიურ მახასიათებლებს, რაც, ზოგადად, ორსულობის პერიოდში ორგანიზმს აქვს და ამ შტამის ქცევას. საბედნიეროდ, პირველი ტალღის პერიოდში და ეს ორიგინალური, საწყისი შტამი რაც იყო კორონავირუსის, მსგავსი ტიპის რეაქციებს არ იწვევდა და მინიმალური იყო ორსულების ინფიცირების შემთხვევები. ასევე გარდაცვალებაც. თუმცა ამ შემთხვევაში დელტა შტამი მეტი აგრესიულობით ხასიათდება, განსაკუთრებით ორსულებთან მიმართებაში,” – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მინისტრის მოადგილის  განცხადებით, ზუსტი მონაცემი რამდენი ორსული გარდაიცვალა, ჯერ არ აქვთ.

„ორსულების გარდაცვალების აუდიტს ატარებს დაავადებათა კონტროლის ცენტრი იმისთვის, რომ ეს სტატისტიკური მონაცემი გვქონდეს,” – განმარტა გაბუნიამ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტებით, შეიქმნება ახალი სერვისი ორსულთათვის, კერძოდ, საინფორმაციო ცხელ ხაზზე: 1522 დაემატება მეან-გინეკოლოგების  მომსახურება.

„ორსულებში დელტა შტამი ნამდვილად უფრო დიდი რისკის მატარებელია, ვიდრე სხვა პირებში. ამდენად ორსულებისთვის პირველ რიგში უაღრესად მნიშვნელოვანია პრევენცია, აცრა. ფაიზერით აცრა შესაძლებელია და მიმდინარეობს. ასევე სოციალური დისტანციის დაცვა და პირბადის გამოყენება. ახლა რაც შეეხება სამედიცინო სერვისის მიწოდების ნაწილს. ორსულებისთვის სპეციალური კონსულტაციის გაწევისთვის 1522-ს მიმდინარე დღეებში დაემატება მეან-გინეკოლოგების სერვისი. მათ ტრენინგი  ჩაუტარდათ. ისინი ოჯახის ექიმებთან ერთად გასცემენ რეკომენდაციებს. საუბარია მსუბუქ ორსულებზე, რომლებიც იმყოფებიან ბინაზე.

ბინაზე მყოფი პირებისთვის ჩვენ ისედაც ვახორციელებთ ლაბორატორიულ გამოკვლევებს, ამ პროგრამაში ჩაერთვება მეორე-მესამე დონის პენინატალური დაწესებულებები, ამბულატორიული სპეციალიზებული სერვისისთვის, რათა ორსული, რომელიც საჭიროებს მეთვალყურეობას კოვიდინფექციის გამო, მივიდეს არა სტანდარტულ საავადმყოფოში, არამედ მივიდეს სპეციალიზებულ კლინიკაში და მიიღოს სპეციალისტის მომსახურება ადგილზე. ძალიან მოკლე ხანში ეს კომპონენტი ამოქმედდება.

მობილიზებულია ჰოსპიტალური საწოლები ორსულებისთვის. ოდნავ მაინც, თუ ამისი საჭიროება არსებობს, ჩვენ არ უნდა დაველოდოთ მდგომარეობის დამძიმებას და ორსული უნდა იყოს სამედიცინო დაკვირვების ქვეშ. ამ კუთხით რაიმე დეფიციტი არ არის. ორსულს თუ სჭირდება ჰოსპიტალური მართვა, ის ჰოსპიტალში მოხვდება. დაახლოებით 120 საწოლია მობილიზებული თბილისში, 50 საწოლია ქუთაისში, სხვა რეგიონებშიც არის შესაძლებლობა ორსულს ჰოსპიტალური მეთვალყურეობა გაეწიოს,” – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

„კაცი ჩამოვიდა მოსკოვიდან“ – რა პრეტენზიები აქვს ღარიბაშვილს გახარიასთან

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს სამეგრელოში ყოფინისას ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. ღარიბაშვილმა ექსპრემიერ გიორგი გახარიას ისევ „სახელმწიფოს და გუნდის მოღალატე“ უწოდა.

„კაცი იყო ჯერ ბიზნესომბუდსმენი. დავიწყოთ იმიდან, რომ 2012 წელს მას არანაირი მონაწილეობა არ მიუღია. ჩამოვიდა მოსკოვიდან, შემდეგ ერთ-ერთი ადამიანის რეკომენდაციით მოხვდა მთავრობაში, დაინიშნა ბიზნესომბუდსმენად, შემდეგ გახდა ეკონომიკის მინისტრი, შემდეგ – შინაგან საქმეთა მინისტრი, შემდეგ – პრემიერ-მინისტრი. მთელი გუნდი და პარტიის დამფუძნებელი, ბატონი ბიძინა ივანიშვილი სრულ ნდობას უცხადებდა ამ ადამიანს. ისე, როგორც მთელი გუნდი იმიტომ, რომ ძალიან ბევრი შეცდომა იქნა დაშვებული მისი მართველობის დროს, ძალიან მძიმე შედეგებით დასრულდა…

ძალიან ბევრი თუნდაც იმ კლუბების წარუმატებელი ოპერაცია, შემდეგ პანკისის წარუმატებელი ოპერაცია, შემდეგ გავრილოვის ღამის მართვა და ასე შედეგ… რაშიც „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან მაღალი პოლიტიკური ფასი გადაიხადა და ეს ყველაფერი მოხდა ჩვენს ხარჯზე და ჩვენი მოქალაქეების ხარჯზე.

ამის შემდეგ მთელი გუნდი მას გადაეფარა, შეინარჩუნა, გვერდში დაუდგა, პანდემიის დროს მთელი მთავრობა ჩართული იყო მაქსიმალურად და მას ვაძლიერებდით მთელი საპარლამენტო გუნდი და მთელი პარტია და ერთ-ერთი კრიტიკული დრო როცა დადგა ჩვენს ქვეყანაში და ჩვენი გუნდის ფარგლებში, მან, პირდაპირ უნდა ითქვას, რომ და ამას სახელი დაარქვა პარტიის დამფუძნებელმა, მან ღალატი ჩაიდინა სახელმწიფოს და ჩვენი გუნდის წინაშე“.

“რაა საშიში, მე მიკვირს“ – 100 წლის ქალი ვაქცინაციაზე, რომელიც დღეს კოვიდზე აიცრა

დღეს ბათუმში 100 წლის ზექიე დოლიძე აიცრა. როგორც თავად ამბობს, 100 წელი 17 მაისს შეუსრულდა. ზექიემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ აცრის გადაწყვეტილება თავად მიიღო.

„ზოგმა მითხრა არ უნდა, ზოგმა მითხრა – უნდა, გაიკეთე. მე ჩემი სურვილით მოვედი. იკეთებს [ვაქცინას] ხალხი და მეც გავიკეთებ, ცუდი რაა ამაში. მოქალაქეებს ვურჩევ გაიკეთონ ვაქცინა. აიცრან და დაცული იქნებიან. იკეთებს ხალხი. რატომ ეშინიათ? რაა საშიში, მე მიკვირს,“ – გვითხრა ზექიე დოლიძემ.

ზექიეს ოჯახის ექიმის, ნანა მიქელაძის თქმით, 100 წლის ქალი აცრას დიდი ხანი გეგმავდა.

„მე ვარ მისი ოჯახის ექიმი. მითხრა: „ნანა, ვაქცინის გაკეთება მინდაო. საჭიროა, ჯანმრთელი რომ ვიყო და გავიკეთებო.

მე ვუთხარი, ჩვენ გვყავს ბრიგადა, რომელიც სამინისტრომ შექმნა. სახლშიც აკითხავენ ასაკოვან ან შეზღუდული უნარების მქონე პაციენტებს-მეთქი. ვაპირებდი დამერეგისტრირებინა და გამეშვა ამცრელი ბრიგადა, მაგრამ მომასწრო და თავად მოვიდა აცრის გასაკეთებლად,“ – ამბობს ნანა მიქელაძე.

100 წლის ზექიე დოლიძე ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტში მივიდა ასაცრელად. აქ ვაქცინაცია რეგისტრაციის გარეშე ტარდება ყველა ვაქცინით, რომელიც საქართველოშია, გარდა „ასტრაზენაკასი“.

ზექიე ამბობს, რომ ყველა მოქალაქე ვალდებულია აიცრას და ასე შეიტანოს თავისი წვლილი პანდემიის დამარცხებაში.

აჭარაში კორონავირუსის 494 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 26 აგვისტო

26 აგვისტოს დილის მდგომარეობით აჭარაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 494 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ამ დროისთვის აჭარის კლინიკებში 1 024 ინფიცირებული მკურნალობს, აქედან 163 მძიმე პაციენტია. 34 პაციენტი კი მართვით სუნთქვაზეა.

კოვიდსასტუმროში მოთავსებულია 1 270 პაციენტი.

ამ დროისთვის აჭარაში 7 790 პირია თვითიზოლაციაში.

დადასტურდა კორონავირუსის 4 128 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 79 ადამიანი

Exit mobile version