მთავარი,სიახლეები

1 ჰექტარზე მოყვანილი მოცვით შემოსავალი 40 ათასი დოლარია – ახალგაზრდა მეურნე

26.08.2021 • 22683
1 ჰექტარზე მოყვანილი მოცვით შემოსავალი 40 ათასი დოლარია – ახალგაზრდა მეურნე

26 წლის სანდრო სოსიაშვილი სოფლის მეურნეობის სპეციალისტია. კენკრის სანერგე მეურნეობის მართვა ამერიკის შეერთებულ შტატებში ისწავლა. მისი ძირითადი პრიორიტეტი ამ ეტაპზე ლურჯი მოცვის კულტურის გავრცელებაა საქართველოში, რასაც სპეციფიკური მოვლა, ნერგების თანამედროვე ტექნოლოგიით გამოყვანა სჭირდება.

აგრარული უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ერთი წელი გაცვლითი პროგრამით ისწავლა აშშ-ში. გარდა თეორიული კურსისა, პრაქტიკულად მართავდა ლურჯი მოცვის ბაღებს, ნარგავების მოვლა ევალებოდა, სარწყავი სისტემის ზედამხედველობა, კრეფისშემდგომი დაბინავება, ნაყოფის რეალიზაცია, ტემპერატურული რეჟიმების დაცვა და ა.შ.

ამერიკაში წასვლამდეც აქტიურად იყო ჩართული მოცვის სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობაში, რომ სოფლის მეურნეობით დაინტერესებულებისთვის ესწავლებინა, როგორ მიიღება მოცვის კარგი მოსავალი ახალი ტექნოლოგიების საშუალებით.

სანდრო კოოპერატივი „ქართული ნერგების“ დამფუძნებელი და თავმჯდომარეა. ამბობს, რომ აწარმოებენ საქართველოს კლიმატური პირობებისთვის შესაფერისი ლურჯი მოცვის 5 სხვადასხვა სახეობის ნერგს.

საერთაშორისო ბაზარზე, საქართველოშიც, მოცვზე მოთხოვნა მაღალია, პროდუქტის რაოდენობა კი მცირეა. მოცვი ფართოდ გამოიყენება გასტრონომიასა და ფარმაციაში, დიაბეტიანებისთვის საუკეთესო კენკრადაა მიჩნეული.

„ამჯერად ლაგოდეხში გვაქვს სანერგე მეურნეობა და გვსურს კონტეინერული სისტემით, ქოთნებშიც გავაკეთოთ პლანტაციები დაახლოებით 1 ჰექტარზე, რასაც გაზაფხულიდან ვგეგმავთ. გვაქვს ასევე 5 ჰექტარი სადემონსტრაციო ნაკვეთი სამტრედიაში“, – ამბობს მეურნე.

რა სარგებელს იძლევა მოცვის ბაღის კონტეინერებში გაშენება

როგორც სანდრო გვიხსნის, მოცვს მჟავე ნიადაგი უყვარს, როგორიც დასავლეთ საქართველოშია. მოცვის გაშენება რეკომენდებულია სწორედ დასავლეთში, სადაც ადრე ხარობდა ჩაის პლანტაციები. თუმცა, თუ ნიადაგი არ გვიწყობს ხელს მოცვის გასაშენებლად, შესაძლებელია კონტეინერული სისტემის გამოყენება: 80-ლიტრიან ქოთნებში ხელოვნური ნიადაგის ჩაყრა ანუ მჟავე ტორფი და მოცვის პლანტაციის გაშენება.

თუ ღია გრუნტის 1 ჰექტარ ნიადაგზე თავსდება 3 300 ძირი მოცვი, კონტეინერულ სისტემაში ერთ ჰექტარზე დაახლოებით 8 000 ძირი მოთავსდება. შესაბამისად, თუ ერთ ჰექტარს კონტეინერულ სისტემაში გავაშენებთ, ეს ნიშნავს, რომ რეალურად ორ ჰექტარ-ნახევარს ვაშენებთ.

მოცვის ფასი

როგორც სანერგე მეურნეობის თავმჯდომარე ამბობს, საქართველოში მოცვის რეალიზაცია არ ჭირს. საქართველოში მოცვის რამდენიმე მსხვილი ჩამბარებელია, რომლებსაც ექსპორტზე გააქვთ პროდუქტი.

მოსავლის კრეფის დაწყებიდან 2 კვირის განმავლობაში მოცვის ადგილზე ჩასაბარებელი ფასი 7, 8 დოლარია. შემდეგ უკვე 3, 4 დოლარამდე იკლებს.

1 ჰექტარზე რომ გააშენოს მეურნემ მოცვი, დანახარჯი დაახლოებით 80 ათასამდე ლარი ექნება, მაგრამ საშუალოდ 8, 10 ტონამდე მოსავალი მიიღება. კარგი მოსავლისას 10 ტონამდეც იღებენ. ყველაზე იაფად, 4 დოლარად რეალიზების შემთხვევაშიც 1 ჰექტარზე მოყვანილი მოცვით შემოსავალი 40 000-მდე დოლარია. ეს ახლა 120 ათას ლარს უდრის.

მოცვის სანერგე მეურნეობა ლაგოდეხში

მნიშვნელოვანია ისიც, რომ მოცვი მრავალწლოვანი კულტურაა და ერთხელ გაშენებული ბაღი 8, 12 წლის განმავლობაში მსხმოიარობს. სრულად მოცვი მესამე, მეოთხე წლიდან მსხმოიარობს. მესამე, მეოთხე წლიდან მოსავალი მნიშვნელოვან მოგებას ტოვებს.

1 ნერგიდან რომ 25 გამოგვყავს,  ინვიტრო ლაბორატორიით კი 1 ნერგისგან შეგვეძლება გამოვიყვანოთ დაახლოებით 10 და 20 ათასი ნერგი”

„სანერგე მეურნეობა იმისთვის შევქმენით, რომ მოცვის ნერგების ადგილობრივი წარმოება საქართველოში ჯერჯერობით არ გვაქვს. მოცვის ნერგი აქამდე პორტუგალიიდან შემოჰქონდათ, მაგრამ ჩვენი მიზანია უვირუსო მოცვის ნერგის წარმოება. ჩვენი სანერგეც უვირუსო ნერგების სანერგე იქნება. მოცვის უვირუსო ნერგები დიდი პრობლემაა საქართველოში.

მოცვის ნერგი მოწმდება დაახლოებით 173 ვირუსზე. საქართველოში ლაბორატორიულად მხოლოდ 5 ვირუსზეა ნერგის შემოწმება შესაძლებელი. როცა უცხოეთიდან მოგაქვს, ნერგს უნდა მოჰყვებოდეს სერტიფიცირების დასკვნები იქაური ფიტოსანიტარიის დეპარტამენტიდან იმის დასადასტურებლად, რომ ეს ნერგი არის უვირუსო.

ვირუსიანი ნერგი მოსავალს კი მოგცემთ, მაგრამ პირველ წელს პირობითად თუ ერთმა ძირმა უნდა მოგცეთ 2 კილოგრამი ნაყოფი, მოისხამს მხოლოდ 100 გრამს. ეს დანახარჯების რენტაბელური რაოდენობა არ იქნება, როცა დიდი ხარჯი გაქვთ გაწეული“, – ამბობს სანდრო სოსიაშვილი.

რას შეცვლის ნერგების ინვიტრო ლაბორატორია

სანდროს კოოპერატივმა გადაწყვიტა ინვიტრო ლაბორატორის აშენება, სადაც უჯრედულად გაამრავლებენ მცენარეებს. ამისთვის მათ უკვე აქვთ USAID-ის გრანტი სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტის ფარგლებში. ინვიტრო ლაბორატორიის საშუალებით 1 ნერგიდან შესაძლებელი იქნება 10, 20 ათასი ნერგის გამოყვანა:

„საქართველოში აღარ იქნება უახლოეს მომავალში მოცვის ნერგის პრობლემა. სანერგე მეურნეობას ჰყავს პარტნიორები ნიდერლანდებისა და აშშ-ს დეივისის უნივერსიტეტებში ექსპერტების სახით, რომლებიც მათ ინვიტრო ლაბორატორიის გამართვაში ეხმარებიან.

როცა ჩვენთან მოდიან ნერგების შესასყიდად, ვთავაზობთ სრულ სერვისს: ვარჩევინებთ მიწას, ვამართინებთ წვეთოვან სისტემას, ვაწვდით ნერგს, დარგვას, მთლიან ციკლს ვაკონტროლებთ მოსავლის მოყვანამდე, აღებამდე და რეალიზაციამდე. ვზედამხედველობთ ყველაფერს და ვცდილობთ ასე გავავრცელოთ ცოდნა მოცვის მოყვანაზე. ვეხმარებით სარეალიზაციო გზებისა და კონტაქტების ძიებაში ასევე.

მეურნეებთან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ ნაკვეთში ორჯერ ჩავდივართ: ყოველ რვა თვეში ვამოწმებთ, როგორ ვითარდება ნარგავები, წვეთოვანი სარწყავი სისტემა, როგორ მუშაობს და ა.შ.“ – ამბობს „ქართული ნერგების“ დამფუძნებელი.

მათი გამოყვანილი მოცვის ნერგის საშუალო ფასი, რომლის რეალიზაციაც გაზაფხულიდან დაიწყება, 8, 12 ლარი იქნება. არსებობს მოცვის 1, 2, 3 და მრავალწლიანი ნერგები.

როგორც სანდრო სოსიაშვილი გვეუბნება, სექტემბრიდან ამოქმედდება სახელმწიფო პროექტი „დანერგე მომავალი“, რომელიც მეურნეებს დაუფინანსებს ნერგების ღირებულების გარკვეულ პროცენტს და სარწყავ სისტემებს.

„ქართულ ნერგებში“ ფერმერს შეუძლია სახელმწიფო პროგრამით შეიძინოს ნერგები შეღავათიან ფასად მოცვის ბაღების გასაშენებლად.

გადაბეჭდვის წესი