მთავარი,სიახლეები

ჩემზე რომ იყოს, დღესვე დავიწყებდი მეჩეთის აშენებას – „გირჩის“ კანდიდატი ბათუმში 

26.08.2021 • 5264
ჩემზე რომ იყოს, დღესვე დავიწყებდი მეჩეთის აშენებას – „გირჩის“ კანდიდატი ბათუმში 

დასავლეთ საქართველოს მუფთის ყოფილი მრჩეველი და აქტივისტი თემურ გორგაძე „გირჩი – მეტი თავისუფლებას“ სიის პირველი ნომერია ბათუმის საკრებულოში. რას გეგმავს თემურ გორგაძე გამარჯვების შემთხვევაში და როგორ ხედავს ქალაქის მომავალს. პროპორციულ სიაში ამ პარტიას ბათუმში 3 ადამიანი ჰყავს. მერობის კანდიდატი კი გიორგი ფუტკარაძეა. „ბათუმელები“ საკუთარი პლიტიკური გეგმების შესახებ ამჯერად ინტერვიუს გთავაზობთ თემურ გორგაძესთან.

  • ბატონო თემურ, თქვენ ბათუმში აქამდე გიცნობდნენ როგორც მუფთის მრჩეველს და აქტივისტს მეჩეთის მშენებლობის საკითხებში. ამ სფეროს ჩამოშორდით, თუ ისევ აპირებთ ამ მიმართულებით მუშაობას?

მარტო სასულიერო და პოლიტიკური არა, სხვა აქტივობებიც მქონდა. ვმუშაობდი არასამთავრობო ორგანიზაციებში, მქონდა ჩემი სატელევიზიო გადაცემაც. ერთადერთი, რაც შეიცვალა არის ის, რომ მუსლიმთა სამმართველოში აღარ ვმუშაობ. ახლა დამერქვა პოლიტიკოსი, თუმცა ჯერ კარგად ვერ ვირგებ ამ ამპლუას.

  • რადგან რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენელი იყავით, კონსერვატორული შეხედულებები უფრო უნდა გქონოდათ თითქოს, ყოველ შემთხვევაში, ასეთია სტერეოტიპული აღქმები. რატომ „გირჩი – მეტი თავისუფლება“, რა კონკრეტული თანხვედრა გაქვთ ამ პარტიასთან?

ის, რომ თუ რელიგიური ხარ, მაინც და მაინც კონსერვატორი უნდა იყო, არასწორია და არ მესმის ამის, რადგან მე ასეთი ვიყავი მაშინაც, როცა არ ვიყავი პარტიაში. სულ მჯეროდა იმის, რომ ადამიანი არის თავისუფალი არსება და, შესაბამისად, ყველაფერი, რასაც აკეთებს, არის მისი თავისუფალი ნებიდან გამომდინარე.

მე ვარ მუსლიმი, მაგრამ მე თუ რელიგიური გაგებით ცოდვას ჩავიდენ, ამის გამო ვერავინ დამსჯის. ამის სასჯელი არის იმქვეყნად და მე, როგორც რიგით ადამიანს, მგონია, რომ ამ ქვეყანაზე ცოდვის ჩადენის უფლებაც უნდა მქონდეს. ჩემთვის ეს არის თავისუფლება. როდესაც გაქვს იმის კეთების უფლება, რაც გინდა. ეს არის ჩემთვის თავისუფლება.

„გირჩამდეც“ მჯეროდა ამის, ჩემთან, ხულოში, მეძახდნენ  მეტსახელს – „არ შემეხო, არ შეგეხები“. ასე მჯერა მე ცხოვრებაში, რომ ერთმანეთის საქმეში არ უნდა ჩავერიოთ.

  • თქვენი სხვა რომელი ღირებულებებია „გირჩის“ ღირებულებებთან თანხვედრაში?

ზოგადად, „გირჩი“, რატომღაც მხოლოდ ნარკოპოლიტიკასთან ასოცირდება. მე მაინც ვიტყვი, რომ ერთადერთი პარტია ვართ საქართველოში, რომელიც ამბობს, რომ თავდაცვის ბიუჯეტი უნდა იყოს მშპ-ზე მიბმული, უნდა იყოს მშპ-ს მინიმუმ 5 პროცენტი, რაც დღევანდელი თავდაცვის ბიუჯეტს გააორმაგებდა.

ასევე, თუ სწორად მახსოვს, სადღაც საქართველოს უძრავ-მოძრავი აქტივების 67 პროცენტი სახელმწიფო საკუთრებაშია. ერთადერთი პარტიაა „გირჩი“, ვინც სწავლობს და საუბრობს ამ თემაზე და პროგრამაშიც გვაქვს გაწერილი. ეს სახელმწიფო აქტივები, რომელსაც სახელმწიფო კრუხივით აზის, შემდეგ კი 1 ლარად გადასცემენ საკუთარ საძმაკაცოს და სანათესაოს,  უნდა გახდეს პროტესტის საგანი.

  • საკრებულოში თუ შეხვალთ, რა იქნება თქვენი მთავარი საკითხები ქალაქთან, მის განვითარებასთან დაკავშირებით, იქნებ გვითხრათ ამაზე თქვენი აზრი, თუ როგორ ხედავთ ამ თემებს?

ვინც ამბობს, რომ საკრებულოში შევალ და ამას და იმას ვიზამო, ტყუილია და არ მჯერა ასეთი ხალხის.

  • აბა, რისთვის შედიხართ?

ბოლო თვეებია, რაც ჩემი საქმიანობის ძალიან დიდი ნაწილი მერიის ვებგვერდის შესწავლას დავუთმე. მაგალითად, 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი რომ უდევთ, იმავე ფაილში 4-5 ადგილზე წერია 2020-ში. ადამიანებმა, რომლებმაც ეს ბიუჯეტი გააკეთეს, არც წაიკითხეს, აიღეს წინა პროექტი, ჩააკოპირეს შიგნით რაღაც ციფრები და დაამტკიცეს.

მე თუ ვიქნები საკრებულოში, ყოველთვის წავიკითხავ ბიუჯეტს. შესწავლის დროს ვაკეთებდი შედარებას, თუ რამდენი ადამიანია სხვადასხვა ქალაქის მერიაში დასაქმებული. მაგალითად, ბათუმის მერიას 2622 ადამიანი ჰყავს დასაქმებული და ამდენ ადამიანს ვუხდით ხელფასს ბიუჯეტიდან, მაშინ, როცა თბილისის მერიაში 3 900-მდე პირია დასაქმებული.

ბათუმში 153 ათასი ადამიანი ვცხოვრობთ, ქუთაისში  – 147 ათასი. ჩვენ 2622 დასაქმებული გვყავს მერიაში, ქუთაისს კი – 340 დასაქმებული.

  • საკრებულოს დონეზე ამ პოლიტიკის შეცვლა შესაძლებელია?

ბუნებრივია. როდესაც ბიუჯეტი შემოვა საკრებულოში, მე ამ საკითხზე მექნება რეაგირება და ვიტყვი, რომ ეს იდიოტობაა. მერიაში „ოცნებას“ პარტიული აქტივი ჰყავს ჩაყრილი და ამათ ვუხდით ჩვენ ფულს. 2020 წლის ბიუჯეტი შემცირდა, დასაქმებულების რაოდენობა კი არა. 2021 წლის ბიუჯეტიც შემცირებულია, თუმცა დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა. მოიყვანეს აქტივისტები და დაასაქმეს, რომ არჩევნები მოიგონ.

როცა ბიუჯეტი დეტალურად წავიკითხე, სადღაც 30 მლნ-მდე ლარი იფლანგება, რომელიც შეიძლება ეფექტურად და ნორმალურად დახარჯო.

  • რა არის კიდევ ამ ქალაქში შესაცვლელი, როგორი უნდა იყოს მშენებლობების, ინფრასტრუქტურის პოლიტიკა, კულტურული მემკვიდრეობა, რეკრეაციული ზონები – რა პოზიცია გექნებათ ამ საკითხებზე?

პირველ რიგში, რეალური თვითმმართველობაა საჭირო. ჩვენ ხომ ვიცით, ვისი დანიშნულია დღევანდელი ბათუმის მერი? ეს ხომ არ არის თვითმმართველობა.

ასევე, ბათუმს თავისი ქონების განკარგვის უფლება რეალურად რომ არ აქვს, ესეც ხომ ვიცით? არ შეიძლება რეგიონში ფული იკრიბებოდეს, მიდიოდეს ცენტრალურ ბიუჯეტში და შემდეგ თბილისი წყვეტდეს, ვის რამდენი მოგვცეს ან მოგვცეს თუ არა საერთოდ. ესეც არ არის რეალური თვითმმართველობა. როგორც ხდება გერმანიაში, ამერიკაში, ასე უნდა იმართებოდეს თვითმმართველობა.

მაგალითად, ამერიკაში ადგილობრივი მოსახლეობა ირჩევს თავის შერიფებს, ჩვენთან კი შს მინისტრს ნიშნავს ბიძინა და შემდეგ ის ნიშნავს ბათუმის პოლიციის უფროსს. ეს არ არის თვითმმართველობა.

ის, რომ ქალაქში მიწების, ქონების გადაცემა ხდება ფეშქაშად პარტიულ შემწირველებზე, ესეც არასწორია. განაშენიანებას რაც შეეხება, ეს არ არის საკითხი, რაშიც მე კარგად ვერკვევი, მაგრამ ვხედავთ ერთ რამეს, რომ რეგულაციების დაცვას მოითხოვენ პატარა მშენებლობებისგან, მაგრამ მსხვილ მშენებლებს, რომლებიც „ოცნების“ შემწირველები არიან, სულ ფეხებზე ჰკიდიათ კანონი და რეგულაცია.

საერთოდ, როცა რამეს აშენებ, თუკი ვინმეს აზიანებს, იქნება ეს მეზობლები თუ იერსახე, ჩრდილი ადგება ვინმეს საცხოვრებელს თუ სხვა რაიმე ზიანი, ამაზე სასამართლომ უნდა იმსჯელოს.

როგორი სახლი უნდა ავაშენოთ და რა ფორმის, ვფიქრობ, ეს იმ კონკრეტულ უბანს უნდა შეუთანხმო და არა მერიას, რომელიც მხოლოდ ფულს აკეთებს ასეთი პროექტებისგან.

  • ბულვარზე, რეკრეაციულ ზონებზე რას ფიქრობთ? 

ჩემი აზრით, პრობლემა არის იმაში, როცა ჩვენს საერთო საკუთრებას აძლევენ თავიანთ მხარდამჭერებს და მეგობრებს ფეშქაშად. მაშინ უნდა გავაპროტესტოთ, როცა ეს ხდება. თუ ვიღაც კეთილსინდისიერი მყიდველია, რას ააშენებს კერძო საკუთრებაში, ამის კონტროლის მომხრე არ ვარ.

რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, ამ ქალაქში მეტ-ნაკლებად მოწესრიგებულია, თუმცა არის ადგილები, სადაც მოსაწესრიგებელია. მაგალითად, ბარცხანის დასახლებისკენ ყველაფერი გადათხრილია, ქალაქის შემოსასვლელში ორი ხიდი გვაქვს და ორივე გადაკეტილია, რის გამო საცობებია ტურისტულ სეზონზე და გადაჭედილია გზები.

  • მეჩეთის მშენებლობაზე მინდა გკითხოთ. როგორც ვიცით, ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ნებართვის გაცემაზე მერია უარს ეუბნება მუსლიმებს. საკრებულოში ყოფნის შემთხვევაში რა შეგიძლიათ ამ პროცესს შესძინოთ?

სავარაუდოდ, ვერაფერს შეცვლის ერთი თემურ გორგაძე საკრებულოში ამ მიმართულებით, მაგრამ მე რაც შემიძლია და რასაც აქამდე ვაკეთებდი, იმას გავაკეთებ. შემიძლია საჯაროდ, ხმამაღლა ვილაპარაკო ამ საკითხზე სხდომებზე.

ამ ქვეყანაში მეჩეთის მშენებლობა პოლიტიკური საკითხია, რადგან ყველა ხელისუფლება, ყველა პოლიტიკური პარტია, არამარტო ახლანდელი, ცდილობს რაღაცნაირად დომინანტ რელიგიურ ჯგუფს ეკეკლუცოს, რომ მისგან ხმები წამოიღოს. სანამ დომინანტი ჯგუფის მოსყიდვა რელიგიური უმცირესობის დაჩაგვრის ხარჯზე ხდება, ეს საკითხი არ მოგვარდება.

მე შემიძლია საჯაროდ, სხდომებზე, მედიაში, ვიყვირო. ბოლომდე გულწრფელი რომ ვიყო გეტყვით, რომ მომხრე ვიყავი და ახლაც ვარ იმის, რომ საინიციატივო ჯგუფმა ახალი მეჩეთის მშენებლობა ახლავე დაიწყოს და ფეხზე დავიკიდოთ მერიაც და მაგათი პროექტიც.

  • ეს ხომ კანონის წინააღმდეგ მოქმედებას ნიშნავს?

სად არის კანონი და სამართალი? ჩვენ ხომ ფორმალურად ყველა ეტაპი გავიარეთ, სამი წელი ხომ მარტო სასამართლოს ველოდეთ, სასამართლოც ხომ მოვიგეთ, მეტი რა შეგვიძლია ვქნათ. კანონის და სამართლის წინააღმდეგ იმ მეჩეთის ტერიტორიაზე 9 ეკლესიაა აშენებული, მათ შორის ნაწილი სახელმწიფო საკუთრებაზეა, იმათ კანონი არ ეხება?

რადგან ამ საკითხში არ გვაქვს სახელმწიფო, არ გვაქვს სასამართლო, ისე უნდა მოვიქცეთ, როგორც სახელმწიფო გვექცევა. სხვა გამოსავალი მითხარით მაშინ. ჩვენ სამართალი არ გვაქვს.

ჩოლოქში ადამიანმა სამი ინსტანციის სასამართლო მოიგო და იუსტიციის სახლი მაინც არ ურეგისტრირებს მიწას. მეჩეთთან მიმართებაშიც ეგ არის საკითხი, რომ სასამართლო არ გვაქვს, არც სახელმწიფო არ გვაქვს და ჩემი ნება რომ იყოს, ხვალვე დავიწყებდი მეჩეთის მშენებლობას.

  • თუ ყველაფერი პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული, მაშინ რა აზრი აქვს საკრებულოში თქვენს ყოფნას, რატომ უნდა მოგცეთ ხმა ამომრჩეველმა?

ყველაფერი პოლიტიკური ნებაა მეჩეთთან მიმართებაში. ამომრჩეველს კი ვეუბნები, რომ თუ საკრებულოში მოვხვდები, ყველა ამ არასწორ ნაბიჯზე, ბიუჯეტის არასწორ  ხარჯვაზე, პარტიულ და ნეპოტისტურ დასაქმებებზე და მსგავს საკითხებზე მექნება მკვეთრი და მწვავე პოზიცია. შევეცდები, მაქსიმალურად ნაკლები ამოვიღოთ ადამიანებისგან და მეტი ფული დავუტოვოთ მოქალაქეებს. გავაკონტროლოთ ბიუჯეტის ხარჯვა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: