მთავარი,სიახლეები

დღეს ვაქცინაცია აჭარის სოფლებშიც დაიწყო – ჯანდაცვის სამინისტრო

26.08.2021 • 1721
დღეს ვაქცინაცია აჭარის სოფლებშიც დაიწყო – ჯანდაცვის სამინისტრო

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 26 აგვისტოდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მაღალმთიანი აჭარის სოფლებშიც იქნება შესაძლებელი.

„ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების სოფლებში ამცრელი ბრიგადები თემის საექიმო ამბულატორიებში ვაქცინაციას სისტემატურად ჩაატარებენ.

გასვლითი ბრიგადების ვიზიტების მიზანია იმუნიზაციის გეოგრაფიული არეალის გაზრდა და მაქსიმალური მოცვა, ასევე მოწყვლადი ჯგუფებისთვის სერვისის ხელმისაწვდომობა“, – აცხადებს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში „ბათუმელებმა“ დააზუსტა, ამცრელი ბრიგადები ეტაპობრივად გადაინაცვლებენ სოფლებსა და თემებში. „ამის შესახებ მოსახლეობა წინასწარ იქნება ინფორმირებული და ყველა მსურველი აიცრება“, – გვითხრეს ჯანდაცვაში.

მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება სურვილის მიხედვით აიცრას „სინოფარმის“, „სინოვაკისა“ და „ფაიზერის“ ვაქცინით.

სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, 26 აგვისტოს, ვაქცინაცია ხიხაძირის თემში ჩატარდა. ამ დროისთვის აჭარაში სულ 127 850 ვაქცინაა გამოყენებული, მათგან 37 727 ორი დოზითაა აცრილი.

სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აჭარაში 354 905 ადამიანი ცხოვრობს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: