მთავარი,სიახლეები

“რაა საშიში, მე მიკვირს“ – 100 წლის ქალი ვაქცინაციაზე, რომელიც დღეს კოვიდზე აიცრა

26.08.2021
“რაა საშიში, მე მიკვირს“ – 100 წლის ქალი ვაქცინაციაზე, რომელიც დღეს კოვიდზე აიცრა

დღეს ბათუმში 100 წლის ზექიე დოლიძე აიცრა. როგორც თავად ამბობს, 100 წელი 17 მაისს შეუსრულდა. ზექიემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ აცრის გადაწყვეტილება თავად მიიღო.

„ზოგმა მითხრა არ უნდა, ზოგმა მითხრა – უნდა, გაიკეთე. მე ჩემი სურვილით მოვედი. იკეთებს [ვაქცინას] ხალხი და მეც გავიკეთებ, ცუდი რაა ამაში. მოქალაქეებს ვურჩევ გაიკეთონ ვაქცინა. აიცრან და დაცული იქნებიან. იკეთებს ხალხი. რატომ ეშინიათ? რაა საშიში, მე მიკვირს,“ – გვითხრა ზექიე დოლიძემ.

ზექიეს ოჯახის ექიმის, ნანა მიქელაძის თქმით, 100 წლის ქალი აცრას დიდი ხანი გეგმავდა.

„მე ვარ მისი ოჯახის ექიმი. მითხრა: „ნანა, ვაქცინის გაკეთება მინდაო. საჭიროა, ჯანმრთელი რომ ვიყო და გავიკეთებო.

მე ვუთხარი, ჩვენ გვყავს ბრიგადა, რომელიც სამინისტრომ შექმნა. სახლშიც აკითხავენ ასაკოვან ან შეზღუდული უნარების მქონე პაციენტებს-მეთქი. ვაპირებდი დამერეგისტრირებინა და გამეშვა ამცრელი ბრიგადა, მაგრამ მომასწრო და თავად მოვიდა აცრის გასაკეთებლად,“ – ამბობს ნანა მიქელაძე.

100 წლის ზექიე დოლიძე ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტში მივიდა ასაცრელად. აქ ვაქცინაცია რეგისტრაციის გარეშე ტარდება ყველა ვაქცინით, რომელიც საქართველოშია, გარდა „ასტრაზენაკასი“.

ზექიე ამბობს, რომ ყველა მოქალაქე ვალდებულია აიცრას და ასე შეიტანოს თავისი წვლილი პანდემიის დამარცხებაში.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: