მთავარი,სიახლეები

რატომ დატოვა დიდოსტატმა ნინო ბაციაშვილმა საჭადრაკო კლუბი „ნონა“

10.06.2020 • 4795
რატომ დატოვა დიდოსტატმა ნინო ბაციაშვილმა საჭადრაკო კლუბი „ნონა“

მოჭადრაკე ნინო ბაციაშვილი ბათუმის საჭადრაკო კლუბ „ნონას“ წევრი აღარ არის. ბაციაშვილმა, რომელიც საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრების წევრია, ტიტულოვანი სპორტსმენი და მამაკაცთა შორის საერთაშორისო დიდოსტატის წოდება აქვს [ეს ტიტული საქართველოში მხოლოდ რამდენიმე მოჭადრაკე ქალს აქვს: ნონა გაფრინდაშვილს, მაია ჩიბურდანიძეს, ნანა ძაგნიძეს, ბელა ხოტენაშვილს და ნინო ბაციაშვილს] „ნონა“ 2020 წლის დასაწყისში დატოვა, მას შემდეგ, როცა მას კლუბმა უარი უთხრა დაფინანსების გაზრდაზე.

„2020 წლის იანვარში, როცა შემომთავაზეს იგივე კონტრაქტი, ვთხოვე პირობების შეცვლა, ვითხოვდი მწვრთნელის და სახელფასო დაფინანსების გაზრდას, რადგან მწვრთნელები ძალიან ძვირი ჯდება და როცა მაღალ დონეზე თამაშობ, სულ უფრო და უფრო ძვირდება მათი მომსახურება. მიზნები მქონდა, ევროპის, მსოფლიოს ჩემპიონატები, მინდა ეს წლები მაქსიმალურად გამოვიყენო. კლუბში კონტრაქტით გათვალისწინებული იყო წელიწადში დაახლოებით  2 000 დოლარი მომზადებაზე. შეიძლება ვიღაც ფიქრობს, რომ ეს დიდი თანხაა, მაგრამ იმ საქმისთვის, რასაც მე ვაკეთებ, ეს არ იყო ბევრი. ვთხოვე, მინიმუმ სამჯერ გაეზარდათ ეს თანხა. კლუბისგან უარი მივიღე, მითხრეს, რომ არ აქვთ უფლება მეტი გადამიხადონ“.

მოჭადრაკე ამბობს, რომ კლუბის უარი დაფინანსების გაზრდაზე მისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.

„მწვრთნელი ძალიან მნიშვნელოვანია, მოჭადრაკე მარტო ვერ ერევა ინფორმაციას, საჭიროა მწვრთნელი, რომელიც გამზადებს, გეხმარება იდეების დამუშავებაში. სიახლეს როცა იყენებ პარტიის დროს, ეს არის ქულის მომტანი, მუდმივად უნდა ვითარდებოდე, რომ არ იყოს შენთან თამაში მარტივი, ასეთი სპორტია ახლა ჭადრაკი და ძალიან რთულია ზღვა ინფორმაცია მოჭადრაკემ აკონტროლოს მწვრთნელის დახმარების გარეშე, ვიღაც უნდა გეხმარებოდეს, განიხილავდეს შენთან ერთად, ამიტომ გვჭირდება ძლიერი, უცხოელი მწვრთნელები. არის ძალიან ბევრი მწვრთნელი, ვისთანაც მინდოდა მუშაობა, მაგრამ თანხის სიმცირის გამო ეს ვერ ხერხდება“, – ამბობს მოჭადრაკე.

Qatar Masters Open 2015. ყაიმი მსოფლიო ჩემპიონთან, ნორვეგიელ მოჭადრაკე მაგნუს კარლსენთან. ფოტო: ABC.es

ბაციაშვილი კლუბ „ნონას“ წევრი იყო დაარსების დღიდან. 2013 წლიდან დღემდე მისი შედეგები უმჯობესდება, იგი 2018 წლიდან საერთაშორისო დიდოსტატია მამაკაცთა შორის, საქართველოს ორგზის ჩემპიონი ქალთა შორის, ევროპის ვიცე-ჩემპიონი კლასიკურ ჭადრაკში, ევროპის ბრინჯაოს პრიზიორი რაპიდში [სწრაფ ჭადრაკში], საფრანგეთის ონლაინ ჩემპიონატის გამარჯვებული ბლიცებში და სულ ახლახან ევროპის ჩემპიონი გახდა, ასევე რაპიდში.

საჭადრაკო კლუბი „ნონა“ ბათუმის მერიის ა(ა)იპ-ია. ამ კლუბის დაფინანსება თითქმის ყველა წელს იზრდება. 2020 წელს „ნონას“ ბიუჯეტი 358 ათას 200 ლარია. 2015-2020 წლებში „ნონასთვის“ ბიუჯეტიდან ჯამში  1 977 700 ლარი დაიხარჯა. კლუბის საქმიანობა მოჭადრაკეების მომზადებაა, თუმცა ყველაზე დიდი აღიარება კლუბ „ნონას“ ევროპის საკლუბო ჩემპიონატმა მოუტანა, რომლის გამარჯვებულიც „ნონა“ ოთხჯერ გახდა – 2014, 2015, 2017 და 2019 წლებში. ბაციაშვილმა ამ ჩემპიონატებში სამჯერ აიღო დაფაზე ოქროს მედალი.

2019 წელი, ნინო ბაციაშვილმა და ბელა ხოტენაშვილმა საუკეთესო რეიტინგ პერფომანსი აჩვენეს ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე და ოქროს მედლები მიიღეს პირად დაფებზე. ფოტო: დავით ბაციაშვილი

ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე „ნონა“ ძლიერი მოთამაშეებით გამოდის. მაგალითად, გასულ წელს „ნონას“ სახელით თამაშობდნენ ნინო ბაციაშვილი, ნანა ძაგნიძე, ბელა ხოტენაშვილი, ლელა ჯავახიშვილი და სალომე მელია, თუმცა მხოლოდ ბაციაშვილი და მელია [ამჟამად აჭარის ჭადრაკის ფედერაციის თავმჯდომარე] იღებდნენ აქამდე ყოველთვიურ ანაზღაურებას კლუბში, სხვა მოთამაშეებს კი „ნონა“ უშუალოდ ტურნირის წინ უფორმებს ხელშეკრულებას.

მიუხედავად მრავალწლიანი თანამშრომლობისა, კლუბში ამბობენ, რომ მეტის გაკეთება ნინო ბაციაშვილისთვის მათ არ შეეძლოთ.

„ეს არ არის ფედერაცია. სამართლებრივ ფარგლებში რაც შეიძლებოდა, ჩვენ ვაძლევდით ნინოს და იმაზე მეტსაც ხანდახან, რაც სჭირდებოდა“, – გვითხრა კლუბის დირექტორმა გიორგი ჭანტურიამ.

კლუბის მენეჯერი, მარიკა ჯაფარიძე კი ამბობს, რომ სურვილის შემთხვევაშიც კი მოჭადრაკის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებდნენ.

„საკითხი ეხებოდა ისეთ მიზნებს და ამოცანებს, რომლებსაც ვერ მოახერხებდა კლუბი თავის თავზე აეღო, სამართლებრივ ჩარჩოებში ვეღარ ვჯდებოდით. კლუბის სამართლებრივ ფარგლებში ნინოს მაქსიმალურად ჰქონდა, რაც შეიძლებოდა მიგვეცა, უბრალოდ ამ ეტაპზე მის მიზნებს და ამოცანებს მეტი სჭირდება და სჭირდება სხვა დაფინანსებაც, რაც ამ მომენტში, კლუბის ჩარჩოებში, შეუძლებელია. მატერიალური საშუალებაც რომ ყოფილიყო, კლუბისთვის ეს არამიზნობრივ ხარჯებში გადიოდა, ეს უფრო ფედერაციის საკითხია. რაც მას სჭირდებოდა, ამის საშუალება კლუბს არც ჰქონდა. ნინო კლუბიდან უკმაყოფილო არ წასულა, უბრალოდ ამ მომენტში მისი მიზნები ცდება იმ მიზნებს და ამოცანებს, რაც კლუბს აქვს“, – გვითხრა მარიკა ჯაფარიძემ.

ნინო ბაციაშვილი ამბობს, რომ ჭადრაკის ფედერაცია საქართველოს ნაკრების წევრებს უფინანსებს სანაკრებო დონეზე შეკრებებს, თუმცა არც ესაა საკმარისი და სწორედ ამიტომ მიმართა დახმარებისთვის კლუბს, რომელშიც იგი 2013 წლიდან თამაშობდა.

„უდიდესი კონკურენციაა ჭადრაკში, ჩინელ და რუს მოჭადრაკეებს უნდა ებრძოლო – თითო ადამიანს სამი მწვრთნელი ჰყავს. ჩვენთან არ არის ამის საშუალება, ამიტომაც, ჩემი შედეგების და წვლილის გათვალისწინებით, რაც საჭადრაკო კლუბ „ნონას“მოვუტანე, მივმართე კლუბს,“ – ამბობს ნინო.

2019 წლის ბოლოს ბათუმის მერიამ მოჭადრაკე ნინო ბაციაშვილი „წლის სპორტსმენად“ დაასახელა, საჭადრაკო კლუბი „ნონა“ კი – „წლის გუნდად“. თუმცა, ნინო ბაციაშვილი ამბობს, რომ ამ წოდებისთვის განკუთვნილი ფულადი ჯილდო მას არ მიუღია.

„უცნაური ამბავია. მითხრეს, რომ მოხდა პრობლემა საბანკო ანგარიშებთან დაკავშირებით და ვერ იპოვეს ჩემი ანგარიში, რომელზეც ჩარიცხავდნენ თანხას, თუმცა ანგარიშის ნომერი იგივე იყო. 6 თვე გავიდა მას შემდეგ“, – ამბობს მოჭადრაკე.

ბათუმის მერიაში გვითხრეს, რომ ნინო ბაციაშვილის ანგარიშზე თანხა ჩაირიცხა 2019 წლის დეკემბერში, თუმცა ბანკმა არაზუსტი მონაცემების გამო თანხა არ მიიღო.

„მიმდინარე წელს, დაზუსტებული მონაცემების წარმოდგენის შემდგომ, საჭირო გახდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ცვლილებების განხორციელება, რაც შეფერხდა პანდემიის გამო. აღნიშნული თანხის გათვალისწინება მოხდება 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებების განხორციელების საფუძველზე, რის შემდეგაც გატარდება საჭირო ღონისძიებები თანხის ჩარიცხვის მიზნით“, – წერილობით მოგვაწოდეს პასუხი ბათუმის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურიდან.

კლუბ „ნონადან“ წამოსვლის შემდეგ, 2020 წლის პირველ ივნისს, ნინო ბაციაშვილი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა სწრაფ ჭადრაკში. ტურნირში, რომელშიც ევროპის ტოპ მოჭადრაკეები მონაწილეობდნენ, ბაციაშვილმა 10 ქულა დააგროვა და ევროპის ჩემპიონი გახდა. ბათუმის საჭადრაკო კლუბ „ნონას“ ვებგვერდზე, სადაც ქართველი მოჭადრაკეების წარმატებების შესახებ პერიოდულად ქვეყნდება ინფორმაცია, ეს ახალი ამბავი არ გამოქვეყნებულა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: