მთავარი,რეკლამა,სიახლეები

ეპიდემიოლოგიური ვითარება და ვაქცინაციის პროცესი აჭარაში – მინისტრის ანგარიში უმაღლეს საბჭოს

27.08.2021 • 1912
ეპიდემიოლოგიური ვითარება და ვაქცინაციის პროცესი აჭარაში – მინისტრის ანგარიში უმაღლეს საბჭოს

აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობისა დ სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე აჭარაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებისა და ვაქცინაციის შესახებ ანგარიში წარადგინა.

 

მინისტრის განმარტებით, ბოლო დღეებში მკვეთრად გამოხატულია სტაბილიზაცია, დღეს Covid-19-ით ინფიცირების 449 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც წინა დღეებთან შედარებით 200-ით ნაკლებია. დღევანდელი მონაცემებით ასევე ინფიცირებულთა მაჩვენებელს აჭარბებს გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და შეადგენს 563-ს. მისივე თქმით, აჭარაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა კვლავ საყურადღებოა და საჭიროა მოქალაქეების მიერ ყველა რეკომენდაციის ზედმიწევნით დაცვა.

ამჟამად აჭარაში მკურნალობის კურსს გადის 7779 ინფიცირებული პაციენტი. მათგან 15%-ია ჰოსპიტალიზებული. დანარჩენი მკურნალობის კურსს გადის კოვიდსასტუმროსა და ბინაზე ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

პაციენტის მკურნალობის პროცესში ჩართულია 13 სამედიცინო დაწესებულება. კლინიკებში კოვიდპაციენტებისათვის გამოყოფილია 1070 საწოლი.

 

“საწოლფონდის დატვირთვის მაჩვენებელი, ცვალებადია. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო დღეებში კარგი ტენდენცია გამოჩნდა, უკვე ყოველდღიურად გვაქვს თავისუფალი თერაპიული საწოლები, რაც კავშირშია ინფიცირების ახალი შემთხვევების შემცირებასთან, თუმცა თითქმის დაკავებულია ინტენსიური თერაპიის საწოლები. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ არ დავტოვოთ არცერთი პაციენტი სტაციონარული სერვისის გარეშე თუ ის ამას საჭიროებს”, – აღნიშნა მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ.

კორონავირუსის მართვის პროცესში ჩართულია 26 სასტუმრო. განთავსების სფეროში კოვიდპაციენტებისათვის არის საკმარისი ადგილები, თუმცა მოქალაქეთა 68% მკურნალობას ბინაზე, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ამჯობინებს. აჭარაში ონლაინ კონსულტაციის პროცესში ჩართულია პირველადი ჯანდაცვის ხუთი ცენტრი.

“აქტიურად მიმდინარეობს ვაქცინაციის პროცესი. ამ ეტაპისათვის ჩატარებულია 132 241 ვაქცინა, ორი დოზით აცრილია 39 601 მოქალაქე. პროცენტული მაჩვემებელი ასე ნაწილდება – აჭარაში ერთი დოზით აცრილია მოსახლეობის 26,3%, ორი დოზით აცრილია 11,3%. გუშინ ვაქცინაციის პროცესი დავიწყეთ სოფლებში”, – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

აჭარაში ვაქცინაცია ტარდება ყველა სამედიცინო დაწესებულებაში, ორ სავაჭრო ცენტრში და შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. დღეს სოფლებში ვაქცინაცია ტარდება, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩაისუბანში და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ აჭარისაღმართში. ხოლო ხვალ ვაქცინაცია ჩატარდება ხულოს მუნიციპალიტეტში, ღორჯომის თემში და შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფურტიოში.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით ვაქცინაციის პროცესი დაწყებულია ბინაზე მწოლიარე პაციენეტებისათვის. ვაქცინაცია უკვე ჩაუტარდა სახლში მყოფ 52 მოქალაქეს, პროცესი გრძელდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: