მთავარი,სიახლეები

დიდოსტატი ბაციაშვილი გახარიას პარტიიდან – 20 ივნისს მეც ვიყავი აქციაზე

27.08.2021 • 3693
დიდოსტატი ბაციაშვილი გახარიას პარტიიდან – 20 ივნისს მეც ვიყავი აქციაზე

ექსპრემიერმა გიორგი გახარიამ  25 აგვისტოს თავისი პარტიის გუნდი წარადგინა ბათუმის საკრებულოში მოსახვედრად.

პარტია „საქართველოსთვის“ პროპორციული სიის პირველ ნომრად ჭადრაკის დიდოსტატ ნინო ბაციაშვილს ასახელებს. თვითმმართველობის არჩევნებზე  ბაციაშვილი ბათუმის საკრებულოში მოსახვედრად იყრის კენჭს.

  • როგორ აღმოჩნდით პარტიაში „საქართველოსთვის“ და რამ გიბიძგათ ჭადრაკიდან პოლიტიკისკენ?

მთელი ცხოვრება ჭადრაკს ვთამაშობ და ამ საქმის პროფესიონალი ვარ. აქამდე არ მქონია არასდროს გეგმაში პარტიული საქმიანობა. ბათუმის საჭადრაკო კლუბიდან მომიწია წამოსვლა, ეს კლუბი სამჯერ გახდა ევროპის ჩემპიონი, სამჯერ მივიღე ოქროს მედალი და ყოველთვის შესანიშნავად ვთამაშობდი, მაგრამ შარშან შეიქმნა პრობლემები, რის შემდეგაც დავტოვე საჭადრაკო კლუბი.

შევხვდი ბათუმის მაშინდელს მერს [ლაშა კომახიძეს] და, სამწუხაროდ, არაფერი გამოვიდა, პრობლემა ვერ გადაწყდა. გამიკვირდა ისიც, რომ არავინ შემეხმიანა ბათუმიდან დასახმარებლად, ასეთი შემოთავაზებები არ ყოფილა [2020 წლის დასაწყისში ნინო ბაციაშვილმა საჭადრაკო კლუბს კონტრაქტის პირობების შეცვლა სთხოვა, მწვრთნელისა და სახელფასო დაფინანსების გაზრდის გათვალისწინებით].

თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ ყოველთვის ვგრძნობდი რიგითი ბათუმელებისგან მხარდაჭერას. წელს კი ვგეგმავდი ქვეყანა დამეტოვებინა, მქონდა ბევრი შემოთავაზება ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან და ზუსტად ამ დროს გამოჩნდა შემოთავაზება პარტიიდან „საქართველოსთვის“. გადავწყვიტე დავთანხმებოდი მათ წინადადებას და მეცადა საკუთარი ქალაქისთვის გამეკეთებინა რაღაც. გადავწყვიტე საკუთარი წვლილი შევიტანო ჩემი ქალაქის განვითარებაში და საკრებულოს საშუალებით რაღაც საკითხების გადაწყვეტაში მივიღო მონაწილეობა.

  • როგორ ხედავთ საკუთარ თავს საკრებულოში, ისევ აქტიურად ითამაშებთ ჭადრაკს და შეუთავსებთ ერთმანეთს სპორტს და საკრებულოში მუშაობას?

ცხადია, ვრჩები აქტიურ მოჭადრაკედ. პოლიტიკურ საკითხებში ჯერ კარგად გარკვეული არ ვარ, მაგრამ ვეცდები საკრებულოში მუშაობას უაღრესი პასუხისმგებლობით მოვეკიდო და მივიღო მონაწილეობა გადაწყვეტილებების მიღებაში, რაც ჩემზე იქნება დამოკიდებული.

  • რა არის თქვენი დაკვირვებით ბათუმში მთავარი პრობლემა, რაც დაუყოვნებლივ ჩარევას საჭიროებს?

ჩემთვის, როგორც ერთი მოქალაქისთვის, ბათუმში მთავარი პრობლემა მწვანე ზონების ნაკლებობა და ცუდი ეკოლოგიური გარემოა. პრიორიტეტია ბათუმის ბულვარის გადარჩენა იმ ფორმით მაინც, რაც შემოგვრჩა და შექმნა საერთოდაც ახალი, მწვანე რეკრეაციული ზონების.

კარგი იქნება თუ კიდევ უფრო არ დავაზიანებთ ბათუმის ბულვარს, სანაპირო ზოლმა შეინარჩუნოს ის სახე, რაც ახლა აქვს.

  • გულისხმობთ იმასაც, რომ თქვენთვის მიუღებელია ბათუმის ბულვარში მაღალსართულიანი მშენებლობები? ვგულისხმობ კომპანია „ამბასადორის“ 16-სართულიანი მშენებლობას ბულვარში, რასაც დიდი ხანია აპროტესტებს მოსახლეობა.

ეს ძალიან რთული საკითხია, ასე კონკრეტულად რომელიმე მშენებლობას არ ვგულისხმობ, მაღალსართულიანი კორპუსების მშენებლობა ბულვარში არ შეიძლება. რაც აშენებულია ვეღარაფერს ვუზამთ, მაგრამ ახალი მშენებლობები ბულვარში, ვფიქრობ, აღარ შეიძლება, უნდა შევინარჩუნოთ ბულვარი ისეთ სივრცედ მაინც, როგორიც ახლა გვაქვს.

  • რას შეცვლიდით ბათუმის სამშენებლო პოლიტიკაში?

ამ საკითხებშიც ვერკვევი ჯერჯერობით. რა თქმა უნდა, ბევრი ახალი მშენებლობაა ქალაქში და ეს ბათუმელებისთვის დიდი პრობლემაა. უნდა იყოს რაღაც ერთიანი გეგმა, საერთო წესები, რაზეც შევთანხმდებით და დავიცავთ.

  • გახარიამ ბათუმის მერობის კანდიდატად ირაკლი მიქელაძე წარადგინა და აღნიშნა, რომ ის მერობის ღირსეული კანდიდატია, რომელიც მან გერმანიაში აღმოაჩინა. მიქელაძეს უკავშირდება სკანდალი, როცა ის ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იყო, ცხოვრობდა ამ დროს გერმანიაში ოჯახით და იღებდა პრემია, ხელფას, საწვავის და ტელეფონის ხარჯები. რა აზრის ხართ, თქვენი პარტიის მიერ მერობის კანდიდატად ირაკლი მიქელაძის წარდგენაზე?

ვიცი, რომ ირაკლი გერმანიაში ცხოვრობდა და ჩამოიყვანეს, დააბრუნეს როგორც მერობის ღირსეული კანდიდატი. კითხვები ალბათ უფრო მას უნდა დაუსვათ. მე ამ სკანდალზე არაფერი ვიცოდი. როგორც იცით, პოლიტიკაში ახლა ვერკვევი და ეს ამბავი, სიმართლე გითხრათ, არ მახსოვს.

  • ასევე შუახევის მერობის კანდიდატად პარტიისგან „საქართველოსთვის“ დასახელდა შალვა გოგიტიძე, რომელიც ასლან აბაშიძის მმართველობის დროს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი იყო. უხერხულობას არ გიქმნით ის ფაქტი, რომ ასლან აბაშიძის მთავრობის მინისტრთან ერთად მოგიწევთ ერთ პარტიაში ყოფნა?

ყველას წარსულზე მე ვერ ვილაპარაკებ, თავად უნდა გასცენ ალბათ კითხვებს პასუხები. მე მინდა, უბრალოდ, ქალაქისთვის კარგი საქმე გავაკეთო და ამ მიზნით ვიყრი კენჭს ბათუმის საკრებულოში.

  • 2019 წლის 20 ივნისის პროტესტისას გახარიას მინისტრობის პირობებში სპეცრაზმელები აქციის მონაწილეებს თვალში დამიზნებით ესროდნენ, სცემდნენ აქციის მონაწილეებს. როგორ ხედავთ თქვენ ამ პერიოდს?

მეც ვიყავი 20 ივნისის აქციაზე, რადგან, როგორც ყველა ქართველისთვის, ჩემთვისაც მიუღებელი იყო რუსი გავრილოვის პარლამენტში ვიზიტი და ხალხის ასე აბუჩად აგდება. ძალიან რთული ასატანი იყო ეს. მაგრამ შემდეგ, ძალიან სამწუხაროდ განვითარდა მოვლენები აქციაზე, რაც აღარ უნდა განმეორდეს. გახარია ამ კითხვებზე პასუხის გაცემას არასდროს არიდებს თავს.

  • არასასურველი მოვლენების განვითარებაში გულისხმობთ აქციის მონაწილეების მხრიდან პარლამენტში შეჭრის მცდელობას თუ სპეცრაზმელების მიერ დამიზნებით სროლებს?

ყოველმხრივ სამწუხარო მოვლენები განვითარდა აქციაზე, ყოველმხრივ. მე მალე წამოვედი ამ აქციიდან, მაგრამ შემდეგ ცუდად განვითარდა მოვლენები. არაკეთილსინდისიერი პოლიტიკოსები ძალაუფლების მოპოვებისთვის ცდილობენ გამოეყენებინათ ხალხის გულწრფელი პროტესტი და ეს ძალიან ცუდია.

  • მეჩეთის საკითხზეც მინდა გკითხოთ. სასამართლოს ორმა ინსტანციამ დისკრიმინაციად მიიჩნია მუსლიმი თემის მიმართ ბათუმის მერიის დამოკიდებულება „ბათუმის ახალი მეჩეთის საქმეზე“. როგორია თქვენი დამოკიდებულება, რას ფიქრობთ ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობაზე?

რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს სასამართლო ის უნდა აღსრულდეს, მიუხედავად იმისა, მოსწონს ეს ვინმეს თუ არა. ჩვენი მიზანი სამართლებრივი სახელმწიფოს შენებაა. შესაბამისად, ყველა უნდა დაემორჩილოს სასამართლოს გადაწყვეტილებას.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: