მთავარი,სიახლეები

„თქვენ ფეხბურთის თამაში იოლი გგონიათ?“ – ასლან ბალაძე, „ოცნების“ სიის პირველი ნომერი

27.08.2021 • 5461
„თქვენ ფეხბურთის თამაში იოლი გგონიათ?“ – ასლან ბალაძე, „ოცნების“ სიის პირველი ნომერი

ბათუმის „დინამოს“ გენერალური დირექტორი, ყოფილი ფეხბურთელი ასლან ბალაძე შესაძლოა ბათუმის საკრებულოს წევრი გახდეს. ის „ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომერია თვითმმართველობის არჩევნებზე. როგორ წარმოუდგენია საკრებულოში მუშაობა და იქნება თუ არა კრიტიკული განსხვავებული პოზიციის შემთხვევაში? – ამ საკითხებზე ბალაძე „ბათუმელებთან“ საუბრობს.

  • ბატონო ასლან, რატომ გადაწყვიტეთ, რომ ფეხბურთიდან პოლიტიკაში წახვიდეთ. რა იყო თქვენი მთავარი მოტივაცია?

სიახლეები ყოველთვის კარგია ცხოვრებაში. მთელი ცხოვრება სპორტს ვემსახურებოდი. ძალიან დიდი პატივია ჩემთვის ეს შემოთავაზება და მოულოდნელიც იყო. ყველანაირად ვეცდები, რომ როგორც სპორტში, ასევე პოლიტიკაში გავატარო ის პრინციპულობა, არ დავაკლო არაფერი ჩვენს საქმიანობას იმიტომ, რომ ჩემი სპორტში მოღვაწეობა იყო წარმატებული და ისეთი წარმატებული მინდა ვიყო პოლიტიკაშიც, ამიტომ ეს დიდი გამოწვევაა ჩემთვის. მაქსიმუმს გავაკეთებ ბათუმისთვის.

  • როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი მაქსიმუმი თვითმმართველობაში – შეგიძლიათ, რომ დაგვისახელოთ საკითხები, თემები, რაზეც იმუშავებთ?

ყველა ის პრობლემა, რაც იქნება ბათუმში, ყველა საკითხში მექნება ჩართულობა. არავის არ დავემალები, ვინც მიცნობს ბათუმში და ჩემთან ურთიერთობს, იცის, რომ რადგან პირველი ნომერი ვარ, რაღაც სხვანაირად წარმოვჩნდე. ჩემი მიზანი იქნება ყველა პრობლემის ახლოს მიტანა და მოსმენა, ასე წარმომიდგენია ჩემი თავი.

რადგან ეს ნაბიჯი გადავდგი, ბევრი არ მიფიქრია, სხვათა შორის, რადგან საკმაო გამოცდილება მაქვს ცხოვრებაში და ვიცი, როგორ უნდა მოვიქცე და როგორი კომუნიკაცია უნდა მქონდეს ხალხთან. ასე, რომ ჩვეულებრივი ცხოვრებით გავაგრძელებ.

  • მთლად ჩვეულებრივი ცხოვრება არ მოგიწევთ, რადგან სიის პირველი ნომერი ხართ, შესაძლოა საკრებულოს თავმჯდომარეც გახდეთ. თვითმმართველობის კოდექსი უნდა შეისწავლოთ, გაერკვეთ კანონმდებლობაში, ბევრი წესი, რეგულაცია გექნებათ შესასწავლი. ხართ ამ ყველაფრისთვის მზად?

მერე რა. თქვენ ფეხბურთის თამაში იოლი გგონიათ? ასე შევისწავლი ყველაფერს. საკმაო ნიჭი გამაჩნია იმისთვის, რომ ყველაფერი ავითვისო და ვისწავლო, რაც საჭიროა. მაგის პრობლემა არ მექნება. მარტო სპორტსმენი არ ვიყავი, ხელმძღვანელადაც მიმუშავია, მინდვრის გარეთაც ბევრი საქმე მაქვს გაკეთებული.

საკრებულოს თავმჯდომარეობას რაც შეეხება, ამას დრო გვიჩვენებს. მე მომზადებული ვარ ყველანაირად, ჩემი სახელი არ მაძლევს იმის უფლებას, რომ მოვდუნდე.

  • მოდით დავკონკრეტდეთ მაინც, რადგან თქვენს თითოეულ სიტყვას და განცხადებას უფრო მეტი ყურადღებით დააკვირდება ამიერიდან საზოგადოება. რას ფიქრობთ ბულვარში მიმდინარე მშენებლობაზე, მისაღებია თუ არა?

ჩემი პირადი პოზიცია ამაზე იქნება მაშინ, როცა შევალ საკრებულოში. მერე ვილაპარაკოთ ამ თემაზე.

  • თუ არ ისაუბრებთ ამ საკითხებზე, ისე ვინ მოგცემთ ხმას?

ყველა ის კითხვა, რომელიც მტკივნეული იქნება ბათუმის და ბათუმელებისთვის, ყოველთვის ვიქნები იქ პრინციპული.

  • თქვენ თქვით, რომ ყველაფრისთვის ხართ მზად, ამიტომ კონკრეტულ კითხვებსაც უნდა უპასუხოთ.

მე ბულვარში ვარ თითქმის გაზრდილი. აქ იყო ჩვენი სტადიონიც და ძველ ბულვარში მაქვს გატარებული ჩემი ცხოვრების ნაწილი. ასე, რომ არის რაღაც თემები, რომლებიც უნდა გადაიხედოს.

  • რომელია გადასახედი თემა?

მოსაწონი მე მგონი არ იქნება ისეთი მშენებლობები, რომლებიც ბულვარს, ასე რომ ვთქვათ, დახურავს. ის მშენებლობა, რომელიც არ წაადგება ბულვარს და იქნება მიუღებელი, ყოველთვის ყველა ვიქნებით მაგის წინააღმდეგი.

  • 16-სართულიანი ცათამბჯენის მშენებლობასაც ეხება ეს?

გადასახედი თემები არის ძალიან ბევრი და რა უნდა აშენდეს ან არ აშენდეს ამ დეტალებში ვერ შევალ. კიდევ ერთხელ ვამბობ, რაც იქნება მისაღები ბათუმელებისთვის, იმას დავუჭერ მხარს ყოველთვის.

  • სასამართლომ ბათუმის მერიას უთხრა, რომ დისკრიმინაციულად ექცევა მუსლიმ თემს, როცა მათ მეჩეთის აშენების უფლებას არ აძლევს. თქვენ რას ფიქრობთ – აქვთ მუსლიმებს უფლება აიშენონ ბათუმში მეჩეთი?

ეს თავისთავად ცხადია, რომ ძალიან სერიოზული თემაა. ჩვენ ყველა დიდ პატივს ვცემთ მუსლიმ თემს და ეს თემაც ვიცი, გამიგია და მომისმენია. ეს საკითხიც იქნება ძალიან სერიოზულად მოსასმენი, ყველა მხარეს უნდა მოვუსმინოთ და რომელიც იქნება მისაღები და უმრავლესობაში, ცხადია, ამას ყველაფერს ექნება… აქ არის ბევრი საკითხი იურიდიული თუ სხვა, რომელიც უნდა ვნახო, განვიხილოთ.

სასამართლო როგორც იტყვის და განიხილავს, აქედან გამომდინარე იქნება. უნდა დავემორჩილოთ სასამართლოს. მე, როგორც ყოველთვის, მხარს დავუჭერ სიმართლეს და ვიქნები პრინციპული ყველა საკითხის მიმართ.

  • წარმატებული სპორტსმენები საქართველოში არც თუ ეფექტური პოლიტიკოსები ხდებიან. თქვენი აზრით, რატომ მიდიან ოლიმპიური თუ მსოფლიო ჩემპიონები პოლიტიკაში და არ რჩებიან სპორტში, არ ზრუნავენ მის განვითარებაზე?

პოლიტიკაში თუ სპორტსმენები მივიდნენ, ძალიან კარგია, რადგან ჩვენც გვაქვს კარგი შეხედულებები. რატომ არის ცუდი, რომ კახა კალაძე პოლიტიკაშია.

  • 5 ივლისის ამბებზე მინდა გკითხოთ, როცა ძალადობრივი ჯგუფები გამოვიდნენ და ჟურნალისტებს სცემეს. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე?

რა თქმა უნდა, არ არის მოსაწონი ეს. ჩემთვის ეს მიუღებელია. როგორ უნდა აწიო ხელი ადამიანზე. ვინც არ უნდა იყოს, იქნება ის ჟურნალისტი თუ სხვა მოქალაქე, მასზე ძალადობა მიუღებელი იქნება ჩემთვის ყოველთვის. ამაზე ორი აზრი არ არსებობს.

  • ხშირად მმართველი პარტიის წევრებს უზღუდავენ საკუთარი აზრის თავისუფლად გამოხატვას, ან ნაკარნახები ფრაზებით ელაპარაკებიან საზოგადოებას, არ აქვთ უფლება პრესსამსახურთან შეთანხმების გარეშე ეკონტაქტონ მედიას და ასე შემდეგ. რამდენად კომფორტული იქნება ასეთ გარემოში მუშაობა თქვენთვის?

ჩვენს გუნდში ყოველთვის იქნება განხილვები. მე პირადად ვაპირებ, რომ ჩემი პოზიციები ყოველთვის დავაფიქსირო გუნდთან და მაქსიმალურად ვეცდები, რომ ერთობლიობაში, გუნდთან ერთად გავიტანოთ ესა თუ ის საკითხი. მე ყოველთვის ვიქნები სწორი აზრის დამცველი და მაქვს უნარი, რომ კრიტიკულიც ვიყო.

სპორტიც გუნდური თამაშია და ჩვენ ასე ვწყვეტთ ხოლმე საკითხებს. ვფიქრობ, არ გვექნება ამ მხრივ პრობლემა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: