მთავარი,სიახლეები

დელტა შტამი მეტი აგრესიულობით ხასიათდება, განსაკუთრებით ორსულებში – მინისტრის მოადგილე

26.08.2021 • 2057
დელტა შტამი მეტი აგრესიულობით ხასიათდება, განსაკუთრებით ორსულებში – მინისტრის მოადგილე

„ზოგადად, დელტა შტამი უფრო სწრაფად ვრცელდება ორსულებში იმუნური სტატუსიდან გამომდინარე და ასევე შედარებით მძიმე მიმდინარეობა შესაძლოა გამოიწვიოს ორსულებში,” – განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისივე თქმით, სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია პრევენციული ზომების გატარება და თუ ორსული დაინფიცირდა, ძალიან სწრაფად მოხდეს შესაბამისი რეაგირება.

„უფრო ეს უკავშირდება იმ ბიოლოგიურ მახასიათებლებს, რაც, ზოგადად, ორსულობის პერიოდში ორგანიზმს აქვს და ამ შტამის ქცევას. საბედნიეროდ, პირველი ტალღის პერიოდში და ეს ორიგინალური, საწყისი შტამი რაც იყო კორონავირუსის, მსგავსი ტიპის რეაქციებს არ იწვევდა და მინიმალური იყო ორსულების ინფიცირების შემთხვევები. ასევე გარდაცვალებაც. თუმცა ამ შემთხვევაში დელტა შტამი მეტი აგრესიულობით ხასიათდება, განსაკუთრებით ორსულებთან მიმართებაში,” – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მინისტრის მოადგილის  განცხადებით, ზუსტი მონაცემი რამდენი ორსული გარდაიცვალა, ჯერ არ აქვთ.

„ორსულების გარდაცვალების აუდიტს ატარებს დაავადებათა კონტროლის ცენტრი იმისთვის, რომ ეს სტატისტიკური მონაცემი გვქონდეს,” – განმარტა გაბუნიამ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტებით, შეიქმნება ახალი სერვისი ორსულთათვის, კერძოდ, საინფორმაციო ცხელ ხაზზე: 1522 დაემატება მეან-გინეკოლოგების  მომსახურება.

„ორსულებში დელტა შტამი ნამდვილად უფრო დიდი რისკის მატარებელია, ვიდრე სხვა პირებში. ამდენად ორსულებისთვის პირველ რიგში უაღრესად მნიშვნელოვანია პრევენცია, აცრა. ფაიზერით აცრა შესაძლებელია და მიმდინარეობს. ასევე სოციალური დისტანციის დაცვა და პირბადის გამოყენება. ახლა რაც შეეხება სამედიცინო სერვისის მიწოდების ნაწილს. ორსულებისთვის სპეციალური კონსულტაციის გაწევისთვის 1522-ს მიმდინარე დღეებში დაემატება მეან-გინეკოლოგების სერვისი. მათ ტრენინგი  ჩაუტარდათ. ისინი ოჯახის ექიმებთან ერთად გასცემენ რეკომენდაციებს. საუბარია მსუბუქ ორსულებზე, რომლებიც იმყოფებიან ბინაზე.

ბინაზე მყოფი პირებისთვის ჩვენ ისედაც ვახორციელებთ ლაბორატორიულ გამოკვლევებს, ამ პროგრამაში ჩაერთვება მეორე-მესამე დონის პენინატალური დაწესებულებები, ამბულატორიული სპეციალიზებული სერვისისთვის, რათა ორსული, რომელიც საჭიროებს მეთვალყურეობას კოვიდინფექციის გამო, მივიდეს არა სტანდარტულ საავადმყოფოში, არამედ მივიდეს სპეციალიზებულ კლინიკაში და მიიღოს სპეციალისტის მომსახურება ადგილზე. ძალიან მოკლე ხანში ეს კომპონენტი ამოქმედდება.

მობილიზებულია ჰოსპიტალური საწოლები ორსულებისთვის. ოდნავ მაინც, თუ ამისი საჭიროება არსებობს, ჩვენ არ უნდა დაველოდოთ მდგომარეობის დამძიმებას და ორსული უნდა იყოს სამედიცინო დაკვირვების ქვეშ. ამ კუთხით რაიმე დეფიციტი არ არის. ორსულს თუ სჭირდება ჰოსპიტალური მართვა, ის ჰოსპიტალში მოხვდება. დაახლოებით 120 საწოლია მობილიზებული თბილისში, 50 საწოლია ქუთაისში, სხვა რეგიონებშიც არის შესაძლებლობა ორსულს ჰოსპიტალური მეთვალყურეობა გაეწიოს,” – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: