განათლება,მთავარი,მოსაზრება,სიახლეები

ბავშვებთან ერთად და ბავშვებისთვის კითხვის მაცოცხლებელი ძალა | შორენა ლორთქიფანიძე

27.08.2021 • 2701
ბავშვებთან ერთად და ბავშვებისთვის კითხვის მაცოცხლებელი ძალა | შორენა ლორთქიფანიძე

ავტორი: შორენა ლორთქიფანიძე, საერთაშორისო პოლიტიკის მკვლევარი

___

ჩემი შვილები მსაყვედურობენ, რომ იმ წიგნების დასასრული, რომლებსაც ერთად ვკითხულობდით, უფრო სწორად, ვუკითხავდი, მათთვის დღემდე უცნობია. მათ არ იციან, როგორ მთავრდება „მიო, ჩემო მიო“, „ძმები ლომგულები“, „ყაჩაღის ასული რონია“, რადგან ბოლო ფურცლებს ვასველებდი იმდენს ვტიროდი, ბავშვები კი, გაოცებულები მიყურებდნენ, აღარ იცოდნენ რაზე ედარდათ, ატირებულ დედაზე, თუ საყვარელი პერსონაჟების ბედზე.

მე ვტიროდი სიხარულისგან, რომ შესაძლებელია ამდენი სიკეთე არსებობდეს, რომელსაც შეუძლია სამუდამოდ აავსოს პატარა არსებების გულები (ჩემი შვილების, სხვების შვილების), ასეთი უკიდეგანო შეიძლება იყოს სევდა და ტკივილი, რომელმაც შეიძლება ასე გაგაძლიეროს, გაგზარდოს, გაგამხნევოს; რომ შეიძლება ისე გაგამსუბუქოს სხვების დახმარების და ზრუნვის სურვილმა, რომ სამყაროდან სამყაროში გამოგზაუროს!

ახლაც მაბედნიერებს დედა წერტილის და შვილი წერტილის ამბავი, მოცეკვავე ძროხა მერი პოპინსიდან. კითხვის ყველაზე ბედნიერი გამოცდილება ბავშვებთან ერთად კითხვაა. მათთან ერთად მოგზაურობა წიგნის ჯადოსნურ სამყაროში.

ძალიან მინდა, რომ მშობლები ბავშვებთან ერთად ბევრს კითხულობდნენ, ეს მარტო ბავშვებისთვის არ არის მნიშვნელოვანი, პირველ რიგში, ზრდასრულებისთვის არის მაცოცხლებელი. ცხოვრების ყოველდღიურობა რობოტებად გვაქცევს, ავტომატური რეაქციებით ყოველდღიური პრობლემების ორომტრიალში, დრო და სივრცე დაფიქრებისთვის და ჩაფიქრებისთვის აღარ რჩება.

ბავშვებთან ერთად კითხვა ბავშვობაში დაბრუნებასავითაა, ოღონდ ახლებურად, როცა იხსენებ მაშინ განცდილს, თან ავტორსაც გინდა გაუგო, თან შენს თავსაც გინდა გამოუტყდე ბევრ რამეში. ბავშვებთან ერთად კითხვა და ბავშვებისთვის კითხვა ჩვენ გვაკეთილშობილებს, პირველ რიგში, თავიდან ვიზრდებით თითქოს.

დღეს ადამიანებმა თითქოს სიცოცხლის ხალისი დავკარგეთ, პატარა სიხარულებით აღფრთოვანების უნარი: მზის ამოსვლა, ჩიტის ჭიკჭიკი, ზაფხულის ხვატში ჭრიჭინების გაუთავებელი ჭრიჭინი ნაშუადღევს სოფელში. ჩვენ გვჭირდება ბავშვებთან ერთად კითხვა, ჩვენთვის და  ჩვენს შვილებთან სულიერი კავშირის სამუდამოდ დასამყარებლად.

ჩემი შვილები გაიზარდნენ, ჩემს გარეშე კითხულობენ, მაგრამ ჩვენი ჯადოსნური საღამოები ჩვენთან ერთად ცოცხლობს. ჩემი კითხვისაგან მიღებული ემოციები კი ისეთივე ცოცხალია, როგორც მაშინ, წლების წინ.

მინდა, რომ ამ ძვირფასი პროექტის ერთ-ერთი მთავარი სათქმელი იყოს: იკითხეთ ბავშვებთან ერთად, უკითხეთ მათ ბევრი. ეს გვჭირდება იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ სიხალასე, გამოვზარდოთ პატარა სიხარულები ჩვენს თავში ჩვენთვის და ბავშვებისთვის. ჩვენი საყვარელი საბავშვო წიგნების გმირები ხომ ბავშვებთან და ზღაპრულ არსებებთან ერთად ბავშვებივით აცეტებული, ცელქობას მოწყურებული დიდები არიან!!!

დააკლიკე და შეავსე ცარიელი თაროები სოფლის ბიბლიოთეკებში

ან გადმორიცხეთ ჩვენს ანგარიშზე

სს “საქართველოს ბანკი”, ბანკის კოდი:BAGAGE22;
ანგარიშის ნომერი: 
GE88BG0000000103117598
ა(ა)იპ თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: