მთავარი,სიახლეები

ფოთი იმსახურებს უფრო დიდი ტემპებით განვითარებას – პრემიერი მერობის კანდიდატის წარდგენისას

27.08.2021 • 1284
ფოთი იმსახურებს უფრო დიდი ტემპებით განვითარებას – პრემიერი მერობის კანდიდატის წარდგენისას

ფოთის მერობის კანდიდატად ბექა ვაჭარაძის წარდგენისას, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოპოზიციონერ კანდიდატს გიგი უგულავას გარყვნილი და კორუმპირებული უწოდა.

„ჩვენ დღეს კიდევ ვდგავართ არჩევანის წინაშე. ფოთი ირჩევს ახალგაზრდა, გაურყვნელ, პატიოსან ადამიანს, რომელიც მოემსახურება თავის ფოთს და თავის ფოთელებს. მეორეს მხრივ არის კორუმპირებული, მართლაც დეგრადირებული პოლიტიკოსი, მარგინალიზებული გიგი უგულავა.

მე ძალიან მაინტერესებს რა უნდა ამ ადამიანს ფოთში? რატომ მოდის? კაცი, რომელიც არის ცნობილი ძარცვით და თანამედროვე ისტორიაში ყველაზე დიდი კორუფციონერია,“ – იკითხა ირაკლი ღარიბაშვილმა.

უგულავას ლანძღვის დასრულების შემდეგ პრემიერმა ფოთელებს მიმართა და უთხრა, რომ არჩევანის გაკეთება მარტივია.

„მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ყველა ის ხარვეზი, თუ რაიმე იყო ბოლო წლების განმავლობაში, მაქსიმალურად დროულად იქნეს გამოსწორებული. ამას შეძლებს ბექა. მაქსიმალური მხარდაჭერა ექნება ცენტრალური მთავრობისგან. ყველა იმ ხარვეზს, ყველა იმ შეცდომას თუ რაიმე იყო ბოლო წლების განმავლობაში, თუ რაიმე ძალისხმევა დავაკელით ჩვენ, აუცილებლად ძალიან მოკლე დროში გამოვასწორებთ. ვინაიდან ფოთი იმსახურებს უკეთესს. ფოთი იმსახურებს უფრო დიდი ტეპმებით განვითარებას,“ – განაცხადა პრემიერმა.

მერობის კანდიდატის წარდგენაზე სიტყვით გამოვიდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, რომელმაც ფოთელებს წყალმომარაგებისა და კანალიზაციის ჩავარდნილი პროექტის გამო ბოდიში მოუხადა.

„დღეს როცა მე აქ გამოვდივარ, ის თავის დროზე დროულად დანახული და დაწყებული აუცილებელი პროექტი, რომელიც 170 მილიონ ლარზე მეტ ინვესტიციას მოიცავს, მთლიანად ფოთის წყალმომარაგებას და წყალარინებას უზრუნველყოფს, სამწუხაროდ სხვადასხვა მიზეზების გამო გაჭიანურდა.

მნიშვნელობა არ აქვს მიზეზი რა არის, იმიტომ, რომ თქვენთვის შედეგი არის მთავარი. მე წარმოვადგენ იმ უწყებას, რომელიც ამ შედეგის მიღწევაზეა პასუხისმგებელი. ამიტომ ბოდიშს გიხდით იმ უხერხულობისთვის, იმ დაგვიანებისთვის, რომელიც დღემდე არის,“ – თქვა ირაკლი ქარსელაძემ.

მინისტრის თქმით უკვე გაფორმდა ხელშეკრულება კონტრაქტორ კომპანიასთან, რომელმაც აიღო ვალდებულება, რომ ერთი წლის ვადაში დაასრულებს ფოთის წყალმომარაგებისა და კანალიზაციის პროექტს.

___

საქართველოში 2 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: