მთავარი,სიახლეები

გადაგვივადეთ სესხი 1 წლით და არ გაგვიძვიროთ – საოჯახო სასტუმროების მფლობელები

27.08.2021 • 2253
გადაგვივადეთ სესხი 1 წლით და არ გაგვიძვიროთ – საოჯახო სასტუმროების მფლობელები

ქობულეთელი საოჯახო სასტუმროს მფლობელები დღეს, 27 აგვისტოს, ქობულეთის მერიის წინ საპროტესტო აქციას მართავენ. ასამდე საოჯახო სასტუმროს მეპატრონე ხელისუფლებას სთხოვს დაეხმაროს და უშუამდგომლოს კომერციულ ბანკებთან. მოქალაქეების თქმით, მიმდინარე წელს ქობულეთში ტურისტული სეზონი ჩავარდა, შედეგად სასტუმროს მფლობელებს სესხის გადახდა აღარ შეუძლიათ.

„ბათუმელები“ ესაუბრა აქციის ერთ-ერთ მონაწილეს – ნინო ანანიძის თქმით, დროა მთავრობამ „შეწყვიტოს ზეპირი განცხადებები, თითქოს სეზონი ბრწყინვალედ ჩატარდა და აღიაროს, რომ ტურისტული სეზონი ქობულეთში ჩავარდა“.

„ჩვენ რომ ეს სესხები გამოვიტანეთ, მაშინ სტაბილური იყო ქვეყნის ცხოვრება. ახლა ეს გარემოებები შეიცვალა. ჩვენ მთავრობისგან ვითხოვთ გვიშუამდგომლოს ბანკებთან, ასევე ვთხოვთ ბანკებსაც, რომ გაითვალისწინონ შეცვლილი გარემოებები. ძალიან ბევრი ბერკეტი აქვს ხელისუფლებას, რომ ჩადგეს ჩვენსა და ბანკს შორის. ამდენი დახმარება შემოვიდა. ჩვენ ვითხოვთ გადაგვივადდეს ერთი წლით სესხი ისე, რომ არ გაგვიძვირდეს. შეგვაძლებინოს მთავრობამ, შეგვაძლებინოს ბანკებმა, რომ ჩვენ ეს სესხები დავფაროთ. ჩვენ უარს არ ვამბობთ ჩვენს ვალდებულებებზე. უბრალოდ, ასეთ რთულ სიტუაციაში ხომ ვერ დავხატავთ ამ თანხებს?

ბანკის თანხებზე კი არა, თავის გატანის პრობლემაა. მთელი ქობულეთი, 80 % არის უმუშევარი. ამ სეზონს ველოდი, აი არ ვიცი. თან ბანკიც უნდა გავისტუმროთ, თან ოჯახების ბიუჯეტიც უნდა შევავსოთ, რომ წლიდან წლამდე თავი გავიტანოთ. ხალხს ეს თავის გასატანი თანხა აღარ დარჩა, არამცთუ ბანკის,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ნინო ანანიძემ.

საპროტესტო აქცია ქობულეთში

საოჯახო სასტუმროს მფლობელის თქმით, ქობულეთში სეზონის ჩავარდნას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა.

„ჯერ ერთი, პანდემიაა და წითელი ზონა ვართ. ბევრმა ტურისტმა უარი თქვა, შეეშინდა საქართველოში ჩამოსვლა. ასევე, რუსეთის მხრიდან სახმელეთო საზღვრის ჩაკეტვამ გამოიწვია ის, რომ რუსეთიდან და ბელორუსიიდან ტურისტები ვერ ჩამოვიდნენ.

სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან იმიტომ ვერ შემოვიდნენ ტურისტები, რომ მაღალი ფასია ტესტებზე. ისინი შემოდიან ოთხი-ხუთი ადამიანი ოჯახიდან. ერთ ადამიანს რომ 80 ლარი უჯდება ტესტი, ვინ შემოვა ისედაც პანდემიაა და შეჭირვებულ მდგომარეობაში არიან.

დავრჩით აი, ამ შიდა ტურიზმის ამარა. აქაც პანდემია მძვინვარებს. ისედაც გაუფასურდა ბინები. მოთხოვნები არ იყო. დაეცა ფასები. ეს ჩვენი ტურისტები საერთოდ იაფად ითხოვენ საუკეთესო პირობებს. მაგალითად, მაგარმა სასტუმროებმა ათ-ათ ლარში გააქირავეს და ჩვეულებრივი სასტუმროები ხალხის გარეშე დავრჩით. აუზიან სასტუმროში რომ ათ ლარად შეუშვებ კაცს, შენთან ვიღა შემოვა ჩვეულებრივ სასტუმროში? 10-15 ლარი იყო წელს ყველაზე მაღალი თანხა, თუკი გადაიხდიდნენ,“ – ამბობს ნინო ანანიძე.

აქციის მონაწილეები ნახევარი საათით ქობულეთის მერიის შენობაშიც იყვნენ შესულები და მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვდნენ. თუმცა მოგვიანებით, კოვიდსიტუაციის გამო, შენობა დატოვეს და საპროტესტო აქციას მერიის შენობის წინ აგრძელებენ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: