Batumelebi | ტიკარაძე ორსულების კოვიდით გარდაცვალებაზე – რიგ შემთხვევებში დაგვიანებული იყო სტაციონარიზაცია ტიკარაძე ორსულების კოვიდით გარდაცვალებაზე – რიგ შემთხვევებში დაგვიანებული იყო სტაციონარიზაცია – Batumelebi
ნეტგაზეთი • RU

ტიკარაძე ორსულების კოვიდით გარდაცვალებაზე – რიგ შემთხვევებში დაგვიანებული იყო სტაციონარიზაცია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძემ კორონავირუსით ორსულების გარდაცვალების გახშირებულ ფაქტებზე მედიასთან კომენტარი გააკეთა. მინისტრის თქმით, ხშირ შემთხვევაში კოვიდინფიცირებული ორსულების საავადმყოფოში გადაყვანა გვიან ხდება.

მინისტრს ჟურნალისტებმა კითხვა დღეს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებითაც დაუსვეს. 27 აგვისტოს დილას თბილისში, ერთ-ერთ კლინიკაში, 19 წლის ქალი მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა. ის კოვიდინფიცირებული იყო.

“მე ყოველთვის ვერიდები ხოლმე კონკრეტულად პაციენტებზე საუბარს, იმიტომ, რომ თითოეული პაციენტის ესეთი მძიმე გამოსავალი ეს არის არამხოლოდ ოჯახის ტრაგედია, არამედ მთელი ქვეყნის ტრაგედია. თუმცა ჩვენ ამ გართულებებს ვაკვირდებით სამედიცინო და სტატისტიკურ ჭრილში. ჩართული არის გინეკოლოგთა ასოციაცია, რათა მათ დადონ ის კონკრეტული დასკვნები, რაც არის გარკვეული მიზეზი იმის, თუ რატომ გვაქვს ბოლო პერიოდში გახშირებული ლეტალური შემთხვევები ორსულების კომპონენტში.

თუმცა აქვე აუცილებლად უნდა დავძინოთ, რომ ეს არის რიგ შემთხვევაში დაგვიანებული სტაციონარიზაცია, გუშინ, მაგალითად, ერთ-ერთი ორსულის სამეგრელოს რეგიონიდან საავადმყოფოში გადმოყვანა იქნა საჭირო, თუმცა ამ ორსულს დარეკილი არ ჰქონდა 112-ზე, მაგრამ სამაგიეროდ პოსტი ედო ფეისბუქზე და კარგია, რომ ჩვენი საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური აკვირდება ყველა იმ ჯგუფს, რომელიც აქტიურია ფეისბუქზე, ჩვენ ვიღებთ აქედან დამატებით ინფორმაციებს. ის პაციენტები, რომლებიც არ მიმართავენ არც ექიმს და არც 112-ს და არჩევენ სოციალური მედიით კომუნიკაციას, აქტიურად ვცდილობთ ამ კუთხითაც სამინისტრო და სასწრაფო გადაუდებელი დახმარება იყოს ყურადღებით,” – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

ჟურნალისტების კითხვაზე, იგეგმება თუ არა კოვიდინფიცირებული ორსულების მკურნალობის პროტოკოლის ცვლილება, ჯანდაცვის მინისტრმა თქვა, რომ ამ საკითხის გადასაწყვეტად გინეკოლოგთა ასოციაციის დასკვნას ელოდება.

“ამასთან დაკავშირებით იმსჯელებენ გინეკოლოგთა ასოციაციაში, ისინი დადებენ დასკვნას და შესაბამისად ჩვენ შევიტანთ ყველა იმ საჭირო ცვლილებას, რომელიც საჭირო იქნება,” – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი