დაბა ხულოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურისთვის ახალ შენობას ააშენებენ. მუნიციპალიტეტს ახალი შენობის ასაშენებლად საჭირო თანხა აჭარის ბიუჯეტიდან სპეციალური ტრანსფერის სახით გადაეცა.
ხულოს მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ სასწრაფო სამედიცინო სამსახური დღეს ხულოს საავადმყოფოს შენობაშია განთავსებული. ახალი შენობა კი, დაბა ხულოში, სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ყოფილი საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება, სადაც ძველი ავტოფარეხებია, რომლებსაც დაანგრევენ.
საწყის ეტაპზე ახალი შენობა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში იქნება, თუმცა სამომავლოდ გადაეცემა თუ არა ის საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს საკუთრებაში, უცნობია.

ადგილი ძველი ფარეხებით, სადაც სასწრაფო დახმარების ცენტრის ახალი შენობა უნდა აშენდეს [ზემოთ] და ცენტრის ახალი შენობის რენდერი [ქვემოთ]/პროექტიდან
ტენდერს თან ახლავს პროექტი, რომლის მიხედვითაც ახალი, ერთსართულიანი შენობა აშენდება.
„პროექტის მიზანია მოეწყოს დანიშნულების შესაბამისი ახალი თანამედროვე შენობა, შესაბამისი კაბინეტებით და სათავსოებით, საკვანძოებით, მათ შორის, შშმ პირთათვის. დაგეგმილია ეზოს კეთილმოწყობა, ლითონის ღობე, ხიმშიაშვილის ქუჩიდან მოეწყობა საავტომობილო პარკინგი“, – აღნიშნულია პროექტში.
წინადადებების მიღება ტენდერში 30 იანვარს დაიწყება და 4 თებერვალს დასრულდება. მშენებლობა 2022 წლის პირველი აპრილიდან უნდა დაიწყოს და 200 დღეში დასრულდეს.

სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩა ხულოში / ადგილი [მარცხნივ], სადაც სასწრაფო სამედიცინო ცენტრის ახალი შენობა აშენდება.