მთავარი,სიახლეები

მსოფლიოს 10 უმდიდრესი ადამიანის ქონება პანდემიის დროს გაორმაგდა – „ოქსფამი“

17.01.2022
მსოფლიოს 10 უმდიდრესი ადამიანის ქონება პანდემიის დროს გაორმაგდა – „ოქსფამი“

საერთაშორისო ორგანიზაცია „ოქსფამის“ ცნობით, პანდემიამ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები  კიდევ უფრო გაამდიდრა და მეტი ადამიანი გააღარიბა.

კერძოდ, მსოფლიოს ათმა უმდიდრესმა ადამიანმა პანდემიის პირველი ორი წლის განმავლობაში გააორმაგა თავისი ქონება 700 მილიარდი დოლარიდან 1.5 ტრილიონ დოლარამდე (ეს არის 15 000$ წამში ან $1.3 მილიარდი დღეში), ამის პარალელურად, კაცობრიობის 99%-ის შემოსავლები შემცირდა და 160 მილიონზე მეტი ადამიანი გაღარიბდა.

ამის შესახებ „ოქსფამის“ ახალ ანგარიშში ვკითხულობთ. ორგანიზაცია უთანასწორობის შესახებ ანგარიშის გამოქვეყნებას ყოველწლიურად ამთხვევს დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის საწყის პერიოდს, რათა მიიქციოს ეკონომიკური, ბიზნეს და პოლიტიკური ელიტების ყურადღება.

„თუ ეს ათი ადამიანი ხვალ დაკარგავს თავისი სიმდიდრის 99.999 პროცენტს, ისინი მაინც იქნებიან ამ პლანეტაზე მცხოვრები ადამიანების 99 პროცენტზე მდიდარი. მათ ახლა ექვსჯერ მეტი სიმდიდრე აქვთ, ვიდრე ყველაზე ღარიბ 3,1 მილიარდ ადამიანს“ – თქვა Oxfam International-ის აღმასრულებელმა დირექტორმა გაბრიელა ბუჩერმა. 

Forbes-ის მონაცემებით, მსოფლიოს 10 უმდიდრესი ადამიანია: ელონ მასკი, ჯეფ ბეზოსი, ბერნარ არნო და ოჯახი, ბილ გეითსი, ლარი ელისონი, ლარი პეიჯი, სერგეი ბრინი, მარკ ცუკერბერგი, სტივ ბალმერი და უორენ ბაფეტი.

ახალ პრესრელიზში -„უთანასწორობა კლავს“, რომელიც დღეს, 17 იანვარს, გამოქვეყნდა, წერია, რომ მილიარდერების ქონება COVID19-ის დაწყების შემდეგ ყველაზე მეტად გაიზარდა ბოლო 14 წლის განმავლობაში, $5 ტრილიონი დოლარით – ეს არის მილიარდერების სიმდიდრის ყველაზე დიდი ზრდა, რაც კი ოდესმე დაფიქსირებულა.

BBC წერს, რომ მართალია, უმდიდრესი ადამიანების ქონება მთლიანობაში 700 მილიარდი დოლარიდან 1,5 ტრილიონ დოლარამდე გაიზარდა, მნიშვნელოვანი სხვაობაა უშუალოდ მათი გამდიდრების მაჩვენებლებშიც, მაგალითად, ილონ მასკის ქონება 1000%-ზე მეტით გაიზარდა, ხოლო ბილ გეიტსის უფრო მოკრძალებული – 30%-ით.

„ოქსფამის“ გათვლით, ერთჯერადი, 99%-იანი გადასახადი ათი უმდიდრესი კაცის მოგებიდან უზრუნველყოფდა:

  • მსოფლიოსთვის საკმარისი ვაქცინების დამზადებას
  • საყოველთაო ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის უზრუნველყოფას, კლიმატის ადაპტაციის დაფინანსებასა და გენდერული ძალადობის შემცირებას 80-ზე მეტ ქვეყანაში.

„ჩვენს ეკონომიკას ძალიან სერიოზული ხარვეზი აქვს” – აღნიშნა Oxfam-ის ბრიტანეთის ოფისის აღმასრულებელმა დირექტორმა დენი სრისკანდარაჯამ.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ მსოფლიოს ორი უმსხვილესი ეკონომიკის ქვეყანა – აშშ და ჩინეთი იწყებენ უთანასწორობის შემცირების პოლიტიკის განხილვას, მათ შორის, მდიდრებისთვის უფრო მაღალი გადასახადების დაწესებით და მონოპოლიების წინააღმდეგ ზომების მიღების გზით.

„ეს გვაძლევს გარკვეულ იმედს ახალი ეკონომიკური კონსენსუსის გაჩენის შესახებ“ – ამბობს Oxfam International-ის აღმასრულებელი დირექტორი გაბრიელა ბუჩერი.

______________________

ფოტოზე: მსოფლიოს ოთხი ყველაზე მდიდარი ადამიანი და ბავშვი ქაბულიდან.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: