მთავარი,სიახლეები

ქართველი „ელფების“ გამოგონება – ვინ წავა NASA-ს საზაფხულო ბანაკში

17.01.2022 • 2644
ქართველი „ელფების“ გამოგონება – ვინ წავა NASA-ს საზაფხულო ბანაკში

„ათასწლეულის ინოვაციის“ 2021 წლის კონკურსი დასრულდა. კონკურსის მთავარი პრიზი – ამერიკის შეერთებულ შტატებში, NASA-ს საზაფხულო ბანაკში წასვლა გუნდმა „ელფებმა“ მოიპოვა.

„ელფების“ პროექტი კარბონის ნანობოჭკოების გამოყენებით დაბალ ძაბვაზე მომუშავე ჰაერის იონიზატორის გაუმჯობესებული ვერსიის შექმნა იყო, რომელიც ჰაერს ბაქტერიების, სპორების, ვირუსებისა და მტვრის ნაწილაკებისგან წმენდს. 

„ათასწლეულის ინოვაციის“ კონკურსის პირველ ადგილზე გასულ გუნდს 5 წევრი ჰყავს, მათგან 2 სტუდენტი, 3 კი თბილისის სხვადასხვა სკოლის უფროსკლასელია. გუნდის წევრებმა ერთმანეთი „ელფების“ მენტორის, ფიზიკოს თეიმურაზ ჩიჩუას დახმარებით გაიცნეს. ის შემდეგ გუნდს იდეების დახვეწასა და განვითარებაში ეხმარებოდა. 

„ელფების“ სამუშაო სივრცე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი იყო, სადაც გუნდი დღის მეორე ნახევარში მენტორთან ერთად ყოველდღე იკრიბებოდა და პროექტზე მუშაობდა. 

„ელფების“ გუნდის ერთ-ერთი წევრი, სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-ჯესსის მე-11 კლასის მოსწავლე, მარიამ მიქაძე ამბობს, რომ პროექტის იდეის წყარო კოვიდპანდემია გახდა. 

„ვირუსებთან ბრძოლა ყოველთვის აქტუალური იყო, მაგრამ კოვიდპანდემიამ ეს თემა პრიორიტეტებში პირველ ადგილას მოაქცია და ჩვენი პროექტის იდეის დაბადებაც კოვიდპანდემიამ გამოიწვია. მზადება „ათასწლეულის ინოვაციის“ კონკურსისთვის მაშინვე დავიწყეთ, როცა კონკურსის შესახებ გავიგეთ. კონკურსი სამი ეტაპისგან შედგებოდა და ნამდვილად არ იყო მარტივი.

„ელფების“ შექმნილი იონიზატორის დანიშნულება  დახურულ სივრცეში ჰაერის მაქსიმალურად  გაწმენდაა. იონიზატორი გათვლილია ოფისებისთვის, აუდიტორიებისთვის და ა.შ. ჩვენი შექმნილი იონიზატორი გაცილებით დახვეწილია სხვა იონიზატორებთან შედარებით. „ელფების“ იონიზატორამდე შექმნილი იონიზატორები მაღალ ძაბვაზე მუშაობდნენ“, – ამბობს მარიამ მიქაძე.

მარიამის თქმით, „ათასწლეულის ინოვაციის“ კონკურსში გამარჯვება  „ელფების“ წევრებისთვის მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან პროექტზე თავდაუზოგავად მუშაობდნენ და ძალიან დიდ დროსაც უთმობდნენ. 

პროექტზე მუშაობის განმავლობაში გუნდმა „ელფებმა“ რამდენიმე ექსპერიმენტი ჩაატარა პროექტის დახვეწის მიზნით. კვლევის შედეგების დადასტურებისთვის კვლევები ლუგარისა და სხვა კვლევის ცენტრებშიც გააგზავნეს. 

„იონიზატორის მუშაობის გასატესტად ხელოვნურად შევქმენით ყუთი, რომელშიც ჰაერი დავაბინძურეთ და ჩვენ მიერ შექმნილი იონიზატორი მოვათავსეთ. ჰაერის ხარისხის მაჩვენებელმა აპარატმა აჩვენა, რომ ჩვენი იონიზატორის წყალობით საგრძნობლად  გაიწმინდა ჰაერი დამაბინძურებლებისგან. 

მარიამ მიქაძე

კონკურსის  ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა, საქპატენტის გამოგონებისა და ახალი ჯიშების დეპარტამენტის უფროსმა, მერაბ კუციამ გვითხრა, რომ ჩვენი პროექტი პირველადი განაცხადით პატენტუნარიანია, რაც გუნდის წევრებს ძალიან გვახარებს“, – ამბობს მარიამი.

„ბათუმელებთან“ „ელფების“ წევრი, მარიამ მიქაძე აღნიშნავს, რომ მისთვის და გუნდის დანარჩენი წევრებისთვის NASA-ს საზაფხულო ბანაკში წასვლა უმთავრესად პრაქტიკულ ნაწილში ჩართვის შესაძლებლობის გამოა მნიშვნელოვანი. 

„თეორიულად ბევრი რამ ვიცით, რისი პრაქტიკაში განხორციელების შესაძლებლობაც აქამდე არ გვქონია. NASA-ს საზაფხულო სკოლაში პრაქტიკულ ნაწილში ჩართვას შევძლებ. NASA-ს კოსმოსურ ცენტრში მოხვედრა არარეალურ ამბავს ჰგავს და სასწაულ ამბებს ველოდებით. იმ კურსებსა და ცდებს გავივლით, რასაც ასტრონავტები გადიან ”, – გვითხრა მარიამმა.

„ელფები“ ამ ეტაპზე ახალ პროექტზე არ მუშაობს, თუმცა სამომავლოდ საერთაშორისო პროექტებზე მუშაობას გეგმავს. 

კონკურსი „ათასწლეულის ინოვაცია“ პირველად 2014 წელს ჩატარდა. კონკურსს ატარებს ათასწლეულის ფონდი, აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. მისი მიზანია უფროსკლასელებში ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების შექმნის წახალისება და დაინტერესების გაზრდა საბუნებისმეტყველო-საინჟინრო (STEM) დარგების მიმართ. კონკურსში დღეისათვის 2 000-ზე მეტ მოსწავლეს აქვს მონაწილეობა მიღებული.

2021 წლის კონკურსის ფინალურ ტურში სულ 11 გუნდი მონაწილეობდა.

___

მთავარი ფოტო: „ელფები“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: