„აქციაზე დაკავებული ელგუჯა ბაგრატიონი მარნეულში გადაიყვანეს წინასწარი დაკავების იზოლატორში, ბონდო თედორაძე – ხაშურში, სხვები თბილისში არიან,“ – ამბობს მირდატ ქამადაძე, ბათუმის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან თბილისში, სუს-ის შენობის წინ დაკავებულ ბათუმელ ოპოზიციონერებზე.
თბილისში საპროტესტო აქციაზე დღეს, 10 ნოემბერს, სულ 46 პირი დააკავეს ადმინისტრაციული წესით, მათ შორის, 11 ბათუმიდანაა. დაკავებულებს შორის არიან: აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ელგუჯა ბაგრატიონი, ქობულეთის მერობის კანდიდატი ოპოზიციური ერთობიდან ბონდო თედორაძე, ქობულეთის საკრებულოს ახალი მოწვევის წევრი ენმ-დან ლაშა კომახიძე, ასევე ბათუმის საკრებულოს ახალი მოწვევის წევრები ენმ-დან: მამუკა ქობულაძე, ალექსანდრე ვარშალომიძე და ბაჩი მექვაბიშვილი.
დაკავებულია მურმან დუმბაძეც, ვისზეც ოპოზიციას ამ დრომდე არ აქვს ინფორმაცია, თუ რომელ იზოლატორშია მოთავსებული.
„ჩვენი ვარაუდით გადაიყვანეს ეს ადამიანები მარნეულსა და ხაშურში უადგილობის გამო, როცა ასეთ რეპრესიებს აწყობ და ამდენ ადამიანს აკავებ ერთად, ადგილები არ ეყოთ. იზოლატორში ხომ სხვა საქმეებზე დაკავებულებიც არიან,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ მირდატ ქამადაძე. მისი თქმით, ჯერ არ არის გადაწყვეტილი, როდის გაიმართება აქციაზე დაკავებულების სასამართლო პროცესი.
___
დღეს 10 ნოემბერს 11:00 საათზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ოპოზიციამ საპროტესტო აქცია გამართა. ისინი ამბობდნენ, რომ მათი მთავარი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაა, თუმცა, ოპოზიციონერ დეპუტატებს ასევე უნდოდათ სუს-ის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა.
აქციის დაწყებიდან მალევე პოლიციამ მოქალაქეების დაკავება დაიწყო, ჯამში დააკავა 46 ადამიანი. შსს თქმით, შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონით აკრძალულია “ადმინისტრაციული ორგანოების შენობების შესასვლელების ბლოკირება და მათი საქმიანობის შეფერხება”.
აქციის მონაწილეები ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ციხის საავადმყოფოდან მრავალპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას ითხოვენ. სააკაშვილი უკვე 41 დღეა შიმშილობს.
მთავარი ფოტო: თბილისის აქციაზე დაკავებული ლაშა კომახიძე, ქობულეთის საკრებულოს წევრი და ბონდო თედორაძე
სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, წელს ქართული თხილის ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება.
ბოლო მონაცემებით, ყველაზე მეტი ქართული თხილი წელს იტალიაში (5 504 ტონა) და გერმანიაში (2,090 ტონა) გაიტანეს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1 აგვისტოდან 7 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში საქართველოდან სულ 12.4 ათასი ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 56.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
ევროკავშირის ქვეყნების გარდა ქართული თხილი ექსპორტზე გადის პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, ჩინეთში, ერაყში, საუდის არაბეთში, მექსიკაში, არგენტინაში და ა.შ. მეზობელი ქვეყნებიდან წელს ყველაზე მეტი – 719 ტონა თხილი სომხეთის რესპუბლიკაში გაიტანეს.
სააგენტოს ინფორმაციით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული თხილის მოცულობა 3.5 ათასი ტონით (39%), ხოლო ღირებულება – 7.0 მლნ აშშ დოლარით (14%) გაიზარდა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აჭარის უმაღლეს საბჭოში ბოიკოტს იწყებს. ამის შესახებ დღეს 10 ნოემბერს გავრცელა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ განცხადება.
„უმაღლესი საბჭოს ფრაქცია – „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა წევრი გადავდივართ ბოიკოტის რეჟიმზე. რაც იმას ნიშნავს, რომ ფრაქციის წევრები უარს ვაცხადებთ პლენარულ, ბიუროს და კომიტეტის სხდომებში მონაწილეობის მიღებაზე“ – ნათქვამია განცხადებაში, რომლითაც დღეს მიმართა ფრაქციამ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს.
აღნიშნული ფრაქციის თავმჯდომარე ელგუჯა ბაგრატიონი ასევე ფეისბუკზე ავრცელებს განცხადებას, სადაც წერს, რომ ამ გადაწყვეტილების მიზეზი სახელისუფლებო ინსტიტუციების მიტაცებაა ოლიგარქის მიერ.
„ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარეობს პოლიტიკური ნიშნით სისხლის სამართლებრივი დევნა. მას არ ეძლევა სამართლიანი სასამართლოს უფლება. რისკის ქვეშ არის მისი ჯანმრთელობა, როცა ხელისუფლება უარს აცხადებს კანონმდებლობის შესაბამისად მისთვის სამედიცინო მომსახურების მიწოდებაზე სამედიცინო დაწესებულებაში.
ჩვენ კარგად ვნახეთ თუ რა ვითარებაში ჩატარდა 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველი და მეორე ტური. სახელისუფლებო გუნდმა სრულ ტერორში აცხოვრა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა, მთელი საარჩევნო პერიოდი მიდიოდა ამომრჩევლების დაშინება, მოსყიდვა, სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დაშინება სოციალური დახმარების მოხსნის მუქარით, საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირებზე მუქარა სამსახურიდან დათხოვნის მუქარით თუ მათი ოჯახის წევრები აქტიურად არ ჩაერთვებოდნენ სახელისუფლებო პარტიის მხარდაჭერაში, ზეწოლა კერძო სექტორზე კომპანიების ხელმძღვანელები მუქარით აიძულებდნენ დასაქმებულ პირებს ჩართულიყვნენ სახელისუფლებო კანდიდატების მხარდასაჭერად.
ადგილი ჰქონდა ე.წ. კრიმინალების ჩართვას საარჩევნო პროცესში. მათ მიეცათ სადამკვირვებლო ორგანიზაციის მოწმობები და ქუჩიდან გადაინაცვლეს საარჩევნო უბნებზე. საარჩევნო კომისიებში თითქოსდა ნეიტრალური წევრებად დანიშნეს ქართული ოცნების აგიტატორები, რეალურად ხელისუფლებაში მყოფმა პირებმა არჩევნები მოიპარეს და ხალხს წაართვეს თავისუფალი არჩევანის უფლება.
აღნიშნულიდან გამომდინარე მიმაჩნია, რომ ჩვენ ფრაქცია უნდა გადავიდეს ბოიკოტის რეჟიმში, რადგან სახელმწიფოს მართვის სამივე შტო საკანონმდებლო – აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება მიიტაცა ერთმა ოლიგარქმა, შესაბამისად მიმაჩნია ბოიკოტი და პროტესტი არის ერთადერთი გამოსავალი ხალხს დაუბრუნდეს არჩევანის, არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილების უფლება და შესაძლებლობა“ – ვკითხულობთ უმაღლესი საბჭოს წევრის განცხადებაში.
ცნობილი გერმანელი ვირუსოლოგის, კრისტიან დროსტენის თქმით, გერმანიაში არსებული რეგულაციები არ არის საკმარისი კოვიდით ინფიცირებულების რაოდენობის შესამცირებლად. მისი პროგნოზით, ვირუსით კიდევ 100 000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვლება, თუ აცრების რაოდენობა არ მოიმატებს.
ინფიცირების შემთხვევების სწრაფი მატებიდან გამომდინარე, ვირუსოლოგი კრისტიან დროსტენი გვაფრთხილებს, რომ ზამთარში სავარაუდოდ ახალი შეზღუდვების დაწესება გახდება საჭირო. ამის შესახებ გერმანული მედია ავრცელებს ინფორმაციას. ბერლინის Charité-ს მთავარი ვირუსოლოგი პოდკასტში ამბობს, რომ გერმანიაში დაძაბულ ზამთარს ელის, ახალი შეზღუდვებით.
დროსტენის თქმით, მოკლევადიან პერსპექტივაში უნდა განიხილონ ზომები, „რომლებიც გვეგონა, რომ წარსულს ჩავაბარეთ“.
ვირუსოლოგის თქმით, ტესტირებული ადამიანები მარტივად შეიძლება დაინფიცირდნენ კოვიდით კაფე-ბარებში, კინოთეატრებში და ა.შ., რადგან იქ სხედან დაინფიცირებული ადამიანებიც, რომლებმაც არ იციან, რომ კოვიდი აქვთ.
ვირუსოლოგის თქმით, ამის მიზეზი აცრილთა დაბალი რაოდენობაა – ამჟამად გერმანიაში მოსახლეობის მხოლოდ 67,2 პროცენტია აცრილი. მისი თქმით, მოსახლეობა სრულად უნდა აიცრას, გარდა ამისა, იდეალური მიზანი იქნებოდა მთელი სამჯერადად აცრა კოვიდზე.
კრისტიან დროსტენმა თავის პოდკასტში ისაუბრა სიკვდილის მაჩვენებლის ზრდაზე. ვირუსოლოგის თქმით, „უკიდურესად მოზომილი პროგნოზების“ თანახმადაც კი ვარაუდობენ, რომ გერმანიაში კიდევ 100 000 ადამიანი შეიძლება გარდაიცვალოს კოვიდით.
„ამას უნდა ველოდოთ, თუ მომდევნო შემოდგომისთვის საკმარისი ადამიანები არ აიცრებიან“, – განმარტა დროსტენმა. მან დასძინა, რომ განსაკუთრებით ხანდაზმულებს სჭირდებათ ბუსტერ ვაქცინაციით დაცვა.
გერმანიაში კორონავირუსმა ამ დროისთვის უკვე იმსხვერპლა 97 244 ადამიანი.
9 ნოემბერს აღმოსავლეთ თურქეთში, ქალაქ მალათიაში, ორსართულიანი შენობა ჩამოინგრა.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა შენობის ნანგრევებიდან 13 ადამიანის გადარჩენა შეძლო, 8 ადამიანმა კი საკუთარი ძალებით მოახერხა ნანგრევებიდან თავის დაღწევა.
ადგილზე 260 მაშველი მუშაობდა.
თურქული მედიის ცნობით, შენობა დაინგრა სარემონტო სამუშაოების დროს – დაზიანდა კედელი, რომელიც ყოფდა ორ რესტორანს პირველ სართულზე.
ქუჩის ვიდეოკამერებიდან ამოღებული ჩანაწერებიდან ჩანს, რომ შენობა მოულოდნელად დაიშალა, შენობის წინ გაჩერებული ავტომობილი სიჩქარით დაიძრა, გამვლელები კი ნანგრევებში ჩარჩენილთა დასახმარებლად მირბოდნენ.
თურქული მედიის ცნობით, შენობის ჩამონგრევის შემდეგ 4 პირი დააკავეს. პირველადი ინფორმაციით, შენობის ჩამონგრევის მიზეზი უნებართვო სარემონტო სამუშაოები გახდა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის განცხადებით, ვაშინგტონი „ახლოდან აკვირდება“, თუ როგორ ეპყრობიან ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს.
როგორც პრაისმა აღნიშნა, სახელმწიფო დეპარტამენტი მთავრობას მოუწოდებს, სააკაშვილის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის დაცვისა და მისდამი სამართლიანი მოპყრობისკენ.
„[სააკაშვილის] დაპატიმრებიდან მოყოლებული ახლოდან ვაკვირდებით სიტუაციას და სააკაშვილისადმი მოპყრობას, მათ შორის სახალხო დამცველის დღევანდელ განცხადებას, რომელიც შეწუხებულია ბატონი სააკაშვილის პატიმრობის პირობების გამო. ამ განცხადების ფონზე, მოვუწოდებთ საქართველოს, დაუყონებლივ გადადგას ნაბიჯები სააკაშვილის ფსიქოლოგიური და ფიზიკური საჭიროებების დაკმაყოფილების უზრუნველყოფისთვის.
კვლავ მოვუწოდებთ მთავრობას, ღირსებით და სამართლიანად მოექცეს სააკაშვილს საერთაშორისო სტანდარტების და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
როგორც ჩვენ ვიცით, კანონმდებლობის თანახმად, მთავრობის პასუხისმგებლობაა პატიმრების ძალადობისგან დაცვა, მათ შორის ფსიქოლოგიური ძალადობისგან, და ადეკვატური ჯანდაცვისა და ჯანმრთელობის შესახებ პირადი ინფორმაციის დაცვის უზრუნველყოფა“, — განაცხადა პრაისმა 9 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე.
მიხეილ სააკაშვილი პირველი ოქტომბრიდან, დაკავების დღიდან, უკვე მე-40 დღეა ციხეში შიმშილობს. მთავრობა ამ დრომდე უარს აცხადებს სააკაშვილის სამოქალაქო ტიპის საავადმყოფოში გადაყვანაზე. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი თავისი ნების საწინააღმდეგოდ 8 ნოემბერს გადაიყვანეს გლდანში, სასჯელაღსრულების მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში.
სახალხო დამცველის თქმით, აღნიშნულ დაწესებულებაში არსებული ვითარება სრულად ისევ არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ დასკვნებსა და რეკომენდაციებს.
სინოპტიკოსების ცნობით, პარასკევს, 12 ნოემბერს ბათუმში გამოიდარებს.
აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 11 ნოემბრის 21 საათიდან 12 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება:
დღისით: 12 – 17 გრადუსი
ღამით: 5 – 10 გრადუსი
მაღალ მთაში მოსალოდნელია:
დღისით: 0- 5 გრადუსი
ღამით: 0- 2 გრადუსი ყინვა
სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 12-13 ნოემბერს, აჭარაში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.
საპროტესტო აქციაზე თბილისში დააკავეს ბათუმელი ოპოზიციონერებიც: მურმან დუმბაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ელგუჯა ბაგრატიონი, ქობულეთის მერობის კანდიდატი ოპოზიციური ერთობიდან ბონდო თედორაძე, აქტივისტი ლაშა კომახიძე, „ალტერნატივის“ წევრი ავთანდილ სურმანიძე.
დღეს, 10 ნოემბერს, სუს-ის შენობის წინ საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით პოლიციელებმა სულ 46 პირი დააკავეს.
„კობა ხაბაზის დაკავებაც უნდოდათ, მაგრამ არ გავატანეთ, არ მივეცით ამის საშუალება,“ – ამბობს ხათუნა ბერიძე, ორგანიზაცია „ალტერნატივას“ ხელმძღვანელი, რომელიც ასევე საპროტესტო აქციის მონაწილეა.
ხათუნა ბერიძის თქმით, ამჯერად ოპოზიციის მხარდამჭერები მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით აქციას პირველ საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოსთან გამართავენ.
დღეს, 10 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმის განხილვა იწყება.
ბათუმის მერობის კანდიდატის, გიორგი კირთაძის თქმით, თბილისში ორგანიზებულ საპროტესტო აქციებზე ბათუმიდან 5 ათასზე მეტი ადამიანი წავიდა. აქციის მონაწილეები ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ციხის საავადმყოფოდან მრავალპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას ითხოვენ. სააკაშვილი უკვე 41 დღეა შიმშილობს.
2021 წლის ნოემბრის პირველ 10 დღეში საქართველოში კოვიდით 617 ადამიანი გარდაიცვალა.
კოვიდით გარდაცვლილების რაოდენობა ფაქტობრივად ყოველ დღე იზრდება. ბოლო 10 დღის განმავლობაში გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა დღეს, 10 ნოემბერს, დაფიქსირდა – ბოლო 24 საათში კორონავირუსით 78 ადამიანი გარდაიცვალა.
კორონავირუსით გარდაცვალების სტატისტიკა ბოლო 10 დღის განმავლობაში ასეთია:
გარდაცვალების სტატისტიკის ზრდის პარალელურად არ იკლებს კოვიდის ახალი შემთხვევების რაოდენობა. ბოლო ათი დღის განმავლობაში კოვიდის ყველაზე მეტი, 6024 ახალი შემთხვევა 3 ნოემბერს დადასტურდა. პირველი ნოემბრიდან დღემდე დღეში საშუალოდ კოვიდით ინფიცირების 4-5 ათასი ახალი შემთხვევაა. გამონაკლისია შაბათ-კვირა, როცა ახალი შემთხვევების რაოდენობა ჩვეულებრივ იკლებს, რაც მიმართვიანობის კლებასთანაა დაკავშირებული.
ყველა მონაცემი მიუთითებს, რომ საქართველო კორონავირუსის მეხუთე ტალღაში იმყოფება, რომელიც იმაზე ადრე დაიწყო, ვიდრე სპეციალისტები ვარაუდობდნენ. საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე ვარაუდობდა, რომ კოვიდის მეხუთე ტალღა ნოემბრის ბოლოს იყო მოსალოდნელი, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია კი აცხადებდა, რომ კოვიდის მორიგი ტალღა მოსალოდნელი იყო ახალი წლის შემდეგ.
კოვიდის მეოთხე ტალღა საქართველოში 2021 წლის ივლის-აგვისტოში იყო. მაგალითად, 20 ივლისს, როცა საქართველოში კოვიდის 2 616 ახალი შემთხვევაიყო, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა განაცხადა, რომ „გადავედით წითელ ზონაში“და საჭირო იყო ვაქცინაციის ტემპის დაჩქარება და პირბადის აუცილებლად ტარება.
ამ განცხადების დროს საქართველოში დადებითობის დღიური მაჩვენებელი 7.19 პროცენტი იყო. დღეს, 10 ნოემბერს, საქართველოში დადებითობის დღიური მაჩვენებელი 10.08 პროცენტია.
ამ მონაცემების პარალელურად, საქართველოში კოვიდით ვაქცინაციის დონე დრამატულად დაეცა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ამჟამად ოთხი სხვადასხვა ვაქცინაა: „ფაიზერი“, „ასტრაზენეკა“, „სინოვაკი“ და „სინოფრამი“, პირველი ნოემბრიდან დღემდე ქვეყანაში არ ჩატარებულა დღეში 7 ათასზე მეტი აცრა კოვიდზე – ათი დღის განმავლობაში, ყველაზე მეტი – 6976 აცრა 9 ნოემბერს ჩატარდა, მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ 200 ლარს გადაუხდის ყველა პენსიონერს, რომელიც იანვრამდე აიცრება.
დღევანდელი, 10 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 052 313 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 37.0 %, სრულად ვაქცინირებულია 954 991 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 33.4%.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განცხადებით, ერთადერთი გზა, რომელიც შეამცირებს კორონავირუსის ახალ შემთხვევებსა და კოვიდით გარდაცვალების სტატისტიკას, ვაქცინაციადა პირბადის ტარებაა, თუმცა ვაქცინაციის ტემპთან ერთად საქართველოში ნიღბების ტარების მაჩვენებელიც 35 პროცენტამდე დაეცა. შედარებისთვის, 2021 წლის მარტის ბოლოსა და აპრილის დასაწყისში, ქვეყანაში ნიღბების ტარების მონაცემი 77 პროცენტი იყო.
მეჩვიდმეტე უკანონო სართულის მშენებლობისა და სხვა სანებართვო პირობების დარღვევის გამო შპს „ამბასადორი ბათუმი“ სასამართლომ 10 000 ლარით დააჯარიმა. კომპანია ბათუმის ბულვარში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ტერიტორიაზე სასტუმრო კომპლექსს აშენებს. შეთანხმებული სანებართვო პირობების დარღვევის გამო კომპანიის დაჯარიმებას ნებართვის გამცემი ორგანო – აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო ითხოვდა.
ბათუმის ბულვარში შპს „ამბასადორი ბათუმის“ უკვე აშენებული სასტუმრო კომპლექსის შესაბამისობა დამტკიცებულ პროექტთან აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს სამუშაოების მიმღებმა კომისიამ 2021 წლის 20 სექტემბერს შეამოწმა.
სააგენტოს კომისიამ მიმდინარე მშენებლობის საპროექტო დოკუმენტაციასთან შეუსაბამობა გამოავლინა.
ოქმის მიხედვით, რომელიც კომისიამ შეადგინა, მე-14 სართული შეთანხმებულთან შედარებით ზუსტად 1.97 მეტრით არის გაზრდილი სიმაღლეში, მე-15 სართული – 0.32 მეტრით. მე-17 სართული კი [რომელსაც სააგენტო ოქმში ტექნიკურ სართულს უწოდებს] 1.77 მეტრით გაუზრდიათ სიმაღლეში.
გარდა ამისა, კომისია დამატებით შეუთანხმებელი კოლონების ჩამოსხმასა და აუზის ადგილის ცვლილებაზე მიუთითებს.
საბოლოოდ კი ოქმის შემაჯამებელ, დასკვნით ნაწილში კომისია წერს:
„განსხვავდება როგორც სართულების სიმაღლე, ასევე მათი განთავსების ნიშნულები. არსებული მდგომარეობით შენობის დასხმის უმაღლესი ვერტიკალური ნიშნული პროექტთან შეუსაბამოა და ნაცვლად 61.05 მეტრისა, წარმოადგენს 64,90 მეტრს.“
სასამართლოსთვის მიმართვამდე სააგენტომ კომპანია წერილობით გააფრთხილა, სადაც გამოვლენილი დარღვევების გასწორება და მიმდინარე მშენებლობის პროექტთან შესაბამისობაში მოყვანა მოსთხოვა. გაასაჩივრებს თუ არა კომპანია სასამართლოს გადაწყვეტილებას, ამის შესახებ ჯერ არ ვიცით.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა „ამბასადორ ბათუმმა“ პროექტის პირობებს გადაუხვია, შემდეგ კი პროექტში შესაბამისი ცვლილება მოითხოვა და თანხმობაც მიიღო. ამჯერად კომპანიას პროექტში ცვლილების მოთხოვნით სააგენტოსთვის ჯერ არ მიუმართავს.
10 ნოემბერს, ერთი ან რამდენიმე პაკეტის არჩევისას, სილქნეტის მობილური ქსელის მომხმარებლები, მთელი თვით გაიაქტიურებენ სასურველ პირობას.
კომბინაციით *202# აბონენტები ჩაირთავენ
[checklist]
300 ლოკალურ წუთს – 5 ლარად
5 GB + 100 ლოკალურ წუთს – 7 ლარად
700 ლოკალურ წუთს – 9 ლარად
30 GB უსწრაფეს ინტერნეტს – 15 ლარად
[/checklist] პირობები:
აქციაში ჩართვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შეეძლებათ.
ერთზე მეტი პაკეტის შეძენის შემთხვევაში თითოეულს შეუნარჩუნდება ინდივიდუალური ვადა.
მეგაბაიტების ამოწურვის შემთხვევაში, პაკეტის ვადის ფარგლებში, 1მბ-ის ფასი შეადგენს 0.15 ლარს.
*წუთები არ ვრცელდება გლობალსელის, ასანეტის და სპეც. დანიშნულების ნომრებზე.
თვალი ადევნეთ კომპანიის facebook და Instagram გვერდებს. ასევე, სილქნეტის ოფიციალურ ვებ გვერდს www.silknet.com, სადაც ერთი დღით ადრე დაანონსდება „სილქფესტის“ აქციები.
10 ნოემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 5751 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
გასულ 24 საათში 78 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 751 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 2 012 შემთხვევა, აჭარაში – 210, იმერეთში – 1 049, ქვემო ქართლში – 474, შიდა ქართლში – 550, გურიაში – 124, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 377, კახეთში – 548, მცხეთა-მთიანეთში – 140, სამცხე-ჯავახეთში – 210, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 57.
9 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.08%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.95% ხოლო 7 დღის მანძილზე – 10.41%.
ბათუმში, ევროპის მოედანზე, ისტორიული შენობების ფოტოები გამოფინეს. აქ მოსულ დამთვალიერებელს დარჩა შთაბეჭდილება, რომ გამოფენა სხვა ქალაქის ფოტოებსაც აერთიანებდა, სინამდვილეში კი ასე არ ყოფილა.
„ვუხსნიდი, რომ დიახ, ეს ბათუმია და ასეთი განაშენიანება გვქონდა“, – გვიყვება აზა გაბუნია, ავტორი პროექტისა – „გაიგე ბათუმზე მეტი“. ისტორიული შენობების ფოტოგამოფენა ბათუმში მეორე აქტივობაა, რაც ამ პროექტის ფარგლებში დაიგეგმა.
„პროექტი ხორციელდება მცირე გრანტის ფარგლებში. მისი მიზანია ცნობიერების ამაღლება და აქტივიზმის გაძლიერება. ეს მეორე ღონისძიებაა. წინა იყო ბეტონის კედლის ინსტალაცია. ძირითადად გამოფენილია მეცხრამეტე საუკუნის შენობები, ზოგიერთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, ზოგი აღარც არის შენარჩუნებული. ბევრს კი იერ-სახე აქვს მკვეთრად შეცვლილი. ჩვენი მიზანი იყო შეგვეხსენებინა აქ გამვლელებისთვის, თუ როგორი განაშენიანება ჰქონდა ამ ქალაქს“, – ამბობს აზა.
ინსტალაცია – „ქალაქი ბეტონის ყუთში“ ბულვარში, კოლონადების გვერდით, 10 ოქტომბერს განათავსეს. ავტორების განმარტებით, პერფორმანსი გამოხატავდა დღევანდელი ბათუმის მდგომარეობას – იმას, თუ როგორ იკარგება სივრცეები და როგორ იქცა სამშენებლო ხმაური ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილად.
„საფრთხე ემუქრება სიცოცხლის უფლებას,“ – მიიჩნევს უფლებადამცველი ორგანიზაციის „უფლებები საქართველოს“ იურისტი, არჩილ ჩოფიკაშვილი. მას ვესაუბრეთ იმ უფლებებზე, რომელთა დარღვევაზეც სახალხო დამცველი საუბრობს და რასაც ხელისუფლება უარყოფს.
იურისტი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება თავისი განცხადებებით პოლიტიკურად პრობლემის გაუბრალოებას ცდილობს, მაგრამ ის პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა.
ბატონო არჩილ, ეთანხმებით იმ შეფასებებს, რომელთა მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილის მიმართ ირღვევა არაერთი უფლება, მათ შორის, კონვენციით გარანტირებული სიცოცხლის უფლება?
ვეთანხმები. რა თქმა უნდა, ასეა. სახალხო დამცველმა კვალიფიციურად გააკეთა ამ დარღვევების ჩამონათვალი. მთავარი მაინც არის შიმშილობის ნაწილი, რადგანაც არსებობს პატიმრის შიმშილობის კუთხით სპეციალური რეგულაციები და მისი დაცვა ევალება ხელისუფლებას, პენიტენციურ სამსახურს, რომ შენარჩუნდეს სიცოცხლის უფლება. ეს პასუხისმგებლობა აქვს ხელისუფლებას.
ამ მიდგომით კი, რასაც ახლა ვხედავთ, საფრთხე ემუქრება სიცოცხლის უფლებას.
კონვენციით გარანტირებული სიცოცხლის უფლება გულისხმობს იმას, რომ ადამიანმა უნდა მიიღოს სათანადო სამედიცინო სერვისები დროულად, კვალიფიციურად და ადეკვატურად.
რა ბერკეტი რჩება ამ უფლების დასაცავად? ხელისუფლება დღესაც ამბობს, რომ სააკაშვილი რიგითი პატიმარია და მის უფლებებს იცავს, როგორც სხვა პატიმრების.
სააკაშვილი არ არის ჩვეულებრივი პატიმარი, ძალიან დიდ დისკომფორტს უქმნის ხელისუფლებას მისი პატიმრობაში ყოფნა. მსგავსი განცხადებებით ხელისუფლება ცდილობს გააუბრალოოს საკითხი და მას დიდი მნიშვნელობა ჩამოაცილოს, მაგრამ ასე არ გამოდის და ვერც გამოვა. გონიერი გადაწყვეტილების მოძებნაა საჭირო.
ამ პროცესში მოხდა ილუსტრაცია – წინა ხელისუფლების დროს რა უხეში დარღვევებიც იყო, მათ შორის, ციხის შიგნით, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით სტანდარტის გაუარესება და უხეში მანიპულაციები სისხლის სამართალში, ამ ხელისუფლებამ ეს მახინჯი რეგულაციები ძალაში დატოვა.
სამართლებრივად არსებობს გარანტიები, რომ, მათ შორის, სიცოცხლის უფლება დაიცვან, მაგრამ ამ უფლებას სჭირდება შესრულება და რეალიზება აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან.
ევროსასამართლო რა ვადაში განიხილავს სააკაშვილის ადვოკატების მიმართვას დროებითი ღონისძიების გამოყენებაზე, რომ ის სამოქალაქო კლინიკაში დროულად გადაიყვანონ?
დარწმუნებული ვარ, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები გამოიყენებენ ამ შესაძლებლობას დროულად. ევროსასამართლოს თუკი დაარწმუნებს მომჩივანი მხარე მოთხოვნის კანონიერებაში, ერთ დღეში მიიღება გადაწყვეტილება, ანუ დროებითი ღონისძიებით დაავალებს სახელმწიფოს კონკრეტული აქტივობის განხორციელებას, რომ მოხდეს სიცოცხლის უფლების დაცვა.
ტრაილერზე შემოდებული ტომოგრაფიის აპარატი ამ პროცესში არის კარგი ილუსტრაცია იმისა, რომ პენიტენციური სისტემა არ არის მზად სამედიცინო მომსახურება გაუწიოს პატიმარს. ეს ასევე არის ილუსტრაცია იმისა, რომ ადამიანის უფლებების დაცვა არის სერიოზული პრობლემა.
სახალხო დამცველის თქმით, სააკაშვილი მოატყუეს და შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე გადაიყვანეს ე.წ. ციხის საავადმყოფოში. ეს რა ტიპის დარღვევაა? ასევე დადასტურდა, რომ იანვრიდან ამ დრომდე რუსთავის მე – 12 დაწესებულებიდან გლდანის ციხეში არავინ გადაუყვანიათ.
ეს არის დიაგნოზი ამ პროცესის – საჭირო პროცედურები არ არის ჩატარებული და ეს ყველაფერი კიდევ უფრო დიდ კითხვებს აჩენს.
პატიმრის გადაყვანა და გადმოყვანა არის ძალიან არაგამჭვირვალე პროცედურები, რაც საფუძველს იღებს, მათ შორის, წინა ხელისუფლების დროს. მაშინაც პატიმარს ისე დაატარებდნენ წინ და უკან, ვერავინ იგებდა, რატომ აკეთებდნენ ამას. ამ ხელისუფლებამაც იგივე პრაქტიკა აჩვენა. მთელი ამ სისტემის ერთ-ერთი ავტორი არის ყოფილი პრეზიდენტი, ეს არგუმენტიც გასაგებია, მაგრამ დაუშვებელია მისი ან ნებისმიერი პატიმრის მიმართ მსგავსი მოპყრობა.
ადამიანის უფლებების დაცვა გულისხმობს, ზოგადად, სამართლებრივი გარემოს შექმნას, რომლითაც ყველა ისარგებლებს და არა ჯუნგლური კანონები, როცა ვხედავთ, რომ შერჩევითი მართლმსაჯულება ზეიმობს. გამოდიან მართლმსაჯულების წარმომადგენლები და ქვებს, ჯოხებს ესვრიან საერთაშორისო საზოგადოებას. ვნახეთ მოსამართლეების განცხადებები და ისიც, თუ რამდენიმე გაემიჯნა ამას. ასეთი ქმედებებით შორს ვერავინ წავა – ძალიან ცუდი შედეგებით დასრულდება ეს ყველაფერი.
რაც შეეხება გლდანის დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას. ომბუდსმენის შეფასებით, ეს არის პატივის და ღირსების ვალდებულების დარღვევა.
ასეა და ეს ძალიან სახიფათო მოქმედებაა – გამოჩნდა, რომ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი, ორკესტრირებული მოქმედება და ეს მოაწყვეს პატივის და ღირსების შესალახად. ეს პირდაპირ იყო მიმართული ადამიანის დათრგუნვისკენ.
23-27 ნოემბერს ბათუმში მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო სტუდენტური ფესტივალი LemON-ი გაიმართება.
სტუდენტური ფილმების ფესტივალის ორგანიზატორი არტსაზოგადოება „ლიმონარიუმია“.
კინოფესტივალი 23 ნოემბრიდან 26 ნოემბრის ჩათვლით ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართება, სადაც, კოვიდ-რეგულაციებიდან გამომდინარე, დასწრებას მხოლოდ წინასწარ მოწვეული 32 სტუმარი შეძლებს. ხოლო 27 ნოემბერს სტუდენტური კინოფესტივალის დახურვის ცერემონიალი ბათუმის დრამატულ თეატრში გაიმართება.
კინოფესტივალის კონკურსში წარმოდგენილი იქნება ქართული, ფრანგული, ამერიკული, რუსული, უკრაინული და სხვა უცხოური კინოსკოლის სტუდენტთა მიერ გადაღებული მხატვრული, დოკუმენტური, ექსპერიმენტული და ანიმაციური 25 საკონკურსო ფილმი.
საკონკურსო პროგრამაში 7 ქართული ფილმია, მათგან ოთხ ფილმს თავად ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი წარადგენს.
უკვე შერჩეულია სტუდენტური ფილმების ფესტივალის საერთაშორისო ჟიური, რომლის წევრები იქნებიან: საქართველოდან – ნიკა აბრამიშვილი, საფრანგეთიდან – შიმა მონფერედი, პოლონეთიდან – მაციეჟ გილი, უკრაინიდან – ოლეს იანჩუკი და თურქეთიდან – მეჰმედ ალი არსლანი.
ფესტივალის საპატიო სტუმრად მოწვეული იქნება ქართველი რეჟისორი ნანა ჯორჯაძე, რომელსაც გადაეცემა სპეციალური პრიზი განსაკუთრებული პედაგოგიური ღვაწლისთვის კინემატოგრაფში.
ბათუმის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალზე რამდენიმე ნომინაციაა დაწესებული: გრანპრი, საუკეთესო რეჟისურა, ჟიურის სპეციალური პრიზი, ჟიურის სპეციალური მოხსენება (დიპლომი), ჟიურის სპეციალური მოხსენება (დიპლომი) და ფესტივალის სპეციალური პრიზი განსაკუთრებული პედაგოგიური ღვაწლისთვის კინემატოგრაფში.
ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია მასტერკლასები კინო-ტელე და სამსახიობო ხელოვნების სპეციალობის სტუდენტებისათვის.
„არტსაზოგადოება – ლიმონარიუმი“, რომელიც სტუდენტური კინოფესტივალის ორგანიზატორია, ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებმა: ზურაბ ქავთარაძემ, მამუკა ჯორბენაძემ, ირაკლი კიკვაძემ, გიორგი გოგიბერიძემ და მამუკა ჩხიკვაძემ დააარსეს.
ორგანიზაცია რეგიონში საერთაშორისო კულტურული ღონისძიებების ორგანიზებაზე, სახელოვნებო განათლებასა და ხელოვანთა ხელშეწყობაზე გეგმავს მუშაობას.
„არტსაზოგადოება ლიმონარიუმის” ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა ჯორბენაძე „ბათუმელებთან“ ჰყვება:
„ერთხელაც მე, ზაზა ხალვაში და ზურა ქავთარაძე ვფიქრობდით ფესტივალის სახელწოდებაზე და ზაზამ ლიმონი შემოგვთავაზა, ჩვენ შევცბუნდით, მაგრამ მან განმარტა, რომ ლომონი სტუდენტივით მჟავეა და ამავე დროს, სასარგებლოო.
ამიტომაც, ფესტივალის სახელწოდება სიმბოლურია.”
ფესტივალის ბიუჯეტი 62 000 ლარს შეადგენს.
ღონისძიების დამფინანსებლები და მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურის სამინისტრო, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ბათუმის მერია და ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტი.
ორგანიზატორები გეგმავენ, რომ სტუდენტური კინოფესტივალი ბათუმში ყოველწლიურად გამართონ.
დღეს, 9 ნოემბერს, ბათუმში მყოფმა აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა, ქვეყანაში არსებულ პოლარიზებულ გარემოზე საუბრისას მმართველი პარტიის განსაკუთრებულ როლს გაუსვა ხაზი.
ელჩის თქმით, მმართველმა პარტიამ უნდა უზრუნველყოს ისეთი მმართველობა, რომლის პირობებშიც მედია და სამოქალაქო საზოგადოება შეძლებს საკუთარი საქმის უსაფრთხოდ შესრულებას.
„ყველას თავისი როლი აქვს შესასრულებელი ქვეყანაში იმ პოლარიზების განმუხტვაში, რომლის გამოც ეს ქვეყანა დიდი ხანია პარალიზებულია.
მმართველ პარტიას აქვს განსაკუთრებული როლი, მან უნდა უზრუნველყოს, რომ მედიამ და სამოქალაქო საზოგადოებამ შეძლონ საკუთარი საქმის უსაფრთხოდ შესრულება.
რა თქმა უნდა, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა იმუშაოს ერთად. ჩვენ ვიხილეთ, რომ პოლიტიკურ პარტიებს შეუძლიათ თანამშრომლობა.
ჩვენ ვნახეთ, როგორ იმუშავეს პარტიებმა ძალიან მნიშვნელოვანი საარჩევნო რეფორმის განხორციელებაზე, რომელმაც ცოტათი მაინც გააუმჯობესა ბოლო არჩევნები. მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი დარღვევაა და ეს იმის ინდიკატორია, რომ სამუშაო კიდევ შესასრულებელია. ეს საქმე პარტიების ერთობლივი მუშაობით უნდა შესრულდეს, მათი ამომრჩევლის, ქართველების ინტერესების გათვალისწინებით.
ვფიქრობ, თუ ქვეყნის ლიდერები წინ დააყენებენ ქვეყნის და ხალხის ინტერესებს, ეს იქნება პოლარიზაციის განმუხტვის დასაწყისი”, – თქვა კელი დეგნანმა.
მანდატურის სამსახური სკოლებში მედიაციის საპილოტე პროგრამას იწყებს. პროექტის მიზანი მოსწავლეებს შორის კონფლიქტის მოგვარებაა.
როგორც მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილე, ნინო შატბერაშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს, საქართველოში აქამდე არ არსებობდა სასკოლო მედიაციის პრეცედენტები.
„არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემაში გვაქვს ამის გამოცდილება, თუმცა სასკოლო სისტემაში – არა. გავწევრიანდი ევროპის სკოლის მედიატორთა სამუშაო ჯგუფში, რომელიც ევროპული ფორუმის ქვეშაა; მოვუსმინე ექსპერტებს მსოფლიოდან, ვისაც ძალიან დიდი გამოცდილება აქვს ამ მიმართულებით. შევქმენით შიდა ჯგუფი და დავიწყეთ მოკვლევა ტრენერებთან დაკავშირებით, ვინც გადაამზადებდა მედიაციის ჯგუფის წევრებს. ასე ავაგეთ კონცეფციის პირველი სამუშაო ვერსია“, – ამბობს შატბერაშვილი.
ნინო შატბერაშვილის თქმით, უკვე გაწერილია კონცეფცია და სამუშაო გეგმა.
როგორ მოქმედებს მედიაციის პროგრამა? – შატბერაშვილის განმარტებით, მედიაციის ჯგუფი მოქმედებას სკოლიდან მიღებული შეტყობინების საფუძველზე იწყებს.
„თუ სკოლაში ხდება კონფლიქტი, ამის თაობაზე ინფორმაციას გვაწვდის სკოლის დირექტორი ან მანდატური. პირველ რიგში, ვაფასებთ კონფლიქტს, თუ რა ტიპისაა. გამიჯნული გვაქვს, რომელია მაღალი ან დაბალი დონის რთული ქცევა. მაღალი დონის რთული ქცევა ნიშნავს, როცა ბავშვის ან მოზარდის ქმედება საფრთხეს უქმნის სხვა ბავშვებს; ასევე შეიძლება იყოს მკვეთრად გამოხატული ანტისაზოგადოებრივი ქმედებაც.
ასეთ შემთხვევაში სკოლა ბავშვს სთავაზობს მედიაციის პროცესში ჩართვას, რადგან ერთ სივრცეში უნდა დარჩნენ კონფლიქტში მყოფი ბავშვები. ზოგჯერ გამწვავებულია სიტუაცია და რამდენიმე ბავშვია ჩართული კონფლიქტში“.
პროექტში ჩართულია ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი და გეგმარებისა და ანალიზის სამმართველოს კოორდინატორები.
როგორც ნინო შატბერაშვილი ამბობს, პროექტში დეტალურად არის გაწერილი, ვინ როდის, რამდენ დღეში მიდის კონფლიქტის მონაწილეებთან, როგორ იქცევიან და ასე შემდეგ. მედიაციის პროცესში ბავშვის ჩართვა ნებაყოფლობითია და მას ვერც ერთი მხარე ვერ დააძალებს.
„მედიატორები შეისწავლიან ზედმიწევნით რა ხდება, რა პროცესია, ეს ურთიერთობებია ბავშვებს შორის და აქედან გამომდინარე იწყებენ ჩართულობას“, – ამბობს შატბერაშვილი.
რამდენად შესაძლებელია, რომ ბავშვმა ან მშობელმა შეატყობინოს მედიაციის ჯგუფს კონფლიქტის შესახებ? – ვკითხეთ სპეციალისტს. შატბერაშვილის თქმით, პროექტში ეს საკითხი არ არის გათვალისწინებული, თუმცა შესაძლებელია ამ კომპონენტის გათვალისწინებაც.
ხშირია შემთხვევა, როცა სკოლა ამბობს, რომ ესა თუ ის კონფლიქტი არ მომხდარა სკოლის ტერიტორიაზე და ამით ცდილობს დისტანცირდეს პასუხისმგებლობისგან. ასეთ შემთხვევებში როგორ აპირებს ჯგუფი მუშაობას?
როგორც ნინო შატბერაშვილი გვეუბნება, მსგავს შემთხვევებზე მასაც სმენია, თუმცა მნიშვნელობა არ აქვს, სად მოხდა კონფლიქტი – სკოლის გარეთ, თუ სკოლის ტერიტორიაზე. თუ იცის დირექტორმა კრიზისული სიტუაციის შესახებ, მედიაციის ჯგუფი უნდა ჩართოს პროცესში.
„ეს ბავშვები ხომ არიან ამა თუ იმ სკოლის სკოლის მოსწავლეები, სკოლასაც აქვს მათზე პასუხისმგებლობა?“- ამბობს შატბერაშვილი.
საწყის ეტაპზე სასკოლო მედიაციის პროგრამაში 29 საჯარო სკოლა იქნება ჩართული. ბათუმიდან პროგრამაში ჩართულია II, IV და VIII საჯარო სკოლები, ასევე ხელვაჩაურის პირველი საჯარო სკოლა.
ცოტა ხნის წინ ბათუმში იყო შემთხვევა, როცა სკოლის მოსწავლეებმა ფსიქოლოგიურად იძალადეს თანატოლზე, ამის ამსახველი ვიდეო კი სოციალურ ქსელში განათავსეს. საქმეზე გამოძიებაც დაიწყო.
როგორც ნინო შატბერაშვილი ამბობს, ეს კარგი სამედიაციო თემაა და სურვილის შემთხვევაში ისინი იმუშავებენ ორივე მხარესთან.
„თუ მშობელს არ სურს ან არ შეუძლია ჩაერთოს მედიაციის პროცესში, ასეთ დროს ბავშვს უფლება აქვს პროცესში ჩართოს ნებისმიერი პირი, ვისაც ენდობa – მეგობარი, მასწავლებელი ან სხვა ვინმე“.
ამ ეტაპზე მედიაციის ჯგუფში 12 ადამიანია ჩართული. ისინი, ძირითადად, განათლების სამინისტროს სპეციალისტები არიან, რომლებიც მანდატურის სამსახურს ჰყავს დაქირავებული.
დღეს ბათუმში მყოფ აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს ჟურნალისტებმა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თავისი ნების წინააღმდეგ გლდანში, სასჯელაღსრულების მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანაზე ჰკითხეს.
„შეერთებული შტატები ყურადღებით აკვირდება მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებას და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას, რა თქმა უნდა გვაღელვებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა“, – განაცხადა დეგნანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
“როგორც სამედიცინო კონსილიუმმა შეაფასა, მას სჭირდება დაუყოვნებლივ გადაუდებელი მკურნალობა. ასევე სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ იმ დაწესებულებაში, სადაც ის იმყოფება, არ არის შესაბამისი პირობები იმისთვის, რომ მას გაეწიოს საჭირო სამედიცინო დახმარება. ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას, უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილმა მიიღოს საჭირო სამედიცინო დახმარება სრულად აღჭურვილ სათანადო დაწესებულებაში.
ჩვენ მოვუწოდებთ მიხეილ სააკაშვილს, რომ მიიღოს თავისი ექიმების რეკომენდაციები და დაემორჩილოს ამ რეკომენდაციებს. ცხადია, ეს არის ძალიან სენსიტიური, ემოციური სიტუაცია და ამ შემთხვევაში პრიორიტეტია, რომ პაციენტის ფსიქოლოგიური და ფიზიკური ჯანმრთელობა იყოს დაცული. ასე რომ ჩვენი ძლიერი მოწოდება საქართველოს მთავრობის მიმართ იქნება, რომ დაკმაყოფილდეს მისი სამედიცინო საჭიროებები.
მნიშვნელოვანია, რომ მას მოეპყრონ სამართლიანად, ღირსებით, საერთაშორისო სტანდარტებით და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ნებისმიერ ქვეყანაში ეს არის სახელმწიფოს მოვალეობა, რომ იზრუნოს პატიმრების მდგომარეობასა და დაცვაზე რაიმე სახის ზეწოლისა თუ ძალადობისგან.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას უზრუნველყოს მისი მკურნალობა სრულად აღჭურვილ სამედიცინო დაწესებულებაში”, – თქვა კელი დეგნანმა.
___
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პირველი ოქტომბრიდან, დაკავების დღიდან, უკვე მე-40 დღეა ციხეში შიმშილობს. მთავრობა ამ დრომდე უარს აცხადებს სააკაშვილის სამოქალაქო ტიპის საავადმყოფოში გადაყვანაზე. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი თავისი ნების წინააღმდეგ 8 ნოემბერს გადაიყვანეს გლდანში, სასჯელაღსრულების მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში.
სახალხო დამცველის თქმით, აღნიშნულ დაწესებულებაში არსებული ვითარება სრულად ისევ არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ დასკვნებსა და რეკომენდაციებს.
მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პატარა ქვეყნის, ტუვალუს მთავრობამ გაეროს კლიმატის ცვლილებების კონფერენციაზე – COP26 – უჩვეულო გამოსვლით მიიქცია ყურადღება.
გაეროს კონფერენციაზე ნახეს ვიდეომიმართვა, რომელშიც წყნარ ოკეანეში მდებარე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი საიმონ კოფე ოკეანეში, მუხლებამდე წყალში იდგა ტრიბუნასთან, აკაპიწებული შარვლით. მან თქვა, რომ იმ ადგილას, სადაც ახლა დგას, ადრე მიწა იყო.
ფოტო: twitter
ამ ფორმით მან აჩვენა, თუ რა მძიმე მდგომარეობაში არიან კუნძულოვანი სახელმწიფოები კლიმატის ცვლილებების გამო.
ტუვალუზე 11 ათასი ადამიანი ცხოვრობს. კუნძულის უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან მხოლოდ 4.5 მეტრზეა, თუმცა კლიმატის ცვლილებების შედეგად კუნძულზე წყლის დონე ყოველწლიურად 0,5 სმ-ით მატულობს და კუნძულს გაქრობა ემუქრება.
ვიდეო გადაღებულია ტუვალუს დედაქალაქში, ფუნაფუტის კუნძულზე.
მინისტრ საიმონ კოფეს ფოტოები, რომელზეც ის ჰალსტუხით დგას ტრიბუნასთან წყალში, სოციალურ ქსელებში გავრცელდა.
ამ მიმართვა-პერფორმანსმა აჩვენა საფრთხე, რომელიც კუნძულოვან ქვეყნებს ემუქრება. გაეროს სამიტზე წყნარი ოკეანის კუნძულის ლიდერებმა მოითხოვეს დაუყოვნებლივი მოქმედება მათი ქვეყნების გადასარჩენად.
გარდა ამისა, ტუვალუ ეძებს სამართლებრივ გზას საკუთარი საზღვაო ზონების სახელმწიფოს ფორმით შესანარჩუნებლად იმ შემთხვევაშიც, თუ კი წყნარ ოკეანეში მდებარე ტუვალუ მთლიანად დაიტბორება. ამის შესახებ ტუვალუს საგარეო საქმეთა მინისტრმა უთხრა „როიტერსს“.
„ჩვენ წარმოვიდგენთ ყველაზე ცუდ სცენარს, რომლის შემთხვევაშიც იძულებული გავხდებით გადავსახლდეთ ან ჩვენი მიწები დაიტბორება. ვეძებთ სამართლებრივ გზებს, რომელთა საშუალებითაც შევძლებთ შევინარჩუნოთ აღიარება, როგორც სახელმწიფომ, საერთაშორისო კანონმდებლობის თანახმად,“ – უთხრა „როიტერსს“ საიმონ კოფემ.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, უკანონო თევზჭერის მიმართულებით კანონმდებლობა მკაცრდება. კერძოდ, ცვლილებები შედის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში, რომელთა თანახმადაც თევზჭერა ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით ან სხვა აკრძალული იარაღით, ასაფეთქებელი ან მომწამლავი ნივთიერებით, თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის მასობრივი განადგურების სხვა საშუალებით, დაისჯება საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით 320-დან 400 საათამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით 6 წლამდე.
სისხლის სამართლის კოდექსის მე-300 მუხლი (უკანონო თევზჭერა) ახალი რედაქციით ყალიბდება. ცვლილების მიზანია ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით განხორციელებული თევზჭერა პირდაპირ დაკვალიფიცირდეს სისხლის სამართლებრივ დანაშაულად.
დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ამგვარი ქმედება სისხლის სამართლის დანაშაულს მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოადგენს, თუ პირი ასეთივე დარღვევისთვის ადმინისტრაციულად სახდელდადებულია ან თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის მოპოვების შედეგად სახეზეა მნიშვნელოვანი ზიანი ან ამგვარი თევზჭერა ჩადენილია აკრძალულ დროს ან აკრძალულ ადგილას.
მხოლოდ ამგვარი ქმედებით სისხლის სამართლებრივ დანაშაულად დაკვალიფიცირება ვერ უზრუნველყოფს შემაკავებელ ეფექტს და საჭიროებს გამკაცრებას, გამომდინარე მისი ქმედების სიმძიმიდან – ეკოლოგების მხრიდან მსგავსი ქმედება მძიმე დანაშაულთა კატეგორიად შეფასდა – იუწყება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაგეგმილი ცვლილების თანახმად, თევზჭერის სფეროში სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში, სანქციის სახით შემოდის ადმინისტრაციული პატიმრობა. კერძოდ, იცვლება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 86-ე მუხლი (თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესების, ნადირობის წესების და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სხვაგვარი სარგებლობის წესების დარღვევა).
ცვლილებების თანახმად: სამოყვარულო და სპორტული თევზჭერის იარაღისა და ხერხების გამოყენებით თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესების განმეორებით დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღის ვადით, სამართალდარღვევის იარაღისა და მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის კონფისკაციით.
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესების დარღვევის შემთხვევაში პირი დაჯარიმდება 300 ლარით ან 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობით. სამართალდარღვევის იარაღისა და მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის კონფისკაციით. დანაშაულის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, ჯარიმა ორმაგდება, ადმინისტრაციული პატიმრობა იზრდება 14 დღემდე.
თუ პირი იმავე დანაშაულს ჩაიდენს წყლის ზომამცირე სატრანსპორტო საშუალების (8 მეტრამდე სიგრძის კატარღა, ნავი, ნახევარბარკასი ან სხვა) გამოყენებით, მოუწევს 600 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა ან 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა, მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმისა და სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით, წყლის სატრანსპორტო საშუალების კონფისკაციით ან უამისოდ. დანაშაულის განმეორების შემთხვევაში, ჯარიმა ორმაგდება.
საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის უკანონოდ მოპოვების შემთხვევაში, სამართალდამრღვევს დაეკისრება ადმინისტრაციული სახდელები – 3 000-ლარიანი ჯარიმა, ან 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა, მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის, სამართალდარღვევის იარაღისა და წყლის სატრანსპორტო საშუალების კონფისკაციით.
„მთელ დღეს ვარდების ბაღში ვატარებ, ჩემი სული და გული სულ მათთანაა. ვდგავარ ვარდებში, თითო ფურცლის გაშლას, ნამის გაშრობას ველოდები, რომ ღამდება, სახლში შესვლა არ მინდა“, – ეს 40 წლის მაია სურმანიძის სიტყვებია, რომელმაც ყვავილებისადმი სიყვარული ოჯახის შემოსავლის მთავარ წყაროდ აქცია. მაია ხულოში, სოფელ წაბლანაში ცხოვრობს.
„მახსოვს, ხშირად ვკრეფდი პატარ-პატარა თეთრ გვირილებს და სახლში მიმქონდა. ყველა ჭიქაში ჩემი დაკრეფილი ყვავილები ეწყო, გამხმარი ყვავილების გადაყრის საშუალებას არ ვაძლევდი მშობლებს, იმდენად შეყვარებული ვიყავი ბავშვობიდანვე ყვავილებზე“ – იხსენებს მაია.
„ბათუმელებთან“ საუბრისას მაია ჰყვება მხარდაჭერაზე, რამაც მისცა სტიმული მოეშენებინა ვარდები. „მე ამ ქალბატონის სახელსა და გვარს არ გავთქვამ, რადგან მას არ სურს, ისიც ამ ბიზნესითაა დაკავებული და 18 000 ძირ ვარდს უვლის,“ – გვითხრა მაიამ. იგი „კეთილ ქალბატონს“ უწოდებს ქალს, რომელმაც მას ვარდების მოვლა ასწავლა და ის კონკრეტული დღეც კი ახსოვს, როცა ეს ყველაფერი დაიწყო და „მესენჯერში“ შეტყობინება მიიღო.
„გამოგიგზავნით ვიდეოგაკვეთილებს, თუ როგორ ვმუშაობ ბაღში, როგორ ვუვლი და ვამრავლებ ყვავილებს“ – სწერდა მაიას „კეთილი ქალბატონი“. მისი ყურადღება მაიამ ფეისბუქგვერდზე აქტიურობით მიიქცია, სადაც ქალი მის მოვლილ ვარდებზე პერიოდულად აქვეყნებდა სიახლეებს.
მაია სურმანიძემ ვიდეოგაკვეთილების ყურება დაიწყო, ორი წლის განმავლობაში სწავლობდა, თუ როგორ უნდა მოევლო ვარდებისთვის. „კეთილმა ქალბატონმა“ დააკავშირა ადამიანებთან, რომლებიც კარგი ვარდის ნერგებს ჰყიდდნენ და საწყის ეტაპზე 150 ძირი ვარდი შეაძენინა, ნერგების ჯიშის შერჩევაშიც თვითონ დაეხმარა:
„თავდაპირველად, როცა არაფერი არ იცი ვარდზე, ვერ მოუვლი, მხოლოდ გატაცება არ არის საკმარისი,“ – ამბობს მაია.
დღეს უკვე მაია 3500 ძირ ვარდს უვლის, მაგრამ აქამდე ნელ-ნელა მიიწევდა წინ.
მაია სურმანიძის ვარდების ბაღი სოფელ წაბლანაში
„ორი წლის განმავლობაში 150 ძირ ვარდს ვუვლიდი და თან ვსწავლობდი. „გაზაფხულზე დავრგე, მაისში იყვავილა და გავიტანე ბაზარზე – ასე არ მომხდარა. მე ვისწავლე, თუ როგორ უნდა გამემარგლა ვარდი, როგორ უნდა შემეწამლა, დაავადებები როგორ უნდა გამომეცნო, ამ დაავადებების წინააღმდეგ რომელი პრეპარატები უნდა გამომეყენებინა,“ – გვითხრა მაიამ.
150 ძირი ვარდის შემდეგ მაიამ კიდევ 1500 ვარდის ნერგი შეიძინა, რომლებმაც 400 ასაჭრელი ვარდი მისცა და ბაზარზეც გავიდა.
მაია სურმანიძე ოთხი წელია ვარდების მოშენებითაა დაკავებული, ხოლო ბაზარზე ორი წელია, რაც მისი ვარდები გამოჩნდა.
პირველ ეტაპზე მაია ვარდებს ყვავილების მაღაზიებში ტოვებდა, რათა მაღაზიის მფლობელებს შეედარებინათ სხვაგან შეძენილ ვარდებთან, თუ რომელი უფრო ხარისხიანი იყო და კარგად იფურჩქნებოდა. მაიას გამოყვანილ ვარდებზე ინტერესი მალევე გაჩნდა ბათუმში.
მაია ამბობს, რომ პანდემიამ მის მეურნეობაზეც იმოქმედა. ყვავილების მაღაზიები, სადაც ვარდებს აბარებს, გასულ წელს დროებით დაიკეტა.
მაია ჰოლანდიური ჯიშის ვარდებს უვლის. მისი თქმით, ეს ჯიში კარგად შეეგუა მაღალმთიანი აჭარის ტემპერატურას, გაუძლო ყინვასაც, თუმცა დაბალი ტემპერატურის გამო 10-15 დღით იგვიანებს ყვავილობას.
„რაიმე სახის დაფინანსება არასდროს მქონია, რაც მაქვს, ყველაფერი ჩემი და ჩემი მეუღლის შრომითაა. დღემდე რასაც ვაკეთებ ბაღში, ხელით ვაკეთებ,“ – ამბობს მაია.
მაია ამბობს, რომ მეუღლე ყოველთვის ეხმარებოდა და მხარს უჭერდა:
„მე რომ მეუღლე გვერდში არ მდგომოდა, ნამდვილად ვერ შევძლებდი ასე მყარად ფეხზე დგომას. არანაირი შემოსავალი არ მქონდა და მეუღლისთვის უნდა მეთხოვა ის თანხა, რაც ნერგების შეძენისთვის იყო საჭირო, რომ ბიზნესი დამეწყო. მარტო ვარდების შეძენაზე არ იყო საუბარი, დიდი რაოდენობით თანხა სჭირდებოდა ყველაფერს, საჭირო იყო დაბარვა, მიწის დამუშავება, მიწის გამდიდრება. ეს ხომ არ არის მხოლოდ დარგავ და მორჩა, დაელოდები როდის აყვავდება, როდის გაიფურჩქნება, რომ მისი სილამაზით დატკბე. მოვლა სჭირდება,“ – გვიყვება ის.
მაია სურმანიძეს დღემდე არ აქვს სათბური სასათბურე მეურნეობის დასაწყებად.
„სათბურის ქონაა ფუფუნებაა ჩემთვის, არა მაქვს იმდენი ფული, რომ მოვაწყო. სათბურს სჭირდება გათბობა, ვენტილაცია, წვეთოვანი – მოსარწყავად. ერთი კვადრატი სათბურის მოსაწყობად 150 ლარს ითხოვენ, რაც ნამდვილად არ მაქვს,“ – ამბობს მაია.
მაია სამი შვილის დედაა. სკოლის დასრულების შემდეგ დაწყებით განათლების მიმართულებით ჩააბარა გამოცდები, თუმცა დაქორწინდა და სწავლის მიტოვება პირველი კურსიდანვე მოუხდა.
მაია ამბობს, რომ უნდა მისი ამბავი სხვებისთვისაც მაგალითი იყოს:
„მინდა, ჩემი ამბავი სტიმული იყოს სხვებისთვის. ერთმა პატარა გოგომ შევძელი და წაბლანაში, სადაც კარტოფილისა და სიმინდის მეტი არაფერი მოდის და ინტერესიც არ უჩნდებათ ადამიანებს სხვა მეურნეობას მოჰკიდონ ხელი, გავაშენე ვარდი.
უფრო მაღალმთიან სოფლებში როცა ჩემს ამბავს გაიგებენ, იფიქრებენ – მე რატომ არ შემიძლია მოვიქცე მსგავსად? მე, მაგალითად, მოცვს გავაშენებ, ჟოლოს, თუნდაც ხილის ბაღს გავაკეთებ…
ვფიქრობ, ასე გაძლიერდება სოფლები და გადაურჩება დაცლას. ჩემი მთავარი ინტერესია, რომ სოფლებში ხალხი მხიარულად ცხოვრობდეს და არ გარბოდნენ ქალაქში,“ – ამბობს მაია.
გარდა ვარდების მეურნეობისა, მაიას ოჯახს კარტოფილიც მოჰყავს და სიმინდიც, საქონელსაც უვლიან.
ახლა მაიას ახალი გეგმები და მისწრაფებები გაუჩნდა:
„მინდა, ამ ვარდების ფონზე საოჯახო სასტუმრო გავაკეთო, უფრო როგორი იცით? ადგილი, სადაც ხელისმოწერა, ჯვრისწერის ცერემონიის მოწყობა იქნება შესაძლებელი. „ვარდების მუზეუმი“ – აი, ასეთი რაღაც მინდა. ადგილი, სადაც ბევრი ვარდი იქნება და ტურისტს შეეძლება თავისი სახელობის ვარდები დარგოს… როცა სურვილი ექნება, მოვა და შეხედავს“.
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე, ე.წ. „ბუსტერ დოზის“ გაკეთება შეეძლება ნებისმიერ ვაქცინირებულ პირს, რომელიც 18 ან მეტი წლისაა. ამის შესახებ დღეს, 9 ნოემბერს, გახდა ცნობილი.
„ბუსტერ დოზის გამოყენება შესაძლებელი იქნება 18 წლის ზემოთ ნებისმიერი პირისთვის, რომელიც აცრილია ნებისმიერი ვაქცინით. ამ შემთხვევაში, პირს, რომელიც აცრილია „სინოფარმითა“ და „სინოვაკით“, შეუძლია გამოიყენოს „სინოფარმი“, ან „სინოვაკი“ ბუსტერ დოზისთვის, ან გაიკეთოს „ფაიზერის“ დოზა.
„ასტრაზენეკას“ შემთხვევაში 6 თვის შემდეგ პირს დამატებით შეუძლია გაიკეთოს „ფაიზერის“ ბუსტერ დოზა.
რაც შეეხება „ფაიზერით“ ვაქცინირებულ პირებს, მათთვის, ბუნებრივია, რეკომენდებულია ისევ მეორე აცრიდან 6 თვეში „ფაიზერის“ დოზის გამოყენება.
60 წელს გადაცილებულ პირებს, რომლებიც აცრილები არიან „სინოვაკითა“ და „სინოფარმით“, ბუსტერს დოზის გამოყენება შეეძლებათ არა 6 თვის შემდეგ, არამედ 3 თვიდან 6 თვის ინტერვალში მეორე აცრიდან,“ – განაცხადა დღეს, 9 ნოემბერს, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.
სულ მცირე 89 ადამიანი, მათ შორის, 17 ბავშვი დაინფიცირდა ინდოეთში, უტარ-პრადეშის შტატში, ქალაქ კანპურში – წერს „ბიბისი“.
ქალაქის მთავარი სანიტარული ექიმის განცხადებით, შტატში ზიკას ვირუსის ეპიდაფეთქებაა.
ვირუსი, რომლის გადამტანი არიან კოღოები, ბავშვებში უკავშირდება მიკროცეფალიის შემთხვევებსა და იშვიათ აუტოიმუნურ დაავადებას – გილენ-ბარეს სინდრომს (GBS).
კოღოების გარდა, ვირუსი სქესობრივი გზითაც შეიძლება იყოს გადამდები.
„ბიბისი“ წერს, რომ შტატის მთავარი მინისტრის თქმით, ინფექცია სწრაფად ვრცელდება და საჭიროა სანიტარული ზომების გამკაცრება.
ადამიანებს ზიკა ვირუსი Aedes-ის გვარის ინფიცირებული კოღოების კბენის შედეგად გადაეცემათ. ვირუსის მატარებელი მწერის ნაკბენი ფეხმძიმე ქალებში ნაყოფის ანომალიას იწვევს. ახალშობილები მიკროცეფალიით იბადებიან.
ზიკას ვირუსის სიმპტომებია: მსუბუქი ცხელება, გამონაყარი, კონიუნქტივიტი, დაღლილობა, თავისა და სახსრების ტკივილი, ცხელება და სახსრების შეშუპება. ამ ვირუსით სიკვდილიანობა იშვიათია.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, აჭარაში, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების და სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში ერთი პირი მისცეს.
საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მისი ფაქტობრივი მართვის ქვეშ მყოფი ორი კომპანიის სახელით, ურთიერთშორის ფიქტიურად გაწერა ჯამში 1 079 560 ლარის ღირებულების სამშენებლო/სარემონტო მომსახურების ამსახველი ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რა გზითაც მისსავე კომპანიას შეუქმნა ჯამში 164 678 ლარის ოდენობის ყალბი აქტივი, შედეგად, თაღლითურად დაეუფლა 13 584 ლარს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი და 180-ე მუხლის მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში დასაშვებია „ფაიზერით“ ვაქცინაცია, მშობლის თანხმობით.
„12-დან 15 წლამდე ბავშვებს შეუძლიათ მიმართონ ამცრელ ცენტრებს და მიიღონ ვაქცინაცია „ფაიზერის“ დოზით“- განაცხადა თამარ გაბუნიამ დღეს, 9 ნოემბერს.
„ბევრმა ქვეყანამ დაიწყო ვაქცინაციის პროცესი, თუმცა საბედნიეროდ ბავშვებში ინფიცირების შემთხვევები მაღალი არ არის და არც გამოსავალია რთული, თუ საქმე არ გვაქვს რაიმე რთულ თანმხლებ დაავადებასთან“ – ამბობს თამარ გაბუნია.
მან დღეს ასევე ისაუბრა კორონავირუსის საწინააღმდეგო ბუსტერ დოზის მიღებაზეც. მისი თქმით, ბუსტერ დოზის მიღება შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელიც აცრილია ნებისმიერი ვაქცინით.
„სინოფარმით“ და „სინოვაკით“ აცრილებს შეუძლიათ ბუსტერ დოზა მიიღონ იმავე ვაქცინით ან „ფაიზერით“. „ასტრაზენეკათი“ აცრილ პირებს კი ბუსტერ დოზად შეუძლიათ გამოიყენონ „ფაიზერი“ – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ბუსტერ დოზის მიღება დასაშვებია სრულად აცრიდან 6 თვის შემდეგ. „მხოლოდ 60 წლის ზემოთ პირების შემთხვევაში ბუსტერ დოზის მიღება რეკომენდებულია 3-დან 6 თვის შუალედში,“ – ამბობს გაბუნია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, რიკოთის საავტომობილო გვირაბში 9 ნოემბრის 00:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე და 10 ნოემბრის 00:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
დეპარტამენტის ცნობით, გვირაბში მოძრაობის დროებით აკრძალვის მიზეზი პროფილაქტიკური სამუშაოებია.
„დროის აღნიშნულ პერიოდში, საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვის დროს, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რიკოთის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით,“ – აცხადებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 9 ნოემბრის 21 საათიდან 10 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი. ღამით ზოგან, დღისით კი ყველგან იწვიმებს.
სინოპტიკოსების ცნობით, აჭარის მაღალ მთაში ზოგან თოვაა მოსალოდნელი, დღისით – ზოგან ძლიერი.
იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება:
დღისით: 10 – 15 გრადუსი
ღამით: 7 – 12 გრადუსი
მაღალ მთაში მოსალოდნელია:
დღისით: 0- 5 გრადუსი
ღამით: 0- 5 გრადუსი
სინოპტიკოსების ცნობით, 11 ნოემბერს, ღამით და დილით მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ღამით მაღალ მთაში მოთოვს.
აჭარაში 11 ნოემბერს, დღის მეორე ნახევარში, გამოიდარებს და მომდევნო 2 დღეს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.
2021 წლის პირველი დეკემბრიდან საქართველოში „მწვანე პასპორტი“ იგივე „მწვანე საშვი“ უნდა ამოქმედდეს. „მწვანე პასპორტი“ საშუალებას მოგცემთ შეხვიდეთ კაფე-ბარებსა და რესტორნებში, კინოში, თეატრში, გასართობ ცენტრებში, მუზეუმებში, სასტუმროებში და ა.შ.
ამ ობიექტებში ვერ შეძლებენ შესვლას ის პირები, რომელთაც „მწვანე პასპორტი“ არ ექნებათ.
რა არის „მწვანე პასპორტი“ და ვინ შეძლებს მის მიღებას?
ეს არის სპეციალური სტატუსი, რომელიც ავლენს, რომ ადამიანი არის უსაფრთხო კოვიდინფექციის თვალსაზრისით გარშემომყოფთათვის.
საქართველოს მთავრობის ცნობით, მწვანე სტატუსი მიენიჭება იმ პირებს, რომელთაც გადატანილი აქვთ კოვიდინფექცია, არიან ორჯერ აცრილები, ან აქვთ 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი, ან 24-საათიანი ვალიდურობის სწრაფი ტესტი.
„მწვანე პასპორტი“ გაიცემა 18 წლისა და მეტი ასაკის პირებზე. 18 წლამდე ასაკის მოზარდებსა და ბავშვებს „მწვანე პასპორტი“ არ სჭირდებათ.
სად და როგორ შეიძლება „მწვანე პასპორტის“ მიღება?
„მწვანე პასპორტი“ გაიცემა ყველა იმ დაწესებულებაში, რომელიც აკეთებს ტესტირებას და აცრას, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.
საშვი გაიცემა ასევე იუსტიციის სახლში და სპეციალური აპლიკაციის მეშვეობითაც, რომელიც, ღიბრაძის თქმით, ტესტირების რეჟიმშია და რამდენიმე დღეში ჩაეშვება.
„უკვე გაცხადებული ვებგვერდი – covidpass.moh.gov.ge, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გადაამოწმოს თავისი სტატუსი და ისარგებლოს იმ შეღავათებით, რომელიც არის განსაზღვრული მწვანე პასპორტის მფლობელებისთვის“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.
„მწვანე პასპორტი“ არ ვრცელდება მაღაზიებზე, აფთიაქებსა და ტრანსპორტზე.
9 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში დადასტურდა კოვიდის 6 021 ახალი შემთხვევა. ჩატარდა 52 033 ტესტი კორონავირუსზე.
გასულ 24 საათში 75 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 6 021 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 2 253 შემთხვევა, აჭარაში – 203, იმერეთში – 1 160, ქვემო ქართლში – 357, შიდა ქართლში – 511, გურიაში – 133, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 442, კახეთში – 539, მცხეთა-მთიანეთში – 197, სამცხე-ჯავახეთში – 137, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 89.
8 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 11.57%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.78% ხოლო 7 დღის მანძილზე – 10.46%.
ამ ეტაპზე საქართველოში კოვიდის 53 536 აქტიური შემთხვევაა, მათგან 6 808 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.
ხვალ, 9 ნოემბერს, ბათუმში, ევროპის მოედანზე, გაიმართება გამოფენა „ძველი ბათუმის ცნობილი და ნაკლებცნობილი ფოტოები“.
ფოტოგამოფენა, რომელიც დაიწყება 17:00 საათზე, ეწყობა პროექტის – „გაიგე მეტი ბათუმზე“ ფარგლებში.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ფოტოები ძველი ბათუმის ფოტოკოლექციონერის, შოთა გუჯაბიძის პირადი არქივიდან.
ღონისძიების ხელმძღვანელის, აზა გაბუნიას თქმით, გამოფენაზე შესაძლებელი იქნება ძველი ბათუმის როგორც ცნობილი, ასევე აქამდე უცნობი კადრების ნახვაც:
„სხვადასხვა პერიოდის ფოტოები იქნება. მათგან არის ზოგიერთი ისეთი, რომელიც მოქალაქეებს დღემდე არ აქვთ ნანახი და არ ყოფილა გავრცელებული სოციალურ ქსელებში.
წარმოდგენილი იქნება ძველი ბათუმის ამსახველი 21 კადრი და დაემატება რამდენიმე ფოტო, რომლებიც უკვე იყო გამოფენილი, ეს არის ძველი ბულვარის ფოტოები“.
ღონისძიების ორგანიზატორების მიზანია შეახსენონ მნახველებს, რომ ფოტოებში ასახული ბათუმი თითქმის აღარ არსებობს და უნდა დავიცვათ ის, რაც ჯერ კიდევ არ განადგურებულა.
„წლების განმავლობაში ბათუმის ურბანული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობა და მისი როლი, ქალაქის ეკონომიკური განვითარების კონტექსტში, მთავრობის მიერ სათანადოდ არ განიხილება. კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-შენარჩუნების საკითხისადმი არასათანადო და არაპროფესიონალურმა მიდგომამ მიგვიყვანა იმ შედეგამდე, რომ ისტორიული ქალაქების ურბანული მემკვიდრეობა პრაქტიკულად განადგურების პირას არის მისული“ – ვკითხულობთ ღონისძიების გვერდზე, ფეისბუქზე გამოქვეყნებულ პრესრელიზში.
პროექტი – „გაიგე მეტი ბათუმზე”, რომლის ფარგლებშიც იმართება გამოფენა, „DRIVE Democracy: რეგიონების უზრუნველყოფა ინფორმაციით და ამომრჩეველთა გაძლიერება დემოკრატიისათვის“ მცირე გრანტების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა.
საქართველოს მთავრობასთან არსებული საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველი დეკემბრიდან მოქალაქეები მხოლოდ და მხოლოდ „მწვანე პასპორტის“ პრინციპით შეძლებენ შესვლას გარკვეულ ადგილებში.
„მწვანე პასპორტის“ გარეშე შესვლა არ იქნება დაშვებული:
[crosslist]
კვების ობიექტებში: რესტორნებში, კაფეებსა და ბარებში, როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეებში
კინოთეატრებში
თეატრებში
ოპერაში
მუზეუმებში
საკონცერტო დარბაზებში
გასართობ ცენტრებში
სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე
სპაცენტრებში
ფიტნესდარბაზებში
სასტუმროებში
სამთო კურორტების საბაგირო გზებზე
[/crosslist]
მთავრობის ცნობით, „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნა გავრცელდება ჩამოთვლილი ობიექტების სტუმრებზე.
რაც შეეხება საბავშვო-გასართობ ცენტრებს, „მწვანე პასპორტი“ აქ მხოლოდ 18 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს მოეთხოვება.
„მწვანე პასპორტი“ არ ვრცელდება მაღაზიებზე, აფთიაქებსა და ტრანსპორტზე.
დღეს, 8 ნოემბერს, ირაკლი ღარიბაშვილმა ვაქცინაციის წამახალისებელ აქტივობებზე გააკეთა განცხადება, რომელიც საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.
ღარიბაშვილის თქმით, პირველი დეკემბრიდან ამოქმედდება ე.წ. მწვანე პასპორტი და გაფართოვდება მისი მოქმედების არეალი.
„პირველი დეკემბრიდან კვების ობიექტებში, გასართობ ცენტრებში, კინო-თეატრებსა და სხვა ობიექტებში მხოლოდ მწვანე პასპორტით შეძლებენ მოქალაქეები შესვლას.
ამის თაობაზე დეტალური ჩამონათვალი იქნება დღესვე გავრცელებული.
პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ სრულად აქვს ჩატარებული ვაქცინაცია, ასევე ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი.
აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება მხოლოდ სტუმრებზე და არა იქ მომუშავე ადამიანებზე.
იყო მოსაზრება, რომ კორონავირუსგადატანილებზე ყოფილიყო 6-თვიანი შეზღუდვა, მაგრამ ჩემი რეკომენდაცია იყო, რომ ეს შეზღუდვა მოგვეხსნა და საბჭომ გაიზიარა ჩემი წინადადება. მწვანე სტატუსი ექნება პირს, ვისაც გადატანილი აქვს კორონავირუსი“- ამბობს ღარიბაშვილი.
მისი თქმით, მწვანე პასპორტის მოთხოვნა იმოქმედებს მხოლოდ 18 წლის ასაკს ზემოთ მოქალაქეებისთვის და, ასევე, ტურისტებისთვის.
ღარიბაშვილის თქმით, ვაქცინაცია სავალდებულო არ გახდება, თუმცა აქტიური გახდება იმუნიზაციის კამპანია და ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართება ვაქცინაციის სააგიტაციო ღონისძიებები.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საკოორდინაციო საბჭომ ვაქცინაციის წახალისების გადაწყვეტილება მიიღო. მათ შორისაა ფულადი წახალისება პენსიონერი მოქალაქეებისთვის.
„დღეიდან 200-ლარიან საპენსიო ერთჯერად დანამატს მიიღებს თითოეული პენსიონერი, რომელიც ვაქცინაციას პირველ იანვრამდე ჩაიტარებს.
დანამატი გაიცემა პირველი აცრის გაკეთების შემდეგ,“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ბოლო დღეებში საქართველოში კოვიდის ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა იზრდება, ვაქცინაციის დონე კი იკლებს. იზრდება კოვიდით გარდაცვლილთა რაოდენობაც – დღეს, 8 ნოემბერს, საქართველოში 74 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით.