მთავარი,სიახლეები

ბათუმში მოკლემეტრაჟიანი ფილმების სტუდენტური ფესტივალი გაიმართება

09.11.2021 • 1532
ბათუმში მოკლემეტრაჟიანი ფილმების სტუდენტური ფესტივალი გაიმართება

23-27 ნოემბერს ბათუმში მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო სტუდენტური ფესტივალი LemON-ი გაიმართება.

სტუდენტური ფილმების ფესტივალის ორგანიზატორი არტსაზოგადოება „ლიმონარიუმია“.

კინოფესტივალი 23 ნოემბრიდან 26 ნოემბრის ჩათვლით ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართება, სადაც, კოვიდ-რეგულაციებიდან გამომდინარე, დასწრებას მხოლოდ წინასწარ მოწვეული 32 სტუმარი შეძლებს.  ხოლო 27 ნოემბერს სტუდენტური კინოფესტივალის  დახურვის ცერემონიალი  ბათუმის დრამატულ თეატრში გაიმართება.

კინოფესტივალის კონკურსში წარმოდგენილი იქნება ქართული, ფრანგული, ამერიკული, რუსული, უკრაინული და სხვა უცხოური კინოსკოლის სტუდენტთა მიერ გადაღებული მხატვრული, დოკუმენტური, ექსპერიმენტული და ანიმაციური 25 საკონკურსო ფილმი.

საკონკურსო პროგრამაში 7 ქართული ფილმია, მათგან ოთხ ფილმს თავად ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი წარადგენს.

უკვე შერჩეულია სტუდენტური ფილმების ფესტივალის საერთაშორისო ჟიური, რომლის წევრები იქნებიან: საქართველოდან – ნიკა აბრამიშვილი, საფრანგეთიდან – შიმა მონფერედი, პოლონეთიდან – მაციეჟ გილი, უკრაინიდან – ოლეს იანჩუკი და თურქეთიდან – მეჰმედ ალი არსლანი.

ფესტივალის საპატიო სტუმრად მოწვეული იქნება ქართველი რეჟისორი ნანა ჯორჯაძე, რომელსაც გადაეცემა  სპეციალური პრიზი განსაკუთრებული პედაგოგიური ღვაწლისთვის კინემატოგრაფში.

ბათუმის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალზე რამდენიმე ნომინაციაა დაწესებული: გრანპრი, საუკეთესო რეჟისურა, ჟიურის სპეციალური პრიზი, ჟიურის სპეციალური მოხსენება (დიპლომი), ჟიურის სპეციალური მოხსენება (დიპლომი) და ფესტივალის სპეციალური პრიზი განსაკუთრებული პედაგოგიური ღვაწლისთვის კინემატოგრაფში.

ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია მასტერკლასები კინო-ტელე და სამსახიობო ხელოვნების სპეციალობის სტუდენტებისათვის.

„არტსაზოგადოება – ლიმონარიუმი“, რომელიც სტუდენტური კინოფესტივალის ორგანიზატორია, ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებმა: ზურაბ ქავთარაძემ, მამუკა ჯორბენაძემ, ირაკლი კიკვაძემ, გიორგი გოგიბერიძემ და მამუკა ჩხიკვაძემ დააარსეს.

ორგანიზაცია რეგიონში საერთაშორისო კულტურული ღონისძიებების ორგანიზებაზე, სახელოვნებო განათლებასა და ხელოვანთა ხელშეწყობაზე გეგმავს მუშაობას.

„არტსაზოგადოება ლიმონარიუმის” ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა ჯორბენაძე „ბათუმელებთან“ ჰყვება:

„ერთხელაც მე, ზაზა ხალვაში და ზურა ქავთარაძე ვფიქრობდით ფესტივალის სახელწოდებაზე და ზაზამ ლიმონი შემოგვთავაზა, ჩვენ შევცბუნდით, მაგრამ მან განმარტა, რომ ლომონი სტუდენტივით მჟავეა და ამავე დროს, სასარგებლოო.

ამიტომაც, ფესტივალის სახელწოდება სიმბოლურია.”

ფესტივალის ბიუჯეტი 62 000 ლარს შეადგენს.

ღონისძიების დამფინანსებლები და მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურის სამინისტრო,  აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ბათუმის მერია და ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტი.

ორგანიზატორები გეგმავენ, რომ სტუდენტური კინოფესტივალი ბათუმში ყოველწლიურად გამართონ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: