მთავარი,სიახლეები

სასამართლომ „ამბასადორი ბათუმი“ 10 000 ლარით დააჯარიმა

10.11.2021 • 3070
სასამართლომ „ამბასადორი ბათუმი“ 10 000 ლარით დააჯარიმა

მეჩვიდმეტე უკანონო სართულის მშენებლობისა და სხვა სანებართვო პირობების დარღვევის გამო შპს „ამბასადორი ბათუმი“ სასამართლომ 10 000 ლარით დააჯარიმა. კომპანია ბათუმის ბულვარში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ტერიტორიაზე სასტუმრო კომპლექსს აშენებს. შეთანხმებული სანებართვო პირობების დარღვევის გამო კომპანიის დაჯარიმებას ნებართვის გამცემი ორგანო – აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო ითხოვდა.

ბათუმის ბულვარში შპს „ამბასადორი ბათუმის“ უკვე აშენებული სასტუმრო კომპლექსის შესაბამისობა დამტკიცებულ პროექტთან აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს სამუშაოების მიმღებმა კომისიამ 2021 წლის 20 სექტემბერს შეამოწმა.

სააგენტოს კომისიამ მიმდინარე მშენებლობის საპროექტო დოკუმენტაციასთან შეუსაბამობა გამოავლინა.

ოქმის მიხედვით, რომელიც კომისიამ შეადგინა, მე-14 სართული შეთანხმებულთან შედარებით ზუსტად 1.97 მეტრით არის გაზრდილი სიმაღლეში, მე-15 სართული – 0.32 მეტრით. მე-17 სართული კი [რომელსაც სააგენტო ოქმში ტექნიკურ სართულს უწოდებს] 1.77 მეტრით გაუზრდიათ სიმაღლეში.

გარდა ამისა, კომისია დამატებით შეუთანხმებელი კოლონების ჩამოსხმასა და აუზის ადგილის ცვლილებაზე მიუთითებს.

საბოლოოდ კი ოქმის შემაჯამებელ, დასკვნით ნაწილში კომისია წერს:

„განსხვავდება როგორც სართულების სიმაღლე, ასევე მათი განთავსების ნიშნულები. არსებული მდგომარეობით შენობის დასხმის უმაღლესი ვერტიკალური ნიშნული პროექტთან შეუსაბამოა და ნაცვლად 61.05 მეტრისა, წარმოადგენს 64,90 მეტრს.“

სასამართლოსთვის მიმართვამდე სააგენტომ კომპანია წერილობით გააფრთხილა, სადაც გამოვლენილი დარღვევების გასწორება და მიმდინარე მშენებლობის პროექტთან შესაბამისობაში მოყვანა მოსთხოვა. გაასაჩივრებს თუ არა კომპანია სასამართლოს გადაწყვეტილებას, ამის შესახებ ჯერ არ ვიცით.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა „ამბასადორ ბათუმმა“ პროექტის პირობებს გადაუხვია, შემდეგ კი პროექტში შესაბამისი ცვლილება მოითხოვა და თანხმობაც მიიღო. ამჯერად კომპანიას პროექტში ცვლილების მოთხოვნით სააგენტოსთვის  ჯერ არ მიუმართავს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: