მთავარი,სიახლეები

„ეს იყო დაგეგმილი მოქმედება ღირსების შესალახად“ – იურისტი სააკაშვილის გლდანში გადაყვანაზე

09.11.2021 • 1473
„ეს იყო დაგეგმილი მოქმედება ღირსების შესალახად“ – იურისტი სააკაშვილის გლდანში გადაყვანაზე

„საფრთხე ემუქრება სიცოცხლის უფლებას,“ – მიიჩნევს უფლებადამცველი ორგანიზაციის „უფლებები საქართველოს“ იურისტი, არჩილ ჩოფიკაშვილი. მას ვესაუბრეთ იმ უფლებებზე, რომელთა დარღვევაზეც სახალხო დამცველი საუბრობს და რასაც ხელისუფლება უარყოფს.

იურისტი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება თავისი განცხადებებით პოლიტიკურად პრობლემის გაუბრალოებას ცდილობს, მაგრამ ის პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა.

  • ბატონო არჩილ, ეთანხმებით იმ შეფასებებს, რომელთა მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილის მიმართ ირღვევა არაერთი უფლება, მათ შორის, კონვენციით გარანტირებული სიცოცხლის უფლება?

ვეთანხმები. რა თქმა უნდა, ასეა. სახალხო დამცველმა კვალიფიციურად გააკეთა ამ დარღვევების ჩამონათვალი. მთავარი მაინც არის შიმშილობის ნაწილი, რადგანაც არსებობს პატიმრის შიმშილობის კუთხით სპეციალური რეგულაციები და მისი დაცვა ევალება ხელისუფლებას, პენიტენციურ სამსახურს, რომ შენარჩუნდეს სიცოცხლის უფლება. ეს პასუხისმგებლობა აქვს ხელისუფლებას.

ამ მიდგომით კი, რასაც ახლა ვხედავთ, საფრთხე ემუქრება სიცოცხლის უფლებას.

კონვენციით გარანტირებული სიცოცხლის უფლება გულისხმობს იმას, რომ ადამიანმა უნდა მიიღოს სათანადო სამედიცინო სერვისები დროულად, კვალიფიციურად და ადეკვატურად.

  • რა ბერკეტი რჩება ამ უფლების დასაცავად? ხელისუფლება დღესაც ამბობს, რომ სააკაშვილი რიგითი პატიმარია და მის უფლებებს იცავს, როგორც სხვა პატიმრების.

სააკაშვილი არ არის ჩვეულებრივი პატიმარი, ძალიან დიდ დისკომფორტს უქმნის ხელისუფლებას მისი პატიმრობაში ყოფნა. მსგავსი განცხადებებით ხელისუფლება ცდილობს გააუბრალოოს საკითხი და მას დიდი მნიშვნელობა ჩამოაცილოს, მაგრამ ასე არ გამოდის და ვერც გამოვა. გონიერი გადაწყვეტილების მოძებნაა საჭირო.

ამ პროცესში მოხდა ილუსტრაცია – წინა ხელისუფლების დროს რა უხეში დარღვევებიც იყო, მათ შორის, ციხის შიგნით, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით სტანდარტის გაუარესება და უხეში მანიპულაციები სისხლის სამართალში, ამ ხელისუფლებამ ეს მახინჯი რეგულაციები ძალაში დატოვა.

სამართლებრივად არსებობს გარანტიები, რომ, მათ შორის, სიცოცხლის უფლება დაიცვან, მაგრამ ამ უფლებას სჭირდება შესრულება და რეალიზება აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან.

  • ევროსასამართლო რა ვადაში განიხილავს სააკაშვილის ადვოკატების მიმართვას დროებითი ღონისძიების გამოყენებაზე, რომ ის სამოქალაქო კლინიკაში დროულად გადაიყვანონ?

დარწმუნებული ვარ,  მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები გამოიყენებენ ამ შესაძლებლობას დროულად. ევროსასამართლოს თუკი დაარწმუნებს მომჩივანი მხარე მოთხოვნის კანონიერებაში, ერთ დღეში მიიღება გადაწყვეტილება, ანუ დროებითი ღონისძიებით დაავალებს სახელმწიფოს კონკრეტული აქტივობის განხორციელებას, რომ მოხდეს სიცოცხლის უფლების დაცვა.

ტრაილერზე შემოდებული ტომოგრაფიის აპარატი ამ პროცესში არის კარგი ილუსტრაცია იმისა, რომ პენიტენციური სისტემა არ არის მზად სამედიცინო მომსახურება გაუწიოს პატიმარს. ეს ასევე არის ილუსტრაცია იმისა, რომ ადამიანის უფლებების დაცვა არის სერიოზული პრობლემა.

  • სახალხო დამცველის თქმით, სააკაშვილი მოატყუეს და შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე გადაიყვანეს ე.წ. ციხის საავადმყოფოში. ეს რა ტიპის დარღვევაა? ასევე დადასტურდა, რომ იანვრიდან ამ დრომდე რუსთავის მე – 12 დაწესებულებიდან გლდანის ციხეში არავინ გადაუყვანიათ. 

ეს არის დიაგნოზი ამ პროცესის – საჭირო პროცედურები არ არის ჩატარებული და ეს ყველაფერი კიდევ უფრო დიდ კითხვებს აჩენს.

პატიმრის გადაყვანა და გადმოყვანა არის ძალიან არაგამჭვირვალე პროცედურები, რაც საფუძველს იღებს, მათ შორის, წინა ხელისუფლების დროს. მაშინაც პატიმარს ისე დაატარებდნენ წინ და უკან, ვერავინ იგებდა, რატომ აკეთებდნენ ამას. ამ ხელისუფლებამაც იგივე პრაქტიკა აჩვენა. მთელი ამ სისტემის ერთ-ერთი ავტორი არის ყოფილი პრეზიდენტი, ეს არგუმენტიც გასაგებია, მაგრამ დაუშვებელია მისი ან ნებისმიერი პატიმრის მიმართ მსგავსი მოპყრობა.

ადამიანის უფლებების დაცვა გულისხმობს, ზოგადად, სამართლებრივი გარემოს შექმნას, რომლითაც ყველა ისარგებლებს და არა ჯუნგლური კანონები, როცა ვხედავთ, რომ შერჩევითი მართლმსაჯულება ზეიმობს. გამოდიან მართლმსაჯულების წარმომადგენლები და ქვებს, ჯოხებს ესვრიან  საერთაშორისო საზოგადოებას. ვნახეთ მოსამართლეების განცხადებები და ისიც, თუ რამდენიმე გაემიჯნა ამას. ასეთი ქმედებებით შორს ვერავინ წავა – ძალიან ცუდი შედეგებით დასრულდება ეს ყველაფერი.

  • რაც შეეხება გლდანის დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას. ომბუდსმენის შეფასებით, ეს არის პატივის და ღირსების ვალდებულების დარღვევა. 

ასეა და ეს ძალიან სახიფათო მოქმედებაა – გამოჩნდა, რომ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი, ორკესტრირებული მოქმედება და ეს მოაწყვეს პატივის და ღირსების შესალახად. ეს პირდაპირ იყო მიმართული ადამიანის დათრგუნვისკენ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: