Batumelebi | აშშ: მთავრობას სააკაშვილის საჭიროებების დაკმაყოფილებისკენ მოვუწოდებთ აშშ: მთავრობას სააკაშვილის საჭიროებების დაკმაყოფილებისკენ მოვუწოდებთ – Batumelebi
ნეტგაზეთი • RU

აშშ: მთავრობას სააკაშვილის საჭიროებების დაკმაყოფილებისკენ მოვუწოდებთ

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის განცხადებით, ვაშინგტონი „ახლოდან აკვირდება“, თუ როგორ ეპყრობიან ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს.

როგორც პრაისმა აღნიშნა, სახელმწიფო დეპარტამენტი მთავრობას მოუწოდებს, სააკაშვილის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის დაცვისა და მისდამი სამართლიანი მოპყრობისკენ.

„[სააკაშვილის] დაპატიმრებიდან მოყოლებული ახლოდან ვაკვირდებით სიტუაციას და სააკაშვილისადმი მოპყრობას, მათ შორის სახალხო დამცველის დღევანდელ განცხადებას, რომელიც შეწუხებულია ბატონი სააკაშვილის პატიმრობის პირობების გამო. ამ განცხადების ფონზე, მოვუწოდებთ საქართველოს, დაუყონებლივ გადადგას ნაბიჯები სააკაშვილის ფსიქოლოგიური და ფიზიკური საჭიროებების დაკმაყოფილების უზრუნველყოფისთვის.

კვლავ მოვუწოდებთ მთავრობას, ღირსებით და სამართლიანად მოექცეს სააკაშვილს საერთაშორისო სტანდარტების და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

როგორც ჩვენ ვიცით, კანონმდებლობის თანახმად, მთავრობის პასუხისმგებლობაა პატიმრების ძალადობისგან დაცვა, მათ შორის ფსიქოლოგიური ძალადობისგან, და ადეკვატური ჯანდაცვისა და ჯანმრთელობის შესახებ პირადი ინფორმაციის დაცვის უზრუნველყოფა“, — განაცხადა პრაისმა 9 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე.

მიხეილ სააკაშვილი პირველი ოქტომბრიდან, დაკავების დღიდან, უკვე მე-40 დღეა ციხეში შიმშილობს. მთავრობა ამ დრომდე უარს აცხადებს სააკაშვილის სამოქალაქო ტიპის საავადმყოფოში გადაყვანაზე. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი თავისი ნების საწინააღმდეგოდ 8 ნოემბერს გადაიყვანეს გლდანში, სასჯელაღსრულების მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში.

სახალხო დამცველის თქმით, აღნიშნულ დაწესებულებაში არსებული ვითარება სრულად ისევ არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ დასკვნებსა და რეკომენდაციებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.