მთავარი,სიახლეები

11 დაკავებული აჭარიდან – რატომ გადაიყვანეს დეპუტატები მარნეულსა და ხაშურში 

10.11.2021 • 3502
11 დაკავებული აჭარიდან – რატომ გადაიყვანეს დეპუტატები მარნეულსა და ხაშურში 

„აქციაზე დაკავებული ელგუჯა ბაგრატიონი მარნეულში გადაიყვანეს წინასწარი დაკავების იზოლატორში, ბონდო თედორაძე – ხაშურში, სხვები თბილისში არიან,“ – ამბობს მირდატ ქამადაძე, ბათუმის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან თბილისში, სუს-ის შენობის წინ დაკავებულ ბათუმელ ოპოზიციონერებზე.

თბილისში საპროტესტო აქციაზე დღეს, 10 ნოემბერს, სულ 46 პირი დააკავეს ადმინისტრაციული წესით, მათ შორის, 11 ბათუმიდანაა. დაკავებულებს შორის არიან: აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ელგუჯა ბაგრატიონი, ქობულეთის მერობის კანდიდატი ოპოზიციური ერთობიდან ბონდო თედორაძე, ქობულეთის საკრებულოს ახალი მოწვევის წევრი ენმ-დან ლაშა კომახიძე, ასევე ბათუმის საკრებულოს ახალი მოწვევის წევრები ენმ-დან: მამუკა ქობულაძე, ალექსანდრე ვარშალომიძე და ბაჩი მექვაბიშვილი.

დაკავებულია მურმან დუმბაძეც, ვისზეც ოპოზიციას ამ დრომდე არ აქვს ინფორმაცია, თუ რომელ იზოლატორშია მოთავსებული.

„ჩვენი ვარაუდით გადაიყვანეს ეს ადამიანები მარნეულსა და ხაშურში უადგილობის გამო, როცა ასეთ რეპრესიებს აწყობ და ამდენ ადამიანს აკავებ ერთად, ადგილები არ ეყოთ. იზოლატორში ხომ სხვა საქმეებზე დაკავებულებიც არიან,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ მირდატ ქამადაძე. მისი თქმით, ჯერ არ არის გადაწყვეტილი, როდის გაიმართება აქციაზე დაკავებულების სასამართლო პროცესი.

___

დღეს 10 ნოემბერს 11:00 საათზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ოპოზიციამ საპროტესტო აქცია გამართა. ისინი ამბობდნენ, რომ მათი მთავარი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაა, თუმცა, ოპოზიციონერ დეპუტატებს ასევე უნდოდათ სუს-ის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა.

აქციის დაწყებიდან მალევე პოლიციამ მოქალაქეების დაკავება დაიწყო, ჯამში დააკავა 46 ადამიანი. შსს თქმით, შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონით აკრძალულია “ადმინისტრაციული ორგანოების შენობების შესასვლელების ბლოკირება და მათი საქმიანობის შეფერხება”.

აქციის მონაწილეები ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ციხის საავადმყოფოდან მრავალპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას ითხოვენ. სააკაშვილი უკვე 41 დღეა შიმშილობს.

მთავარი ფოტო: თბილისის აქციაზე დაკავებული ლაშა კომახიძე, ქობულეთის საკრებულოს წევრი და ბონდო თედორაძე

ამ თემაზე:

ჯერჯერობით უცნობია, სად გადაიყვანეს სუს-თან დაკავებულები — ადვოკატი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: