მთავარი,სიახლეები

ბოლო 10 დღეში საქართველოში კოვიდით 617 ადამიანი გარდაიცვალა

10.11.2021 • 1484
ბოლო 10 დღეში საქართველოში კოვიდით 617 ადამიანი გარდაიცვალა

2021 წლის ნოემბრის პირველ 10 დღეში საქართველოში კოვიდით 617 ადამიანი გარდაიცვალა.

კოვიდით გარდაცვლილების რაოდენობა ფაქტობრივად ყოველ დღე იზრდება. ბოლო 10 დღის განმავლობაში გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა დღეს, 10 ნოემბერს, დაფიქსირდა – ბოლო 24 საათში კორონავირუსით 78 ადამიანი გარდაიცვალა.

კორონავირუსით გარდაცვალების სტატისტიკა ბოლო 10 დღის განმავლობაში ასეთია:

  • 1 ნოემბერი – 44 გარდაცვლილი
  • 2 ნოემბერი – 47 გარდაცვლილი
  • 3 ნოემბერი – 49 გარდაცვლილი
  • 4 ნოემბერი – 53 გარდაცვლილი
  • 5 ნოემბერი – 62 გარდაცვლილი
  • 6 ნოემბერი – 68 გარდაცვლილი
  • 7 ნოემბერი – 67 გარდაცვლილი
  • 8 ნოემბერი – 74 გარდაცვლილი
  • 9 ნოემბერი – 75 გარდაცვლილი
  • 10 ნოემბერი – 78 გარდაცვლილი

გარდაცვალების სტატისტიკის ზრდის პარალელურად არ იკლებს კოვიდის ახალი შემთხვევების რაოდენობა. ბოლო ათი დღის განმავლობაში კოვიდის ყველაზე მეტი, 6024 ახალი შემთხვევა 3 ნოემბერს დადასტურდა. პირველი ნოემბრიდან დღემდე დღეში საშუალოდ კოვიდით ინფიცირების 4-5 ათასი ახალი შემთხვევაა. გამონაკლისია შაბათ-კვირა, როცა ახალი შემთხვევების რაოდენობა ჩვეულებრივ იკლებს, რაც მიმართვიანობის კლებასთანაა დაკავშირებული.

ყველა მონაცემი მიუთითებს, რომ საქართველო კორონავირუსის მეხუთე ტალღაში იმყოფება, რომელიც იმაზე ადრე დაიწყო, ვიდრე სპეციალისტები ვარაუდობდნენ. საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე ვარაუდობდა, რომ კოვიდის მეხუთე ტალღა ნოემბრის ბოლოს იყო მოსალოდნელი, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია კი აცხადებდა, რომ კოვიდის მორიგი ტალღა მოსალოდნელი იყო ახალი წლის შემდეგ.

კოვიდის მეოთხე ტალღა საქართველოში 2021 წლის ივლის-აგვისტოში იყო. მაგალითად, 20 ივლისს, როცა საქართველოში კოვიდის 2 616 ახალი შემთხვევა იყო, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა განაცხადა, რომ „გადავედით წითელ ზონაში“ და საჭირო იყო ვაქცინაციის ტემპის დაჩქარება და პირბადის აუცილებლად ტარება.

ამ განცხადების დროს საქართველოში დადებითობის დღიური მაჩვენებელი 7.19 პროცენტი იყო. დღეს, 10 ნოემბერს, საქართველოში დადებითობის დღიური მაჩვენებელი 10.08 პროცენტია.

ამ მონაცემების პარალელურად, საქართველოში კოვიდით ვაქცინაციის დონე დრამატულად დაეცა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ამჟამად ოთხი სხვადასხვა ვაქცინაა: „ფაიზერი“, „ასტრაზენეკა“, „სინოვაკი“ და „სინოფრამი“, პირველი ნოემბრიდან დღემდე ქვეყანაში არ ჩატარებულა დღეში 7 ათასზე მეტი აცრა კოვიდზე – ათი დღის განმავლობაში, ყველაზე მეტი – 6976 აცრა 9 ნოემბერს ჩატარდა, მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ 200 ლარს გადაუხდის ყველა პენსიონერს, რომელიც იანვრამდე აიცრება.

მაგალითისთვის, სექტემბერში კოვიდზე დღეში იცრებოდა 10-დან 25 ათასამდე ადამიანი.

დღევანდელი, 10 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 052 313 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 37.0 %, სრულად ვაქცინირებულია 954 991 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 33.4%.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განცხადებით, ერთადერთი გზა, რომელიც შეამცირებს კორონავირუსის ახალ შემთხვევებსა და კოვიდით გარდაცვალების სტატისტიკას, ვაქცინაცია და პირბადის ტარებაა, თუმცა ვაქცინაციის ტემპთან ერთად საქართველოში ნიღბების ტარების მაჩვენებელიც 35 პროცენტამდე დაეცა. შედარებისთვის, 2021 წლის მარტის ბოლოსა და აპრილის დასაწყისში, ქვეყანაში ნიღბების ტარების მონაცემი 77 პროცენტი იყო.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: