განათლება,მთავარი,სიახლეები

სკოლებში კონფლიქტების მოსაგვარებლად სამინისტრო მედიაციის პროგრამას იწყებს

09.11.2021 • 1439
სკოლებში კონფლიქტების მოსაგვარებლად სამინისტრო მედიაციის პროგრამას იწყებს

მანდატურის სამსახური სკოლებში მედიაციის საპილოტე პროგრამას იწყებს. პროექტის მიზანი მოსწავლეებს შორის კონფლიქტის მოგვარებაა.

როგორც მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილე, ნინო შატბერაშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს, საქართველოში აქამდე არ არსებობდა სასკოლო მედიაციის პრეცედენტები.

„არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემაში გვაქვს ამის გამოცდილება, თუმცა სასკოლო სისტემაში – არა. გავწევრიანდი ევროპის სკოლის მედიატორთა სამუშაო ჯგუფში, რომელიც ევროპული ფორუმის ქვეშაა; მოვუსმინე ექსპერტებს მსოფლიოდან, ვისაც ძალიან დიდი გამოცდილება აქვს ამ მიმართულებით. შევქმენით შიდა ჯგუფი და დავიწყეთ მოკვლევა ტრენერებთან დაკავშირებით, ვინც გადაამზადებდა მედიაციის ჯგუფის წევრებს. ასე ავაგეთ კონცეფციის პირველი სამუშაო ვერსია“, – ამბობს შატბერაშვილი.

ნინო შატბერაშვილის თქმით, უკვე გაწერილია კონცეფცია და სამუშაო გეგმა.

როგორ მოქმედებს მედიაციის პროგრამა? – შატბერაშვილის განმარტებით, მედიაციის ჯგუფი მოქმედებას სკოლიდან მიღებული შეტყობინების საფუძველზე იწყებს.

„თუ სკოლაში ხდება კონფლიქტი, ამის თაობაზე ინფორმაციას გვაწვდის სკოლის დირექტორი ან მანდატური. პირველ რიგში, ვაფასებთ კონფლიქტს, თუ რა ტიპისაა. გამიჯნული გვაქვს, რომელია მაღალი ან დაბალი დონის რთული ქცევა. მაღალი დონის რთული ქცევა ნიშნავს, როცა ბავშვის ან მოზარდის ქმედება საფრთხეს უქმნის სხვა ბავშვებს; ასევე შეიძლება იყოს მკვეთრად გამოხატული ანტისაზოგადოებრივი ქმედებაც.

ასეთ შემთხვევაში სკოლა ბავშვს სთავაზობს მედიაციის პროცესში ჩართვას, რადგან ერთ სივრცეში უნდა დარჩნენ კონფლიქტში მყოფი ბავშვები. ზოგჯერ გამწვავებულია სიტუაცია და რამდენიმე ბავშვია ჩართული კონფლიქტში“.

პროექტში ჩართულია ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი და გეგმარებისა და ანალიზის სამმართველოს კოორდინატორები.

როგორც ნინო შატბერაშვილი ამბობს, პროექტში დეტალურად არის გაწერილი, ვინ როდის, რამდენ დღეში მიდის კონფლიქტის მონაწილეებთან, როგორ იქცევიან და ასე შემდეგ. მედიაციის პროცესში ბავშვის ჩართვა ნებაყოფლობითია და მას ვერც ერთი მხარე ვერ დააძალებს.

„მედიატორები შეისწავლიან ზედმიწევნით რა ხდება, რა პროცესია, ეს ურთიერთობებია ბავშვებს შორის და აქედან გამომდინარე იწყებენ ჩართულობას“, – ამბობს შატბერაშვილი.

რამდენად შესაძლებელია, რომ ბავშვმა ან მშობელმა შეატყობინოს მედიაციის ჯგუფს კონფლიქტის შესახებ? – ვკითხეთ სპეციალისტს. შატბერაშვილის თქმით, პროექტში ეს საკითხი არ არის გათვალისწინებული, თუმცა შესაძლებელია ამ კომპონენტის გათვალისწინებაც.

ხშირია შემთხვევა, როცა სკოლა ამბობს, რომ ესა თუ ის კონფლიქტი არ მომხდარა სკოლის ტერიტორიაზე და ამით ცდილობს დისტანცირდეს პასუხისმგებლობისგან. ასეთ შემთხვევებში როგორ აპირებს ჯგუფი მუშაობას?

როგორც ნინო შატბერაშვილი გვეუბნება, მსგავს შემთხვევებზე მასაც სმენია, თუმცა მნიშვნელობა არ აქვს, სად მოხდა კონფლიქტი – სკოლის გარეთ, თუ სკოლის ტერიტორიაზე. თუ იცის დირექტორმა კრიზისული სიტუაციის შესახებ, მედიაციის ჯგუფი უნდა ჩართოს პროცესში.

„ეს ბავშვები ხომ არიან ამა თუ იმ სკოლის სკოლის მოსწავლეები, სკოლასაც აქვს მათზე პასუხისმგებლობა?“- ამბობს შატბერაშვილი.

საწყის ეტაპზე სასკოლო მედიაციის პროგრამაში 29 საჯარო სკოლა იქნება ჩართული. ბათუმიდან პროგრამაში ჩართულია II, IV და VIII საჯარო სკოლები, ასევე ხელვაჩაურის პირველი საჯარო სკოლა.

ცოტა ხნის წინ ბათუმში იყო შემთხვევა, როცა სკოლის მოსწავლეებმა ფსიქოლოგიურად იძალადეს თანატოლზე, ამის ამსახველი ვიდეო კი სოციალურ ქსელში განათავსეს. საქმეზე გამოძიებაც დაიწყო.

როგორც ნინო შატბერაშვილი ამბობს, ეს კარგი სამედიაციო თემაა და სურვილის შემთხვევაში ისინი იმუშავებენ ორივე მხარესთან.

„თუ მშობელს არ სურს ან არ შეუძლია ჩაერთოს მედიაციის პროცესში, ასეთ დროს ბავშვს უფლება აქვს პროცესში ჩართოს ნებისმიერი პირი, ვისაც ენდობa – მეგობარი, მასწავლებელი ან სხვა ვინმე“.

ამ ეტაპზე მედიაციის ჯგუფში 12 ადამიანია ჩართული. ისინი, ძირითადად, განათლების სამინისტროს სპეციალისტები არიან, რომლებიც მანდატურის სამსახურს ჰყავს დაქირავებული.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: