მთავარი,სიახლეები

„ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქცია აჭარის უმაღლეს საბჭოში ბოიკოტს იწყებს

10.11.2021 • 4928
„ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქცია აჭარის უმაღლეს საბჭოში ბოიკოტს იწყებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აჭარის უმაღლეს საბჭოში ბოიკოტს იწყებს. ამის შესახებ დღეს 10 ნოემბერს გავრცელა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ განცხადება.

„უმაღლესი საბჭოს ფრაქცია – „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა წევრი გადავდივართ ბოიკოტის რეჟიმზე. რაც იმას ნიშნავს, რომ ფრაქციის წევრები უარს ვაცხადებთ პლენარულ, ბიუროს და კომიტეტის სხდომებში მონაწილეობის მიღებაზე“ – ნათქვამია განცხადებაში, რომლითაც დღეს მიმართა ფრაქციამ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს.

აღნიშნული ფრაქციის თავმჯდომარე ელგუჯა ბაგრატიონი ასევე ფეისბუკზე ავრცელებს განცხადებას, სადაც წერს, რომ ამ გადაწყვეტილების მიზეზი სახელისუფლებო ინსტიტუციების მიტაცებაა ოლიგარქის მიერ.

„ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარეობს პოლიტიკური ნიშნით სისხლის სამართლებრივი დევნა. მას არ ეძლევა სამართლიანი სასამართლოს უფლება. რისკის ქვეშ არის მისი ჯანმრთელობა, როცა ხელისუფლება უარს აცხადებს კანონმდებლობის შესაბამისად მისთვის სამედიცინო მომსახურების მიწოდებაზე სამედიცინო დაწესებულებაში.

ჩვენ კარგად ვნახეთ თუ რა ვითარებაში ჩატარდა 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველი და მეორე ტური. სახელისუფლებო გუნდმა სრულ ტერორში აცხოვრა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა, მთელი საარჩევნო პერიოდი მიდიოდა ამომრჩევლების დაშინება, მოსყიდვა, სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დაშინება სოციალური დახმარების მოხსნის მუქარით, საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირებზე მუქარა სამსახურიდან დათხოვნის მუქარით თუ მათი ოჯახის წევრები აქტიურად არ ჩაერთვებოდნენ სახელისუფლებო პარტიის მხარდაჭერაში, ზეწოლა კერძო სექტორზე კომპანიების ხელმძღვანელები მუქარით აიძულებდნენ დასაქმებულ პირებს ჩართულიყვნენ სახელისუფლებო კანდიდატების მხარდასაჭერად.

ადგილი ჰქონდა ე.წ. კრიმინალების ჩართვას საარჩევნო პროცესში. მათ მიეცათ სადამკვირვებლო ორგანიზაციის მოწმობები და ქუჩიდან გადაინაცვლეს საარჩევნო უბნებზე. საარჩევნო კომისიებში თითქოსდა ნეიტრალური წევრებად დანიშნეს ქართული ოცნების აგიტატორები, რეალურად ხელისუფლებაში მყოფმა პირებმა არჩევნები მოიპარეს და ხალხს წაართვეს თავისუფალი არჩევანის უფლება.

აღნიშნულიდან გამომდინარე მიმაჩნია, რომ ჩვენ ფრაქცია უნდა გადავიდეს ბოიკოტის რეჟიმში, რადგან სახელმწიფოს მართვის სამივე შტო საკანონმდებლო – აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება მიიტაცა ერთმა ოლიგარქმა, შესაბამისად მიმაჩნია ბოიკოტი და პროტესტი არის ერთადერთი გამოსავალი ხალხს დაუბრუნდეს არჩევანის, არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილების უფლება და შესაძლებლობა“ – ვკითხულობთ უმაღლესი საბჭოს წევრის განცხადებაში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: