მთავარი,სიახლეები

ტუვალუს მინისტრმა ოკეანიდან მიმართა გაეროს კონფერენციას კლიმატის ცვლილებებზე

09.11.2021
ტუვალუს მინისტრმა ოკეანიდან მიმართა გაეროს კონფერენციას კლიმატის ცვლილებებზე

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პატარა ქვეყნის, ტუვალუს მთავრობამ გაეროს კლიმატის ცვლილებების კონფერენციაზე – COP26 – უჩვეულო გამოსვლით მიიქცია ყურადღება.

გაეროს კონფერენციაზე ნახეს ვიდეომიმართვა, რომელშიც წყნარ ოკეანეში მდებარე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი საიმონ კოფე ოკეანეში, მუხლებამდე წყალში იდგა ტრიბუნასთან, აკაპიწებული შარვლით. მან თქვა, რომ იმ ადგილას, სადაც ახლა დგას, ადრე მიწა იყო.

ფოტო: twitter

ამ ფორმით მან აჩვენა, თუ რა მძიმე მდგომარეობაში არიან კუნძულოვანი სახელმწიფოები კლიმატის ცვლილებების გამო.

ტუვალუზე 11 ათასი ადამიანი ცხოვრობს. კუნძულის უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან მხოლოდ 4.5 მეტრზეა, თუმცა კლიმატის ცვლილებების შედეგად კუნძულზე წყლის დონე ყოველწლიურად 0,5 სმ-ით მატულობს და კუნძულს გაქრობა ემუქრება.

ვიდეო გადაღებულია ტუვალუს დედაქალაქში, ფუნაფუტის კუნძულზე.

მინისტრ საიმონ კოფეს ფოტოები, რომელზეც ის ჰალსტუხით დგას ტრიბუნასთან წყალში, სოციალურ ქსელებში გავრცელდა.

ამ მიმართვა-პერფორმანსმა აჩვენა საფრთხე, რომელიც კუნძულოვან ქვეყნებს ემუქრება. გაეროს სამიტზე წყნარი ოკეანის კუნძულის ლიდერებმა მოითხოვეს დაუყოვნებლივი მოქმედება მათი ქვეყნების გადასარჩენად.

გარდა ამისა, ტუვალუ ეძებს სამართლებრივ გზას საკუთარი საზღვაო ზონების სახელმწიფოს ფორმით შესანარჩუნებლად იმ შემთხვევაშიც, თუ კი წყნარ ოკეანეში მდებარე ტუვალუ მთლიანად დაიტბორება. ამის შესახებ ტუვალუს საგარეო საქმეთა მინისტრმა უთხრა „როიტერსს“.

„ჩვენ წარმოვიდგენთ ყველაზე ცუდ სცენარს, რომლის შემთხვევაშიც იძულებული გავხდებით გადავსახლდეთ ან ჩვენი მიწები დაიტბორება. ვეძებთ სამართლებრივ გზებს, რომელთა საშუალებითაც შევძლებთ შევინარჩუნოთ აღიარება, როგორც სახელმწიფომ, საერთაშორისო კანონმდებლობის თანახმად,“ – უთხრა „როიტერსს“ საიმონ კოფემ.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: