მთავარი,სიახლეები

ძველი ბათუმის ფოტოების გამოფენა ევროპის მოედანზე

08.11.2021 •
ძველი ბათუმის ფოტოების გამოფენა ევროპის მოედანზე

ხვალ, 9 ნოემბერს, ბათუმში, ევროპის მოედანზე, გაიმართება გამოფენა „ძველი ბათუმის ცნობილი და ნაკლებცნობილი ფოტოები“.

ფოტოგამოფენა, რომელიც დაიწყება 17:00 საათზე, ეწყობა პროექტის – „გაიგე მეტი ბათუმზე“ ფარგლებში.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ფოტოები ძველი ბათუმის ფოტოკოლექციონერის, შოთა გუჯაბიძის პირადი არქივიდან.

ღონისძიების ხელმძღვანელის, აზა გაბუნიას თქმით, გამოფენაზე შესაძლებელი იქნება ძველი ბათუმის როგორც ცნობილი, ასევე აქამდე უცნობი კადრების ნახვაც:

„სხვადასხვა პერიოდის ფოტოები იქნება. მათგან არის ზოგიერთი ისეთი, რომელიც მოქალაქეებს დღემდე არ აქვთ ნანახი და არ ყოფილა გავრცელებული სოციალურ ქსელებში.

წარმოდგენილი იქნება ძველი ბათუმის ამსახველი 21 კადრი  და დაემატება რამდენიმე ფოტო, რომლებიც უკვე იყო გამოფენილი, ეს არის ძველი ბულვარის ფოტოები“.

ღონისძიების ორგანიზატორების მიზანია შეახსენონ მნახველებს, რომ ფოტოებში ასახული ბათუმი თითქმის აღარ არსებობს და უნდა დავიცვათ ის, რაც ჯერ კიდევ არ განადგურებულა.

„წლების განმავლობაში ბათუმის ურბანული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობა და მისი როლი, ქალაქის ეკონომიკური განვითარების კონტექსტში, მთავრობის მიერ სათანადოდ არ განიხილება. კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-შენარჩუნების საკითხისადმი არასათანადო და არაპროფესიონალურმა მიდგომამ მიგვიყვანა იმ შედეგამდე, რომ ისტორიული ქალაქების ურბანული მემკვიდრეობა პრაქტიკულად განადგურების პირას არის მისული“ – ვკითხულობთ ღონისძიების გვერდზე, ფეისბუქზე გამოქვეყნებულ პრესრელიზში.

პროექტი – „გაიგე მეტი ბათუმზე”, რომლის ფარგლებშიც იმართება გამოფენა, „DRIVE Democracy: რეგიონების უზრუნველყოფა ინფორმაციით და ამომრჩეველთა გაძლიერება დემოკრატიისათვის“ მცირე გრანტების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: