მთავარი,სიახლეები

აკრძალული იარაღით თევზაობისთვის პირი შესაძლოა დააპატიმრონ

09.11.2021 • 1617
აკრძალული იარაღით თევზაობისთვის პირი შესაძლოა დააპატიმრონ

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, უკანონო თევზჭერის მიმართულებით კანონმდებლობა მკაცრდება. კერძოდ, ცვლილებები შედის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში, რომელთა თანახმადაც თევზჭერა ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით ან სხვა აკრძალული იარაღით, ასაფეთქებელი ან მომწამლავი ნივთიერებით, თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის მასობრივი განადგურების სხვა საშუალებით, დაისჯება საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით 320-დან 400 საათამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით 6 წლამდე.

სისხლის სამართლის კოდექსის მე-300 მუხლი (უკანონო თევზჭერა) ახალი რედაქციით ყალიბდება. ცვლილების მიზანია ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით განხორციელებული თევზჭერა პირდაპირ დაკვალიფიცირდეს სისხლის სამართლებრივ დანაშაულად.

დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ამგვარი ქმედება სისხლის სამართლის დანაშაულს მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოადგენს, თუ პირი ასეთივე დარღვევისთვის ადმინისტრაციულად სახდელდადებულია ან თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის მოპოვების შედეგად სახეზეა მნიშვნელოვანი ზიანი ან ამგვარი თევზჭერა ჩადენილია აკრძალულ დროს ან აკრძალულ ადგილას.

მხოლოდ ამგვარი ქმედებით სისხლის სამართლებრივ დანაშაულად დაკვალიფიცირება ვერ უზრუნველყოფს შემაკავებელ ეფექტს და საჭიროებს გამკაცრებას, გამომდინარე მისი ქმედების სიმძიმიდან – ეკოლოგების მხრიდან მსგავსი ქმედება მძიმე დანაშაულთა კატეგორიად შეფასდა – იუწყება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაგეგმილი ცვლილების თანახმად, თევზჭერის სფეროში სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში, სანქციის სახით შემოდის ადმინისტრაციული პატიმრობა. კერძოდ, იცვლება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 86-ე მუხლი (თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესების, ნადირობის წესების და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სხვაგვარი სარგებლობის წესების დარღვევა).

ცვლილებების თანახმად: სამოყვარულო და სპორტული თევზჭერის იარაღისა და ხერხების გამოყენებით თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესების განმეორებით დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღის ვადით, სამართალდარღვევის იარაღისა და მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის კონფისკაციით.

საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესების დარღვევის შემთხვევაში პირი დაჯარიმდება 300 ლარით ან 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობით. სამართალდარღვევის იარაღისა და მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის კონფისკაციით. დანაშაულის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, ჯარიმა ორმაგდება, ადმინისტრაციული პატიმრობა იზრდება 14 დღემდე. 

თუ პირი იმავე დანაშაულს ჩაიდენს წყლის ზომამცირე სატრანსპორტო საშუალების (8 მეტრამდე სიგრძის კატარღა, ნავი, ნახევარბარკასი ან სხვა) გამოყენებით, მოუწევს 600 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა ან 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა, მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმისა და სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით, წყლის სატრანსპორტო საშუალების კონფისკაციით ან უამისოდ. დანაშაულის განმეორების შემთხვევაში, ჯარიმა ორმაგდება.

საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის უკანონოდ მოპოვების შემთხვევაში, სამართალდამრღვევს დაეკისრება ადმინისტრაციული სახდელები – 3 000-ლარიანი ჯარიმა, ან 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა, მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის, სამართალდარღვევის იარაღისა და წყლის სატრანსპორტო საშუალების კონფისკაციით.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: