მთავარი,სიახლეები

დეგნანი: მოვუწოდებთ მთავრობას, დააკმაყოფილოს სააკაშვილის სამედიცინო საჭიროებები

09.11.2021 • 1192
დეგნანი: მოვუწოდებთ მთავრობას, დააკმაყოფილოს სააკაშვილის სამედიცინო საჭიროებები

დღეს ბათუმში მყოფ აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს ჟურნალისტებმა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თავისი ნების წინააღმდეგ გლდანში, სასჯელაღსრულების მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანაზე ჰკითხეს.

„შეერთებული შტატები ყურადღებით აკვირდება მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებას და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას, რა თქმა უნდა გვაღელვებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა“, – განაცხადა დეგნანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

“როგორც სამედიცინო კონსილიუმმა შეაფასა, მას სჭირდება დაუყოვნებლივ გადაუდებელი მკურნალობა. ასევე სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ იმ დაწესებულებაში, სადაც ის იმყოფება, არ არის შესაბამისი პირობები იმისთვის, რომ მას გაეწიოს საჭირო სამედიცინო დახმარება. ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას, უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილმა მიიღოს საჭირო სამედიცინო დახმარება სრულად აღჭურვილ სათანადო დაწესებულებაში.

ჩვენ მოვუწოდებთ მიხეილ სააკაშვილს, რომ მიიღოს თავისი ექიმების რეკომენდაციები და დაემორჩილოს ამ რეკომენდაციებს. ცხადია, ეს არის ძალიან სენსიტიური, ემოციური სიტუაცია და ამ შემთხვევაში პრიორიტეტია, რომ პაციენტის ფსიქოლოგიური და ფიზიკური ჯანმრთელობა იყოს დაცული. ასე რომ ჩვენი ძლიერი მოწოდება საქართველოს მთავრობის მიმართ იქნება, რომ დაკმაყოფილდეს მისი სამედიცინო საჭიროებები.

მნიშვნელოვანია, რომ მას მოეპყრონ სამართლიანად, ღირსებით, საერთაშორისო სტანდარტებით და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ნებისმიერ ქვეყანაში ეს არის სახელმწიფოს მოვალეობა, რომ იზრუნოს პატიმრების მდგომარეობასა და დაცვაზე რაიმე სახის ზეწოლისა თუ ძალადობისგან.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას უზრუნველყოს მისი მკურნალობა სრულად აღჭურვილ სამედიცინო დაწესებულებაში”, – თქვა კელი დეგნანმა.

___

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პირველი ოქტომბრიდან, დაკავების დღიდან, უკვე მე-40 დღეა ციხეში შიმშილობს. მთავრობა ამ დრომდე უარს აცხადებს სააკაშვილის სამოქალაქო ტიპის საავადმყოფოში გადაყვანაზე. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი თავისი ნების წინააღმდეგ 8 ნოემბერს გადაიყვანეს გლდანში, სასჯელაღსრულების მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში.

სახალხო დამცველის თქმით, აღნიშნულ დაწესებულებაში არსებული ვითარება სრულად ისევ არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ დასკვნებსა და რეკომენდაციებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: