მთავარი,სიახლეები

ინსტალაცია – „ქალაქი ბეტონის ყუთში“

23.10.2021 •
ინსტალაცია – „ქალაქი ბეტონის ყუთში“

ინსტალაცია – „ქალაქი ბეტონის ყუთში“ დღეს, 23 ოქტომბერს, სამოქალაქო აქტივისტებმა ბათუმის ბულვარში, თეთრი კოლონადების გვერდით განათავსეს. პერფორმანსი გამოხატავს დღევანდელი ბათუმის მდგომარეობას. იმას, თუ როგორ იკარგება სივრცეები და როგორ იქცა სამშენებლო ხმაური ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილად.

„ინსტალაციაში მოქცეულია ძველი ბათუმის ექსპოზიცია, რაც  ერთგვარი სიმბოლოა იმის, როგორი იყო ეს ქალაქი და რად იქცა. მიტაცებული სივრცეების, სამშენებლო პროცესების გამო ვეღარ ვხედავთ ერთმანეთს, ვეღარ ვხედავთ მზეს და იმის ნაცვლად, რომ ქალაქში გვესმოდეს ბავშვების, თოლიების, ზღვის ხმა, გვესმის მხოლოდ სამშენებლო ხმაური“ – ამბობს „ბათუმელებთან“ აზა გაბუნია, სამოქალაქო აქტივისტი.

ინსტალაცია – „ბეტონის ყუთში მოქცეული ქალაქი“.
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

რატომ ვერ შევდივართ ინსტალაციაში? – როგორც აზა გაბუნია ამბობს, იმიტომ, რომ ჩვენი ქალაქი სწორედ ასეთ ყუთშია მოქცეული და „მხოლოდ ჭუჭრუტანებიდან შეგვიძლია ვუმზიროთ მზეს, ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობას რომელიც ისედაც დაზიანებულია ამდენი მშენებლობით, ვუმზიროთ ერთმანეთს, რადგან ჩვენს სახლებშიც კი აღარ არის სინათლე და ბულვარშიც კი სამშენებლო ხმაური გვესმის. სწორედ ამ ყველაფრის პროტესტია ეს ყუთი,“- გვეუბნება ის.

ბეტონის ყუთის შიგნით ძველი ბათუმი და მისი კულტურული მემკვიდრეობაა.
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

პროექტის ავტორები „დემოკრატიის სკოლის“ კურსდამთავრებულები არიან, რომლებმაც ურბანული პოლიტიკის ფარგლებში გააკეთეს აღნიშნული ინსტალაცია. ამ ინსტალაციით აქტივისტები ქალაქში არსებულ ურბანულ პრობლემებს ეხმიანებიან.

„ეს ყველაფერი ვიზუალიზაციაა იმის, თუ რა არის ჩამარხული ამ ბეტობის კედლებში. ფაქტობრივად, ჩვენი კულტურული მემკვიდრეობაა მოქცეული ყუთის შიგნით, რომელსაც მხოლოდ ამ პატარა ნახვრეტებიდან  ვხედავთ, რომელიც ყუთის კედლებზეა“- ამბობს თაკო მამეიშვილი, „დემოკრატიის სკოლის“ კოორდინატორი ბათუმში.

გამოფენა -ინსტალაცია
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

ინსტალაცია გაკეთდა პროექტის – „გაიგე მეტი“ ფარგლებში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვას, ცნობიერების ამაღლებას და მოქალაქეების ინფორმირებას უკავშირდება.

ინსტალაცია ასახავს ქალაქის დღევანდელ მდგომარეობას, – „როცა მხოლოდ ჭუჭრუტანებიდან შეგვიძლია დავინახოთ ისტორიული ბათუმი, მზე და ზღვა“.
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

ინსტალაცია ბულვარის გარდა ქალაქის სხვადასხვა ადგილზე განთავსება. გამოფენა დაახლოებით ერთ თვეს გაგრძელდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: