რა არჩევანი აქვთ სევეროდენცკში დარჩენილებს – ბრიტანეთის დაზვერვის ცნობები

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის უახლესი ცნობებით, ბოლო 48 საათში, რუსეთმა, იზიუმის სამხრეთით შეტევა განაახლა. რუსეთის არმია ცდილობს, შევიდეს დონეცკის ოლქის სიღრმეში და ჩრდილოეთიდან მოუჭრას გზა იქ დარჩენილ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს.

როგორც გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა 18 ივნისს, ტვიტერზე გამოქვეყნებულ სადაზვერვო ცნობარში მიუთითებს, 14 ივნისის შემდეგ, რუსები და სეპარატისტი თანამდებობის პირები აცხადებენ, რომ მათ სევეროდონეცკიდან მოქალაქეთა ევაკუაციისთვის „ჰუმანიტარული დერეფნის“ შექმნა სურთ.

„არსებობს პრეცედენტები, მანამდე უკრაინაში და კიდევ უფრო ადრე სირიაში, როდესაც, ცალხმრივად გამოცხადებულ „ჰუმანიტარულ დერეფნებს“ რუსეთი მანიპულაციის მექანიზმად იყენებდა, ერთი მხრივ საბრძოლო მოქმედების ზონაში ვითარების შესაცვლელად, მეორე მხრივ კი მოქალაქეების იძულებით გადასაადგილებლად,“ – აღნიშნავს უწყება და ვარაუდობს, რომ სწორედ ამის გამო, უკრაინის მოსახლეობა, რომელიც სევეროდენცკში ახლა მახეში აღმოჩნდა, შეთავაზებულ დერეფანს ეჭვის თვალით შეხედავს.

თუმცა დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, ქალაქში დარჩენილ ადამიანებს დიდი არჩევანი არ აქვთ:

„ქალაქის დატოვება, ხიდების არარსებობის გამო, თითქმის შეუძლებელი ხდება, რუსეთის მიერ შეთავაზებული მარშრუტი კი, ხალხს პირდაპირ ქალაქ სვატოვოში მიიყვანსს, რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის სიღრმეში.

თუ მოქალაქეები უარს იტყვიან შეთავაზებული დერეფნის გამოყენებაზე, რუსები, შემდგომში, სავარაუდოდ, ამით „გაამართლებენ“, რომ ნაკლებად არჩევდნენ  ერთმანეთისგან მშვიდობიან მოსახლეობას და სამხედრო სამიზნეებს.“

უკრაინის ოფიციალური პირების ინფორმაციით, სამხედროების ნაწილი და მოქალაქეები სევეროდენცკის ქიმიურ ქარხანა „აზოტს“ აფარებენ თავს, თუმცა მათი ევაკუაცია, ინტენსიური დაბომბვების პირობებში, შეუძლებელია.

„ახლა ფიზიკურად შეუძლებელია ქარხნის ტერიტორიიდან თავის დაღწევა მუდმივი ბრძოლისა და სროლის გამო. თავშესაფარში 568 ადამიანი იმყოფება, მათ შორის, 38 ბავშვია. გასულ თვეს, როცა ჩვენ ვთავაზობდით, ამ ადამიანებმა უარი თქვეს ევაკუაციაზე. ქარხნიდან თავის დაღწევა შესაძლებელია მხოლოდ ცეცხლის სრულად შეწყვეტის შემთხვევაში,“- დაწერა გუშინ ლუგანსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ, ტელეგრამზე.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის ცნობით,, რუსეთი, სევეროდენცკის უდიდეს ნაწილს აკონტროლებს.

105 წლის ქალი ხულოდან, რომელიც ტკბილეულს არასდროს ჭამს

ხულოში მცხოვრები ერთ-ერთი ყველაზე მხცოვანი ადამიანი 105 წლის ყუდუს შავაძეა. 

ის 1917 წელს დაიბადა და სოფელ დიდაჭარაში ცხოვრობს. 

ყუდუს შავაძის ოჯახის წევრი გვიყვება, რომ ქალს ბოლო რამდენიმე წელია მეხსიერება ღალატობს, თუმცა იცის, რომ რომ ხულოში მცხოვრები ერთ-ერთი ყველაზე მხცოვანი ადამიანია და საუბარს სტუმრებთან მისი ასაკის აღნიშვნით იწყებს. 

„დღეს აივანზე გასვლით, სუფთა ჰაერის ჩასუნთქვით იწყებს. დღის ძირითად ნაწილსაც აივანზე ატარებს. როცა ვეუბნებით, რომ ცივა და აჯობებს სახლში შემოვიდეს, უარზეა. ჰაერზე, გარეთ ყოფნას ამჯობინებს”, – გვიყვება თეონა შავაძე, ყუდუს შავაძის შვილიშვილის მეუღლე.

თეონა უკვე 20 წელია რაც ყუდუსთან ერთად ცხოვრობს. 

ყუდუს შავაძე

მისგან ვიგებთ, რომ ყუდუს შავაძეს საკუთარი შვილი არ ჰყავს. მან მაზლის შვილი გაზარდა, ქმარი კი დაახლოებით 30 წლის წინ გარდაეცვალა. 

ყუდუსს 2 შვილიშვილი, 6 შვილთაშვილი და 1 შვილთაშვილის შვილი ჰყავს. 

თეონა გვიყვება, რომ თავად მას 4 შვილი ჰყავს და ყველა მათგანის გაზრდაში ყუდუს შავაძე ეხმარებოდა. „ახალგაზრდების ახირებები არ უკვირდა“ – გვეუბნება თეონა. 

ყუდუს შავაძეს დამოუკიდებლად, ხელჯოხის დახმარებით გადაადგილება ახლაც შეუძლია. 

იგი მუსლიმია და უმეტესად შავ თავსაფარს ატარებს. ბოლო წლებია ნამაზს ვეღარ ასრულებს, თუმცა მარხვა არასდროს გაუცდენია – „სულ მარხულობს. წელსაც, მთელი თვის განმავლობაში მარხვაზე იყო“ – გვითხრა თეონამ.

თეონას თქმით, ყუდუს შავაძე არასდროს ჭამს ტკბილეულს, უყვარს ხილი, განსაკუთრებით, ვაშლი და მარწყვი. 

 

ცოტა რამ გვარიშვილობაზე ბათუმის საკრებულოს სხდომიდან, როცა ბიუჯეტის ანგარიშიც განიხილება

„ალეკოსთან მიმართებაში მინდა ვთქვა, აქ ყველა ვართ შენზე უფროსები. იმიტომ, რომ კაი ხანია ეთერში, მერთან კაბინეტში შესვლით, გამოსვლებით… ძალიან გთხოვ, იყავი ცოტა მეტად ზრდილობიანი იმიტომ, რომ შენს ასაკს უფრო შეეფერება მამაშენის და ბაბუაშენის გვარიშვილის კაცს. ეს გავალდებულებს, რომ ჩვენს, ყველას მიმართ იყო ზრდილობიანი… უმცროსი ხარ ყველაზე უფრო და მოგიხდება, უფრო შეგიყვარებს ყველა. საზოგადოება, ჟურნალისტები და ჩვენც შეგიყვარებთ“, – ეს რჩევა-დარიგება საკრებულოს წევრმა ალექსანდრე ვარშალომიძემ კოლეგისგან, გიორგი ლომთათიძისგან მიიღო.“

„მაგაზე ცალკე გავაგრძელოთ საუბარი“ – უპასუხა ალექსანდრე ვარშალომიძემ და ავარიული სახლების პროგრამაზე წამოწყებული საუბრის გაგრძელება სცადა.

გაგრძელდა რჩევა-დარიგებაც, ამჯერად საქმეში სხვები ჩაერთნენ. გიორგი ლომთათიძემ ისევ კეთილგანწყობილი ტონი შეინარჩუნა, მინდია გოგუაძემ კი შედარებით აგრესიული, თუმცა მისი აქტივობა დიდხანს არ გაგრძელებულა – გოგუაძის დამშვიდება თავის მხრივ საკრებულოს აპარატის უფროსმა სცადა. მინდია გოგუაძე საკრებულოს წევრია „ოცნებიდან“, ის ინფრასტრუქტურის კომისიას ხელმძღვანელობს.

„ზრდილობიანად მოიქეცი ასაკიდან გამომდინარე პატივი გვეცი ყველას. მამაშენის და ბაბუაშენის შვილს და შვილიშვილს ეგ არ გეკადრება. მოწიწებით ელაპარაკე ყველას. შენი ზრდილობისთვის და შენი მომავლისთვის ასე ჯობია.“

მოგვიანებით ალექსანდრე ვარშალომიძემ განაცხადა, რომ მისთვის გაუგებარია ავარიულ სახლებზე, კერძოდ შერჩევის კრიტერიუმებზე მისმა საუბარმა, რატომ გამოიწვია კოლეგების ასეთი რეაქცია.

რა შუაშია აქ ასაკი? – იკითხეს ენმ-ის ფრაქციიდან. თუმცა ამ დროს დარბაზში ისეთი ხმაური იყო, გაგვიჭირდა იმის გარჩევა, ვინ რას ამბობდა და ვინ ვის რას პასუხობდა.

ბათუმის საკრებულოს სხდომა – 17 ივნისი

საკრებულოს სხდომა დღეს, 17 ივნისს გაიმართა. ეს იყო პირველი სხდომა მას შემდეგ, რაც მოახერხეს თავმჯდომარის და მისი მოადგილეების არჩევა, ასევე დააკომპლექტეს კომისიები. სხდომა ხმაურიანი, პერიოდულად კი ძალიან ხმაურიანი იყო.

დღეს 17 მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს, მათ შორის მოისმინეს გასული წლის ბიუჯეტის ანგარიში, რომელიც ოპოზიციამ, უფრო კი ენმ-ის წევრმა რეზო ხარაზმა დაიწუნა: როგორც თავად განმარტა, იმის გამო, რომ მის კითხვებს ამომწურავად ვერ უპასუხეს, იმის გამო, რომ საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის განმარტებებით სასურველი ინფორმაცია ვერ მიიღო და იმის გამოც, რომ მერი, არჩილ ჩიქოვანი სხდომაზე არ მივიდა.

მან სხდომა შემდეგი სიტყვებით დატოვა: „ინფრასტრუქტურა მოუწესრიგებელია, ხალხი დაუსაქმებელია, შიმშილია და ესენი მელაპარაკებიან ბიუჯეტი რა კარგად შევასრულეთო.“

რეზო ხარაზის კრიტიკას [ვიდრე ის დარბაზს დატოვებდა]  ნაპირსამაგრ სამუშაოებთან დაკავშირებით „ოცნებიდან“ დავით მახარაძემ უპასუხა. მან თქვა, რომ „ოცნებას“ 9 წელი დასჭირდა „ენმ“-ის შეცდომების გასასწორებლად:

„ახსენა ბულვარი. დიახ, პატივცემულო, სანამ გაკეთდებოდა ბულვარი, მანამდე უნდა გაკეთებულიყო ნაპირსამაგრი სამუშაოები, სანამ გაკეთდებოდა ის ქუჩები, რომლებზეც ქვაფენილებია დაგებული, მანამდე უნდა გაკეთებულიყო ხარისხიანად… 9 წლის განმავლობაში ჩვენ ვასწორებთ აი იმ შეცდომებს, რომლებიც თქვენ გაქვთ დაშვებული იმ პერიოდში. ჩვენ ვასწორებთ თქვენს დაგებულ გზებს“.

„აი მაგ გასწორებულ გზებზე დადიხარ ზუსტად წყლებში“, – ასეთი იყო პასუხი ოპოზიციის ფლანგიდან.

საკითხების განხილვის დაწყებამდე სხდომაზე სიტყვით ენმ-ის წევრი ნაზი ფუტკარაძეც გამოვიდა. მისი გამოსვლა სხდომის ერთ-ერთი ყველაზე ემოციური ნაწილი იყო, მან კიდევ ერთხელ გააკეთა განცხადება საკრებულოს გარდაცვლილ წევრზე, ნუგზარ ფუტკარაძეზე, რომელიც ნაზი ფუტკარაძის ძმა იყო. ის დღეს სხდომაზე ნუგზარ ფუტკარაძის გამოსახულებიანი მაისურით მივიდა.

„ბატონო რამაზ არ შემიძლია მოგილოცოთ სამწუხაროდ. თქვენ ჩემი ძმის სიცოცხლის მოსპობით მიღებული მანდატი გაქვთ, ზეწოლით და მუქარით… 19/16 ზე უნდა ყოფილიყო საკრებულო, თქვენს გვერდით ზის ღირსებაგაყიდული ადამიანი და ძალიან მრცხვენია“, თქვა ნაზი ფუტკარაძემ.

თავმჯდომარის გვერდით მისი პირველი მოადგილე, ირაკლი თავდგირიძე იჯდა. ის საკრებულოში, როგორც გახარიას პარტიის წევრი შევიდა, შემდეგ კი პარტია დატოვა. მან საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე „ოცნების“ წარდგენილ კანდიდატს დაუჭირა მხარი, თვითონ კი პირველი მოადგილის თანამდებობა მიიღო.

„ძალიან გთხოვთ, ღირსებაზე ნუ შევეხებით ერთმანეთს… კოლეგებო ვიცოდეთ, რომ ჩვენ მართლა ღირსეულად მოვედით და ღირსეულად გავიმარჯვეთ. ასე რომ…“ – მიმართა რამაზ ჯინჭარაძემ ოპოზიციას.

დარბაზში ატეხილი ხმაურის გამო, ჩვენ ვერ გავიგეთ, როგორი იყო თავად ირაკლი თავდგირიძის რეაქცია ამ მიმართვაზე, თუმცა როგორც შემდეგ გაირკვა, სწორედ მისი რეაქციის გამო გაღიზიანდა საკრებულოს წევრი „ენმ“-დან ბაჩი მექვაბიშვილი:

„შენთან შედარებით ღირსეული ვარ მე. შენთან შედარებით ყველა ღირსეულია აქ. კიდევ ერთხელ გეუბნები, შენ მე ვერ გამაჩერებ, მიუხედავად იმისა, რომ ჩუმად ვიყავი აქამდე, ხმის ამოღებას არ ვაპირებდი. შენმა ქცევებმა მიგვიყვანა აქამდე“.

„გამოჩნდი უკვე კამერებში დაამთავრე“, – უპასუხა რიჩარდ სირაბიძემ კოლეგას.

„ახალგაზრდა ხარ და არ გეკადრება ეგეთი ქცევები. შენთან მოსულები იყვნენ რიჩარდ? – ჩემს ოჯახთან იყვნენ მოსულები. გაყიდული დეპუტატებით გინდოდათ ხმების აღება, ესაა სამართალი? – გაყიდული დეპუტატებით, ფულის გამო რომ ხელი აეწია. ნუგზარ ფუტკარაძე სწორედ მაგას ემსხვერპლა. ირაკლი თავდგირიძე რომ ზის მანდ, სირცხვილია. მართლა არ ვაპირებდი ხმის ამოღებას, მაგრამ ქალბატონ ნაზის რეები უთხრა, სირცხვილია. მაგან ხმა როგორ უნდა ამოიღოს საერთოდ“, – უპასუხა ბაჩი მექვაბიშვილმა კოლეგას.

სიტუაციის განმუხტვა ამჯერად სხდომის თავმჯდომარემ შეძლო: „გვიყურებს ქალაქი და ამომრჩევლებს ვცეთ პატივიო“.

 

„ხმას დაუწიე“, „ზრდილობიანად მელაპარაკე“ „რას დავუწიო ბიჭო“ – მიმართვები საკრებულოში

სიტყვით გამოვიდა ზურა ნაკაიძეც, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა. მან განმარტა, რომ აუდიტის დასკვნებიდან, „რომლებზეც ოპოზიცია აპელირებს“ არცერთი არ გამხდარა გამოძიების დაწყების საგანი. მან ასევე უპასუხა ენმ-ის ბრალდებას სააკაშვილთან დაკავშირებით, რომ „მესამე პრეზიდენტს კლავენ“. მან გენერალ სერგო თეთრაძის და სულხან მელაშვილის საქმეები გაიხსენა.

მოგვიანებით ზურა ნაკაიძეს ენმ-ის ფრაქციის თავმჯდომარემ, ლაშა კილაბერიამ მიმართა:

„არ მინდოდა გადავსულიყავით პიროვნულ რაღაცებზე, მაგრამ ბატონო ზურა ხომ არ გავიწყდებათ, რომ მე ვარ ის ადამიანი, რომელიც სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეთ, სამი ინსტანციის სასამართლო მოგიგეთ. მორალური უფლება არ გაქვთ პოლიტიკურ ნაწილზე მე მესაუბროთ, რასაც თქვენ ჩადიოდით და ჩადიხართ დღემდე“.

დღეს საკრებულოს სხდომაზე დაამტკიცეს „ავარიული სახლების“ ჩანაცვლების წესი, მოისმინეს ბიუჯეტის ანგარიში, ცვლილება შეიტანეს საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში.

დღეს საკრებულოს წევრმა, ქეთევან ლასტაკანიძემ გააჟღერა ინიციატივა: საკრებულომ დააწესოს შეღავათიანი ტარიფი მოწყვლადი ჯგუფებისთვის, განსაკუთრებით კი ბავშვებისთვის, ისეთ ძვირადღირებულ გასართობ ობიექტებში, როგორიც არის მაგალითად დელფინარიუმი და სხვა.

„მეშინია, გზაში ან უნივერსიტეტში არ ჩამეძინოს“ – სტუდენტები, რომლებიც ღამის ცვლაში მუშაობენ

საქართველოში არაერთი სტუდენტი მუშაობს ღამის ცვლაში. დღისით ისინი სწავლობენ, ღამით კი მუშაობენ, რომ სწავლის ან ყოველდღიური ცხოვრების ხარჯები დაფარონ.

ამჯერად ორ ბათუმელ სტუდენტზე – მირანდასა და რამაზზე გიამბობთ. მათი სამსახური ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება, თუმცა ორივე ღამის ცვლაში მუშაობს და იციან, რას ნიშნავს მუდამ გეძინებოდეს.

  • რამდენჯერმე უნივერსიტეტში ჩამეძინა. ყოფილა შემთხვევა, როცა მთელი დღ თვალს ვერ ვახელდი

20 წლის მირანდა ლომინაძე ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქტომბრიდანაა. მირანდა ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტია. ის დაწყებით განათლებას სწავლობს.

მირანდა ლომინაძე

მერვე თვეა მირანდა მაღაზიათა ქსელ „ნაზილბეში“ ღამის ცვლის კონსულტანტად მუშაობს ორ დღეში ერთხელ. მისი სამუშაო გრაფიკი 12-საათიანია, სამსახურს საღამოს ცხრა საათზე იწყებს და დილის ცხრა საათამდე მუშაობს.

ეს მირანდას პირველი სამსახურია. მან სამსახურის ძებნა მაშინვე დაიწყო, როცა ბათუმში გადმოვიდა საცხოვრებლად. ბათუმში ნათესავთან ცხოვრობს, მაგრამ სხვა, ყველა საჭირო ხარჯის დაფარვა თავად სურდა. მირანდას სამი დედმამიშვილი ჰყავს და როგორც გვითხრა, მისი ოჯახის ერთადერთი შემოსავლის წყარო ბებიის პენსიაა.

მირანდა იხსენებს, რომ მუშაობის დაწყება არ იყო რთული. განცხადება შენობაზე ნახა გაკრული და სტაჟირების პერიოდიც მარტივად გაიარა. მისი ხელფასი 400-450 ლარია.

„თავიდან არ მიჭირდა მუშაობა, მერე უფრო გამიჭირდა. ღამისთევა სტრესული აღმოჩნდა. უფრო და უფრო გაკლდება ძილი. სამსახურის შემდეგ სემინარები გაქვს, სადაც აუცილებლად უნდა წახვიდე და გამოძინებას ვერ ახერხებ.

ბათუმში საცხოვრებლად გადმოსვლა ჩემთვის ცხოვრების ახალი ეტაპი და საკმაოდ რთული პერიოდი იყო. ხარჯები მქონდა, რაც აუცილებლად მე უნდა დამეფარა. ფული მჭირდებოდა და მერჩივნა, თვითონ გამომემუშავებინა ეს თანხა, ვიდრე მუდმივად სხვისთვის მეთხოვა, ამიტომ ეს სამსახური ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის.

ადვილად ავითვისე ეს საქმე. მეტ-ნაკლებად მოვახერხე ამ სამსახურთან დაკავშირებული სირთულეების გადაჭრაც, მაგრამ საბოლოოდ მიმაჩნია, რომ სჯობს რამდენიმე სემინარი, რომელთა გაცდენაც პრობლემას არ შეგიქმნის, გააცდინო და იმუშაო დღის ცვლაში, არ მოიკლო ძილი, ვიდრე ღამის ცვლაში იყო და მერე მთელი დღე თავისუფალი გქონდეს. აზრი არ აქვს ამ თავისუფალი დროის ქონას. დილით დგები და მთელი დღე მძინარე დადიხარ.

ყოფილა შემთხვევა, როცა მთელი დღის მანძილზე თვალს ვერ ვახელდი, ისე ცუდად ვიყავი. როდესაც ცვლიდან უნივერსიტეტში მიდიხარ, გამოდის, რომ მთელი 24 ან 48 საათი უძინარი ხარ. ეს ძალიან რთულია“, – გვითხრა მირანდამ.

ბსუ-ში გაზაფხულის სემესტრი ჰიბრიდული სწავლებით განახლდა. ახლა მირანდას ყველა სემინარი უნივერსიტეტში უტარდება. გვიყვება, რომ პირველ სემესტრში, რადგან ნაკლებად იყო უნივერსიტეტში დატვირთული და ხშირად მისვლა არ უწევდა, გამოძინებასაც ახერხებდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ყველა სემინარი უნივერსიტეტში უტარდება, უფრო ნაკლები დრო რჩება დასვენებისთვის და ღამის ცვლა მისთვის კიდევ უფრო სტრესული გახდა.

მას რამდენჯერმე სემინარების გაცდენაც მოუხდა გადაღლილობის გამო.

„ლექციები ონლაინ მაქვს და ხშირად ვერ ვესწრები უძილობის გამო. როდესაც სემინარები მაქვს, ცვლიდან გამოსული პირდაპირ უნივერსიტეტში მივდივარ და საღამომდე უნივერსიტეტში ვარ.

რამდენჯერმე უნივერსიტეტში ჩამეძინა, რამდენიმე წუთით.

უძილობას ლექტორები და კურსელები მამჩნევენ. ლექტორებმა იციან, სადაც ვმუშაობ და ძირითადად, ეს მათთვის პრობლემას არ წარმოადგენს“, – ამბობს მირანდა.

მან გვითხრა, რომ მიუხედავად სტრესისა, კონსულტანტად მუშაობა მას დაეხმარა უფრო მეტად კომუნიკაბელური გამხდარიყო.

„მთავარი სირთულე ის არის, რომ მთელი დღე რაღაც სხვა საქმით ხარ დაკავებული, იღლები და როცა სახლში უნდა მიხვიდე და დაიძინო, ამ დროს სამსახურში ხარ წასასვლელი“.

მისი თქმით, ანაზღაურება, რომელიც მას აქვს, მის შრომას არ შეესაბამება – „როცა ღამის ცვლაში მუშაობ, არ აქვს მნიშვნელობა რას აკეთებ, ყველაზე რთული მაინც ღამის გათევაა“.

ახლა მირანდა სამსახურის შეცვლაზე ფიქრობს და უკვე დაიწყო სხვა სამსახურის ძებნა, სადაც მოქნილი გრაფიკი ექნება. თუმცა ფიქრობს, რომ ძალიან რთულია ისეთი სამსახურის პოვნა, უნივერსიტეტის და სამსახურის გრაფიკი რომ სრულად თავსებადი იყოს ერთმანეთთან.

მირანდა ცდილობს, რომ თავისი ხელფასით დაფაროს საკუთარი ხარჯები და ზედმეტად ფული არაფერში არ დახარჯოს. იგი სწავლაში ფულს არ იხდის. ამბობს, რომ მისი ძირითადი ხარჯი ქსეროქსის გაკეთებაა.

„მნიშვნელოვანია, სწორად განსაზღვრო, რაში რამდენ თანხას დახარჯავ“ – ამბობს მირანდა.

  • როცა ავტობუსში ან ტაქსიში ვზივარ, მეშინია, სახლს არ გავცდე, არ ჩამეძინოს

24 წლის რამაზ ბოლქვაძე ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის  მე-4 კურსის ნავიგაციის ფაკულტეტის სტუდენტია. რამაზი შუახევიდანაა.

რამაზ ბოლქვაძე

აკადემიაში რამაზის სწავლის წლიური გადასახადი 2250  ლარია. იგი გვიყვება, რომ სულ ცდილობდა სწავლის ფული თავად, მშობლების დახმარების გარეშე შეეგროვებინა, ამიტომ ხან სეზონურად მუშაობდა, ხანაც სასტუმროში ბელბოი იყო.

უკვე 2 თვეზე მეტია, რაც რამაზმა ისევ ბელბოიდ დაიწყო მუშაობა ბათუმში, სასტუმროში. მისი მოვალეობა სტუმრების დახვედრა და მათი ნომრებამდე მიცილებაა.

რამაზის სამუშაო გრაფიკი მოძრავია. იგი დღისითაც მუშაობს და ასევე, ღამის ცვლაში – კვირაში 2-ჯერ.

„ყოველ ღამე არ მიწევს ღამისთევა, მაგრამ მაინც ძალიან მიჭირს.

რთულია, როცა პარალელურად სწავლობ. მაშინ, როცა ღამის ცვლაში ვარ, სამსახურს დილის რვა საათისთვის ვასრულებ, უნივერსიტეტში სწავლა კი 9-10 საათზე მეწყება.

გადაბმულად, გამოუძინებელს მიწევს, რომ  სამსახურიდან გამოვიდე და პირდაპირ აკადემიაში წავიდე.

ბევრჯერ წამოვსულვარ აკადემიიდან, როცა უკვე ძალიან მეძინებოდა. მორალი არ გაძლევს იმის საშუალებას, რომ ლექტორის თანდასწრებით დაიძინო.

შესაძლოა შაბათ-კვირა დაემთხვეს და სწავლა არც მქონდეს, მაგრამ აი, როცა ავტობუსში ან ტაქსიში ვზივარ, მეშინია, სახლს არ გავცდე, არ ჩამეძინოს, რადგან იღლები ადამიანი. თანაც, სამსახურში თვალის მოხუჭვის უფლება წამითაც არ გაქვს“, – გვითხრა რამაზმა.

მისი თქმით, ბევრი სტუდენტი მუშაობს ღამის ცვლაში.

სამსახურის პოვნისთვის რამდენიმე თვე დასჭირდა. სანამ სასტუმროში დაიწყებდა მუშაობას, იქამდე რამდენიმე გასაუბრება სხვაგანაც გაიარა, თუმცა ყველგან სრულ განაკვეთზე ეძებდნენ თანამშრომელს.

„კიდევ რამდენიმე ვარიანტია, მაგალითად, მიტანის სერვისი, სადაც ბევრი სტუდენტი მუშაობს, მაგრამ მე ეს უსაფრთხო საქმე არ მგონია, მძღოლების მოძრაობა ქაოსურია,“  – ამბობს რამაზი.

იგი ამბობს, რომ ლექციების გაცდენა დაღლილობის გამო  ხშირად უწევს.

„როცა ახალდაწყებული მქონდა სამსახური, ვცდილობდი,  მაქსიმალურად დავსწრებოდი ონლაინ ლექციებს თუ პრაქტიკულებს აკადემიაში. დროთა განმავლობაში უფრო და უფრო გადავიღალე.

მოძრავი გრაფიკით სამსახური ძალიან დამღლელია. წარმოიდგინეთ, დღეს თუ შემიძლია ღამე დავიძინო, რამდენიმე დღეში ღამით ვერ დავიძინებ. ძილის საათების გამო მეც ავირიე.

რვა საათი, რაც ჩემი გონებისთვის და ორგანიზმისთვისაა საჭირო, ვეღარ მძინავს“ – გვითხრა მან.

რამაზი ამბობს, რომ როცა უძინარია, ამას ლექტორებიც ამჩნევენ და გაგებით ეკიდებიან.

„არ მახსენდება შემთხვევა უკმეხად ეთქვათ ჩემთვის ლექტორებს, თუ გინდა სწავლა, უნდა ისწავლო და თავი დაანებო სამსახურსო“.

როცა ღამის ცვლიდან გამოდის და პრაქტიკული მეცადინეობა აქვს, რამაზი პირდაპირ აკადემიაში მიდის, რადგან იცის, რომ თუ ცოტა ხნით დაძინებას გადაწყვეტს, ვეღარ გაიღვიძებს.

მისი თქმით, მის აკადემიურ მოსწრებაზე სამსახურმა იმოქმედა:

„იყო შემთხვევა, როცა შუალედური გამოცდა მქონდა ზეპირი გამოკითხვის სახით ერთ-ერთ, ყველაზე მნიშვნელოვან საგანში. გამოცდამდე ძალიან დიდი მონდომებით ვემზადებოდი. თავგადაკლული ვმეცადინეობდი, მაგრამ რომ გავედი გამოცდაზე, ვერ მივიღე ის ნიშანი, რომელიც მინდოდა. ეს იმიტომ, რომ ღამის ცვლიდან ახალი გამოსული და დაღლილი ვიყავი“, – გვითხრა მან.

რამაზს ფიქსირებული ხელფასი 500 ლარი აქვს. დამატებით, სასტუმროს მომხმარებლებისგან იღებს ჩაისაც და ახერხებს, რომ ყოველთვიურად, ნაწილ-ნაწილ გადაიხადოს სწავლის საფასური.

რამაზის აზრით, ქვეყანაში არსებული ინფლაციის მაღალი დონის ფონზე ანაზღაურება, რომელიც აქვს, მის შრომას არ შეესაბამება.

„მძიმე ჩანთების აწევა და გადატანა გიწევს. დღის განმავლობაში შესაძლოა ეს მოხდეს ძალიან ბევრჯერ. შეიძლება 50-ჯერ, 70-ჯერ“.

მას შემდეგ, რაც რამაზმა სასტუმროში დაიწყო მუშაობა, სხვაგან სამსახურის მოძებნა არ უცდია. მისი აზრით, საქართველოში დასაქმების ბაზარი სტუდენტებისთვის მრავალფეროვნებით არ გამოირჩევა.

ევროკავშირმა გვითხრა თავისი სათქმელი, დანარჩენი ქართველ ხალხზეა – ინტერვიუ

დღეს, 17 ივნისს, ევროპარლამენტმა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის წევრობის სტატუსზე უარი უთხრა, თუმცა ასევე მოაყოლა პირობების გრძელი ჩამონათვალი. საქართველოს ევროპული პერსპექტივა მხოლოდ ამ პირობების შესრულების შემთხვევაში აქვს. რამდენად შესრულებადია ევროკომისიის მოთხოვნები და კიდევ უფრო ხომ არ გააძლიერებს ანტიდასავლურ განწყობებს? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ესაუბრა „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ (GRASS) დამფუძნებელს და „ევროპული საქართველოს“ ყოფილ წევრს, სერგი კაპანაძეს.

  • ბატონო სერგი, თქვენი აზრით, რა გვითხრა რეალურად დღეს ევროპამ?

ევროპამ ამით გვითხრა ის, რომ ძალიან მძიმე რეფორმები გვაქვს გასატარებელი ქვეყანაში, ბევრი რამ გვაქვს შესაცვლელი, თუ გვინდა, რომ გავხდეთ ევროპული ქვეყანა. გვითხრა, რომ შევხედავ დეკემბერში რას გააკეთებთ ამ ჩამონათვალიდან.

ჩამონათვალი კი ძალიან მძიმეა, რადგან აქ აღარ არის საუბარი მხოლოდ მედია პლურალიზმზე, სასამართლოს თავისუფლებაზე და ინსტიტუციების გამართულობაზე, დაემატა ახალი თემები, მათ შორის ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნა, ერთ-ერთი პირდაპირი მოთხოვნაა დე ოლიგარქიზაცია, ძალიან მძიმე ჩამონათვალია და ამ ყველაფერს უნდა უპასუხოს ქვეყანამ. ამ ყველაფერს აკეთებს და მიდის ევროპისკენ თუ არ აკეთებს და რჩება იქ, სადაც ვართ.

  • დე ოლიგარქიზაციაზე მინდა გკითხოთ, ეს ნიშნავს საკანონმდებლო დონეზე ჩანაწერს, ისეთს, როგორიც გააკეთა ვთქვათ უკრაინამ, რომ ოლიგარქები ვერ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას? თუ არის მინიშნება იმაზე, რომ უნდა შეცვალოთ ხელისუფლება, რომელსაც აკონტროლებს ჩრდილოვანი მმართველი?

პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი ცხოვრება არ უნდა მართოს არაფორმალურმა ოლიგარქმა. რა ფორმით? ეს შეიძლება ლეგალურადაც უზრუნველვყოთ რა თქმა უნდა და არჩევნებითაც.

ევროკავშირი ხომ არ გეტყვის ხელისუფლება შეცვალეთო. ის გეუბნება რა არის პრობლემა და რა უნდა მოვაგვაროთ. ეს უნდა გადაწყვიტონ საქართველოს მოქალაქეებმა. ამას გააკეთებს შეთანხმებით, არჩევნების გზით თუ სხვა რაღაცებით, ხალხის გადასაწყვეტია.

  • რამდენად რეალურია ამ მოთხოვნების შესრულება წლის ბოლომდე?

არარეალურია, ჩემი აზრით. ამიტომ ვამბობ, რომ ძალიან მძიმე სიტუაციაში ვართ. ევროკავშირმა გვითხრა თავისი სათქმელი და ყველა დანარჩენი არის ქართველ ხალხზე. რა თქმა უნდა, პოლიტიკურ სპექტრზეც.

  • როგორ ფიქრობთ, რა არის არსებითი განსხვავება იმ პირობებს შორის, რაც საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას წამოგვიყენეს, თუმცა ჩვენ უარი გვითხრეს კანდიდატის სტატუსზე, მათ კი არა?

 ჩვენ არა მხოლოდ ივანიშვილის გამო მიგვიჩინეს ის ადგილი, სადაც მიგვიჩინეს. ბევრი თემაა, არა მხოლოდ მედია ან სასამართლო, ყველაფერია ერთობლიობაში.

  • „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა კარგად გამოიყენეს ფრაზა, როცა მაკრონმა თქვა, რომ „საქართველო გეოგრაფიულად და გეოპოლიტიკურად სხვა ადგილასაა“. რა იგულისხმა ამაში?

გეოპოლიტიკა არ ნიშნავს გეოგრაფიას. გეოგრაფია არ უგულისხმია აქ მაკრონს, არამედ იგულისხმა ის, როგორც იქცევა დღეს ქვეყანა, როგორი პოლიტიკა აქვს, – ევროპულია თუ არა და ეს არ ნიშნავს მარტო გეოგრაფიულ მდგომარეობას.

ანა-ბანაა ეს იმ ადამიანების გასაგონად, ვინც ამბობს, რომ მაკრონმა გეოგრაფიაზე გააკეთა აქცენტი. ჩვენი ევროპულობა არ განისაზღვრება მხოლოდ გეოგრაფიით, არამედ იმით, როგორი მთავრობას გვყავს, როგორია საზოგადოება, როგორი რეფორმები ტარდება და რა ტემპით მივდივართ წინ.

მან ეს დიაგნოზი დასვა, გეოპოლიტიკა არის ის, რაც გამოვლინდა ევროკომისიის გადაწყვეტილებაში. ჩვენ მოგვცეს ევროპული პერსპექტივა და ეს რომ ეგულისხმათ, მაშინ არც პერსპექტივას მოგვცემდნენ.

  • ერთ-ერთი პირობაა, რომ მოგვარდეს პოლიტიკური პოლარიზაცია, ეს როგორ წარმოგიდგენიათ, მას შემდეგ, რაც შარლ მიშელის შეთანხმება დატოვა „ქართულმა ოცნებამ“?

პოლიტიკური პოლარიზაციის პირველი გამომწვევი არის ოპოზიციის დემონიზაცია, რომელსაც დღეს მთავრობა ეწევა. როგორც კი ნაბიჯებს გადადგამს მთავრობა და კონკრეტულად გააკეთებს რაღაცებს ამის შესაცვლელად, მაშინვე მოგვარდება ეს პრობლემაც და პოლარიზაციაც შემცირდება.

შემდეგ მოუწევს ოპოზიციასაც ნაბიჯების გადადგმა, მაგრამ ჯერ მსხვერპლს ვერ გადაადგმევინებ ნაბიჯს.

  • თუ „ქართული ოცნების“ განცხადებებით ვიმსჯელებთ, რაც მან ბოლო ოთხი თვის განმავლობაში გააკეთა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათ ინტერესებში არ შედის ევროპასთან დაახლოება. ასეთ პირობებში როგორ წარმოგიდგენიათ ამ რეკომენდაციების შესრულება?   

არჩევნებით.

  • ვადამდელი არჩევნები უნდა დაინიშნოს ქვეყანაში?

არა, 2024 წელს.

  • მანამდე შესაძლოა კიდევ უფრო გააძლიეროს „ქართულმა ოცნებამ“ ანტიდასავლური რიტორიკა და გაძლიერდნენ პრორუსული ძალები ქვეყანაში.

ი, შეიძლება გაძლიერდეს ანტიდასავლური კამპანია, ამიტომ ვამბობ, რომ უმძიმეს მდგომარეობაში აღმოვჩნდით. არ არის მარტივად გადასაჭრელი ეს პრობლემა, მაგრამ ეს იქნება გრძელვადიანი „თამაში“, რომელიც კულმინაციამდე მივა და 2024 წელს ანტიევროპული ხელისუფლება უნდა ჩამოშორდეს არჩევნების გზით. ეს არის ერთადერთი გამოსავალი.

ანამდე, შეიძლება აქციაც იყოს, გამოსვლებიც, მე სხვა გზას ვერ ვხედავ.

  • ოპოზიციას ჰყოფნის ცვლილებებისთვის რესურსი? 

ესე იგი შეიქმნება სხვა ოპოზიცია. თუ ხალხს არ უნდა ევროპაში, მხოლოდ სხვაზე გადაბრალება ვერ იქნება გამოსავალი, რადგან საკითხი ასე დგას – გვინდა ევროპულ წიაღში ყოფნა? თუ გვინდა, მაშინ ყველაზე იმედგაცრუებული ამომრჩეველიც კი იპოვის თავის შესაფერის ოპოზიციურ პარტიას. თუ ეს მთავრობა გვინდა, რომელიც გამოჩნდა უკვე, რომ ამ პირობების შემსრულებელი არ არის და კიდევ უფრო გამოჩნდება, რომ ვერანაირ კანდიდატის სტატუსს ვერ მივიღებთ ამ მთავრობის პირობებში, მაშინ გამოდის ხალხს აურჩევია ეს მომავალი.

ევროპამ თქვა, რომ გვაძლევს პერსპექტივას, მაგრამ გვითხრა, რომ აი ამ მთავრობის და ამ პრობლემების პირობებში არ ვიმსახურებთ წინსვლას. ამიტომ ხალხმა უნდა შეცვალოს მთავრობა.

  • თურქეთის მაგალითი მოჰყავთ ხოლმე ოპონენტებს, ამბობენ, რომ ევროპული პერსპექტივა, სინამდვილეში იგივეა, რაც თურქეთს აქვს. ეს ქვეყანა 15 წელზე მეტია კანდიდატია. რა განასხვავებს ჩვენი მდგომარეობა თურქეთისგან?

თურქეთმა შეგნებულად გადაწყვიტა, რომ არ უნდა ევროპულ პროექტში მონაწილეობა, ამიტომ ვერ გახდა ევროკავშირის წევრი. თუ ჩვენც გადავწყვეტთ, რომ არ გვინდა ევროპა, არავინ დაგვახევს კალთებს.

აქედან გამომდინარე მარტივია, თუ რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს საზოგადოებამ, უნდა ისეთი მთავრობა, რომელსაც არ უნდა ევროპა თუ უნდა მთავრობა, რომელსაც უნდა ევროპა?

  • გამოდის, რომ მთელი პასუხისმგებლობა ხალხს ეკისრება?

მე მჯერა, რომ ქართულ საზოგადოებას უნდა ევროპა და მიიღებს სწორ გადაწყვეტილებებს.

რა ღირს ზღვაზე გასეირნება – „რუსეთის მოქალაქეები ეკონომკლასის ტურისტები არიან“

აჭარაში ტურისტული სეზონი ოფიციალურად 15 ივნისს გაიხსნა, თუმცა ბათუმში ტურისტების რაოდენობა გაზაფხულზე გაიზარდა. ბათუმელები, რომლებიც ზაფხულობით დღიურად აქირავებენ ბინებს დამსვენებლებზე, ამბობენ, რომ ზღვასთან ახლომდებარე ბინებზე მოთხოვნა ბათუმში აპრილის შუა რიცხვებიდან დაიწყო.

რაც შეეხება ზღვაზე დასვენებასა და გართობას, აქ საქმე სხვაგვარადაა. ბათუმის შპს „იახტკლუბის“ დამფუძნებელი დავით ფირცხალაიშვილი ამბობს, რომ  ის ტურისტები, რომლებიც ახლა არიან ბათუმში, გადახდისუნარიანობით არ გამოირჩევიან:

„რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეები ჩვენთვის ეკონომკლასის ტურისტები არიან, გადახდისუნარიანობა ნაკლებია.

ჩვენთვის ძირითადი და სასურველი მომხმარებლები არაბული ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტები არიან.

მიუხედავად იმისა, რომ შარშან პანდემია იყო და ტურიზმი შეიზღუდა რეგულაციებით, პანდემიაშიც კი ამ დროს უკვე გაცილებით მეტი მომხმარებელი გვყავდა, ვიდრე ახლა,“ – ამბობს იახტკლუბის დირექტორი.

მისივე თქმით, შარშანდელთან შედარებით წელს საწვავის ფასი საგრძნობლად არის გაზრდილი და შესაბამისად გაიზარდა ზღვაზე გართობის, სხვადასხვა საზღვაო  ტრანსპორტით სარგებლობისა და პარაშუტით ფრენის საფასური.

პარაშუტით ფრენა, მაგალითად, 5-7 წუთს გრძელდება და ერთი ადამიანისთვის 150 ლარი ღირს.

დიდი, სამგზავრო გემით გასეირნება თუ გსურთ, 20 ლარი უნდა გადაიხადოთ. გემი ერთდროულად 85 მგზავრს იტევს და ამ ფასად ნახევარი საათით გადის ზღვაში: იახტკლუბიდან „შერატონამდე“ და უკან.

პატარა, 4, 5-ადგილიანი კატარღით გასეირნება ნახევარი საათით 150 ლარი ღირს, 5-6-ადგილიანი იახტით გასეირნება კი – ერთი საათით 450 ლარი.

15-20-ადგილიანი დიდი იახტით გასეირნების საფასური ერთი საათით 250 ლარია.

ჰიდროციკლზე ერთდროულად ორი ადამიანი თავსდება. ერთი წუთით წყლის ამ ტრანსპორტით 10 ლარად გაისეირნებთ.

250 ლარის გადახდა მოგიწევთ სარფში, ზღვის ქვეშ ჩასაყვინთად. მართალია, შავ ზღვაში დაივინგი დიდად პოპულარული არ არის, მაგრამ როგორც დაივერები გვეუბნებიან, სარფსა და ციხისძირში ჩაყვინთვა ნამდვილად ღირს – აქ წყალქვეშა რიფებს, რაპანებს, მიდიებსა და თევზებს ნახავთ ახლოდან, რომელთა გამოკვებაც ხელით შეიძლება. საფასურში ჩაყვინთვის ადგილამდე მანქანით გადაადგილება და აღჭურვილობაც შედის.

„მაქსიმუმ ორი ადამიანი ჩაგვყავს ერთად. ჩაყვინთვის დრო არ არის განსაზღვრული. გააჩნია, ვის რამდენ ხანს ეყოფა  ჟანგბადის ბალონი. ზოგს ერთ საათს, ზოგსაც მხოლოდ 40-30 წუთს ჰყოფნის ჟანგბადი წყალქვეშ,“ – გვითხრა დაივერმა.

ავტოავარია ჩაქვის გვირაბთან – დაშავდა 5 ადამიანი

დღეს, 17 ივნისს, ავარია მოხდა ჩაქვის გვირაბთან. პირველადი ინფორმაციით, ავტოავარიის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა.

სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე სასწრაფოს 4 ეკიპაჟი მუშაობდა, 5 ადამიანია გადაყვანილი ბათუმის სხვადასხვა კლინიკაში.

„ბათუმელები“ დეტალებს შს სამინისტროში აზუსტებს.

______________

ინფორმაცია განახლდება. 

რომ არა აშშ-ის ჩართულობა უკრაინაში, იხილავდით ქაოსს ევროპაში – ბაიდენი

აშშ-ს რომ არ დაეჭირა მხარი უკრაინისთვის,  ევროპაში ქაოსი დაიწყებოდა – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა „ასოშიეითედ პრესთან“ ინტერვიუში, რომელიც დღეს, 17 ივნისს, გამოქვეყნდა.

ბაიდენს ჟურნალისტმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებში აშში-ის ჩართვის გადაწყვეტილებასა და შედეგებზე დაუსვა შეკითხვა. ბაიდენმა თქვა, რომ მისთვის თავიდანვე ცხადი იყო, რომ ამ მხარდაჭერას ექნებოდა თავისი ფასი, მაგრამ სხვა არჩევანი უარესი იქნებოდა.

„ნათლად განვაცხადე, რომ ამას ექნებოდა თავისი ფასი. ამისთვის შესაბამისი ფასი იქნებოდა გადასახდელი. მაგრამ სხვა არჩევანი – უმოქმედობა, რაც ჩვენ გვქონდა, იყო უარესი. თუ ის [პუტინი] გადაინაცვლებდა უკრაინაში, აიღებდა უკრაინას და ბელარუსს, სადაც ის არის და სადაც ის წარმოადგენს საფრთხეს ნატოსთვის, ეს ყველაფერი იქნებოდა კიდევ უფრო შემზარავი.

…მე შეერთებული შტატების პრეზიდენტი ვარ. ეს ჩემი პოლიტიკური გადარჩენის საკითხი არაა. ეს საკითხი იმაზეა, თუ რა არის ქვეყნისთვის საუკეთესო.

და რა მოხდება? რა მოხდებოდა, თუ ყველაზე ძლიერი ძალა, ნატო, ორგანიზაციული სტრუქტურა, რომელიც ჩვენ შევქმენით, თავს აარიდებდა რუსულ აგრესიას – ასი ათას სამხედროს, რომელიც საზღვრის მიღმა მიდის, რათა სცადოს, დაიპყროს და გააქროს მთელი ხალხის კულტურა. შემდეგ რა ხდება? ამის შემდეგ რას ვაკეთებთ?

მე ვშიშობდი იმაზე, რაც შემდეგ მოხდებოდა. იქნებოდა ის, რომ იხილავდით ქაოსს ევროპაში. იხილავდით შესაძლებლობას, რომ ისინი [რუსი სამხედროები] გააგრძელებდნენ წინსვლას.

თქვენ უკვე ხედავთ, რასაც აკეთებენ ბელარუსში.

შეხედეთ, რა მოხდებოდა პოლონეთში, ჩეხეთის რესპუბლიკაში და ნატოს ყველა წევრ ქვეყანაში.

მაგალითად, თქვენ იცით, პუტინის მიერ გაცხადებული მიზეზი, თუ რატომ მიიწევდა უკრაინისკენ – რადგან არ სურდა უკრაინის ნატოში გაწევრიანება. მას უნდოდა ნატოს ერთგვარი „ფინეთიზაცია“. ამის ნაცვლად მან მიიღო ფინეთის „ნატოზაცია“ – განაცხადა ბაიდენმა.

220 ნამგალი, 160 ურო – რისთვის ყიდულობს ხელსაწყოებს დასაქმების სააგენტო

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო 220 ცალ, სტანდარტული ნახევარმთვარის ფორმის ნამგალს და 160 უროს [წონა 5 კგ, ტარის სიგრძე – 90 სმ] ტენდერით სხვადასხვა სახის ხელსაწყოსთან ერთად შეისყიდის. ტენდერის მიხედვით, ხელსაწყოების შეძენა „საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის ქვეპროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება.

სატენდერო თანხა 310 ათას 711 ლარია და ნამგლებისა და უროებთან ერთად, ამავე ტენდერით სააგენტო ასევე შეისყიდის შემდეგ ხელსაწყოებს:

ბარი – 1 168 ცალი
ნიჩაბი – 2 520
ფოცხი – 4 990
წერაქვი – 1 100
ცული პატარა –  750
ცული დიდი –  950
თოხი –  1250
ბუჩქის საკრეჭი სეკატორი (დიდი) – 500
პატარა სეკატორი –  475
ხელის ხერხი –  800
ძალაყინი (ლომი) – 260
სალესი ქაფჩა – 125
რკინის გელა – ლურსმნის საძრობი – 150
ფიწალი – 320
ჩაქუჩი პატარა – 250
ჩაქუჩი დიდი- 240
ცელი დიდი – 420
ცელი პატარა – 260 ცალი

ტენდერში წინადადებების მიღება 2022 წლის 29 ივნისს დასრულდება. ტენდერში გამარჯვებულმა კი ხელსაწყოები სააგენტოს 25 დეკემბრამდე ეტაპობრივად, თვეში ერთხელ, მოთხოვნის შესაბამისად უნდა მიაწოდოს.

„იმ შემთხვევაში, თუ მიწოდებული პროდუქცია აღმოჩნდება წუნდებული, მიმწოდებელი ვალდებულია 10 კალენდარული დღის ვადაში საკუთარი ხარჯებით აღმოფხვრას აღნიშნული ხარვეზი და კონკრეტულ მისამართზე განახორციელოს წუნდებული პროდუქციის შეცვლა“, – აღნიშნულია პირობაში.

გარდა ამისა, დასაქმების სააგენტოს კიდევ 10 ტენდერი აქვს გამოცხადებული „საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის ქვეპროგრამის“ ფარგლებში შემდეგი საგნებისა და ინვენტარის შესაძენად:

რეზინის ჩექმები – 118 600 ლარი; სპეცფეხსაცმელი – 33 701 ლარი, სამუშაო ხელთათმანები – 75 613 ლარი; სპეციალური ფორმა – 106 950 ლარი; ჟილეტები – 35 000 ლარი; ზაფხულის ფორმა – 220 000 ლარი; ქურთუკი (ზამთარ-ზაფხულის ფორმა) – 144 000 ლარი, წყალგაუმტარი კომბინეზონები – 5 900 ლარი; სხვადასხვა ურიკებისა და ნარჩენების შესაგროვებელი ურნები – 306 650 ლარი.

ასევე ცალკე ტენდერია გამოცხადებული 183 503 ლარით, რომლითაც დასაქმების სააგენტომ უნდა შეიძინოს: ოთახის ცოცხი – 14 174 ცალი; ეზოს ცოცხი (ბამბუკის) – 48 513 ცალი; მეეზოვის აქანდაზი – 1 463 ცალი; სათლი (ვედრო) – 1 092 ცალი; კირის ფუნჯი – 352 ცალი; ხის ტარები (ცოცხის) – 1 500 ცალი; იატაკის ჯოხი – მასალა ბამბუკის – 440 ცალი.

ყველა ამ ტენდერის თანხა კი, ჯამში, 1 540 628 ლარია.

„საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის ქვეპროგრამა“, რომელიც სოციალურად დაუცველთა დასაქმებას ითვალისწინებს, 2022 წლის პირველი მარტიდან ამოქმედდა. საქართველოს მთავრობის შესაბამის დადგენილებაში კი აღნიშნულია:

„დასაქმების სააგენტო უზრუნველყოფს ყველა მოსარგებლისთვის საზოგადოებრივი სამუშაოს შესასრულებლად საჭირო ეკიპირების, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – სამუშაო იარაღების შესყიდვას“.

შესაბამისად, დასაქმების სააგენტო ტენდერებით შეძენილ ხელსაწყოებს და ეკიპირებას, საჭიროებისამებრ, დამსაქმებლებს პროგრამის ფარგლებში დასაქმებულებისთვის გადასცემს.

ამავე თემაზე:

ვინ ისარგებლებს დასაქმების სახელმწიფო პროგრამით – მთავრობის ახალი დადგენილება

საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ამ ეტაპზე ევროკომისია მხარს არ უჭერს

ევროკომისია რეკომენდაციას აძლევს უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, თანდართული პირობებით, საქართველოსთვის კი რეკომენდაციას უწევს ევროპული პერსპექტივის მინიჭებას.

კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს პირობების შესრულება მოუწევს.

გადაწყვეტილება ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის და გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარ ვარჰეის პრესკონფერენციაზე გამოცხადდა.

ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკომისიამ რეკომენდაცია გაუწია უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროპული პერსპექტივის და კანდიდატის სტატუსის მინიჭებას თანდართული პირობებით.

კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას 23-24 ივნისის სამიტზე მიიღებს ევროპული საბჭო, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების სახელმწიფოს მეთაურებისგან, საბჭოს პრეზიდენტისა და ევროკომისიის პრეზიდენტისგან შედგება.

როგორც წესი, ევროკომისიის მოსაზრება მნიშვნელოვანი დოკუმენტია, თუმცა სავალდებულო არ არის, ევროპულმა საბჭომ ის გაითვალისწინოს და შესაძლებელიც კი არის, რომ ამ უკანასკნელმა ევროკომისიის შეფასებისგან განსხვავებული, პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღოს.

„ორბი“ ფანჯრებთან კედელს გვიშენებს – აქცია ბათუმის მერთან შეხვედრის მოთხოვნით

დღეს, 17 ივნისს, ბათუმის მერიის წინ საპროტესტო აქციას მართავენ ხიმშიაშვილის ქუჩაზე მცხოვრები მოქალაქეები. ისინი სამშენებლო კომპანია „ორბის“ მშენებლობას აპროტესტებენ თავიანთ უბანში. მოქალაქეები ბათუმის მერთან ითხოვენ შეხვედრას, თუმცა მათ მერიიდან  ჯერ არავინ დაკონტაქტებია. შესაბამისად არ იციან, მოახერხებენ თუ ვერა არჩილ ჩიქოვანთან შეხვედრას.

მოქალაქეების თქმით, ამ უკანონო მშენებლობას თუ მერია დააკანონებს, მათ მზის შუქი არასდროს აღარ ექნებათ, რადგან „ორბს“ კედელი აჰყავს მათ ფანჯრებთან.

„წინა მშენებლობაც პრობლემებს გვიქმნიდა, რადგან ხედები დაგვიფარეს. მაშინ არაფერი ვთქვით, თუმცა ახლა დაემატა ამას ახალი მშენებლობა, რომელიც უკვე სიცოცხლისთვის ქმნის საფრთხეს, რადგან მთლიანად გვიბნელდება ყველაფერი.

ამას დამატებული მტვერი და ხმაური. მე პირადად პირველ სართულზე ვცხოვრობ და მთლიანად მიბნელდება საცხოვრებელი. გზაც გადაიკეტა, ვერც მანქანები მოძრაობენ“, – ამბობს თინათინ ჩხაიძე.

ხიმშიაშვილის #15-ში, 9-სართულიანი სახლის და მის გვერდით მდებარე კორპუსების მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია ადრეც გამართეს. მათ ქუჩაც კი გადაკეტეს მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით, თუმცა მათი თქმით, შესაბამისი უწყებები რეაგირებას არ ახდენენ და „ორბი“ უკანონო მშენებლობას დღესაც კი აგრძელებს.

მშენებლობის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროების შემდეგ მუნიციპალურმა ინსპექციამ „ორბი ჯგუფი“ თავდაპირველად გააფრთხილა. კომპანიამ მშენებლობა მაინც გააგრძელა. შემდეგ ინსპექციამ „ორბი ჯგუფი“ 5 000 ლარით დააჯარიმა და მშენებლობა გააჩერა.

„ჩუმად აგრძელებს მშენებლობას, მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალურმა ინსპექციამ შეაჩერა მშენებლობა“, – გვეუბნება მოქალაქე. მათი თქმით, თუ მერია უკანონოდ დაწყებულ მშენებლობას არ შეაჩერებს, ისინი თავად დაანგრევენ მას, რაც უკვე აშენებულია.

მოქალაქეები „ორბის“ მშენებლობას აპროტესტებენ. მათი განცხადებით, ახალი მშენებლობა მათ საცხოვრებელ და სასიცოცხლო პირობებს აუარესებს.

მოქალაქეების თქმით, ჯერ კიდევ ერთი თვის წინ მათი ფანჯრიდან ზღვის ხედი და ბათუმის ბულვარი ჩანდა. „ახლა ხედს რკინა-ბეტონი ფარავს“.

__________________

ამ თემაზე:

კანონი VS ფული – მოქალაქეები „ორბი“ ჯგუფის წინააღმდეგ

აშშ იძიებს, როგორ მოხვდა ამერიკული ჩიპები რუსულ სამხედრო ტექნიკაში

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო და ვაჭრობის დეპარტამენტი იკვლევენ, თუ როგორ მოხვდა ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიების წარმოებული კომპიუტერული ჩიპები იმ სამხედრო ტექნიკაში, რომელსაც რუსეთი უკრაინაში იყენებს.

ამერიკული გამოცემა The Washington Post-ი წერს, რომ ფედერალური ბიუროსა და ვაჭრობის დეპარტამენტის აგენტებმა უკვე დაიწყეს ამერიკული კომპანიების წარმომადგენელთა გამოკითხვა იმის დასადგენად, როგორ აღმოჩნდა დასავლური ჩიპები და კომპონენტები რუსულ სარადარო სისტემებში, დრონებში, ტანკებში, სახმელეთო და საზღვაო შეიარაღებაში.

„ჩვენი მიზანია ბოლომდე მივყვეთ ამ ძაფს, ბოლომდე, ამერიკელ მიმწოდებლებამდე. გავარკვიოთ, როგორ მიაღწია ამ ტექნოლოგიებმა შეიარაღებამდე,“ – უთხრა ვაჭრობის დეპარტამენტის ჩინოვნიკმა გამოცემას.

„ის, რომ რომელიმე კომპანიის ჩიპი სამხედრო ტექნიკაში აღმოჩნდა, ჯერ კიდევ არ ნიშნავს ამ კონკრეტული კომპანიის წინააღმდეგ საქმის წარმოებას“, – დასძინა ოფიციალურმა პირმა. – „ჩვენი გამოძიება ახლა იმას ადგენს, როგორ მიაღწია ამ ჩიპმა შეიარაღებამდე“.

The Washington post-ი აღნიშნავს, რომ უცნობია, კონკრეტულად რა კომპონენტებზეა საუბარი, თუმცა დასძენს, რომ ექსპერტებმა დასავლური წარმოების ელექტროკომპონენტები იპოვეს იმ შეიარაღებაში, რომელსაც რუსეთი უკრაინასთან ომში იყენებს.

გამოცემის ინფორმაციით, უკრაინაში დაზიანებული და ბრძოლაში მოპოვებული რუსული სამხედრო ტექნიკა ბრიტანული კომპანიის CAR-ის ( Conflict armament research) ექსპერტების ჯგუფმა შეისწავლა და 70 ამერიკული და ევროპული კომპანიის მიერ წარმოებული კომპონენტები აღმოაჩინა.

კომპონენტები აღმოჩნდა სამხედრო რადიოსადგურებში, საჰაერო-სადესანტო თავდაცვის სისტემებსა და ფრთოსანი რაკეტების ნარჩენებში, რომლებიც უკრაინელებმა საკუთარ ქალაქებსა და სოფლებში იპოვეს.

გამოცემის ცნობით, კიდევ ერთმა ბრიტანულმა ჯგუფმა (Royal United Services Institute) რადიოჩამხშობ ტექნიკაში აღმოაჩინა ამერიკული კომპანიების – Intel, Analog Devices, Texas Instruments და Onsemi –  წარმოებული კომპიუტერული ჩიპები. ასევე ევროპული, იაპონური და ტაივანური წარმოების ჩიპები.

იმ შეკითხვებს შორის, რომლებსაც აგენტები კომპანიების წარმომადგენლებს უსვამენ, არის: რომელ კონკრეტულ კომპანიებს მიჰყიდეს მათ საკუთარი პროდუქცია და ასევე, ვინ არიან მიწოდების ჯაჭვში ჩართული შუამავლები.

გამოცემა წერს, რომ უკრაინაში აღმოჩენილი ჩიპების ნაწილი ჯერ კიდევ 2014 წლამდე, ყირიმის ანექსიამდეა გამოშვებული, ნაწილი კი – 2020 წელს.

მაგალითად, ჩიპებზე, რომლებიც ლუგანსკის ოლქში, ორ რუსულ სამხედრო რადიომიმღებში იპოვეს, გადაშლილი იყო საიდენტიფიკაციო ნიშნები, რაც ადასტურებს, რომ ვიღაცას „კვალის წაშლა სურდა“. CAR-ის აღმოჩენილ ორ ჩიპზე მითითებულია, რომ ისინი 2019 წელსაა გამოშვებული, მაშინ, როდესაც ყირიმის ანექსიის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პირველი პაკეტი უკვე მიღებული იყო.

The Washington Post-ი მიუთითებს, რომ წლების განმავლობაში ამერიკული კომპანიებისთვის ლეგალური იყო სტანდარტული კომპიუტერული ჩიპების რუსული სამხედრო მწარმოებლებისთვის მიყიდვა შტატების მთავრობის ნებართვის გარეშე. შესაბამისად, არალეგალური გაყიდვების გამოსავლენად, მნიშვნელოვანია იმის დადგენა, თუ როდის და რა ტიპის ტექნოლოგია მიჰყიდეს რუსეთს ან მის შუამავლებს.

„ათწლეულების განმავლობაში, აშშ მკაცრად აკონტროლებდა მაღალტექნოლოგიური ჩიპების რუსეთისთვის მიყიდვის საკითხს, მათ შორის, იმ ჩიპების, რომლებიც სამხედრო შეიარაღებაში გამოიყენება. ექსპორტიორები ვალდებულნი იყვნენ ხელისუფლებისგან მიეღოთ ნებართვა. ისეთი სტანდარტული ტიპის ელექტრონიკის ექსპორტი, რომელიც კომერციულ პროდუქტებში გამოიყენება, 2014 წლამდე აშშ-ში აკრძალული არ ყოფილა. 2014 წლიდან კი აშშ-ში ექსპორტიორებს რუსეთის სამხედრო მწარმოებლებისთვის სტანდარტული ჩიპების მიყიდვამდეც ლიცენზიის მიღება სჭირდებოდათ“, – აღნიშნავს გამოცემა.

2022 წლის თებერვლიდან, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, შტატებმა და მოკავშირეებმა რუსეთისთვის ყველა ტიპის ჩიპის მიყიდვა აკრძალეს. 

 მსოფლიოს უდიდესმა კომპანიებმა უარი თქვეს რუსეთისთვის ტექნოლოგიების მიწოდებაზე მას შემდეგ, რაც დასავლეთმა რუსეთისთვის სანქციების დაწესება დაიწყო.

მაისში, სენატში გამოსვლისას, აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის მდივანმა, ჯინა რაიმონდომ განაცხადა, რომ შეერთებული შტატების სანქციებმა რუსეთი იძულებული გახადა, ზოგიერთი სამხედრო ტექნიკისთვის ჭურჭლის სარეცხი მანქანებისა და მაცივრების კომპიუტერული ჩიპები გამოიყენოს.

„გვაქვს ცნობები უკრაინელებისგან, რომ როდესაც ისინი ხელში იგდებენ რუსეთის სამხედრო ტექნიკას, ეს ტექნიკა სავსეა ნახევარგამტარებით, რომლებიც ამოღებულია ჭურჭლის სარეცხი მანქანებიდან და მაცივრებიდან“, – თქვა ჯინა რაიმონდომ.

კომპიუტერის ჩიპები, იგივე ნახევარგამტარები, ის ტვინია, რომელიც თანამედროვე ელექტრონული ტექნიკის უმრავლესობას ამუშავებს. რუსეთი თვითონ ძალიან მცირე რაოდენობით აწარმოებს ამგვარ ჩიპებს და ყოველთვის დამოკიდებული იყო აზიისა და დასავლეთის კომპანიების იმპორტზე.

___

ამავე თემაზე:

სანქციების გამო, რუსეთი ტანკებში მაცივრების ჩიპებს იყენებს – აშშ-ის ვაჭრობის მდივანი

საბავშვო ბაღის წინ დაზიანებული ჭიდან კანალიზაცია ქუჩაში მიედინება

ბათუმში, თაყაიშვილის ქუჩაზე, 27-ე საბავშვო ბაღის წინ, შესასვლელთან, საკანალიზაციო ჭა დაზიანებულია, რის გამოც ჭიდან დაბინძურებული წყალი ბაღის შენობის წინ, ქუჩაში მიედინება.

საბავშვო ბაღის წინ, საკანალიზაციო ჭიდან, დაბინძურებული წყალი მოედინება.
ფოტო: ბათუმელები/გურამ მურვანიძე

როგორც საბავშვო ბაღის ადმინისტრაციაში გვითხრეს, ჭა დიდი ხანია ასეთ მდგომარეობაშია, „თუმცა ჭა არ არის უშუალოდ ბაღის ტერიტორიაზე, ქუჩაშია, ამიტომ ბათუმის წყალმა უნდა მოაგვაროს ეს საკითხი.“

„ბათუმელები“ დაუკავშირდა ჯავახიშვილის ადმინისტრაციული სერვისცენტრის ხელმძღვანელს და ჰკითხა, რატომ ვერ მოხერხდა ამდენი ხნის განმავლობაში სანიაღვრე ჭის გაწმენდა.

სერვისცენტრის ხელმძღვანელმა ზვიად ცისკარიძემ გვითხრა, რომ დღეს იმყოფებოდა შემოვლაზე და უკვე გადასცა საკითხი შესაბამის უწყებას.

„დილით ვიყავი, ცხელ ხაზზე დარეკილი მაქვს და ერთი საათის წინ გადავაგზავნე ინფორმაცია. დღის განმავლობაში უნდა გამოვიდნენ და გაწმინდონ,“ – ამბობს ზვიად ცისკარიძე.

მისი თქმით, საკანალიზაციო ჭა პერიოდულად იჭედება და „ეს მიზეზი უნდა აღმოიფხვრას.“

სევეროდონეცკის „აზოტის“ ქარხანაში 568 ადამიანია, ევაკუაცია შეუძლებელია – გაიდაი

უკრაინული მედიის ცნობით, 17 ივნისის მდგომარეობით, ბრძოლა სევეროდენცკისთვის გრძელდება. რუსული ჯარები ბომბავენ უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციებს.

ლუგანსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი გაიდაი წერს, რომ სევეროდენცკთან კავშირი არის, ქალაქი არაა დაბლოკილი, მაგრამ უკვე შეუძლებელი ხდება ქალაქის „აზოტის“ ქარხნის თავშესაფარში მყოფი მოქალაქეების ევაკუაცია.

„ახლა ფიზიკურად შეუძლებელია ქარხნის ტერიტორიიდან თავის დაღწევა მუდმივი ბრძოლისა და სროლის გამო. თავშესაფარში 568 ადამიანი იმყოფება, მათ შორის, 38 ბავშვია. გასულ თვეს, როცა ჩვენ ვთავაზობდით, ამ ადამიანებმა უარი თქვეს ევაკუაციაზე. ქარხნიდან თავის დაღწევა შესაძლებელია მხოლოდ ცეცხლის სრულად შეწყვეტის შემთხვევაში,“- წერს გაიდაი ტელეგრამზე.

ასევე, გაიდაის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გამოიყენეს საარტილერიო და სარაკეტო ყუმბარმტყორცნები სევეროდონეცკის, ლისიჩანსკის, უსტინივკას, ლოსკუტივკას, მეტელკინოს, ბორივსკის, მიკოლაივკას და ნოვოივანივკას რაიონებში.

შემოუერთდი 17 ივნისს სილქფესტის საუკეთესო შეთავაზებებს

თუ 17 ივნისს მსურველი აკრეფს *202# ან  აპლიკაციით MySilknet აირჩევს პაკეტებს, მთელი თვით ჩაირთავს სილქფესტის საზაფხულო შეთავაზებებს:

  • 100 ადგილობრივი წუთი + 3 000MB ინტერნეტი – 7₾
  • 600 ადგილობრივი წუთი – 10₾
  • 10 000 MB უსწრაფესი ინტერნეტი  – 10₾

შესაძლებელია იგივე კომბინაციის *202# გამოყენებით სილქფესტის შეთავაზებები სხვასაც გაუაქტიუროთ საკუთარი ბალანსიდან.

სილქფესტის აქციები განკუთვნილია ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის.  

გაიგეთ მეტი სილქფესტის შესახებ.

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 17 ივნისის 21 საათიდან 18 ივნისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10 -15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 23 – 28 გრადუსი 
  • ღამით: 15 – 20 გრადუსი 

შიდამთიან რაიონებში მოსალოდნელია:

  • დღისით: 23 – 28 გრადუსი
  • ღამით: 10 – 15 გრადუსი

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 19-20 ივნისს, ძირითადად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

ზღვის წყლის ტემპერატურა +20 გრადუსია.

ბათუმში ფინანსურ დავებს „კანონიერი ქურდები“ განიხილავდნენ, საქმეშია ლავასოღლი

ქურდული სამყაროს წევბრობის ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში 8 პირი დააკავა, ხოლო ერთ პირს დაუსწრებლად ბრალი წარუდგინა. საქმეშია მინდია ლავასოღლიც. გამოძიების ვერსიით, ე.წ. ქურდული სამყაროს წევრები „ფინანსურ დავებს“ განიხილავდნენ.

ბრიფინგი შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს, 17 ივნისს, გაიმართა.

დააკავეს ე.წ. კანონიერი ქურდის რომან ხმალაძის, მეტსახელად „რომა ბათუმსკის“ ძმა, ასევე დ.ქ. მეტსახელად „დუკა“, ე.წ. კანონიერი ქურდის ასლან ქობულაძის, მეტსახელად ასლან ბათუმსკის ძმა, ა.დ. მეტსახელად „ფაჩიჩა“, რ.ქ. მეტსახელად „კამო“. ბრალი დაუსწრებლად წარედგინა რ.ზ.-ს მეტსახელად „ბალუ“.

ბრალის დადასტურების შემთხვევაშიი, ბრალდებულებს 3-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელით.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულ ძმებს ერთმანეთთან ფინანსური დავა ჰქონდათ, ხოლო ერთ-ერთ ძმასა და რ.ქ.-ს შორის დაპირისპირება წარმოიქმნა მათი საცხოვრებელი სახლების მომიჯნავედ არსებულ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით.

„მოდავე მხარეებმა დახმარებისთვის მიმართეს კრიმინალურ ავტორიტეტებს აღნიშნული დავების გადაწყვეტის მიზნით, ლ. დ.-მ საზღვარგარეთ მყოფ ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდს – მინდია ლავასოღლის და მასთან მცხოვრებ კრიმინალურ ავტორიტეტს – რ.ზ.-ს მეტსახელად „ბალუს“ დაუკავშირდა.

კრიმინალურმა ავტორიტეტებმა ნათესავებს შორის არსებული ფინანსური და ყოფითი დავების მოგვარების და პირადი სარგებლის მიღების მიზნით, რამდენჯერმე მოაწყვეს ე.წ. ქურდული გარჩევა, რომლებსაც ესწრებოდნენ მოდავე მხარეები, კრიმინალური ავტორიტეტები და დისტანციურად მონაწილეობდნენ საზღვარგარეთ მყოფი ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი – მინდია ლავასოღლი და კრიმინალური ავტორიტეტი – რ.ზ. მეტსახელად „ბალუ“, – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელე3ბულ ინფორმაციაში.

პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა, დიდი ოდენობით ფული და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომლითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდს“ უკავშირდებოდნენ.

სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ასევე ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ნარკოტიკული საშუალება.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 17 ივნისის მონაცემები

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 17 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 33 150 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +200]
  • ტანკი – 1 456 ერთეული [+7]
  • ჯავშანტექნიკა – 3 563 ერთეული [+18]
  • საარტილერიო სისტემა – 734 ერთეული [+5]
  • MLRS – 233 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 97 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 215 ერთეული [+2]
  • ვერტმფრენი – 180 ერთეული [+1]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 593 ერთეული [+2]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 129 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 13 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 2 496 ერთეული [+2]
  • სპეცტექნიკა – 55 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 17 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 205 თვითმფრინავი
  • 131 ვერტმფრენი
  • 1 233 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 342 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 3 587 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 539 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 2 013 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 3 658 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

[yellow_box]ომის გამო რუსეთიდან რუსი მილიონერები გარბიან – ბრიტანეთის დაზვერვა[/yellow_box]

ამავე თემაზე:

უკრაინა გადაწყვეტს, როდის დაასრულებს ამ ომს – კიდევ რა თქვეს ევროპელმა ლიდერებმა

რუსეთმა უკრაინასთან ომი უკვე წააგო სტრატეგიულად – ბრიტანეთის გენშტაბის ხელმძღვანელი

ბრიტანეთის გენშტაბის ხელმძღვანელი, ადმირალი ტონი რადაკინი მიიჩნევს, რომ იმ ფონზე, როდესაც რუსეთმა უზარმაზარი დანაკარგი განიცადა, NATO კი ფინეთითა და შვედეთით ძლიერდება, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომში უკვე სტრატეგიულად წააგო.

„ეს იყო უდიდესი შეცდომა რუსეთის მხრიდან. რუსეთი ვერასოდეს დაიქვემდებარებს უკრაინას,“ – ამბობს ადმირალი BBC-სთან კომენტარში.

რადაკინის აზრით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, შესაძლოა, უახლოეს კვირებში, ტაქტიკურ წარმატებებს მიაღწიოს, თუმცა ამისთვის მას უკვე დასჭირდა თავისი საბრძოლო ძალის 25%-ის გამოყენება.

ადმირალი დასძენს, რომ დაახლოებით 50 ათასი დაღუპული და დაჭრილი სამხედროს ხარჯზე, პუტინმა მხოლოდ ტერიტორიის მცირე ნაწილის დაკავება მოახერხა.

გენერალური შტაბის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ დიდი ბრიტანეთი კვლავაც განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას და მისთვის დიდი რაოდენობით იარაღის მიწოდებას.

გუშინ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა განაცხადა, რომ ბრიტანეთმა შეისყიდა და გაარემონტა 20-ზე მეტი თვითმავალი საარტილერიო დანადგარი M109, რომლებსაც ის უკრაინას მიაწვდის.

6 ივნისს კი დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, უკრაინისთვის M270 ზალპური ცეცხლის რეაქციული სისტემების გადაცემა დააანონსა.

მთავარი ფოტო: ადმირალი ტონი რადაკინი/ფოტო: დიდი ბრიტანეთის სამეფო ფლოტის ფეისბუქგვერდიდან

საბავშვო ბაღების ავტორიზაციისთვის რეგისტრაცია იწყება

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2022 წლის პირველი ივლისიდან ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების პირველადი რეგისტრაცია იწყება ავტორიზაციაზე. 2029 წლის ბოლომდე სისტემაში არსებული ყველა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულება გაივლის ავტორიზაციას.

დაწესებულებები განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ბაზაში უნდა დარეგისტრირდნენ. რეგისტრაცია 31 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

სამინისტროს ინფორმაციით, საბავშვო ბაღების ავტორიზაცია რეფორმის ნაწილია, რომელიც სკოლამდელ დაწესებულებებში სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას ითვალისწინებს.

„რეგისტრაციის გავლა სავალდებულოა ყველა იმ საჯარო და კერძო დაწესებულებისთვის, რომელიც 2022 წლის პირველ ივლისამდე:

  • საქმიანობდა როგორც ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულება ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულება
  • ახორციელებდა სასკოლო მზაობის პროგრამას.

რეგისტრაციის გავლა მნიშვნელოვანია, რადგან ის წარმოადგენს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში საქმიანობის განხორციელების უფლების საფუძველს, ვიდრე დაწესებულება გაივლის ავტორიზაციას, კანონით გათვალისწინებული ვადების შესაბამისად.

ამასთან, რეგისტრაციის შედეგად მიღებული მონაცემების საფუძველზე ქვეყანაში მოქმედი ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების პირველი ერთიანი ბაზა შეიქმნება“ – ამბობს სამინისტრო.

მათივე ინფორმაციით, რეფორმის შედეგად „ყველა დაწესებულება, რომელიც გამოთქვამს მზაობას, დაიწყოს საქმიანობა აღნიშნულ სფეროში, დაექვემდებარება სავალდებულო ავტორიზაციას, რაც მომსახურების ხარისხის ზრდას შეუწყობს ხელს. ავტორიზაციის პროცესი ყოველ 4 წელიწადში ერთხელ განხორციელდება, რაც უზრუნველყოფს სისტემაში არსებული ინსტიტუციების მიერ საზოგადოებისთვის მიწოდებული სერვისის მუდმივ განვითარებასა და გაუმჯობესებას“.

ადრეული და სკოლამდელი განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში:

  • „დაინერგება დაწესებულებების რეგულარული, ყოველწლიური თვითშეფასების პრაქტიკა, რაც ხელს შეუწყობს, ერთი მხრივ, თითოეული ინსტიტუციის ჭრილში საკუთარი პრობლემებისა და შესაძლებლობების უკეთ გააზრებას და, მეორე მხრივ, სისტემის დონეზე შექმნის ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში არსებული გამოწვევების დროულად იდენტიფიცირების შესაძლებლობას;
  • მნიშვნელოვნად გაიზრდება საგანმანათლებლო პროცესში მშობლების როლი და ჩართულობა. მშობელთა ჯგუფი იქნება დაწესებულების თვითშეფასების პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მხარე და მონაწილე;
  • შეიქმნება მხარდამჭერი სპეციალისტების გუნდი, რომელთა წევრებიც ინდივიდუალურად იმუშავებენ თითოეულ დაწესებულებასთან და დაეხმარებიან მათ შემდგომ განვითარებაში;
  • შეიქმნება მართვის საინფორმაციო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში არსებული ინფორმაციის ერთიან ფორმატში მოგროვებასა და დამუშავებას;
  • გაძლიერდება დაწესებულებების მართვასა და ავტორიზაციის პროცესში ჩართული მხარეების შესაძლებლობები, რაც გარდამავალი პერიოდის დასრულების შემდგომ უზრუნველყოფს პროცესების ეფექტიან დეცენტრალიზაციას.“

ომის გამო რუსეთიდან რუსი მილიონერები გარბიან – ბრიტანეთის დაზვერვა

რუსეთი უკვე დიდი ხანია მიდის ავტორიტარიზმისკენ, თუმცა ომმა ეს პროცესი მნიშვნელოვნად დააჩქარა – მიიჩნევს დიდი ბრიტანეთის დაზვერვა, რომელიც 17 ივნისის რელიზში მთელ ყურადღებას რუსეთში არსებულ ვითარებას უთმობს.

უწყება აღნიშნავს, რომ ბოლო კვირებში დუმამ დაიწყო მუშაობა კანონპროექტზე, რომელიც რუსეთის იმ მოქალაქეებისთვის, ვინც რუსეთის წინააღმდეგ იბრძვის, 20-წლიან პატიმრობას ითვალისწინებს. დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინელ სამხედროებთან ერთად, რუსული არმიის წინააღმდეგ იბრძვის რუსეთის მოქალაქეებისგან შემდგარი „რუსეთის თავისუფლების ლეგიონი“.

„რუსეთის სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ ხმის ამოღებაც კრიმინალიზებულია. მიუხედავად იმისა, რომ გამოკითხვებში რუსების უმრავლესობა მხარს უჭერს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“, მოსახლეობის მცირე ნაწილი მაინც ახერხებს პროტესტის გამოხატვას ზოგჯერ აქტიურად, ზოგჯერ კი – პასიურად“, – მიუთითებს ბრიტანეთის დაზვერვა და დასძენს, რომ ომის კრიტიკის გამო რუსეთის არმიის ზოგიერთი მაღალჩინოსანი ხელისუფლებამ აქტიურ მოქმედებებს ჩამოაშორა.

„სკეპტიციზმი, სავარაუდოდ, ასევე, ძლიერია რუსულ ბიზნესელიტასა და ოლიგარქებში. სამიგრაციო განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, დაახლოებით 15 000 რუსი მილიონერი (აშშ დოლარში) უკვე ცდილობს ქვეყნის დატოვებას“, – აღნიშნავს გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა.

უწყების აზრით, მათ ორი მოტივი ამოძრავებთ – პროტესტი ომის მიმართ და მცდელობა, თავი დააღწიონ დასავლეთის სანქციებით გამოწვეულ ფინანსურ კრიზისს. დაზვერვა ვარაუდობს, რომ თუ ეს პროცესი გაგრძელდება, ის კიდევ უფრო გაზრდის ზარალს, რომელსაც ეს ომი რუსეთის ეკონომიკას მიაყენებს.

რაც შეეხება აქტიური საბრძოლო მოქმედებების ზონას, დიდი ბრიტანეთის დაზვერვა წერს, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსეთის ძალები, სავარაუდოდ, ცდილობდნენ, გაეახლებინათ შეტევა პოპასნაიას მიმართულებაზე, საიდანაც ისინი სევეროდენცკში გამაგრებული უკრაინული ძალების ყულფში მოქცევას გეგმავენ.

გუშინდელ სადაზვერვო ცნობარში გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა აღნიშნავდა, რომ სავარაუდოდ, განადგურებულია მდინარე სევერსკი დონეცის ყველა მთავარი ხიდი, რომელიც „სადავო“ ქალაქ სევეროდენცკს უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიებთან აკავშირებს.

სახელმწიფოს თანხის მითვისების ბრალდებით კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს – საგამოძიებო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მისი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიის სახელით, გაიმარჯვა ერთ-ერთი სახელმწიფო ორგანიზაციის მიერ გამოცხადებულ ტენდერში საბავშვო ბაღის მშენებლობასთან დაკავშირებით, რის შემდეგაც, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, სამუშაოები შეასრულა ნაწილობრივ და ავანსის სახით ჩარიცხული თანხიდან მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა 1 232 372 ლარს.

გარდა აღნიშნულისა, ბრალდებულმა, მისი მართვის ქვეშ მყოფი ერთ-ერთი კომპანიის სახელით, 2020 წელს საგადასახადო ორგანოში წარდგენილ დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციებში შეიტანა ყალბი მონაცემები, რა გზითაც შეიქმნა ფიქტიური აქტივი 99 233 ლარის ოდენობით, რომელიც შემდგომში გამოიყენა ბიუჯეტის მიმართ არსებული საგადასახადო ვალდებულებების დასაფარად.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებული, სახელმწიფო გადასახადებისათვის თავის არიდების მიზნით, მისი მართვის ქვეშ მყოფი 2 კომპანიის სახელით, სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისას, სრულად არ ადეკლარირებდა მიღებულ შემოსავალს, რითაც თავი აარიდა სახელმწიფო ბიუჯეტში ჯამში 467 688 ლარის გადახდას.“ – აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

სამსახურის ინფორმაციითვე, საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სსკ 182-ე, 210-ე და 218-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით.

ამასთან, „ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნულ დანაშაულში შესაძლო თანამონაწილე პირების დადგენა-მხილების მიზნით“.

მაკრონი მოსკოვში ჩასვლას არ გამორიცხავს – მედია

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ არ გამორიცხავს რუსეთში ჩასვლას, თუმცა ასეთი ვიზიტი, შეიძლება, მხოლოდ „გარკვეული წინაპირობებით“ შედგეს.

მაკრონის კომენტარს ფრანგულ TF1-ზე დაყრდნობით უკრაინული მედია ავრცელებს.

„ვისაც არ ესმის, რატომ განვაგრძობ პუტინთან ლაპარაკს – ამას ვაკეთებდი იმის გამო, რომ ამ პროცესში საფრანგეთის როლს ვხედავ. რუსეთში ვიზიტი? ამისთვის საჭიროა გარკვეული წინაპირობები, გარკვეული ჟესტები პუტინის მხრიდან. მე გავაგრძელებ მასთან საუბარს, უკრაინის პრეზიდენტთან შეთანხმებით და იმ პირობით, რომ ამას რაიმე შედეგი ექნება“.

ემანუელ მაკრონმა დასძინა, რომ ასეთი ვიზიტისთვის, ჯერჯერობით, არცერთი წინაპირობა არ შესრულებულა რუსეთის მხრიდან. მან ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მისი ურთიერთობა, რუსულ მხარესთან კონტაქტების გამო, არ გაფუჭებულა.

საფრანგეთის პრეზიდენტი გუშინ გერმანიის, იტალიისა და რუმინეთის სახელმწიფო ლიდერებთან ერთად კიევში იმყოფებოდა. ეს ომის დაწყების შემდეგ, მისი პირველი ვიზიტი იყო უკრაინაში.

ემანუელ მაკრონმა რუსეთთან მოლაპარაკებებზე, გუშინ, კიევში გამართულ ერთობლივი პრესკონფერენციაზეც ისაუბრა.

უკრაინამ თავად უნდა გადაწყვიტოს, როდის დაასრულებს ამ ომს და როდის დაჯდება მოლაპარაკებების მაგიდასთან. მოლაპარაკებების პირობებსა და ფორმატს განსაზღვრავს უკრაინა. გერმანია და საფრანგეთი არ იქნებიან მომლაპარაკებლები უკრაინის ზურგს უკან. ეს არ ხდება და არც მოხდება. ჩვენ ვიქნებით მომთხოვნი შუამავლები, მაგრამ დათმობებს არ მოვითხოვთ,“ – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა

ის უკრაინას ფინანსური, სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარების გაზრდას დაჰპირდა, ასევე დაჰპირდა, რომ გადასცემს დნმ-ის მობილურს ლაბორატორიას რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების გამოსაძიებლად.

მთავარი ფოტო: ვოლოდიმირ ზელენსკი და ემანუელ მაკრონი ერთობლივ პრესკონფერენციაზე კიევში/ფოტო: president.gov.ua

უკრაინა გადაწყვეტს, როდის დაასრულებს ამ ომს – კიდევ რა თქვეს ევროპელმა ლიდერებმა

ბათუმის მერიამ მშენებლობის ნებართვებიდან გასულ წელს 1 მილიონი ლარი ამოიღო

2021 წელს ბათუმის მერიამ მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის სახით 1 მილიონ 37 ათას 600 ლარი ამოიღო. სავარაუდოდ, ეს ციფრი წელს კიდევ გაიზრდება, რასაც მოწმობს საქსტატის მონაცემებიც. ამას ემატება 420 200 ლარი, რომელიც ბიუჯეტში სპეციალური ზონალური შეთანხმების მოსაკრებლის სახით შევიდა [კ2] ეს გადასახადი კონკრეტულ ზონაში დადგენილი პარამეტრების გაზრდი მოსაკრებელს გულისხმობს.

2022 წლის პირველ 3 თვეში საქართველოში შესაბამისმა სამსახურებმა 2 229 სამშენებლო ნებართვა გასცეს. ეს ჯამში 1 516 500 კვადრატული მეტრი ფართობის მშენებლობას ითვალისწინებს. საქსტატის ინფორმაციით, ეს მაჩვენებელი წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 16,5 პროცენტით მეტია. ნებართვების რაოდენობა კი, 15,4 პროცენტით გაიზარდა.

გაცემული ნებართვების 5,3 პროცენტი აჭარაზე, მათგან მეტი წილი კი ბათუმზე მოდის.

ამ დრომდე ბათუმს არ აქვს განაშენიანების გენერალური გეგმა. ქაოსურმა განაშენიანებამ ქალაქს უკვე შეუქმნა პრობლემები, ამას ემატება უკანონო მშენებლობებისა და დაშენება-მიშენების ტენდენცია.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონების დამტკიცებასთან დაკავშირებული დოკუმენტი კი, რომლის მომზადებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან ფული დაიხარჯა, ისევ თაროზეა შემოდებული.

ბათუმში მშენებლობასთან დაკავშირებული კონტროლის არაეფექტურობაზე სახელმწიფო აუდიტმა ბოლო სამი წლის განმავლობაში ორი ანგარიში გამოაქვეყნა.

ამავე თემაზე:

როგორ ავაშენოთ უკანონოდ ყველაფერი, რაც გვინდა – სქემა ბათუმში

უკრაინა გადაწყვეტს, როდის დაასრულებს ამ ომს – კიდევ რა თქვეს ევროპელმა ლიდერებმა

კიევში დღეს ერთდროულად ევროპის ოთხი ქვეყნის ლიდერი იმყოფებოდა – საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი და რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი.

ვიზიტი დღის ბოლოს ერთობლივი პრესკონფერენციით დაასრულდა, თუმცა მანამდე იყო დახვედრა კიევის ვაგზალზე, ირპენის მონახულება და მოლაპარაკებები უკრაინის პრეზიდენტის რეზიდენციაში.

მთავარი ქრონოლოგიურად

  • ოლაფ შოლცი, ემანუელ მაკრონი და მარიო დრაგი კიევში ჩადიან, ამავე დღეს ჩადის კიევში რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი. პოლიტიკოსებს კიევში საჰაეროს განგაში ხვდებათ;
  • კიევის ვაგზალზე ჩასვლისა და სასტუმროში მცირეხნიანი შეჩერების შემდეგ, ოთხივე ლიდერმა რუსების მიერ დანგრეული ირპენი მოინახულა. მაკრონმა ნანახს რუსეთის არმიის „ბარბაროსობის კვალი“ უწოდა, შოლცმა „წარმოუდგენელი სისასტიკისა და უაზრო ძალადობის სიმბოლო“;
  • დღის 14 საათისთვის კიევში დაიწყო მოლაპარაკებები უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენკისთან. ზელენსკიმ ევროპელი ლიდერები მარიინსკის სასახლეში მიიღო;
  • მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ ევროპის ქვეყნების ლიდერებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას;
  • ცნობილი გახდა უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების შესახებ.
ემანუელ მაკრონი და ვოლოდიმირ ზელენსკი/ფოტო: president.gov.ua

დღის ბოლოს ემანუელ მაკრონმა, ოლაფ შოლცმა, მარიო დრაგიმ, კლაუს იოჰანისმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ ერთობლივი პრესკონფერენცის გამართეს.

რა თქვეს ლიდერებმა – მოკლედ

ემანუელ მაკრონი უკრაინას ფინანსური, სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარების გაზრდას დაჰპირდა, ასევე დაჰპირდა, რომ გადასცემს დნმ-ის მობილურს ლაბორატორიას რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების გამოსაძიებლად.

პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ საფრანგეთი, რუსული აგრესიის პირველი დღიდან, მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინას და ის ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ომის დანაშაულების გამოძიება მოითხოვა.

„ევროპა ომის პირველი დღეებიდანვე თავისუფალი და დამოუკიდებელი უკრაინის მხარეს დადგა, საერთაშორისო სამართლის და გაეროს ქარტიის იმ პრინციპების დაცვის მხარეს, რომელთა უგულებელყოფაც რუსეთმა სრულიად გააზრებულად და ყოველგარი პროვოცირების გარეშე გადაწყვიტა… უკრაინას შეუძლია ჩვენი იმედი ჰქონდეს.

უკრაინამ თავად უნდა გადაწყვიტოს, როდის დაასრულებს ამ ომს და როდის დაჯდება მოლაპარაკებების მაგიდასთან. მოლაპარაკებების პირობებსა და ფორმატს განსაზღვრავს უკრაინა. გერმანია და საფრანგეთი არ იქნებიან მომლაპარაკებლები უკრაინის ზურგს უკან. ეს არ ხდება და არც მოხდება. ჩვენ ვიქნებით მომთხოვნი შუამავლები, მაგრამ დათმობებს არ მოვითხოთ,“ – განაცხადა მაკრონმა.

ერთობლივ პრესკონფერენციაზე ლიდერებმა მოუწოდეს რუსეთს, შეწყვიტოს უკრაინული პორტების ბლოკადა. ემანუელ მაკრონის თქმით, მსოფლიოს სასურსათო კრიზისის საფრთხე რუსეთის აგრესიის პირდაპირი შედეგია.

„მე ჩემს კოლეგებთან ერთად ჩამოვედი კიევში ძალიან ცხადი გზავნილით: უკრაინა ევროპულ ოჯახს ეკუთვნის. ევროპულ საბჭოში მე აუცილებლად გამოვალ ერთიანი პოზიციით და გერმანია მხარს დაუჭერს დადებით გადაწყვეტილებას. ეს ეხება მოლდოვასაც“, – თქვა გერმანიის კანცლერმა პრესკონფერენციაზე.

ოლაფ შოლცმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარებაზეც ისაუბრა:

„გერმანიამ დიდი ხანია დაარღვია თავისი სახელმწიფო ტრადიცია და უკრაინისთვის იარაღის მიწოდება დაიწყო და ჩვენ ამას მომავალშიც გავაგრძელებთ, რამდენ ხანსაც ეს უკრაინას დაჭირდება.

ჩვენ ასევე დავპირდით უკრაინას, რომ მივაწვდით IRIS-ის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებს, რომლებიც საჰაერო თავდასხმებისგან დაიცავენ მის ქალაქებს. ასევე, შევთანხმდით აშშ-ისთან და დიდ ბრიტანეთთან, რომ უკრაინას გადავცემთ ზალპური ცეცხლის სარაკეტო დანადგარებსაც“.

იტალიის პრემიერ-მინისტრის, მარიო დრაგის თქმით, მშვიდობა უკრაინის პირობებით უნდა დამყარდეს, – „მშვიდობა უნდა დადგეს ისე, როგორც ეს უკრაინას სურს და ის ხანგრძლივი უნდა იყოს“.

მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანების პროცეში, იტალიის სრული მხარდაჭერა აქვს:

„ჩვენი შეხვედრის მთავარი გზავნილია, რომ იტალიას სურს უკრაინის ხილვა ევროკავშირის შემადგენლობაში. ჩვენ ერთმნიშვნელოვნად ვუჭეთ მხარს მისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და შემდეგ ევროკავშირის წევრობას.“

ერთობლივი ფოტო/ფოტო: ვოლოდიმირ ზელენსკის ფეისბუქგვერდიდან

უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ოთხი ქვეყნის ლიდერებს და ხაზი გაუსვა მათი ვიზიტის მნიშვნელობას.

„რუსეთს უნდა სურდეს მშვიდობა. სწორედ ამ წუთებში, როდესაც ჩვენ აქ ვიმყოფებით, მარიინსკის სასახლეში, რუსეთის ჯარები განაგრძობენ სასტიკ შეტევებს დონბასში, აძლიერებენ თავის დაჯგუფებებს ხარკოვის ოლქში და ამაგრებენ პლაცდარმებს უკრაინის სამხრეთში. აგრესორმა სახელმწიფომ უნდა გაიზროს, რომ მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა,“ – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ერთობლივ პრესკონფერენციაზე და იქვე დასძინა, რომ რუსეთი მხოლოდ ახალ საშუალებებს ეძებს, რომ როგორმე ევროპა დააშინოს და უკრაინის მეტი ტერიტორია დაიპყროს.

„არ ვარ დარწმუნებული, რომ დღეს მსოფლიოში არსებობს ლიდერი, რომელსაც შეუძლია, პუტინს ომის შეწყვეტა აიძულოს. არ ვარ დარწმუნებული, რომ დღეს არსებობს ვინმე, ვის მოსასმენადაც რუსეთის პრეზიდენტი მზად იქნება. მეჩვენება, რომ ის ჯერ გადაწყვეტილებას იღებს და მერე უსმენს. “ჯერ გააკეთე და მერე იფიქრე” რეჟიმში ომის დასრულება შეუძლებელია.“

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა დასავლეთისგან შეიარაღებას ელოდება, პირველ რიგში კი თანამედროვე რეაქტიული არტილერიისა და ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემებს:

„ასეთი შეიარაღების ყოველი ახალი პარტია – ეს ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაა. ყოველი შეფერხება ან გადადებული გადაწყვეტილება – რუსეთის არმიისთვის მიცემული შესაძლებლობა, დახოცოს ჩვენი მოქალაქეები და გაანადგუროს ჩვენი ქალაქები. არსებობს პირდაპირი კავშირი – რაც უფრო მეტ ძლიერ შეირაღებას მივიღებთ, მით უფრო სწრაფად გავათავისუფლებთ ჩვენს ხალხს, ჩვენს მიწას. უკრაინელი ხალხი – მისი აბსოლუტური უმრავლესობა ელოდება მთელი ჩვენი ტერიტორიის გათავისუფლებას.“

რაზე ილაპარაკა ოთხი ქვეყნის ლიდერმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან

მოლაპარაკებების თემების შესახებ, მოკლე განცხადება პრესკონფერენციამდე თავად უკრაინის პრეზიდენტმა გააკეთა:

  • უკრაინის თავდაცვის გაძლიერება
  • კოორდინირებული მიდგომა უკრაინისთვის ეკონომიკურ დახმარებასა და ომის შემდგეგ ინფრასტრუქტურის აღდგენაში;
  • როგორ აღუდგნენ წინ რუსეთის მიერ გამოწვეულ სურსათის კრიზისს;
  • შემდგომი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ – სანქციების მეშვიდე პაკეტი:
  • ევროპის მომავალი და უკრაინის ევროინტეგრაცია;
  • ფრონტზე არსებული ვითარება – დონბასი, ქვეყნის სამხრეთი და ხარკოვის ოლქი;
  • უკრაინის თავდაცვის მთავარი საჭიროებები;
  • სამშვიდობო მოლაპარაკებების შესაძლებლობები;
  • რუსეთის მიერ უკრაინისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

ირპენის შთაბეჭდილებები

რუსეთის არმიის მიერ განადგურებული ირპენის დათვალიერების შემდეგ, ევროპის ლიდერებმა ნანახით აღშფოთება კომენტარებითა და სოციალური მედიის პოსტებით გამოხატეს.

„არ არსებობს სიტყვები იმ წარმოუდგენელი ადამიანური ტრაგედიისა და საშინელი ნგრევის აღსაწერად, რომელიც დღეს ირპენში ვნახეთ. მე კვლავაც მოვუწოდებ ყველას, რომ ყველ რუსი დამნაშავე უნდა დაისაჯოს საერთაშორისო სისხლის სამართლის ნორმების შესაბამისად“, – დაწერა რუმინეთის პრეზიდენტმა.

იტალიის პრემიერმა მარიო დრაგიმ კი პირობა დადო, რომ განადგურებულ ირპენს იტალია ააშენებს.

„ჩვენ ყველაფერს ავაშენებთ. გაანადგურეს ბაღები, საბავშვო ბაღები. ყველაფერი აღდგება. მათ (უკრაინელებმა) უკვე დაიწყეს ეს. მათ ზუსტად იციან, სადაა ობიექტები, რომლებიც ხელახლა უნდა აშენდეს“, – უთხრა მან ჟურნალისტებს და დასძინა, რომ ქალაქის აღდგენაზე მას ადგილობრივებიც ესაუბრნენ. – „მათ გამიზიარეს ტკივილი, იმედები და მითხრეს ისიც, თუ რის გაკეთება უნდათ მომავალში“.

„ბარბაროსობის კვალი“ უწოდა ირპენში ნანახს საფრანგეთის პრეზიდენტმა.

„ირპენი უკრაინაში. ჩვენ ვნახეთ დაცარიელებული ქალაქი და ბარბაროსობის კვალი. ასევე – უკრაინელთა გმირობა, მათ კიევზე რუსეთის არმიის თავდასხმა შეაჩერეს. უკრაინა იბრძვის და მას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, გაიმარჯვოს“, – დაწერა ემანუელ მარკონმა ტვიტერზე ირპენის მონახულების შემდეგ.

„როგორც ბუჩა, ირპენიც უკვე დიდი ხანია იქცა რუსეთის ომის წარმოუდგენელი სისასტიკისა და უაზრო ძალადობის სიმბოლოდ. ეს ომი უნდა დასრულდეს“, – ასეთი პოსტი კი ოლაფ შოლცის ტვიტერზე გაჩნდა.

მაშინ, როდესაც მსოფლიო მედიის ყურადღება კიევისკენ იყო მიპყრობილი, ჟურნალ „პოლიტიკოს“ სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად არც ვოლოდიმირ ზელენსკის ჩაცმულობა გამორჩენია. კრისტოფერ მილერმა, რომელიც გამოცემას აპრილში შეუერთდა და უკრაინის ომს აშუქებს, ტვიტერზე ზელენსკის სამხედრო ჩაცმულობას სპეციალური პოსტი მიუძღვნა.

„ზელენსკი არ ამბობს უარს თავის სამხედრო მწვანე მაისურზე, მაშინაც კი, როდესაც მისი სტუმრები ტრადიციულ კოსტიუმებში არიან გამოწყობილი“.

ევროპელი ლიდერები უკრაინაში დღეს დილით ჩავიდნენ. გერმანული არხის, ZDF-ის ინფორმაციით, ემანუელ მაკრონი, ოლაფ შოლცი და მარიო დრაგი გუშინ ღამით პოლონეთში შეხვდნენ, იქიდან კი უკრაინაში მატარებლის სპეციალური რეისით გაემგზავრნენ. რუმინეთის პრეზიდენტი მათ უკვე უკრაინაში შეუერთდა.

მთავარი ფოტო: ემანურლ მაკრონი, ოლაფ შოლცი და ვოლოდიმირ ზელენსკი/ფოტო: president.gov.ua

წყარო: nv.ua, 24tv.ua, Ukrinform, Ukraynska Pravda.

სათამაშო ბიზნესიდან 23 მილიონი შევიდა ბათუმის ბიუჯეტში გასულ წელს

სათამაშო ბიზნესიდან 2021 წელს ბათუმის ბიუჯეტში 23 მილიონ 440 ათას 800 ლარი შევიდა. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი ბიუჯეტშის ანგარიშში ასახულია „სხვა შემოსვლების“ ნაწლში, რამაც გასულ წელს ჯამში 43 მილიონი ლარი შეადგინა, ანუ „სხვა შემოსვლების “ ნახევარზე მეტი.

სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შენატანი ბიუჯეტში ასე გადანაწილდა:

სათამაშო აპარატებიდან – 12 მილიონ 487 ათას 500 ლარი, წამახალისებელი გათამაშებიდან  – 28 ათას 200 ლარი, კლუბის მაგიდიდან – 251 ათას 900 ლარი, სამორინეს მაგიდიდან – 10 მილიონ 663 ათას 400 ლარი.  სხვა დანარჩენი არაკლასიფიცირებული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი – 9 ათას 700 ლარი.

ბიუჯეტის ანგარიში მერიამ საკრებულოს განსახილველად წარუდგინა. საკრებულოს სხდომა 17 ივნისს უნდა გაიმართოს.

ამავე თემაზე:

როგორ მოგვარდება საპროტესტო აქციის მონაწილეთა პრობლემები – გეგმა ჯერ არ არსებობს

 

ჭოროხთან ნაგავსაყარი გაუქმდება და ნაგვის გადამტვირთი სადგური აშენდება – ნარჩენები აჭარაში

ქობულეთის სოფელ ცეცხლაურთან ახალი ნაგავსაყარის გახსნისთანავე უნდა დაიწყოს ბათუმის არსებული ნაგავსაყარის გაუქმება, რომელიც მდინარე ჭოროხის პირას წლებია ყოველგვარი სტანდარტების დარღვევით ფუნქციონირებს.

ახალი ნაგავსაყარის გახსნა, როგორც აღმოჩნდა, მოითხოვს დამატებითი სადგურის მშენებლობას, რომლის ტერიტორიაზეც მოხდება ბათუმ-ხელვაჩაურში, ასევე მაღალმთიან აჭარაში შეგროვილი ნარჩენების შეკრება და აქედან მისი სპეციალური მანქანებით გადატანა ცეცხლაურის ნაგავსაყარზე.

ახალი გადამტვირთი სადგური კი, ისევ მდინარე ჭოროხის მიმდებარედ აშენდება. მიწის ნაკვეთი ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიაზე – სამრეწველო ზონაშია შერჩეული. ოფიციალური ინფორმაციით, აქ სადგური „შესაბამისი მოთხოვნების დაცვით“ აშენდება.

მიწის ნაკვეთი [წითელი ფერით] სადაც გადამტვირთი სადგური უნდა აშენდეს
მიწის ნაკვეთი ბათუმში, აკაკი შანიძის ქუჩა, 3ბ-ში მდებარეობს და მისი ფართობი 9 557 კვადრატული მეტრია. ნაკვეთი ქალაქის საკუთრებაშია და ის აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას უნდა გადაეცეს – შემდგომში შპს „აჭარის ნარჩენების მართვის კომპანიის“ საწესდებო კაპიტალში შესატანად. 

ქონების გადაცემის საკითხს ბათუმის საკრებულო 17 ივნისის სხდომაზე განიხილავს.

„ბათუმის მერიაში წარმოდგენილია აჭარის მთავრობის თავმჯდომარის წერილი, რომელშიც აღნიშნულია რომ „მყარი ნარჩენების მართვა აჭარაში“ პროექტის ფარგლებში ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურში შპს „აჭარის ნარჩენების მართვის კომპანიის“ დაკვეთით აშენდა ახალი სანიტარული ნაგავსაყრელი პოლიგონი, სადაც ამჟამად მიმდინარეობს წინა საექსპლუატაციო მოსამზადებელი სამუშაოები, პერიოდულად სატესტო რეჟიმში მუშაობს დანადგარმოწყობილობები…

ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემების დანერგვის მიზნით ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ (EBRD) 2020 წლის დეკემბრიდან დაქირავებულ იქნა საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია ICT-ი, რომელიც ამზადებს აჭარაში ნარჩენების მართვის სტრატეგიას, რომლის ერთ-ერთ ღონისძიებად განიხილება მუნიციპალური ნარჩენების გადამტვირთი სადგურის მშენებლობა [ვინაიდან აჭარის უნიციპალიტეტებს ერთმანეთისაგან დიდი მანძილი აშორებთ, ცეცხლაურის პოლიგონი კი, ბათუმის გარდა ხელვაჩაურის, ქედის, შუახევის და ხულოს მუნიციპალიტეტებსაც მოემსახურება].“ – აღნიშნულია მერიის მიერ საკრებულოში გაგზავნილ დოკუმენტში.

ბათუმის არსებული ნაგავსაყარი და ადგილი სადაც გადამტვირთი სადგური უნდა აშენდეს

როგორ იმუშავებს გადამტვირთი სადგური და როდის დაიწყებს მუშაობას ახალი ნაგავსაყარი ქობულეთში? – ამ კითხვით „ბათუმელები“ „აჭარის ნარჩენების მართვის კომპანიას“ დაუკავშირდა.

„გადამტვირთი სადგურზე შეიკრიბება ბათუმის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში შეგროვილი საყოფაცხოვრებო ნარჩენები და აქედან, დიდი ტევადობის სპეციალური მანქანებით, მოხდება გადატანა ცეცხლაურის პოლიგონზე [ბათუმის შემოვლითი გზით – ავტობანით]. ეს არის საერთაშორისო პრაქტიკაში დანერგილი მეთოდი. ტექნიკას, რომელიც ნარჩენებს სადგურიდან პოლიგონზე გადაიტანს, პროექტის ფარგლებში  შევიძენთ. რაც შეეხება ქობულეთს, ვინაიდან ახალი პოლიგონი იქვეა, თავად მიაწვდის ნარჩენებს. ამასთან, განახლდება მუნიციპალიტეტებისთვის ამ კუთხით საჭირო ავტოპარკიც.“ – გვითხრეს „ნარჩენების მართვის კომპანიაში“.

ბათუმის ახალი ნაგავსაყარის პროექტზე მუშაობა 2010 წელს დაიწყო, თუმცა 7 მილიონი ევრო სესხის და გრანტის აუთვისებლობის გამო წლებია სახელმწიფოს ვალდებულების საკომისიოს გადახდაც უწევს.

სახელმწიფო აუდიტის დასკვნის მიხედვით, აჭარის მყარი ნარჩენების პროექტი, 2021 წელსაც, დაბალი ათვისების საინვესტიციო პროექტების ჩამონათვალშია.

პროექტი 2020 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა, გადავადების მიზეზად, ძირითადად პანდემია დასახელდა. შემდეგ დასრულების თარიღად 2022 წლის ივნისი დაასახელეს, ამჯერად კი, 2022 წლის ბოლო.

„დამოკიდებული ვართ ტექნიკის [როგორც გადამზიდავი, ასევე ადგილზე სხვადასხვა ტიპის მანქანების] შეძენაზე, რის შემდეგაც, ვგეგმავთ, რომ მიმდინარე წლის ბოლოს ახალმა ნაგავსაყარმა ექსპლუატაცია დაიწყოს. ტექნიკის შეძენას რაც შეეხება, მალე იქნება ტენდერი, რომლის დასრულების შემდეგაც დაიწყება ტექნიკის მოწოდება.“ – გვითხრეს კომპანიაში.

ამავე თემაზე:

როგორ იმუშავებს ახალი ნაგავსაყარი და რა ელის ძველს – ნარჩენების მართვა აჭარაში

რას გთავაზობთ მერია თუ ავარიული სახლი იპოთეკითაა დატვირთული – პროგრამის დეტალები

მერიის ინფორმაციით, ბათუმში 118 ავარიული სახლია, რომლებზეც ექსპერტიზის დასკვნა უკვე მომზადებული და გარკვეულია, რომ ისინი ჩანაცვლებას ექვემდებარებიან. წინასწარ გაწერილი წესის მიხედვით, მერია მესაკუთრეებს ავარიული სახლის ადგილზე ახალი სახლის მშენებლობას, საბინაო ფონდიდან დაკმაყოფილებას ან კომპენსაციას შესთავაზებს.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, თითქმის ყველა ავარიულ კორპუსში რამდენიმე ბინა იპოთეკითაა დატვირთული და მესაკუთრეებს გრძელვადიანი საბანკო ვალდებულებები აქვთ.

მერიის განმარტებით, ეს გარემოება პროგრამაში მონაწილეობას ხელს არ შეუშალეს. ასეთ შემთხვევაში საჭირო იქნება იპოთეკარის თანხმობა ავარიული სახლის ჩანაცვლების პროცესში. მესაკუთრეს მოუწევს გარდა სხვა საჭირო  დოკუმენტებისა,  დამატებით იპოთეკარის წერილობითი თანხმობის წარდგენაც: „პროექტის ფარგლებში იპოთეკის საგნის დემონტაჟსა და მის ნაცვლად ახალი მრავალბინიანი სახლის აშენებაზე.“

წინასწარ გაწერილი პირობების მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკარმა ქონება გაყიდა მესამე პირზე, მერია უზრუნველყოფს ახალი მესაკუთრის ჩანაცვლებას პროექტში, იმავე პირობებით, რაც ჰქონდა თავდაპირველ მესაკუთრეს.

მერიის მიერ გაწერილი წესის შესაბამისად, პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა პირმა, ან პირებმა, მერიას  განცხადებით უნდა მიმართონ. განცხადებას თან უნდა დაერთოს წერილობითი თანხმობა ავარიული სახლის ჩანაცვლებაზე.

ეს წესი საკრებულომ ხვალ, 17 ივნისს სხდომაზე უნდა დაამტკიცოს.

 

სიცოცხლისთვის საშიში 118 სახლი ბათუმში – მერიის ხედვა

 

„ჩვენ შეგვიძლია 15 წუთში ხერსონში ვიყოთ“ – უკრაინელი ჯარისკაცი

ბოლო რამდენიმე დღეა უკრაინელი სამხედროები სულ უფრო ხშირად საუბრობენ ოკუპირებული ხერსონის დაბრუნების შესაძლებლობაზე. სწორედ ამ შესაძლებლობებს მიმოიხილავს სააგენტო Reuters-ი 16 ივნისს გამოქვეყნებულ რეპორტაჟში.

„ჩვენ შეგვიძლია 15 წუთში ხერსონში ვიყოთ,“ – ეუბნება ჟურნალისტებს სერგეი, უკრაინის არმიის ოფიცერი. – „სამხრეთი მზადაა, ტექნიკას ველოდებით… ველოდებით ბრძანებას.“

მაშინ, როდესაც კიევში ევროპის ლიდერების ვიზიტი მიმდინარეობს, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი, ხერსონში იმყოფება და იქიდან ცდილობს უკრაინისთვის დამატებითი იარაღის მიწოდების აუცილებლობაში საერთაშორისო საზოგადოების დარწმუნებას.

„ხერსონის რეგიონი. რამდენიმე კილომეტრი რუსეთის პოზიციებიდან. ათობით განადგურებული სოფელი. ჩვენი ბიჭები პოზიციებზე არიან, ძლიერი საბრძოლო განწყობით. შეზღუდული რესურსების მიუხედავად, მტერს უკან ვახევინებთ. მხოლოდ ერთი რამე გვჭირდება – შორსმოქმედი შეიარაღება. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ განვდევნით რუსებს უკრაინის სამხრეთიდან,“ – წერს მიხაილო პოდოლიაკი.

სამხედრო ანალიტიკოსები მიუთითებენ, რომ იმ 30 კილომეტრის დაკავება, რომელიც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ხერსონთან აშორებს, სერიოზული რაოდენობით შეიარაღებისა და პირადი შემადგენლობის დამატების გარეშე ძალიან რთული იქნება.

„ისეთი მსხვილი ქალაქის აღებას, როგორიც ხერსონია, სერიოზული გადაიარაღება სჭირდება,“ – ამბობს სააგენტოსთან სამხედრო ექსპერტი ოლეგ ჟდანოვი. მისი თქმით, ის შეიარაღება, რასაც ახლა უკრაინა დასავლეთისგან იღებს, „ზღვაში წვეთია.“

სააგენტოს ჟურნალისტების ცნობით, ფრონტის ხაზი ზუსტად ნიკოლაევსა და ხერსონს შორის მდებარე 60-კილომეტრიანი ტრასის შუაში გადის. დღეის მდგომარეობით, აშშ-იდან მიღებული M777 ჰაუბიცების მიუხედავად, უკრაინა შეიარაღებისა და სამხედროების რაოდენობით მაინც მნიშვნელოვნად ჩამორჩება მტერს.

როგორც რამდენიმე დღის წინ ნიკოლაევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვიტალი კიმმა ჟურნალისტებს უთხრა, ძლიერი კონტრშეტევა ხერსონში „მხოლოდ დროის საკითხია“.

ხერსონის დაბრუნების შესაძლებლობაზე გუშინ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორმა, დმიტრო მარჩენკომაც ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ უკრაინის არმიამ მნიშვნელოვანი დრო დაკარგა, თუმცა ეს ხელს ვერ შეუშლის ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს, დაიბრუნონ ოკუპირებული ხერსონი.

„ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი დრო დავკარგეთ და მივეცით მტერს საშუალება, იქ გამაგრებულიყო. იქ ახლა ძალიან „კარგად აქვთ აწყობილი“ ცალკეული დანაყოფების მუშაობა. ისინი მონოტონურად, ყოველდღიურად ურტყამენ მნიშვნელოვან წერტილებს და ამით ხალხის დემორალიზებასაც ახერხებენ. ჩვენ რომ საკმარისი ძალები და საშუალებები გვქონოდა, რაც სამწუხაროდ, არ გვაქვს (ტექნიკა, შეიარაღება, არტილერია, სისტემები, მხარდაჭერა ციდან), დამიჯერეთ, ისინი ქერჩის ხიდთან გაჩერდებოდნენ“, – განაცხადა მარჩენკომ.

რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ ქვეყნის სამხრეთში უკრაინის შეიარაღებული ძალები განაგრძობენ ოკუპანტების შევიწროებას – მათი საბოლოო მიზანი კი ხერსონის გათავისუფლებაა.

უკრაინული სააგენტო „უნიანი“ წერს, რომ ბოლო ცნობებით, უკრაინის არმია წარმატებულ კოტრშეტევებს ახორციელებს ხერსონის ოლქში. რამდენიმე დღის წინ კი უკრაინის არმიამ დასახლება ტავრიჩესკოე გაათავისუფლა.

____

ხერსონი უკრაინის იმ ქალაქებს შორისაა, რომელიც რუსეთმა ომის პირველივე დღეებში დაიპყრო. ხერსონში მოქალაქეებს რუსულ პასპორტებს ურიგებენ. რუსეთი გეგმავდა ამ რეგიონში რეფერენდუმის ჩატარებას და დამოუკიდებლობის გამოცხადებას, თუმცა ჯერჯერობით ეს ვერ მოახერხა.

ქალაქი ხერსონი სამხრეთ უკრაინაში, ოკუპირებულ ყირიმის სიახლოვესაა.

რა ღირს ბათუმში დასვენება – სასტუმროს, ბინისა და ჰოსტელის ფასები

2022 წლის ზაფხულის ტურისტული სეზონი აჭარაში გუშინ, 15 ივნისს, გაიხსნა. რა ღირს სასტუმროები, ჰოსტელები და კერძო ბინები ამ სეზონზე ბათუმში?

ბათუმში ხუთ, ოთხ და სამვარსკვლავიან სასტუმროებში ნომრებს სხვადასხვა ფასად ნახავთ. ყველაზე ხშირად ბათუმში დასასვენებლად ჩამოსული ტურისტები ორადგილიან ნომრებს ირჩევენ, შესაბამისად, სწორედ ორადგილიანი, სტანდარტული ნომრების ფასები გადავამოწმეთ ბათუმის სასტუმროებში.

ფასები მოცემულია 27-28 ივნისის [ერთი დღე-ღამე] მონაცემებით, ივლისსა და აგვისტოში, ბათუმის სასტუმროებში ფასები, ჩვეულებრივ, იზრდება.

ბათუმში, ხუთვარსკვლავიან სასტუმროებში ორადგილიანი, სტანდარტული ნომრების ფასი, booking.com-ის მონაცემებით, 152 ლარიდან იწყება [მაგალითად, ეს ფასი აქვს მითითებული სასტუმრო „ინტურისტ პალასს“] და 700-900 ლარამდე იზრდება. „შერატონში“ ორადგილიანი, სტანდარტული ნომერი 812 (საუზმე + 54 ლ.) ლარი ღირს, „მერიდიენში“ – 806 ლარი, „ჰილტონში“ – 800-მდე ლარი და ა.შ.

ოთხვარსკვლავიან სასტუმროებში სტანდარტული, ორადგილიანი ნომრის ფასები 180-260 ლარს შორის მერყეობს.  სამვარსკვლავიან სასტუმროებში სტანდარტული ნომრები 110-დან 170 ლარამდეა, ხოლო ორვარსკვლავიანში – 80-120 ლარი.

ბევრად უფრო შეღავათიან ფასად შეიძლება ბათუმში ღამის გათევა ჰოსტელებში. ფასები აქ 30-40 ლარია ერთ ადამიანზე, საუზმის გარეშე, 6, 8 ან 4-საწოლიან ოთახში.

ჰოსტელების წარმომადგენლები ამბობენ, რომ წელს მათაც საკმაო რაოდენობის სტუმარი ჰყავთ და მიმართვიანობაც გაცილებით მაღალია შარშანდელ ზაფხულთან შედარებით, რაც იმით აიხსნება, რომ შარშან კოვიდრეგულაციებით ჰოსტელებს მუშაობა აეკრძალათ. 

„ამ ზაფხულს, ცხადია, დიდია მოთხოვნა, რადგან შარშან საერთოდ არ ვმუშაობდით. ორი თვეა, რაც სტუმრებმა დაიწყეს მოსვლა. ჩვენთან ერთი საწოლის საშუალო ფასი 30-35 ლარია. ამ ფასის გაზრდას არ ვაპირებთ მთელი სეზონის განმავლობაში,“ – გვითხრეს ჰოსტელ „კომუნაში“. 

ბოლო წლებში, ზაფხულში, დამსვენებლები ხშირად სასტუმროსა და ჰოსტელს ამჯობინებენ ბინის რამდენიმე დღით დაქირავებას. ეს სერვისი ბათუმში კარგადაა განვითარებული და კონკურენციას უწევს სასტუმროებსაც კი. ფასები აქაც სხვადასხვაა, გააჩნია, ზღვასთან ახლოს ქირაობთ თუ ზღვიდან მესამე-მეოთხე ზოლში, რამდენი ოთახია, აქვს თუ არა ბინას აივანი, კარგი ხედი, რამდენად კომფორტულადაა კეთილმოწყობილი და ა.შ.

16 ივნისის მონაცემებით, ზღვასთან ახლოს მდებარე, კეთილმოწყობილი, სტუდიოს ტიპის ბინების ფასი ბათუმში დღეში 180-200 ლარია, თუმცა ნახავთ ბინებს დღეში 70-100 ლარადაც. ფასი იზრდება, თუ ორ ან სამოთახიან ბინას ეძებთ.

34 კვ/მ ფართობის ბინის მეპატრონე მარიამ ჯ. ამბობს, რომ მისი ბინის დაქირავების მსურველები აპრილის შუა რიცხვებიდანვე გამოჩნდნენ და მას შემდეგ ბინა თითქმის ყოველდღე დაკავებულია. მარიამის ბინაში ერთი ღამის გათევა 100 ლარი ღირს. მარიამის ბინა ზღვის ხედით, ხიმშიაშვილის ქუჩაზე მდებარეობს.

ბინის მეპატრონემ გვითხრა, რომ შარშანდელ ზაფხულთან შედარებით ბათუმში მის ბინაზე მოთხოვნა წელს საგრძნობლად გაიზარდა:

„მას შემდეგ, რაც რუსეთის მოქალაქეებმა ინტენსიურად დაიწყეს ჩამოსვლა ბათუმში, ბინაზე მოთხოვნა გაიზარდა, თუმცა გვყავს ბელარუსი და უკრაინელი სტუმრებიც. ეს ფასი ჩემს ბინაში არ შეიცვლება, ზაფხულის სეზონის ბოლომდე ამ ფასად ვაპირებ გაქირავებას,“ – ამბობს მარიამი.

მისი თქმით, წელს ბინის ფასი გაცილებით მაღალია. შარშან ის ამავე ბინას 60-70 ლარად აქირავებდა.

ბათუმელი ნინო ა. 140კვ/მ ბინას აქირავებს ბათუმის ცენტრში, გორგილაძის ქუჩაზე. ბინა 6 დამსვენებელზეა გათვლილი. 

ნინო ამბობს, რომ ბინა ახლახან იყიდა და გაქირავებაც ახლა დაიწყო. 

„ათი დღეა, რაც განცხადება ჩავუშვით და უკვე აგვისტოშიც გვაქვს ჯავშნები. გვირეკავენ როგორც რუსეთისა და ბელორუსის, ასევე საქართველოს მოქალაქეები,“ – ამბობს ნინო. იგი დღე-ღამეში 200 ლარად აქირავებს ბინას. 

რას ამბობს ბათუმში მყოფი ამერიკელი მოსამართლე ქართველ კოლეგებზე

„მოსამართლე შესაბამისი ხასიათით“ – ეს ფრაზა რამდენჯერმე ახსენა ამერიკელმა მოსამართლე ჯეიმს რედვაინმა „ბათუმელებთან“ ინტერვიუს დროს, როგორც აუცილებელი პირობა სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის. ბათუმში მყოფი ამერიკელი მოსამართლის მოსაზრებით დავინტერესდით: რატომ არ გამოდის საქართველოში მოსამართლეების დამოუკიდებლობა, ვის გასაძლიერებლადაც დასავლეთი წლებია მილიონებს ხარჯავს, შედეგად კი, „კლანი გაძლიერდა,“ – როგორც ეს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ჩაიწერა.

რამდენიმე დღეა ჯეიმს რედვაინი ბათუმის საქალაქო სასამართლოში აკვირდება სასამართლო სხდომებს, ხვდება მოსამართლეებს და პოზიტიურ მოლოდინს უჩენს ქართველი მოსამართლეების სურვილი: „ვისაც შევხვდი, სურს, რომ იყოს დამოუკიდებელი, პატივს სცემდნენ“, – აღნიშნა ჯეიმს რედვაინმა. მოსამართლე ჯეიმსი „პრინციპულ გადაწყვეტილებებს“ რთულს უწოდებს, თუმცა არ ავიწყდება, როგორ იცავდა ყოველ ჯერზე საზოგადოება თითოეული „რთული გადაწყვეტილების“ მიღების შემდეგ, რადგან ხალხს გაუჩნდა რწმენა, რომ მოსამართლე მიუკერძოებელია და სამართლიანი.

ჯეიმს რედვაინი მოსამართლეა აშშ-ში 1981 წლიდან, ამჟამად იგი სპეციალური მოსამართლის ფუნქციას ასრულებს, ინდიანას და ოკლოჰომას შტატის იურისტთა კოლეგიის წევრია, პენსიაში გასვლამდე პოუზის ოლქში [ინდიანას შტატი] მოსამართლის თანამდებობაზე. ჯეიმს რედვაინი კანონის უზენაესობის პროგრამის“ 5-წლიანი პროგრამაში მონაწილეობს, რომელსაც აფინანსებს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID). პროექტს ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI).

  • ბატონო ჯეიმს, პირველ რიგში, ქართველი მოსამართლეების დამოუკიდებლობის შესახებ მინდა გკითხოთ. იცით თუ არა, რატომ თქვა უარი ამერიკაში წასვლაზე ხუთმა მოსამართლემ მას შემდეგ, რაც „ნიკა გვარამიას საქმეზე“ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ განაჩენი გამოიტანა და აშშ-ს საელჩომ პროგრამიდან მოხსნა? 

მსმენია ამ ქართველი მოსამართლეების შესახებ, თუმცა ფაქტებს კარგად არ ვიცნობ. „სამართლის უზენაესობის პროგრამა“ საქართველოში ითვალისწინებს, როგორც ქართველი მოსამართლეების წასვლას ამერიკაში, ისე ამერიკელი მოსამართლეების აქ ჩამოსვლას. ჩემს მსგავსად სხვა ამერიკელი მოსამართლეებიც გაატარებენ საქართველოში 6 თვეს. ჩვენი მიზანია დავაკვირდეთ სასამართლო პროცესებს, ვისწავლოთ ქართველი მოსამართლეებისგან. იმედი მაქვს, ამ პროცესში ამერიკელი მოსამართლეებისგანაც ისწავლიან ქართველი მოსამართლეები.

ქართველი მოსამართლეები აშშ-ში დაესწრებიან სასამართლო პროცესებს, გაესაუბრებიან იქაურ მოსამართლეებს და ერთმანეთს გავუზიარებთ გამოცდილებას. მე ვასწავლი ნევადაში ეროვნულ სასამართლო კოლეჯში სხვადასხვა ქვეყნის მოსამართლეს, მათ შორის, ვასწავლიდი უკრაინელ, რუს, პალესტინელ მოსამართლეებს. პირველი საკითხი ყველა მოსამართლისთვის არის ის, რაც თქვენ ახსენეთ – დამოუკიდებლობა. ის, რომ უნდა იყო დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და ინფორმირებული მიმდინარე საქმეზე, ეს არის ამოსავალი ყველა მოსამართლისთვის საქართველოში თუ ამერიკაში. ეს ცენტრალური საკითხია, როცა აკვირდები სასამართლოს და ასწავლი მოსამართლეებს. მეც ამ საკითხზე ვიქნები კონცენტრირებული საქართველოში.

  • მაგალითად აშშ-ში რამ გააძლიერა მოსამართლე? „სამართლის უზენაესობის პროგრამისთვის“ საქართველოში ამჯერად დაიხარჯება 25 მილიონი აშშ დოლარი, აქამდეც დაიხარჯა მილიონები მართლმსაჯულების სისტემისთვის, თუმცა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშშიც წერია შეფასება, რომ რეალურად მოსამართლეთა კლანი გაძლიერდა საქართველოში. 

ყველაზე მნიშვნელოვანია სამართლებრივი კულტურა. ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუცია ეფუძნებოდა იდეალებს, რომელიც აღებულია ძველი საბერძნეთიდან, განმანათლებლობის ეპოქიდან და მათ შორის სოკრატედან. სოკრატეს გასამართლების პროცესში ათენის სასამართლო მას ეუბნებოდა, თუ რაღაცაზე დაგვეთანხმები, ჩვენ შენ გაგიშვებთ. სოკრატე კი ეუბნებოდა მათ, რომ მოსამართლეებმა უნდა გააკეთონ ის, რაც სწორია, მოსამართლეებმა უნდა აღასრულონ სამართალი და სამართლის აღსრულება მოსამართლეებმა არ უნდა გააჩუქონ.

განმანათლებლობის ეპოქის მთავარი იდეალი კი არის ის, რომ ინდივიდები თავად განკარგავენ თავიანთ ბედს, საკუთარ ცხოვრებას და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია ამერიკელებისთვის. ამერიკელებმა იციან, რომ მოსამართლეები მიყვებიან კანონის ნებას და არა ვიღაცის პოლიტიკურ ნებას. მოქალაქეებმა იციან, რომ მოსამართლეებს ეს შეუძლიათ, რადგან მოსამართლე იცავს საკანონმდებლო, თუ აღმასრულებელი ხელისუფლების თვითნებური ჩარევისგან მოქალაქეს.

ვერ შევაფასებ იმ საქმეს, რომელიც თქვენ ახსენეთ და პოლიტიკურია. მე არ ვიცნობ მტკიცებულებებს და მოსამართლემ არ შეიძლება მტკიცებულებების გარეშე გააკეთოს კომენტარი. თუმცა გეტყვით იმას, რომ პოლიტიკურ საქმეებში ყოველთვის რთულია სწორი გადაწყვეტილების მიღება. თუ მოსამართლეები მიიღებენ ამ რთულ გადაწყვეტილებას, საზოგადოება მათ აუცილებლად მხარს დაუჭერს. ეს არის რეალურად დემოკრატიის განმტკიცება.

თავისუფალ სახელმწიფოში საზოგადოება ხელისუფლებას უნდა ენდობოდეს. საზოგადოება მხარს უნდა უჭერდეს და იცავდეს სასამართლოს, რადგან სასამართლო დაიცავს მათ, თუკი რამ მოხდება.

  • თქვენი ინფორმაციით და დაკვირვებით, არიან საქართველოში მოსამართლეები დამოუკიდებლები? რა სახის საფრთხე შეიძლება შეექმნათ მათ პრინციპული გადაწყვეტილების გამო? 

მე არ ვიცი რა ხდება ქართველი მოსამართლეების გულში, არ შემიძლია იმის თქმა, ეშინიათ თუ არა რამის, მაგრამ პირველი ფაქტორი, იქნება თუ არა ვინმე კარგი მოსამართლე, იქნება თუ არა ის დამოუკიდებელი, ეს არის მისი ხასიათი. თუ მოსამართლეს აქვს ხასიათი, ის წინ აღუდგება მოვლენებს, გაკეთებს იმას, რაც სწორია იმის მიუხედავად, რომ ეს შეიძლება ძალიან რთული იყოს.

რამდენიმე დღეა, რაც ბათუმში ვარ… ყველა სასამართლოში, სადაც ვიყავი, დამხვდა თემიდას ქანდაკება, რომელსაც თვალები ახვეული აქვს. ეს ნიშნავს იმას, რომ მოსამართლემ უნდა მიიღოს სამართლიანი გადაწყვეტილება და ერთნაირი გადაწყვეტილება მიუხედავად იმისა, თუ ვინ არიან მის წინაშე. მან უნდა მოუსმინოს მხარეებს და გაითვალისწინოს საზოგადოების სულისკვეთება, მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება მხოლოდ ფაქტებსა და სამართალზე დაყრდნობით.

მოსამართლედ მუშაობის 40-წლიანი პრაქტიკა მაქვს, ხშირად მიხდებოდა რთული გადაწყვეტილებების მიღება და ზოგჯერ ვიცოდი, რომ კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ არ შემხვდებოდნენ კეთილგანწყობით, მაგრამ ყოველთვის მჯეროდა, რომ უნდა მიმეღო გადაწყვეტილება, რომელიც სწორი იყო.

  • საინტერესო იქნებოდა მაგალითები თქვენი პროფესიული გამოცდილებიდან.

მე არჩეული მოსამართლე ვარ და ჩვენთან მოსამართლეებს 6 წლის ვადით ირჩევენ. 2005 წელს ამირჩიეს ერთ-ერთ სასამართლოში, რომელსაც აფინანსებდა რაიონის ადგილობრივი საბჭო ადგილობრივი გადამხდელთა ფულით. სასამართლოს შენობა იყო ძველი, 1867 წელს აგებული შესანიშნავი შენობა. არ უვლიდნენ შენობას და არ სურდათ თანხის გამოყოფა განახლებისთვის. თანაც, შენობა ინგრეოდა და ხელი ეშლებოდა მართლმსაჯულების განხორციელებას. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ იყო პოპულარული გადაწყვეტილება და მოსახლეობა დიდად დაინტერესებული არ იყო ამ შენობის განახლებაში ფულის დახარჯვით, მე დავავალე ადგილობრივ ორგანოებს გამოეყოთ შესაბამისი თანხა შენობის განახლებისთვის.

საბოლოოდ, მოქალაქეებს იმდენად მოეწონათ განახლებული ძველი შენობა, რომ იგრძნეს, ეს იყო სწორი გადაწყვეტილება და შემდეგ არჩევნებში ოპონენტიც კი არ მყავდა იმ რაიონში, როცა მოსამართლეების არჩევნები ჩატარდა.

  • რჩევითობა, თქვენი აზრით, ხელს უწყობს მოსამართლის დამოუკიდებლობას? საქართველოში უკვე უვადოდ ამწესებენ მოსამართლეებს და ამ მიდგომის არგუმენტი იყო ის, რომ ეს იქნებოდა მოსამართლეების დამოუკიდებლობის პირობა. 

ეს ჩემი საყვარელი თემაა. მე არჩეული მოსამართლე ვიყავი მუდამ და მხარს ვუჭერ ამ სისტემას აქტიურად იმის მიუხედავად, რომ უმცირესობაში ვარ – ამერიკის სამართლის წამყვან სკოლებში, აკადემიურ წრეებში მიაჩნიათ, რომ მოსამართლეები უნდა შეარჩიოს პროფესიული ღირსების და კვალიფიკაციის მიხედვით სპეციალურმა ორგანომ.

მე ასე არ ვფიქრობ. მე ვფიქრობ, რომ თუ მოქალაქეებს მისცემ შესაძლებლობას, აირჩიონ მოსამართლეები, ამით პირდაპირ ზრდი საზოგადოების ნდობას სასამართლოს მიმართ, პირდაპირ იზრდება მოქალაქეების კონტროლი სასამართლოზე. თუ მოქალაქეებს მოსამართლე არ მოსწონთ, შეგიძლია გარკვეული ვადის შემდეგ გაუშვა, თუ ხედავ, რომ მას მოსამართლეობა არ შეუძლია. მიმაჩნია, რომ ეს ძალიან ღირებული სისტემაა დემოკრატიისთვის.

  • ალბათ ეს კიდევ ახალი გამოწვევა იქნება – ზუსტად ამოიცნონ მოქალაქეებმა მოსამართლე „შესაბამისი ხასიათით“, რის უპირობო აუცილებლობასაც თქვენ უკვე გაუსვით ხაზი. 

დიახ, მოსამართლეს უნდა ჰქონდეს შესაბამისი ხასიათი და ყოველ კონკრეტულ საქმეში მიიღოს სწორი გადაწყვეტილება, მხოლოდ თქმით რწმენა ვერ შეიქმნება. მოსამართლისადმი რწმენა იქმნება მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით. რწმენის განვითარებას სჭირდება დრო. მოსამართლემ უნდა მოახერხოს, დადგეს შუაში და იყოს მიუკერძოებელი, ემყარებოდეს მხოლოდ სიმართლეს.

მოსამართლე ჯეიმს რედვაინი მეუღლესთან ერთად მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძის სასამართლო სხდომაზე

როცა საზოგადოება ასეთ მოსამართლეებს ხედავს, დროთა განმავლობაში შეიქმნება რწმენა. ამას სჭირდება მხნეობაც, რადგან რთული გადაწყვეტილებების მიღება არ არის მარტივი. რთულმა გადაწყვეტილებებმა შესაძლოა ადამიანს დააკარგვინოს სამსახური, ადამიანებს კი, ჰყავთ ოჯახები, რომლებიც უნდა არჩინონ, ადამიანებს კარგი ცხოვრება უყვართ, მაგრამ მოსამართლეების რთული გადაწყვეტილებების გარეშე რწმენა ვერ იქნება მიღწეული. ამ რწმენის მისაღწევად ჩვენ, ამერიკელებს რევოლუცია დაგვჭირდა. ცხადია, ამას არ გირჩევთ.

  • მანამდე მოქალაქეებმა უნდა შეძლონ საკუთარი მოსაზრებების გამოხატვა. საინტერესოა, როგორ უყურებთ მოსამართლის როლს გამოხატვის თავისუფლების დაცვის პრაქტიკის დადგენაში? მაგალითად, მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ, რომელსაც თქვენ უკვე შეხვდით, დააჯარიმა მოქალაქე სუს-ის შენობის წინ მუსიკის ჩართვისთვის, ასევე ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა ორ აქტივისტს, რომელიც პოლიციის მოთხოვნას არ ემორჩილებოდა და არ დატოვა აქცია. 

ამ კონკრეტულ საქმეს არ ვიცნობ, არ ვიცნობ მტკიცებულებებს, თუმცა გეტყვით იმას, რომ გამოხატვის თავისუფლება არის ყველაზე მნიშვნელოვანი თავისუფლება.

ამერიკის კონსტიტუციის პირველი დამატება ეხებოდა გამოხატვის თავისუფლებას. შესაბამისად, ამერიკის კონგრესს არ შეუძლია მიიღოს რაიმე კანონი, რომელიც შელახავს გამოხატვის და პრესის თავისუფლებას. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი თავისუფლება. თუ არ გვაქვს გამოხატვის და პრესის თავისუფლება, ვერცერთ სხვა თავისუფლებას ვერ დავიცავთ. თუ ადამიანს არ აქვს საშუალება, რომ გამოთქვას თავისი აზრები, იჩივლოს იმაზე, თუ როგორ იქცევა თავისი მთავრობა, როგორ შეიძლება გამოიწვიო ცვლილებები…

ადამიანებს არ მოსწონთ ხშირად ის, რასაც ამბობენ სხვები, მაგრამ ნებისმიერ ადამიანს უნდა ჰქონდეს იმის საშუალება, რომ თქვას ის, რასაც ფიქრობს, გამოხატოს თავისი აზრი. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა გამოთქვან აზრი, წუხილი.

1760 წელს იყო საქმე, სადაც ჟურნალისტი პიტერ ზინგერი წერდა სტატიებს, რომელიც არ მოსწონდა ბრიტანეთის მთავრობას, ადგილობრივ გუბერნატორს და ჩასვეს ციხეში. მის სასამართლო პროცესზე, რომელიც ნაფიცი მსაჯულების მიერ ხორციელდებოდა, ადვოკატმა ჰამილტონმა უთხრა ნაფიც მსაჯულებს: თქვენ არ ხართ ვალდებული ამას დაემორჩილოთ, მოიქცეთ იმის მიხედვით, რასაც კანონი ამბობს, თქვენ თავად შეგიძლიათ გადაწყვიტოთ, არის თუ არა ეს ადამიანი დამნაშავე. მართლაც, მსაჯულებმა გადაწყვიტეს, რომ ზინგერი დამნაშავე არ იყო. ეს არის ამერიკის ტრადიციაც – გამოხატვის და პრესის თავისუფლების დაცვა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დემოკრატიისთვის.

  • ეს გულისხმობს მოსამართლისგან გამოხატვის თავისუფლების იდეის აქტიურ მხარდაჭერას? მაგალითად, მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ დააჯარიმა აქციის მონაწილე ოპოზიციონერი დეპუტატები და საკრებულოს წევრები იმის გამო, რომ მათ ღამითაც გაშლილი ჰქონდათ კარვები აჭარის მთავრობის სახლის წინ. შსს-ს არგუმენტი გაიზიარა მოსამართლემ, რომ ქუჩის კარვებით გადაკეტვისთვის არ იყო საკმარისი ხალხის რაოდენობა.

მახსენდება 1960-იანი წლები, როცა მარტინ ლუთერ კინგმა და ჯონ კონვერსმა მოაწყვეს მარში ხიდზე, რომელზეც მოძრაობა დაბლოკილი იყო. იქ ბევრ ხალხს სცემეს და ამან ისეთი მრისხანება გამოიწვია, რომ საბოლოოდ მიიღეს სამოქალაქო უფლებების დაცვის აქტი და შავკანიანებმა მიიღეს უფლებები, რომელიც 200 წლის წინ ამერიკის კონსტიტუციის საფუძველზე უნდა მიეღოთ. მოსახლეობამ აქციის მონაწილეების მიმართ ამგვარი მოპყრობა აღიქვა, როგორც ძალადობა, რაც ფუნდამენტურად მიუღებელია. ეს არის მაგალითი იმის, რომ როცა უწევ წინააღმდეგობას გამოხატვის თავისუფლებას, გამოიწვევ მეტ წინააღმდეგობას.

კიდევ ერთი მაგალითის შესახებ მინდა გითხრათ: ამერიკაში ვიეტნამის ომი იყო ძალიან არაპოპულარული, მაგრამ ამის მიუხედავად მთავრობა მაინც განაგრძობდა ინვესტირებას საომარი მოქმედებების გაფართოების კუთხით. მთელ ამერიკაში სტუდენტებმა დაიწყეს კამპუსებში პროტესტის გამოხატვა, მე უკვე მოხდილი მქონდა ამ დროს სამხედრო სამსახური და არ მომიწევდა ომში წასვლა, მაგრამ აქტიურად ვმონაწილეობდი ამ გამოსვლებში. სტუდენტები ტოვებდნენ კლასებს მასობრივად. ამერიკა იძულებული გახდა, შეეწყვიტა ომი და ეს იყო სახალხო პროტესტის შედეგი.

  • მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ დისკრიმინაცია დაადგინა მუსლიმების პანსიონის საქმეზე 2016 წელს, მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ კი, 2019 წელს დაადგინა, რომ დისკრიმინაციული იყო ბათუმის მერიის მიდგომა ახალი მეჩეთის აგებაზე, მაგრამ არცერთი ეს გადაწყვეტილება არ აღსრულებულა. ეს რას აჩვენებს, თქვენი აზრით? 

როცა მე, მოსამართლე ვიღებ გადაწყვეტილებას, მე ვარ პოლიციაც ამ საქმეში, ანუ როცა ვუბრძანე რაიონის აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოებს, აღედგინათ სასამართლოს ძველი შენობა, შესაძლოა, მათ ეთქვათ, არ გვაინტერესებს რა თქვა მოსამართლემ, მაგრამ ისინი ასე ვერ მოიქცევიან, რადგან ამერიკელი ხალხის მხარდაჭერა გამორიცხავს ასეთ მიდგომას – შესაძლოა, არ მოგვწონდეს მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მაგრამ მას ვასრულებთ ყველა იმიტომ, რომ ის მოსამართლემ მიიღო.

ცხადია, ეს მიდგომა გამომდინარეობს ხალხის რწმენიდან, რომ მოსამართლეები არიან დამოუკიდებლები, ისინი არ არიან მიკერძოებული რომელიმე მხარის სასარგებლოდ, ან საზიანოდ. შესაბამისად, ხალხიც მონდომებულია, რომ აღსრულდეს მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

მაგალითად, როცა ოჯახში ძალადობის საქმეში მოსამართლე ამბობს, რომ ვიღაც უნდა წავიდეს სახლიდან დროებით, მოსამართლე ვერ დადგება ამ ოჯახში, რომ შეამოწმოს, როგორ სრულდება მისი გადაწყვეტილება, მაგრამ იქ მიდის პოლიცია და ასეც რომ არ იყო, მეზობლები მოითხოვენ ამას, რომ მოსამართლემ ასე გადაწყვიტა, ესე იგი, ასეა სწორიო.

ამერიკელი მოსამართლე ჯეიმს რედვაინი ბათუმის საქალაქო სასამართლოში სხდომებს აკვირდება

თქვენ რაც ახსენეთ, ასე რომ არ მოხდეს, საჭიროა მოსამართლეს ჰქონდეს მხარდაჭერა, რაც მოდის იქიდან, რაზეც ვისაუბრეთ – დამოუკიდებლობა. როცა ადამიანებს ექნებათ რწმენა, რომ მოსამართლეები არიან დამოუკიდებლები, ხალხი მონდომებულია და, შესაბამისად, აღმასრულებელი ორგანოც, რომ შესრულდეს სასამართლოს გადაწყვეტილებები, ამ შემთხვევაში აშენდება მეჩეთიც. თუ ეს რწმენა არ იქნება, არ აშენდება არც მეჩეთი და არც არაფერი მოხდება.

  • გეტყოდნენ მოსამართლეები, რომ ძალიან ბევრი საქმე აწერიათ. მოქალაქეებს აწუხებთ საქმეების გაჭიანურება, მათ შორის, საზოგადოებისთვის და კანონის უზენაესობის პრინციპისთვის მნიშვნელოვან საქმეებსაც კი, სასამართლო დროულად ვერ განიხილავს. 

დიახ, ამის შესახებ ინფორმირებული ვარ. ვიცი, რომ ყველა მოსამართლე გადატვირთულია და ათასობით საქმე აქვთ. გაჭიანურების პრობლემა რომ მოგვარდეს, ერთია კლასიკური „მოთხოვნა მიწოდების“ წესის დაცვა, ანუ მოსამართლეების რაოდენობა გაიზარდოს, მეორეა სასამართლო საქმეების შემცირება. ამოსავალი არის ის, რომ დღე, როცა საქმე შედის სასამართლოში და დღე, როცა გადაწყვეტილებას იღებს მოსამართლე, როგორმე ერთმანეთს დააახლოვო. თითოეული მოსამართლის უპირველესი ამოცანაა, გადაწყვიტოს კონფლიქტი. როცა ადამიანები გამოქვაბულში ცხოვრობდნენ, მაშინაც ერთ კაცს როცა ჰქონდა კონფლიქტი მეორესთან, მიდიოდნენ მესამე კაცთან, რომ გადაეწყვიტათ ეს კონფლიქტი. ეს არის მოსამართლის საქმე დღესაც.

მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანია სხვაობა, რაც გვაქვს ამერიკელ მოსამართლეებს ყველა სხვა ქვეყნის მოსამართლეებისგან განსხვავებით, ვისთანაც მე კავშირი მქონია, არის ეს – თუ ამერიკელ მოსამართლეს მიაჩნია, რომ რაღაც სწორია, ის ამას გააკეთებს, მიუხედავად იმისა, რომ ამის წერილობითი მითითება კანონში შესაძლოა არ ჰქონდეს. სხვა ქვეყნის მოსამართლეებს კი, აქვთ ხედვა, რომ თუ პირდაპირ წერილობითი უფლებამოსილება არ აქვთ, ეს არ უნდა გააკეთონ. ამერიკელი მოსამართლე, თუ სპეციფიკურად არ აქვს რაღაც კონკრეტული აკრძალული, ის ამას გააკეთებს.

მე, პირადად, ასეთი სისტემა შევქმენი ჩემს სასამართლოში და ბევრი სხვაც იყენებს: როგორც კი შემოდის საქმე სასამართლოში, მაშინვე გამოვცემ სავალდებულო ძალის მქონე ბრძანებას, რომ მხარეები ჩემს გარეშე შეხვდნენ ერთმანეთს. როგორც წესი, ამ შეხვედრის შემდეგ დაახლოებით 95 პროცენტი წყვეტს დავას.

სხვა საქმეებზე კი, თუკი მედიაცია ვერ იღებს შედეგს, წინასასამართლო ეტაპზე მხარეებს ვეკითხები: რა არის თქვენი პრობლემა? როგორც წესი, ამ კითხვაზე მხარეებს პოზიციების ჩამოყალიბება უჭირთ. ვეუბნები, რომ აი, გვერდით ოთახია, სივრცე, სადაც შეგიძლიათ დასხდეთ ერთმანეთის პირისპირ და დაილაპარაკოთ. როცა ისინი სხდებიან, ისინი ხშირად წყვეტენ ამ დავას, დაახლოებით 98 პროცენტი დავებისა ასე წყდება და სრულდება მორიგებით, რადგან როცა მხარეები ერთმანეთს უპირისპირდებიან, მათ ერთმანეთთან დალაპარაკება უჭირთ. ამ მიდგომით, რჩება მოსამართლეს დრო მნიშვნელოვანი საქმეებისთვის.

ცხადია, სისხლის სამართლის საქმეები ასე ვერ დასრულდება, როცა ადამიანს ედავები დანაშაულს ჩადენას, არ გვინდა, რომ ის პროკურორს მოურიგდეს და ასე შეწყდეს საქმის განხილვა. სისხლის სამართლის საქმეები უნდა განიხილოს სასამართლომ.

შესაბამისად, საქართველოშიც მოსამართლეებმა უნდა წაახალისონ მხარეები შეხვდნენ ერთმანეთს, ეს მათ შეუძლიათ გააკეთონ ხვალვე.

  • რა რესურსს ხედავთ მართლმსაჯულების გაძლიერებისთვის საქართველოში, პროცესებს რასაც ესწრებით და მოსამართლეებს ესაუბრებით, რა შთაბეჭდილება შეგექმნათ? 

ყველაზე პოზიტიური ალბათ არის ის, რომ ყველა მოსამართლეს, ვისაც მე შევხვდი, სურს, რომ იყოს დამოუკიდებელი, პატივს სცემდნენ. ყველა მოსამართლე, რომელსაც შევხდი, ძალიან გახარებულია იმით, რომ ამერიკელი მოსამართლეები ჩართული ვართ პროცესში, ისინი გახსნილები არიან ჩვენს მიმართ.

ყველაზე მნიშვნელოვანია, საზოგადოება უჭერდეს მხარს მოსამართლეს, რადგან როცა მოსამართლეებს ექნებათ საზოგადოების მხარდაჭერა, ისინი აღარ იქნებიან შეშინებული მოსამართლეები. შეშინებული მოსამართლე ცუდი მოსამართლეა. მოსამართლეები უნდა იყვნენ თავდაჯერებული და გრძნობდნენ საზოგადოების მხარდაჭერას.

მელიტოპოლში რუსი ჯარისკაცები ბლით მოწამლეს – ქალაქის მერი

უკრაინული მედიის ცნობით, დროებით ოკუპირებულ მელიტოპოლში რუს სამხედროებს შორის მასობრივი მოწამვლის შემთხვევები ფიქსირდება. მელიტოპოლის მერი,  ივან ფედოროვი ამბობს, რომ ამ გზით ადგილობრივი ფერმერები აპროტესტებენ ოკუპაციურ რეჟიმს.

ამის შესახებ მელიტოპოლის მერმა ეროვნული ტელემარათონის ეთერში ისაუბრა, იუწყება უკრაინული 24 კანალი“.

მელიტოპოლის მერი ამბობს, რომ ქალაქში დარჩენილი მოსახლეობის 99% ეწინააღმდეგება ოკუპაციას.

ფედოროვმა თქვა, რომ უკრაინის წინააღმდეგობა ოკუპაციის მიმართ განსხვავებული და უნიკალურია და ბლით ოკუპანტების მასობრივი მოწამვლა ამის დასტურია.

მისი თქმით, უკრაინელმა ფერმერებმა ბალი საგანგებოდ დაამუშავეს, რადგან წინასწარ იცოდნენ, რომ ოკუპანტები ყველაფრის მოპარვას მოინდომებდნენ, რასაც უკრაინული მიწა იძლევა.

„ეს კიდევ ერთი ნაირსახეობაა პარტიზანული მოძრაობისა, წინააღმდეგობის, რომელიც ამჟამად მოქმედებს მელიტოპოლის ოლქის ტერიტორიაზე. არაფერი მოიპაროთ ჩვენგან, ეს ყველაფერი ჩვენი ფერმერების მიერ არის მოყვანილი“, – თქვა ფედოროვმა.

მანამდე რუსებმა უკრაინაში ბლის ყველაზე დიდი მეურნეობის „მელიტოპოლის ბლის“ „ნაციონალიზაცია“ მოახდინეს. ფედოროვმა თქვა, რომ 2 ძირითადი საწარმო, სადაც ბალი მოჰყავთ, თითქმის მთლიანად გაძარცვულია.

მელიტოპოლი ცნობილია ბლის ბაღებით. მას უკრაინის „ბლის დედაქალაქსაც“ უწოდებენ. უკრაინაში ყოველწლიურად წარმოებული 70-80 ათასი ტონა ბლიდან, დაახლოებით მეოთხედი მელიტოპოლშია მოყვანილი.

___

რუსეთ უკრაინის ომის დასაწყისში, უკრაინულმა მედიამ დაწერა, რომ ერთმა ხანდაზმულმა ქალმა ღვეზელებით მოწამლა რუსი ჯარისკაცები. მაშინ გავრცელდა ჩანაწერიც: „საჭმელი არაფერი გვაქვს. ვბომბავთ მაღაზიებს. ვშიმშილობთ!… ერთმა ბებიამ ღვეზელები მოიტანა – 8 კაცი თუთიის კუბოთი დაბრუნდა“.

„მე არავისგან არ განვსხვავდები“ – გაბაიძე პოლიტიკური ხელმძღვანელების კრიტიკაზე

„თქვენ განსხვავებით კობახიძისგან და ღარიბაშვილისგან…“ – მიმართა რეპლიკით უმაღლესი საბჭოს წევრმა ენმ-დან ლევან ანთაძემ საბჭოს თავმჯდომარეს დავით გაბაიძეს,  საქართველოსთვის  ევროკავშირის წევრობის სტატუსის მინიჭების თაობაზე რამდენიმეწუთიანი კამათის შემდეგ. დავით გაბაიძემ  კოლეგას სიტყვა შეაწყვეტინა პასუხით: „მე არავისგან არ განვსხვავდები“.

მანამდე კი დავით გაბაიძემ კოლეგას ის ენერგოკომპანიები ჩამოუთვალა, რომლებიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს რუსულ კომპანიებზე გაასხვისეს. ლევან ანთაძემ განმარტა, რომ მათგან უმეტესის მართვის პულტი რუსული კომპანიების ხელში იყო და თავმჯდომარეს ურჩია, ჩამონათვალისთვის „ბორჯომიც“ დაემატებინა, რომელიც „ოცნების“ მმართველობის დროს გაასხვისეს.

ეს კამათი ენმ-ის ფრაქციის წევრის, გია აბულაძის სხდომაზე გაჟღერებულ კითხვას მოჰყვა. დეპუტატმა კოლეგებს სთხოვა, ინდივიდუალურად გამოეხატათ პოზიცია, აიგივებდნენ თუ არა ბიძინა ივანიშვილის შესაძლო დასანქცირებას საქართველოს ან ქართველი ხალხის სანქცირებასთან:

„რაც უფრო ვუახლოვდებით ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მინიჭებას, უფრო და უფრო ძლიერდება ანტიდასავლური კამპანია ხელისუფლების მხრიდან, სამწუხაროდ. ამას ემატება შემაშფოთებელი განცხადებები, რომ თურმე ბიძინა ივანიშვილზე დადებული სანქცია არის საქართველოს და ხალხის წინააღმდეგ გამოყენებული სანქცია. უფრო უარესი, თუ ბიძინა ივანიშვილს სანქციებს დაუწესებენ, უარს ვიტყვით კანდიდატობის სტატუსზეო, ზოგიერთმა გააკეთა განცხადება. მე გეკითხებით „ოცნების“ წარმომადგენლებს, თითოეულ დეპუტატს, ეს თქვენი პიროვნული პასუხისმგებლობის საკითხია. აპირებთ თუ არა თქვენ ამ პოზიციას დაუჭიროთ მხარი, რომ თუ ბიძინა ივანიშვილს დაუწესეს სანქციები, თქვენ უარს იტყვით ევროკავშირზე. დუმილი განიხილება, რომ თქვენ არ ჩაჰყვებით ივანიშვილს.“

უმაღლესი საბჭოს ვიცე-სპიკერმა, ტიტე აროშიძემ, გია აბულაძის თხოვნა კოლეგების მიმართ შეაფასა, როგორც „ენმ-ის მიერ დაყენებული უსუსური საკითხი“.

„თვითონ შეკითხვა  – ბიძინა თუ ევროკავშირი ეს იგივეა, რომ ვიკითხოთ მიხეილ სააკაშვილი თუ ევროკავშირი – ადამიანი, რომელმაც ყველაფერი ლამის რუსებს მიჰყიდა და ყველა სტრატეგიული ობიექტი რუსებს გადააბარა. შეგახსენებთ, რომ ჩვენ შევუერთდით ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებას, რომელსაც ვასრულებთ ეტაპობრივად და გაწერილია დროის და გეგმის მიხედვით. ჩვენ მივიღეთ უვიზო რეჟიმი ევროკავშირის ქვეყნებში და შევუერთდით თავისუფალი ვაჭრობის და კონკურენციის კავშირს, სადაც ქართული პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე დაუბრკოლებლად გადის… ეს ყველაფერი, სხვათა შორის, დაწყებულია ბიძინა ივანიშვილის პრემიერობის დროს. ეს ცალსახად ცხადყოფს იმას, რომ ჩვენ გვაქვს არჩეული კურსი, ევროკავშირის… რეზოლუცია, რაზეც ბრძანეთ, არ განიხილება როგორც საბოლოო“

ტიტე აროშიძემ ასევე გამოთქვა იმედი, რომ 20 ივნისს დაგეგმილ აქციას, გონიერი საზოგადოება  პოლიტიკურად არ შეაფასებს.

ლევან ანთაძე გამოეხმაურა ასევე უმაღლესი საბჭოს წევრების ევროპარლამენტში ვიზიტს:

„კარგია, რომ უმაღლესი საბჭოდან წასულა დელეგაცია და შეხვდა EPP-ის წარმომადგენელს, მიუხედავად განცხადებისა, თურმე ბანდიტებისა და ყაჩაღების გაერთიანება ყოფილა. ასეთი განცხადებები ხელს არ უწყობს ჩვენს ისტორიულ არჩევანს, რასაც ჰქვია ევროპის გზა და დღეს ჩვენ ვდგავართ არჩევანის წინაშე, საით მივდივართ – ცივილიზებული სამყაროსკენ მივდივართ, თუ მივდივართ რკინის ფარდის უკან. ყველას მოგიწოდებთ, გადავდოთ  გვერდზე უთანხმოებები და გზა, რომელიც არის ისტორიული, ჩვენი წინაპრების, ჩვენი შვილების ბედნიერებას დავუჭიროთ მხარი და შევეცადოთ, რომ ვიყოთ ერთიანები, მიუხედავად იმ განცხადებებისა, რაც იყო.“

უმაღლესი საბჭოს წევრი გულისხმობდა აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრების – დავით ბაციკაძის, ლაშა სირაბიძისა  და ირაკლი ჩავლეიშვილის ვიზიტს ბრიუსელში. დეპუტატები ევროპარლამენტარ ლუკას მანდლს ევროპარლამენტში შეხვდნენ. უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, ისინი  ბრიუსელში იმყოფებიან „საერთაშორისო ფონდი უკეთესი მმართველობისთვის“ (IFBG) მიწვევით.

გამოთვრნენ და მატარებლით შინ წავიდნენ – მედვედევი მაკრონზე, შოლცსა და დრაგიზე

„გორილკით გამოთვრნენ და მატარებლით შინ წავიდნენ“, – რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი და ახლა უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი, კიევში მაკრონის, შოლცისა და დრაგის ვიზიტს გამოეხმაურა და უსარგებლო უწოდა. მედვედევის თქმით, ეს არ დააახლოებს უკრაინას მშვიდობასთან. მან ასევე გაიმეორა მუქარა და აღნიშნა, რომ „საათი წიკწიკებს“.

„ბაყაყების, სპაგეტისა და ლებერვურსტის [ღვიძლის ძეხვი გერმანულად – ავტ.] ევროპელ ფანებს უყვართ კიევის მონახულება. ნულოვანი სარგებლით. უკრაინას დაჰპირდნენ ევროკავშირის წევრობას და ძველ ჰაუბიცებს, გორილკით გამოთვრნენ და მატარებლით შინ წავიდნენ, როგორც 100 წლის წინ. მაინც, ეს არ დააახლოებს უკრაინას მშვიდობასთან. საათი წიკწიკებს“, – წერს დიმიტრი მედვედევი.

 

დიმიტრი მედვედევმა 15 ივნისს  ეჭვქვეშ დააყენა უკრაინის არსებობა უახლოეს მომავალში: ვინ თქვა, რომ 2 წლის შემდეგ უკრაინა იარსებებს რუკაზე? რასაც უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი გამოეხმაურა და მედვედევს უწოდა „პატარა კაცი დიდი კომპლექსებით“. პოდოლიაკის თქმით, „რუსულ იმპერიალიზმს სახე რომ ჰქონოდა, ის მედვედევი იქნებოდა“.

„შხამს ანთხევს უკრაინაზე და ემუქრება მსოფლიოს, როგორც თვითდამკვიდრების ერთადერთი გზა. უკრაინა იყო, არის და იქნება. საკითხავი ისაა, სად იქნება დიმიტრი მედვედევი ორ წელიწადში”, – დაწერა უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა.

 

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის პატრიარქ კირილს სანქციები დაუწესა

დიდმა ბრიტანეთმა პატრიარქ კირილსა და რუსეთის ბავშვთა ომბუდსმენს, მარია ლვოვა-ბელოვას სანქციები დაუწესა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

რუსეთის ბავშვთა ომბუდსმენის წინააღმდეგ დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დააწესა „უკრაინელი ბავშვების მიმართ ბარბაროსული დამოკიდებულების გამო“, ხოლო პატრიარქ კირილს სანქცია დაეკისრა „უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესიის საჯარო მხარდაჭერისთვის“.

სანქციები დაუწესდა რუსული სატვირთო კომპანიის, „ვოლგა-დნეპრის“ ხელმძღვანელ ალექსეი ისაიკინსაც და ასევე, რუსეთის 64-ე მოტომსროლელი ბრიგადის ოთხ პოლკოვნიკს, რომლებიც, გავრცელებული ინფორმაციით, მონაწილეობდნენ ბუჩაში მშვიდობიანი უკრაინელი მოსახლეობის მკვლელობაში.

სანქციების ქვეშ მოექცა უკრაინის რამდენიმე მოქალაქეც, რომლებიც თანამშრომლობენ რუსეთის საოკუპაციო ძალებთან უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

______________________________

ფოტოზე: რუსეთის პატრიარქი. ფოტო: EPA-EFE/ALEXEY NIKOLSKY

არის ცნობები, რომ დონბასიდან ბავშვებს იძულებით აგზავნიან რუსეთში გასაშვილებლად – გაერო

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი, მიშელ ბაჩელეტი, შეშფოთებულია ცნობებით იმის შესახებ, რომ უკრაინელი ბავშვები იძულებით გადაიყვანეს აღმოსავლეთ უკრაინიდან, დონბასიდან და გაგზავნეს რუსეთში გასაშვილებლად.

ბაჩელეტმა ადამიანის უფლებათა საბჭოს განუცხადა, რომ მისი ოფისი ამჟამად იძიებს ამ ინფორმაციას.

„OHCHR [გაეროს ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისი] ჯერ ვერ ადასტურებს ამ ინფორმაციას ან ბავშვების ზუსტ რაოდენობას, რომლებიც შესაძლოა ამ სიტუაციაში იყვნენ. ამავე დროს, ჩვენ შეშფოთებული ვართ რუსეთის ხელისუფლების შესაძლო გეგმებით იმასთან დაკავშირებით, რომ დაუშვას ბავშვების გადასახლება უკრაინიდან რუსეთის ფედერაციის ოჯახებში. ასეთი ნაბიჯები არ გულისხმობს ოჯახების გაერთიანებას და ბავშვის ინტერესებს“, – განაცხადა მან. 

გაეროს ბავშვთა ფონდის, UNICEF-ის ბოლო მონაცემებით, 24 თებერვალს, სანამ რუსეთი შეიჭრებოდა უკრაინის ტერიტორიაზე, უკრაინის ბავშვთა სახლებში, პანსიონატებსა და სხვა მსგავს დაწესებულებებში 91 000-ზე მეტი უკრაინელი ბავშვი იყო განთავსებული.

UNICEF-ის განცხადებით, აქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთმა შესაძლოა შეცვალოს არსებული კანონმდებლობა, რათა ხელი შეუწყოს დონბასიდან ობლების დაჩქარებულ შვილად აყვანას“.

„UNICEF-ს მიაჩნია, რომ შვილად აყვანა არ უნდა მოხდეს საგანგებო სიტუაციების დროს ან მის შემდეგ დაუყოვნებლივ. ჰუმანიტარული საგანგებო სიტუაციის დროს მშობლებს განშორებული ბავშვები არ შეიძლება ჩაითვალონ ობლად. ამ მხრივ აუცილებელია ოჯახის გაერთიანების ყველა შესაძლებლობის უზრუნველყოფა“, – აცხადებს UNICEF-ი.

ოთხშაბათს, 15 ივნისს, კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე უკრაინის საგამოძიებო კომისიამ, რომელიც მარტში შეიქმნა ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ წევრი სახელმწიფოების მოთხოვნით, განაცხადა, რომ მის მიერ მიღებული ჩვენებები მიუთითებს იმაზე, რომ ბავშვების მნიშვნელოვანი რაოდენობა გაუჩინარდა დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან, განსაკუთრებით ბავშვთა დაწესებულებებიდან.

ამავე დროს, კომისიის სამი გამომძიებლიდან ერთ-ერთმა პრესკონფერენციაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ დროისთვის არ არსებობს სანდო მონაცემები დაკარგული ბავშვებისა და მოზარდების რაოდენობის შესახებ. ამასთან, მან დასძინა, რომ ჯერ არ არის შესაძლებელი ინფორმაციის დადასტურება იმის შესახებ, რომ უკრაინელი ობლები რუსეთში წაიყვანეს.

________________

ფოტო: news.un.org

Exit mobile version