მთავარი,სიახლეები

რას ამბობს ბათუმში მყოფი ამერიკელი მოსამართლე ქართველ კოლეგებზე

16.06.2022 • 1283
რას ამბობს ბათუმში მყოფი ამერიკელი მოსამართლე ქართველ კოლეგებზე

„მოსამართლე შესაბამისი ხასიათით“ – ეს ფრაზა რამდენჯერმე ახსენა ამერიკელმა მოსამართლე ჯეიმს რედვაინმა „ბათუმელებთან“ ინტერვიუს დროს, როგორც აუცილებელი პირობა სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის. ბათუმში მყოფი ამერიკელი მოსამართლის მოსაზრებით დავინტერესდით: რატომ არ გამოდის საქართველოში მოსამართლეების დამოუკიდებლობა, ვის გასაძლიერებლადაც დასავლეთი წლებია მილიონებს ხარჯავს, შედეგად კი, „კლანი გაძლიერდა,“ – როგორც ეს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ჩაიწერა.

რამდენიმე დღეა ჯეიმს რედვაინი ბათუმის საქალაქო სასამართლოში აკვირდება სასამართლო სხდომებს, ხვდება მოსამართლეებს და პოზიტიურ მოლოდინს უჩენს ქართველი მოსამართლეების სურვილი: „ვისაც შევხვდი, სურს, რომ იყოს დამოუკიდებელი, პატივს სცემდნენ“, – აღნიშნა ჯეიმს რედვაინმა. მოსამართლე ჯეიმსი „პრინციპულ გადაწყვეტილებებს“ რთულს უწოდებს, თუმცა არ ავიწყდება, როგორ იცავდა ყოველ ჯერზე საზოგადოება თითოეული „რთული გადაწყვეტილების“ მიღების შემდეგ, რადგან ხალხს გაუჩნდა რწმენა, რომ მოსამართლე მიუკერძოებელია და სამართლიანი.

ჯეიმს რედვაინი მოსამართლეა აშშ-ში 1981 წლიდან, ამჟამად იგი სპეციალური მოსამართლის ფუნქციას ასრულებს, ინდიანას და ოკლოჰომას შტატის იურისტთა კოლეგიის წევრია, პენსიაში გასვლამდე პოუზის ოლქში [ინდიანას შტატი] მოსამართლის თანამდებობაზე. ჯეიმს რედვაინი კანონის უზენაესობის პროგრამის“ 5-წლიანი პროგრამაში მონაწილეობს, რომელსაც აფინანსებს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID). პროექტს ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI).

  • ბატონო ჯეიმს, პირველ რიგში, ქართველი მოსამართლეების დამოუკიდებლობის შესახებ მინდა გკითხოთ. იცით თუ არა, რატომ თქვა უარი ამერიკაში წასვლაზე ხუთმა მოსამართლემ მას შემდეგ, რაც „ნიკა გვარამიას საქმეზე“ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ განაჩენი გამოიტანა და აშშ-ს საელჩომ პროგრამიდან მოხსნა? 

მსმენია ამ ქართველი მოსამართლეების შესახებ, თუმცა ფაქტებს კარგად არ ვიცნობ. „სამართლის უზენაესობის პროგრამა“ საქართველოში ითვალისწინებს, როგორც ქართველი მოსამართლეების წასვლას ამერიკაში, ისე ამერიკელი მოსამართლეების აქ ჩამოსვლას. ჩემს მსგავსად სხვა ამერიკელი მოსამართლეებიც გაატარებენ საქართველოში 6 თვეს. ჩვენი მიზანია დავაკვირდეთ სასამართლო პროცესებს, ვისწავლოთ ქართველი მოსამართლეებისგან. იმედი მაქვს, ამ პროცესში ამერიკელი მოსამართლეებისგანაც ისწავლიან ქართველი მოსამართლეები.

ქართველი მოსამართლეები აშშ-ში დაესწრებიან სასამართლო პროცესებს, გაესაუბრებიან იქაურ მოსამართლეებს და ერთმანეთს გავუზიარებთ გამოცდილებას. მე ვასწავლი ნევადაში ეროვნულ სასამართლო კოლეჯში სხვადასხვა ქვეყნის მოსამართლეს, მათ შორის, ვასწავლიდი უკრაინელ, რუს, პალესტინელ მოსამართლეებს. პირველი საკითხი ყველა მოსამართლისთვის არის ის, რაც თქვენ ახსენეთ – დამოუკიდებლობა. ის, რომ უნდა იყო დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და ინფორმირებული მიმდინარე საქმეზე, ეს არის ამოსავალი ყველა მოსამართლისთვის საქართველოში თუ ამერიკაში. ეს ცენტრალური საკითხია, როცა აკვირდები სასამართლოს და ასწავლი მოსამართლეებს. მეც ამ საკითხზე ვიქნები კონცენტრირებული საქართველოში.

  • მაგალითად აშშ-ში რამ გააძლიერა მოსამართლე? „სამართლის უზენაესობის პროგრამისთვის“ საქართველოში ამჯერად დაიხარჯება 25 მილიონი აშშ დოლარი, აქამდეც დაიხარჯა მილიონები მართლმსაჯულების სისტემისთვის, თუმცა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშშიც წერია შეფასება, რომ რეალურად მოსამართლეთა კლანი გაძლიერდა საქართველოში. 

ყველაზე მნიშვნელოვანია სამართლებრივი კულტურა. ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუცია ეფუძნებოდა იდეალებს, რომელიც აღებულია ძველი საბერძნეთიდან, განმანათლებლობის ეპოქიდან და მათ შორის სოკრატედან. სოკრატეს გასამართლების პროცესში ათენის სასამართლო მას ეუბნებოდა, თუ რაღაცაზე დაგვეთანხმები, ჩვენ შენ გაგიშვებთ. სოკრატე კი ეუბნებოდა მათ, რომ მოსამართლეებმა უნდა გააკეთონ ის, რაც სწორია, მოსამართლეებმა უნდა აღასრულონ სამართალი და სამართლის აღსრულება მოსამართლეებმა არ უნდა გააჩუქონ.

განმანათლებლობის ეპოქის მთავარი იდეალი კი არის ის, რომ ინდივიდები თავად განკარგავენ თავიანთ ბედს, საკუთარ ცხოვრებას და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია ამერიკელებისთვის. ამერიკელებმა იციან, რომ მოსამართლეები მიყვებიან კანონის ნებას და არა ვიღაცის პოლიტიკურ ნებას. მოქალაქეებმა იციან, რომ მოსამართლეებს ეს შეუძლიათ, რადგან მოსამართლე იცავს საკანონმდებლო, თუ აღმასრულებელი ხელისუფლების თვითნებური ჩარევისგან მოქალაქეს.

ვერ შევაფასებ იმ საქმეს, რომელიც თქვენ ახსენეთ და პოლიტიკურია. მე არ ვიცნობ მტკიცებულებებს და მოსამართლემ არ შეიძლება მტკიცებულებების გარეშე გააკეთოს კომენტარი. თუმცა გეტყვით იმას, რომ პოლიტიკურ საქმეებში ყოველთვის რთულია სწორი გადაწყვეტილების მიღება. თუ მოსამართლეები მიიღებენ ამ რთულ გადაწყვეტილებას, საზოგადოება მათ აუცილებლად მხარს დაუჭერს. ეს არის რეალურად დემოკრატიის განმტკიცება.

თავისუფალ სახელმწიფოში საზოგადოება ხელისუფლებას უნდა ენდობოდეს. საზოგადოება მხარს უნდა უჭერდეს და იცავდეს სასამართლოს, რადგან სასამართლო დაიცავს მათ, თუკი რამ მოხდება.

  • თქვენი ინფორმაციით და დაკვირვებით, არიან საქართველოში მოსამართლეები დამოუკიდებლები? რა სახის საფრთხე შეიძლება შეექმნათ მათ პრინციპული გადაწყვეტილების გამო? 

მე არ ვიცი რა ხდება ქართველი მოსამართლეების გულში, არ შემიძლია იმის თქმა, ეშინიათ თუ არა რამის, მაგრამ პირველი ფაქტორი, იქნება თუ არა ვინმე კარგი მოსამართლე, იქნება თუ არა ის დამოუკიდებელი, ეს არის მისი ხასიათი. თუ მოსამართლეს აქვს ხასიათი, ის წინ აღუდგება მოვლენებს, გაკეთებს იმას, რაც სწორია იმის მიუხედავად, რომ ეს შეიძლება ძალიან რთული იყოს.

რამდენიმე დღეა, რაც ბათუმში ვარ… ყველა სასამართლოში, სადაც ვიყავი, დამხვდა თემიდას ქანდაკება, რომელსაც თვალები ახვეული აქვს. ეს ნიშნავს იმას, რომ მოსამართლემ უნდა მიიღოს სამართლიანი გადაწყვეტილება და ერთნაირი გადაწყვეტილება მიუხედავად იმისა, თუ ვინ არიან მის წინაშე. მან უნდა მოუსმინოს მხარეებს და გაითვალისწინოს საზოგადოების სულისკვეთება, მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება მხოლოდ ფაქტებსა და სამართალზე დაყრდნობით.

მოსამართლედ მუშაობის 40-წლიანი პრაქტიკა მაქვს, ხშირად მიხდებოდა რთული გადაწყვეტილებების მიღება და ზოგჯერ ვიცოდი, რომ კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ არ შემხვდებოდნენ კეთილგანწყობით, მაგრამ ყოველთვის მჯეროდა, რომ უნდა მიმეღო გადაწყვეტილება, რომელიც სწორი იყო.

  • საინტერესო იქნებოდა მაგალითები თქვენი პროფესიული გამოცდილებიდან.

მე არჩეული მოსამართლე ვარ და ჩვენთან მოსამართლეებს 6 წლის ვადით ირჩევენ. 2005 წელს ამირჩიეს ერთ-ერთ სასამართლოში, რომელსაც აფინანსებდა რაიონის ადგილობრივი საბჭო ადგილობრივი გადამხდელთა ფულით. სასამართლოს შენობა იყო ძველი, 1867 წელს აგებული შესანიშნავი შენობა. არ უვლიდნენ შენობას და არ სურდათ თანხის გამოყოფა განახლებისთვის. თანაც, შენობა ინგრეოდა და ხელი ეშლებოდა მართლმსაჯულების განხორციელებას. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ იყო პოპულარული გადაწყვეტილება და მოსახლეობა დიდად დაინტერესებული არ იყო ამ შენობის განახლებაში ფულის დახარჯვით, მე დავავალე ადგილობრივ ორგანოებს გამოეყოთ შესაბამისი თანხა შენობის განახლებისთვის.

საბოლოოდ, მოქალაქეებს იმდენად მოეწონათ განახლებული ძველი შენობა, რომ იგრძნეს, ეს იყო სწორი გადაწყვეტილება და შემდეგ არჩევნებში ოპონენტიც კი არ მყავდა იმ რაიონში, როცა მოსამართლეების არჩევნები ჩატარდა.

  • რჩევითობა, თქვენი აზრით, ხელს უწყობს მოსამართლის დამოუკიდებლობას? საქართველოში უკვე უვადოდ ამწესებენ მოსამართლეებს და ამ მიდგომის არგუმენტი იყო ის, რომ ეს იქნებოდა მოსამართლეების დამოუკიდებლობის პირობა. 

ეს ჩემი საყვარელი თემაა. მე არჩეული მოსამართლე ვიყავი მუდამ და მხარს ვუჭერ ამ სისტემას აქტიურად იმის მიუხედავად, რომ უმცირესობაში ვარ – ამერიკის სამართლის წამყვან სკოლებში, აკადემიურ წრეებში მიაჩნიათ, რომ მოსამართლეები უნდა შეარჩიოს პროფესიული ღირსების და კვალიფიკაციის მიხედვით სპეციალურმა ორგანომ.

მე ასე არ ვფიქრობ. მე ვფიქრობ, რომ თუ მოქალაქეებს მისცემ შესაძლებლობას, აირჩიონ მოსამართლეები, ამით პირდაპირ ზრდი საზოგადოების ნდობას სასამართლოს მიმართ, პირდაპირ იზრდება მოქალაქეების კონტროლი სასამართლოზე. თუ მოქალაქეებს მოსამართლე არ მოსწონთ, შეგიძლია გარკვეული ვადის შემდეგ გაუშვა, თუ ხედავ, რომ მას მოსამართლეობა არ შეუძლია. მიმაჩნია, რომ ეს ძალიან ღირებული სისტემაა დემოკრატიისთვის.

  • ალბათ ეს კიდევ ახალი გამოწვევა იქნება – ზუსტად ამოიცნონ მოქალაქეებმა მოსამართლე „შესაბამისი ხასიათით“, რის უპირობო აუცილებლობასაც თქვენ უკვე გაუსვით ხაზი. 

დიახ, მოსამართლეს უნდა ჰქონდეს შესაბამისი ხასიათი და ყოველ კონკრეტულ საქმეში მიიღოს სწორი გადაწყვეტილება, მხოლოდ თქმით რწმენა ვერ შეიქმნება. მოსამართლისადმი რწმენა იქმნება მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით. რწმენის განვითარებას სჭირდება დრო. მოსამართლემ უნდა მოახერხოს, დადგეს შუაში და იყოს მიუკერძოებელი, ემყარებოდეს მხოლოდ სიმართლეს.

მოსამართლე ჯეიმს რედვაინი მეუღლესთან ერთად მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძის სასამართლო სხდომაზე

როცა საზოგადოება ასეთ მოსამართლეებს ხედავს, დროთა განმავლობაში შეიქმნება რწმენა. ამას სჭირდება მხნეობაც, რადგან რთული გადაწყვეტილებების მიღება არ არის მარტივი. რთულმა გადაწყვეტილებებმა შესაძლოა ადამიანს დააკარგვინოს სამსახური, ადამიანებს კი, ჰყავთ ოჯახები, რომლებიც უნდა არჩინონ, ადამიანებს კარგი ცხოვრება უყვართ, მაგრამ მოსამართლეების რთული გადაწყვეტილებების გარეშე რწმენა ვერ იქნება მიღწეული. ამ რწმენის მისაღწევად ჩვენ, ამერიკელებს რევოლუცია დაგვჭირდა. ცხადია, ამას არ გირჩევთ.

  • მანამდე მოქალაქეებმა უნდა შეძლონ საკუთარი მოსაზრებების გამოხატვა. საინტერესოა, როგორ უყურებთ მოსამართლის როლს გამოხატვის თავისუფლების დაცვის პრაქტიკის დადგენაში? მაგალითად, მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ, რომელსაც თქვენ უკვე შეხვდით, დააჯარიმა მოქალაქე სუს-ის შენობის წინ მუსიკის ჩართვისთვის, ასევე ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა ორ აქტივისტს, რომელიც პოლიციის მოთხოვნას არ ემორჩილებოდა და არ დატოვა აქცია. 

ამ კონკრეტულ საქმეს არ ვიცნობ, არ ვიცნობ მტკიცებულებებს, თუმცა გეტყვით იმას, რომ გამოხატვის თავისუფლება არის ყველაზე მნიშვნელოვანი თავისუფლება.

ამერიკის კონსტიტუციის პირველი დამატება ეხებოდა გამოხატვის თავისუფლებას. შესაბამისად, ამერიკის კონგრესს არ შეუძლია მიიღოს რაიმე კანონი, რომელიც შელახავს გამოხატვის და პრესის თავისუფლებას. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი თავისუფლება. თუ არ გვაქვს გამოხატვის და პრესის თავისუფლება, ვერცერთ სხვა თავისუფლებას ვერ დავიცავთ. თუ ადამიანს არ აქვს საშუალება, რომ გამოთქვას თავისი აზრები, იჩივლოს იმაზე, თუ როგორ იქცევა თავისი მთავრობა, როგორ შეიძლება გამოიწვიო ცვლილებები…

ადამიანებს არ მოსწონთ ხშირად ის, რასაც ამბობენ სხვები, მაგრამ ნებისმიერ ადამიანს უნდა ჰქონდეს იმის საშუალება, რომ თქვას ის, რასაც ფიქრობს, გამოხატოს თავისი აზრი. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა გამოთქვან აზრი, წუხილი.

1760 წელს იყო საქმე, სადაც ჟურნალისტი პიტერ ზინგერი წერდა სტატიებს, რომელიც არ მოსწონდა ბრიტანეთის მთავრობას, ადგილობრივ გუბერნატორს და ჩასვეს ციხეში. მის სასამართლო პროცესზე, რომელიც ნაფიცი მსაჯულების მიერ ხორციელდებოდა, ადვოკატმა ჰამილტონმა უთხრა ნაფიც მსაჯულებს: თქვენ არ ხართ ვალდებული ამას დაემორჩილოთ, მოიქცეთ იმის მიხედვით, რასაც კანონი ამბობს, თქვენ თავად შეგიძლიათ გადაწყვიტოთ, არის თუ არა ეს ადამიანი დამნაშავე. მართლაც, მსაჯულებმა გადაწყვიტეს, რომ ზინგერი დამნაშავე არ იყო. ეს არის ამერიკის ტრადიციაც – გამოხატვის და პრესის თავისუფლების დაცვა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დემოკრატიისთვის.

  • ეს გულისხმობს მოსამართლისგან გამოხატვის თავისუფლების იდეის აქტიურ მხარდაჭერას? მაგალითად, მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ დააჯარიმა აქციის მონაწილე ოპოზიციონერი დეპუტატები და საკრებულოს წევრები იმის გამო, რომ მათ ღამითაც გაშლილი ჰქონდათ კარვები აჭარის მთავრობის სახლის წინ. შსს-ს არგუმენტი გაიზიარა მოსამართლემ, რომ ქუჩის კარვებით გადაკეტვისთვის არ იყო საკმარისი ხალხის რაოდენობა.

მახსენდება 1960-იანი წლები, როცა მარტინ ლუთერ კინგმა და ჯონ კონვერსმა მოაწყვეს მარში ხიდზე, რომელზეც მოძრაობა დაბლოკილი იყო. იქ ბევრ ხალხს სცემეს და ამან ისეთი მრისხანება გამოიწვია, რომ საბოლოოდ მიიღეს სამოქალაქო უფლებების დაცვის აქტი და შავკანიანებმა მიიღეს უფლებები, რომელიც 200 წლის წინ ამერიკის კონსტიტუციის საფუძველზე უნდა მიეღოთ. მოსახლეობამ აქციის მონაწილეების მიმართ ამგვარი მოპყრობა აღიქვა, როგორც ძალადობა, რაც ფუნდამენტურად მიუღებელია. ეს არის მაგალითი იმის, რომ როცა უწევ წინააღმდეგობას გამოხატვის თავისუფლებას, გამოიწვევ მეტ წინააღმდეგობას.

კიდევ ერთი მაგალითის შესახებ მინდა გითხრათ: ამერიკაში ვიეტნამის ომი იყო ძალიან არაპოპულარული, მაგრამ ამის მიუხედავად მთავრობა მაინც განაგრძობდა ინვესტირებას საომარი მოქმედებების გაფართოების კუთხით. მთელ ამერიკაში სტუდენტებმა დაიწყეს კამპუსებში პროტესტის გამოხატვა, მე უკვე მოხდილი მქონდა ამ დროს სამხედრო სამსახური და არ მომიწევდა ომში წასვლა, მაგრამ აქტიურად ვმონაწილეობდი ამ გამოსვლებში. სტუდენტები ტოვებდნენ კლასებს მასობრივად. ამერიკა იძულებული გახდა, შეეწყვიტა ომი და ეს იყო სახალხო პროტესტის შედეგი.

  • მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ დისკრიმინაცია დაადგინა მუსლიმების პანსიონის საქმეზე 2016 წელს, მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ კი, 2019 წელს დაადგინა, რომ დისკრიმინაციული იყო ბათუმის მერიის მიდგომა ახალი მეჩეთის აგებაზე, მაგრამ არცერთი ეს გადაწყვეტილება არ აღსრულებულა. ეს რას აჩვენებს, თქვენი აზრით? 

როცა მე, მოსამართლე ვიღებ გადაწყვეტილებას, მე ვარ პოლიციაც ამ საქმეში, ანუ როცა ვუბრძანე რაიონის აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოებს, აღედგინათ სასამართლოს ძველი შენობა, შესაძლოა, მათ ეთქვათ, არ გვაინტერესებს რა თქვა მოსამართლემ, მაგრამ ისინი ასე ვერ მოიქცევიან, რადგან ამერიკელი ხალხის მხარდაჭერა გამორიცხავს ასეთ მიდგომას – შესაძლოა, არ მოგვწონდეს მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მაგრამ მას ვასრულებთ ყველა იმიტომ, რომ ის მოსამართლემ მიიღო.

ცხადია, ეს მიდგომა გამომდინარეობს ხალხის რწმენიდან, რომ მოსამართლეები არიან დამოუკიდებლები, ისინი არ არიან მიკერძოებული რომელიმე მხარის სასარგებლოდ, ან საზიანოდ. შესაბამისად, ხალხიც მონდომებულია, რომ აღსრულდეს მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

მაგალითად, როცა ოჯახში ძალადობის საქმეში მოსამართლე ამბობს, რომ ვიღაც უნდა წავიდეს სახლიდან დროებით, მოსამართლე ვერ დადგება ამ ოჯახში, რომ შეამოწმოს, როგორ სრულდება მისი გადაწყვეტილება, მაგრამ იქ მიდის პოლიცია და ასეც რომ არ იყო, მეზობლები მოითხოვენ ამას, რომ მოსამართლემ ასე გადაწყვიტა, ესე იგი, ასეა სწორიო.

ამერიკელი მოსამართლე ჯეიმს რედვაინი ბათუმის საქალაქო სასამართლოში სხდომებს აკვირდება

თქვენ რაც ახსენეთ, ასე რომ არ მოხდეს, საჭიროა მოსამართლეს ჰქონდეს მხარდაჭერა, რაც მოდის იქიდან, რაზეც ვისაუბრეთ – დამოუკიდებლობა. როცა ადამიანებს ექნებათ რწმენა, რომ მოსამართლეები არიან დამოუკიდებლები, ხალხი მონდომებულია და, შესაბამისად, აღმასრულებელი ორგანოც, რომ შესრულდეს სასამართლოს გადაწყვეტილებები, ამ შემთხვევაში აშენდება მეჩეთიც. თუ ეს რწმენა არ იქნება, არ აშენდება არც მეჩეთი და არც არაფერი მოხდება.

  • გეტყოდნენ მოსამართლეები, რომ ძალიან ბევრი საქმე აწერიათ. მოქალაქეებს აწუხებთ საქმეების გაჭიანურება, მათ შორის, საზოგადოებისთვის და კანონის უზენაესობის პრინციპისთვის მნიშვნელოვან საქმეებსაც კი, სასამართლო დროულად ვერ განიხილავს. 

დიახ, ამის შესახებ ინფორმირებული ვარ. ვიცი, რომ ყველა მოსამართლე გადატვირთულია და ათასობით საქმე აქვთ. გაჭიანურების პრობლემა რომ მოგვარდეს, ერთია კლასიკური „მოთხოვნა მიწოდების“ წესის დაცვა, ანუ მოსამართლეების რაოდენობა გაიზარდოს, მეორეა სასამართლო საქმეების შემცირება. ამოსავალი არის ის, რომ დღე, როცა საქმე შედის სასამართლოში და დღე, როცა გადაწყვეტილებას იღებს მოსამართლე, როგორმე ერთმანეთს დააახლოვო. თითოეული მოსამართლის უპირველესი ამოცანაა, გადაწყვიტოს კონფლიქტი. როცა ადამიანები გამოქვაბულში ცხოვრობდნენ, მაშინაც ერთ კაცს როცა ჰქონდა კონფლიქტი მეორესთან, მიდიოდნენ მესამე კაცთან, რომ გადაეწყვიტათ ეს კონფლიქტი. ეს არის მოსამართლის საქმე დღესაც.

მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანია სხვაობა, რაც გვაქვს ამერიკელ მოსამართლეებს ყველა სხვა ქვეყნის მოსამართლეებისგან განსხვავებით, ვისთანაც მე კავშირი მქონია, არის ეს – თუ ამერიკელ მოსამართლეს მიაჩნია, რომ რაღაც სწორია, ის ამას გააკეთებს, მიუხედავად იმისა, რომ ამის წერილობითი მითითება კანონში შესაძლოა არ ჰქონდეს. სხვა ქვეყნის მოსამართლეებს კი, აქვთ ხედვა, რომ თუ პირდაპირ წერილობითი უფლებამოსილება არ აქვთ, ეს არ უნდა გააკეთონ. ამერიკელი მოსამართლე, თუ სპეციფიკურად არ აქვს რაღაც კონკრეტული აკრძალული, ის ამას გააკეთებს.

მე, პირადად, ასეთი სისტემა შევქმენი ჩემს სასამართლოში და ბევრი სხვაც იყენებს: როგორც კი შემოდის საქმე სასამართლოში, მაშინვე გამოვცემ სავალდებულო ძალის მქონე ბრძანებას, რომ მხარეები ჩემს გარეშე შეხვდნენ ერთმანეთს. როგორც წესი, ამ შეხვედრის შემდეგ დაახლოებით 95 პროცენტი წყვეტს დავას.

სხვა საქმეებზე კი, თუკი მედიაცია ვერ იღებს შედეგს, წინასასამართლო ეტაპზე მხარეებს ვეკითხები: რა არის თქვენი პრობლემა? როგორც წესი, ამ კითხვაზე მხარეებს პოზიციების ჩამოყალიბება უჭირთ. ვეუბნები, რომ აი, გვერდით ოთახია, სივრცე, სადაც შეგიძლიათ დასხდეთ ერთმანეთის პირისპირ და დაილაპარაკოთ. როცა ისინი სხდებიან, ისინი ხშირად წყვეტენ ამ დავას, დაახლოებით 98 პროცენტი დავებისა ასე წყდება და სრულდება მორიგებით, რადგან როცა მხარეები ერთმანეთს უპირისპირდებიან, მათ ერთმანეთთან დალაპარაკება უჭირთ. ამ მიდგომით, რჩება მოსამართლეს დრო მნიშვნელოვანი საქმეებისთვის.

ცხადია, სისხლის სამართლის საქმეები ასე ვერ დასრულდება, როცა ადამიანს ედავები დანაშაულს ჩადენას, არ გვინდა, რომ ის პროკურორს მოურიგდეს და ასე შეწყდეს საქმის განხილვა. სისხლის სამართლის საქმეები უნდა განიხილოს სასამართლომ.

შესაბამისად, საქართველოშიც მოსამართლეებმა უნდა წაახალისონ მხარეები შეხვდნენ ერთმანეთს, ეს მათ შეუძლიათ გააკეთონ ხვალვე.

  • რა რესურსს ხედავთ მართლმსაჯულების გაძლიერებისთვის საქართველოში, პროცესებს რასაც ესწრებით და მოსამართლეებს ესაუბრებით, რა შთაბეჭდილება შეგექმნათ? 

ყველაზე პოზიტიური ალბათ არის ის, რომ ყველა მოსამართლეს, ვისაც მე შევხვდი, სურს, რომ იყოს დამოუკიდებელი, პატივს სცემდნენ. ყველა მოსამართლე, რომელსაც შევხდი, ძალიან გახარებულია იმით, რომ ამერიკელი მოსამართლეები ჩართული ვართ პროცესში, ისინი გახსნილები არიან ჩვენს მიმართ.

ყველაზე მნიშვნელოვანია, საზოგადოება უჭერდეს მხარს მოსამართლეს, რადგან როცა მოსამართლეებს ექნებათ საზოგადოების მხარდაჭერა, ისინი აღარ იქნებიან შეშინებული მოსამართლეები. შეშინებული მოსამართლე ცუდი მოსამართლეა. მოსამართლეები უნდა იყვნენ თავდაჯერებული და გრძნობდნენ საზოგადოების მხარდაჭერას.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: