მთავარი,სიახლეები

„მეშინია, გზაში ან უნივერსიტეტში არ ჩამეძინოს“ – სტუდენტები, რომლებიც ღამის ცვლაში მუშაობენ

17.06.2022 • 5161
„მეშინია, გზაში ან უნივერსიტეტში არ ჩამეძინოს“ – სტუდენტები, რომლებიც ღამის ცვლაში მუშაობენ

საქართველოში არაერთი სტუდენტი მუშაობს ღამის ცვლაში. დღისით ისინი სწავლობენ, ღამით კი მუშაობენ, რომ სწავლის ან ყოველდღიური ცხოვრების ხარჯები დაფარონ.

ამჯერად ორ ბათუმელ სტუდენტზე – მირანდასა და რამაზზე გიამბობთ. მათი სამსახური ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება, თუმცა ორივე ღამის ცვლაში მუშაობს და იციან, რას ნიშნავს მუდამ გეძინებოდეს.

  • რამდენჯერმე უნივერსიტეტში ჩამეძინა. ყოფილა შემთხვევა, როცა მთელი დღ თვალს ვერ ვახელდი

20 წლის მირანდა ლომინაძე ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქტომბრიდანაა. მირანდა ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტია. ის დაწყებით განათლებას სწავლობს.

მირანდა ლომინაძე

მერვე თვეა მირანდა მაღაზიათა ქსელ „ნაზილბეში“ ღამის ცვლის კონსულტანტად მუშაობს ორ დღეში ერთხელ. მისი სამუშაო გრაფიკი 12-საათიანია, სამსახურს საღამოს ცხრა საათზე იწყებს და დილის ცხრა საათამდე მუშაობს.

ეს მირანდას პირველი სამსახურია. მან სამსახურის ძებნა მაშინვე დაიწყო, როცა ბათუმში გადმოვიდა საცხოვრებლად. ბათუმში ნათესავთან ცხოვრობს, მაგრამ სხვა, ყველა საჭირო ხარჯის დაფარვა თავად სურდა. მირანდას სამი დედმამიშვილი ჰყავს და როგორც გვითხრა, მისი ოჯახის ერთადერთი შემოსავლის წყარო ბებიის პენსიაა.

მირანდა იხსენებს, რომ მუშაობის დაწყება არ იყო რთული. განცხადება შენობაზე ნახა გაკრული და სტაჟირების პერიოდიც მარტივად გაიარა. მისი ხელფასი 400-450 ლარია.

„თავიდან არ მიჭირდა მუშაობა, მერე უფრო გამიჭირდა. ღამისთევა სტრესული აღმოჩნდა. უფრო და უფრო გაკლდება ძილი. სამსახურის შემდეგ სემინარები გაქვს, სადაც აუცილებლად უნდა წახვიდე და გამოძინებას ვერ ახერხებ.

ბათუმში საცხოვრებლად გადმოსვლა ჩემთვის ცხოვრების ახალი ეტაპი და საკმაოდ რთული პერიოდი იყო. ხარჯები მქონდა, რაც აუცილებლად მე უნდა დამეფარა. ფული მჭირდებოდა და მერჩივნა, თვითონ გამომემუშავებინა ეს თანხა, ვიდრე მუდმივად სხვისთვის მეთხოვა, ამიტომ ეს სამსახური ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის.

ადვილად ავითვისე ეს საქმე. მეტ-ნაკლებად მოვახერხე ამ სამსახურთან დაკავშირებული სირთულეების გადაჭრაც, მაგრამ საბოლოოდ მიმაჩნია, რომ სჯობს რამდენიმე სემინარი, რომელთა გაცდენაც პრობლემას არ შეგიქმნის, გააცდინო და იმუშაო დღის ცვლაში, არ მოიკლო ძილი, ვიდრე ღამის ცვლაში იყო და მერე მთელი დღე თავისუფალი გქონდეს. აზრი არ აქვს ამ თავისუფალი დროის ქონას. დილით დგები და მთელი დღე მძინარე დადიხარ.

ყოფილა შემთხვევა, როცა მთელი დღის მანძილზე თვალს ვერ ვახელდი, ისე ცუდად ვიყავი. როდესაც ცვლიდან უნივერსიტეტში მიდიხარ, გამოდის, რომ მთელი 24 ან 48 საათი უძინარი ხარ. ეს ძალიან რთულია“, – გვითხრა მირანდამ.

ბსუ-ში გაზაფხულის სემესტრი ჰიბრიდული სწავლებით განახლდა. ახლა მირანდას ყველა სემინარი უნივერსიტეტში უტარდება. გვიყვება, რომ პირველ სემესტრში, რადგან ნაკლებად იყო უნივერსიტეტში დატვირთული და ხშირად მისვლა არ უწევდა, გამოძინებასაც ახერხებდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ყველა სემინარი უნივერსიტეტში უტარდება, უფრო ნაკლები დრო რჩება დასვენებისთვის და ღამის ცვლა მისთვის კიდევ უფრო სტრესული გახდა.

მას რამდენჯერმე სემინარების გაცდენაც მოუხდა გადაღლილობის გამო.

„ლექციები ონლაინ მაქვს და ხშირად ვერ ვესწრები უძილობის გამო. როდესაც სემინარები მაქვს, ცვლიდან გამოსული პირდაპირ უნივერსიტეტში მივდივარ და საღამომდე უნივერსიტეტში ვარ.

რამდენჯერმე უნივერსიტეტში ჩამეძინა, რამდენიმე წუთით.

უძილობას ლექტორები და კურსელები მამჩნევენ. ლექტორებმა იციან, სადაც ვმუშაობ და ძირითადად, ეს მათთვის პრობლემას არ წარმოადგენს“, – ამბობს მირანდა.

მან გვითხრა, რომ მიუხედავად სტრესისა, კონსულტანტად მუშაობა მას დაეხმარა უფრო მეტად კომუნიკაბელური გამხდარიყო.

„მთავარი სირთულე ის არის, რომ მთელი დღე რაღაც სხვა საქმით ხარ დაკავებული, იღლები და როცა სახლში უნდა მიხვიდე და დაიძინო, ამ დროს სამსახურში ხარ წასასვლელი“.

მისი თქმით, ანაზღაურება, რომელიც მას აქვს, მის შრომას არ შეესაბამება – „როცა ღამის ცვლაში მუშაობ, არ აქვს მნიშვნელობა რას აკეთებ, ყველაზე რთული მაინც ღამის გათევაა“.

ახლა მირანდა სამსახურის შეცვლაზე ფიქრობს და უკვე დაიწყო სხვა სამსახურის ძებნა, სადაც მოქნილი გრაფიკი ექნება. თუმცა ფიქრობს, რომ ძალიან რთულია ისეთი სამსახურის პოვნა, უნივერსიტეტის და სამსახურის გრაფიკი რომ სრულად თავსებადი იყოს ერთმანეთთან.

მირანდა ცდილობს, რომ თავისი ხელფასით დაფაროს საკუთარი ხარჯები და ზედმეტად ფული არაფერში არ დახარჯოს. იგი სწავლაში ფულს არ იხდის. ამბობს, რომ მისი ძირითადი ხარჯი ქსეროქსის გაკეთებაა.

„მნიშვნელოვანია, სწორად განსაზღვრო, რაში რამდენ თანხას დახარჯავ“ – ამბობს მირანდა.

  • როცა ავტობუსში ან ტაქსიში ვზივარ, მეშინია, სახლს არ გავცდე, არ ჩამეძინოს

24 წლის რამაზ ბოლქვაძე ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის  მე-4 კურსის ნავიგაციის ფაკულტეტის სტუდენტია. რამაზი შუახევიდანაა.

რამაზ ბოლქვაძე

აკადემიაში რამაზის სწავლის წლიური გადასახადი 2250  ლარია. იგი გვიყვება, რომ სულ ცდილობდა სწავლის ფული თავად, მშობლების დახმარების გარეშე შეეგროვებინა, ამიტომ ხან სეზონურად მუშაობდა, ხანაც სასტუმროში ბელბოი იყო.

უკვე 2 თვეზე მეტია, რაც რამაზმა ისევ ბელბოიდ დაიწყო მუშაობა ბათუმში, სასტუმროში. მისი მოვალეობა სტუმრების დახვედრა და მათი ნომრებამდე მიცილებაა.

რამაზის სამუშაო გრაფიკი მოძრავია. იგი დღისითაც მუშაობს და ასევე, ღამის ცვლაში – კვირაში 2-ჯერ.

„ყოველ ღამე არ მიწევს ღამისთევა, მაგრამ მაინც ძალიან მიჭირს.

რთულია, როცა პარალელურად სწავლობ. მაშინ, როცა ღამის ცვლაში ვარ, სამსახურს დილის რვა საათისთვის ვასრულებ, უნივერსიტეტში სწავლა კი 9-10 საათზე მეწყება.

გადაბმულად, გამოუძინებელს მიწევს, რომ  სამსახურიდან გამოვიდე და პირდაპირ აკადემიაში წავიდე.

ბევრჯერ წამოვსულვარ აკადემიიდან, როცა უკვე ძალიან მეძინებოდა. მორალი არ გაძლევს იმის საშუალებას, რომ ლექტორის თანდასწრებით დაიძინო.

შესაძლოა შაბათ-კვირა დაემთხვეს და სწავლა არც მქონდეს, მაგრამ აი, როცა ავტობუსში ან ტაქსიში ვზივარ, მეშინია, სახლს არ გავცდე, არ ჩამეძინოს, რადგან იღლები ადამიანი. თანაც, სამსახურში თვალის მოხუჭვის უფლება წამითაც არ გაქვს“, – გვითხრა რამაზმა.

მისი თქმით, ბევრი სტუდენტი მუშაობს ღამის ცვლაში.

სამსახურის პოვნისთვის რამდენიმე თვე დასჭირდა. სანამ სასტუმროში დაიწყებდა მუშაობას, იქამდე რამდენიმე გასაუბრება სხვაგანაც გაიარა, თუმცა ყველგან სრულ განაკვეთზე ეძებდნენ თანამშრომელს.

„კიდევ რამდენიმე ვარიანტია, მაგალითად, მიტანის სერვისი, სადაც ბევრი სტუდენტი მუშაობს, მაგრამ მე ეს უსაფრთხო საქმე არ მგონია, მძღოლების მოძრაობა ქაოსურია,“  – ამბობს რამაზი.

იგი ამბობს, რომ ლექციების გაცდენა დაღლილობის გამო  ხშირად უწევს.

„როცა ახალდაწყებული მქონდა სამსახური, ვცდილობდი,  მაქსიმალურად დავსწრებოდი ონლაინ ლექციებს თუ პრაქტიკულებს აკადემიაში. დროთა განმავლობაში უფრო და უფრო გადავიღალე.

მოძრავი გრაფიკით სამსახური ძალიან დამღლელია. წარმოიდგინეთ, დღეს თუ შემიძლია ღამე დავიძინო, რამდენიმე დღეში ღამით ვერ დავიძინებ. ძილის საათების გამო მეც ავირიე.

რვა საათი, რაც ჩემი გონებისთვის და ორგანიზმისთვისაა საჭირო, ვეღარ მძინავს“ – გვითხრა მან.

რამაზი ამბობს, რომ როცა უძინარია, ამას ლექტორებიც ამჩნევენ და გაგებით ეკიდებიან.

„არ მახსენდება შემთხვევა უკმეხად ეთქვათ ჩემთვის ლექტორებს, თუ გინდა სწავლა, უნდა ისწავლო და თავი დაანებო სამსახურსო“.

როცა ღამის ცვლიდან გამოდის და პრაქტიკული მეცადინეობა აქვს, რამაზი პირდაპირ აკადემიაში მიდის, რადგან იცის, რომ თუ ცოტა ხნით დაძინებას გადაწყვეტს, ვეღარ გაიღვიძებს.

მისი თქმით, მის აკადემიურ მოსწრებაზე სამსახურმა იმოქმედა:

„იყო შემთხვევა, როცა შუალედური გამოცდა მქონდა ზეპირი გამოკითხვის სახით ერთ-ერთ, ყველაზე მნიშვნელოვან საგანში. გამოცდამდე ძალიან დიდი მონდომებით ვემზადებოდი. თავგადაკლული ვმეცადინეობდი, მაგრამ რომ გავედი გამოცდაზე, ვერ მივიღე ის ნიშანი, რომელიც მინდოდა. ეს იმიტომ, რომ ღამის ცვლიდან ახალი გამოსული და დაღლილი ვიყავი“, – გვითხრა მან.

რამაზს ფიქსირებული ხელფასი 500 ლარი აქვს. დამატებით, სასტუმროს მომხმარებლებისგან იღებს ჩაისაც და ახერხებს, რომ ყოველთვიურად, ნაწილ-ნაწილ გადაიხადოს სწავლის საფასური.

რამაზის აზრით, ქვეყანაში არსებული ინფლაციის მაღალი დონის ფონზე ანაზღაურება, რომელიც აქვს, მის შრომას არ შეესაბამება.

„მძიმე ჩანთების აწევა და გადატანა გიწევს. დღის განმავლობაში შესაძლოა ეს მოხდეს ძალიან ბევრჯერ. შეიძლება 50-ჯერ, 70-ჯერ“.

მას შემდეგ, რაც რამაზმა სასტუმროში დაიწყო მუშაობა, სხვაგან სამსახურის მოძებნა არ უცდია. მისი აზრით, საქართველოში დასაქმების ბაზარი სტუდენტებისთვის მრავალფეროვნებით არ გამოირჩევა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: