უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საქართველოში უკრაინის ელჩის დანიშვნაზე და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე ისაუბრა ეროვნული ტელემარათონის ეთერში – ინფორმაციას და კულებას ციტატას აღნიშნულ თემაზე უკრაინული გამოცემა 24tv.ua ავრცელებს.
კულებას თქმით, საქართველოში უკრაინის ელჩის დანიშვნის პროცესი უკვე დასკვნით ეტაპზეა, თუმცა როდის წავა დიპლომატი საქართველოში, ეს უკვე პოლიტიკური საკითხია.
გამოცემა წერს, რომ კულებას თქმით, კიევი თბილისთან მჭიდრო დიპლომატიური კავშირების დამყარებას ცდილობს.
„ჩვენ არაფერი გაგვიკეთებია. თითი არ გაგვიქანებია საქართველოსთან ურთიერთობის გასაფუჭებლად. პირიქით, ჩვენ ბევრი ინვესტიცია ჩავდეთ, რომ ჩვენი ურთიერთობები განვითარებულიყო“, – განაცხადა კულებამ.
თუმცა მან დასძინა, რომ მიუხედავად იმისა, ქართველი და უკრაინელი ხალხების ურთიერთობა მეგობრულია, იმავეს ვერ იტყვის საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობაზე. ამის მიზეზი კი მიხეილ სააკაშვილის საქმეა, რომელსაც, როგორც კულება ამბობს, „უბრალოდ კლავენ“.
კულებამ თქვა, რომ დაიცავს სააკაშვილის, ისევე როგორც სხვა ადამიანების უფლებებს, რომელთაც უკრაინული პასპორტი აქვთ.
„საქართველოს ხელისუფლება ნელ-ნელა კლავს უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს. მასზე, როგორც პოლიტიკოსზე, შეუძლიათ იფიქრონ რაც უნდათ, მაგრამ ჩემთვის, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელისთვის, ის უკრაინის მოქალაქეა. მე ვიბრძოლებ მისთვის“, – განაცხადა კულებამ.
მან ასევე აღნიშნა, რომ არის კითხვები და პრობლემები საქართველოს ხელისუფლებასა და რუსეთს შორის ურთიერთობასთან დაკავშირებით, თუმცა კიევს აქვს საკმარისი ურთიერთობა თბილისთან, რათა შეინარჩუნოს კონტაქტი და შეეცადოს ამ პრობლემების მოგვარებას.
გაერთიანებული სამეფოს დაზვერვა 28 თებერვლის ანგარიშში ბელარუსში, მაჩულიშჩუს ბაზაზე, რუსული საჰაერო სისტემების დაზიანების შესახებ გავრცელებულ ცნობებს მიმოიხილავს.
როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, 2023 წლის 19 იანვარს, მოყვარულმა დამკვირვებლებმა ბელარუსში, მაჩულიშჩუს საჰაერო ბაზიდან ორ მოიერიშე МиГ 31-თან ერთად აფრენილი რუსული საჰაერო-სადესანტო ადრეული შეტყობინების სისტემა A 50 დააფიქსირეს. უწყების ცნობით, ისინი მონაწილეობდნენ რუსულ-ბელარუსულ საჰაერო წვრთნებში, რომელიც 2023 წლის 16 იანვრიდან პირველ თებერვლამდე მიმდინარეობდა.
ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, 2023 წლის 26 თებერვალს ბელარუსულმა პარტიზანულმა ჯგუფმა BYPOL-მა და ქვეყნიდან გაძევებულმა ოპოზიციონერმა ლიდერებმა განაცხადეს, რომ მაჩულიშჩუს საჰაერო ბაზაზე განთავსებული A 50 დრონის თავდასხმის შედეგად სერიოზულად დაზიანდა.
BYPOL ავრცელებს ცნობას ორი აფეთქებისა და A 50-ის წინა და შუა სექციების, ასევე რადარის ანტენის დაზიანების შესახებ.
A 50 რუსული საჰაერო-სადესანტო ადრეული შეტყობინებისა და კონტროლის პლატფორმაა. მისი როლია აღქმადი საჰაერო სურათის შექმნა და მიმდებარე მოიერიშე თვითმფრინავების კოორდინაციის უზრუნველყოფა.
როგორც ბრიტანელი დაზვერვის ანალიტიკოსები წერენ, მომხდარზე პასუხისმგებელი პირის ვინაობა და ზიანი ოფიციალურად არ არის დადასტურებული. თუმცა, ანალიტიკოსთა შეფასებით, განადგურებული A 50-ი რუსებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დანაკარგი იქნება, რადგან რუსული საჰაერო ოპერაციების დროს იგი გადამწყვეტ როლს ასრულებს, საჰაერო ბრძოლის ველის სურათის შესაქმნელად.
ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, თუ დადასტურდება A 50-ის დაზიანების შესახებ ინფორმაცია, მაშინ რუსეთს სისტემაში ექვსი მოქმედ A 50 დარჩება. „ეს კიდევ უფრო შეზღუდავს რუსეთის საჰაერო ოპერაციებს“, – ვკითხულობთ, გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის 28 თებერვლის ანგარიშში.
27 თებერვალს თურქეთში, მალათიას პროვინციაში, მომხდარი 5,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და 140 დაშავდა – ამის შესახებ დღეს, 28 თებერვალს, თურქეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა განაცხადა.
მალათიაში მიწისძვრის შედეგად დანგრეული შენობების ნანგრევებიდან გუშინ 32 ადამიანი გამოიყვანეს.
მიწისძვრის შედეგად 31 შენობა დაინგრა.
თებერვალში თურქეთში მიწისძვრას უდიდესი მსხვერპლი მოჰყვა. 6 თებერვალს 7,7 და 7,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ 44 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, 20 თებერვალს მომხდარმა მიწისძვრამ კი – 3 ადამიანი.
შს სამინისტროს ცნობით, გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის ბრალდებით 8 პირი დააკავეს, მათ შორის ორი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელია.
შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, სპეციალურად დამონტაჟებული სატუმბის – ე.წ. პომპის მეშვეობით, თბილისში, რკინიგზის მახარისხებელ სავაგონო პარკში არსებული ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილი ვაგონ-ცისტერნიდან დიდი ოდენობით საწვავს იპარავდნენ.
„სამართალდამცველებმა, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს ვაგონ-ცისტერნიდან მოპარული დაახლოებით ტონა-ნახევარი საწვავი, რომელიც მოთავსებული იყო 87 ცალ 20-ლიტრიან ბიდონში. ასევე ამოღებულია 127 ცარიელი 20-ლიტრიანი ბიდონი.
წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს“ – იუწყება შსს.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბათუმის ბიუჯეტიდან 2 მილიონ 30 ათასი ლარია გამოყოფილი მრავალსართულიანი სახლების ეზოებისთვის ატრაქციონების შეძენა-მონტაჟისა და სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის.
მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ უკვე გამოაცხადა.
წინადადებების მიღება 2023 წლის 22 მარტს დაიწყება და 27 მარტს დასრულდება. პირობის მიხედვით, საქონლის მიწოდება და მომსახურების გაწევა 2023 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში უნდა განხორციელდეს.
მისამართები ბათუმში, სადაც ატრაქციენების მონტაჟი/რეაბილიტაციაა დაგეგმილი [თითოეულ მისამართზე სამუშაოების მაქსიმალური ღირებულების მითითებით]:
მისამართი
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო ღირებულება[ლარი]
ხალვაშის 320
31234.72
აბუსერიძის 16
39758.46
ქათამაძის 40
76684.88
ქათამაძის 44
40437.5
ჰ. აბაშიძის/პ. ჩაიკოვსკის 72-40
37740.25
ჯავახიშვილის 65
90935.55
ჯავახიშვილის 69
33728.16
ნობელების 44 (ახ. ძმ. ნობელების 16)
37038.76
პუშკინის 133
42582.02
ლერმონტოვის 127 (ძვ. 107კ)
28915.65
ჯავახიშვილის 71
35442.71
აბუსერიძის 6 (3/9)
27186.95
ლერმონტოვის 98
47140.87
შ. ხიმშიაშვილის 21
56237
ჩხაიძის 6
44791.26
გორგილაძის 54/62
42660.3
გოგოლიშვილის 1
58546.04
ვაჟა ფშაველას 17
42848.53
ჭავჭავაძის 78/88
171280.75
ლეონიძის 4ე
41577.87
გენ. გ. კვინიტაძის 20
33185.44
აეროპორტის 238
35797.62
ტაბიძის 40 (ძვ. 8)
38447.75
აღმაშენებლის 18ვ
30432.2
ნონეშვილის 48
35086.96
თამარ მეფის გამზ. 54
40188.52
ზედაღელეს 6
90315.67
ლერმონტოვის 92
41888.3
26 მაისის 50
29821.28
ლუკა ასათიანის 2/27
74564.99
რურუას 11
39420.22
ინასარიძის 24
106044.58
ვალენბერგის 4
128648.52
გუდიაშვილის 16
78288.56
ლერმონტოვის 1/9
28150.48
გორგილაძის 40
56594.36
ნიჟარაძის 2ა
86598.97
ლერმონტოვის 96
29757.35
სულ:
2,030,000.00
ტენდერის პირობის მიხედვით:
„გაუთვალისწინებელი სამუშაოების თანხის გამოყენება მოხდება მხოლოდ შემსყიდველი ორგანიზაციის ნებართვით, მისივე ინიციატივით და/ან მიმწოდებლის მიერ დასაბუთებული და არგუმენტირებული წინადადებების განხილვისა და შეთანხმების საფუძველზე შემსყიდველი ორგანიზაციის სათანადო გადაწყვეტილებების მიღების შემდეგ.
მისამართების მიხედვით ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს საპროექტო ღირებულებას“.
ამასთან, საგარანტიო ვადა შეადგენს: კაუჩუკის საფარი – სამუშაოების დასრულებიდან 24 თვე; საბავშვო ატრაქციონი – 12 თვე; საქანელა-12 თვე.
„საგარანტიო პერიოდის განმავლობაში ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის მიერ დადგენილ ვადაში მოახდინოს გამოვლენილი ხარვეზის აღმოფხვა ისე, რომ შესრულებული სამუშაოები სრულ შესაბამისობაში იყოს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან.“ – აღნიშნულია სატენდერო მოთხოვნაში.
ატრაქციონებთან უნდა განთავსდეს სკამები და სანაგვე ურნებიც.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 28 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 149 240 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში + 550]
ტანკი – 3 388 ერთეული [+3]
ჯავშანტექნიკა – 6 630 ერთეული [+9]
საარტილერიო სისტემა – 2 383 ერთეული [+3]
MLRS – 478 ერთეული [+3]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 247 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 300 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 288 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 2 051 ერთეული [+3]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 873 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 5 252 ერთეული [+4]
სპეცტექნიკა – 230 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 28 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
390 თვითმფრინავი
211 ვერტმფრენი
3 256 უპილოტო საფრენი აპარატი
406 საზენიტო სარაკეტო სისტემა
8 066 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 045 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
4 232 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
8 583 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
„ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ „ოცნების ავტომობილის” ხატვის კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვა. გლობალურ კონკურსში დასავლეთ საქართველოდან 16 წლამდე ასაკის 100-ზე მეტი ბავშვი ჩაერთო და მათ შორის საუკეთესოები სამ ასაკობრივ კატეგორიაში გამოვლინდნენ. „ტოიოტა ცენტრი ბათუმის“ შოურუმში გამართულ დაჯილდოებაზე 9 გამარჯვებული დასახელდა, რომელთა ნამუშევრებს ახლა უკვე საერთაშორისო კონკურსზე, იაპონიაში შეაფასებენ.
ადგილობრივი კონკურსის გამარჯვებულები 12-15 წლის ასაკობრივი კატეგორიიდან არიან ელიზა სამუილოვა, ქეთევან ძოძუაშვილი და სალომე ჯავახიშვილი; 8-11 წლის ასაკობრივი კატეგორიიდან – ელენე ზარია, ელენე ჯანაშია და გიორგი გელაშვილი; ხოლო 7 წლამდე ასაკობრივი კატეგორიიდან – ათუკა შაშიკაძე, მელისა ბოლქვაძე და სესილი ზაქარაძე.
გლობალურ კონკურსში „ტოიოტა ცენტრი ბათუმი“ წელს პირველად ჩაერთო და ბავშვებს საკუთარი თავის გამოხატვისა და მსოფლიოსთვის თავიანთი „ოცნების ავტომობილის“ გაზიარების შესაძლებლობა მისცა.
პაატა დუმბაძე, „ტოიოტა ცენტრი ბათუმის“ დირექტორი: „მოხარულები ვართ, რომ შევუერთდით ტოიოტას გლობალურ კონკურსს და ქართველ ბავშვებს საკუთარი ფანტაზიის ფურცელზე გაცოცხლების შესაძლებლობა მივეცით. გვიხარია, რომ „ტოიოტა ცენტრი ბათუმის“ მხარდაჭერით დასავლეთ საქართველოში მცხოვრებ ახალგაზრდებს კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა გაუჩნდათ. ახლა მათ ნამუშევრებს იაპონიაში გავგზავნით და იმედი მაქვს, რომ საქართველოს სახელით გამარჯვებას იქაც მოვიპოვებთ“.
კონკურსის დაჯილდოების ცერემონიის ფარგლებში, „ტოიოტა ცენტრი ბათუმის“ შოურუმში ნახატების გამოფენა მოეწყო და ახალგაზრდა მხატვრების გართობაზე ანიმატორებმა იზრუნეს. გამარჯვებულებს, სერტიფიკატებთან ერთად, მათი ინტერესებისა და სურვილების მიხედვით შერჩეული საჩუქრებიც გადაეცათ.
ტოიოტას ხატვის გლობალური კონკურსი ყოველწლიურად იმართება და მასში მსოფლიოს 100-ამდე ქვეყანა მონაწილეობს. საქართველო უკვე მეთექვსმეტე წელია ტრადიციულად უერთდება კონკურსს, თუმცა „ტოიოტა ცენტრი ბათუმი“ წელს პირველად ჩაერთო. კომპანიაში აცხადებენ, რომ კონკურსს არც მომავალში გამოტოვებენ, რადგან მიზანი ერთია, ქართველ ბავშვებს მეტი შესაძლებლობა ჰქონდეთ, მსოფლიოს თავიანთი ოცნებები და უნიკალური ხედვა გაუზიარონ.
წონის კლების მიზნით საფაღარათო საშუალებების ბოროტად გამოყენება ხშირი პრაქტიკაა კვებითი დარღვევების მქონე ადამიანებში, რადგან ბევრს შეცდომით სჯერა, რომ ლაქსატივები აჩქარებენ საკვების მოშორებას მანამ, სანამ საკვები შეიწოვება ორგანიზმის მიერ. „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ გასტროენტეროლოგი თამარ გორგოშაძე ამბობს, რომ საფაღარათო საშუალებების თვითნებურმა და სისტემატურმა გამოყენებამ, თუნდაც გახანგრძლივებული შეკრულობის დროს, შესაძლოა ჯანმრთელობის ძალიან სერიოზული გართულებები გამოიწვიოს.
იმას, რომ კვებითი აშლილობის მქონე ადამიანების ნახევარზე მეტს გამოუყენებია საფაღარათო საშუალება, სხვადასხვა კვლევაცადასტურებს.
ქალბატონო თამარ, რა დანიშნულება აქვს საფაღარათო საშუალებებს, როდის არის მათი გამოყენება მართებული?
ძირითადად ეს საშუალებები გამოიყენება ყაბზობის ანუ შეკრულობის საწინააღმდეგოდ, მაგრამ საქმე ის არის, რომ საფაღარათო საშუალებები არსებობს სხვადასხვა ჯგუფის, რომელთაც მდგომარეობის შესაბამისად არჩევს სპეციალისტი. არის, მაგალითად, ოსმოსური მოქმედების (ნაწლავში ოსმოსური წნევის საშუალებით აკავებენ სითხეს, რაც იწვევს განავლის სითხით გაჯერებას); ნაწლავთა პერისტალტიკის მასტიმულირებელი საფაღარათო საშუალებები და სხვა.
სამწუხაროდ, ადამიანები, რომლებსაც აწუხებთ შეკრულობა, ძალიან იშვიათად მიმართავენ ექიმს და ვინაიდან სააფთიაქო ქსელში ამ საშუალებების ყიდვა ნებისმიერი ფორმით არის შესაძლებელი, მიმართავენ თვითმკურნალობას. მაგრამ საფაღარათო საშუალებებს აქვთ თავისი გვერდითი ჩვენებები და უკუჩვენებები და მათი ხშირი გამოყენება, განსაკუთრებით წონის კლების მიზნით, ჯანმრთელობისთვის საშიშია, რადგან იწვევს სხვა ორგანოების დაზიანებებს.
ამიტომ საფაღარათო საშუალების შერჩევა უნდა მოხდეს მხოლოდ ჩვენების მიხედვით.
აქვე, გახანგრძლივებული ყაბზობა არ არის უვნებელი სიმპტომი, რომელიც შეიძლება უყურადღებოდ დატოვო, მის უკან შეიძლება ძალიან ბევრი დაავადება იმალებოდეს, მათ შორის ერთ-ერთი ძალიან საკმაოდ სერიოზული და სამწუხაროდ საკმაოდ გავრცელებული – მსხვილი ნაწლავის სიმსივნური პროცესი, ამიტომ მნიშვნელოვანია დროულად მოხდეს მისი აღმოფხვრა.
პაციენტებში, რომლებიც წონის კლების მიზნით სისტემატურად მოიხმარენ საფაღარათო საშუალებებს, ვითარდება ყაბზობა, იმიტომ, რომ დიეტის დროს ხშირად იკვებებიან უჯრედისით ღარიბი და მცირე რაოდენობის საკვებით, რის გამოც არ ხდება ნაწლავების ნორმალური მოქმედება და მეორე მიზეზი არის უშუალოდ საფაღარათო საშუალებების უკონტროლო მიღება, რაც ვნებს ნაწლავის პერისტალტიკას.
კონკრეტულად რა ზიანის მომტანი შეიძლება იყოს ორგანიზმისთვის მათი ხშირი გამოყენება?
საფაღარათო საშუალება ნაწლავის ტონუსს ერთჯერადად ააქტიურებს და შემდეგ ითრგუნება, ხშირად გამოყენების შემთხვევაში კი ნაწლავი დუნდება და ვიღებთ გაზარმაცებული ნაწლავის სინდრომს.
გაზარმაცებული ნაწლავის სინდრომი ნიშნავს, რომ ნაწლავს აღარ აქვს პერისტალტიკისუნარი [ღრუ ორგანოთა – ნაწლავების და მისთ. – კედლების ტალღისებური რიტმული შეკუმშვა-გაფართოება], ანუ უნარი, რომ შიგთავსში არსებული მასები გადააადგილოს. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს როგორც გენეტიკური ფაქტორებით, ისე საფაღარათო მედიკამენტების ხშირი მიღებით, არაჯანსაღი კვებით და აგრეთვე, იმ პათოლოგიებით, რაც უშუალოდ იწვევს ამას, მაგალითად, კოლიტი – მსხვილი ნაწლავის ანთებითი პროცესი, რაც ხშირად ვლინდება ყაბზობით.
როდესაც ჩვენ მოგმართავენ პაციენტები და ისმება დიაგნოზი – გაზარმაცებული ნაწლავის სინდრომი, მკურნალობაში ერთვება სხვადასხვა მედიკამენტი, მათ შორის საფაღარათო საშუალება, რადგან ნაწლავი გაზარმაცებულია.
საფაღარათო საშუალებების ბოროტად გამოყენებას შეიძლება მოჰყვეს ძლიერი დეჰიდრატაცია, ელექტროლიტების შემცირება და მინერალური ბალანსის დარღვევა ორგანიზმში.
მეორე მომენტია, რომ ამ მედიკამენტს ახასიათებს შეჩვევა, ანუ პაციენტებს სჭირდებათ დოზების გაზრდა იმავე ეფექტის მისაღწევად. ხშირად, როცა მოგვმართავენ, უკვე დარტყმით დოზებს იღებენ ამ საფაღარათოს საშუალების და ნაწლავი იმდენად გაზარმაცებულია, რომ უკვე ჭირს საფაღარათო მედიკამენტის შერჩევა. ხშირად, როდესაც მოდიან პაციენტები, იმდენად დიდი დოზებით აქვთ მიღებული ეს საფაღარათო საშუალებები, რომ ნაწლავი ძალიან გაზარმაცებულია და მისი მდგომარეობაში მოყვანა ძალიან რთულია.
addictioncenter: გარდა საჭმლის მონელების პრობლემებისა, ლაქსატივების ბოროტად გამოყენების გრძელვადიან რისკებს მოიცავს: თირკმლის უკმარისობას; კუჭ-ნაწლავის დაზიანებას; ღვიძლის დაზიანებას; ნაწლავის ნერვის დაზიანებას.
როგორი უნდა იყოს კუჭის მოქმედების ნორმალური სიხშირე?
ზოგადად, ნაწლავთა ნორმალური მოქმედება ინდივიდუალურია, ზოგისთვის დღეში ერთხელაც ნორმაა, ზოგისთვის – ორ დღეში ერთხელ და ზოგ შემთხვევაში სამ დღეში ერთხელაც შეიძლება ნორმა იყოს.
თუ პაციენტს აქვს სამი და მეტი დღის განმავლობაში ერთჯერადი მოქმედება მკვრივი მასებით და იძულებულია გამოიყენოს საფაღარათო მედიკამენტები, აი, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვსაუბრობთ ყაბზობის დიაგნოზზე.
როგორი საკვები ეხმარება კუჭ-ნაწლავის გამართულ მოქმედებას?
დღის განმავლობაში კვება უნდა იყოს სამჯერადი, ნაკლებკალორიული და მცირე ულუფებით. ყაბზობის შემთხვევაში უნდა მიიღოთ უჯრედისით მდიდარი საკვები, ეს პირველ რიგში მოიცავს ბოსტნეულსა და ხილს ცოცხალი სახით. ყაბზობის დიეტაში მითითებულია ქლიავი, როგორც ცოცხალი ფორმით, ისე ჩირის სახით; კარგი საშუალებაა კივი, რომელიც ააქტიურებს ნაწლავების პერისტალტიკას.
ასევე, ყაბზობის მართვაში მნიშვნელოვანია წყლის მიღება, წონის ერთეულზე გამოთვლილი რაოდენობით. უმეტესად ეს ლიტრ-ნახევრიდან ორ ლიტრამდე მოცულობაა, თუმცა კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, გააჩნია წონას და ჯანმრთელობის მდგომარეობას, თანმხლებ დაავადებებს.
გურამ ძირკვაძე და იზოლდა სურმანიძე აჭარის მაღალმთიანეთში, ხულოში მცხოვრები მეწარმეები არიან. იზოლდა სურმანიძეს სოფელ სხალთაში საოჯახო სასტუმრო „სხალთა“ აქვს და ყოველწლიურად ასობით ტურისტს მასპინძლობს. გურამ ძირკვაძე სოფელ დიოკნისიდანაა. დიოკნისსა და ხულოს სხვა სოფლებში ჟოლოს მეურნეობა მისი ძალისხმევით გაშენდა, შედეგად მთელ აჭარას წელიწადის ყველა დროს სწორედ ხულოს სოფლები ამარაგებენ ადგილზე მოყვანილი ჟოლოთი.
გურამ ძირკვაძემ და იზოლდა სურმანიძემ სასტუმროს ბიზნესი და ჟოლოს მეურნეობა უცხოური დაფინანსებით განავითარეს.
იზოლდა სურმანიძემ თავიდან „აწარმოე საქართველოს“ დაფინანსება მოიპოვა, ასე მოპოვებული 10 000 ლარი საკმარისი არ აღმოჩნდა საოჯახო სასტუმროს სრულად გასამართად და ის ჩეხეთის „კარიტასის“ პროგრამაშიც ჩაერთო, მერე ხულოს მუნიციპალიტეტში პროგრამა „ენპარდმა“ გამოაცხადა საგრანტო კონკურსები, რისი მიზანიც ადგილობრივი სოფლის მეურნეობის განვითარება და ხელშეწყობა იყო. მეწარმე ქალმა ამ პროგრამით 25 ათასი ლარის დაფინანსება მოიპოვა. გაარემონტა და საჭირო ინვენტარითა და ტექნიკით აღჭურვა საოჯახო სასტუმრო, შეიძინა ავეჯი, მოაპირკეთა ეზო.
ხულოს სოფელ სხალთაში იზოლდა სურმანიძის საოჯახო სასტუმროს ვიზიტორთა 50% უცხოელია.
ENPARD-ი ევროკავშირის პროექტია, 2013 წლიდან მოქმედებს და მიზანი საქართველოს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა, სოფლად სიღარიბის შემცირებაა.
პროგრამა ეხმარება საქართველოს მთავრობას და ასევე ადგილობრივ თემებთან მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს. 2013-2022 წლებისთვის, ENPARD-ის ბიუჯეტი საქართველოში 179.5 მილიონი ევროა.
გურამ ძირკვაძემ სოფელ დიოკნისში პირველმა დაიწყო ჟოლოს ბაღების გაშენება, მერე 17 ათასამდე ნერგი თანასოფლელებს ავანსად მისცა და მალე ხულოს სხვა სოფლებშიც მოაშენებინა სოფლის მოსახლეობას ჟოლო.
გურამმაც ევროკავშირის სოფლის განვითარების პროექტის, ENPARD-ის ფარგლებში საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა და სპეციალური მაცივრებით აღჭურვილი მანქანა იყიდა. მანქანის ღირებულება დაახლოებით 6500 ევრო იყო.
მებაღე უკვე რამდენიმე წელია ამ მანქანა-მაცივრით ხულოს სოფლებში მოყვანილი ჟოლოს რეალიზაციას ბათუმში თავად ეწევა.
ევროკავშირის პროექტებით დაფინანსებულ მეწარმეებს ვკითხეთ, რას ფიქრობენ რუსულ კანონპროექტზე „უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების“ შესახებ, რომელიც პარლამენტმა უნდა განიხილოს. კანონპროექტის მიხედვით, უცხოეთის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება ექნება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს. კანონით აგენტებად უნდა დარეგისტრირდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიები.
კანონი არ შეეხება პირს, რომელიც რელიგიურ, საგანმანათლებლო, მეცნიერულ, აკადემიურ ან სახელოვნებო საქმიანობას „კეთილსინდისიერად“ ეწევა. თუმცა გაურკვეველია, კანონპროექტის ავტორები რას იგულისხმებენ „კეთილსინდისიერ“ საქმიანობაში.
გურამ ძირკვაძე, მეწარმე-აგრონომი, ჟოლოს მეურნეობის მეპატრონე ხულოში, კენკრის მსხვილი რეალიზატორი აჭარაში
ხულოში ორი დიდი მეწარმე-ფერმერი ვართ: მე ჩემი ჟოლოს ბაღების მეურნეობით და ყველის საწარმო „ცეზარი“. ორივე წამოწყება ევროპელებმა დააფინანსეს. ჟოლოს ბიზნესში ხულოს 4 სოფელი მყავს ჩაბმული, მეც და ყველის ქარხანაც ევროკავშირმა დაგვაფინანსა. ყველის ამ საწარმომ პროდუქცია უკვე ამერიკულ ბაზარზეც გაიტანა.
თუ თითო ნაბიჯით წავიწიეთ წინ, ეს დასავლური დაფინანსების შედეგია, მე კი არ ვფიქრობ ასე, ეს ფაქტია. უცხოური დაფინანსებით მოეწყო ქვეყანაში სამაცივრე მეურნეობები.
გურამ ძირკვაძე, მეწარმე-აგრონომი, ჟოლოს მეურნეობის მეპატრონე ხულოში, კენკრის მსხვილი რეალიზატორი აჭარაში
აბა როგორ განვვითარდებით? თურქეთი როგორ განვითარდა? დაეხმარნენ ძლიერი ქვეყნები და ასე აიდგეს ფეხი, ძლიერი სუსტს ეხმარება, ესაა ცივილიზებული სამყაროს წესი დღეს.
კომუნისტური გადმონაშთები აზროვნებენ ასე, რომ თითქოს რამის სანაცვლოდ გვეხმარება დასავლეთი.
ასე ბევრი აზროვნებს დღესაც. თუ უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ კანონს მიიღებენ, მე როგორც ფერმერი, ყველა ფორმით გამოვხატავ უკმაყოფილებას. თუ, რა თქმა უნდა, ეს კანონი იმას კრძალავს, რაც ჩემს დარგს ავითარებს, ანუ უცხოელების დახმარებას.
გამოდის, რომ მე პროკურორი უნდა ჩავაყენო საქმის კურსში ვაზის გასაშენებლად და ჟოლოს ბაღის გასაშენებლად დაფინანსებას თუ ვითხოვ.
არასამთავრობო ორგანიზაციებს და ჟურნალისტებს თუ აგენტებად დარეგისტრირებას მოსთხოვს სახელმწიფო, რახან უცხო ქვეყნებისგან ფინანსდებიან, მაშინ მეც აგენტი ვყოფილვარ: კარიტასის პროგრამით დამიფინანსა ევროკავშირმა ჟოლოს მეურნეობისთვის წვეთოვანი სარწყავი სისტემა, ევროკავშირის დაფინანსებით ვიყიდე ძვირადღირებული მანქანა-მაცივარი და სასაცილო იცით რა არის? ევროპელების ნაჩუქარი მანქანა რომ ჩამოვიყვანე, ამის განბაჟებაშიც კი ფული გადამახდევინა ჩემმა სახელმწიფომ – 1000 დოლარზე მეტი. რა გამოდის? უცხოელებმა, ჩეხებმა დამაფინანსეს და ჩემმა ქვეყანამ ნაჩუქარ მანქანაში ბაჟი გადამახდევინა. ესეც კი არ მაპატია.
მე ხომ ვიცი უცხოელებმა რაც გააკეთეს მხოლოდ ჩემს რეგიონში, ხულოში. ჩემს სოფელში და მთლიანად საქართველოში, რაც გააკეთა ევროკავშირმა, არ ვიცი იმის რამდენიმე პროცენტი მაინც თუ გააკეთა თავად სახელმწიფომ განვითარებისთვის.
სახელმწიფოსგან მე დახმარება არასდროს, არცერთი თეთრი არ მიმიღია.
მეც თუ დამაფინანსა ვინმემ, ხე გავზარდე და ამ ხემ მოსავალი მომცა, აგენტი ვარ მე და ეს ხე აგენტის დარგული და გაზრდილი იქნება? არ მეგონა ეს სულელურ კანონს თუ განიხილავდნენ საერთოდ.
ვერ იმოქმედებს ეს კანონი.
ანუ ვინც ამ კანონის მერე დაფინანსდება, ის აგენტია და ვინც აქამდე დაფინანსდა, ყოფილი აგენტები ვიქნებით?
კარგი, ვთქვათ მე აგენტი ვარ, მაგრამ ევროკავშირის პროექტით ხულოს ლაგმა რომ დააფინანსა გამგეობა, მაგაზე რა პასუხი არსებობს? ევროკავშირის საგრანტო კონკურსზე გამგეობა იღებდა მონაწილეობას და გაიმარჯვა – გადაეცათ სანდასუფთავების ძვირადღირებული მანქანა, ანუ თავადაც აგენტები არიან?
თუ აქ, ადგილზე ვეღარავინ დაგვეხმარება, მაშინ იქ წავიდე, დავტოვო ჩემი ქვეყანა, რომ სხვები სხვაგან დამეხმარონ განვითარებაში? ყველა გარბის.
ამ სულელური კანონის მიღება კომუნისტური აზროვნების ხალხს სურს. დასავლური ფული დემოკრატიის განვითარებასა და წინსვლაზე იხარჯება, ეს ფული სისულელეებში არ დახარჯულა.
იზოლდა სურმანიძე, საოჯახო სასტუმრო „სხალთას“ მფლობელი
„მე მივიღე ყველა უცხოური დაფინანსება, რომლის მოპოვებაც კი შეიძლებოდა ხულოში ჩემი სასტუმროს განსავითარებლად: ჩეხეთის კარიტასის, ენპარდის დაფინანსება, ასევე ვარ რონდელის ფონდის სემინარების მონაწილე [რონდელის ფონდს საქართველოში აშშ-ის და ევროპის სხვადასხვა ქვეყნის, ასევე თურქეთის დიდი საერთაშორისო დონორი აფინანსებს, მათ შორის: ბრიტანეთის საელჩო თბილისში, ღია საზოგადოების ფონდი(Osgf), შვედეთის განვითარების საერთაშორისო სააგენტო (Sida), აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (Usaid) და სხვები.
იზოლდა სურმანიძე, საოჯახო სასტუმრო „სხალთას“ მფლობელი
ესტონეთში მოვისმინე სემინარები სოფლად ბიზნესის განვითარების შესახებ, რაც ძალიან დამეხმარა ჩემს ქვეყანაში, ჩემს სოფელში განმევითარებინა სასტუმროს საქმე.
ვერ წარმომიდგენია, რატომ უნდა დარეგისტრირდნენ აგენტებად მედიები და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ფინანსდებიან უცხოელი დონორებისგან. არავითარი აგენტები ეს ადამიანები არ არიან. მე დასავლური დაფინანსება დამეხმარა ჩემი საქმიანობა ჩემი ქვეყნის წინსვლისთვის გამომეყენებინა. რატომ უნდა შერაცხონ აგენტებად ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ხელისუფლებას აკრიტიკებენ, შშმ პირებს ეხმარებიან, სოფლის მეურნეობის გასავითარებლად დაფინანსებას გასცემენ და ქალებს აძლიერებენ?
მე წინა მოწვევის საკრებულოს წევრი ვიყავი ხულოში. კრიტიკული მედია გამომაფხიზლებელი ძალაა ხელისუფლებისთვის და არა საზიანო, საშიში რამ ქვეყნისთვის.
მე არ ვარ მომხრე აგენტებად შერაცხონ ადამიანები, რახან დონორებისგან ფინანსდებიან. ადამიანები, რომლებიც მოსახლეობის ბედით ინტერესდებიან და მათ პრობლემებზე, მდგომარეობაზე გვიყვებიან. ეს მიუღებელია.
გამოდის, რომ აგენტებად უნდა დარეგისტრირდნენ ის ორგანიზაციებიც, ვინც ჩვენ, სოფლად მცხოვრებ მცირე მეწარმეებს გვაფინანსებს? ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ ვეღარ მოვიხმართ ამ ფინანსურ რესურსს, ვეღარ დაგვეხმარებიან, მათ შეზღუდავენ და შეფერხდება ქვეყნის განვითარებაც“.
საიას აჭარის ორგანიზაციის ახალმა თავმჯდომარემ, თამარ წულუკიძემ იცის, რომ „ბრძოლა რამდენიმე ფრონტზე მოუწევს“. გაზრდილი მიმართვიანობის გარდა, რაც უამრავ პრობლემას მოიცავს, რის გამო სიაის მოქალაქეები მიმართავენ, ახლა მისი საფიქრალიახალი რუსული კანონპროექტიც არის.კანონპროექტი, რომლის მიზანიც მისთვის, როგორც უფლებადამცველისთვის, დისკრიმინაციული იარლიყის „მიკერება“ და თავისუფალი სიტყვის კონტროლია. იცის ისიც, რომ ამ ყველაფერთან ერთად მისი მისია ორგანიზაციის, გუნდის გაძლიერებაცაა.
გამოწვევებსა და მათი დაძლევის გეგმებზე თამარ წულუკიძემ „ბათუმელების“ შეკითხვებს უპასუხა.
ქალბატონო თამარ, როგორც ორგანიზაციის ახალი თავმჯდომარე, რაიმეს შეცვლას ან ახალ აქტივობებს ხომ არ გეგმავთ იმისთვის, რომ ორგანიზაციამ უფრო ეფექტურად იმუშაოს?
საიას თავმჯდომარის ცვლილება აჭარაში არ ნიშნავს, რომ საიას მიზნები და ამოცანები, რაც ორგანიზაციას მრავალწლიანი მუშაობის პერიოდში ჰქონდა, შეიცვლება. უცვლელი რჩება მიდგომა, რაც ჩვენ წლების განმავლობაში გვქონდა – ადამიანის უფლებების დაცვის ნაწილში და ნებისმიერი სამართლებრივი დახმარების საკითხში იქნება ეს თუ სხვა მიმართულებით.
რაც შეეხება სირთულეს და ცვლილებების საკითხს, მოგეხსენებათ, ახლა საკმაოდ რთული პერიოდი უდგას არასამთავრობო სექტორს, ჯერ არნახული შემოტევაა ამ მიმართულებით და ასე ვთქვათ, საკმაოდ რთული ვითარებაა.
ჩვენ მაქსიმალურად ჩართული ვართ ამ პროცესში და გვაქვს მოლოდინი, რომ სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება. საიას გუნდთან ერთად, ჩემი რესურსით, მაქსიმალურად ვიქნები ამ პრობლემის გადაჭრაში ჩართული. ჩვენი მიზანი რჩება უცვლელი მედიასთან კომუნიკაციის ნაწილში, აქტიურად გავაგრძელებთ თანამშრომლობას, როგორც მანამდე იყო. ასევე, გავაგრძელებთ მუშაობას სხვა მიმართულებებითაც, ეს იქნება მონიტორინგის ნაწილი, სამართლებრივი დახმარების ნაწილი – ამის საჭიროება ქალაქში განსაკუთრებით იგრძნობა.
ჩვენთან კონსულტაციაზე იმ რაოდენობის მოქალაქეები მოდიან, რომ მარტივად შესამჩნევია, თუ რამდენად რთული მდგომარეობაა თითოეული ადამიანისთვის ამ პერიოდში. ბუნებრივია, ჩვეულ რეჟიმში გავაგრძელებთ მათ დახმარებას და მაქსიმალურად ორიენტირებული ვიქნებით, რომ ეს პრობლემები მათთვის გადაიჭრას, ჩვენი შესაძლებლობები და რესურსი ამაში ჩაერთვება თავიდან ბოლომდე.
ამბობთ, რომ ბევრი ადამიანი მოგმართავთ. რა საკითხები დგას დღეს მოქალაქეებისთვის დღის წესრიგში მწვავედ და თქვენი შეფასებით, რატომ?
ძალიან აქტუალური პრობლემაა შრომითი ურთიერთობების საკითხი. დიდი ხანია არაერთი ადამიანი მოდის ჩვენთან ამ თემით. ხშირია, როცა დამსაქმებლები დასაქმებულებს არასახარბიელო მდგომარეობაში აყენებენ. მათ შორის, ხელშეკრულების შინაარსს ისე შეიმუშავებენ, რომ შემდგომ დასაქმებულების წინააღმდეგ იყენებენ. მათ შორის არის ადმინისტრაციული ურთიერთობის საკითხი, მოქალაქეები ვერ იღებენ თუნდაც იმ ინფორმაციას, რაც უნდა მიიღონ – ეს პრობლემა ძალიან მწვავედ დგას. ასევე, არასწორი მომსახურების გაწევა – ამით გამოწვეული პრობლემები ძალიან ხშირად ყოფილა და ვცდილობთ, რომ ამ ნაწილში დავეხმაროთ.
ძალიან ხშირია საოჯახო დავები.
ასევე, არის სამშენებლო საკითხებთან დაკავშირებული დავები, მათ შორის, ბათუმში ძალიან აქტუალური სამშენებლო საკითხი და ინვესტორთან ურთიერთობა. მსგავსი ტიპის დავები არის ძალიან მრავლად და ხელშეკრულებები, რომლებიც იდება მოქალაქეებსა და ინვესტორებს შორის, ხშირად არის ხარვეზიანი, როგორც წესი, დადგენილ დროს არ სრულდება. ვადის გადაცილება პრობლემაა, რეგისტრაციის საკითხი პრობლემაა და ამ მიმართულებითაც ძალიან მაღალია მომართვიანობა.
რატომ აწყდებიან მოქალაქეები ამდენ პრობლემას საჯარო სექტორში?
ისინი იღებენ უარს კონკრეტულ მოთხოვნაზე ადმინისტრაციული ორგანოსგან, შემდეგ ჩვენ შეიძლება ვასაჩივრებდეთ ამას და მივმართავდეთ გამოსწორების მოთხოვნით.
ბოლო შემთხვევა შემიძლია გავიხსენო – ეს იყო მიწის რეგისტრაციის საკითხი. არასწორად უთხრეს უარი მოქალაქეს რეგისტრაციაზე. შემდეგ ჩვენ მივმართეთ საჯარო რეესტრს განცხადებით და გადაწყვეტილება თვითონვე შეცვალეს, დაავალეს, რომ რეგისტრაციის ფაქტი განეხორციელებინათ.
არაკეთილსინდისიერი მიდგომა ჩანს უფრო ვიდრე კომპეტენციის ნაკლებობა?
კი ბატონო. თუ მოქალაქე ბოლომდე არ გაჰყვებოდა ამ საქმეს, დაკარგავდა ნაკვეთს, რომელიც იყო მისი საკუთრება, მამაპაპისეულად ეკუთვნოდა და ფლობდა, ამუშავებდა მას. ბოლომდე სრულყოფილად არ იყო შესწავლილი საქმე მათი მხრიდან.
პრობლემა იწყება კონსულტაციის მიღების ეტაპიდან. მიდიან თუ არა, რეესტრში თუნდაც, ხშირად არასწორ ინფორმაციას აწვდიან მოქალაქეს. აი, მაგალითად, ბლოკის [მომიჯნავე ნაკვეთების მფლობელები] წევრების მიწის რეგისტრაციას რომ შევეხოთ, არიან თუ არა ამ ბლოკში მეზობლები რეგისტრირებული, შეიძლება არასწორად უთხრან, არასწორი პირი მოიყვანონ და ხელი არასწორ ადამიანს მოაწერინონ, ანუ ინფორმაციის მიწოდება არის პრობლემა.
შეიძლება რაღაცას ვერ იგებენ, იმიტომ, რომ არაიურისტისთვის მარტივი გასაგები არ არის ზოგადად, თუმცაღა ვფიქრობ, ადმინისტრაციულ ორგანოს უფრო მაღალი პასუხისმგებლობა აქვს დეტალურად მიაწოდოს ინფორმაცია ისე, რომ მოქალაქისთვის გასაგები იყოს, რა დოკუმენტი უნდა მიიტანოს, როგორ უნდა დაირეგისტრიროს ნაკვეთი.
მოქალაქემ, რომელიც თქვენთან მოდის და დახმარებას ითხოვს, იცის, რომ უსასყიდლოდ დაეხმარებიან. ძირითადად თავად იციან ორგანიზაციის შესახებ თუ ვინმე აძლევს მათ რეკომენდაციას? ასევე, მინდა გკითხოთ, ხომ არ გქონიათ შემთხვევა, როცა მოქალაქეებისგან მოისმინეთ წუხილი რუსული კანონპროექტის გამო, ან თავად ხომ არ გისაუბრიათ მათთან, რა გამოწვევის წინაშე შეიძლება დადგეს არასამთავრობო სექტორი?
როგორც წესი, ჩვენს შესახებ ინფორმაცია სხვადასხვა ორგანოებისგან აქვთ. მათ შორის სასამართლოშიც არის გამოკრული ჩვენი მისამართი და ტელეფონის ნომერი. ხშირად სოციალური მედიის საშუალებით იგებენ, ინტერნეტით, ახლობლების გამოცდილებით, სხვისი გამოცდილების გაზიარებით.
მოქალაქეებთან ჩვენი კომუნიკაცია შემოიფარგლება მხოლოდ სამართლებრივი საკითხით, ანუ რა პრობლემაც მათ აქვთ, გადახვევები, როგორც წესი არ გვაქვს, სამართლებრივ საკითხზე მოგვმართავენ და ჩვენ კონსულტაციას ვუწევთ.
ახლა არასამთავრობო სექტორს რუსული კანონით ემუქრებიან, პარალელურად ბევრი გამოწვევაა ქვეყანაში. რთულ დროს მოგიწევთ ორგანიზაციის ხელმძღვანელობა, ეს ადვილი არ იქნება. რისთვის ხართ მზად, რა მოლოდინები გაქვთ?
ბათუმი ყოველთვის იყო ყველაზე მეტად აქტიური. ჩვენ სტატისტიკასაც რომ შევხედოთ, თბილისის შემდეგ ბათუმი არის ყველაზე აქტიური ჩართულობით, სამოქალაქო აქტივიზმით და ასე შემდეგ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ქალაქი იდგეს მოწოდების სიმაღლეზე, როგორც იდგა მანამდე.
ჩვენი მიდგომა იქნება ერთიანი, როგორიც არის საიას ერთიანი მიდგომა, ამ ხაზს თავიდან ბოლომდე გავყვები. მზად ვარ იმისთვის, რომ ორგანიზაცია იდგეს მოწოდების სიმაღლეზე, როგორც იყო მანამდე და გვჯერა, რომ ორგანიზაცია, რომელიც ამხელა რესურსს გასცემს და მოწოდებულია იმისთვის, რომ დახმარება გაუწიოს თითოეულს, ვისაც არ უნდა დასჭირდეს, მაქსიმალურად გააგრძელებს უკვე არსებულ პრაქტიკას. მზად ვართ იმისთვის, რომ ორიენტირებული ვიყოთ ამისთვის.
მარტივად რომ აუხსნათ საზოგადოებას, რა შეიძლება შეიცვალოს მათთვის, თუ რუსულ კანონპროექტს დაამტკიცებენ?
კანონპროექტი, რომლის მიღებაც ახლა სურთ, პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებს.
ეს კანონპროექტი მიმართულია იქითკენ, რომ საფრთხე შეუქმნას არასამთავრობო სექტორის არსებობას. დაფინანსების წყაროები ისედაც ღიაა და მიზანი ამ კანონის არის ის, რომ შექმნას ნეგატიური დამოკიდებულება ტერმინების გამოყენებით და რეალობასთან შეუსაბამო თვალსაწიერი შეგვიქმნას ჩვენ ყველას ერთად, რაც, ბუნებრივია, მიუღებელი და არასწორია.
ეს პირდაპირ და აშკარად მიმართულია მათი [არასამთავრობო ორგანიზაციების] საქმიანობის ხელშეშლისკენ და დაბრკოლებების შექმნისკენ.
ამ კანონის მიღებით საფრთხე შეექმნება როგორც არასამთავრობო სექტორის საქმიანობას, ასევე ადამიანებისთვის იურიდიული დახმარების გაწევას. ადამიანები, რომლებიც იჩაგრებიან, მოდიან ჩვენთან, ოფისში. შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს, გაეწევათ თუ არა მათ ის დახმარება, რასაც დღემდე ჩვენი მაქსიმალური ჩართულობით იღებენ. ყველაზე დიდი პრობლემა შეიძლება იყოს ეს. არასამთავრობო ორგანიზაციის არსებობა-არარსებობის საკითხიც შეიძლება დადგეს. მთავარი გამოწვევა არის ეს.
ჩვენი ორგანიზაცია მზად იქნება ბოლომდე დაიცვას საკუთარი არსებობის უფლება და სხვა ადამიანების უფლებები.
მიმართული ვიქნებით იმისკენ, რომ მაქსიმალურად შევცვალოთ სამართლებრივი რეალობა ამ კუთხით, თუნდაც დაგვჭირდეს დამატებითი გასაჩივრების მექანიზმების გამოყენება, მაქსიმალური შესაძლებლობა, რასაც ჩვენ მოგვცემს სამართლებრივი სივრცე და რეალობა. ამას აბსოლუტურად გამოვიყენებთ ეროვნულ თუ საერთაშორისო დონეზე, თუნდაც დღე და ღამე მოგვიწიოს მუშაობა, თუნდაც ღამეების გათენება.
ხერსონის ოლქის ალეშკასა და სკადოვსკას დასახლებული პუნქტებიდან რუსი სამხედროები დროებით ოკუპირებული ყირიმში გასაქცევად ემზადებიან. ამ ინფორმაციას უკრაინის გენერალურ შტაბზე დაყრდნობით, უკრაინული მედია აქვეყნებს.
გენშტაბის ინფორმაციით, რუსები შიშობენ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები მალე დაიწყებს ამ ტერიტორიების გათავისუფლებას.
„უკრაინის ტერიტორიების დეოკუპაციის შიშით, ხერსონის ოლქის ოლეშკასა და სკადოვსკის დასახლებაში რუსეთის ეგრეთ წოდებული საოკუპაციო ხელისუფლება ემზადება დროებით ოკუპირებული ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში გასაქცევად“, – ნათქვამია გენშტაბის დღევანდელ ანგარიშში.
უკრაინულმა მხარე 21 თებერვლიდან აფიქსირებს, რომ ადგილობრივი კოლაბორანტები მიემგზავრებიან ბახჩისარაიში, სიმფეროპოლსა და ქერჩში. უკვე 24 თებერვლიდან ოკუპანტებმა გამოაცხადეს ეგრეთ წოდებული ევაკუაცია ყველა მსურველისთვის.
„კოლაბორანტების გასაყვანად ოკუპანტებმა გამოიყენეს სამხედრო სატვირთო მანქანები, თან მხოლოდ ხელბარგის წაღებაა ნებადართული“, – აცხადებენ გენერალურ შტაბში.
უკრაინული მედიის შეფასებით, ოკუპანტები ანალოგიურად იქცეოდნენ მაშინ, როცა ხერსონის მარჯვენა სანაპიროდან გადიოდნენ.
უნიანის ცნობით, „ახლახან, ოკუპირებული ხერსონის რეგიონის სამხრეთიდან, 200 რუსი სამხედრო იმის გამო გაიყვანეს, რომ ბუნტი ჩაეხშოთ. არეულობა რუს ჯარისკაცებში სარდლობის მიმართ უკმაყოფილებამ გამოიწვია.
უფრო ადრე გენერალურმა შტაბმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხერსონის რეგიონში რუსი სამხედროები ადგილობრივ მოსახლეობას ნავებს და სხვა მცურავ საშუალებებს ართმევდნენ. ანალოგიურად რუსები მაშინ იქცეოდნენ, როდესაც ხერსონის მარჯვენა სანაპიროდან გასასვლელად ემზადებოდნენ“.
„ეს კანონპროექტი საბჭოთა ჯოჯოხეთური წარსულის გამოძახილია. მე პირადად, არასდროს მივიღებ „აგენტის“ სტატუსს და მაჯარიმონ რამდენიც უნდათ. ევანგელურმა ეკლესიებმა გავუძელით კომუნისტურ რეპრესიებს, გავუძელით ციხეებს, გავუძელით ათასნაირ ტანჯვას, დევნას, დაცინვას, ქუჩებში ცემას და ამასაც გავუძლებთ“- ამბობს შმაგი ჭანკვეტაძე, საქართველოს ევანგელური ალიანსის აღმასრულებელი მდივანი და საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის პასტორი გორის ეკლესიაში.
„ბათუმელებთან“ მან რუსული კანონპროექტი და მისგან მომავალი საფრთხეები შეაფასა.
ბატონო შმაგი, როგორც ვიცით, საქართველოში მოქმედი ევანგელური ეკლესიები როგორც საქართველოს მოქალაქეებისგან, ასევე უცხოეთში მცხოვრები მეგობრებისგანაც იღებთ ხოლმე ფინანსურ შემოწირულებებს. რუსული კანონის მიხედვით კი, უცხო ქვეყნის გავლენის აგენტად ჩაითვლება ყველა, ვინც ასეთი ტიპის მხარდაჭერას იღებს. რა ტიპის პრობლემები შეიძლება შეუქმნას ეკლესიებს ამ კანონმა?
ერთმნიშვნელოვნად ვიტყვი, რომ კანონად ქცევის შემთხვევაში ეს კანონპროექტი ძალიან ნეგატიურად აისახება ჩვენი ქვეყნის ყოფიერებაზე, დააზარალებს როგორც სამოქალაქო საზოგადოებას, მედიას, ასევე საზოგადოების ყველა ფენას, მათ შორის, რელიგიურ ორგანიზაციებს, სამეცნიერო-კვლევით თუ კულტურულ საქმიანობას.
ამ კანონპროექტს ძალიან ცუდი ნარატივი აქვს, რომელიც გამოძახილია ჩვენი საბჭოთა ჯოჯოხეთური წარსულის. სიტყვა „აგენტი“ იმდენად ცუდად ჟღერს, სულ რომ სხვა არაფერი საფრთხე არ ჰქონდეს ამ კანონპროექტს, მარტო ამის გამოც კი ძალიან პრობლემურია.
ეს კანონი საფრთხეს შეუქმნის ძალიან ბევრ საქველმოქმედო პროგრამას, რომლებიც რელიგიური უმცირესობების საშუალებით ხორციელდება ამ ქვეყანაში, იმიტომ, რომ დონორები, რომლებიც გვეხმარებიან სხვადასხვა საქველმოქმედო საქმიანობის განხორციელებაში, ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან და ალბათ უმრავლესობა თავს შეიკავებს უკვე მსგავსი საქმიანობისგან.
შეგიძლიათ გამოყოთ რომელიმე პროგრამა, რომელიც დონორების დახმარებით ხორციელდება და რომელიც შეიძლება გაჩერდეს ამ კანონის მიღების შემთხვევაში?
ძალიან ბევრია ასეთი პროგრამა. ავიღოთ თუნდაც „ხსნის არმია“, რომელიც არის ერთ-ერთი ევანგელური ეკლესია და მას აქვს ძალიან დიდი საქველმოქმედო საქმიანობა გაშლილი საქართველოში, რომელიც მთლიანად მხარდაჭერილია მათი უცხოელი პარტნიორებისგან. ეს პროგრამები დიდი საფრთხის ქვეშ დადგება.
მაგალითად, ჩვენ გორში ვაშენებთ ეკლესიას და მიუხედავად იმისა, რომ მთლიანად ადგილობრივი ეკლესია ვართ, მშენებლობის დასრულებაში გვეხმარებიან როგორც აშშ-ში თუ სხვა ქვეყნებში მცხოვრები ქართველები, ასევე ჩვენი უცხოელი მეგობრებიც.
იმ შემთხვევაში, თუ ეს მახინჯი კანონი იქნება მიღებული, რა თქმა უნდა, დაზარალდება ყველა ეს საქმიანობა.
როგორც ვიცით, კანონპროექტი პერსონალური ინფორმაციების გაცემასაც ავალდებულებს ორგანიზაციებს.
დიახ და ეს ძალიან ცუდია, რადგან არავის არ უნდა მისი პირადი ცხოვრება აფიშირებული იყოს. რატომ უნდა იცოდეს სახელმწიფომ რა წამალი შევიძინე, ვთქვათ, აფთიაქში? თუ ვინმეს ამის ნახვა უნდა, ამას ხომ ისედაც ნახავენ, მაგრამ ეს ხომ ადამიანის უფლებებს დაარღვევს უხეშად.
დაარღვევს გამოხატვის თავისუფლებას, გაერთიანების თავისუფლებას, რელიგიის თავისუფლებას, პირადი ცხოვრების თავისუფლებას და რა ვიცი, უამრავ სხვა უფლებას, რაც აღიარებულია საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ.
როგორ ფიქრობთ, რატომ დასჭირდა ახლა მმართველ პარტიას რუსული კანონის შემოტანა, მაშინ, როცა საქართველო ელოდება ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს?
საყურადღებოა ის, რომ კანონპროექტი მკვეთრად უარყოფითად შეაფასა ევროგაერთიანებამ, გაერომაც კი, რომელიც არ გამოირჩევა ხოლმე კრიტიკული განცხადებებით, თქვა, რომ მისი მიღების შემთხვევაში საფრთხე შეექმნება მის საქმიანობას საქართველოში, აშშ-ს სახელმწიფო ადმინისტრაციამაც უარყოფითად შეაფასა.
ერთმნიშვნელოვნად ვერ გეტყვით, რაში დასჭირდა ეს მმართველ პარტიას, ალბათ ამ დაძაბული მოვლენების ფონზე, როცა ძალიან ბევრ კრიტიკას იღებს ხელისუფლება დასავლეთის სხვადასხვა სტრუქტურიდან, ცდილობენ კონტროლქვეშ მოაქციონ ეს ყველაფერი.
„ქართულ ოცნებაში“ ბევრ ადამიანს ვიცნობ, რომლებიც თავისი გაგებით პროდასავლურები არიან, მაგრამ რატომ ხდება ასეთი კანონპროექტის ვიზირება, ჩემთვის გაუგებარია. კანონი აშკარად ეწინააღმდეგება პროდასავლურ კურსს.
არ ვიცი, რაში სჭირდება ხელისუფლებას ეს და რას ელოდებიან აქედან.
თუ იმას ამბობენ, რომ 30-იან წლებში იყო აშშ-ში მსგავსი კანონი, ეს იყო 30-იანი წლებიდა ყველამ ვიცით, რომ ფაშისტების წინააღმდეგ მიიღეს. აშშ-ში არავინ ზღუდავს არც მედიას და არც რელიგიურ ორგანიზაციებს. სახელმწიფოს ჩარევა რელიგიურ გაერთიანებების ცხოვრებაში ნულია.
თუკი საზოგადოების წინააღმდეგობის მიუხედავად მაინც მიიღებს პარლამენტი ამ კანონს, რას აპირებთ რელიგიური ორგანიზაციები. თუ იმსჯელეთ, რა იქნება შემდეგ, დარეგისტრირდებით „გავლენის აგენტების“ რეესტრში?
იმდენად შემაშფოთებელია ეს ყველაფერი, რომ არც კი გვიფიქრია ამაზე. დიდი იმედი მაქვს, ეს არ მოხდება. ვფიქრობ, ჩემი მეგობრები, რომლებსაც ვიცნობ „ოცნებაში“, მსგავს რაღაცას არ გამიკეთებენ, რადგან ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია აგენტის სტატუსის მოკვრა.
რა თქმა უნდა, ამ სტატუსს არასდროს არ მივიღებ და მაჯარიმონ რამდენიც უნდათ. მე როგორც ქრისტიანი, უნდა ვიყო კანონმორჩილი, მაგრამ თუ კანონის მორჩილება ეწინააღმდეგება ღვთის დადგენილებას, მაშინ მე ღმერთს დავემორჩილები და არა რაღაც სულელურ კანონს.
5 წლით პატიმრობა ემუქრება მათ, ვინც არ დარეგისტრირდება „აგენტების“ რეესტრში. ელოდებით რეპრესიებს?
არა მგონია, ეს გაბედონ, არა მგონია, ეს ვინმეს თავში მოუვიდეს, რადგან ევანგელურმა ეკლესიებმა გავუძელით კომუნისტურ რეპრესიებს, გავუძელით ციხეებს, გავუძელით ათასნაირ ტანჯვას, დევნას, შევიწროებას, დაცინვას, ქუჩებში ცემას.
ეკლესიამ ნერონის დევნას გაუძლო და დიოკლეტიანეს დევნას გაუძლო და ამასაც გავუძლებთ. მაგრამ ვისთვის იქნება ეს უკეთესი? – აი, აქ ისმის კითხვა.
ეს დააზარალებს ჩვენს ქვეყანას, დააზარალებს ჩვენს ხალხს, უამრავ ახალგაზრდას, უამრავ გულანთებულ მამულიშვილს და რა ვთქვათ სხვა?
რა გამოსავალი არსებობს, თქვენი აზრით?
გამოსავალს ვხედავ კონსოლიდაციაში, რომ მაქსიმალურად ბევრმა ადამიანმა დააფიქსიროს თავისი აზრი. ხელისუფლება არის ჩვენი ხმა და თუ ხელისუფლება აღარ წარმოადგენს ჩემს ხმას, მაშინ მას აღარ აქვს მანდატი.
მე მაინც ვფიქრობ, რომ აქამდე არ მივლენ ალბათ, რადგან ის განცხადება, რაც გავავრცელეთ, იყო ჩვენი ხმა ხელისუფლებისთვის, რომ არ ვეთანხმებით ამ კანონპროექტს და ჩვენ უკან დგას დაახლოებით 200-მდე ეკლესია საქართველოში.
ეკლესია ეს არ არის სამი კაცი, ეს არის რელიგიური თემი, მრევლით, სასულიერო ლიდერებით. ჩვენ გარდა კიდევ არსებობენ ეკლესიები, რომლებიც არ არიან ამ ალიანსში, მაგრამ უერთდებიან ჩვენს განცხადებას.
სახალხო დამცველთან არსებულმა რელიგიათა საბჭომაც გააკეთა განცხადება და არც ისინი ეთანხმებიან ამ კანონპროექტს.
თუ ვინმეს ჩვენი ხმის გაგება სურს, გაიგონ. ჩვენ მარტო ინდივიდები ხომ არ ვართ, ყველას გვყავს ოჯახი, ნათესავები და ასეთივე განწყობა აქვთ მათაც.
აჭარაში სოციალურად დაუცველი ორსულებისა და მათი პარტნიორებისთვის ამოქმედდა ახალი პროგრამული ღონისძიება – „მშობელთა სკოლა ორსულთა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობისთვის“.
პროგრამის ფარგლებში, ორსულობის პერიოდის სწორად წარმართვის მიზნით, ბენეფიციარ ორსულებს და/ან მათ მეუღლეებს სასწავლო/საინფორმაციო კურსის სახით 6 ინტერაქციული გაკვეთილი ჩაუტარდებათ.
სასწავლო კურსის ბენეფიციარებს შეხვდებიან სხვადასხვა სპეციალისტები, მათ შორის: მეან-გინეკოლოგი, ნეონატოლოგი, ფსიქოლოგი და ფიზიკური თერაპევტი.
„მშობელთა სკოლა ითვალისწინებს ორსულთა განათლებას ჩასახვიდან მშობიარობის ბოლომდე, ასევე ახალშობილობის და ლოგინობის ხანის პერიოდს, სადაც ორსულები შეისწავლიან აქტივობებს, მოვლის თავისებურებებს და ა.შ.” – ამბობს დალი დავითაძე, საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრის დირექტორი.
პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ აჭარაში რეგისტრირებულ, „დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის“ სახელმწიფო პროგრამის ანტენატალური მეთვალყურეობის კომპონენტით მოსარგებლე ორსულებს/ან მათ მეუღლეებს, რომლებიც დარეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში 0-დან 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულით; ასევე თუ ორსული ან მეუღლე არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი.
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ცნობით, მშობელთა სკოლა ფუნქციონირებს შემდეგ დაწესებულებებში: შპს საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრი; შპს ირის ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრი „მედინა“; მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი; შპს „BROTHERS“ – ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალი და შპს ბათუმის სამედიცინო ცენტრი.
თიბისი ლიზინგის მხარდაჭერით ბათუმში, პირველი კრაფტ ლუდის სივრცე, „9 მთა“ გაიხსნა, სადაც ლუდის მოყვარულებს ათობით არომატის ლუდისა და გემრიელი კერძების დაგემოვნება შეეძლებათ.
ქართული კრაფტ ლუდი „9 მთა“-ს უნიკალურობა, მის ხელით შექმნაში მდგომარეობს. „9 მთა“ სპეციალურად ქართველი მომხმარებლისთვის ნორვეგიაში შეიქმნა. ამ ლუდების რეცეპტის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღო პირველმა ნორვეგიელმა კრაფტ ლუდის მხარშველმა ჯიკიუნ კჟეტილმა. ბრენდის მიზანია, ქართული ლუდის სამყაროს დახვეწა, გამრავალფეროვნება და საქართველოში კრაფტ ლუდის კულტურის ჩამოყალიბება. ამავდროულად, ადგილზე შესაძლებელია მსოფლიოს წამყვანი ლუდსახარშების: Mikkeller,BrewDog, Omnipollo ნაწარმის დაგემოვნება. წარმოდგენილი კერძების ფილოსოფია კი, ქართულ და მსოფლიო სამზარეულოებში მოგზაურობას ეფუძნება.
„მოხარულები ვართ, რომ ჩვენს ერთგულ მომხარებელს კიდევ ერთ, ახალ ლოკაციაზე – ბათუმში ვუმასპინძლებთ. გვინდოდა პროექტი აქტიური ტურისტული სეზონის დაწყებამდე გაგვეხსნა, რაც თიბისი ლიზინგის ხელშეწყობით მარტივად მოვახერხეთ. საქმიანობისთვის საჭირო დანადგარების შესაძენად ლიზინგი ყველაზე მოქნილი მეთოდი აღმოჩნდა, სწორედ ამიტომ, ახლა უკვე მემედ აბაშიძის 42ა-ში ველით ნამდვილი კრაფტ ლუდის მოყვარულ სტუმრებს,“- მარიამ მშვილდაძე, გენერალური მენეჯერი.
„თიბისი ლიზინგისთვის მცირე ბიზნესის ხელშეწყობა პრიორიტეტულია. HORECA სექტორის განსაკუთრებული მოთხოვნა სამზარეულო დანადგარებსა და ტექნიკაზე ფიქსირდება, რასაც ძალიან მოკლე დროში, მარტივი დაფინანსებით ვპასუხობთ და ვუთავისუფლებთ კაფე-ბარებსა თუ რესტორნებს საქმიანობის განვითარებისთვის საჭირო რესურსს. „9 მთა“ უკვე წლებია, რაც მომხმარებლის სიყვარულით სარგებლობს და მიგვაჩნია, რომ ბათუმის ფილიალის გახსნით ის კიდევ უფრო მეტ ერთგულ სტუმარს შეიძენს,“ – ზურაბ გუგუშვილი, თიბისი ლიზინგის კომერციული დირექტორი.
60-ზე მეტი მედიასაშუალება ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, რომლითაც მედიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ ინიცირებულ რუსულ კანონპროექტს.
განცხადებას, რომლის ხელმომწერიც „ნეტგაზეთი“/„ბათუმელებიცაა“, უცვლელად გთავაზობთ:
„ჩვენ, განცხადებაზე ხელმომწერი მედიაორგანიზაციები, კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ ინიცირებულ რუსულ კანონპროექტებს „უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ.
მიგვაჩნია, რომ ამ კანონის მიზანია, აღარ ისმოდეს კრიტიკული ხმა, მედიამ და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ვეღარ ასახონ ქვეყანაში არსებული კორუფცია, უსამართლობა და სიღარიბე.
ამას ადასტურებს წლების წინ რუსეთში მიღებული ანალოგიური კანონის შედეგები – დაიხურა სამოქალაქო და მედიაორგანიზაციები, ჟურნალისტები კი დევნის მსხვერპლნი გახდნენ.
ამ კანონის მიღება აზიანებს ევროკავშირში გაწევრების პროცესს, რაზეც 24 თებერვლის განცხადებით ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლობამ მკაფიოდ მიუთითა. შესაბამისად, წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილება საქართველოს განვითარებას აფერხებს და დღეს გაჩენილ შესაძლებლობის ფანჯარას ხურავს.
ჩვენ ვემსახურებით საზოგადოებას და გვაღელვებს ჩვენი ქვეყნის მომავალი. არ ვაპირებთ ამ იარლიყით მუშაობას. შესაბამისად, რუსული კანონის მიღების შემთხვევაში, უარს ვაცხადებთ „უცხოური გავლენის აგენტად“ რეგისტრაციაზე. ეს შეურაცხყოფს ჩვენს პროფესიულ ღირსებას,“ – ვკითხულობთ განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ:
netgazeti.ge
პუბლიკა (publika.ge)
ინდიგო
სტუდია მონიტორი
queer.ge
dev.ge
On.ge
ტაბულა
სამოქალაქო საქართველო – civil.ge
მედიაჩეკერი
პროექტი 64
Chai Khana media
Ufleba.ge
გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება “აი, ფაქტი”
მედია ჰოლდინგი კომერსანტი
OC Media
მედიაპორტალი “კაქტუსი,” cactus-media.ge
ჯემნიუსი (jam-news.net)
ონლაინ გამოცემა sova.news
რეალპოლიტიკა (realpolitika.ge)
“მთის ამბები” – mtisambebi.ge
საქართველოს ამბები – sakartvelosambebi.ge
ჟურნალისტიკის რესურსცენტრი JRC
საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი
ქართლის ამბები (qartli.ge)
გორის სათემო რადიო მოზაიკა, mozaikanews.ge
TV მედიამონიტორინგი
„ქართული მედია ჯგუფი“ – metalab.ge / feminism.ge
დია
სათემო რადიო “მარნეული”
ქალთა სათემო რადიო
ქვემო ქართლის მედია – QvemoQartli.ge
ნეო ტვ – neotv.ge
მარნეული TV
რადიო ბოლნელი
სათემო რადიო “ნორი”, ნინოწმინდა, nor.ge
ტელეკომპანია “ბორჯომი”, borjomi.tv
მეცხრე არხი, ახალციხე
სამცხე-ჯავახეთის ჟურნალისტთა კავშირი
მედია სახლი – სამხრეთის კარიბჭე sknews.ge
ჯავახეთის საინფორმაციო ცენტრი, ახალქალაქი, jnews.ge
TOK TV
Batumelebi.ge
TV 25
ტელეკომპანია “მეცხრე ტალღა”, ფოთი
რადიო ათინათი
კოლხეთი 89
ეგრისი TV
რადიო ოდიში
ჰარმონია
კახეთის ხმა, knews.ge
საინფორმაციო სააგენტო „სპექტრი“, გურჯაანი, speqtri.ge
პანკისის სათემო რადიო
თანამგზავრი TV
ონლაინ გამოცემა “ქუთაისიპოსტი” kutaisipost.ge
რიონი TV
იმერვიზია TV
მეგა TV
TV ზარი
რადიო რიონი
რადიო ზარი
გურია TV
მცხეთა-მთიანეთი
აგროგარემო TV
საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს კანონპროექტის მიღებას, რომლის ანალოგის დამტკიცების შედეგად რუსეთში არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ჯერ „უცხოურ აგენტად“ გამოაცხადეს, შემდეგ კი სრულად აკრძალეს. „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონით ქვეყანაში ებრძვიან მედიასაც.
ამჟამად უმრავლესობის წევრებს „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ ორი კანონპროექტი აქვთ ინიცირებული: 1. როგორც თავად ამბობენ, აშშ-ში მოქმედ „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ [FARA] “უფრო შერბილებული” ვერსია და 2. “ალტერნატივის სახით ამერიკული კანონის ანალოგი”.
საქართველოში მსგავსი კანონის მიღებას აკრიტიკებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მისი არმიღებისკენ ხელისუფლებას მოუწოდებენ დასავლელი პარტნიორებიც, მათ შორის, აშშ, სადაც „უცხოური აგენტების რეგისტრაციის“ შესახებ კანონი თითქმის ერთი საუკუნის წინ ამოქმედდა.
დღეს, 27 თებერვალს, თურქეთში, მალათიის პროვინციაში, 5,6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.
პირველადი ცნობებით, მიწისძვრის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა და 69 დაშავდა. დანგრეულია შენობები. ადგილზე მაშველების ჯგუფები მუშაობენ.
მოქალაქეები, რომლებიც მიწისძვრის შემდეგ გამოვიდნენ ქუჩებში, საგანგებო სიტუაციების სამსახურმა გააფრთხილა, რომ შორს დარჩნენ ნაგებობებისგან და არ შევიდნენ დაზიანებულ შენობებში.
გაერთიანებული სამეფოს 27 თებერვლის ანგარიში უკრაინის ქალაქ მარიუპოლში არსებულ მდგომარეობას მიმოიხილავს. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, 2023 წლის 21 თებერვლის შემდეგ, პრორუსმა ჩინოვნიკებმა რუსეთის მიერ ოკუპირებული მარიუპოლის ირგვლივ მინიმუმ 14 აფეთქების შესახებ განაცხადეს.
უწყების ცნობით, აფეთქების ადგილებში შედის იარაღის საწყობი აეროპორტში, ორი საწვავის საცავი და ერთი ფოლადის საწარმო, რომლებსაც რუსეთი სამხედრო ბაზად იყენებს. დაზვერვის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მარიუპოლი ფრონტის ხაზიდან, მინიმუ 80 კილომეტრითაა დაშორებული.
ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, რუსეთი, სავარაუდოდ, შეშფოთებული იქნება, რომ აუხსნელი აფეთქებები ხდება იმ ზონაში, რომელიც მანამდე შეაფასა, როგორც „უკრაინის რუტინული თავდასხმების შესაძლებლობის ფარგლებს გარეთ მყოფი“.
„მიუხედავად იმისა, რომ ომის ადრეულ ეტაპზე მარიუპოლის დიდი ნაწილი განადგურდა, რუსეთისთვის ის კვლავაც მნიშვნელოვან ქალაქდ რჩება, რადგან ის არის უდიდესი ქალაქი, რომელიც რუსეთმა დაიპყრო 2022 წელს, რომელსაც ჯერ კიდევ აკონტროლებს და რომელიც მთავარ ლოჯისტიკურ მარშრუტზე მდებარეობს“, – ვკითხულობთ გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის 27 თებერვლის ანგარიშში.
აჭარაში “უშვილობის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის” პროგრამის ბიუჯეტი 200 ათასი ლარით გაიზარდა და მიმდინარე წლიდან 700 000 ლარს შეადგენს.
პროგრამა აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ გასულ წელს, პილოტურ რეჟიმში აამუშავა. სამინისტროს ცნობით, უშვილო წყვილების სამედიცინო მომსახურება ფინანსდება 80%, 90% და 100%-ით; დასაფინანსებლად ბენეფიციართა სარეიტინგო ქულა პროგრამის ამოქმედებისას 200 ათასი იყო, ახლა 300 ათასია.
პროგრამით სარგებლობენ აჭარის ტერიტორიაზე რეგისტრირებული 300 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე, სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე, არანაკლებ ერთი წლის განმავლობაში კანონიერ ქორწინებაში მყოფი უშვილო წყვილები, რომელთაც აჭირდებათ შესაბამისი რეპროდუქციული სამედიცინო დახმარება.
უშვილობის დიაგნოსტირებისა და მკურნალობის საშუალო საბაზრო ფასი დღეს დაახლოებით 10 000 ლარია. ამ სერვისს საქართველოში არც ერთი სადაზღვევო პაკეტი არ ანაზღაურებს.
სამინისტროს ცნობით, გასულ წელს პროგრამის ფარგლებში გაიცა 89 ვაუჩერი.
გასწორება: სიახლის სათაური თავდაპირველად იყო “აჭარაში უშვილობის მკურნალობის პროგრამით დაფინანსება 100%-მდე გაიზარდა”, თუმცა აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ მოგვიანებით დააზუსტა, რომ პროგრამის ბენეფიციართა ნაწილისთვის მკურნალობის 100%-ით დაფინანსება აქამდეც იყო შესაძლებელი.ამავე თემაზე:
მოსამართლე ლევან ყოლბაიამ გალიფ ოზთურქს შეუფარდა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.
განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი დღეს, 27 თებერვალს, გამოაცხადა მოსამართლე ლევან ყოლბაიამ.
მოსამართლემ სასჯელის მინიმალური ოდენობა შეუფარდა ოზთურქს – ნარკოდანაშაული, რომლის ჩადენასაც პროკურატურა ედავება ბიზნესმენს, 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დაცვის მხარე ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.
ბიზნესმენი, მილიონერი გალიფ ოზთურქი საქართველოსა და თურქეთის მოქალაქეა. მის წინააღმდეგ გამოძიება ფინანსური კუთხით დაიწყო, თუმცა თავდაპირველად პროკურატურა მას ნარკოდანაშაულის ჩადენის მუხლით მიედავა, 9-თვიანი ინტერვალის შემდეგ კი, ფინანსურ დანაშაულზე წარუდგინეს ბრალი – უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის და ფულის გათეთრების მუხლებით.
ნარკოდანაშაულის საქმეზე, პროკურატურის ვერსიით, ჩხრეკის დროს ოზთურქის საცხოვრებელი აპარტამენტებიდან 7,2159 გრამი კოკაინი ამოიღეს.
სავარაუდო ფინანსურ დანაშაულზე კი, ოზთურქის წინააღმდეგ მიმდინარე საქმის განხილვა ჯერ არ დაწყებულა.
—————
მილიონერი გალიფ ოზთურქი ბათუმში 31 მაისს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სპეცოპერაციის დროს დააკავა. 2 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ოზთურქს არა ფინანსური დანაშაულის ჩადენას [როგორც ამის შესახებ უწყებამ წინასწარ განაცხადა], არამედ ოფიციალურად მხოლოდ ნარკოდანაშაულსედავებიან. სამართალდამცავების ვერსიით, ჩხრეკის დროს ოზთურქის საცხოვრებელი ბინიდან 7,2159 გრამი კოკაინი ამოიღეს.
2022 წლის 5 ივლისს კომპანია „მეტრო ტერმინალმა“ ექსპერტიზის დასკვნა გაასაჯაროვა, რომლის მიხედვითაც, ოზთურქის სისხლში ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერება არ აღმოჩნდა. 6 ივლისს კი, გალიფ ოზთურქი ბათუმის საქალაქო სასამართლომ მარიხუანის „მცირე ოდენობით შენახვისთვის“ 500 ლარით დააჯარიმა. აქ გაირკვა, რომ ოზთურქს სისხლის სამართლის საქმის გარდა მარიხუანის ნაწილშიც ადმინისტრაციული წესით ედავებოდნენ.
„ქართველ გოგოს წითელი და მწვანე თმა რატომ უნდა ჰქონდესო“, – პოლიციელი ირაკლი ჯორბენაძე მოსამართლეს მოუყვა, რა უთხრა ბრალდებულმა კაცმა, როცა ძალადობის ადგილზე მივიდნენ პოლიციელები.
დისკრიმინაციული მოტივით, კონკრეტულად კი, გარეგნობის და სქესის გამო, ფიზიკურ ძალადობას პროკურატურა თემურ შ.-ს ედავება.
ძალადობის ეს შემთხვევა ბათუმში გასული წლის ბოლოს მოხდა, ჭავჭავაძისა და ასათიანის ქუჩების კვეთასთან. გამოძიების ვერსიით, კაცი ქუჩაში მიმავალ ორ არასრულწლოვან გოგოს თავს დაესხა – აგინა და სცემა.
გოგოების თქმით, მათ კაცი გარეგნობის – პირსინგის, ტატუებისა და თმის ფერის გამო დაესხა თავს. არასრულწლოვანმა დაზარალებულებმა მოსამართლე ნინო სახელაშვილს უთხრეს, რომ დამნაშავის მკაცრად დასჯას ითხოვენ.
ბრალდებული ამ ეტაპზე დუმილის უფლებით სარგებლობს.
საინტერესო ამ საქმეში ისაა, რომ ბრალდებული კაცი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა მოსამართლე კოტე ჭილაიამ, ამჯერად კი, იგი წინასწარ პატიმრობაშია – აღკვეთი ღონისძიება პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ შეცვალა.
„რატომ უნდა იყვნენ ასეთ ფერებშიო, იმავეს ამბობდა, როცა მის დასაკავებლად მივედით“, – თქვა გამომძიებელმა.
„გოგონები როგორ გამოიყურებოდნენ?“ – იკითხა პროკურორმა ანა როყვამ.
„ტატუებში იყვნენ“, – თქვა გამომძიებელმა ირაკლი ჯორბენაძემ.
გამომძიებელმა მოსამართლეს ასევე დაუდასტურეს, რომ გოგოებს ემჩნეოდათ, არასრულწლოვნები რომ იყვნენ.
ერთ-ერთ გამომძიებელს ადვოკატმა მალხაზ ზოიძემ ჰკითხა, ხომ არ იყო ბრალდებული ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ. გამომძიებლის თქმით, კაცს ალკოჰოლის სუნი არ ჰქონდა და არც ალკოჰოლის მოხმარებაზე შეუმოწმებიათ.
მოწმეების გამოკითხვა ამ საქმეზე უკვე დასრულდა, თუმცა დასკვნითი სიტყვის თქმის ეტაპი მოსამართლემ ადვოკატის შუამდგომლობის საფუძველზე გადადო.
იმავე ბრალდებულს გამოძიება ასევე ედავება ძაღლის ქურდობას. ამ საქმეში დაზარალებული ქალი ჰყვება, რომ ძვირადღირებული ძაღლი ერთ-ერთ მარკეტში დაკარგა. ვიდეოკამერის ჩანაწერებით კი, ძაღლი იმ კაცს მიჰყავს, რომელსაც ახლა მოზარდებზე ფიზიკურ ძალადობას ედავებიან.
აშშ-ის საელჩო საქართველოში საქართველოს კალათბურთის ნაკრებს ისტორიულ წარმატებას ულოცავს.
„ვულოცავთ საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ნაკრებს ისტორიულ წარმატებას და პირველად მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლას
ამერიკის საელჩო ამაყობს, რომ მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს საქართველოს კალათბურთის ფედერაციასთან ახალგაზრდა კალათბურთელთა მხარდაჭერის საქმეში.
თქვენ შეჰქმენით ისტორია!“ – წერს საელჩო ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე.
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს, რაც ისტორიაში პირველად მოხდა.
საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა დღეს, 26 თებერვალს, ისლანდიის ნაკრებთან შესარჩევი მატჩი გამართა და მინიმალური სხვაობით, 77-80 წააგო, თუმცა, საბოლოო ჯამში, დაგროვებული ქულებით ჩემპიონატზე გასვლა შეძლო.
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ცნობით, 29 აპრილს ფილიპინების დედაქალაქ მანილაში ჩატარდება წილისყრა, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატზე გასულ 32 ეროვნულ ნაკრებს 8 ჯგუფში გადაანაწილებს. სწორედ ამ დღეს გახდება ცნობილი, ვინ იქნება საქართველოს ნაკრების 3 მეტოქე მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ ჯგუფურ ეტაპზე და რომელ ქვეყანაში იასპარეზებს საქართველოს ნაკრები – ფილიპინებზე, ინდონეზიასა თუ იაპონიაში.
კალათბურთში მსოფლიოს ჩემპიონატი 2023 წლის 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით ზემოთ ხსენებულ 3 ქვეყანაში გაიმართება, ხოლო „პლეიოფში“ გასული გუნდები მანილაში შეიკრიბებიან და მსოფლიოს ჩემპიონს გამოავლენენ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 27 თებერვლის 21 საათიდან 28 თებერვლის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
დღისით: 5 – 10 გრადუსი სითბო
ღამით: 1- 6 გრადუსი სითბო
შიდამთიან რაიონებში:
დღისით: 8 – 13 გრადუსი სითბო
ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა
მაღალ მთაში მოსალოდნელია:
დღისით: 0 – 5 გრადუსი სითბო
ღამით: 5 – 10 გრადუსი ყინვა
სინოპტიკოსების ცნობით, პირველ მარტს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, 2 მარტს ბარში – დროგამოშვებით წვიმა, მთაში კი – თოვა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აჭარის რეგიონში შესაბამისი ნებართვის გარეშე სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების სამი ფაქტი გამოავლინეს, რაზეც უცხოეთის სამი მოქალაქე პასუხისგებაში მისცეს, მათგან ერთი დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს, ქალაქ ბათუმში, სამ სხვადასხვა ლოკაციაზე შენიღბულად მოწყობილი ჰქონდათ ონლაინგათამაშების ობიექტები, საიდანაც შესაბამისი სავალდებულო ნებართვის გარეშე, ინტერნეტის მეშვეობით, საქართველოს ფარგლებს გარეთ მოქმედ ინტერნეტკაზინოების ვებგვერდებზე გადაიცემოდა ლოტოს გათამაშების პროცესი.
დადგენილია, რომ ობიექტების ლეგალურად ფუნქციონირების შემთხვევაში, სახელმწიფო ბიუჯეტში, სანებართვო მოსაკრებლის სახით, თითოეულ მათგანს უნდა გადაეხადა 100 000 ლარი.“ – აცხადებს საგამოძიებო უწყება.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 27 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 148 690 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში + 560]
ტანკი – 3 385 ერთეული [+4]
ჯავშანტექნიკა – 6 621 ერთეული [+6]
საარტილერიო სისტემა – 2 380 ერთეული [+0]
MLRS – 475 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 247 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 300 ერთეული [+1]
ვერტმფრენი – 288 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 2 048 ერთეული [+11]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 873 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 5 248 ერთეული [+6]
სპეცტექნიკა – 230 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 27 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
390 თვითმფრინავი
211 ვერტმფრენი
3 248 უპილოტო საფრენი აპარატი
406 საზენიტო სარაკეტო სისტემა
8 058 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 045 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
4 228 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
8 574 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
„წელი“ – ასე ჰქვია უკრაინელი ჟურნალისტის, დმიტრო კომაროვის დოკუმენტურ ფილმს, რომელიც უკრაინას და მის ბრძოლას ეხება დამოუკიდებლობისთვის. ფილმი რუსეთის წინააღმდეგ სასტიკ ომში მებრძოლი პრეზიდენტის და რიგითი უკრაინელების შესახებ მოგვითხრობს.
„ერთი წლის წინ, როდის გადმოკვეთეთ ამ კარის ზღურბლი?“ – ეკითხება ფილმის დასაწყისში ჟურნალისტი უკრაინის პრეზიდენტს და მისი ოფისის კარზე უთითებს.
„ომი დაიწყო და ეს იყო შოკი ყველასათვის. ომი დაიწყო და ეს იყო ტრაგედია. რთულია დეტალების გახსენება. დამირეკეს, რომ დაიწყო. ჩვენ გავიღვიძეთ – ჩემმა ცოლმა და ოჯახმა,“ – იხსენებს პრეზიდენტი 2022 წლის 24 თებერვლის დილას, როცა რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
გახსოვს, რა უთხარით მათ, როდესაც სახლს ტოვებდით? – ეკითხება ჟურნალისტი ზელენსკის.
„ვფიქრობდი ბავშვების გაღვიძებაზე, რომ მათთვის მეთქვა, რაც ხდება, რომ ომი დაიწყო. ისინი მოზარდები არიან და მათ უნდა იცოდნენ, რაც ხდება. პრინციპში ძალიან სწრაფად წამოვედი. მე მიყვარს ჩემი ოჯახი, მაგრამ ჩემთვის, როგორც პრეზიდენტისთვის, აქ ყოფნა იყო პრიორიტეტი. შემდეგ ისინი მოვიდნენ აქ, რამდენიმე საათის შემდეგ. აქ ყოფნა სახიფათო იყო. უსაფრთხოების სამსახური ამბობდა, რომ მათ არ შეეძლოთ აქ დარჩენა“, – იხსენებს ზელენსკი.
კაბინეტი, საიდანაც ზელენსკი მსოფლიო ლიდერებს ესაუბრება
ფილმში ნაჩვენებია ის კაბინეტი, საიდანაც ზელენსკი მსოფლიო ლიდერებს უკავშირდებოდა ომის დაწყების პირველ საათებში და ესაუბრება დღემდე.
„ყველა საერთაშორისო ზარი აქედან ხორციელდებოდა,“ – ამბობს ზელენსკი და საკუთარ კაბინეტში მიუძღვება ჟურნალისტს. დმიტრო კომაროვი ფილმში ამბობს, რომ ოფიციალური მონაცემებით, 24 თებერვლის დილას ვოლოდიმირ ზელენსკი 27 ქვეყნის პრეზიდენტს ესაუბრა.
„სხვადასხვა ადამიანი მირეკავდა – პრეზიდენტები და პრემიერ-მინისტრები. სხვადასხვა ლიდერი. ზარი-ზარზე შემოდიოდა“, – იხსენებს ზელენსკი.
„იმ დღის განმავლობაში არა. მე მანამდე მინდოდა მასთან დარეკვა. ჩვენ მივიღეთ მინიშნება და დავგეგმეთ საუბარი. მე ვფიქრობდი, რომ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი. რომ მას პერსონალურად ეთქვა უკრაინისა და უკრაინელებისთვის, რომ არ შემოიჭრებოდა. მე ასევე ვთხოვე სხვადასხვა პარტნიორს, რომ ისინი დაკონტაქტებოდნენ რუსეთს. ჩვენ ვითხოვეთ მასთან [რუსეთთან] საუბარი რამდენჯერმე. მაგრამ ისინი არ იყვნენ მზად“, – იხსენებს ზელენსკი.
ზელენსკის გარდერობი
ზელენსკი ამ დოკუმენტურ ფილმში ხსნის, როგორ გაჩნდა მის ჩაცმულობაში ხაკისფერი მაისური.
„დაახლოებით დილის ხუთ საათზე თქვენ პირველად გამოჩნდით ხაკისფერი მაისურით. ასე სწრაფად როგორ გადაწყვიტეთ შეგეცვალათ ოფიციალური დრესკოდი სამხედრო ფორმით? – ჰკითხა ჟურნალისტმა ზელენსკის.
„მახსოვს, რომ ეს არაკომფორტული იყო. შინაგანად იმ მომენტში ყველა ჩვენგანი უკვე შეცვლილი იყო. ყველაფერი შეიცვალა. ცხოვრება შეიცვალა და შეუძლებელი გახდა იმის დაბრუნება, რაც იყო მანამდე. მე მქონდა მაისური, რომელსაც ვიყენებდი, როდესაც ფრონტის ხაზზე მივდიოდი. პატარა გარდერობი მაქვს აქ“, – უპასუხა პრეზიდენტმა.
მოგვიანებით კი დასთანხმდა ჟურნალისტის თხოვნას და აჩვენა გარდერობი, რომელსაც ომის დროს იყენებს. უკრაინის პრეზიდენტის გარდერობში ახლა მხოლოდ სამხედრო მაისურები და ხაკისფერი ქურთუკებია.
ერთადერთი პიჯაკი პრეზიდენტს იმ დღისთვის აქვს შენახული, როცა ომი დასრულდება.
გარდერობიდან სამუშაო კაბინეტში დაბრუნებისას ზელენსკი გარდერობის ოთახში შუქს აქრობს და ჟურნალისტს უბოდიშებს ამისთვის: „ბოდიში, მაგრამ უნდა ჩავაქრო სინათლე. იმიტომ, რომ ჩვენ ვცდილობთ დავზოგოთ ისე, როგორც შეგვიძლია. ახლა ეს უკვე ჩვევა გახდა“.
ზელენსკის საძინებელი, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აქვს მოწყობილი
ფილმიდან ვიგებთ, რომ ერთი წელია ზელენსკი ღამეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფისში ათევს.
„ეს პრეზიდენტის საწოლია და თქვენ აქ იყავით 24-25 თებერვალს? – ჰკითხა მას დმიტრო კომაროვმა.
„დიახ, დიახ… და ჩვენ ხანდახან ჩავდიოდით თავშესაფარში, მაგრამ ზოგადად აქ ვცხოვრობ. ეს ჩემი სახლია. აქ ვცხოვრობ ერთი წელია“.
დოკუმენტურ ფილმში უკრაინის პრეზიდენტმა ვრცლად ისაუბრა იმ საფრთხეებზე, რომელიც ომის დაწყებისას მის პირად უსაფრთხოებას შეეხებოდა.
დმიტრო კომაროვი: ბატონო პრეზიდენტო, 24 თებერვალს, როდესაც იყო არაორდინალური ატმოსფერო. როდესაც თქვენი პოლიტიკური რეჟიმის დამხობის მოსურნეები და დივერსანტების ჯგუფი იყო პეჩერსკიში, წარმოგედგინათ, რომ რუსები შესაძლოა ამ ოთახში შემოსულიყვნენ?
ზელენსკი: „ყველამ წარმოიდგინა ეს. ამიტომ არ მიფიქრია ამაზე. მაგრამ მცველები მუდმივად მახსენებდნენ ამას“.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და ჟურნალისტი დმიტრო კომაროვი
დმიტრო კომაროვი: გიფიქრიათ იმაზე, რომ შესაძლოა იმ დღეს მოეკალით?
ზელენსკი: არა, მე მითხრეს, ჩაალაგე… იმიტომ, რომ მე ვიყავი სამიზნე და ა.შ. შემდეგ მათ გააკეთეს ყველაფერი, რაც შეეძლოთ, რომ მე უსაფრთხო ადგილას წავსულიყავი და ამ მომენტში, მე ჩავთვალე, რომ ვფიქრობდი რაღაც სხვაზე. მე არ ვფიქრობდი საკუთარ თავზე, თუ რა მომივიდოდა. ეს არ იყო სიმამაცე. მე ვფიქრობდი შედეგებზე, რაც ჩემს წასვლას მოჰყვებოდა – რაც შემდეგ მოხდებოდა, იქნებოდა ჩემი პასუხისმგებლობა. თუ წავალ, არავინ მკითხავს მომავალში, ვინ შემომთავაზა ეს.
იქნება მხოლოდ ერთი შედეგი: შენ მიატოვე შენი ქვეყანა. შენ უღალატე.
დმიტრო კომაროვი: ჩვენ აქამდე ასე ახლოს არ გვისაუბრია. რაც აღმაფრთოვანებს ისაა, რომ თქვენ არ შეცვლილხართ შინაგანად, მაგრამ შეიცვალეთ გარეგნულად. როცა გიყურებთ თვალებში, მინდა გითხრათ, რომ ისინი აჩვენებენ იმ ტკივილს, რასაც გრძნობთ.
ზელენსკი: არ შემიძლია გითხრათ, რას ამბობენ ჩემი თვალები, ეს არის როგორც არის. ყველაფერი კარგადაა.
ჩვენი დამცველები ყოველდღე აკავებენ რუსეთის ძალების შემოჭრას და ემზადებიან კონტრშეტევისთვის. უკრაინა მზად არის ნებისმიერი გამოწვევისა და საფრთხისთვის. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსის მოადგილემ ვადიმ სკიბიცკიმ განაცხადა.
სკიბიცკის თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები, თავდაცვის ძალები, უკრაინის ყველა დამცველი მზადაა გაზაფხული-ზაფხულის კამპანიის ნებისმიერი სცენარისთვის, რაც ძალიან რთული იქნება.
სკიბიცკიმ აღნიშნა, რომ უკრაინის ხელისუფლებას გააზრებული აქვს ყველა სირთულე. მისი თქმით, მომზადების პროცესში უკრაინის სახელმწიფო აძლიერებს თავის შესაძლებლობებს, იძენს გამოცდილებას და პარტნიორების ძლიერ მხარდაჭერას.
გარდა ამისა, დაზვერვის უფროსის მოადგილემ განაცხადა, რომ ახლა არსებობს მკაფიო მხარდაჭერა და გეგმები, რომლებიც ყოველთვიურად „რამშტაინზე“ თანხმდება.
პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობისა და ჩვენი ჯარისკაცების გმირობის წყალობით, კრემლმა მთავარ მიზანს – დონბასის სრულ ოკუპაციას – მთელი წლის განმავლობაში ვერ მიაღწია, განაცხადა სკიბეცკიმ. მან ასევე დასძინა, რომ რუსეთში დაწყებულია რღვევის შეუქცევადი პროცესი.
უკრაინის დაზვერვის წარმომადგენლის თქმით, უკრაინის ეს შედეგი გამოწვეულია იმით, შეიარაღებული ძალების მებრძოლები, რაც შეიძლება სწრაფად ითვისებენ დასავლურ იარაღს.
„ამ ადამიანებს აქვთ საბრძოლო გამოცდილება, ამიტომ ეუფლებიან ისინი ასე სწრაფად დასავლურ ტექნიკას, ორ-სამ კვირაში“, – განმარტა სკიბიცკიმ.
უკრაინის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და ქვეყანაში 2 წლით ყოფნის უფლება აქვთ. ამ დრომდე ნებისმიერი იმ ქვეყნის მოქალაქეს, ვისაც საქართველოში უვიზოდ შემოსვლის უფლება ჰქონდა, საქართველოში 1 წლით დარჩენა შეეძლო. გამონაკლისი ამჯერად მხოლოდ უკრაინა იქნება.
საქართველოს მთავრობის დადგენილებაში – „იმ ქვეყნების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა“, შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც უკრაინის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული 2 წლის ვადით ყოფნის უფლება აქვთ.
მთავრობის ახალი დადგენილება 2023 წლის 24 თებერვლიდან შევიდა ძალაში.
„დანართში მითითებული ქვეყნების მოქალაქეებს აქვთ საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული 1 წლის ვადით ყოფნის უფლება, გარდა უკრაინის მოქალაქეებისა.
უკრაინის მოქალაქეებს აქვთ საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული 2 წლის ვადით ყოფნის უფლება“. – აღნიშნულია კანონში.
იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომელთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა, 95 სახელმწიფოა, მათ შორისაა რუსეთის ფედერაცია.
ამ დრომდე, საქართველოს უკრაინასთან ჰქონდა სავიზო შეთანხმება, რომლის მიხედვითაც უკრაინის მოქალაქეებს ჩვენს ქვეყანაში ყოფნა 365 დღით უვიზოდ შეეძლოთ.
გავრცელებული პრაქტიკის თანახმად, უკრაინის მოქალაქეები ერთი დღით ან რამდენიმე საათით კვეთდნენ საქართველოს საზღვარს, გადადიოდნენ რომელიმე მეზობელ ქვეყანაში და საქართველოში დაბრუნებისას მათი ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის ვადა თავიდან აითვლებოდა. თუმცა ეს იმ შემთხვევაში, როდესაც პირს ბიომეტრიული პასპორტი აქვს.
მსოფლიოს მასშტაბით ამერიკის უნივერსიტეტები მაღალი რეიტინგებით გამოირჩევიან და მიიჩნევა, რომ სწორედ ამერიკაშია შესაძლებელი ყველაზე ხარისხიანი განათლების მიღება. რა თქმა უნდა, შესაბამისი ფასიც აქვს და ბაკალავრიატში სწავლის წლიური გადასახადი 70000-80000 დოლარია, თუმცა ქართველ ახალგაზრდებს აქვთ შანსი დაფინანსების მოპოვების.
გთავაზობთ რჩევებს, თუ რა არის საჭირო ამერიკულ უნივერსიტეტებში ჩასარიცხად და დაფინანსების მოსაპოვებლად:
– ამერიკული უნივერსიტეტები ზრუნავენ თავიანთ იმიჯზე, შესაბამისად ცდილობენ ყველა სტუდენტი იყოს გამორჩეული და საინტერესო. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ გენიოსი უნდა იყო. საკმარისია მცირეოდენი სამოქალაქო აქტივობა და საკუთარი თავის სწორად წარმოჩენა. ამიტომაც, თავდაპირველად უნდა დაუსვათ საკუთარ თავს კითხვა – რა არის ჩემში განსაკუთრებული? რით შემიძლია ვიყო გამორჩეული. ყველა ქართველისთვის პასუხი მარტივია – ძირძველი კულტურის წარმომადგენლობა უკვე დიდი აქტივია, დანარჩენი თქვენ დაამატეთ!
– უნივერსიტეტში ჩარიცხვისთვის მზადება უნდა დაიწყოთ 1-2 წლით ადრე. განაცხადების მიღების ბოლო ვადა ხშირ შემთხვევაში არის 15 დეკემბერი, პირველი იანვარი ან 15 თებერვალი. ამ დროისთვის ყველა დოკუმენტი უნდა გქონდეთ მზად. ასევე არის შანსი, ექსკლუზიურობა მიანიჭოთ რომელიმე უნივერსიტეტს. ე.წ. early decision (ადრეული გადაწყვეტილება) მიიღოთ. ეს ნიშნავს, მხოლოდ ერთ უნივერსიტეტში განაცხადის შეტანას.
ადრეულ გადაწყვეტილებას უნივერსიტეტები ძალიან აფასებენ, გარკვეულწილად ეს ერთგულებაშიც ეთვლებათ და ამ დროს აბიტურიენტს უნივერსიტეტში მოხვედრის მეტი შანსი აქვს. ამ შემთხვევაში განაცხადი პირველ ოქტომბრამდე უნდა შეიტანოთ, თუმცა ინდივიდუალურია და სჯობს შერჩეულ უნივერსიტეტებში გადაამოწმოთ თარიღები.
– ნიშნები – კარგი აკადემიური მოსწრება დასაფასებელია, თუმცა არ არის სავალდებულო. შეიძლება აბიტურიენტი საშუალოდ სწავლობდეს სკოლაში, მაგრამ სხვადასხვა ნიჭით და სამოქალაქო აქტიურობით ისე გამოირჩეოდეს, რომ მაღალრეიტინგულმა უნივერსიტეტმა გაუღოს კარი. თუ განაცხადს სკოლის დამთავრებამდე გააკეთებთ, სკოლის დირექციამ რეკომენდაციასთან ერთად უნდა შეავსოს ბოლო 3 წლის ნიშნების მონაცემები და ასევე სავარაუდო საბოლოო ნიშნები.
– განაცხადის (აპლიკაციის) მოსაკრებელი – ამერიკაში თითქმის ყველა უნივერსიტეტს დაწესებული აქვს განაცხადის მოსაკრებელი, რაც შეიძლება იყოს 50$, 70$ ან ზოგჯერ 150$. ვინაიდან სულ მცირე 20 უნივერსიტეტში შეუძლია აბიტურიენტს განაცხადის გაგზავნა, ჯამში საკმაოდ დიდ თანხაზე ადის. მაგრამ სკოლის ადმინისტრაციას რეკომენდაციის გაწევის დროს შეუძლია მიანიშნოს, რომ კანდიდატი არის განვითარებადი ქვეყნიდან და სთხოვოს უნივერსიტეტს აპლიკაციის მოსაკრებელი მოუხსნან (waive). უმეტესწილად ასეც მოხდება და უფასოდ შეიტანთ განაცხადს.
– მისაღები გამოცდები – გამონაკლისების გარდა, ამერიკულ უნივერსიტეტებში მოსახვედრად აბიტურიენტმა უნდა ჩააბაროს TOEFL ან IELTS გამოცდები, რაც ინგლისური ენის ცოდნას დაადასტურებს და SAT გამოცდა, რაც მის აზროვნების უნარს და მათემატიკის ცოდნას გამოავლენს. ყველა უნივერსიტეტს თავის ოფიციალურ საიტზე მოცემული აქვს ამ გამოცდებში გამსვლელი ქულების ცხრილი. აღნიშნული გამოცდებისთვის მზადების დაწყება ასევე 1-2 წლით ადრეა სასურველი. ასევე, ვინაიდან გამოცდები საერთაშორისოა და სპეციალურ ცენტრებში ტარდება, რეკომენდებულია მათი რამდენჯერმე გავლა, რომ აბიტურიენტმა კარგად გაიაზროს, რა ტიპის კითხვებზე პასუხის გაცემა და რა დროში უნდა მოასწროს. სტატისტიკურად, თითოეული აბიტურიენტი საკუთარ შედეგებს სულ მცირე 10%-ით აუმჯობესებს ყოველ ჯერზე. როგორც კი გამსვლელ ქულას დააგროვებთ, შეგიძლიათ გააკეთოთ განაცხადი უნივერსიტეტებში.
– საზოგადოებრივი აქტივობა და მიღწევები – უნივერსიტეტები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, რამდენად აქტიურია აბიტურიენტი სამოქალაქო კუთხით, რამდენად ეხმარება სხვებს, ზრუნავს გარშემომყოფებსა და გარემოზე. სააპლიკაციო ფორმაში აბიტურიენტმა სულ მცირე 3 აქტივობა უნდა ჩამოთვალოს, სადაც აღწერს საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართულობას. აქ შეიძლება მიუთითოთ ოლიმპიადებსა და კონკურსებში გამარჯვების შესახებაც. ეს აქტივობები ხშირად გადამწყვეტია, ამიტომ დიდი ყურადღება უნდა მიაქციოს ჩარიცხვის მსურველმა.
აბიტურიენტი უნდა იყოს გამორჩეული სხვა თანატოლებისგან, მონაწილეობდეს კონკურსებში, ოლიმპიადებში, საქველმოქმედო აქციებში, თავისი სიტყვა უნდა ჰქონდეს ნათქვამი საზოგადოებისთვის ამ ასაკშიც კი. ამ უნარმა შეიძლება აკადემიური ქულებიც კი გადაფაროს, იმდენად მნიშვნელოვანია უნივერსიტეტებისთვის მათი სტუდენტის სამოქალაქო შეგნება და აქტიურობა.
– სამოტივაციო ესეი – personal statement – ყველა სხვა დანარჩენ პუნქტებს შორის უპირატესია, ვინაიდან ის აღწერს აბიტურიენტს, როგორც პიროვნებას, მის წარსულს, ხასიათს, უნარებს, ნიჭს, დამოკიდებულებებს, ღირებულებებს. სამოტივაციო ესეის წერას თავისი მიდგომები აქვს, რაც ცალკე განხილვის საგანია. სანამ წერას დაიწყებთ, დაგუგლეთ საუკეთესო ესეები, რომლებიც წინა წელს გამოვლინდა, გადაიკითხეთ და მიხვდებით, რას ენიჭება უპირატესობა, რა ფორმატი უნდა ჰქონდეს. საშუალოდ ესეი 250-დან 650 სიტყვას უნდა მოიცავდეს და საინტერესოდ წარმოდგენილი უნდა იყოს.
– რეკომენდაციები – ამერიკულ უნივერსიტეტებში სულ მცირე 2 რეკომენდაცია უნდა წარადგინოთ. ერთი რეკომენდაცია უშუალო სკოლის მასწავლებლისგან უნდა იყოს გაგზავნილი, ერთიც სკოლის ხელმძღვანელობისგან და შესაძლებელია მესამე რეკომენდაციის დართვაც იმ ადამიანისგან, რომელიც აბიტურიენტს პიროვნულად კარგად იცნობს. რეკომენდატორების მონაცემები იწერება აპლიკაციაში და ისინი ცალკე ელექტრონულ შეტყობინებას იღებენ მითითებებით, სად და როგორ შეავსონ რეკომენდაცია.
– გადასახადის დაფინანსება – აპლიკაციის შევსების დროს ზოგიერთი უნივერსიტეტი ითხოვს აპლიკანტის ოჯახის ფინანსური შემოსავლების შესახებ ანგარიშს. აღნიშნული შესაძლებელია მომზადდეს ცალკე CSS პორტალზე და გადაიგზავნოს სხვადასხვა უნივერსიტეტში. აღნიშნული ფასიანია, თუმცა ზოგიერთი უნივერსიტეტი საკუთარ პორტალზე ითხოვს ფინანსური მონაცემების გადაგზავნას, ამიტომ არ იჩქაროთ და დაელოდეთ მოთხოვნას. საბოლოო გადაწყვეტილება დაფინანსების შესახებ ჩარიცხვის წერილთან ერთად გეგზავნებათ. თუ კიდევ გსურთ დაფინანსების მიღება, შეგიძლიათ მიმართოთ უნივერსიტეტს და თავად გირჩევენ, როგორ არის ეს შესაძლებელი.
ერთი შეხედვით ბევრი რამ არის გასაკეთებელი, მაგრამ მცდელობად ღირს, ვინაიდან ყველას აქვს უნივერსიტეტში მოხვედრის და დაფინანსების მოპოვების შანსი. ასე, რომ არ დაკარგოთ ხარისხიანი განათლების მიღების და მრავალკულტურულ გარემოში ცხოვრების შესაძლებლობა. ჩვენი მხრივ შემდეგ სტატიებში შემოგთავაზებთ დეტალურ ინფორმაციას ესეს წერის ტექნოლოგიებზე, აპლიკაციის შევსების წესებსა და სხვა საჭირო საკითხებზე.
გისურვებთ წარმატებებს!
___
ავტორის შესახებ: ნათია სირაბიძე არის მარკეტინგის დოქტორი, ამერიკის და ევროპის უნივერსიტეტებში სწავლობდა სრული დაფინანსებით; ყოფილი ჟურ ალისფი, წიგნის ავტორი და ციფრული კონტენტის შემქმნელი.
თურქეთში, რიზეს რეჯეპ თაიპ ერდოღანის უნივერსიტეტში სტუდენტები ქართული ენისა და ლიტერატურის შესწავლას შეძლებენ.
შესაბამის პროგრამას აკრედიტაცია თურქეთის უმაღლესი განათლების საბჭომ 24 თებერვალს მიანიჭა. ინფორმაციას ამის შესახებ ტრაპიზონში საქართველოს საკონსულო ავრცელებს.
„მოხარულები ვართ, გაცნობოთ, რომ ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს მხარდაჭერითა და ჩართულობით, თურქეთის უმაღლესი განათლების საბჭომ (YÖK) 24 თებერვალს აკრედიტაცია მიანიჭა რიზეს რეჯეპ თაიპ ერდოღანის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის სასწავლო პროგრამას,“- ნათქვამია საკონსულოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საკონსულო აღნიშნავს, რომ რიზეს უნივერსიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის სასწავლო პროგრამა თურქეთის რესპუბლიკაში პირველი სასწავლო პროგრამაა, რომელმაც სასწავლო პროგრამების შეფასებისა და აკრედიტაციის ასოციაციაში (FEDEK) აკრედიტაციის მოპოვება შეძლო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 26 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 148 130 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში + 660]
ტანკი – 3 381 ერთეული [+6]
ჯავშანტექნიკა – 6 615 ერთეული [+6]
საარტილერიო სისტემა – 2 380 ერთეული [+7]
MLRS – 475 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 247 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 299 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 288 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 2 037 ერთეული [+2]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 873 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 5 242 ერთეული [+7]
სპეცტექნიკა – 230 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 26 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
390 თვითმფრინავი
211 ვერტმფრენი
3 243 უპილოტო საფრენი აპარატი
405 საზენიტო სარაკეტო სისტემა
8 042 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 045 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
4 222 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
8 556 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა მეორე, კიდევ უფრო გაუარესებული ვერსია შექმნეს კანონპროექტისა, რომლის მიზანიც არასამთავრობო სექტორისა და მედიის შეზღუდვაა – მეორე ვერსია 5 წლამდე პატიმრობასაც ითვალისწინებს. ორგანიზაცია “მედიაომბუდსმენის” ხელმძღვანელი ნათია კაპანაძე განმარტავს, კიდევ რა ტიპის დევნას გეგმავს ხელისუფლება მოქალაქეების წინააღმდეგ:
„ახალი ვერსია წარმოდგენილია განახლებული სათაურით და შინაარსით. „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონი – ასეთია მისი სახელწოდება. ამ პროექტის მიზანი უცვლელია, – ადამიანები მიიჩნიონ უცხოელ აგენტებად და მათი მაკონტროლებელი მექანიზმები შექმნას სახელმწიფომ. ამ შემთხვევაში ბევრად მრავალფეროვანი ბერკეტებია წარმოდგენილი.
თუკი რუსეთმა 10 წლის განმავლობაში, მოახერხა რეპრესიული გზის გავლა თავისუფალი ადამიანების წინააღმდეგ, 10 დღის განმავლობაში შესაძლებელი გახდა ყველა ის საჭიროება, რომელიც „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა და აქვს, თავმოყრილი ყოფილიყო მეორე ვერსიაში.
უკვე საქმე ეხება როგორც იურიდიულ პირებს, ასევე ფიზიკურ პირებს. ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც დაკავშირებული იქნება უცხოურ წყაროსთან, ავტორების მტკიცებით, აგენტურული საქმიანობა გახდება.
მეორე დოკუმენტის თანახმად, მაკონტროლებელი ორგანოდ სურთ მიიჩნიონ გენერალური პროკურორი, რომელიც გარდა იმისა, რომ კრებს ინფორმაციას რეგისტრირებული ორგანიზაციების და ადამიანების შესახებ, ასევე იღებს გადაწყვეტილებას, ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირებისგან, ნებისმიერი ინფორმაციის მისაღებად.
პროექტის ავტორების ხედვით, ამ კანონის ვალდებულებების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება გამოიწვევს საქართველოს კანონით დადგენილ პასუხისმგებლობას, ეს არის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, თავისუფლების აღკვეთა 5 წლამდე.
თუკი სახელმწიფო ჩათვლის, რომ ინფორმაცია სრულად ვერ მიიღო მისი კონტროლის ქვეშ მყოფი ადამიანებისგან, იურიდიული პირებისგან, ეს იქნება დასჯადი. შესაბამისად, ამ კანონპროექტს თან ერთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილების პროექტი.
სულ ცხრა მუხლია და დეფინიციები შეეხება საჯარო ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების დეტალებს. არის ასეთი ჩანაწერი: დაუშვებელია უცხოური ძალის აგენტმა საქართველოს ხელისუფლების ორგანოს ან თანამდებობის პირს უცხოური ძალის ინტერესებიდან გამომდინარე და მის სასარგებლოდ საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებული ინფორმაციის მისაღებად იმგვარად მიმართოს, რომ წინასწარ არ განაცხადოს მისი უცხოური ძალის აგენტად რეგისტრაციის შესახებ.
ავტორებს წარმოუდგენიათ, რომ ერთის მხრივ, იურიდიული ან ფიზიკური პირი იქნება დარეგისტრირებული აგენტების რეესტრში, მეორეს მხრივ, მან წერილში უნდა მიუთითოს, რომ ინფორმაცია გამოთხოვილია აგენტის მიერ.
რაც შეეხება კიდევ ერთ კრიტიკულად მნიშვნელოვან დეტალს, ეს არის პერსონალური მონაცემები – კანონპროექტი გამორიცხავს მედიაორგანიზაციებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებში დასაქმებული ადამიანების პერსონალური მონაცემების დაცვის შესაძლებლობას.
ნებისმიერი მიმოწერა ორგანიზაციასა და დონორს შორის, იგულისხმება ფოსტის ან სხვა საშუალების გამოყენებით, რომელიც იქნება გაგზავნილი, იურიდიულმა ან ფიზიკურმა პირმა, 48 საათში, იგივე მიმოწერა უნდა წარუდგინოს გენერალურ პროკურორს.
მეორე პროექტის თანახმად, ამგვარი საქმიანობის მონაწილე, ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირის ნებისმიერი პროექტი, შენაძენი, შემოსავალი იქნება საჯარო.
ინიციატივა, რომელიც თითქოსდა შეეხება ფინანსურ გამჭვირვალობას, სინამდვილეში მეორე ვერსიის მეშვეობით კიდევ უფრო ნათლად აჩვენებს, რომ მთელი ეს პროცესი ეძღვნება ადამიანის უფლებების პატივისცემაზე უარის თქმის, დამოუკიდებელი საქმიანობების კონტროლის წარმატებული რუსული მექანიზმების დაკანონებას.
ჩემთვის ცნობილია, რომ ავტორებმა 22 თებერვალს წარადგინეს კანონპროექტის მეორე ვერსია, რომლის მიზანიც არასამთავრობო სექტორისა და მედიის შეზღუდვაა. ოფიციალურად გამოქვეყნებული ინფორმაციით, ორშაბათს დანიშნულია საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომა, მაღალი ალბათობით, რუსული კანონპროექტის ახალი ვერსია იქნება ბიუროს სხდომაზე განსახილველი ერთ-ერთი საკითხიც.
საქართველოს პარლამენტის უმრავლესობა გეგმავს რუსული კანონის მიღებას, რასაც არასამთავრობო სექტორისა და მედიის ფინანსური გამჭვირვალობის აუცილებლობით ხსნიან.
სინამდვილეში მიზანი არასამთავრო ორგანიზაციებისა და კრიტიკული მედიის დისკრედიტაციაა – „უცხოური გავლენის აგენტის“ იარლიყის მიწებებით, საბოლოოდ კი, ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოებისა და ევროპული მომავლის გაქრობა.
სიტყვა „აგენტის“ „გაკეთილშობილება“ ირაკლი კობახიძემ სცადა, თუმცა რამდენიმე დღეში მანვე აგენტი ჯაშუშთან გააიგივა. მიუხედავად „ოცნების“ მცდელობისა, რომ აგენტი არ დაუკავშირონ ჯაშუშს, მოსახლეობა ამ სიტყვაში მხოლოდ ჯაშუშს გულისხმობს.
სწორედ ესაა გათვლა, – „აგენტობით“ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების სტიგმატიზირება.
როცა ხელისუფლება თავისუფალ სამოქალაქო საზოგადოებას ებრძვის, პარალელურად ასეულობით მილიონი ლარი იხარჯება ბიუჯეტიდან აგენტების/ჯაშუშების გამოსავლენად.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად 2015-2023 წლებში ქვეყნის ბიუჯეტიდან ჯამში 1 მილიარდ 130 მილიონი ლარია გამოყოფილი და დახარჯული.
სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის საქართველოს ბიუჯეტში მხოლოდ 2023 წელს 147 მილიონ 650 ათასი ლარია გამოყოფილი. წინა 2021 და 2022 წელს, ჯამში, ამ მიზნით ბიუჯეტიდან 241 მილიონი ლარი დაიხარჯა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით კი, ბოლო ორ წელში ჯაშუშობაზე მხოლოდ 1 საქმე აღიძრა და ისიც არ არის გახსნილი.
ჯაშუშობას და შესაბამის სასჯელს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი შემდეგნაირად განმარტავეს [მუხლი 314]:
1. უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან მათი წარმომადგენლისათვის საქართველოს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ნივთის, დოკუმენტის, ცნობის ან სხვაგვარი მონაცემის შეგროვება, შენახვა ან გადაცემა ანდა გამოძალვა ან გატაცება მათთვის გადაცემის მიზნით, აგრეთვე საქართველოს ინტერესის საზიანოდ უცხო ქვეყნის დაზვერვის დავალებით სხვა ინფორმაციის შეგროვება ან გადაცემა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე.
2. ჯაშუშობა, ჩადენილი ომიანობის ან შეიარაღებული კონფლიქტის დროს, ან რამაც საქართველოს ინტერესისათვის მძიმე შედეგი გამოიწვია, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თორმეტიდან ოც წლამდე.
საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყების მიერ რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკას შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს.
2022 წელს, შსს-ს სტატისტიკური მონაცემებით, ჯაშუშობის მუხლით რეგისტრირებულია მხოლოდ 1 დანაშაული, რომელიც არ არის გახსნილი.
2021 წელს კი, საქართველოში ჯაშუშობის მუხლით არცერთი დანაშაული არ არის რეგისტრირებული.
რაც შეეხება 2016-2020 წლებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს დიფერენცირებულად არ აქვს გამოქვეყნებული მონაცემები, აღნიშნულ წლებში რამდენი დანაშაული დარეგისტრირდა [ან საერთოდ არ დარეგისტრირდა] უშუალოდ ჯაშუშობის მუხლით.
აღნიშნული წლებისთვის შსს-ს ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ჯაშუშობა შედის გრაფაში – „დანაშაული საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ“.
ამ გრაფაში კი, ჯაშუშობის გარდა, შედის ასევე სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სხვადასხვა დანაშაულებიც, როგორიცაა:
საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევა; ანტიკონსტიტუციური ხელშეკრულების დადება ან მოლაპარაკების წარმოება; საქართველოს საგარეო უშიშროების ხელყოფა; უცხოეთის სადაზვერვო სამსახურში შესვლა;
საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ხელყოფა; სახელმწიფო საიდუმლოების გაცემა; შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად; სამხედრო ხელმძღვანელობის უკანონოდ ხელში ჩაგდება ან კანონიერი ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობა;
მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ; საბოტაჟი; უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება;
სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურება; სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის წესის დარღვევა; საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსება ან ამგვარი საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერა; სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულის ქმედითი მონანიება.
აღნიშნულ გრაფაში 2016-2020 წლების სტატისტიკის მიხედვით, ასევე გაერთიანებულია „ოკუპირებული ტერიტორიების სამართლებრივი რეჟიმის დარღვევაც“ [უცხო ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის დარღვევით].
შსს-ს ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ოკუპირებული ტერიტორიების სამართლებრივი რეჟიმის დარღვევას თუ გამოვაკლებთ, გრაფაში – „დანაშაული საქართველოს კონსტიტუციული წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ“, წლების მიხედვით გვაქვს:
2020 წელს – 5 რეგისტრირებული დანაშაული,
2019 წელს – 6,
2018 წელს – 0,
2017 წელს – 6,
2016 წელს – 15 რეგისტრირებული დანაშაული;
თუმცა, აქედან რამდენი დანაშაულია რეგისტრირებული უშუალოდ ჯაშუშობის მუხლით, შსს-ს სტატისტიკის მიხედვით – უცნობია.
ჯაშუშების გამოვლენა საქართველოში, ძირითადად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის [სუს-ის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის] მოვალეობაა.
კონკრეტული მონაცემები კი, ჯაშუშების გამოვლენაზე, არც სუს-ის 2015-2021 წლების ანგარიშებშია. ამ ანგარიშებში ძირითადად ზოგადი ფრაზებია [რომლებიც სხვადასხვა ანგარიშებში უცვლელად მეორდება].
მაგალითად, სუსის 2021 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ „მიმდინარეობდა საფარქვეშ მოქმედი უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების წარმომადგენელთა, ასევე მათთან შესაძლო კავშირში მყოფი პირების და ჯგუფების გამოვლენა-დადგენა, მათი საქმიანობის შესწავლა და შეზღუდვა.
აღნიშნული საქმიანობის შედეგად, საქართველოში დიპლომატიური საფარით მოქმედმა და მათთან კავშირზე მყოფმა პირებმა დატოვეს ქვეყანა, ხოლო გარკვეული ნაწილის მიმართ, ქვეყანაში შემოსვლის შეზღუდვის მიზნით, გამოყენებულ იქნა სასაზღვრო კონტროლის მექნიზმები.“
2017 წლის ანგარიშში კი, ხაზგასმულია, რომ „საქართველოსა და უცხო ქვეყნებში იდენტიფიცირებულნი არიან პირები, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის იდეის პროპაგანდას ეწევიან. მათი მხრიდან მომდინარე საფრთხეების განეიტრალების მიზნით, გატარდა შესაბამისი ღონისძიებები.
საანგარიშო პერიოდში კონტრდაზვერვის დეპარტამენტში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 11 საქმეზე. ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემულია 5 პირი“, – თუმცა, გაურკვეველია, ამ შემთხვევებში გვქონდა თუ არა საქმე ჯაშუშებთან.
სიტყვები, „აგენტი“ და „ჯაშუში“, სუსის რამდენიმე ანაგიშშია ნახსენები და იქაც ზოგადი კონტექსტით. მაგალითად:
„სარეჟიმო ობიექტებზე უსაფრთხოების დაცვის მიზნით, სამსახური უზრუნველყოფდა კონტრსადაზვერვო ძიების წარმოებას, უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების მხრიდან ობიექტზე აგენტურის შესაძლო ჩანერგვის, ტექნიკური შეღწევისა და სხვა ნეგატიური ქმედებების გამოვლენას, თავიდან აცილებას და აღკვეთას“, – 2021 წლის ანგარიში.
„აქტიურად მიმდინარეობდა ეროვნული უსაფრთხოების სტრუქტურების უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების შეღწევისაგან დაცვის ღონისძიებები. ხორციელდებოდა უსაფრთხოებისა და სადაზვერვო სისტემიდან ინფორმაციის გადინებისა და ხსენებულ ორგანიზაციებში დეზინფორმაციის მოხვედრის/გავრცელების პრევენცია, ჯაშუშების შეღწევის შესაძლო არხების გამოვლენა და შესაბამისი კონტრღონისძიებების გატარება“, – 2015 წლის ანგარიში.
„შემირცხვენია იმ ქვეყნის უსაფრთხოება, რომელსაც ჰგონია, რომ მის ქვეყანაში რომელიმე ქვეყანა აგენტურულ ქსელს აბამს და იმას ელოდება, რომ აგენტი მივა და დაწერს, აგენტი ვარო. ეს შეურაცხყოფაა საქართველოს უსაფრთხოების სამსახურისთვის, თუ ასეთი რამ ხდება, თუ გავლენების ქსელია გაბმული და უსაფრთხოების სამსახური ელოდება, ვინ, როდის გამოიცხადებს თავს აგენტად, სირცხვილია ეს“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტში რუსულ კანონპროექტზე საუბრისას.
არდადეგებამდე ერთი კვირით ადრე მივედი მე-18 საჯარო სკოლაში. ეს ის დროა, როდესაც ბავშვებს ყველაზე მეტად ეზარებათ ხოლმე სკოლაში სიარული. მივაგენი კლასს, სადაც იმ წუთებში ფიზიკის გაკვეთილი ტარდებოდა. ჩემდა გასაკვირად, იქ არც ისე ცოტა ბავშვი დამხვდა.
მე და ფიზიკის მასწავლებელმა, ვენერა აბუსერიძემ, რომელიც უკვე 38 წელია ასწავლის ფიზიკას, გადავწყვიტეთ, იქვე, კლასში, გვესაუბრა ფიზიკაზე.
კლასს რომ მოვავლე თვალი, ზოგის სახეზე შვება დავინახე. შესაძლოა იმიტომ, რომ გაუხარდათ – უჰ, რა კარგია, დღეს გაგვიმართლა, შეიძლება ფიზიკა არ ჩატარდესო.
შემდეგ მარინა ჩაგანავასაც დავუკავშირდი, რომელიც მე-8 საჯარო სკოლაში უკვე 35 წელია ფიზიკას ასწავლის.
აღმოჩნდა, რომ ორივე მასწავლებლის საყვარელი ფიზიკოსი აინშტაინია, რომელმაც დროს რამდენიმე საუკუნით გაუსწრო. მარინას კი აინშტაინის მარტივი და მრავლისმთქმელი ფორმულები ხიბლავს.
მარინას შემდეგ ანა ფუტკარაძეს და ირაკლი დიასამიძეს გავესაუბრე – მოსწავლეებს, რომლებსაც ფიზიკა აინტერესებთ.
ვის [არ]შეუძლია ფიზიკის სწავლა, რას ამბობენ ფიზიკის მასწავლებლები
ვენერა აბუსერიძე თვლის, რომ განათლების სამინისტრომ შეცდომა დაუშვა, როცა საატესტატო გამოცდები მოხსნა.
„მე ხშირად მაქვს უნივერსიტეტებთან შეხება და ვიცი, რომ სტატისტიკურად მაშინ უფრო ფიზიკის მცოდნე მეტი ბავშვი მიდიოდა უმაღლესი განათლების მისაღებად, ვიდრე – ახლა. როდესაც ბავშვი მიხვდება, რომ ფიზიკა სჭირდება (რის სტიმულსაც ეს გამოცდები იძლეოდა), მაშინ ყველა სწავლობს და აბარებს კიდეც. შესაბამისად, შეხედულება, რომ ფიზიკის სწავლა ყველას არ შეუძლია – სტერეოტიპია.
ამ საგნის სწავლა მაშინ არის რთული, როდესაც მასწავლებელმა კარგად არ იცის, რას ასწავლის.
მარინა ჩაგანავას აზრით კი, პრობლემა ის არის, რომ ძალიან ბევრი ბავშვი წიგნსაა მოწყვეტილი და ეს მხოლოდ ფიზიკას არ ეხება.
სკოლაში
აქვე, ფიზიკის მასწავლებლები დასძენენ, რომ კმაყოფილები არიან ახალგამოსული ფიზიკის წიგნებით, მაგრამ, მაინც აქვთ არაერთი დიდი პრობლემა.
„წიგნების არჩევის უფლება გვქონდა მასწავლებლებს. წიგნებში, რომლებიც მე ავირჩიე, ასე თუ ისე, თემები მოცემულია ნორმალურად, მაგრამ ამ თემების სრულყოფილად ათვისებას და განხილვას ბავშვები ვერ ახერხებენ. ეს ხდება იმიტომ, რომ საგაკვეთილო საათების რაოდენობა კვირაში არ არის საკმარისი“, – ამბობს ვენერა აბუსერიძე.
იმავეს ამბობს მარინაც: „ბოლოს გამოსული წიგნებით კმაყოფილი ვარ. შეიძლება რაღაც თემები დიდი ფორმატითაა მოცემული, მაგრამ მათ თან ახლავს QR კოდები, პროექტები, კომპლექსური დავალებები. უბრალოდ, ზღვა მასალაა იმისთვის, რომ მოსწავლე ყველაფერს დაეუფლოს. ადრე ფიზიკა 4-5 საათი იყო, ასტრონომიაც ისწავლებოდა ცალკე. ახლა კი 2 საათია კვირაში. ძალიან ვართ შეზღუდულები: ამ დროში უნდა მოესწროს თეორიული ნაწილი, სხვა მასალები და კომპლექსური დავალებები. ძველ წიგნებზე გაცილებით უკეთესია ესენი – ძველები ფორმულებზე იყო ორიენტირებული, ამ წიგნებში კი, ცდებიც არის განხილული“.
მარინა ჩაგანავა
„რაც შეეხება ამოცანათა კრებულებს, – ამბობს მარინა, – ის ძირითადად მაღალი ქულის მქონე ბავშვებზეა გათვლილი. ვფიქრობ, წიგნში ისედაც ბევრი ამოცანაა მოცემული. ამის გამო მე, პირადად, კრებულს აღარ ვხმარობ. თუ ბავშვმა წიგნში მოცემული ამოცანები დაძლია, მაშინ კრებულის ამოცანებიც არ გაუჭირდება.
„გადარბენით გავდივარ პროგრამას. კარგი იქნება თუ კვირაში 4-5 საათი მექნება და არა 2 საათი“, – ფიქრობს ვენერაც. – „ჩემი მთავარი პრობლემა არის ის, რომ არ არის საკმარისი დრო, სულ ამცირებენ და ამცირებენ. ამის გამო ვერ ვახერხებ სრულყოფილად ვასწავლო. რაც შეეხება წიგნებს, ბოლოს გამოშვებული წიგნები, ნელ-ნელა ძველი წიგნების შინაარს უბრუნდება. ძველი წიგნები ძალიან კარგი იყო, მაგალითად, კიკოინის წიგნები, რიმკევიჩის კრებულები, დემკოვიჩის ამოცანათა კრებულები… “
როგორ უნდა ჩატარდეს გაკვეთილი, რომ მოსწავლისთვის ფიზიკა საინტერესო იყოს? ვენერა დარწმუნებულია, რომ პირადად უნდა იგრძნო ამ საგნისგან მიღებული სიკეთე:
„როდესაც ბავშვი ექსპერიმენტებს ატარებს და ახალ უნარ-ჩვევებს გამოიმუშავებს, ეს აუცილებლად გამოადგება მომავალში. მაგალითად, ბერკეტს როდესაც ვასწავლი, გამყავს ხოლმე ბავშვები და აიწონა-დაიწონას ვაჩვენებ. ამით იმის თქმა მინდა, რომ ფიზიკაში მიღებულ ცოდნას ბავშვი სხვა საგნებში და ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოიყენებს“.
რაუნდაშეიცვალოს, რომბავშვებმადაიწყონფიზიკისსწავლა? – ვენერა უკმაყოფილოა იმ ხშირი ცვლილებებით, რომლებსაც განათლების სისტემა იღებს:
„უნდა შეწყდეს ამდენი ექსპერიმენტის და ახალი მეთოდების გამოცდა განათლების სისტემაში. ძალიან ხშირად იცვლება ეს სისტემა, აუცილებლად უნდა შევჯერდეთ რამეზე!“
ვენერა ამბობს, რომ არ არის საჭირო ამდენი წიგნი: „ჩემი აზრით, წიგნის გრიფირების დროს აუცილებელია ის ადამიანები იყვნენ, ვინც ფიზიკას ასწავლიან და უშუალოდ სკოლაში, ბავშვებთან აქვთ შეხება. ერთი წიგნი უნდა შეირჩეს, რომელიც მოიცავს, როგორც თეორიულ ასევე პრაქტიკულ ნაწილს, კომპლექსურ დავალებებს. ასევე ფიზიკა კვირაში 4 საათი მაინც უნდა ისწავლებოდეს“.
მარინას კი უფრო დიდ პრობლემად ის მიაჩნია, რომ ლაბორატორიებში მუშაობის შესაძლებლობა ძალიანაა შეზღუდული.
„ყველა სკოლა არ არის განებივრებული, რომ ჰქონდეთ კარგი ლაბორატორიები ან სპეციალური დანადგარები. ჩემ სკოლაში არის, მაგრამ მოძველდა უკვე ეს ხელსაწყოებიც. ადრე შემოიტანეს ჩინური ხელსაწყოები. მაქსიმალურად ვიყენებთ, მაგრამ ძალიან ფაქიზია და ადვილად შეიძლება გატყდეს.
ძველ ხელსაწყოებს მაინც ვინახავთ თვალსაჩინოებისთვის. არის სკოლები, რა თქმა უნდა, სადაც მართლა კარგი ლაბორატორიებია“.
ვენერა აბუსერიძე
კარგი ლაბორატორია აქვთ ვენერას სკოლაში. ლაბორატორიას ძალიან ხშირად იყენებს და ბავშვებთან ერთად ბევრ ექსპერიმენტსაც ატარებს, კონკურსებშიც იღებს მონაწილეობას: „ბავშვი მაშინ ვითარდება, როდესაც რაღაცას თვითონ გამოცდის. კეთებით სწავლება ძალიან მნიშვნელოვანია“.
ამ ყველაფრის გამოსწორების შემთხვევაში, ვენერა ახალ თაობაში ხედავს იმის პოტენციალს, რომ მომავალში ისინი შეძლებენ კარგი ფიზიკოსები გახდნენ:
„ჩვენ ბევრი წარმატებული ბავშვი გვყავს ოღონდ, ძირითადად კომაროვში. მათ აქვს სპეციალურად შემუშავებული პროგრამები, რომლებიც სხვა სკოლებში არ გვხვდება. აუცილებელია, ასეთი პროგრამები, საქართველოს სხვა სკოლებშიც დაიწყოს. საჯარო სკოლებშიც საკმაოდ ნიჭიერი ბავშვები სწავლობენ, რომლებსაც ხელის შეშველება სჭირდებათ“.
ვენერა არ ერიდება იმის თქმასაც, რომ პრობლემები აქვთ მასწავლებლებსაც:
„რამდენად საკმარისი ცოდნა აქვთ მასწავლებლებს (ბათუმში) ფიზიკაში, შეიძლება სასერტიფიკაციო გამოცდების შედეგების მიხედვით მსჯელობა – აჭარაში ძალიან ცოტა მასწავლებელმა ჩააბარა ეს გამოცდა უმაღლეს ქულაზე. საბოლოოდ მოხდა ისე, რომ 1 კრედიტით ჩაბარებულ მასწავლებლებსაც მისცეს უფროსი მასწავლებლის სტატუსი. ეს იმიტომ მოხდა, რომ ბევრ პრაქტიკოს მასწავლებელს უწევდა სკოლის დატოვება და მასწავლებლები ფიზიკურად აღარ რჩებოდნენ სკოლებში“.
ვენერას და მარინას რამდენიმე რჩევა აქვთ იმ ბავშვებისთვის, რომლებსაც ფიზიკა აინტერესებთ.
მარინას აზრით, „აუცილებელია, ბავშვმა ინტერნეტში მოპოვებული ინფორმაცია მასწავლებელთან განიხილოს“.
ვენერა ამბობს, რომ ამ შემთხვევაში არის რამდენიმე ვარიანტი.
„ყველაზე პოპულარული მეთოდი კარგ რეპეტიტორთან მისვლაა ან კერძო სკოლაში სწავლა. მე კერძო სკოლაშიც ვასწავლი და ვიცი, როგორი განსხვავებაცაა კერძო და საჯარო სკოლებს შორის. რა თქმა უნდა, კერძოში უკეთესია. კარგი ვარიანტია ასევე კლუბები. მე ორივე სკოლაში 2 კლუბი მაქვს. ამ კლუბებში ვაკეთებთ ექსპერიმენტებს, ვემზადებით ოლიმპიადებისთვის“.
ვენერას უნდა, რომ ყველა გაკვეთილი ლაბორატორიაში ჩაატაროს. ასევე ისურვებდა ლაბორანტებს, რომლებიც მიეხმარებოდნენ და რესურსებს მინიმუმ 4-5 ჯგუფისთვის.
რას ამბობენ მოსწავლეები
ირაკლი და ანა იმ ბავშვების კატეგორიას მიეკუთვნებიან, რომლებსაც არ „ეშინიათ“ ფიზიკის.
ანა 17 წლისაა და მე-3 საჯარო სკოლაში სწავლობდა. ის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ფიზიკის ჩაბარებას აპირებს.
ირაკლი 18 წლისაა და კერძო სკოლაში სწავლობდა. ანაც და ირაკლიც, მომავალში, კომპიუტერული მეცნიერებების შესწავლას გეგმავენ.
„მგონია, ფიზიკა არის აბსოლუტურად ყველაფერი“, – ამბობს ანა და იქვე ამატებს, რომ ყოველთვის უყვარდა მათემატიკა და, შესაბამისად, ტექნიკური საგნებისადმი ინტერესიც აქედან გაუჩნდა. ახლა კი მისთვის ფიზიკა ძალიან მნიშვნელოვანია.
ანა ფუტკარაძე
„ძალიან ცოტა ბავშვია ბათუმში, ვინც ჩემსავით ფიზიკის ჩაბარება გადაწყვიტა ეროვნულ გამოცდებზე. რეპეტიტორთან, ვისთანაც დავდივარ, არის რამდენიმე ბავშვი, ვინც აბარებს ფიზიკას. ჩვენ ვიცით, რომ ასე ვთქვათ, სხვა გზა ავირჩიეთ“, – ამბობს ანა.
საუბრისას ანამ თქვა, რომ გარკვეული ფაქტორების გამო უჩნდებათ ბავშვებს ფიზიკისადმი შიში.
„ჩემი აზრით, ამას იწვევს ის, რომ ბავშვები ზუსტად ვერ ერკვევიან ამ საგნის მნიშვნელობაში, საკმარისად არ არიან ჩართულები, რომ საინტერესო რაღაცები აღმოაჩინონ. ფიზიკა არ არის რთული საგანი, უბრალოდ, ძალიან ვრცელია.
ბავშვმა ჯერ უნდა გაიგოს საგანი, შემდეგ მიხვდეს აინტერესებს თუ არა ის. ასე თუ მოხდება, საგნის სწავლასაც იწყებ, აღარ გეშინია. ეს პირადად მაქვს გამოცდილი. მეც, თავის დროზე, ფიზიკას აღვიქვამდი სპეციფიკურ საგნად, რომლის სწავლაც მხოლოდ ბავშვების გარკვეულ კატეგორიას შეეძლო. ახლა მგონია, რომ ფიზიკის სწავლა ყველას შეუძლია“.
ირაკლი ამბობს, რომ ფიზიკასთან ნაწილობრივ მაინც ექნება შეხება, რადგან მომავალში კომპიუტერულ მეცნიერებებზე აპირებს ჩაბარებას.
ფიზიკისადმი შიშებზე უფიქრია ირაკლისაც. „ფიზიკისადმი ასეთი განწყობა იმითაა გამოწვეული, რომ ფიზიკის ტერმინოლოგია თავისებურია, სახელმძღვანელოებში კი ბევრი რამ არ არის შეტანილი. წინასწარი განწყობაც მოსწავლეებში ისეთია, თითქოს ფიზიკა ძალიან რთული საგანია. ეს ყველაფერი განაპირობებს იმას, რომ ამ სფეროში ვერაფერს მიაღწევენ“.
ირაკლი ამ პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთ გზად წიგნების მეტად გაუმჯობესებას ასახელებს:
„წიგნებში დიდ ყურადღებას მივაქცევდი ტერმინოლოგიას და ასევე ამოცანებს. ბევრი ამოცანა წიგნებში ძალიან მარტივია და არასაკმარისი რაოდენობითაა მოცემული. ვფიქრობ, უფრო გართულებაც შეიძლება. არის ამოცანათა კრებულები, რომლებსაც თითქმის არავინ იყენებს. ჩემი მასწავლებელი ხშირად იყენებს საბჭოთა წიგნებს. ამოცანებს მეც მათში ვნახულობთ ხოლმე“.
ანას მიაჩნია, რომ ფიზიკა სკოლაში არასათანადოდ ისწავლებოდა.
„სკოლის პროგრამაში ამოცანები იყო იშვიათობა. პრაქტიკას თითქმის არ გავდიოდით, ძირითადად, თეორიული მასალით შემოვიფარგლებოდით. საკმარისი მასალაა მე-8 და მე-9 კლასში, მაგრამ მე-10, მე-11 კლასში კი პირიქითაა.
სამწუხაროდ, ის საკითხები, რომლებიც მართლა ყველაზე საინტერესოა ფიზიკაში, რჩება განხილვის გარეშე. კვანტური ფიზიკის და ატომური ფიზიკის ელემენტები საერთოდ არ ისწავლება. კარგი იქნება ეს თემებიც რომ იყოს უფრო ვრცლად მოცემული“.
კიდევ ერთი პრობლემა არის ის, რომ ბავშვებს ლაბორატორიებთან თითქმის არ აქვთ შეხება. „ჩემ შემთხვევაში, – ამბობს ირაკლი. – სამწუხაროდ, ხშირად არ გვიხმარია სკოლაში ლაბორატორია. ვფიქრობ, ლაბორატორიის გარეშეც შეიძლება ესა თუ ის ექსპერიმენტი თავად ჩაატარო, სახლის პირობებში. ჩემი ფიზიკის რეპეტიტორი ხშირად იქცევა ასე, როდესაც ახალ თემას ხსნის“.
ირაკლი დიასამიძე
ირაკლი ფიზიკის სწავლების კიდევ ერთ ნიუანსზე ამახვილებს ყურადღებას:
„ჩემ სკოლაში იყო არჩევითი და ავირჩიე კიდეც ფიზიკა, მაგრამ რატომღაც არ ტარდებოდა. შეიძლება იმიტომ, რომ ბავშვების საკმარისი რაოდენობა ამ საგნის ჩასატარებლად არ ჰყავთ“.
ასევე დიდი პრობლემაა ისიც, რომ საკმარისი ინფორმაცია არ მოიპოვება ინტერნეტში, ქართულ ენაზე – ამატებს ანა:
„ფიზიკას სპეციფიკური ენა აქვს, რომელსაც უცხო ენაზე ყოველთვის ვერ გაიგებ. მიუხედავად ამისა, უპირატესობას მაინც ინგლისურად სერჩს ვანიჭებ. ინგლისურად მოცემული ინფორმაციის მეათასედიც კი არ მოიპოვება ქართულად.
საქართველო არ არის საკმარისად განვითარებული, მათ შორის, არც ტექნოლოგიურად. აი, მაგალითად გერმანია ტექნოლოგიური ინდუსტრიის ქვეყანაა, შესაბამისად, იქ ცდილობენ, მეტი ინვესტიცია ჩადონ ისეთი საგნების სწავლებაში, როგორიცაა ფიზიკა-მათემატიკა. საქართველოში – არა“.
__
მასალა მომზადებულია „ბათუმელებისა“ და „ბათუმის ამერიკული კუთხის“ ერთობლივი პროექტის – „მედიასკოლის“ ფარგლებში.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, „მებაჟე ოფიცრების მიერ, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, ეჭვის საფუძველზე, კონტროლის პროცედურების განხორციელების მიზნით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქის, ი.მ.-ს, როგორც ფიზიკური, ისე კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, 5 ცალი არადეკლარირებული, მამაკაცის ძვირადღირებული საათი იქნა აღმოჩენილი“.
საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 186 838 ლარი შეადგინა.
საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.