მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

მშობელთა სკოლა ორსულებისთვის აჭარაში – ვის შეუძლია პროგრამით სარგებლობა

27.02.2023
მშობელთა სკოლა ორსულებისთვის აჭარაში – ვის შეუძლია პროგრამით სარგებლობა

აჭარაში სოციალურად დაუცველი ორსულებისა და მათი პარტნიორებისთვის ამოქმედდა ახალი პროგრამული ღონისძიება – „მშობელთა სკოლა ორსულთა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობისთვის“.

პროგრამის ფარგლებში, ორსულობის პერიოდის სწორად წარმართვის მიზნით, ბენეფიციარ ორსულებს და/ან მათ მეუღლეებს სასწავლო/საინფორმაციო კურსის სახით 6 ინტერაქციული გაკვეთილი ჩაუტარდებათ.

სასწავლო კურსის ბენეფიციარებს შეხვდებიან სხვადასხვა სპეციალისტები, მათ შორის: მეან-გინეკოლოგი, ნეონატოლოგი, ფსიქოლოგი და ფიზიკური თერაპევტი.

„მშობელთა სკოლა ითვალისწინებს ორსულთა განათლებას ჩასახვიდან მშობიარობის ბოლომდე, ასევე ახალშობილობის და ლოგინობის ხანის პერიოდს, სადაც ორსულები შეისწავლიან აქტივობებს, მოვლის თავისებურებებს და ა.შ.” – ამბობს დალი დავითაძე, საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრის დირექტორი.

პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ აჭარაში რეგისტრირებულ, „დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის“ სახელმწიფო პროგრამის ანტენატალური მეთვალყურეობის კომპონენტით მოსარგებლე ორსულებს/ან მათ მეუღლეებს, რომლებიც დარეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში 0-დან 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულით; ასევე თუ ორსული ან მეუღლე არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ცნობით, მშობელთა სკოლა ფუნქციონირებს შემდეგ დაწესებულებებში: შპს საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრი; შპს ირის ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრი „მედინა“; მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი; შპს „BROTHERS“ – ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალი და შპს ბათუმის სამედიცინო ცენტრი.


ფოტო: აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.