განათლება,მთავარი,სიახლეები

რა უნდა შეიცვალოს, რომ ბავშვებმა ფიზიკის სწავლა შეძლონ?

25.02.2023 • 1351
რა უნდა შეიცვალოს, რომ ბავშვებმა ფიზიკის სწავლა შეძლონ?

ავტორი: ნინი თურაძე

არდადეგებამდე ერთი კვირით ადრე მივედი მე-18 საჯარო სკოლაში. ეს ის დროა, როდესაც ბავშვებს ყველაზე მეტად ეზარებათ ხოლმე სკოლაში სიარული. მივაგენი კლასს, სადაც იმ წუთებში ფიზიკის გაკვეთილი ტარდებოდა. ჩემდა გასაკვირად, იქ არც ისე ცოტა ბავშვი დამხვდა.

მე და ფიზიკის მასწავლებელმა, ვენერა აბუსერიძემ, რომელიც უკვე 38 წელია ასწავლის ფიზიკას, გადავწყვიტეთ, იქვე, კლასში, გვესაუბრა ფიზიკაზე.

კლასს რომ მოვავლე თვალი, ზოგის სახეზე შვება დავინახე. შესაძლოა იმიტომ, რომ გაუხარდათ – უჰ, რა კარგია, დღეს გაგვიმართლა, შეიძლება ფიზიკა არ ჩატარდესო.

შემდეგ მარინა ჩაგანავასაც დავუკავშირდი, რომელიც მე-8 საჯარო სკოლაში უკვე 35 წელია ფიზიკას ასწავლის.

აღმოჩნდა, რომ ორივე მასწავლებლის საყვარელი ფიზიკოსი აინშტაინია, რომელმაც დროს რამდენიმე საუკუნით გაუსწრო. მარინას კი აინშტაინის მარტივი და მრავლისმთქმელი ფორმულები ხიბლავს.

მარინას შემდეგ ანა ფუტკარაძეს და ირაკლი დიასამიძეს გავესაუბრე – მოსწავლეებს, რომლებსაც ფიზიკა აინტერესებთ.

  • ვის [არ]შეუძლია ფიზიკის სწავლა, რას ამბობენ ფიზიკის მასწავლებლები

ვენერა აბუსერიძე თვლის, რომ განათლების სამინისტრომ შეცდომა დაუშვა, როცა საატესტატო გამოცდები მოხსნა.

„მე ხშირად მაქვს უნივერსიტეტებთან შეხება და ვიცი, რომ სტატისტიკურად მაშინ უფრო ფიზიკის მცოდნე მეტი ბავშვი მიდიოდა უმაღლესი განათლების მისაღებად, ვიდრე – ახლა. როდესაც ბავშვი მიხვდება, რომ ფიზიკა სჭირდება (რის სტიმულსაც ეს გამოცდები იძლეოდა), მაშინ ყველა სწავლობს და აბარებს კიდეც. შესაბამისად, შეხედულება, რომ ფიზიკის სწავლა ყველას არ შეუძლია – სტერეოტიპია.

ამ საგნის სწავლა მაშინ არის რთული, როდესაც მასწავლებელმა კარგად არ იცის, რას ასწავლის.

მარინა ჩაგანავას აზრით კი, პრობლემა ის არის, რომ ძალიან ბევრი ბავშვი წიგნსაა მოწყვეტილი და ეს მხოლოდ ფიზიკას არ ეხება.

სკოლაში

აქვე, ფიზიკის მასწავლებლები დასძენენ, რომ კმაყოფილები არიან ახალგამოსული ფიზიკის წიგნებით, მაგრამ, მაინც აქვთ არაერთი დიდი პრობლემა.

„წიგნების არჩევის უფლება გვქონდა მასწავლებლებს. წიგნებში, რომლებიც მე ავირჩიე, ასე თუ ისე, თემები მოცემულია ნორმალურად, მაგრამ ამ თემების სრულყოფილად ათვისებას და განხილვას ბავშვები ვერ ახერხებენ. ეს ხდება იმიტომ, რომ საგაკვეთილო საათების რაოდენობა კვირაში არ არის საკმარისი“, – ამბობს ვენერა აბუსერიძე.

იმავეს ამბობს მარინაც: „ბოლოს გამოსული წიგნებით კმაყოფილი ვარ. შეიძლება რაღაც თემები დიდი ფორმატითაა მოცემული, მაგრამ მათ თან ახლავს QR კოდები, პროექტები, კომპლექსური დავალებები. უბრალოდ, ზღვა მასალაა იმისთვის, რომ მოსწავლე ყველაფერს დაეუფლოს. ადრე ფიზიკა 4-5 საათი იყო, ასტრონომიაც ისწავლებოდა ცალკე. ახლა კი 2 საათია კვირაში. ძალიან ვართ შეზღუდულები: ამ დროში უნდა მოესწროს თეორიული ნაწილი, სხვა მასალები და კომპლექსური დავალებები. ძველ წიგნებზე გაცილებით უკეთესია ესენი – ძველები ფორმულებზე იყო ორიენტირებული, ამ წიგნებში კი, ცდებიც არის განხილული“.

მარინა ჩაგანავა

„რაც შეეხება ამოცანათა კრებულებს, – ამბობს მარინა, – ის ძირითადად მაღალი ქულის მქონე ბავშვებზეა გათვლილი. ვფიქრობ, წიგნში ისედაც ბევრი ამოცანაა მოცემული. ამის გამო მე, პირადად, კრებულს აღარ ვხმარობ. თუ ბავშვმა წიგნში მოცემული ამოცანები დაძლია, მაშინ კრებულის ამოცანებიც არ გაუჭირდება.

„გადარბენით გავდივარ პროგრამას. კარგი იქნება თუ კვირაში 4-5 საათი მექნება და არა 2 საათი“, – ფიქრობს ვენერაც. – „ჩემი მთავარი პრობლემა არის ის, რომ არ არის საკმარისი დრო, სულ ამცირებენ და ამცირებენ. ამის გამო ვერ ვახერხებ სრულყოფილად ვასწავლო. რაც შეეხება წიგნებს, ბოლოს გამოშვებული წიგნები, ნელ-ნელა ძველი წიგნების შინაარს უბრუნდება. ძველი წიგნები ძალიან კარგი იყო, მაგალითად, კიკოინის წიგნები, რიმკევიჩის კრებულები, დემკოვიჩის ამოცანათა კრებულები…

როგორ უნდა ჩატარდეს გაკვეთილი, რომ მოსწავლისთვის ფიზიკა საინტერესო იყოს? ვენერა დარწმუნებულია, რომ პირადად უნდა იგრძნო ამ საგნისგან მიღებული სიკეთე:

„როდესაც ბავშვი ექსპერიმენტებს ატარებს და ახალ უნარ-ჩვევებს გამოიმუშავებს, ეს აუცილებლად გამოადგება მომავალში. მაგალითად, ბერკეტს როდესაც ვასწავლი, გამყავს ხოლმე ბავშვები და აიწონა-დაიწონას ვაჩვენებ. ამით იმის თქმა მინდა, რომ ფიზიკაში მიღებულ ცოდნას ბავშვი სხვა საგნებში და ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოიყენებს“.

რა უნდა შეიცვალოს, რომ ბავშვებმა დაიწყონ ფიზიკის სწავლა? ვენერა უკმაყოფილოა იმ ხშირი ცვლილებებით, რომლებსაც განათლების სისტემა იღებს:

„უნდა შეწყდეს ამდენი ექსპერიმენტის და ახალი მეთოდების გამოცდა განათლების სისტემაში. ძალიან ხშირად იცვლება ეს სისტემა, აუცილებლად უნდა შევჯერდეთ რამეზე!“

ვენერა ამბობს, რომ არ არის საჭირო ამდენი წიგნი: „ჩემი აზრით, წიგნის გრიფირების დროს აუცილებელია ის ადამიანები იყვნენ, ვინც ფიზიკას ასწავლიან და უშუალოდ სკოლაში, ბავშვებთან აქვთ შეხება. ერთი წიგნი უნდა შეირჩეს, რომელიც მოიცავს, როგორც თეორიულ ასევე პრაქტიკულ ნაწილს, კომპლექსურ დავალებებს. ასევე ფიზიკა კვირაში 4 საათი მაინც უნდა ისწავლებოდეს“.

მარინას კი უფრო დიდ პრობლემად ის მიაჩნია, რომ ლაბორატორიებში მუშაობის შესაძლებლობა ძალიანაა შეზღუდული.

„ყველა სკოლა არ არის განებივრებული, რომ ჰქონდეთ კარგი ლაბორატორიები ან სპეციალური დანადგარები. ჩემ სკოლაში არის, მაგრამ მოძველდა უკვე ეს ხელსაწყოებიც. ადრე შემოიტანეს ჩინური ხელსაწყოები. მაქსიმალურად ვიყენებთ, მაგრამ ძალიან ფაქიზია და ადვილად შეიძლება გატყდეს.

ძველ ხელსაწყოებს მაინც ვინახავთ თვალსაჩინოებისთვის. არის სკოლები, რა თქმა უნდა, სადაც მართლა კარგი ლაბორატორიებია“.

ვენერა აბუსერიძე

კარგი ლაბორატორია აქვთ ვენერას სკოლაში. ლაბორატორიას ძალიან ხშირად იყენებს და ბავშვებთან ერთად ბევრ ექსპერიმენტსაც ატარებს, კონკურსებშიც იღებს მონაწილეობას: „ბავშვი მაშინ ვითარდება, როდესაც რაღაცას თვითონ გამოცდის. კეთებით სწავლება ძალიან მნიშვნელოვანია“.

ამ ყველაფრის გამოსწორების შემთხვევაში, ვენერა ახალ თაობაში ხედავს იმის პოტენციალს, რომ მომავალში ისინი შეძლებენ კარგი ფიზიკოსები გახდნენ:

„ჩვენ ბევრი წარმატებული ბავშვი გვყავს ოღონდ, ძირითადად კომაროვში. მათ აქვს სპეციალურად შემუშავებული პროგრამები, რომლებიც სხვა სკოლებში არ გვხვდება. აუცილებელია, ასეთი პროგრამები, საქართველოს სხვა სკოლებშიც დაიწყოს. საჯარო სკოლებშიც საკმაოდ ნიჭიერი ბავშვები სწავლობენ, რომლებსაც ხელის შეშველება სჭირდებათ“.

ვენერა არ ერიდება იმის თქმასაც, რომ პრობლემები აქვთ მასწავლებლებსაც:

„რამდენად საკმარისი ცოდნა აქვთ მასწავლებლებს (ბათუმში) ფიზიკაში, შეიძლება სასერტიფიკაციო გამოცდების შედეგების მიხედვით მსჯელობა – აჭარაში ძალიან ცოტა მასწავლებელმა ჩააბარა ეს გამოცდა უმაღლეს ქულაზე. საბოლოოდ მოხდა ისე, რომ 1 კრედიტით ჩაბარებულ მასწავლებლებსაც მისცეს უფროსი მასწავლებლის სტატუსი. ეს იმიტომ მოხდა, რომ ბევრ პრაქტიკოს მასწავლებელს უწევდა სკოლის დატოვება და მასწავლებლები ფიზიკურად აღარ რჩებოდნენ სკოლებში“.

ვენერას და მარინას რამდენიმე რჩევა აქვთ იმ ბავშვებისთვის, რომლებსაც ფიზიკა აინტერესებთ.

მარინას აზრით, „აუცილებელია, ბავშვმა ინტერნეტში მოპოვებული ინფორმაცია მასწავლებელთან განიხილოს“.

ვენერა ამბობს, რომ ამ შემთხვევაში არის რამდენიმე ვარიანტი.

„ყველაზე პოპულარული მეთოდი კარგ რეპეტიტორთან მისვლაა ან კერძო სკოლაში სწავლა. მე კერძო სკოლაშიც ვასწავლი და ვიცი, როგორი განსხვავებაცაა კერძო და საჯარო სკოლებს შორის. რა თქმა უნდა, კერძოში უკეთესია. კარგი ვარიანტია ასევე კლუბები. მე ორივე სკოლაში 2 კლუბი მაქვს. ამ კლუბებში ვაკეთებთ ექსპერიმენტებს, ვემზადებით ოლიმპიადებისთვის“.

ვენერას უნდა, რომ ყველა გაკვეთილი ლაბორატორიაში ჩაატაროს. ასევე ისურვებდა ლაბორანტებს, რომლებიც მიეხმარებოდნენ და რესურსებს მინიმუმ 4-5 ჯგუფისთვის.

  • რას ამბობენ მოსწავლეები

ირაკლი და ანა იმ ბავშვების კატეგორიას მიეკუთვნებიან, რომლებსაც არ „ეშინიათ“ ფიზიკის.

ანა 17 წლისაა და მე-3 საჯარო სკოლაში სწავლობდა. ის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ფიზიკის ჩაბარებას აპირებს.

ირაკლი 18 წლისაა და კერძო სკოლაში სწავლობდა. ანაც და ირაკლიც, მომავალში, კომპიუტერული მეცნიერებების შესწავლას გეგმავენ.

„მგონია, ფიზიკა არის აბსოლუტურად ყველაფერი“, – ამბობს ანა და იქვე ამატებს, რომ ყოველთვის უყვარდა მათემატიკა და, შესაბამისად, ტექნიკური საგნებისადმი ინტერესიც აქედან გაუჩნდა. ახლა კი მისთვის ფიზიკა ძალიან მნიშვნელოვანია.

ანა ფუტკარაძე

„ძალიან ცოტა ბავშვია ბათუმში, ვინც ჩემსავით ფიზიკის ჩაბარება გადაწყვიტა ეროვნულ გამოცდებზე. რეპეტიტორთან, ვისთანაც დავდივარ, არის რამდენიმე ბავშვი, ვინც აბარებს ფიზიკას. ჩვენ ვიცით, რომ ასე ვთქვათ, სხვა გზა ავირჩიეთ“, – ამბობს ანა.

საუბრისას ანამ თქვა, რომ გარკვეული ფაქტორების გამო უჩნდებათ ბავშვებს ფიზიკისადმი შიში.

„ჩემი აზრით, ამას იწვევს ის, რომ ბავშვები ზუსტად ვერ ერკვევიან ამ საგნის მნიშვნელობაში, საკმარისად არ არიან ჩართულები, რომ საინტერესო რაღაცები აღმოაჩინონ. ფიზიკა არ არის რთული საგანი, უბრალოდ, ძალიან ვრცელია.

ბავშვმა ჯერ უნდა გაიგოს საგანი, შემდეგ მიხვდეს აინტერესებს თუ არა ის. ასე თუ მოხდება, საგნის სწავლასაც იწყებ, აღარ გეშინია. ეს პირადად მაქვს გამოცდილი. მეც, თავის დროზე, ფიზიკას აღვიქვამდი სპეციფიკურ საგნად, რომლის სწავლაც მხოლოდ ბავშვების გარკვეულ კატეგორიას შეეძლო. ახლა მგონია, რომ ფიზიკის სწავლა ყველას შეუძლია“.

ირაკლი ამბობს, რომ ფიზიკასთან ნაწილობრივ მაინც ექნება შეხება, რადგან მომავალში კომპიუტერულ მეცნიერებებზე აპირებს ჩაბარებას.

ფიზიკისადმი შიშებზე უფიქრია ირაკლისაც. „ფიზიკისადმი ასეთი განწყობა იმითაა გამოწვეული, რომ ფიზიკის ტერმინოლოგია თავისებურია, სახელმძღვანელოებში კი ბევრი რამ არ არის შეტანილი. წინასწარი განწყობაც მოსწავლეებში ისეთია, თითქოს ფიზიკა ძალიან რთული საგანია. ეს ყველაფერი განაპირობებს იმას, რომ ამ სფეროში ვერაფერს მიაღწევენ“.

ირაკლი ამ პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთ გზად წიგნების მეტად გაუმჯობესებას ასახელებს:

„წიგნებში დიდ ყურადღებას მივაქცევდი ტერმინოლოგიას და ასევე ამოცანებს. ბევრი ამოცანა წიგნებში ძალიან მარტივია და არასაკმარისი რაოდენობითაა მოცემული. ვფიქრობ, უფრო გართულებაც შეიძლება. არის ამოცანათა კრებულები, რომლებსაც თითქმის არავინ იყენებს. ჩემი მასწავლებელი ხშირად იყენებს საბჭოთა წიგნებს. ამოცანებს მეც მათში ვნახულობთ ხოლმე“.

ანას მიაჩნია, რომ ფიზიკა სკოლაში არასათანადოდ ისწავლებოდა.

„სკოლის პროგრამაში ამოცანები იყო იშვიათობა. პრაქტიკას თითქმის არ გავდიოდით, ძირითადად, თეორიული მასალით შემოვიფარგლებოდით. საკმარისი მასალაა მე-8 და მე-9 კლასში, მაგრამ მე-10, მე-11 კლასში კი პირიქითაა.

სამწუხაროდ, ის საკითხები, რომლებიც მართლა ყველაზე საინტერესოა ფიზიკაში, რჩება განხილვის გარეშე. კვანტური ფიზიკის და ატომური ფიზიკის ელემენტები საერთოდ არ ისწავლება. კარგი იქნება ეს თემებიც რომ იყოს უფრო ვრცლად მოცემული“.

კიდევ ერთი პრობლემა არის ის, რომ ბავშვებს ლაბორატორიებთან თითქმის არ აქვთ შეხება. „ჩემ შემთხვევაში, – ამბობს ირაკლი. – სამწუხაროდ, ხშირად არ გვიხმარია სკოლაში ლაბორატორია. ვფიქრობ, ლაბორატორიის გარეშეც შეიძლება ესა თუ ის ექსპერიმენტი თავად ჩაატარო, სახლის პირობებში. ჩემი ფიზიკის რეპეტიტორი ხშირად იქცევა ასე, როდესაც ახალ თემას ხსნის“.

ირაკლი დიასამიძე

ირაკლი ფიზიკის სწავლების კიდევ ერთ ნიუანსზე ამახვილებს ყურადღებას:

„ჩემ სკოლაში იყო არჩევითი და ავირჩიე კიდეც ფიზიკა, მაგრამ რატომღაც არ ტარდებოდა. შეიძლება იმიტომ, რომ ბავშვების საკმარისი რაოდენობა ამ საგნის ჩასატარებლად არ ჰყავთ“.

ასევე დიდი პრობლემაა ისიც, რომ საკმარისი ინფორმაცია არ მოიპოვება ინტერნეტში, ქართულ ენაზე – ამატებს ანა:

„ფიზიკას სპეციფიკური ენა აქვს, რომელსაც უცხო ენაზე ყოველთვის ვერ გაიგებ. მიუხედავად ამისა, უპირატესობას მაინც ინგლისურად სერჩს ვანიჭებ. ინგლისურად მოცემული ინფორმაციის მეათასედიც კი არ მოიპოვება ქართულად.

საქართველო არ არის საკმარისად განვითარებული, მათ შორის, არც ტექნოლოგიურად. აი, მაგალითად გერმანია ტექნოლოგიური ინდუსტრიის ქვეყანაა, შესაბამისად, იქ ცდილობენ, მეტი ინვესტიცია ჩადონ ისეთი საგნების სწავლებაში, როგორიცაა ფიზიკა-მათემატიკა. საქართველოში – არა“.

__

მასალა მომზადებულია „ბათუმელებისა“ და „ბათუმის ამერიკული კუთხის“ ერთობლივი პროექტის – „მედიასკოლის“ ფარგლებში. 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: