მთავარი,მოსაზრება,სიახლეები

რჩევები ამერიკაში სწავლის მსურველთათვის

26.02.2023 • 2637
რჩევები ამერიკაში სწავლის მსურველთათვის

ავტორი: ნათია სირაბიძე

მსოფლიოს მასშტაბით ამერიკის უნივერსიტეტები მაღალი რეიტინგებით გამოირჩევიან და მიიჩნევა, რომ სწორედ ამერიკაშია შესაძლებელი ყველაზე ხარისხიანი განათლების მიღება. რა თქმა უნდა, შესაბამისი ფასიც აქვს და ბაკალავრიატში სწავლის წლიური გადასახადი 70000-80000 დოლარია, თუმცა ქართველ ახალგაზრდებს აქვთ შანსი დაფინანსების მოპოვების.

გთავაზობთ რჩევებს, თუ რა არის საჭირო ამერიკულ უნივერსიტეტებში ჩასარიცხად და დაფინანსების მოსაპოვებლად:

– ამერიკული უნივერსიტეტები ზრუნავენ თავიანთ იმიჯზე, შესაბამისად ცდილობენ ყველა სტუდენტი იყოს გამორჩეული და საინტერესო. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ გენიოსი უნდა იყო. საკმარისია მცირეოდენი სამოქალაქო აქტივობა და საკუთარი თავის სწორად წარმოჩენა. ამიტომაც, თავდაპირველად უნდა დაუსვათ საკუთარ თავს კითხვა – რა არის ჩემში განსაკუთრებული? რით შემიძლია ვიყო გამორჩეული. ყველა ქართველისთვის პასუხი მარტივია – ძირძველი კულტურის წარმომადგენლობა უკვე დიდი აქტივია, დანარჩენი თქვენ დაამატეთ!

– უნივერსიტეტში ჩარიცხვისთვის მზადება უნდა დაიწყოთ 1-2 წლით ადრე. განაცხადების მიღების ბოლო ვადა ხშირ შემთხვევაში არის 15 დეკემბერი, პირველი იანვარი ან 15 თებერვალი. ამ დროისთვის ყველა დოკუმენტი უნდა გქონდეთ მზად. ასევე არის შანსი, ექსკლუზიურობა მიანიჭოთ რომელიმე უნივერსიტეტს. ე.წ. early decision (ადრეული გადაწყვეტილება) მიიღოთ. ეს ნიშნავს, მხოლოდ ერთ უნივერსიტეტში განაცხადის შეტანას.

ადრეულ გადაწყვეტილებას უნივერსიტეტები ძალიან აფასებენ, გარკვეულწილად ეს ერთგულებაშიც ეთვლებათ და ამ დროს აბიტურიენტს უნივერსიტეტში მოხვედრის მეტი შანსი აქვს. ამ შემთხვევაში განაცხადი პირველ ოქტომბრამდე უნდა შეიტანოთ, თუმცა ინდივიდუალურია და სჯობს შერჩეულ უნივერსიტეტებში გადაამოწმოთ თარიღები.

– ნიშნები – კარგი აკადემიური მოსწრება დასაფასებელია, თუმცა არ არის სავალდებულო. შეიძლება აბიტურიენტი საშუალოდ სწავლობდეს სკოლაში, მაგრამ სხვადასხვა ნიჭით და სამოქალაქო აქტიურობით ისე გამოირჩეოდეს, რომ მაღალრეიტინგულმა უნივერსიტეტმა გაუღოს კარი. თუ განაცხადს სკოლის დამთავრებამდე გააკეთებთ, სკოლის დირექციამ რეკომენდაციასთან ერთად უნდა შეავსოს ბოლო 3 წლის ნიშნების მონაცემები და ასევე სავარაუდო საბოლოო ნიშნები.

– განაცხადის (აპლიკაციის) მოსაკრებელი – ამერიკაში თითქმის ყველა უნივერსიტეტს დაწესებული აქვს განაცხადის მოსაკრებელი, რაც შეიძლება იყოს 50$, 70$ ან ზოგჯერ 150$. ვინაიდან სულ მცირე 20 უნივერსიტეტში შეუძლია აბიტურიენტს განაცხადის გაგზავნა, ჯამში საკმაოდ დიდ თანხაზე ადის. მაგრამ სკოლის ადმინისტრაციას რეკომენდაციის გაწევის დროს შეუძლია მიანიშნოს, რომ კანდიდატი არის განვითარებადი ქვეყნიდან და სთხოვოს უნივერსიტეტს აპლიკაციის მოსაკრებელი მოუხსნან (waive). უმეტესწილად ასეც მოხდება და უფასოდ შეიტანთ განაცხადს.

– მისაღები გამოცდები – გამონაკლისების გარდა, ამერიკულ უნივერსიტეტებში მოსახვედრად აბიტურიენტმა უნდა ჩააბაროს TOEFL ან IELTS გამოცდები, რაც ინგლისური ენის ცოდნას დაადასტურებს და SAT გამოცდა, რაც მის აზროვნების უნარს და მათემატიკის ცოდნას გამოავლენს. ყველა უნივერსიტეტს თავის ოფიციალურ საიტზე მოცემული აქვს ამ გამოცდებში გამსვლელი ქულების ცხრილი. აღნიშნული გამოცდებისთვის მზადების დაწყება ასევე 1-2 წლით ადრეა სასურველი. ასევე, ვინაიდან გამოცდები საერთაშორისოა და სპეციალურ ცენტრებში ტარდება, რეკომენდებულია მათი რამდენჯერმე გავლა, რომ აბიტურიენტმა კარგად გაიაზროს, რა ტიპის კითხვებზე პასუხის გაცემა და რა დროში უნდა მოასწროს. სტატისტიკურად, თითოეული აბიტურიენტი საკუთარ შედეგებს სულ მცირე 10%-ით აუმჯობესებს ყოველ ჯერზე. როგორც კი გამსვლელ ქულას დააგროვებთ, შეგიძლიათ გააკეთოთ განაცხადი უნივერსიტეტებში.

– საზოგადოებრივი აქტივობა და მიღწევები – უნივერსიტეტები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, რამდენად აქტიურია აბიტურიენტი სამოქალაქო კუთხით, რამდენად ეხმარება სხვებს, ზრუნავს გარშემომყოფებსა და გარემოზე. სააპლიკაციო ფორმაში აბიტურიენტმა სულ მცირე 3 აქტივობა უნდა ჩამოთვალოს, სადაც აღწერს საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართულობას. აქ შეიძლება მიუთითოთ ოლიმპიადებსა და კონკურსებში გამარჯვების შესახებაც. ეს აქტივობები ხშირად გადამწყვეტია, ამიტომ დიდი ყურადღება უნდა მიაქციოს ჩარიცხვის მსურველმა.

აბიტურიენტი უნდა იყოს გამორჩეული სხვა თანატოლებისგან, მონაწილეობდეს კონკურსებში, ოლიმპიადებში, საქველმოქმედო აქციებში, თავისი სიტყვა უნდა ჰქონდეს ნათქვამი საზოგადოებისთვის ამ ასაკშიც კი. ამ უნარმა შეიძლება აკადემიური ქულებიც კი გადაფაროს, იმდენად მნიშვნელოვანია უნივერსიტეტებისთვის მათი სტუდენტის სამოქალაქო შეგნება და აქტიურობა.

– სამოტივაციო ესეი – personal statement – ყველა სხვა დანარჩენ პუნქტებს შორის უპირატესია, ვინაიდან ის აღწერს აბიტურიენტს, როგორც პიროვნებას, მის წარსულს, ხასიათს, უნარებს, ნიჭს, დამოკიდებულებებს, ღირებულებებს. სამოტივაციო ესეის წერას თავისი მიდგომები აქვს, რაც ცალკე განხილვის საგანია. სანამ წერას დაიწყებთ, დაგუგლეთ საუკეთესო ესეები, რომლებიც წინა წელს გამოვლინდა, გადაიკითხეთ და მიხვდებით, რას ენიჭება უპირატესობა, რა ფორმატი უნდა ჰქონდეს. საშუალოდ ესეი 250-დან 650 სიტყვას უნდა მოიცავდეს და საინტერესოდ წარმოდგენილი უნდა იყოს.

– რეკომენდაციები – ამერიკულ უნივერსიტეტებში სულ მცირე 2 რეკომენდაცია უნდა წარადგინოთ. ერთი რეკომენდაცია უშუალო სკოლის მასწავლებლისგან უნდა იყოს გაგზავნილი, ერთიც სკოლის ხელმძღვანელობისგან და შესაძლებელია მესამე რეკომენდაციის დართვაც იმ ადამიანისგან, რომელიც აბიტურიენტს პიროვნულად კარგად იცნობს. რეკომენდატორების მონაცემები იწერება აპლიკაციაში და ისინი ცალკე ელექტრონულ შეტყობინებას იღებენ მითითებებით, სად და როგორ შეავსონ რეკომენდაცია.

– გადასახადის დაფინანსება – აპლიკაციის შევსების დროს ზოგიერთი უნივერსიტეტი ითხოვს აპლიკანტის ოჯახის ფინანსური შემოსავლების შესახებ ანგარიშს. აღნიშნული შესაძლებელია მომზადდეს ცალკე CSS პორტალზე და გადაიგზავნოს სხვადასხვა უნივერსიტეტში. აღნიშნული ფასიანია, თუმცა ზოგიერთი უნივერსიტეტი საკუთარ პორტალზე ითხოვს ფინანსური მონაცემების გადაგზავნას, ამიტომ არ იჩქაროთ და დაელოდეთ მოთხოვნას. საბოლოო გადაწყვეტილება დაფინანსების შესახებ ჩარიცხვის წერილთან ერთად გეგზავნებათ. თუ კიდევ გსურთ დაფინანსების მიღება, შეგიძლიათ მიმართოთ უნივერსიტეტს და თავად გირჩევენ, როგორ არის ეს შესაძლებელი.

ერთი შეხედვით ბევრი რამ არის გასაკეთებელი, მაგრამ მცდელობად ღირს, ვინაიდან ყველას აქვს უნივერსიტეტში მოხვედრის და დაფინანსების მოპოვების შანსი. ასე, რომ არ დაკარგოთ ხარისხიანი განათლების მიღების და მრავალკულტურულ გარემოში ცხოვრების შესაძლებლობა. ჩვენი მხრივ შემდეგ სტატიებში შემოგთავაზებთ დეტალურ ინფორმაციას ესეს წერის ტექნოლოგიებზე, აპლიკაციის შევსების წესებსა და სხვა საჭირო საკითხებზე.

გისურვებთ წარმატებებს!

___

ავტორის შესახებ: ნათია სირაბიძე არის მარკეტინგის დოქტორი, ამერიკის და ევროპის უნივერსიტეტებში სწავლობდა სრული დაფინანსებით; ყოფილი ჟურ ალისფი, წიგნის ავტორი და ციფრული კონტენტის შემქმნელი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: