5 ბავშვის ამბავი ბათუმიდან, რომლებსაც აქონდროპლაზია აქვთ

18 დღე და 18 ღამეა საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის წინ – იქ, სადაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მუშაობს, საპროტესტო აქციას მართავენ დედები.

ქალები, რომელთა შვილებსაც იშვიათი გენეტიკური დაავადების, აქონდროპლაზიის დიაგნოზი აქვთ, ითხოვენ წამალს ბავშვებისთვის.

აქონდროპლაზია იშვიათი გენეტიკური დაავადებაა. სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, ის 25 ათასი ბავშვიდან ერთს უვლინდება.

36 წლის ხატია ხურციძეს ბათუმის ბულვარში, სხვა მშობლებთან ერთად შევხვდით. პირველი ინტერვიუ ხატიასთან ჩავწერეთ, რადგან თბილისში წასვლას ჩქარობდა. ხატია ერთ-ერთია, ვინც შვილისთვის წამალს ითხოვს. ის ბათუმიდან თბილისში ჩადის კანცელარიის წინ სამორიგეოდ და ქუჩაში ღამის გასათევად.

ხატიას შვილი, ნიტა ჭაღალიძე, 4 წლისაა. მას აქონდროპლაზიის დიაგნოზი აქვს. ხატია ფეხმძიმედ იყო, როდესაც მისი დიაგნოზი გაიგო.

„ექიმებმა მითხრეს, რომ ძნელად მოსავლელი იქნებოდა და შემეძლო სამშობიაროში დამეტოვებინა. ძალიან განვიცადე.

როცა ნიტა დაიბადა, ოზურგეთში ვცხოვრობდი. იქ არანაირი დაფინანსება არ გვქონდა – არც რეაბილიტაცია ეკუთვნოდა უფასოდ, არც პედიატრი. ამიტომ ბათუმში გადმოვედით საცხოვრებლად, აქ ჩავწერე ნიტა,“ – გვიყვება ხატია.

ხატია ხურციძე და ნიტა

ნიტას, ისევე როგორც საქართველოში მცხოვრებ სხვა აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვებს, ჯერ კიდევ გუშინდელ დღემდე, 4 მაისამდე,  არ შეეძლოთ შშმ სტატუსის მიღება მათი დიაგნოზის მიხედვით. რადგან  ჯანდაცვის ქართულ სისტემას ეს დაავადება შესაბამისი კოდით აღნიშნული არ ჰქონდა. ამიტომ შშმ პირის სტატუსს ბავშვები სხვა თანმდევი დაავადების გამო იღებდნენ.

2023 წლის 4 მაისს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც „შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვის“ დადგენის წესში შევიდა ცვლილება. კერძოდ, დაემატა ახალი პუნქტი, რომლის მიხედვითაც აქონდროპლაზია, ჰიპოქონდროპლაზია, გახდება შშმ სტატუსის მინიჭების საფუძველი.

ხატია ხურციძის მსგავსად ბათუმში საცხოვრებლად გადმოვიდა სალომე ბერიძეც. ის 2 წლის გაბრიელის დედაა.

„ხულოში, სოფელ სხალთაში ვცხოვრობდი. 8 თვის ფეხმძიმე ვიყავი გაბრიელზე, როცა მითხრეს, რომ ჰიდროცეფალია სჭირდა. მაგრამ დაიბადა და აღმოჩნდა, რომ აქონდროპლაზია ჰქონდა. მყავს ორი შვილი, უფროსები. მესამეა გაბრიელი. როცა გაბრიელის დიაგნოზი გავიგეთ, ხშირად გვიწევდა ექიმებთან სიარული, გამოკვლევებზე, რეაბილიტაციაზე. ამიტომ ბათუმში გადმოვედით საცხოვრებლად,“ – ამბობს სალომე ბერიძე.

სალომე ბერიძე და გაბრიელი

იმის გამო, რომ აქონდროპლაზია ჯანდაცვის სამინისტროს ცალკე კოდზე არ აქვს გაწერილი, მთელი რიგი სერვისების მისაღებად ბავშვებს და მათ მშობლებს ათასგვარ ბიუროკრატიასთან შეჭიდება და გამკლავება უწევთ. ესმა ხალვაში 6 წლის კატოს დედაა. კატოს აქონდროპლაზიის დიაგნოზი აქვს.

„რამდენიმე თვის იყო კატო, როდესაც დავიწყეთ რეაბილიტაციებზე სიარული. ეს იყო ფიზიკური თერაპიები, ლოგოპედი,  შემდეგ  ჩაერთო ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი.

მაგრამ კონკრეტულად აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვებს ცალკე კოდით ამ სერვისებით სარგებლობის უფლება არ აქვთ. კატოს ჰქონდა თანმხლები დაავადება, გვიან დაიწყო სიარული. თითქმის სამი წლის იყო, როდესაც დამოუკიდებლად გაიარა. ამ გართულებებიდან გამომდინარე მივიღეთ სახელმწიფოსგან ეს დაფინანსება და ჩავერთეთ უფასო პროგრამაში.

თუმცა აქვე აღვნიშნავ, რომ იმ პროგრამების გამო, რაც აჭარის ჯანდაცვას აქვს დღეს, დიდად მადლობელი ვარ.

აჭარის ჯანდაცვას რეალურად იმაზე მეტი პროგრამა აქვს, ვიდრე საქართველოს სხვა რეგიონებს. როგორც გავიგე, ფსიქოლოგის მომსახურებაც კი არ აქვთ სხვა ბავშვებს სხვა რეგიონებში, თუნდაც იგივე თბილისში,“ – ამბობს ესმა ხალვაში.

ესმა ხალვაში და კატო

ლერი მალაყმაძემ პირველად 12 წლის წინ გაიგო აქონდროპლაზიის არსებობის შესახებ.

ლერი 12 წლის ანასტასიასა და 2 წლის ბარბარეს მამაა. მის ორ შვილს აქონდროპლაზია აქვს. ლერი მალაყმაძე 12 წლის წინანდელ ამბავს იხსენებს, როცა პირველად გაიგო სიტყვა აქონდროპლაზია და დიაგნოზი, რომელიც მის შვილს დაუსვეს.

„2010 წელს, ანასტასია რომ დაიბადა, სრულიად წარმოუდგენელი იყო ყველასთვის. ჩვენთვისაც გაუგებარი იყო, რა დაავადებასთან გვქონდა საქმე,“ – იხსენებს ლერი მალაყმაძე.

მისი თქმით, 12 წლის წინ გაცილებით რთული იყო ინფორმაციის მოძიება, ვიდრე დღეს. თუმცა არც დღეს არაა ქართულ ენაზე სრულყოფილი ინფორმაცია ხელმისაწვდომი.

„როცა ანასტასია დაიბადა, ანგისაზე გადაგვიყვანეს, იქ 15 დღე იწვა საავადმყოფოში. გვეუბნებოდნენ, ეს ბავშვი ალბათ ერთ წელიწადს თუ იცხოვრებსო. შემდეგ წავედი თბილისში, გავუკეთეთ გამოკვლევები. იაშვილში იყო ექიმი ლევან ვადაჭკორია, რომელმაც მითხრა: შენს ბავშვს სიცოცხლისთვის შეუფერებელი არაფერი აქვს, იცხოვრებს, იცოცხლებს. მოვა დრო და იქნება წამალი, რომელიც მას დაეხმარებაო“, – იხსენებს ლერი მალაყმაძე.

ლერი მალაყმაძე

დრო მართლაც მოვიდა.

2021 წელს აშშ-ის წამლისა და საკვების ადმინისტრაციამ (FDA), ასევე ევროპის წამლის სააგენტომ (EMA) ავტორიზაცია მისცა პრეპარატ Voxzogo-ს (აქტიური ნივთიერება – ვოსორიდიტი). ეს პრეპარატი პირველია, რომელიც გამოიყენება სინდრომისა და მისგან გამოწვეული სიმპტომების სამკურნალოდ.

„სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ეს წამალი ბავშვებისთვის. მარტო ზრდისთვის არაა. ნიტას აქვს ძილის აპნოე. ანუ ღამით ითიშება რამდენჯერმე, გეგონება, რომ ბავშვი არ სუნთქავს. ასევე აქვს გულის პრობლემა. მალე იღლება, ამიტომ ხელით დამყავს. ეს წამალი ამ ყველა პრობლემას აწესრიგებს. თუ ამ წამალს ბავშვი მიიღებს მანამ, სანამ ზრდის ზონები დაიხურება, ყველაფერი კარგად ექნებათ ამ ბავშვებს.

ჩვენ წელიწადში გვჭირდება 200 ათასი დოლარი ამ წამლისთვის. სახელმწიფოსთვის ეს არ არის პრობლემა – ისეთ რაღაცებში იხარჯება თანხა, რომ მგონი წამლისთვის არ უნდა იყოს ასეთი ამბავი,“ – ამბობს ხატია ხურციძე.

„ზოგადად, ანასტასიას სიმაღლე პრობლემად არასდროს მიგვიჩნევია არც მე და არც ჩემს მეუღლეს. ბავშვს რომ არ აქვს ხრტილები, კუნთები აქვს დაჭიმულ მდგომარეობაში და აქედან გამომდინარე აქვს ტკივილი. ზუსტად ათ მეტრს გაივლის და სტკივა.

მეექვსეკლასელია, ხელში აყვანილს ვეღარ ვატარებ სულ.

ღამე ტკივილის გამო იღვიძებს და მეუბნება – მამა, მტკივა.

12 წელია ამ დიაგნოზს ვსწავლობ. არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ ბათუმში რომ იციან ექიმებმა ამ დიაგნოზზე, იმაზე მეტი მე ვიცი.

ამ წამლის შედეგები ვიცით და 5 წელია ველოდებით, რომ ბოლო კვლევა ჩატარებულიყო და წამალი გამოსულიყო. ეს წამალი გაზრდის ხრტილს.

როცა ხრტილი გაიზრდება, მენჯის ძვალი ძვალზე იმოძრავებს, აღარ ექნება ტკივილი, აღარ ეტკინება მენჯები. რაღაც პერიოდის შემდეგ თუ ეს წამალი ამ ბავშვებმა არ მიიღეს (ასე ამიხსნეს თურქეთსა და თბილისში ექიმებმა) და ეს ხრტილი არ გაიზარდა, დასჭირდებათ იმპლანტი,“ – ასე ხსნის წამლის ეფექტურობას ლერი მალაყმაძე.

ანასტასია მალაყმაძე და კატო ჯიბუტი

რა შეცვალა აქციებმა – ხილვადობა, რომელსაც აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ადამიანები წლები ელოდნენ

ჯერ კიდევ 20 დღის წინ საქართველოში აქონდროპლაზიის დიაგნოზის შესახებ საზოგადოებამ ბევრი არაფერი იცოდა. არათუ ფართო საზოგადოებას, ხშირად სამედიცინო სექტორში დასაქმებულებსაც კი არ ჰქონდათ ინფორმაცია.

„იმის გამო, რომ ამ დიაგნოზით ცოტა ბავშვი ცხოვრობს საქართველოში, ექიმებიც კი არ იყვნენ ინფორმირებულნი.

მქონია მომენტი, როცა ბავშვი მიგყავს ექიმთან და ექიმიც კი ვერ ხვდება, ვერ არქმევს ამ დიაგნოზს სახელს,“ – იხსენებს ესმა ხალვაში.

5 ბავშვის ამბავი ბათუმიდან, რომლებსაც აქონდროპლაზია აქვთ

ესმა ასევე იხსენებს, რომ როცა კატომ ზრდა დაიწყო, თავი ტანთან შედარებით გამოხატულად დიდი ჰქონდა. ამის გამო მას და კატოს არაერთი „რჩევა“ მიუღიათ, მათ შორის უცნობი ადამიანებისგანაც.

„მოდიოდა კომენტარები, რჩევები, რომ რაქიტის ნიშნები აქვს თქვენს შვილს, რაღაც წამალს მასწავლიდნენ ხალხური მედიცინიდან ქუჩაში გამვლელები და ასე შემდეგ.

აქციებმა რა შეცვალა? მანამდე თუ არ აკვირდებოდნენ ან აკვირდებოდნენ და ვერ ხვდებოდნენ, ქვეყნის 90%-მა არ იცოდა ამ სინდრომის შესახებ. აქციების შემდეგ, დარწმუნებული ვარ, 70%-მა მაინც გაიგო, რომ მსგავსი დიაგნოზით ბავშვები არსებობენ და ამას ჰქვია აქონდროპლაზია. დღეს, თუნდაც ქუჩაში როცა აყოლებენ თვალს, უკვე ღიმილით და სიყვარულით სავსე მზერაა. ხვდებიან, რომ ეს ის ბავშვია, ვისი მშობელიც დგას და ითხოვს წამალს.

ცნობიერების ამაღლების კუთხით ამ აქციებმა ძალიან დიდი შედეგი გამოიღო. ყველამ გაიგო საქართველოში, დიდმა თუ პატარამ.

რა პატარაა.. რამხელა თავი აქვს… რატომაა ასეთი პატარა? – დღეს ასეთი კითხვები თითქმის აღარ უჩნდებათ,“ –  ამბობს ესმა ხალვაში.

საზოგადოების შეცვლილ დამოკიდებულებას აქციების დამსახურებად მიიჩნევს ლერი მალაყმაძეც.

„არ არსებობს ინფორმაცია ქართულ ენაზე. უცხოურ საიტებზე ვეძებთ ინფორმაციას. საზოგადოებაც არ იყო ინფორმირებული და შეცოდების მომენტი ჰქონდათ. რამდენი წლისაა რომ შემეკითხებოდნენ, ვეტყოდი – 7 წლის, 10 წლის – უი, ასე პატარა? არ ჰგავს ამდენს. მაგრამ აი, ამ ოცი დღის შუალედში შეიცვალა და ძალიან ყურადღებიანი გახდა ხალხი. ვფიქრობ, ეს იმის გამო ხდება, რომ არ ჰქონდათ აქამდე ინფორმაცია.

ვფიქრობ, ამ აქციების დამსახურებით, როცა შემდეგში ამ დიაგნოზით დაიბადება ბავშვი, კიდევ ერთი ახალი სიცოცხლე, იმას უკვე გაკვალული ექნება გზა, პრობლემა აღარ ექნება. ჩვენ ძალიან დიდი პრობლემები შეგვექმნა ბაღშიც, სკოლაშიც…,“ – ამბობს ლერი მალაყმაძე.

ზაპოროჟიეში ოკუპანტებმა ევაკუაცია გამოაცხადეს, უკრაინამ ვაგნერის საწყობი გაანადგურა-მედია

უკრაინაში ზაპოროჟიეს რეგიონის ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლებამ ადგილობრივი მოსახლეობის 18 დასახლებიდან დროებითი ევაკუაციის შესახებ გამოაცხადა – ამის შესახებ რუსული მედია წერს ზაპოროჟიის ოლქის ე.წ. ხელისუფლებაზე დაყრდნობით.

ოკუპირებული რეგიონის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა ევგენი ბალიცკიმ განაცხადა, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში უკრაინულმა მხარემ გააძლიერა შეტევა, ამიტომაც მიიღეს გადაწყვეტილება მშვიდობიანი მოსახლეობა ფრონტის ხაზს დააშორონ და სამედიცინო დაწესებულებებიც რეგიონის სიღრმეში გადაიტანონ.

ამავე დროს, უკრაინული მედია ავრცელებს ზაპოროჟიის რეგიონში მდებარე ქალაქის, მელიტოპოლის მერის, ივან ფედოროვის განცხადებას, რომ ოკუპანტები პანიკაში არიან.

„[ადგილობრივი მცხოვრებლები] ამბობენ, რომ ბენზინგასამართ სადგურებზე ოკუპანტების რიგებია… როგორ გვენატრებოდი მელიტოპოლო!“ – წერს ოკუპირებული მელიტოპოლის მერი.

მიმდინარე სიტუაციას გამოეხმაურა უკრაინის ციფრული განვითარების სამინისტროს ხელმძღვანელი, მიხაილ ფედოროვიც, მოკლე გზავნილით: „ჩემი მშობლიური ქალაქი, ვასილიევკა, მალე გნახავ“.

ასევე, უკრაინული მედია დღეს ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბახმუტის მიმართულებაზე გაანადგურეს დაჯგუფება „ვაგნერის“ იარაღის საწყობი. ამის შესახებ დღეს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა:

„ჩვენმა მებრძოლებმა გაანადგურეს ვაგნერის საბრძოლო მასალის შესანახი ადგილები. ამიტომ ჩვენც მოვიკრეფთ ყველა ძალას მტრის გასანეიტრალებლად”.

დღეს, 5 მაისს, საღამოს თითქმის მთელი უკრაინის ტერიტორიაზე საჰაერო განგაში იყო. ბოლო ცნობებით, რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა დონეცკის ოლქის სლავიანსკსა და კრამატორსკში სამრეწველო საწარმოებს ცეცხლი გაუხსნეს. წინასწარი მონაცემებით, სლავიანსკში რაკეტა მოხვდა ქარხნის შენობას, კრამატორსკში კი დაზიანდა ადმინისტრაციული შენობა. პირველადი ინფორმაციით, მსხვერპლი არ ყოფილა.

ასევე დღეს, რუსული დაჯგუფება „ვაგნერის“ დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა მორიგი ვიდეომიმართვა გაავრცელა. პრიგოჟინი იმუქრება, რომ 10 მაისს „ვაგნერს“ გაიყვანს ბახმუტიდან.

ამავე თემაზე: 

პრიგოჟინმა შოიგუსა და გერასიმოვს აგინა: ის საბრძოლო მასალების 70%-იან დეფიციტზე წუხს

 

93 ადამიანი დაიღუპა ავარიის შედეგად გასულ 3 თვეში

2023 წლის პირველ სამ თვეში საქართველოში 93 ადამიანი დაიღუპა და 1480 დაშავდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად.

ავტოავარიაში დაღუპული 93 ადამიანთაგან 22 ავტომანქანით არ გადაადგილდებოდა, ისინი ქვეითები იყვნენ.

2023 წლის პირველ 3 თვეში მსხვერპლით დასრულებული ავარიების მთავარი მიზეზების სტატისტიკა ასე ნაწილდება:

  • რკინიგზის გადასასვლელის გავლის წესის დარღვევა – დაიღუპა 27 ადამიანი
  • მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება – დაიღუპა 15 ადამიანი
  • შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლა ან გასწრების წესების დარღვევა – დაიღუპა 13 ადამიანი

ბოლო წლების სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს სიკვდილის ყველაზე ხშირი გამომწვევი მიზეზი რკინიგზის გადასასვლელის გავლის წესის დარღვევაა – 2022 წელს 91 ადამიანი დაიღუპა ამ მიზეზით, 2021 წელს – 90, 2020 წელს კი – 122.

______________

ფოტო „ბათუმელების“ 2022 წლის არქივიდან.

პრიგოჟინი იმუქრება, რომ 10 მაისს ბახმუტიდან „ვაგნერს“ გაიყვანს

„ვაგნერის“ დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა დღეს, 5 მაისს, მორიგი ვიდეომიმართვა გაავრცელა. პრიგოჟინი იმუქრება, რომ 10 მაისს „ვაგნერს“ გაიყვანს ბახმუტიდან.

„ოფიციალურად მივმართავ გენერალური შტაბის უფროსს, თავდაცვის მინისტრს, მთავარსარდლობას და რუს ხალხს.

„ვაგნერის“ მებრძოლების სახელით, „ვაგნერის“ სარდლობის სახელით ვაცხადებ, რომ 2023 წლის 10 მაისს ჩვენ იძულებულნი ვართ ბახმუტში პოზიციები გადავცეთ თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფებს და „ვაგნერის“ დარჩენილი ნაწილი გავიყვანოთ ბანაკებში ჭრილობების მოსაშუშებლად.

მე გავიყვან „ვაგნერს“ ბახმუტიდან, რადგან საბრძოლო მასალის არარსებობის შემთხვევაში, ისინი განწირულნი არიან უაზრო სიკვდილისთვის.

ჩვენ დაგვრჩა ასაღები 2-ზე მეტი კილომეტრი 45-დან, მაგრამ თუ თქვენი შურის გამო არ გინდათ რუსებს აჩუქოთ ბახმუტის აღებით გამოწვეული სიხარული, ეს თქვენი პრობლემებია“ – განაცხადა პრიგოჟინმა.

ვიდეომიმართვაში პრიგოჟინი ამბობს, რომ მის დაჯგუფებას საბრძოლო მასალების ხელოვნური დეფიციტი შეუქმნეს რუსეთის სამხედრო ბიუროკრატებმა. იგი ასევე ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ საბრძოლო მასალა აღარ აქვთ, ისინი ადგილზე დარჩებიან 10 მაისამდე.

ამ მიმართვამდე პრიგოჟინმა გვამების ფონზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც მან, ფაქტობრივად, აგინა რუსეთის თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს და რუსეთის გენერალური შტაბის უფროსს, გერასიმოვს.

განახლებული ინფორმაცია: პრიგოჟინის განცხადებას დღესვე გამოეხმაურა უკრაინის შეიარაღებული ძალების პრესსამსახური. უკრაინული მხარის განცხადებით, „ვაგნერს“ არა საბრძოლო მასალები, არამედ მებრძოლები ამოეწურა და პრიგოჟინი იძულებულია ეძებოს მიზეზი ფრონტის ხაზიდან უკან დახევის გასამართლებლად.

ბახმუტისთვის ბრძოლა ცხრა თვეა, გასული წლის აგვისტოდან გრძელდება. მიუხედავად ეტაპობრივი წინსვლისა, რუსული ძალები ვერ ახერხებენ ქალაქის სრულად აღებას. ამ დრომდე ბახმუტი რჩება უკრაინის ფრონტის ყველაზე ცხელ წერტილად, ორივე მხრიდან დიდი რაოდენობით მსხვერპლით.

ამავე თემაზე: 

პრიგოჟინმა შოიგუსა და გერასიმოვს აგინა: ის საბრძოლო მასალების 70%-იან დეფიციტზე წუხს

კრასნოდარის ნავთობის ქარხანაში ისევ ხანძარი გაჩნდა – რუსული მედია

ორი დღის განმავლობაში მეორე აფეთქება მოხდა და ხანძარი გაჩნდა კრასნოდარში, ილსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში – წერს რუსული მედია.

ხანძრის გამომწვევ მიზეზად კვლავ უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმა სახელდება.

რუსული მედიის ცნობით, დრონი თავს დაესხა ილსკის ქარხნის ტერიტორიას, რის შედეგადაც ხანძარი 60 კვადრატულ მეტრ ფართობზე გაჩნდა. „უკრაინულმა უპილოტო აპარატმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ერთ-ერთი ბლოკი დააზიანა“ – წერს „კომერსანტი“.

უკრაინულ მხარეს აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. ხანძარი ლიკვიდირებულია, წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი არ არის.

გუშინ, 4 მაისს, გამთენიისას, სამხრეთ რუსეთში ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ერთდროულად გაჩნდა ხანძარი.  ხანძრის გამომწვევ მიზეზად რუსული წყაროები უკრაინული დრონების თავდასხმას ასახელებენ.

პრიგოჟინმა შოიგუსა და გერასიმოვს აგინა: ის საბრძოლო მასალების 70%-იან დეფიციტზე წუხს

„ვაგნერის“ დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა, 4 მაისს, გვიან ღამით, ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ის პირდაპირ აგინებს რუსეთის თავდაცვის მინისტრ, სერგეი შოიგუსა და გენერალური შტაბის უფროსს – ვალერი გერასიმოვს.

პრიგოჟინის ვიდეომიმართვა ათეულობით დაღუპული, დაქირავებული „ვაგნერელის“ ფონზეა ჩაწერილი. ვიდეო პრიგოჟინის პრესსამსახურმა ტელეგრამში გაავრცელა.

პრიგოჟინის თქმით, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს საბრძოლო მასალები ნორმის ფარგლებში რომ მიეწოდებინა, მაშინ „ვაგნერის“ დანაკარგები ხუთჯერ ნაკლები იქნებოდა.

„ჭურვების დეფიციტი გვაქვს, 70%. შოიგუ, გერასიმოვ, სად ჯანდაბაშია…. საბრძოლო მასალები?!“ – ყვირის ვიდეოში პრიგოჟინი.

ვიდეოში „პუტინის მზარეულად“ წოდებული პრიგოჟინი რუსი ჩინოვნიკების შვილებსაც ახსენებს, რომლებიც „ძვირადღირებულ კლუბებში“ ერთობიან, იღებენ ვიდეოებს და შემდეგ YouTube-ზე ათავსებენ. მან, სავარაუდოდ, მიანიშნა შოიგუს ქალიშვილზე, რომელიც იანვარში დუბაიში ისვენებდა.

„ფიქრობთ, რომ რადგან თქვენ გაქვთ ჭურვების საწყობი, ამიტომაც გაქვთ ამის უფლება. არის ელემენტარული გათვლა – თუ თქვენ აწვდით ნორმირებულ საბრძოლო მასალებს, ისინი [დაღუპულები] ხუთჯერ ნაკლები იქნებიან. ისინი აქ მოვიდნენ, როგორც მოხალისეები და კვდებიან იმისთვის, რომ თქვენ წითელი ხის კაბინეტებში იცოხნებოდეთ“, – დასძინა „ვაგნერის“ დამფუძნებელმა.

კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ უკრაინის ქალაქ ბახმუტთან იბრძვის. მისი და რეგულარული არმიის ერთობლივი ძალისხმევით, რუსებმა შეძლეს ქალაქის ცენტრის აღება. ბახმუტისთვის რუსები 8 თვეზე მეტია იბრძვიან და კვლავაც უკრაინის ძლიერ წინააღმდეგობას აწყდებიან. უკრაინისა და აშშ-ის ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე თვეში „ვაგნერს“ დიდი დანაკარგები აქვს.

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 5 მაისის 21 საათიდან 6 მაისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

  • დღისით: 19 – 24 გრადუსი სითბო
  • ღამით: 10 – 15 გრადუსი სითბო

შიდამთიან რაიონებში:

  • დღისით: 16 – 21 გრადუსი სითბო
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო

ზღვის წყლის ტემპერატურა +14 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 7-8 მაისს აჭარაში მოსალოდნელია წვიმა, შესაძლებელია ელვა-ჭექა.

ბათუმში „გაბილდის“ პრემიუმ კლასის შოურუმი გაიხსნა

„გაბილდი“ ქართულ ბაზარზე შიდა და გარე კარების დიდი არჩევანით, განსხვავებული დიზაინისა და ფუნქციის საკეტების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. კომპანიამ ერთგული მომხმარებლისთვის 29 აპრილს ბათუმში, პუშკინის 37 ნომერში, საზეიმოდ გახსნა „გაბილდის“ ახალი, პრემიუმ კლასის შოურუმი, სადაც მყიდველს უმაღლესი ხარისხის, გამორჩეული დიზაინის ნაწარმი, მოდერნისტული და დამალული კარები, ე. წ. SmartLocker-ის დიდი არჩევანი დახვდება. მოდელები დაგეხმარებათ, სახლში მაქსიმალურად უსაფრთხო და მყუდრო გარემო შექმნათ.

29 აპრილს ახალ ფილიალში მისულმა სტუმრებმა „გაბილდის“ სრულ ასორტიმენტზე 35%-იანი ფასდაკლებით ისარგებლეს.

კომპანიის მიზანია, ნებისმიერ მსურველს შესთავაზოს მოდური, განსხვავებული კარები, რომლებიც, გარდა ვიზუალური მიმზიდველობისა, ხარისხითაც გამოირჩევა. „გაბილდის“ შოურუმში შეხვდებით როგორც შიდა, ისე გარე სივრცისთვის განკუთვნილ, სხვადასხვა მასალისგან დამზადებულ (რკინა, MDF-ი, ეკოშპონი, შპონი, ხე), გასაგორებელ და დამალულ კარებს. აქ დაგხვდებათ საკეტების ფართო არჩევანიც, რათა მაქსიმალურად კომფორტული და მყუდრო გარემო შექმნათ.

„გაბილდი“ 2018 წლიდან მომხმარებელს, ექსკლუზიურ პროდუქციასთან ერთად, მომსახურების მაღალ ხარისხსაც სთავაზობს. შოურუმში ყოველთვის განახლებული, დიზაინის მსოფლიო ტენდენციების მიხედვით შექმნილი კოლექციაა წარმოდგენილი. პროდუქტის შეძენა შეგიძლიათ როგორც კომპანიის შოურუმში, ასევე, დისტანციურად, ონლაინმაღაზიის საშუალებით.

„გაბილდის“ შოურუმებში გამორჩეული ბრენდებისა და ეკოლოგიურად სუფთა, მაღალი ხარისხის ნაწარმია წარმოდგენილი. აქ შეგიძლიათ აღმოაჩინოთ მსოფლიოში ცნობილი ისეთი კომპანიის პროდუქცია, როგორებიცაა: „Porte Vista“, „Torex“-ი, „Dimak“-ი „Steel Line “Profil Doors”-ი და სხვ.

პროდუქციის დათვალიერება და შეძენა შეგიძლიათ აქვე, ონლაინ მისამართზე : gabuild.ge

მოძებნეთ სოცმედიაში:

Facebook: https://www.facebook.com/gabuild.ge

instagram: https://www.instagram.com/gabuild_doors/

თბილისში „გაბილდის“ პროდუქციის შეძენა კი ვ.ბაგრატიონის N5-სა და ა. წერეთლის N115ა-ში შეგიძლიათ.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 5 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 5 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 193 210 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +620]
  • ტანკი – 3 710 ერთეული [+3]
  • ჯავშანტექნიკა – 7 224 ერთეული [+8]
  • საარტილერიო სისტემა – 2 978 ერთეული [+16]
  • MLRS – 550 ერთეული [+3]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 304 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 308 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 294 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 2 540 ერთეული [+17]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 947 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 5 916 ერთეული [+30]
  • სპეცტექნიკა – 373 ერთეული [+3]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 5 მაისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 418 თვითმფრინავი
  • 230 ვერტმფრენი
  • 3 963 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 421 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 8 992 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 096 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 4 739 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 9 986 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

ამერიკელი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ დრონებით თავდასხმა კრემლმა დადგა – არგუმენტები

ვერც კი ჩამოვთვლი, USAID-ი იმდენ პროგრამას ვუჭერთ მხარს აჭარაში – ინტერვიუ კლერ მესონთან

„ჩვენ მხარს ვუჭერთ დეცენტრალიზაციას, რომელსაც წარუძღვება მთლიანად საქართველო,“ – მოქალაქეების დაკვეთაზე გაამახვილა ყურადღება კლერ მესონმა, USAID-ის ოფისის პროგრამების ხელმძღვანელმა, როცა მას ვკითხეთ: რამდენად შეიძლება ჰქონდეს შედეგი USAID-ის მიერ ადგილობრივი მმართველობის მხარდაჭერას, როცა ხელისუფლების მართვის სტილი მკვეთრად ვერტიკალურია?

კლერ მესონი დარწმუნებულია, რომ მოქალაქეების გააქტიურების შემთხვევაში, დეცენტრალიზაცია გამოვა. „მაგალითად, ბათუმში ნამდვილად ბევრი შესაძლებლობაა, იყოს მეტი ეკონომიკური ზრდა“, – გვითხრა მან. USAID-ის ოფისის პროგრამების ხელმძღვანელი მოგვიყვა, როგორ მუშაობენ ისინი ხელისუფლებასთან იმ კუთხით, რომ მეტი მაღალბიუჯეტიანი ტურისტის მოზიდვა მოხერხდეს ევროპის ქვეყნებიდან.

კლერ მესონს ინტერვიუს დროს ასევე ვკითხეთ, რამდენად შეიძლება გადახედოს USAID-მა სასამართლო რეფორმის მხარდაჭერას, როცა აშშ მოსამართლეებს კორუფციაში ჩართვისთვის ასანქცირებს?

„ბათუმელებმა“ USAID-ის ოფისის პროგრამების ხელმძღვანელთან, კლერ მესონთან ინტერვიუ ჩაწერა.

  • ქალბატონო კლერ, USAID-ის ადამიანური და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების (HICD) პროექტი ფარგლებში ბათუმში ტარდება რეგიონულ კონფერენციამდგრადი ინსტიტუტების მშენებლობა საქართველოში. რას გვეტყვით ამ  პროგრამის  შესახებ? ვინ სარგებლობს  პროგრამით? რატომ შეირჩა აჭარა პროექტის განსახორციელებლად და არის თუ არა რაიმე კონკრეტული შედეგები, რის გაზიარებაც გსურთ?

პირველ რიგში, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რასაც „ბათუმელები“ აკეთებს. მადლობა, რომ მომეცით შესაძლებლობა, გესაუბროთ იმაზე, რასაც ახორციელებს USAID-ი საქართველოში და კონკრეტულად აჭარაში.

ახლა დავბრუნდი კონფერენციიდან, სადაც ჩვენ მხარს ვუჭერთ ინსტიტუციურ განვითარებას. ეს არის ხუთწლიანი პროგრამა, ვმუშაობთ ინსტიტუციებთან, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორთან, კერძო სექტორთან, ბიზნესასოციაციებთან, რათა გავაუმჯობესოთ მათი შიდა შესაძლებლობები და გახდეს ეს უფრო ეფექტური. ამ ინსტიტუციებს აქვთ შესაძლებლობები, იმუშაონ უფრო მაღალ დონეზე. ეს შესაძლებლობას აძლევს საქართველოს, მდგრადად განვითარდეს ეკონომიკა, გაიზარდოს დემოკრატია და გაძლიერდეს მთლიანად ქვეყანაში დემოკრატია.

წლებია USAID-ი რა სერვისებსა და მხარდაჭერასაც უზრუნველყოფს საქართველოში, ეს არ არის ორიენტირებული მხოლოდ დიდ ქალაქებზე. ეს კონცენტრირებულია რეგიონებზეც, ეს შეეხება არამხოლოდ ბათუმს – მთელი დასავლეთ საქართველოდან არიან მოწვეული კონფერენციაზე ადამიანები, რომლებსაც შეეხება ორგანიზაციული განვითარება.

როგორ შეიძლება გავაუმჯობესოთ ჩვენი მხარდაჭერა ამ ორგანიზაციების მიმართ? მაგალითად, აჭარაში ჩვენ ვმუშაობთ აჭარის უმაღლეს საბჭოსთან, ასევე სხვადასხვა დეპარტამენტთან, მათ შორის, ტურიზმის დეპარტამენტთან, აჭარის ფინანსთა სამინისტროსთან, განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან, ასევე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, ბიზნესასოციაციებთან, კომპანიებთან, როგორიცაა, მაგალითად, „ორგანიკ ჯორჯია“.

ნება მომეცით, გაგიზიაროთ მაგალითი, რომელიც კონკრეტულად აჭარას შეეხება: 2021 წელს აქტივისტების ჯგუფი, ფერმერები შეიკრიბნენ. მათ ჰქონდათ იდეა, გაეფართოებინათ ორგანული ფერმერული საქმიანობა და გასულიყვნენ მრავალფეროვან ბაზრებზე. მათ ასევე სურდათ შეექმნათ ბიზნესასოციაცია. USAID-ი მათ დაეხმარა ორგანიზაციულ განვითარებაში – შეექმნათ ისეთი ბიზნესი, რომელიც იქნებოდა საკმაოდ მყარი: შეემუშავებინათ გეგმა, რომლითაც გავიდოდნენ სხვა ფერმერებზე და მეტ მოტივაციას გააჩენდნენ, რომ რაც შეიძლება მეტად დაემკვიდრებინათ ბიოფერმერობის პრაქტიკა.

მათ ასევე დავეხმარეთ, რომ შეემუშავებინათ ე.წ. ციფრული მარკეტინგი. ეს არის აუცილებელი იმისთვის, რომ უფრო ადვილად დაჰკავშირებოდნენ ევროპის ბაზრებს. ამ მხარდაჭერის ფარგლებში „ორგანიკ ჯორჯია“ გაიზარდა და უკვე 20 ფერმერია მონაწილე. ეს არც ისე მარტივია საქართველოსთვის: ჩვეულებრივი, სტანდარტული ფერმერობიდან გადმოერთო ორგანულ ფერმერობაზე. ასოციაციამ შეძლო, რომ დახმარებოდნენ ფერმერებს, ასევე გაეცნობიერებინათ, რა პროცედურის გავლა მოუწევდათ მათ. USAID-მა აი, ამ ბიზნესის განვითარებაში მცირედი წვლილი შეიტანა.

ჩვენ ვხედავთ, რომ 20 ფერმერი უკვე მონაწილეობს აჭარაში და ზრდიან თავიანთ შემოსავლებს. ვიცით, ასევე, რომ გაიზრდება მათი რაოდენობა, გაიზრდება იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც შეძლებენ გაზარდონ თავიანთი ოჯახების შემოსავლები და ეს დადებითად აისახება მთლიანად მოსახლეობაზე.

გვინდოდა დავრწმუნებულიყავით, რომ შეგვეძლო გვემუშავა ჩვენს ბენეფიციარებთან. შესაბამისად, ბათუმში ამ კონფერენციის ჩატარებით მოვიზიდეთ ადამიანები არამარტო ბათუმში, არამედ აჭარასა და გურიაში სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ შევხვდეთ ადამიანებს, დავრწმუნდეთ, რომ რაც შეიძლება მეტი ჩართულობა გვექნება მათი მხრიდან.

  • 2024 წლის გეგმებზე მინდა გკითხოთგასულ კვირას სენატორმა შაჰინმა საგარეო ურთიერთობათკომიტეტის სხდომაზე იუსაიდის ხელმძღვანელს გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის საქართველოში გაგზავნის შესაძლებლობაზე ჰკითხა. თქვენ რამდენად შესაძლებლად მიგაჩნიათ ასეთი მისია? როგორ შეიძლება დაეხმაროს იუსაიდი საქართველოს, რათა 2024 წლის არჩევნები სამართლიანად ჩატარდეს? 

სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები არის სწორედ ის მიზანი, რის გამო USAID-ი უკვე ათწლეულებია მხარს უჭერს საქართველოს. ჩვენ გვაქვს მიმდინარე, საკმაოდ კარგი პროგრამა, ესაა საარჩევნო პროცესების პროგრამა, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ სადამკვირვებლო პროცესს. დაკვირვება შეიძლება იყოს როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი და ამ პროცესში შეიძლება ჩართულნი იყვნენ როგორც საერთაშორისო ექსპერტები, ასევე ადგილობრივი დამკვირვებლები. ვიცით, რომ 2024 წლის არჩევნები საქართველოსთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. USAID-ი, რა თქმა უნდა, მხარს დაუჭერს სადამკვირვებლო პროცესს.

ვიცით, რომ არჩევნები არ არის მხოლოდ ერთი დღე, ეს ძალიან დიდი პროცესია. უნდა დავრწმუნდეთ, რომ არჩევნები ჩატარდება თავისუფლად. USAID-ის მხარდაჭერა ამავე დროს აქვს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, შესაძლებლობის გაძლიერებისთვის – ჩვენ ვცდილობთ, რომ არჩევნები გადავიდეს ციფრულ პლატფორმაზე [ელექტრონული არჩევნები], რაც ძალიან დიდი ცვლილებაა საქართველოსთვის.

ჩვენი მიზანია, დავრწმუნდეთ, უზრუნველვყოთ ის, რომ არჩევნების პროცესში ჩართულ ნებისმიერ პირს – დამკვირვებელი იქნება ეს თუ საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომელი, ვისაც ეხება ელექტრონული არჩევნები, კარგად ესმოდეს, როგორ მუშაობს ელექტრონული არჩევნები, ასევე დავეხმაროთ მათ, ვინც აკვირდება არჩევნებს.

ჩვენ ვმუშაობთ ასევე პოლიტიკურ პარტიებთან, რომ დაუკავშირდნენ ისინი ახალგაზრდებს, თავიანთ ამომრჩევლებს. ვამაყობთ იმ ფაქტით, რომ ჩვენი მხარდაჭერა მიუკერძოებელია – მხარდაჭერას უზრუნველვყოფთ ყველა პოლიტიკური პარტიისთვის. ჩვენი მთავარი მიზანია, დავეხმაროთ საქართველოს, რომ არჩევნები ჩატარდეს თავისუფალ გარემოში და საქართველოს ჰქონდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები.

  • შესაძლოა ამ არჩევნების გათვალისწინებით USAID-ის ბიუჯეტი საქართველოში 2024 წელს გაიზარდოს?

ბიუჯეტი, რომელიც საქართველოში USAID-ს აქვს გამოყოფილი, ეს არის 75 მილიონი აშშ დოლარი. როგორც თქვენ იცით, USAID-ი არის ამერიკის შეერთებული შტატების მნიშვნელოვანი სააგენტო, რომელსაც კონგრესი ყოველწლიურად აფინანსებს. კონგრესი გადაწყვეტს, როგორ შეიძლება შეიცვალოს ეს დაფინანსება: გაიზარდოს, თუ შემცირდეს. საქართველოს გაუმართლა, რადგან მას აქვს კონგრესის ძალიან დიდი მხარდაჭერა. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ხელი შევუწყოთ საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და დავეხმაროთ განვითარებაში. ეს არის მიზეზი, რის გამოც აქვს საქართველოს კონგრესის ეს დიდი მხარდაჭერა. ამიტომაც არის, რომ USAID-ს აქვს ამხელა ბიუჯეტი. რასაც ჩვენ ვაკეთებთ ამ ფულით, ეს თანხა სტრატეგიაშია მთლიანად გაწერილი.

ჩვენი მთავარი მიზანია გარე ზეგავლენასთან ბრძოლა, აქ იგულისხმება რუსეთი და სხვა საფრთხეები – ამ კუთხით რომ იყოს ქვეყანა ძლიერი და მდგრადი. მეორეა – მხარი დავუჭიროთ მოქალაქეთა მიმართ ანგარიშვალდებულ მმართველობას, ხელი შევუწყოთ საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებას და, რა თქმა უნდა, სამუშაო ადგილების შექმნას. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს, რომ იყოს ძლიერი და უსაფრთხო ქვეყანა.

  • ფორმით შეიძლება გაგრძელდეს USAID-ის მხრიდან სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში ამჯერად, როცა დასანქცირდნენ გავლენიანი მოსამართლეები კორუფციაში ჩართულობისთვის, მანამდე ასევე სახელმწიფო დეპარტამენტი საუბრობდა კლანზე სასამართლოში

USAID-ი მართლმსაჯულებასთან იმისთვის მუშაობს, რომ ის იყოს დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და მიუკერძოებელი. ამიტომაც, ჩვენ მხარს ვუჭერთ  მოსამართლეებს, რომ მიიღონ გადაწყვეტილებები, რომლებიც დაფუძნებულია საქართველოს კანონმდებლობაზე, ფაქტებზე და მიღებულია ყოველგვარი გავლენის გარეშე. USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამა ხორციელდება მთელ ქვეყანაში და გაგრძელდება ეს პროგრამა. ჩვენ გვინდა, რომ განხორციელდეს მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული რეფორმები: გამჭვირვალობა, დამოუკიდებლობა და დემოკრატიული პროცესები.

  • შესაძლებელია, გადაიხედოს თქვენი მხარდაჭერა, როცა ჩანს, რომ რეალურად სასამართლო ვერ ძლიერდება? – მოსამართლეების დასანქცირებამდე სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ჩაიწერა, რომ საქართველოს სასამართლოებში კლანია.

როგორც ვახსენე, USAID-ის პროგრამები წლებია ხორციელდება და ვითარდება იმის მიხედვით, თუ რა მხარდაჭერა სჭირდება მართლმსაჯულების სისტემას. ჩვენ ვამაყობთ, რომ ვთანამშრომლობთ მართლმსაჯულებასთან, ვეხმარებით მათ, იყვნენ უფრო გამჭვირვალე, ანგარიშვალდებულნი და თავისუფალი ყოველგვარი ზეწოლისგან.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვთანამშრომლობთ მოსამართლეებთან, სასამართლოებთან, სასამართლოს აპარატის თანამშრომლებთან, ასევე პროკურატურასთან, იურისტებთან მთელ ქვეყანაში, რომ დავეხმაროთ მათ. USAID-ის მართლმსაჯულების უზენაესობის პროგრამა ასევე მუშაობს იურიდიულ დახმარებაზე.

  • ცოტა ხნის წინ მღელვარების საგანი იყო საქართველოში აგენტების შესახებ კანონი, რომელიც საბოლოოდ გაიწვია პარლამენტმა. შეგიძლიათ ჩვენს აუდიტორიას უთხრათ: რა გავლენას იქონიებდა ამ კანონის მიღება ამერიკელი ხალხის დახმარებაზე? USAID-ის პროგრამებზე? 

აშშ-ს ელჩმა საქართველოში ცალსახად უკვე ისაუბრა ამ კანონპროექტზე. ჩვენ ვიცით, რომ ამ კანონპროექტს ექნებოდა სტიგმატური გამოხმაურება სამოქალაქო საზოგადოებასთან მიმართებით, იმ ადამიანებთან, რომლებიც ყველაზე ახლოს მუშაობენ მოსახლეობასთან, რათა გააუმჯობესონ თემის საჭირბოროტო საკითხები.

ამ კანონის მიღება რეალურად დააზარალებდა საქართველოს ევროპულ მომავალს.

მინდა ვისაუბრო იმაზეც, თუ რატომ დებს ინვესტიციას USAID-ი სამოქალაქო ორგანიზაციებში და არა მხოლოდ საქართველოში. გვესმის, რომ სამოქალაქო საზოგადოება არის ფუნდამენტი ძლიერი დემოკრატიისა. ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს ისეთი საკითხების წამოჭრაში, რაც მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის. ძლიერ სამოქალაქო საზოგადოებას შეუძლია, მთავრობა გახადოს ანგარიშვალდებული, ასევე მისცეს შესაძლებლობა ადამიანებს, რომ აიმაღლონ ხმა, ვისაც მანამდე არ ჰქონდა ამის შესაძლებლობა.

როდესაც ვსაუბრობთ სამოქალაქო საზოგადოებაზე, ძალიან მნიშვნელოვანია ვიფიქროთ: რეალურად რა არის ეს. სამოქალაქო საზოგადოება შეიძლება იყოს, მაგალითად, ახალგაზრდების ჯგუფი პატარა ქალაქში, რომლებსაც აწუხებთ, მაგალითად, გამონაბოლქვი, ჰაერის დაბინძურება, ისინი ერთიანდებიან და სხვადასხვა გზით ცდილობენ დაელაპარაკონ ადგილობრივ მთავრობას. მათ შეიძლება აქტივობით მიაღწიონ ცვლილებებს.

ეს შეიძლება იყოს ორგანიზაციაც, რომელიც შეიძლება ეხმარება შშმ ბავშვებს, რომ მათ მიიღონ ადეკვატური განათლება და სერვისი, რაც სჭირდებათ. შესაძლოა, ეს იყოს უფასო იურიდიული მომსახურება, ვისაც სჭირდება სასამართლო და არ აქვს საშუალება, რომ გადაიხადოს იურიდიული დახმარების მომსახურების საფასური. ეს შეიძლება იყოს აქტივობა, როცა ვინმე აკვირდება არჩევნებს და ბოლოს ეკონომიკური სფერო: ფერმერები, რომლებიც გაერთიანდნენ ადვოკატირებისთვის და უკეთესი ბიზნესგარემოს შექმნისთვის.

თითქმის ყველა პროექტში სამოქალაქო საზოგადოებას აქვს მნიშვნელოვანი ნიშა მიცემული. ჩვენ ვამაყობთ იმ საქმით, რასაც ვახორციელებთ სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად. ასევე, ვამაყობთ იმ საქმით, რასაც ვახორციელებთ მთავრობასთან ერთად იმავე მიზნების მისაღწევად, როგორც სახელმწიფო, ასევე ადგილობრივ დონეზე.

  • რომ მიეღოთ „რუსული კანონი“ საქართველოში, რა შეიცვლებოდა, როგორ აისახებოდა ეს ადამიანებზე, რომლებიც იღებენ სარგებელს USAID-ის პროგრამებით?

ვერ ვისაუბრებ ჰიპოთეზაზე. ვიტყოდი, რომ მოვისმინეთ შეშფოთებები, რაც მოდიოდა ევროპის ქვეყნებიდან, აშშ-დან, რა მოხდებოდა, თუ მიიღებდა საქართველო ამ კანონს.

USAID-ს ძალიან დიდი ისტორია აქვს საქართველოსთან თანამშრომლობის. ვერ ვხედავ, რომ რამე შეიცვლება. ჩვენ ვითანამშრომლებთ საქართველოსთან და საქართველოს მოქალაქეებთან, რათა ხელი შევუწყოთ თქვენ მიერ დასახული მიზნების მიღწევას, რაც დაკავშირებულია ევროკავშირისკენ სწრაფვასთან. სპეკულირებას ვერ მოვახდენთ, რა მოხდებოდა პოტენციურად კანონის მიღების შემთხვევაში, მაგრამ მთელმა მსოფლიომ და საქართველომ იცის, რამდენად მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოების წვლილი და როლი დემოკრატიის განვითარებაში. ჩვენ ვიცით, რა სურს საქართველოს, რომელიც მიისწრაფვის ევროინტეგრაციისკენ.

  • უახლეს წარსულს თუ გადავავლებთ თვალს – 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორების დაუსჯელობა, რუსული კანონის მიღების მცდელობა და კიდევ არაერთი სხვა ფაქტორი ნათლად აჩვენებს, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში კიდევ მეტად დამძიმდა მედიაგარემო საქართველოში და მას განსაკუთრებით მსუსხავი ეფექტი აქვს დამოუკიდებელ მედიაზე. ამ ფონზე ხომ არ აპირებთ დამოუკიდებელი მედიის პირდაპირ მხარდაჭერას, მით უფრო, 2024 წლის მოახლოებული არჩევნების პირობებში? 

პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ დღეს არის 3 მაისი, პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღე. გილოცავთ ამ დღეს. ყველას მადლობა – პრესის და მედიის წარმომადგენლებს, რომლებიც მუშაობთ აქ იმ მნიშვნელოვანი საქმისთვის, რასაც თქვენ აკეთებთ საქართველოს მოსახლეობისთვის – მათ წვდომას აძლევთ სანდო ინფორმაციასთან.

საქმე, რასაც თქვენ აკეთებთ, ასევე სხვა მედიასაშუალებები, რეგიონულ და სახელმწიფო დონეზე რასაც აკეთებენ, ძალიან მნიშვნელოვანია. USAID-ს უნდა, რომ მხარი დაუჭიროს მედიას და თავისუფალ სივრცეს.

ჩვენ გვაქვს ორი მიმდინარე პროგრამა, რომელთა  საშუალებითაც ვცდილობთ, მხარი დავუჭიროთ სწორედ დამოუკიდებელ მედიას. პირველი, ეს არის ინფორმაციის სანდოობის ხელშეწყობის პროგრამა, რომელიც ორიენტირებულია დეზინფორმაციაზე.

ვიცით, რომ ძალიან შეიცვალა სამყარო სოციალური მედიის შემდეგ, გაიზარდა რაოდენობა იმ სივრცეებისა, საიდანაც მოსახლეობას შეუძლია ინფორმაციის მიღება. ხშირად მოსახლეობა ინფორმაციას იღებს არასანდო წყაროებიდან.

ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ საქართველოს მოსახლეობას ძალიან კარგად ესმის, რა არის რეალური ინფორმაცია და შეძლოს მისი გარჩევა ყალბი ინფორმაციისგან. ამ პროგრამის ფარგლებში ჩვენ ვზრდით საქართველოს მოსახლეობის შესაძლებლობას, რომ კარგად შეძლონ დეზინფორმაციის გარჩევა. ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ კონტენტზე მომუშავე ადამიანებს.

ჩვენი მთავარი მიზანია, გაქარწყლდეს დეზინფორმაციები, რაც გარკვეული მითებისგან იქმნება. ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა, მთელ მსოფლიოში არსებული პრობლემაა, მათ შორის, ჩემს ქვეყანაში, რომელიც ჯერ კიდევ ებრძვის ამ დეზინფორმაციას და ვცდილობთ, გავიგოთ, რა არის რეალური ინფორმაცია, რა – დეზინფორმაცია.

ჩვენ გვაქვს ასევე მედიის ახალი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ვცდილობთ, მხარი დავუჭიროთ კონტენტის შემქმნელებს, რომ მივაწოდოთ მოსახლეობას ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია, რომელიც ეფუძნება კვლევებს და იმ საკითხებს, რაც რეალურად აწუხებს მოსახლეობას.

თუ გავითვალისწინებთ, რამდენად შეიცვალა მედიაგარემო საქართველოში, გვინდა, დავრწმუნდეთ, რომ ჟურნალისტებს აქვთ შესაძლებლობა, იმუშაონ უსაფრთხო და ჩაგვრისგან თავისუფალ გარემოში. ჩვენ ვაფართოებთ მედიასთან მუშაობას, რადგან კარგად გვესმის, რომ მოსახლეობა იღებს ინფორმაციას ბევრი წყაროდან.

ეს არ არის მუშაობა მხოლოდ ტრადიციულ მედიასაშუალებებთან. ვცდილობთ, დავუკავშირდეთ ინფლუენსერებს, ონლაინმედიას, საიდანაც მოსახლეობა რეალურად ძალიან დიდ ინფორმაციას იღებს.

როცა ჩვენ ვსაუბრობთ ამ მედიასივრცესთან დაკავშირებით, ძალიან კარგად გვესმის, რომ მართლა ძალიან რთული გარემოა. ეს მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის, რადგან მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომელ მედიასაშუალებას მიმართოს და სად შეიძლება მოიძიოს სანდო ინფორმაცია.

  • ვიცით, რომ USAID-ი არაერთ პროგრამას აფინანსებს საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში მცხოვრებთა საჭიროებების შესაბამისად. შეგიძლიათ უფრო მეტი გვითხრათ მათზე, როგორ მუშაობს თქვენი პროგრამები აფხაზეთში?

ჩვენ ორიენტირებული ვართ, რომ USAID-მა შექმნას დადებითი აქტივობები, ანუ USAID-ი ქმნის სხვადასხვა პროგრამას: გამყოფი ხაზის აქეთ მდებარე სოფლებისთვის და ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის იქეთ მდებარე სოფლებისთვის. გვესმის, რომ რუსეთისგან ოკუპირებულ ტერიტორიებთან მცხოვრები მოსახლეობა საკმაოდ დაზარალდა.

გამყოფი ხაზის აქეთ მხარეს ვქმნით ეკონომიკურ შესაძლებლობებს და ვეხმარებით მოსახლეობას, რომ გავაძლიეროთ ისინი. გვჯერა, რომ მოსახლეობა, რომელიც ცხოვრობს გამყოფ ხაზთან, აუცილებელია, იყოს ეკონომიკურად ძლიერი, რათა მთლიანობაში საქართველო იყოს ძლიერი. ჩვენ იმედი გაქვს, რომ ეკონომიკური შესაძლებლობები, რასაც ჩვენ ვქნით ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან, მისცემს ცოდნას ადგილობრივ მოსახლეობას და ეს იქნება გზავნილი მოსახლეობისთვის, რომ მომავალი იქნება წარსულზე უკეთესი. მედეგობის გაზრდით, ამ თემების გაძლიერებით ისინი უკეთ შეძლებენ, თავი დაიცვან გარე ზეგავლენისგან, რომელიც ცდილობს თავს დაესხას საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

ვამაყობთ, რომ ვთანამშრომლობთ გაეროს განვითარების პროგრამასთან [UNDP],  რომლის საშუალებითაც გვეძლევა შესაძლებლობა, პროგრამები განვახორციელოთ აფხაზეთში. ამ პროგრამის მიზანია, შევქმნათ ხალხთაშორის ურთიერთობები და კავშირები, რაც არის შერიგების და მშვიდობის პროგრამის ნაწილი. რის გაუმჯობესებასაც  ვცდილობთ, ეს არის ეკონომიკური, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებები აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობისთვის.

  • რა არის ყველაზე დიდი გამოწვევა, პრობლემები, რასაც აწყდებით აფხაზეთში მუშაობის დროს?

ბევრი გამოწვევაა, როცა ვსაუბრობთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, თუმცა არის შესაძლებლობები, სფეროები, სადაც დავინახეთ, რომ გაიზარდა თანამშრომლობა. 4 წელია საქართველოში ვარ და აქ გადავიტანე კოვიდის პერიოდიც. ცალსახაა, რომ ეს საშინელება იყო ყველასთვის, თუმცა ამან შეგვიქმნა შესაძლებლობა, გაგვეზარდა თანამშრომლობა აფხაზეთთან და ეს უკავშირდება ვაქცინაციას, ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლების შესაძლებლობების გაძლიერებას, რაც უზრუნველყოფდა იქ მცხოვრები ადამიანების ჯანდაცვას.

USAID-მა შეძლო მხარდაჭერის გაზრდა აფხაზეთში. ამან შექმნა კარგი პრეცედენტი, როდესაც ვნახეთ ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის აქეთ და იქით მცხოვრები ექიმები როგორ ურთიერთობდნენ, ერთად მუშაობდნენ და ცდილობდნენ, რომ ებრძოლათ გლობალური პანდემიის წინააღმდეგ.

  • USAID-მა ახლახან დაიწყო დიდი პროგრამა საქართველოს ადგილობრივი ხელისუფლების დეცენტრალიზაციის პროცესის მხარდასაჭერად. მომავალ კვირას ხელი მოეწერება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ბათუმის მუნიციპალიტეტთან. გთხოვთ, გაგვიზიაროთ  დეტალები პროგრამის შესახებ. ვინ ისარგებლებს ამ პროგრამით? რატომ აკეთებს USAID-ი აქცენტს ადგილობრივ მმართველობაზე?

ეს არის ხუთწლიანი პროგრამა, რომელიც ორიენტირებულია ადგილობრივ მმართველობაზე. პროგრამის მთავარი ბენეფიციარია ადგილობრივი მოსახლეობა. ადგილობრივი მმართველობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, რადგან ადგილობრივ მთავრობას პირდაპირი გავლენა აქვს ადგილობრივ მოსახლეობაზე. ადგილობრივი მთავრობა წყვეტს, როგორ განაწილდეს რესურსები: რომელი ქუჩები უნდა გარემონტდეს, განახლდეს, რა სოციალური სერვისები დაფინანსდეს.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებმა იგრძნონ ეს კავშირი ადგილობრივ მთავრობებთან, რომ მათ შეუძლიათ პირდაპირ ესაუბრონ ადგილობრივ მთავრობას იმ საკითხებზე, რაც მათ აინტერესებთ და ასახონ თავიანთი პრიორიტეტები.

მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ განცდა, რომ მეორე მხარეს მათ ჰყავთ პარტნიორი, რომელიც მათ უსმენს და არის პასუხისმგებლობიანი. ეს არის სივრცე, სადაც შეგვიძლია შევქმნათ კავშირი და ნდობა მოქალაქეებსა და მთავრობას შორის. USAID-ის ადგილობრივი მმართველობის პროგრამა იმუშავებს როგორც სახელმწიფო, ისე ადგილობრივ დონეზე. სახელმწიფო დონეზე ჩვენ მხარს ვუჭერთ სახელმწიფო ინსტიტუტების დეცენტრალიზაციის სტრატეგიის განხორციელებას.

ადგილობრივ დონეზე ჩვენ ვიმუშავებთ 22 მუნიციპალიტეტში. მათ დავეხმარებით, რომ გააუმჯობესონ მომსახურება, გაზარდონ კავშირები მოქალაქეებთან, რათა უფრო ხელმისაწვდომები გახდნენ ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის, ბიზნესისთვის, რომ შექმნან ღია გარემო, სადაც მარტივად იმუშავებენ.

პირველ წელს ადგილობრივი მმართველობის პროგრამის ფარგლებში შევარჩიეთ 11 მუნიციპალიტეტი, ვისთანაც დავიწყებთ თანამშრომლობას. თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია. მომავალ კვირას მემორანდუმს მოაწერს ხელს ბათუმის მუნიციპალიტეტი, ასევე გურიაში ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები. პასუხისმგებლობა და ვალდებულება იქნება ორივე მხარეს. რეალურად დოკუმენტი მოიცავს პრინციპს: მოდით, ვიმუშაოთ ერთად. ამ პროგრამის შედეგი იქნება ის, რომ დავუკავშირებთ მოსახლეობას ადგილობრივ მთავრობას, რომ შეძლონ ერთმანეთში დიალოგი.

  • მაგალითად, ბათუმის შემთხვევაში რა შეიცვლება მემორანდუმის გაფორმების შემდეგ?

დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, რადგან ადგილობრივი მმართველობის ექსპერტი არ ვარ. ვიცი, რომ დეცენტრალიზაცია მოიცავს ფინანსურ საკითხებს, და რაც ძალიან მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტებისთვის, ჩვენ დავეხმარებით სწორედ მთავრობას ამ პროცესში. ჩვენ ვიმუშავებთ ადგილობრივი ხელისუფლებების შესაძლებლობების გაძლიერებაზე, რათა მათ პირდაპირ იმუშაონ მოქალაქეებთან. ვიდრე არ მოვაწერთ ხელს მემორანდუმებს, კონკრეტულ სპეციფიკაზე ვერ ვისაუბრებთ.

  • საქართველოს ხელისუფლების მართვის სტილი არის მკაცრად ვერტიკალურიზემოდან ქვემოთ. დასვლელი მეგობრები, მათ შორის, აშშ, ცდილობს მხარი დაუჭიროს დეცენტრალიზაციის პროცესს. თუ არ იქნება ხელისუფლების ნება, რამდენად მიიღწევა დეცენტრალიზაცია?

USAID-ი სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობს ადგილობრივ მთავრობებთან და ჩვენთვის პრიორიტეტია ის, თუ რა საჭიროებებია ადგილობრივ მთავრობაში. ჩვენ ვმუშაობთ სახელმწიფო დონეზე იმიტომ, რომ სახელმწიფო დონეზე არსებობს დეცენტრალიზაციის სტრატეგია.

ჩვენ მხარს ვუჭერთ დეცენტრალიზაციას, რომელსაც წარუძღვება მთლიანად საქართველო.

ასევე, ვიტყოდი, რომ ადგილობრივი პოლიტიკოსები, საკრებულოების წარმომადგენლები, მერები, გუბერნატორები, რომლებსაც ყველაზე მეტად აქვთ ურთიერთობა ამომრჩევლებთან, მათ ინტერესებში შედის, რომ უზრუნველყონ საჭირო მომსახურება, მათ უნდა ნახონ თავიანთი ამომრჩეველი ყოველდღიურად. ადგილობრივი მმართველობა ძალიან მნიშვნელოვანია სტაბილურობის, ქვეყნის წარმატებისთვის.

ვისთანაც უკვე ხელი მოვაწერეთ მემორანდუმს, რეალურად ყველა ადგილობრივი მთავრობიდან ძალიან დიდი ინტერესი მოდის თანამშრომლობაზე. უხარიათ ეს თანამშრომლობა. ჩვენ მოუთმენლად ველით შედეგს ქართულ კონტექსტში. ეს ჩვენთვის ძალიან დიდი ცვლილებაა – დიდი ხანია ადგილობრივი მმართველობის პროგრამა ცალკე არ განგვიხორციელებია – აქამდე მხოლოდ დიდ პროგრამაში შედიოდა ადგილობრივი მმართველობის პროგრამა. მიგვაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია გავიდეთ რეგიონებში. სწორედ ამიტომ დავიწყეთ ცალკე ამ საკითხზე ორიენტირებული პროგრამა.

  • აშშ-მ მოსამართლეები დაასანქცირა კორუფციაში ჩართულობის გამო. ეს ნიშნავს, რომ კორუფცია ყველა სახელისუფლო რგოლში შეიძლება იყოს გავრცელებული. USAID-ი დიდ პროექტებს აფინანსებს საქართველოში და მაინტერესებს, რა ბერკეტები გაქვთ ამ პროექტების მონიტორინგისთვის, რამდენად კეთილსინდისიერად ახორციელებს ხელისუფლება ამ პროექტებს?

USAID-ი თანამშრომლობს მთავრობასთან ყველა დონეზე. ჩვენი მხარდაჭერის შემთხვევაში, ჩვენ პირდაპირ თანხას არ ვაძლევთ მთავრობას. ამ შემთხვევაში მთავრობას ხელს ვუწყობთ შესაძლებლობების გაძლიერებაში. ჩვენ ძალიან სერიოზულად ვუდგებით ამერიკული ფონდების განაწილების საკითხს. თითოეული ეს თანხა, რაც ნაწილდება, უნდა აკმაყოფილებდეს დასახელებული მიზნების განხორციელებას. ეს უნდა განხორციელდეს გამჭვირვალედ.

ჩვენ ვმუშაობთ პარტნიორებთან, რათა გამოვარჩიოთ, გავარკვიოთ: რა სჭირდება საქართველოს? სად სჭირდება საქართველოს რაიმეს გაუმჯობესება, რომ დავეხმაროთ ქვეყანას, გახდეს უფრო უსაფრთხო და წარმატებული?

მაგალითად, აჭარაში ჩემთან ერთად ამ ღონისძიებაზე იყო აჭარის ფინანსთა მინისტრის მოადგილე, რომელიც საუბრობდა, რამდენად დაეხმარა USAID-ი  მთავრობას მუშაობის გაუმჯობესებაში. ის ძალიან მადლიერი იყო ყველა იმ მხარდაჭერით, რასაც ჩვენ ვახორციელებთ. ყველაფერი, რასაც ჩვენ ვახორციელებთ, შეესაბამება და აკმაყოფილებს ევროპულ, დასავლურ სტანდარტებს.

  • კიდევ რა პროგრამებს ახორციელებს USAID-ი აჭარაში? რა პოტენციალს ხედავთ ჩვენს რეგიონში?

USAID-ი მხარს უჭერს ბევრ პროგრამას აჭარაში, იმდენს, რომ ალბათ ვერც კი ჩამოვთვლი. ძალიან დიდი პოტენციალია დასავლეთი საქართველო. ყველა პროგრამა, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ, ორიენტირებულია ერთ მთავარ მიზანზე, რომ გახდეს საქართველო უფრო ძლიერი და უსაფრთხო ქვეყანა.

ბათუმი მეორე დიდი ქალაქია ქვეყანაში და არის საპორტო ქალაქი. აქ ნამდვილად ბევრი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ ეკონომიკა მეტად გაიზარდოს. ჩვენი პროგრამები ორიენტირებულია სწორედ ამ სფეროზე, მათ შორის, ტურიზმზე, საწარმოებზე, ჩვენ ვხედავთ დასავლეთ საქართველოს ძლიერ და კარგ პარტნიორად.

მაგალითად, ჩვენ დავეხმარეთ ბათუმში ბიზნესს, რომლის სახელწოდებაა „აიბამბუ“, ეს არის კომპანია, რომელიც აწარმოებს ავეჯს ბამბუკისგან. მათ შესაძლებლობა აქვთ, ინვესტიცია ჩადონ და შეიძინონ ახალი, დამატებითი დანადგარები და შექმნან ისეთი პროდუქცია, რომელიც დააკმაყოფილებს ევროპული ბაზრის მოთხოვნებს. ამ ინვესტიციების ფარგლებში, მათ შეძლეს შეექმნათ 14 მაღალანაზღაურებადი ადგილი და გაეზარდათ შემოსავლები 100 ათასამდე.

ამის გარდა, ვმუშაობთ ფოთისა და ბათუმის პორტებთან, ამ შემთხვევაში საზღვაო აკადემიასთან –  ხელს ვუწყობთ იმას, რომ დასაქმებისთვის საჭირო კვალიფიკაციის მქონე პირები მოამზადონ, ვინც სჭირდება პორტს. ვცდილობთ, რომ გადავამზადოთ საჭირო სპეციალისტები. პორტში საკმაოდ კარგი, მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილებია, მაგრამ არ არიან საკმარისი რაოდენობით ადამიანები, რომლებიც შეიტანენ განაცხადს ამა თუ იმ პოზიციაზე, მაგალითად, სჭირდებათ ამწეს ოპერატორი, ვინც მართავს ამწეს. რეალურად არსებობს ძალიან დიდი მოთხოვნა ამ სამუშაო პოზიციებზე და, სამწუხაროდ, არ არიან ამ სპეციალობის ადამიანები.

რაც შეეხება ტურიზმს, აქ ძალიან კარგი ადგილია ტურიზმისთვის. ძალიან მიყვარს აქ ჩამოსვლა.

  •  თქვენ რომელ ადგილებს გამოარჩევდით ბათუმში?

ძალიან მიყვარს ანბანი და თვითონ ანბანის კოშკი არის ძალიან უნიკალური, ძალიან მიყვარს იქ სტუმრობა. ჩემი შვილები ალბათ იტყოდნენ, რომ ძალიან მოსწონთ ეშმაკის ბორბალზე, სიმაღლეზე ასვლა. მათ მოსწონთ, როცა მიყურებენ, როგორ მეშინია სიმაღლის.

ძალიან ბევრი ადგილის მონახულება შეიძლება აქ, როცა კარგი ამინდია. იმედია, უფრო მეტი ტურისტი ჩამოვა აქ არა მარტო რუსეთიდან, არამედ ევროპიდანაც. ვხედავთ, რომ ბევრი ევროპელი ჩამოდის, გერმანელები ჩამოდიან, მათ აინტერესებთ კულტურული მემკვიდრეობა საქართველოში, აინტერესებთ შავი ზღვა. ყველა ადგილი ლამაზია, თუნდაც, თუ ახვალთ მთიან აჭარაში, კარგია, თუ ახვალთ სასეირნოდ. ჩვენ ვმუშაობთ საქართველოს ტურიზმის სააგენტოსთან, რათა გავზარდოთ მათი შესაძლებლობები, რომ შეძლონ მეტად მოიზიდონ ტურისტები დასავლეთიდან. საუბარია მაღალბიუჯეტიან ტურისტებზე, რომლებიც უფრო მეტს დახარჯავენ აქ და ხელს შეუწყობენ მთლიანი, დიდი ბაზრის შექმნას საქართველოში.

მომწონს ძალიან, როცა დავდივარ საქართველოში და ვეკითხები ყველას, როგორ ვთქვა დასახელება, ხალხს ვთხოვ გამოთქმაში დახმარებას.

  • ქართული ანბანი რის გამო მოგწონთ?

პირველ რიგში, ძალიან ლამაზია. ასევე მომწონს სიამაყე, რაც არსებობს ქართველებში, როდესაც ისინი საუბრობენ თავიანთ ანბანზე, ენაზე, როგორ ამაყობენ ამით ქართველები. თუ ისტორიას გადავხედავთ, საბჭოთა კავშირის პერიოდში საქართველოს მოსახლეობამ იბრძოლა და დაიცვა თავისი ენა, ეს აჩვენებს ძალიან კარგად იმას, თუ ვინ არის ქართველი ხალხი. თქვენ ყოველთვის იყავით ძლიერი და ამაყი ადამიანები, რომლებიც ისწრაფოდით დამოუკიდებლობისკენ და შეინარჩუნეთ ეს დამოუკიდებლობა. ეს ცალსახად მიუთითებს იმას, თუ როგორი გინდათ იყოს თქვენი მომავალი.

  • სწავლობთ ქართულს?

სამწუხაროდ არ მქონდა იმის დრო, რომ ქართული ენა მესწავლა, ძირითადად ორიენტირებული ვიყავი ჩემი საქმის შესრულებაზე, რომელიც სტრატეგიულ განვითარებას უკავშირდება. ამავე დროს მყავს ყველაზე კომუნიკაბელური თარჯიმანი, რომელიც ოდესმე მყოლია და ის დაგვყავს ყველა რეგიონში.

ოჯახი 3 ბავშვით დაბზარულ და საშიშ ნაქირავებში: „მიწისძვრის დროს უნდა გენახათ აქაურობა“

„აქედან ქუჩაც ჩანს, შეხედეთ, რამხელა ბზარია,“ – ილონა ლიჩევსკა ბავშვების საწოლის გვერდით, კედლის პირისპირ ჩერდება. ბზარი კედელს მიუყვება და არ ჩერდება, გრძელდება ჭერზეც, ანუ ტყუპების საწოლის თავზე, კიდევ ერთ ოთახზე, სადაც ტყუპების ძმა – 15 წლის ნიკო ეტლში ზის და ონლაინ ესწრება სკოლის გაკვეთილს – ნიკოს ცერებრალური დამბლა აქვს.

გოგოებს ეღვიძებათ და კითხულობენ: რა დროა ახლა? ილონა ამბობს, რომ ტყუპები უკვე 7 წლის არიან, სკოლაში დადიან და მამის მსგავსად ეპილეფსია დაუდგინეს.

„ხშირად საჭირო წამლებსაც ვერ ვშოულობ. ჩემი ოჯახის 4 წევრი – ქმარი და სამი შვილი შშმ პირია,“ – ჰყვება ილონა და საწოლის გვერდით კედელზე მიფარებულ მუყაოს დაფას გვერდით ანაცვლებს – კარგად რომ დავინახოთ, რამდენად შეუძლებელია ქუჩიდან შემომავალი მტვრისგან თუ ქარისგან დაცვა.

ილონა ლიჩევსკა ქმართან, დენის ლიჩევსკისთან ერთად ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე ნაქირავებ ბინას გვათვალიერებინებს. ჯავახიშვილის ქუჩის ბოლოში ძველი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე მდებარე ბინაში შესვლისთანავე მარტივად საგრძნობია, რომ ნებისმიერ დროს ამ ბინის ჭერი შეიძლება ჩამოვარდეს, ან საძინებელი ოთახი მთლიანად ჩამოიშალოს.

საცხოვრებელი კორპუსი, სადაც ილონას ოჯახი ცხოვრობს, ავარიული ბინის სტატუსი არ აქვს – ბინისთვის წლების წინ რამდენიმე მესაკუთრეს უკანონოდ მიუშენებია საცხოვრებელი ოთახები, მათ შორის ის 2 ოთახი, სადაც ილონას ოჯახი ცხოვრობს ახლა.

ილონა ლიჩევსკას ოჯახი 8 წელია ნაქირავებში ცხოვრობს. მისი მთავარი პრობლემა ახლა ბინებზე ფასების გაძვირებაა – 500 ლარად ბინას ბათუმში ვეღარ პოულობს, რომ საცხოვრებელი შეიცვალოს.

„ვმუშაობ მასაჟისტად. სასწრაფოში ვმუშაობდი ექთნად, მაგრამ ვეღარ ვმუშაობ, არ მყოფნიდა დრო,“ – გვიყვება ილონა, როცა სასადილო ოთახის დაბზარულ კედელთან, მდივანზე ვსხდებით. – „დენისი სამრეცხაოში მუშაობს, მაგრამ უჭირს – წამალი თუ ვერ მიიღო, შეიძლება, პირდაპირ ქუჩაში წაიქცეს…“

„გამაფრთხილეს უკვე, რომ სამსახურიდან მიშვებენ, ჩემი მუშაობა არ გამოდის,“ – დიალოგში ერთვება დენის ლიჩევსკი და ნიკას ეტლს ეყრდნობა. პაუზის შემდეგ განაგრძობს: „მე ერთი კითხვა მაქვს მერიასთან: რატომ არ შეიძლება ვისარგებლოთ იაფი სახლის პროგრამით? გვითხრეს, რომ სოციალურ დახმარებას არ უნდა ვიღებდეთ და ხელფასი 1200 ლარი უნდა გვქონდეს,“ – ამბობს ის.

„რამე გამოგვიყონ თავშესაფარი, სად წავიდე სამი შვილით? პენსიებიდან და სოციალური დახმარებიდან თვეში მხოლოდ 750 ლარს ვიღებთ, რადგან ნაწილი წინასწარ გვაქვს აღებული. უფასო სასადილო რომ არა, მშივრები ვიქნებოდით, ასე ცხოვრება აღარ შეიძლება,“ – ამბობს ილონა.

„მიწისძვრის დროს უნდა გენახათ აქაურობა,“ – ბზარს აყოლებს ხელს დენისი, ნაპრალებში ხელი თავისუფლად შედის. დენისი აღწერს, როგორ აივსო მტვრით იქაურობა, როცა კედლებმა მიწისძვრის დროს მოძრაობა დაიწყეს.

„ახლაც არის სილა აქ,“ – დასძენს დენისი და კუთხის თაროდან მტვრის გადმოწმენდას ცდილობს.

დენისი გვიყვება, რომ ნაქირავებში ცხოვრება მას შემდეგ უწევს, როცა მისი მშობლების სახლში ორი ძმისთვის საკმარისი ადგილი აღარ აღმოჩნდა.

„პირველი სართული წყლით იფარება, მეორე სართულზე კი, უკვე იმდენი არიან, ჩემი ადგილი არ არის… ჩემი ძმის ოჯახი ცხოვრობს იქ, ბესიკის ქუჩაზეა სახლი. პირველ სართულზე საშინელი სინესტეა, ტუბერკულოზიც დაგვემართება, იქ რომ გადავიდეთ,“ – ამბობს დენისი.

„ნიკა 15 წლისაა და არასდროს უვლია სკოლაში, აქედან სწავლობს. ალექსანდრა და სვეტლანა კი დადიან, მაგრამ,“ – ილონა თხრობას აჩერებს, ისევ ბზარს აყოლებს თვალს, საძინებელში შედის, გოგოებს დახედავს და მერე უკან ბრუნდება:

„მიწისძვრის დროს, როცა კედლები მოძრაობდნენ და მტვრის ბუღი დადგა, ნიკა ეუბნება გოგოებს, მოდი, უნდა გაკოცოთ, შესაძლოა, დილით ცოცხლები აღარ ვიყოთ.

ჩვენ ვერსად წავედით მიწისძვრის დროს, აი, ღამით რომ იყო ძლიერი ბიძგები, გახსოვთ? – გაშეშებული ვიყავით შიშისგან. სად წავსულიყავი?“ – კითხულობს ილონა ლიჩევსკა.

ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ყველაზე ხშირად 25-44 წლის ქალები არიან

2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოში 2300 შემაკავებელი ორდერი გამოიცა 4271 პირზე – ასეთია შს სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკა.

1820 ქალი შს სამინისტროს სტატისტიკაში იდენტიფიცირებულია, როგორც ოჯახში ძალადობის მსხვერპლი, მათგან 38 პირი 13 წლამდე გოგო იყო.

წლის პირველი კვარტლის სტატისტიკის თანახმად, ყველაზე ხშირად ოჯახში ძალადობის მსხვერპლი 25-დან 44 წლამდე ასაკის ქალები არიან [992 რეგისტრირებული შემთხვევა].

ოჯახში ძალადობის მსხვერპლი 375 კაცი გახდა 2023 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში, 24 მათგანი 13 წლამდე მოზარდი იყო.

რაც შეეხება მოძალადეების გენდერულ სტატისტიკას, 1763 კაცი მოძალადიდან 1070 24 წლიდან 44 წლამდე კაცია.

შს სამინისტროს სტატისტიკაში 313 ქალია მითითებული, როგორც მოძალადე.

ოჯახში ძალადობის სახეების სტატისტიკური ანალიზი [ასე გამოიყურება:

  • ფსიქოლოგიური – 2141
  • ფიზიკური – 551
  • ეკონომიკური – 25
  • სექსუალური – 10 
  • იძულება – 16 
  • უგულებელყოფა – 14 

2023 წლის პირველ კვარტალში ოჯახში ძალადობის ყველაზე მეტი შემთხვევაა რეგისტრირებული თბილისში [1128], ქვემო ქართლში [277], კახეთსა [205] და აჭარაში [184].

ამავე პერიოდში ოჯახში ძალადობის რეგისტრირებული ყველაზე დაბალი მაჩვენებელია რაჭა-ლეჩხუმში [5] და გურიაში [21].

ამავე თემაზე: 

შემაკავებელი ორდერი ოჯახში და ქალზე ძალადობისას – რა შეიცვალა შს მინისტრის ბრძანებით

 

 

რა შთაბეჭდილებით დაბრუნდა ხულოელი მასწავლებელი ცერნიდან 

ირმა თავართქილაძე ხულოში, სოფელ ქედლების საჯარო სკოლაში, ფიზიკა-მათემატიკას ასწავლის. ირმა იმ ოთხ პედაგოგს შორის იყო, რომლებიც შვეიცარიაში, ქალაქ ჟენევაში, ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში (CERN) ერთკვირიან სტაჟირებაზე იმყოფებოდნენ მარტის ბოლოს.

ირმასთვის, როგორც პედაგოგისთვის, ეს პირველი გასვლა იყო ევროპაში პროფესიული განვითარების მიზნით და როგორც „ბათუმელებთან“ ამბობს, ეს გამოცდილება მისთვის ძალიან შთამბეჭდავი იყო.

მასთან ერთად იმყოფებოდა კიდევ სამი პედაგოგი – ერთი დაბა ქედის სკოლიდან და ორი ბათუმის მე-6 საჯარო სკოლიდან.

„ათიდან ოთხმა გავიმარჯვეთ კონკურსში და ძალიან გამიხარდა, რომ ერთ-ერთი მათგანი ვიყავი მე.

პროექტის მიხედვით, კონკურსისთვის უნდა წარმედგინა პროექტი მინიმუმ 12 სლაიდით. თემად შევარჩიე ელექტრობა და მაგნიტიზმი. წარვადგინე ბავშვების ნამუშევრებიც, ასევე ერთობლივი ცდები, რაც გვქონდა ჩატარებული, რამაც დიდი ინტერესი გამოიწვია“, – ამბობს ირმა თავართქილაძე.

ირმა თავართქილაძე ცერნში

პედაგოგის თქმით, სკოლას პატარა ლაბორატორია 2017 წელს გადაეცა, ასევე საკლუბო პროექტების ფარგლებში 2000-ლარიანი დაფინანსებაც მოიპოვეს, რომლითაც ცდებისთვის აღჭურვილობა შეიძინეს.

„ხშირად ვსარგებლობთ ამ ლაბორატორიით, რადგან ბავშვებს ძალიან მოსწონთ, როცა ექსპერიმენტებში თავად მონაწილეობენ.

ქეთევან ტატიშვილის ახალი წიგნიდან ვაკეთებთ ხოლმე ექსპერიმენტებს, კარგად არის ელექტრობა გადმოცემული და ბავშვებს დავამზადებინე გამტარი და არაგამტარი ცომები, რამაც დიდი ინტერესი გამოიწვია.

პრაქტიკული მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია ფიზიკის შესწავლის დროს, რადგან თუ მოსწავლემ თვალით არ ნახა, თავისი ხელით არ გააკეთა, ვერ გაიგებს საკითხს კარგად.

ცდის პროცესში კი უკეთ გაანალიზებს ამ ყველაფერს. მთავარია, მოსწავლემ იმუშაოს და შეცდომითაც რომ გააკეთოს, ესეც ეხმარება ცოდნის მიღებაში, რადგან შემდეგ გაანალიზებს, რა შეცდომა დაუშვა, რატომ იყო სასურველი, სხვა გზით წასულიყო და ფორმულის შინაარს მაინც უკეთ წვდება“, – ამბობს ირმა.

მისი თქმით, სოფლის სკოლებში ბევრ რესურსზე ხელი არ მიუწვდებათ, თუმცა ცდილობენ სიახლეებს როგორღაც მიჰყვნენ.

ირმას აზრით, პედაგოგებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა, ისეთ პროექტებში ჩართულობა, რაც მათ პროფესიულ ზრდაში ეხმარება.

„მე პირველად ვიყავი ევროპაში მსგავსი ვიზიტით, ჩავედით ჟენევაში, შევხვდით ქართველ და უცხოელ მეცნიერებს „ცერნში“ და ეს ძალიან შთამბეჭდავი იყო ჩემთვის.

განსაკუთრებით ქართველი მეცნიერების ხილვა გამიხარდა, რადგან გსიამოვნებს, როცა ხედავ ამდენ ქართველ მეცნიერს, როგორ შრომობენ, ფუსფუსებენ ასეთ მნიშვნელოვან ცენტრში.

დიდი მონდომებითა და გულით მიგვიღეს და მზად არიან, სურვილის შემთხვევაში ყოველთვის გაგვიწიონ დახმარება.“

ირმასთვის, ისევე როგორც „ცერნში“ მყოფი სხვა ადამიანებისთვის, განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო 100  მეტრ სიღრმეზე მოთავსებული ამაჩქარებლები, რომლებიც 27-კილომეტრიან გვირაბშია მოთავსებული და ამაჩქარებელში მაღალი ენერგიის მქონე პროტონების ხელოვნურად შეჯახების საშუალებით ე.წ. დიდი აფეთქებისა და სამყაროს ფორმირების იმიტაციის შესწავლა ხდება. მისი დანიშნულებაა ჰიგსის ბოზონის არსებობის დასაბუთება ან უარყოფა.

„ერთკვირიანი ტრენინგი ერქვა, მაგრამ იმდენი ცოდნა შევიძინე და იმდენ სიახლეს გავეცანი, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემი პროფესიული განვითარებისთვის.

ვფიქრობ, ეს პროექტი უნდა გაგრძელდეს და არა მარტო მასწავლებლებს, ბავშვებსაც უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, მოხვდნენ ამ საოცარ ცენტრში“, – გვეუბნება ირმა.

საქართველოში დაბრუნების შემდეგ ირმა თავართქილაძემ სპეციალური პრეზენტაცია მოამზადა თავისი მოსწავლეებისა და სხვა პედაგოგებისთვისაც.

„იმ პერიოდში ბირთვული კვლევების მასალა მქონდა ასახსნელი ბავშვებისთვის და ჩემს მოსწავლეებს იმდენად მოეწონათ ეს ყველაფერი, რომ შემდეგ პრეზენტაციის მომზადებასა და წარდგენაში თავადაც ჩაერთნენ.

ისაუბრეს ამაჩქარებლებზე, დეტექტორებზე, რაც მნიშვნელოვანი იყო და დიდი სურვილი აქვთ, რომ როგორმე მოხვდნენ ცერნში და თავადაც ნახონ ეს საოცრებები.

ცოტა ხანში კონკურსი იქნება ბავშვებისთვისაც. ძალიან მინდა, რომ ჩემმა მოსწავლეებმა გაიმარჯვონ და მიეცეთ ამ ცენტრის მონახულების საშუალება“, – გვითხრა ირმამ.

ირმას სურვილია, საკლასო ოთახები და სკოლები უკეთ იყოს აღჭურვილი ისეთი ტექნიკური რესურსით, რაც მას საგაკვეთილო პროცესის გამრავალფეროვნების შესაძლებლობას მისცემს. თანამედროვე ლაბორატორიაში მუშაობა ბავშვებსაც დიდ მოტივაციას მისცემს.

„რა თქმა უნდა, მოტივაციას გიზრდის, პირველ რიგში, ასეთ პროგრამებში მონაწილეობა. ასევე კარგად აღჭურვილი ლაბორატორია, როცა გაქვს პროექტორი, ინტერნეტი, ხელსაწყოები და ბავშვებიც ჩართულნი არიან პროცესში.“

სამომავლოდ ირმა თავართქილაძე თავის კოლეგებთან ერთად, რომლებიც ცერნში სხვადასხვა დროს იმყოფებოდნენ, კლუბის ჩამოყალიბებას აპირებს, სადაც შეძლებენ ერთობლივი პროექტების დაგეგმვასა და გამოცდილების გაზიარებას.

„სოციალური და პროფესიული ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია განვითარებისთვის. კარგი იქნება, მასწავლებლებს მეტ საერთაშორისო  პროექტში მონაწილეობის შესაძლებლობა გვქონდეს. ვისურვებდი, რომ სხვა დროსაც მომეცეს შესაძლებლობა, შევხვდე ევროპელ კოლეგებს და გავიზიაროთ ერთმანეთის გამოცდილება და სიახლეები“, – ამბობს ირმა.

მომწონს ქართველების სიამაყე, როცა ანბანზე საუბრობენ – კლერ მესონი

„ძალიან მიყვარს ანბანი და თვითონ ანბანის კოშკი არის ძალიან უნიკალური. ძალიან მიყვარს იქ სტუმრობა… მომწონს სიამაყე, რაც არსებობს ქართველებში, როდესაც ისინი საუბრობენ თავიანთ ანბანზე, ენაზე, როგორ ამაყობენ ამით ქართველები,“ – გვითხრა კლერ მესონმა, USAID-ის პროგრამების ოფისის ხელმძღვანელმა „ბათუმელებთან“ ინტერვიუს დროს, როცა ის ბათუმზე საუბრობდა და ხაზი გაუსვა, ბათუმში გამორჩეულად ანბანის კოშკი მომწონსო.

-რა მოგეწონათ ქართულ ანბანში? – ვკითხეთ კლერ მესონს.

– „პირველ რიგში, ძალიან ლამაზია.  თუ ისტორიას გადავხედავთ, საბჭოთა კავშირის პერიოდში, საქართველოს მოსახლეობამ იბრძოლა და დაიცვა თავისი ენა, ეს აჩვენებს ძალიან კარგად იმას, თუ ვინ არის ქართველი ხალხი. თქვენ ყოველთვის იყავით ძლიერი და ამაყი ადამიანები, რომლებიც ისწრაფოდით დამოუკიდებლობისკენ და შეინარჩუნეთ ეს დამოუკიდებლობა.

ეს ცალსახად მიუთითებს იმას, თუ როგორი გინდათ იყოს თქვენი მომავალი,“ – აღნიშნა კლერ მესონმა. მას ასევე ვკითხეთ, მოახერხა თუ არა ქართულის სწავლა.

– „სამწუხაროდ, არ მქონდა იმის დრო, რომ ქართული ენა მესწავლა… მომწონს ძალიან, როცა დავდივარ საქართველოში და ვეკითხები ყველას, როგორ ვთქვა დასახელება, ხალხს ვთხოვ გამოთქმაში დახმარებას,“ – გვითხრა კლერ მესონმა.

კლერ მესონის აზრით, საქართველოს ტურისტული შესაძლებლობებით დასავლეთში ბევრად მეტი ტურისტის დაინტერესება შეიძლება, თანაც მაღალბიუჯეტიანი ტურისტების.

-„ძალიან ბევრი ადგილის მონახულება შეიძლება აქ, როცა კარგი ამინდია. იმედია, უფრო მეტი ტურისტი ჩამოვა აქ არა მარტო რუსეთიდან, არამედ ევროპიდანაც.

ვხედავთ, რომ ბევრი ევროპელი ჩამოდის. გერმანელები ჩამოდიან. მათ აინტერესებთ კულტურული მემკვიდრეობა საქართველოში, აინტერესებთ შავი ზღვა.

ყველა ადგილი ლამაზია, თუნდაც, თუ ახვალთ მთიან აჭარაში, კარგია თუ ახვალთ სასეირნოდ. ჩვენ ვმუშაობთ საქართველოს ტურიზმის სააგენტოსთან, რათა გავზარდოთ მათი შესაძლებლობები, რომ მეტად მოიზიდონ ტურისტები დასავლეთიდან.

საუბარია მაღალბიუჯეტიან ტურისტებზე, რომლებიც უფრო მეტს დახარჯავენ აქ და ხელს შეუწყობენ მთლიანი, დიდი ბაზრის შექმნას საქართველოში,“ – გვითხრა კლერ მესონმა.

მთავრობამ ტვირთის ხელით აწევისას უსაფრთხოების მოთხოვნები დაამტკიცა – ახალი რეგლამენტი 

საქართველოს მთავრობამ „ტვირთის ხელით აწევისას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტი დაამტკიცა.

ახალი რეგლამენტის მიხედვით:

„დამსაქმებელი ვალდებულია მიიღოს სათანადო ორგანიზაციული ზომები ან გამოიყენოს შესაბამისი საშუალებები, განსაკუთრებით მექანიკური მოწყობილობები, რათა თავიდან აიცილოს დასაქმებულთა და სამუშაო სივრცეში მყოფ სხვა პირთა მიერ ტვირთის ხელით აწევის აუცილებლობა“.

იქ, სადაც შეუძლებელია ტვირთის ხელით აწევის თავიდან აცილება, დამსაქმებელი ვალდებულია:

  • მიიღოს სათანადო ორგანიზაციული ზომები, გამოიყენოს შესაბამისი საშუალებები ან უზრუნველყოს დასაქმებულები და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირები ასეთი საშუალებებით, რათა შემცირდეს ამ რეგლამენტის დანართით განსაზღვრული ტვირთის ხელით აწევასთან დაკავშირებული რისკები;
  • სამუშაოს სპეციფიკის გათვალისწინებით, თუ ეს შესაძლებელია, წინასწარ შეაფასოს ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების პირობები და შეისწავლოს ტვირთის მახასიათებლები რეგლამენტით გათვალისწინებული დანართის შესაბამისად;
  • მიიღოს შესაბამისი ზომები დასაქმებულთა და სამუშაო სივრცეში მყოფ სხვა პირთა მიერ ჯანმრთელობის (განსაკუთრებით ზურგის) დაზიანების რისკის თავიდან ასაცილებლად ან შესამცირებლად და ამ მიზნით გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები სამუშაო გარემოს მახასიათებლებისა და სამუშაოს სპეციფიკისა და ამ რეგლამენტის დანართით განსაზღვრული მახასიათებლების შესაბამისად;
  • სამუშაო სივრცე მოაწყოს ისე, რომ ტვირთის ხელით აწევა იყოს დასაქმებულისა და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირის ჯანმრთელობისათვის  მაქსიმალურად უსაფრთხო.

[toggle title=”ტვირთის ხელით აწევის მახასიათებლების (დანართის) სანახავად დააწკაპუნეთ აქ”]

მუხლი 1. ტვირთის მახასიათებლები

ტვირთის ხელით აწევამ შესაძლოა გამოიწვიოს ჯანმრთელობისათვის (განსაკუთრებით ზურგის) ზიანის მიყენების რისკი, თუ ტვირთი:

ა) მეტისმეტად მძიმე ან მეტისმეტად დიდია;
ბ) მოუხერხებელი ან ხელმოსაჭიდად რთულია;
გ) მოძრავია ან აქვს მოძრავი შიგთავსი;
დ) ისეა განთავსებული, რომ მისი აწევა ან გადაადგილება მოითხოვს სხეულის ზედა ნაწილიდან ტვირთის მოშორებას, სხეულის ზედა ნაწილის დახრას ან სხეულის ზედა ნაწილის მობრუნებას;
ე) კონფიგურაციის ან/და კონსისტენციის გამო შესაძლოა ზიანის მომტანი იყოს დასაქმებულისა და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირისთვის, განსაკუთრებით შეჯახების შემთხვევაში.

მუხლი 2. საჭირო ფიზიკური ძალისხმევა

ფიზიკურმა ძალისხმევამ შესაძლოა გამოიწვიოს ჯანმრთელობისათვის (განსაკუთრებით ზურგის) ზიანის მიყენების რისკი, თუ ფიზიკური დატვირთვა:

ა) გადაჭარბებულია;
ბ) გამოწვეულია მხოლოდ სხეულის ზედა ნაწილის შემობრუნების შედეგად;
გ) შესაძლოა უკავშირდებოდეს ტვირთის უეცარ მოძრაობას;
დ) მომდინარეობს სხეულის არა მყარი/სტატიკური მდგომარეობიდან.

მუხლი 3. სამუშაო გარემოს მახასიათებლები

სამუშაო გარემოს მახასიათებლებმა შესაძლოა გაზარდოს ჯანმრთელობისათვის (განსაკუთრებით ზურგის) ზიანის მიყენების რისკი, თუ:

ა) არ არის საკმარისი სივრცე ტვირთის გადასაადგილებელი მოქმედებების განსახორციელებლად, განსაკუთრებით – ვერტიკალურად ტვირთის გადაადგილების დროს;
ბ) იატაკის ზედაპირი უსწორმასწორო ან სრიალაა, რაც ქმნის წაბორძიკების/წაქცევის ან ფეხსაცმლის ასრიალების რისკს;
გ) სამუშაო ადგილი ან სამუშაო გარემო არ იძლევა ტვირთის უსაფრთხო სიმაღლეზე აწევის ან დასაქმებულისა და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირისთვის მოსახერხებელ მდგომარეობაში მოძრაობის საშუალებას;
დ) იატაკის დონე ან სამუშაოს ზედაპირი არის მრავალდონიანი, რაც განაპირობებს ტვირთის სხვადასხვა სიმაღლეზე გადაადგილებას;
ე) იატაკი ან ფეხის სადგამი არამყარია;
ვ) ტემპერატურა, ტენიანობა ან ვენტილაცია არ შეესაბამება სამუშაო პირობებს.

მუხლი 4. სამუშაო სივრცეში განსახორციელებელ საქმიანობასთან დაკავშირებული მოთხოვნები

სამუშაო სივრცეში განსახორციელებელი მოქმედებები შესაძლოა შეიცავდეს დასაქმებულისა და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირის ჯანმრთელობის, განსაკუთრებით – ზურგის დაზიანების რისკს, თუ მასზე მოქმედებს ქვემოთ მოყვანილი ერთი ან რამდენიმე ფაქტორი:

ა) გადამეტებულად ხშირი ან ხანგრძლივი ფიზიკური დატვირთვა, რომლის დროსაც განსაკუთრებული დატვირთვა მოდის ხერხემალზე;
ბ) არასაკმარისი დრო ფიზიკური დასვენების ან ენერგიის აღდგენისთვის;
გ) გადამეტებული ინტენსივობით ტვირთის აწევა, დაშვება ან შორ მანძილზე გადატანა;
დ) სამუშაო პროცესით გამოწვეული სამუშაოს შესრულების ტემპი, რომლის შეცვლაც დასაქმებულისა და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირის მიერ შეუძლებელია.

წყარო: მთავრობის დადგენილება – ტვირთის ხელით აწევისას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

[/toggle]

 

რეგლამენტი მთავრობამ 2023 წლის პირველ მაისს დაამტკიცა და ის ძალაში ამავე წლის პირველი ივნისიდან შევა.

რეგლამენტი გავრცელდება „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ სამუშაო სივრცეზე [მათ შორის, სამუშაო სივრცეზე სტაჟირების გავლის შემთხვევაში].

ამასთან, „დამსაქმებელს შეუძლია, სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, მისი დაწესებულების რისკის დონის გათვალისწინებით, შეიმუშაოს წინამდებარე რეგლამენტზე უფრო მაღალი სტანდარტი დასაქმებულის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის გაუმჯობესების მიზნით“.

ახალი რეგლამენტით, დასაქმებულისა და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირის ჯანმრთელობა შეიძლება აღმოჩნდეს რისკის ქვეშ, თუ:

  • მისი ფიზიკური მონაცემები ან/და ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეესაბამება მისთვის მიცემულ კონკრეტულ დავალებას;
  • ატარებს სამუშაოსთან შეუსაბამო ტანსაცმელს, ფეხსაცმელს ან სხვა ინდივიდუალურ საშუალებებს;
  • არ აქვს სათანადო ცოდნა ან არ გაუვლია შესაბამისი სწავლება.

რეგლამენტში ტვირთის ხელით აწევა შემდეგნაირადაა განმარტებული: „ტვირთის ნებისმიერი გადაადგილება ან დაჭერა ერთი ან მეტი დასაქმებულისა და სამუშაო სივრცეში მყოფ სხვა პირთა მიერ, მათ შორის, ტვირთის აწევა, დადება, მიწოლა, გაწევა, ტარება ან გადატანა, რომელიც, ტვირთის მახასიათებლების ან არახელსაყრელი ერგონომიული პირობების გამო, დასაქმებულთა და სამუშაო სივრცეში მყოფ სხვა პირთა ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველია (განსაკუთრებით ზურგის დაზიანების რისკი)“.

„სამუშაო ადგილი − კონკრეტული ადგილი, სადაც დასაქმებული და სხვა პირი უშუალოდ ახორციელებენ შრომით საქმიანობას.

დამსაქმებელი − „საქართველოს შრომის კოდექსით“ გათვალისწინებული ფიზიკური ან იურიდიული პირი  ან/და პირთა გაერთიანება, რომლისთვისაც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე სრულდება გარკვეული სამუშაო, აგრეთვე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საჯარო დაწესებულება“.

__________________________________

ფოტო ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ფეისბუქგვერდიდან

ყველაფერი ცხვირის ძგიდის გამრუდებასა და გართულებებზე – ექიმის რჩევები

ცხვირის ძგიდის გამრუდება ერთ-ერთი ხშირი პათოლოგიაა, რომელსაც, „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ ყელ-ყურ-ცხვირის ექიმის, პროფესორ გიორგი გოგნიაშვილის თქმით, საკმაოდ სერიოზული გართულებების გამოწვევა შეუძლია, განსაკუთრებით ბავშვებში. 

გიორგი გოგნიაშვილს „ბათუმელები“ სწორედ ამ თემაზე ესაუბრა.

  • ბატონო გიორგი, რას ნიშნავს ცხვირის ძგიდის გამრუდება?

ხშირად ჩემთან მოსული პაციენტები გარეთა ცხვირს რომ უყურებენ, რომელიც გამრუდებულია ერთ ან მეორე მხარეს, ამბობენ, რომ ძგიდე გამრუდებული აქვთ და სუნთქვა უჭირთ. ეს არ შეესაბამება სინამდვილეს, რადგან გარეთა ცხვირი შეიძლება გამრუდებული იყოს, ანუ ვიზუალურად ირიბად მიდიოდეს არასწორ ხაზზე, თუმცა ძგიდე იყოს სწორი, ან პირიქით – ძგიდე იყოს გამრუდებული და გარეთა ცხვირი იყოს სწორი. 

ძგიდე არის ცხვირის ხრტილოვანი და ძვლოვანი ნაწილი, რომლის გამრუდებასაც გარედან, ვიზუალურად, ვერ შევაფასებთ. ძგიდე არის ცხვირის შიგნითა ნაწილი, გარედან არ ჩანს, შესაბამისად პროფესიონალმა ექიმმა თუ არ შეიხედა ცხვირის ღრუში, ძგიდე გამრუდებული არის თუ არა, ამას ვერანაირად ვერ შეაფასებს. 

  • გამრუდების მიზეზი მხოლოდ ტრავმაა?

მიზეზი ძირითადად არის ტრავმული, თუმცა გამრუდება შესაძლებელია იყოს თანდაყოლილი და შეძენილიც. თანდაყოლილი არის მუცლადყოფნის პერიოდიდან, მაგალითად, სამშობიარო გზებში გასვლის დროს შეიძლება ჩვილი ბავშვის ცხვირმა მიიღოს ტრავმა, რადგან ამ დროს მხოლოდ ხრტილოვანი ნაწილი არის ძგიდის, რომელიც ძალიან მგრძნობიარეა და შესაბამისად, მრუდდება ძალიან ადვილად. 

ან შეიძლება მცირე ასაკში მიიღოს ბავშვმა ტრავმა, შეძენილი ტრავმა/გამრუდება ჰქვია ამას; ცხვირის გამრუდება არც გენეტიკურად გადაეცემა.

  • როცა ტრავმას ვიღებთ ბავშვობაში, პრობლემები მყისიერად ჩნდება, თუ დროთა განმავლობაში უარესდება მდგომარეობა?

ადრე იყო ასეთი მოსაზრება, ბავშვი 2-4 წლის ასაკში რომ მიიღებდა ტრავმას, ამ ტრავმაზე ხელი არ უნდა გვეხლო და გარდატეხის ასაკამდე, ანუ გოგონებში სადღაც 14-15 წლამდე, ბიჭებში – 16-17 წლამდე უნდა მოგვეცადა, სანამ არ გაიზრდებოდა და ჩამოყალიბდებოდა ქალა-ძვლები და შემდგომ გაგვეკეთებინა ძგიდის კორექცია, ანუ სეპტოპლასტიკა და სუნთქვა აღგვედგინა.

წარმოიდგინეთ, 2-3 წლის ასაკში ბავშვი რომ ტრავმას მიიღებს, ძგიდე გამრუდებული აქვს და 10-14 წელი ელოდება, რომ გარდატეხის ასაკს მიაღწიოს და სუნთქვა გამოუსწორდეს… ეს არის კატასტროფა, ამდენი წელი ბავშვი არის ჰიპოქსიაში; აქ წინა პლანზე გამოდის ბავშვის გონებრივად ჩამორჩენა, იმიტომ, რომ მუდმივად დაღლილია ბავშვი, მუდმივად ჰიპოქსიაშია და სწავლა, საგნების ათვისება უჭირს ხოლმე.

ჩვენს გერმანელ კოლეგებთან ერთად ძალიან ბევრი ვიფიქრეთ იმაზე, თუ რისი გამოსწორება შეიძლებოდა. ეს დაახლოებით 15-20 წლის წინ, როცა აუცილებლად უნდა დაგვეცადა გარდატეხის ასაკამდე და  ძალიან ბევრი ობიექტური კვლევების შემდეგ დავადგინეთ, რომ აუცილებელია ასეთი ბავშვების შველა. ჩვენ გერმანელებთან ერთად დავწერეთ რინოლოგიაზე, ანუ ცხვირის ანატომიაზე, ფიზიოლოგიაზე, ჩარევებზე ცალკე წიგნი ექიმებისა და რეზიდენტებისთვის, რომელიც გამოიცა დაახლოებით წლინახევრის წინ, გერმანულ ენაზეა და ვთარგმნით ახლა ქართულად და ინგლისურად. ამ წიგნში ცალკე თავი არის გამოყოფილი ბავშვთა ცხვირის ქირურგიაზე.

ამით იმის თქმა მინდა, რომ ნებისმიერ ასაკში ჩვენ შეგვიძლია ბავშვს დავეხმაროთ სუნთქვის გაუმჯობესებაში და არ დაველოდოთ გარდატეხის ასაკს.

  • რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს ცხვირის ძგიდის გამრუდებას იმ შემთხვევაში, თუ არ იმკურნალა პაციენტმა?

ბავშვთა ასაკიდან რომ დავიწყოთ, ძგიდის გამრუდებამ და არასწორმა სუნთქვამ შეიძლება გამოიწვიოს თანკბილვის დარღვევა.

ავხსნათ, რატომ? – როცა პაციენტი (განსაკუთრებით ბავშვი) ცხვირიდან ვერ სუნთქავს, ძალაუნებურად აღებს პირს, პირით სუნთქვა კი არ არის ნორმალური; ნორმალურად, ფიზიოლოგიურად, ადამიანი უნდა სუნთქავდეს ცხვირით – შეისუნთქოს ცხვირით, ამოისუნთქოს პირით. როდესაც ადამიანს მუდმივად სძინავს პირღია, ამ დროს ირღვევა თანკბილვა, ნიკაპი  იწევა შიგნით და ზედა ყბა მოდის გარეთ. აი, ბავშვებს ბრეკეტები რომ უკეთიათ, ეს თანკბილვის გამოსასწორებელი საშუალებაა, შესაბამისად აუცილებელია, რომ ნებისმიერ ასაკში ადამიანს მოვუწესრიგოთ სწორი სუნთქვა, რომ არ მივიდეს გართულება აქამდე.

ცხვირის არასწორმა ვენტილაციამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული პრობლემები ყურზე, რადგან ყური დაკავშირებულია ცხვირ-ხახასთან, ცხვირ-ხახის მილის საშუალებით და იქ დისფუნქცია, ანუ ამ მილის ბლოკირება, იწვევს ყურის პრობლემებს და მერე სერიოზული გართულებები აქვთ პაციენტებს ყურზე, სმენის დაქვეითების და სხვა სახის.

  • რა ნიშნები ახასიათებს ძგიდის გამრუდებას?

როგორც წესი, პაციენტები მოდიან ჩივილებით, რომ ვერ სუნთქავენ. მაგრამ ეს ჩივილები არის სუბიექტური, პაციენტის მიერ აღქმული, ჩვენ ხომ არ ვიცით ზუსტად რის გამო ვერ სუნთქავს ის. ასევე, ექიმის გასინჯვაც არის სუბიექტური, ექიმი შეიძლება ცდებოდეს და პაციენტს ეუბნებოდეს, რომ ძგიდე გამრუდებულია და საოპერაციოა.

ჩვენ გერმანელ კოლეგებთან ერთად ძალიან ბევრი ვიფიქრეთ, თუ რა შეიძლებოდა გაგვეკეთებინა იმისთვის, რომ ობიექტურად შეგვეფასებინა ეს სუბიექტური ნიშნები და გამოგონილ იქნა აპარატი, რომლითაც ხდება ცხვირის ფუნქციური დიაგნოსტიკა.

ისევე, როგორც სმენის გამოკვლევის აპარატია – აუდიომეტრი, ისევე არის ცხვირის აუდიომეტრი, რომელიც ზუსტად ადგენს, ესა თუ ის ცხვირი პათოლოგიურად არის გამრუდებული, რასაც სჭირდება ოპერაციული მკურნალობა, თუ ფიზიოლოგიურად არის გამრუდებული, რასაც სჭირდება მხოლოდ მედიკამენტური კურსი. უკვე 15 წელია ეს აპარატი გვაქვს საქართველოში. ამ ობიექტური კვლევის გარეშე პაციენტი არ გამყავს ოპერაციაზე.

ჩივილები ასევე შეიძლება მოიცავდეს ზოგ შემთხვევაში ხვრინვას, იმიტომ, რომ ცხვირიდან სუნთქვის გაძნელებამ შეიძლება 30-40 პროცენტში ხვრინვა გამოიწვიოს, მაგრამ მკითხველს მინდა ვუთხრა, რომ ცხვირით სუნთქვის გაძნელება  აუცილებლად ხვრინვის მიზეზი არ არის, მრავალი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს ამას.

ასევე, ჩივილია მუდმივი დაღლილობა, იმიტომ, რომ როცა ცხვირით სუნთქვა უჭირთ ღამით, ეღვიძებათ ხშირად, კარგი ძილი კი მნიშვნელოვანია ორგანიზმის ნორმალურად ფუნქციონირებისთვის, შესაბამისად, პაციენტები დილიდანვე დაღლილები არიან; ასევე, შესაძლებელია ზოგჯერ წნევის მომატება, რადგან არასწორმა სუნთქვამ, ჰიპოქსიაში ყოფნამ, შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმში შეუქცევადი პროცესები: ჰიპერტონიული პრობლემები, ჰიპერტონიული დაავადებები და ა.შ;

ცხვირის ძგიდის გამრუდებამ ასევე შესაძლოა გამოიწვიოს ქვემო სასუნთქი გზების დაავადებები – როდესაც ზემო სასუნთქი გზა არ არის ვენტილირებული კარგად, ეს პრობლემები ქვემო სასუნთქ გზებშიც გადადის; ასევე შეიძლება გამოიწვიოს სინუსიტები, ჰაიმორიტი, ფრონტიტი და ა.შ., რადგან  სინუსებში არ ხდება ვენტილაცია.

  • რა შეღავათი შეიძლება მისცეს გამრუდებული ძგიდის მქონე ადამიანს მედიკამენტურმა მკურნალობამ?

ეს ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა.

ჩვენ ვთქვით, რომ კვლევა გვაძლევს ძგიდის გამრუდების ობიექტივაციის საშუალებას. კერძოდ, ეს აპარატი გვეუბნება, გამრუდება არის ფიზიოლოგიური, რომელსაც სჭირდება კონსერვატიული ანუ წამლისმიერი მკურნალობა, თუ პათოლოგიური, რომელსაც სჭირდება ოპერაციული მკურნალობა.

თუ არის ფიზიოლოგიური, მაშინ არის შესაძლებლობები, მაგრამ არა ე.წ. ცხვირის გამხსნელები, რომელთაც ზიანი მოაქვთ როგორც ცხვირისთვის, ისე მთელი ორგანიზმისთვის (მათ შორის კარდიოვასკულარული სისტემისთვის), არამედ სხვა წამლები, რომლებიც, საბედნიეროდ, არსებობს და არეგულირებენ ამ პრობლემას.

ავხსნათ, როგორ დაეხმარება წამალი გამრუდებას – როდესაც ჩვენ გვაქვს ფიზიოლოგიური გამრუდება, ამ დროს ლორწოვანი გარსი პატარავდება და შესაბამისად, ძგიდესა და გვერდითა კედელს შორის ადგილი გვაქვს უფრო მეტი, სადაც ჰაერი გადის. თუ ეს პაციენტისთვის კომპენსაციას მოახდენს იმ ჩივილების, რაც მას მკურნალობამდე ჰქონდა, ეს იმას ნიშნავს, რომ კონსერვატიულმა მკურნალობამ შედეგი გამოიღო.

  • როდის ხდება საჭირო ქირურგიული ჩარევა?

თუ მედიკამენტური მკურნალობა შედეგს არ გამოიღებს, ალტერნატივად შეგვიძლია განვიხილოთ ოპერაციული ჩარევა.

ოპერაციული ჩარევები მრავალმხრივია, არსებობს სხვადასხვა სკოლა, მაგალითად, გერმანული სკოლა – ეს ძალიან დამზოგველი მეთოდებია, რომ მინიმალურად მოხდეს კორექცია და პაციენტმა ისუნთქოს ნორმალურად ხანგრძლივი დროის განმავლობაში;  არსებობს ლაზერული ჩარევა ძგიდზე – გააჩნია როგორი ხარისხისაა გამრუდება. ეს ოპერაციები საკმაოდ წარმატებულია.

მნიშვნელოვანია, ჩვენმა მკითხველმა იცოდეს, რომ ძგიდის ყველა გამრუდება არ ნიშნავს აუცილებლად სუნთქვის გაძნელებას, ანუ ოპერაციის ჩვენებას. არსებობს  ძგიდის ფიზიოლოგიური გამრუდება, რომელსაც არ სჭირდება ოპერაცია – ფიზიოლოგიურად არის გამრუდებული, იქ ჰაერი გადის, შესაბამისად პაციენტს არ უნდა ჩაუტარდეს ოპერაცია ძგიდზე; მაგრამ არსებობს პათოლოგიური გამრუდებები, რომელთა დროსაც აუცილებლად უნდა ჩატარდეს ოპერაცია, რომ პაციენტმა შეძლოს ნორმალური სუნთქვა.

  • უშუალოდ პროცედურა რამდენი ხანი გძელდება?

გამოცდილ ქირურგებთან, ვინც ხშირად აკეთებს, ეს ქირურგიული პროცედურა გრძელდება 15 წუთიდან მაქსიმუმ 45 წუთამდე.

ხშირად გამრუდებული ძგიდის პათოლოგია კომბინაციაშია ნიჟარების პათოლოგიასთან. მხოლოდ ძგიდის გამრუდება არ არის მიზეზი ცხვირიდან სუნთქვის გაძნელების.

ძირითადად ძგიდე და ნიჟარები ერთდროულად კეთდება. რა თქმა უნდა, სხვა პათოლოგიაც შეიძლება იყოს, რომელსაც სხვა დიაგნოსტიკა სჭირდება კომპიუტერული ტომოგრაფიის სახით. თუ არ ჩატარდა ეს გამოკვლევა და იქ რაღაც პათოლოგია დატოვე, მაშინ შეიძლება ძგიდე და ნიჟარა გააკეთო, მაგრამ რამდენიმე თვეში პაციენტი ისევ საოპერაციო გახდეს, უკვე სხვა, მაგალითად, წიაღების პრობლემის გამო. ამიტომ სჯობს გამოირიცხოს ეს ყველაფერი და თუ რაიმე პრობლემაა ცხვირში ან დანამატ წიაღებში, ერთიანად მოხდეს მისი ლიკვიდაცია.

  • ძგიდის ოპერაციასთან ერთად პაციენტები ხშირად იკეთებენ ცხვირის პლასტიკურ ოპერაციასაც. ეს რაზეა დამოკიდებული? 

შეიძლება გარეთა ცხვირი გამრუდებული იყოს თუმცა ძგიდე არ იყოს ან პირიქით. ხშირად არის ხოლმე, როდესაც ორივე ერთად არის გამრუდებული, ანუ პაციენტს სუნთქვაც უჭირს და გარეთა, ვიზუალური ფორმაც აწუხებს – აქვს კეხი, ან ჩავარდნილი ცხვირი, ან გვერდზე წასული ცხვირი.

რა თქმა უნდა, ოპერაცია შესაძლებელია გაკეთდეს ერთობლივად, რაც ადრე არ კეთდებოდა. ადრე ჯერ აკეთებდნენ ქირურგიულ ოპერაციას ანუ აღადგენდნენ სუნთქვას და რაღაც პერიოდის მერე კეთდებოდა  პლასტიკური ოპერაცია ცხვირზე. ახლა უკვე თანამედროვე ინსტრუმენტები და გამოცდილება ქირურგების, გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ეს ერთობლივად გაკეთდეს – როგორც ესთეტიკური, ისე ქირურგიული, სუნთქვის აღმდგენი ოპერაცია.

როდის გაიხსნება ფრიდონ ხალვაშის ქუჩა, სადაც გზა გადაკეტილია

ბათუმში ფრიდონ ხალვაშის გამზირი 2023 წლის 21 მაისამდე იქნება გადაკეტილი. ქუჩის ეს მონაკვეთი ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალის ნაწილია და ის 3 მაისს ისე გადაკეტეს, რომ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს ამის შესახებ ინფორმაცია თავის ოფიციალურ ვებგვერდზე და ფეისბუქზე წინასწარ არ გამოუქვეყნებია.

ინფორმაცია 4 მაისს გამოაქვეყნეს, ოღონდ ძველი თარიღით – 30 აპრილით.

გზების დეპარტამენტში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ჰქონდათ ტექნიკური პრობლემა, რის გამოც ინფორმაცია ვერ ატვირთეს: „ხარვეზი დღეს გამოსწორდა“.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით:

  • ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებისთვის საჭიროა 2023 წლის 2 მაისის 07:00 სთ-დან 21 მაისის 00:00 სთ-მდე გზის კმ1-კმ3 მონაკვეთის სრულად ჩაკეტვა. ხოლო კმ3-კმ5 მონაკვეთზე ერთი სამოძრაო ზოლის [ბათუმიდან ახალციხის მიმართულებით] ჩაკეტვა და ახალციხიდან ბათუმის მიმართულებით მოძრავი მსუბუქი ავტოტრანსპორტის გატარება ცალმხრივად.

„ჩაკეტვის პერიოდში ახალციხიდან ბათუმის მიმართულებით მოძრავი მსუბუქი ავტოტრანსპორტი იმოძრავებს მაჭავარიანის ქუჩის და საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის გავლით.

ხოლო, ბათუმიდან ახალციხის მიმართულებით მოძრავი მსუბუქი ავტოტრანსპორტი იმოძრავებს საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის 109-ე კმ-დან ჭოროხისა და ა. შანიძის ქუჩების გავლით და დაუკავშირდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზას მე-5 კმ-ზე.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდეს შსს-ს შესაბამისი რეგიონული ქვედანაყოფების უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით“, – აცხადებენ დეპარტამენტში.

ხალვაშის გამზირის რეაბილიტაციაზე ხელშეკრულება შპს „ერ ტე დე“-სთან 19 399 999 ლარზეა გაფორმებული. ფრიდონ ხალვაშის გამზირის რეაბილიტაცია 2023 წლის თებერვლამდე უნდა დასრულებულიყო, თუმცა ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება და სამუშაოების დასრულების დრო 2023 წლის ივნისამდე გადავადდა.

„ხალვაშის გამზირზე მთლიანად დაიგება ასფალტის საფარი და ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად გაიხსნება ივნისის დასაწყისში. პარალელურად, გაგრძელდება ტროტუარების და სხვა სამუშაოები“, – გვითხრეს გზების დეპარტამენტში.

სატენდერო პირობებში თავის დროზე ასევე აღნიშნული იყო, რომ სამუშაოები ჩატარებულიყო ეტაპობრივად, „ჯერ გზის ერთ ნახევარზე, მეორე ნახევარზე ტრანსპორტის მოძრაობის შენარჩუნებით, შემდეგ კი პირიქით [გარდა ხიდური გადასასვლელების მოწყობისა]“.

„21 მაისამდე გზის მთლიანად ჩაკეტვა გადაწყდა ალბათ, იქიდან გამომდინარე, რომ სამუშაოების წარმოების პროცესში გზის ერთ ნახევარზე მოძრაობამ, დიდი ნაკადების გამო, დიდი საცობები შექმნა. ამიტომ, უმჯობესია სახიდე გადასასვლელების და ასფალტის დაგების პერიოდში გზა მთლიანად იყოს გადაკეტილი და შემდეგ ორმხრივად გაიხსნება“, – გვითხრეს საავტომობილო გზების დეპარტამენტის პრესსამსახურში.

4 მაისის მდგომარეობით ფრიდონ ხალვაშის გამზირი მთლიანად გადაკეტილია მეჯინისწყლის ხიდის მიმდებარე მონაკვეთში:

ბათუმში 321 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა – მიზეზი ავარიული დაზიანებაა

„სოკარის“ ცნობით, დღეს, 4 მაისს, ბათუმში ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდათ კაჭარავას, აბუსერიძისა და აღმაშენებლის ქუჩის აბონენტებს.

კომპანიის ცნობით, გაზის შეწყვეტის მიზეზი ავარიული დაზიანებაა. ამ დროისთვის გათიშულია 321 აბონენტი.

„საავარიო ჯგუფი ადგილზე მუშაობს. ბუნებრივი გაზის მიწოდება დაიწყება 4 მაისის 20:00 საათიდან და სრულად აღდგება 4 მაისის დღის ბოლომდე“ – იუწყება კომპანია.

„სოკარ ჯორჯია გაზი“ აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

ამერიკელი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ დრონებით თავდასხმა კრემლმა დადგა – არგუმენტები

ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) 3 მაისის ანგარიშში დეტალურად აანალიზებს რუსეთის განცხადებას იმის შესახებ, რომ უკრაინა დრონებით დაესხა თავს კრემლს.

ISW-ის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ დრონებით თავდასხმა კრემლმა დადგა და ამ მოსაზრებას შემდეგი არგუმენტებით ამყარებენ:

რუსეთის ხელისუფლება ბოლო თვეებში მუდმივად აძლიერებს საჰაერო თავდაცვას მოსკოვის ირგვლივ, ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ორმა უპილოტო საფრენმა აპარატმა შეძლოს საჰაერო თავდაცვის გარღვევა კრემლთან.

თავდასხმა რომ არ ყოფილიყო დადგმული, ეს სიურპრიზი იქნებოდა რუსეთის ხელისუფლებისთვის და თავდაპირველად ურთიერთსაწინააღმდეგო ახსნა-განმარტებებს შემოგვთავაზებდნენ. ასე მოხდა სამხედრო წარუმატებლობის შემდეგ ბალაქლიასა და ხერსონში.

ამის ნაცვლად მოსკოვმა მაშინვე წარმოადგინა დეტალური ანგარიში და ასეთი სწრაფი რეაქცია აჩვენებს, რომ „შეტევა მომზადდა შიგნით ისე, რომ მოსალოდნელ პოლიტიკურ შედეგებს გადაეწონა სირცხვილი.

ომის შესწავლის ინსტიტუტის ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ კრემლზე თავდასხმის მოწყობით რუსეთის ხელისუფლება შეეცადა ქვეყნის მოსახლეობისთვის ეჩვენებინა, რომ ომი ახლოსაა და მასში ყველა უნდა მონაწილეობდეს.

ასევე, კრემლზე თავდასხმის ინსცენირება შეიძლება გახდეს 9 მაისის დღესასწაულების გაუქმების ან ძლიერად შეზღუდვის საბაბი.

ISW-ი უშვებს, რომ  ამ შემთხვევას შეიძლება მოჰყვეს რუსეთის სხვა ოპერაციები სხვა დროშის ქვეშ.

რუსეთში ნავთობის 2 ქარხანაში გაჩნდა ხანძარი – მიზეზად დრონების თავდასხმა სახელდება

4 მაისს, გამთენიისას, სამხრეთ რუსეთში ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ერთდროულად გაჩნდა ხანძარი.

ხანძარი გაჩნდა კრასნოდარის მხარეში მდებარე ილსკის ნავთობგადამამუშავებელ და როსტოვის რეგიონში მდებარე ნოვოშახტინსკის ნავთობპროდუქტების ქარხნებში.

რუსული სააგენტო „ტასის“ ცნობით, კრასნოდარში ხანძრის გამომწვევ მიზეზად 4 დრონის თავდასხმა დაასახელეს, ასევე, დრონების თავდასხმა დაასახელა ხანძრის გამომწვევ მიზეზად როსტოვის ოლქის ხელმძღვანელმა. მისი თქმით, ქარხანას უპილოტო საფრენი აპარატი შეეჯახა.

არსებული ინფორმაციით, ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

„ბიბისის“ ცნობით, ბოლო დღეებში რუსეთსა და ანექსირებულ ყირიმში გახშირდა დრონების გამოყენების შემთხვევები ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმისთვის.

რატომ ვერ იხდიან პარკირების საფასურს ბათუმში და აჯარიმებენ თუ არა მძღოლებს

„ჩამოვედი მანქანით ბათუმში და მინდოდა გადამეხადა პარკირების საფასური 6 თვის. თუმცა, ბანკში გადახდა ვერ მოვახერხე. მითხრეს, რომ სისტემა, მათგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო არის გათიშული და არც ის იციან, როდის ჩაირთვება. საპატრულოშიც მივედი, მაგრამ ვერც იქ გავარკვიე ვერაფერი. არ მინდა დამაჯარიმონ“, – გვითხრა ერთ-ერთმა მძღოლმა.

ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მძღოლებს, რომლებიც ტექნიკური პრობლემის გამო პარკირების საფასურს ვერ იხდიან, არ დააჯარიმებენ.

„არ ვაჯარიმებთ ასევე იმ ავტომანქანის მფლობელებსაც, რომლებსაც პარკირების საფასური გადახდილი ჰქონდა და ვადა ამოეწურათ მას შემდეგ, რაც ეს ხარვეზი წარმოიქმნა. ზოგადად, პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომისთვის, ბათუმში ჯარიმა 10 ლარია“, – გვითხრეს ინსპექციაში.

ზოგიერთი მძღოლის თქმით კი, არ ახსოვთ, რომელ რიცხვამდე გადაიხადეს პარკირების საფასური, ვერც ვადის გადამოწმებას ახერხებენ და ვერც გადახდას.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა მერიის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტს“, რომელიც პარკირების საფასურის გადახდაზე [სერვერის მუშაობაზეა] პასუხისმგებელი.

„ავტოტრანსპორტში“ 2023 წლის 7 აპრილს გვითხრეს, რომ პარკირების პროგრამულ სისტემაში იყო შეფერხება, რაც სერვერის დაზიანებას უკავშირდებოდა; ამასთან, ტექნიკური ხარვეზი იდენტიფიცირებული იყო და სისტემის გამართულად მუშაობისთვის 3 კვირა იყო საჭირო.

ეს 3 კვირა გავიდა.

რატომ ვერ ხერხდება პარკირების საფასურის გადახდა ბათუმში? რომელი რიცხვიდან წარმოიქმნა ეს პრობლემა და როდის აღმოიფხვრება? – ამ კითხვებზე პასუხებს „ავტოტრანსპორტიდან“ ველოდებოდით, თუმცა შემდეგ გვითხრეს, რომ ოფიციალურად, წერილობით მივმართოთ.

ბათუმი, ლუკა ასათიანის ქუჩა / 4.05.2023

მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით, გასულ 2022 წელს, პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომის 35 058 ფაქტი გამოავლინეს და დამრღვევები დააჯარიმეს.

ზემოთ აღნიშნული პრობლემის გამო, ასევე უცნობია 2023 წელს რამდენი მძღოლი დააჯარიმა ინსპექციამ ამ და სხვა სამართალდარღვევებისთვის [ტროტუარზე დგომა; დგომა-გაჩერებისა და სხვა ნიშნების დარღვევა; ავტობუსის გაჩერებაზე დგომა; ველობილიკზე არასწორი პარკირება და სხვა], ვინაიდან გათიშულია ის ვებგვერდიც, სადაც აღნიშნული სტატისტიკა ქვეყნდებოდა. ამ დარღვევებისთვის, როგორც ინსპექციაში გვითხრეს, დღესაც აჯარიმებენ.

მოქალაქეები კი გვწერენ, რომ ვერც [პარკირების საფასურის გარდა] სხვა ჯარიმების გადახდას ახერხებენ. როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, პარკირებასთან დაკავშირებული ჯარიმების გადახდაც, მიბმული იყო იმ სერვერს, რომელიც ამ დრომდე გათიშულია.

გარდა იმისა, რომ მოქალაქეები დროს, ენერგიას კარგავენ, როგორმე პარკირების საფასური თუ ჯარიმა გადაიხადონ და ვერ იხდიან, რამდენიმე თვეა შემოსავლებს კარგავს ქალაქის ბიუჯეტიც.

ბათუმში პარკირების გადასახადის ოდენობა 2020 წელს გაიზარდა და დღეების მიხედვით შეადგენს:

  • 1 დღე – 10 ლარი
  • 7 დღე – 20 ლარი
  • 30 დღე – 30 ლარი
  • 182 დღე – 45 ლარი
  • 365 დღე – 60 ლარი

ამ თემაზე:

რამდენით გაიზარდა და რა ღირს პარკირება ბათუმში

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 4 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 4 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 192 590 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +650]
  • ტანკი – 3 707 ერთეული [+5]
  • ჯავშანტექნიკა – 7 216 ერთეული [+17]
  • საარტილერიო სისტემა – 2 962 ერთეული [+16]
  • MLRS – 547 ერთეული [+3]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 304 ერთეული [+4]
  • თვითმფრინავი – 308 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 294 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 2 523 ერთეული [+18]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 947 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 5 886 ერთეული [+21]
  • სპეცტექნიკა – 370 ერთეული [+7]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 4 მაისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 416 თვითმფრინავი
  • 230 ვერტმფრენი
  • 3 949 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 421 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 8 967 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 095 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 4 728 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 9 949 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

„რუსეთი აშკარად ამზადებს ტერაქტს“ – პოდოლიაკი კრემლთან დრონების გამოჩენაზე

ბაბუა, რომელმაც აუტისტ შვილიშვილს ცურვა, ბაღის მოვლა და ველოსიპედის ტარება ასწავლა

73 წლის კაცმა, ბაბუამ, შეძლო და შეცვალა აუტისტური სპექტრის მქონე შვილიშვილის ცხოვრება. არ გაიქცა, ხელი არ ჩაიქნია, ნაბიჯ-ნაბიჯ შეცვალა საყვარელი შვილიშვილის სამყარო.

ასწავლა ცურვა, ხეზე ასვლა, ველოსიპედის ტარება, ტრაქტორის მართვა, მარწყვის, სიმინდის, კარტოფილის ყანების მოვლა. დაიჯერა და სხვაც დააჯერა, რომ თუ გიყვარს, შეუძლებელსაც შეძლებ.

73 წლის ასაკში შეძლო და ყველაფერი ისწავლა აუტისტური სპექტრის შესახებ, ოქროს სერტიფიკატიც კი აიღო და დღემდე არა მარტო თავისი შვილიშვილის, სხვა ბავშვების და მშობლების ცხოვრების შეცვლას ცდილობს.

ვალერიან კოტრიკაძე ჩოხატაურში, სოფელ ბუკნარში ცხოვრობს და გვიყვება, რა გზა გაიარა და როგორ ისწავლა აუტიზმის სპექტრის მართვა – რომ ხანდაზმულ ასაკში, ფაქტობრივად, ცხოვრება ხელახლა დაიწყო.

ბაბუა და აუტისტური სპექტრის მქონე შვილიშვილი გურიიდან

„2004 წელს შვილიშვილი შემეძინა, რომელსაც ჩემი სახელი დავარქვი და ოჯახში ორი ვალერიან კოტრიკაძე ვიყავით. უბედნიერესი ვიყავი მისი დაბადებით. როგორც ყველა ბავშვი, ისე იზრდებოდა, თუმცა ერთ დღეს ყველაფერი შეიცვალა.

როცა ლაპარაკის დაწყებას ცდილობდა, შევამჩნიეთ, რომ სიტყვებს შებრუნებული ამბობდა. „მინდას“ ნაცვლად ამბობდა „გინდა“. უჭირდა თვალებით კონტაქტიც.

როცა ექიმთან წავიყვანეთ, გვითხრეს, რომ ვაკუნას აუტისტური სპექტრი ჰქონდა. იმ პერიოდში არათუ ადამიანებს, ექიმებსაც კი არ ჰქონდათ ბოლომდე ინფორმაცია ამ სპექტრის შესახებ, ამიტომ ოჯახისთვის უზარმაზარი სტრესი იყო.

მე თვითონაც ისეთ დღეში ჩავვარდი, არ ვიცოდი რა უნდა მექნა, მაგრამ მშობლებს პირობა მივეცი, რომ ვაკუნას გავზრდიდი და ყოველთვის მის გვერდით ვიქნებოდი“, – გვეუბნება ვალერიან კოტრიკაძე.

მან მშობლებისთვის მიცემული პირობა შეასრულა და სწორედ აქედან დაიწყო მისი და ვაკოს ახალი ცხოვრება.

„ძალიან დიდი შრომა დამჭირდა, ძალიან დიდი ნებისყოფა, მაგრამ ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ შევძელით შედეგის მიღება. ერთად დავდიოდით ყველგან, დამყავდა მდინარეზე საბანაოდ, ვასწავლე ხეზე ასვლა, ველოსიპედის ტარება, პატარა ტრაქტორი ვუყიდე და თანდათანობით ვასწავლიდი, როგორ დაემუშავებინა, მოევლო ბაღისთვის.

ძალიან დიდი მეურნეობა მაქვს და ვასწავლიდი მარწყვის მოვლას, ყველგან დამყავდა, დღე და ღამ ერთად ვიყავით და ყველაფერს ვასწავლიდი.

დამყავდა ხალხმრავალ ადგილებში – ასე ვცდილობდი მის სოციალიზაციას.

შეეშინდა, პირველად მდინარეზე რომ წავიყვანე, მაგრამ მივაჩვიე. მერე ზღვაზეც წავიყვანე. საცურაო კამერაზე თოკს მოვაბამდი, წელზე გამოვიბამდი და ასე შემყავდა ზღვაში. ახლა დამოუკიდებლადაც შეუძლია ცურვა, მაგრამ მე მაინც ყოველთვის მის გვერდით ვარ“, – გვეუბნება ვალერიანი.

ვაკო ბაღჩაში მუშაობის დროს

მისი თქმით, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოებაში ყოფნას, კარჩაკეტილი მდგომარეობა მათთვის ძალიან საზიანოა.

„მე ძალიან შემიწყო ხელი იმან, რომ სოფელში ვცხოვრობ. ქალაქში, ერთ ოთახში თუა ბავშვი გამოკეტილი, შედეგიც ნაკლებია – ამ ბავშვების განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია აქტიური ცხოვრება. „დრო არ მაქვს“ ან „ხვალ ვიზამ“ – ასეთ დროს არ არსებობს. ეს აზიანებს შედეგს.

რა არ გვაქვს მოვლილი მე და ვაკუნას, სად არ ვყოფილვართ. პარკები და გასართობი ცენტრებიც შემოვლილი გვაქვს, რომ მუდმივად იყოს კომუნიკაციაში და შეისწავლოს გარემო“, – გვეუბნება ბაბუა.

მისი თქმით, ბავშვთან მუშაობა უზარმაზარ ნებისყოფას და შრომას მოითხოვს და რაც უფრო მომთმენია ასისტენტი, მით უკეთესია შედეგიც.

„თავიდან  არც მე მქონდა ამხელა გამოცდილება, ამიტომ კინაღამ დავაშავე იმით, რომ ჩემზე დამოკიდებული გახდა. როცა რაიმეს გაკეთებას ცდილობდა, ყველაფერზე მე მიყურებდა თვალებში.

ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს, სწორად მუშაობას. ბავშვს უნდა მისცე თავისუფლება, არჩევანის უფლება. ერთ ადამიანზე რომ არ იყოს დამოკიდებული.

ჩოხატაურში ვიყიდდი ბანანს, მივიტანდი სოფლის მაღაზიაში, მერე გავუშვებდი სახლიდან ველოსიპედით და ვეტყოდი – ბაბუ, წადი ბანანი იყიდე-მეთქი. წავიდოდა და მოიტანდა სახლში. რასაც აკეთებს, ყოველთვის გულით აკეთებს.

სასწაულად ჰიგიენური ბავშვია და ეს უკვე დედისა და ბებიას დამსახურებაა. არ უყვარს მისი ნივთების მიმოყრა, დაბანაც დამოუკიდებლად შეუძლია“, – გვიყვება შვილიშვილზე ვალერიანი.

ვალერიან კოტრიკაძე შვილიშვილთან ერთად

ვალერიან კოტრიკაძემ 2017 წელს ყველა ტრენინგი გაიარა, რომელიც აუტისტური სპექტრის შესწავლაში დაეხმარა. იმდენი ვისწავლე, ოქროს სერტიფიკატიც კი ავიღეო, – გვითხრა.

ბავშვთა ადრეული განვითარების ცენტრი დააფუძნა, არის არასამთავრობო ორგანიზაცია „დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის“ წევრიც და ახლა გურიაში ყველა ბავშვსა და მშობელს ეხმარება განვითარებაში.

„აუტისტური სპექტრის ბავშვებს არ უყვართ ხანგრძლივად ერთსა და იმავე პროცესზე ყურადღების მიპყრობა, ამიტომ აქტივობები ხშირად უნდა შევუცვალოთ. მრავალფეროვნება ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის.

კარჩაკეტილობა კი ასეთი სპექტრის ადამიანებისთვის ძალიან მავნებელია. უბრალოდ, მეზობელთანაც რომ გადავიდეს, ამასაც კი დიდი მნიშვნელობა აქვს. მე ყოველთვის ვეკითხები ხოლმე, „აბა, სად მივდივართ?“, „ვისთან ვიყავით“, „ახლა რას ვაკეთებთ“ და ასე შემდეგ.

როცა რაიმეს ამბობენ, აუცილებელია, რომ მანამდე გაამეორებინო, სანამ სწორად არ იტყვიან, გადადება არ შეიძლება, რადგან თუ არასწორად დაიმახსოვრა, მერე ყოველთვის ასე იტყვის.

ძალიან მგრძნობიარე ბავშვები არიან, ნამდვილი ანგელოზები. განსაკუთრებით მაშინ, როცა მშვიდად არიან, ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ და ეს მომენტი არ უნდა გავუშვათ ხელიდან“, – გვეუბნება ვალერიან კოტრიკაძე.

რთულია 73 წლის ასაკში იცხოვრო ბავშვის, შემდეგ მოზარდის ცხოვრებით? რა გაძლევთ ამის ძალას? – ვეკითხებით მას. პასუხად კი ერთ ისტორიას გვიყვება.

„თბილისში, ერთ-ერთ კონფერენციაზე, 300 ადამიანი ვიყავით დარბაზში. საქართველოს ყველა კუთხიდან იყვნენ შშმ ბავშვების მშობლები. ერთადერთი კაცი ვიყავი და ისიც ბაბუა.

სად არიან ასეთ დროს მამები? – ყველა შეხვედრაზე, სადაც კი მივდივარ, ხმამაღლა ვამბობ, რომ ბაბუებო, მამებო, დაუდექით ქალებს ამ საქმეში გვერდით. ხშირად მსმენია, რომ კაცები გაურბიან ამ საქმეს, ბევრი ვიცი, ოჯახიც მიატოვეს, როცა ნახეს, რომ შშმ შვილი ჰყავთ და გაიქცნენ.

აი, ეს არის უბედურება, რომ ქალები ამ პრობლემასთან დატოვეს მარტო პირისპირ, როცა ქალს ისედაც დიდი ტვირთი აქვს. კაცებმა უფრო მეტი ვაჟკაცობა უნდა გამოიჩინონ და ქალებს დაუდგნენ გვერდით.

ამას ყოველთვის ვამბობ და ვიტყვი, რომ კაცების ჩართულობა აუცილებელია. ბავშვს მარტო დედა არ ზრდის, ზრდის ოჯახი – დედა, მამა, ბებია-ბაბუა და ბავშვის ძირითადი ჩამოყალიბება მაინც ოჯახში ხდება, აქედან იწყება ყველაფერი“, – გვეუბნება ის.

რატომ უთხარით ვაკოს მშობლებს, რომ თქვენ იღებდით მასზე პასუხისმგებლობას? ისინი ვერ შეძლებდნენ იმას, რაც შეძელით თქვენ? – ვკითხეთ მას.

„ნამდვილად ვერა“, – გვიპასუხა ვალერიანმა.

მისი თქმით, ვაკოს მამა ახალგაზრდა კაცია, მუშაობს, ხან ქალაქშია, ხან – სოფელში. აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთან ყოფნა კი მუდმივად საჭიროა. „მაშინ უნდა მიატოვო ყველაფერი“, – გვეუბნება ის და ერთ ადამიანზე გვიყვება, რომელმაც იგივე გააკეთა საკუთარი შვილისთვის.

ვალერიან კოტრიკაძე შვილიშვილთან ერთად

„მე ვიცნობ ასეთ კაცს, რომელსაც აუტისტური სპექტრის შვილი ჰყავს. თბილისში სპეციალურად გაიარა ტრენინგები, რომ ბავშვს დახმარებოდა. ახლა ყველაფერი იცის. აი, ამას ჰქვია მამა.

გადადებული საქმე იკარგება, ამას უნდა მუდმივი ჩართულობა. აი, ვაკუნას 18 წელი შეუსრულდა ახლა და უკვე ზედმიწევნით იცის ყველაფერი, რაც ამ ხნის განმავლობაში ვასწავლე. მე ამას მივაღწიე. მაგრამ, ვიცნობ ოჯახებს, რომლებიც მალავენ შშმ ბავშვებს. ჩაკეტილი ჰყავთ.

მაქვს შეხვედრა ასეთ ხალხთან და ვუხსნი, რომ ასე არ შეიძლება. 8 წლის ბავშვი ვნახე, რომელიც გარეთ არ იყო ნამყოფი, ჩაკეტილი ჰყავდათ სახლში. 20 წლის შემდეგ რა უნდა ქნას? – ვკითხე ამ ბავშვის ბებიას და მეორე დღეს, ხელკავით გამოყვანილი ჰყავდა გარეთ.

არც ოჯახის წევრმა უნდა შეხედოს ამ ბავშვებს სიბრალულის თვალით, ისეთი უნდა მივიღოთ, როგორიც არიან. ჩვეულებრივი ადამიანები არიან, რომლებსაც შედარებით მეტი საჭიროება აქვთ. უბრალოდ, უნდა დავეხმაროთ განვითარებაში.

გარდატეხის ასაკში დიდი პრობლემები ჰქონდა ვაკუნას, ფსიქიკური აშლილობაც დაემატა, მაგრამ მთელი ენერგია ჩავდე, რომ დავხმარებოდი. თბილისში ცალკე ტრენინგები გავიარე, რომ ამ პროცესის სწორად მართვა შემძლებოდა.

არც სხვისთვის ვიშურებ რჩევებს, კარდაკარის პრინციპით დავდივარ და ვეხმარები ყველას, ვისაც კი ამის საჭიროება აქვს. აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის ბაბუა ვარ და შემიძლია რეკომენდაციაც, დახმარებაც, რომ ავუხსნა რა არის უკეთესი. სიტყვიერი ახსნა ძალიან მნიშვნელოვანია, როცა გამოცდილება გაქვს, გავლილი გაქვს ეს გზა.

მეც ბედნიერი ვარ, როცა სხვა მშობლები კმაყოფილი მხვდებიან. არასდროს მეზარება დახმარება, რჩევის მიცემა, რადგან ეს ჩემი ცხოვრებაა, ყოველდღე ამით ვცხოვრობ.

მიხარია სარკეში საკუთარი თავის დანახვა, ზურგი არ მეწვის, რადგან იმას ვაკეთებ, რაც აუცილებელია. მეამაყება, რომ ამ ხნის ადამიანი ვაკეთებ არა მარტო ჩემთვის სასარგებლო საქმეს, არამედ იმას, რაც სხვებისთვისაც კარგია“, – გვეუბნება ვალერიანი.

ცოტა ხნის წინ გულზე რთული ოპერაცია გაიკეთა, ამბობს, რომ ახალი გულით უფრო დიდხანს უნდა იცოცხლოს, რადგან ჯერ კიდევ ბევრ ადამიანს სჭირდება.

„14 წელი ვითამაშე ფეხბურთი. სპორტსმენი ვარ. ოთხი წელი უკრაინაში ვთამაშობდი, ბათუმის „დინამოში“ ვიყავი. 30-40 წლის ადამიანის ენერგია მაქვს ახლაც.

ოპერაცია გადავიტანე, მაგრამ ერთი წუთითაც არ ვტოვებ ვაკუნას, არც იმ ბავშვებს, რომლებსაც ჩემი იმედი აქვთ. არ არსებობს დღე, ლანჩხუთში, ოზურგეთსა და ჩოხატაურში რომ არ მივიდე ამ ბავშვებთან.

იყო დრო, ტერმინოლოგიაც კი არ ვიცოდი, ყველაფერი ვისწავლე, იმდენი ვიწვალე, რომ ახლა შემიძლია სხვას დავეხმარო. ამ ყველაფერმა შემცვალა და უფრო მიზანსწრაფული გამხადა. ჩემთვის მთავარია შედეგი“, – გვეუბნება ის.

მისი აზრით, ყველა ასაკში შეიძლება იპოვოს ადამიანმა მოწოდება და წლები ხშირად არაფერს ნიშნავს. 70 წლის ასაკში, ფაქტობრივად, ახალი საქმე, ახალი პროფესია შეიძინა და ეს შეაძლებინა სიყვარულმა, საკუთარი შვილიშვილის და იმ ბავშვების, რომლებსაც მისი მხარდაჭერა სჭირდება.

„თბილისში იყო შემთხვევა, როცა საქალაქო ტრანსპორტში გულყრა დაემართა ბავშვს. ეპილეფსიით იყო ბავშვი ავად და დაეცა. მაშინვე წამოვხტი და გავუწიე დახმარება, რადგან ესეც ვისწავლე ტრენინგებზე.

რამდენიმე ადამიანმა პრეტენზია გამოთქვა, ტაქსით ვერ წავიდა, თუ ასეთი რამ სჭირდა ბავშვსო?. როცა საქმეს მოვრჩი, ისეთი პასუხი გავეცი, სამივე ჩავიდა ავტობუსიდან.

სამაგიეროდ, იმ ბავშვის დედის თვალები მახსოვს, როგორი მადლიერი იყო თანადგომით. წინა წლებისგან განსხვავებით, საზოგადოება მართლა შეიცვალა. ბევრია ისეთი, ვინც მაღალი ცნობიერებით ეკიდება შშმ ადამიანებს, მაგრამ სამუშაო კიდევ არის“, – გვითხრა ვალერიან კოტრიკაძემ და ჩვენთან საუბარი ასე დაასრულა:

„ჩემთვის თქვენი ზარი იცით რამდენს ნიშნავს? წამალზე უკეთესია, მალამოა ჩემი გულისთვის, რადგან გაინტერესებთ ეს ადამიანები“.

ვალერიანი ამბობს, რომ როცა საზოგადოება ინტერესდება შშმ ბავშვებით და თანადგომას გამოხატავს, ეს მას აცოცხლებს.

„შავი ზღვის სამოთხე“ ბობოყვათის სანაპიროზე 53-სართულიან ცათამბჯენს ააშენებს

ქობულეთში, კომპანია „შავი ზღვის სამოთხე 1“ აბაშიძის ქუჩაზე, ზღვის სანაპიროსთან, 53 და 23-30-სართულიანი აპარტოტელების აშენებას გეგმავს.

დაახლოებით 20 ჰექტარი ტერიტორია, სადაც ახალი პროექტი უნდა განხორციელდეს, ავტომაგისტრალსა და ზღვას შორის მდებარეობს და ის მთავრობამ 26,6 მილიონ ლარად, პირობებით გაყიდა.

ამავე ნაკვეთთან კომპანიას 45-წლიანი იჯარით 45 306 კვადრატული მეტრი პლაჟიც გადასცეს.

ქობულეთის მერიამ სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების [სგშ] ჩატარების საჭიროების დადგენის მიზნით, გარემოს ეროვნულ სააგენტოში 2023 წლის 2 მაისს „შავი ზღვის სამოთხე 1“-ის საკუთრებაში არსებული ნაკვეთის განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფცია და სკრინინგის განცხადება წარადგინა.

დოკუმენტების მიხედვით, „კონცეპტუალურად პროექტი დაყოფილია რამდენიმე განსხვავებული ტიპის შენობებად და ჯგუფებად:

  • დომინანტს წარმოადგენს სანაპირო ზოლთან დაგეგმილი 53-სართულიანი აპარტოტელი.
  • ტერიტორიაზე ასევე განთავსდება 23-30-სართულიანი ხუთი აპარტოტელის ტიპის შენობა, ორი სანაპირო ზოლის სიახლოვეს და სამი – უკანა ზოლზე, საავტომობილო გზის სიახლოვეს.
  • ყველა ჩამოთვლილ მაღლივ შენობას ექნება თავისი საცურაო აუზები და მცირე სპორტული ინფრასტრუქტურა.
  • კომპლექსის შუა ნაწილი სანაპირო ზოლზე დაეთმობა ბრენდულ, 5-ვარსკვლავიან სასტუმროს, რომლის სართულიანობა შეადგენს 7-8 სართულს.
  • კომპლექსის შუაგულში განთავსდება საშუალო ინტენსივობის საცხოვრებელი სახლების ჯგუფები, ჯამში 8 ჯგუფი, რომელთა სართულიანობა ცვალებადია 4-დან 8 სართულამდე. ყოველ ჯგუფს ექნება თავისი საცურაო აუზი და გამწვანებული ეზო. ამ ჯგუფში შემავალი შენობების საერთო რაოდენობა იქნება 36.
  • საპროექტო ტერიტორიისთვის მოეწყობა შესაბამისი საინჟინრო კომუნიკაციები [ელმომარაგება, გაზმომარაგება, საკანალიზაციო სისტემა, წყალმომარაგება და სხვა]“.
ტურისტული კომპლექსის ვიზუალიზაცია / ფოტოები სკრინინგის ანგარიშიდან

აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2023 წლის 16 მაისის ჩათვლით წარუდგინონ, მათ შორის ელექტრონული ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge

დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ საპროექტო ტერიტორიას კვეთს „საქართველოს მელიორაციის“ კუთვნილი დეხვა-ბობოყვათის დამშრობი სისტემის არხების დაბოლოების ნაწილი. აღნიშნული არხების სისტემით [საერთო სიგრძე: 6146.59 მ] შეკრებილი წყალი გაედინება საპროექტო ტერიტორიაზე და ჩაედინება შავი ზღვის სანაპირო ზოლის ქვიშა-ხრეშოვან ნაწილში.

„არხის ორივე მხარეს 6-6 გრძივი მეტრ საპროექტო ტერიტორიაზე დატვირთულია სერვიტუტით [11 408 კვ.მ]. პროექტის განხორციელებისას აღნიშნული საკითხები მხედველობაში იქნება მიღებული, რაც გულისხმობს შესაბამისი კანონით დაგეგმილი მოთხოვნების განხორციელებას“, – აღნიშნულია სკრინინგის დოკუმენტში.

საპროექტო ტერიტორია და იჯარით გაცემული პლაჟი ქობულეთში / ფოტო სკრინინგის დოკუმენტებიდან

შპს „შავი ზღვის სამოთხე 1“ 2022 წლის 21 ივლისში დაარეგისტრირეს. კომპანიის წილებს ფლობენ: გიორგი გარის სვანიძე [ორმაგი მოქალაქე: საქართველო, ნიდერლანდები] – 35%, მანანა სირაძე – 35%, დავით თოფურიძე – 15%, ალხუნაიზი ტაისიერ ბაქირ ჰ, რომელიც რეესტრის ამონაწერით, მითითებულია, როგორც არაბთა გაერთიანებული საემიროების მოქალაქე, თუმცა პასპორტის მიხედვით ის საუდის არაბეთის სამეფოს მოქალაქეა – 15%. კომპანიის დირექტორია გივი ნემსაძე.

ბობოყვათის სანაპიროს გასხვისებას ადგილობრივი მოსახლეობა აპროტესტებდა. ისინი აცხადებენ, რომ ნაკვეთი მათი ტრადიციული საკუთრებაა, თუმცა მთავრობამ ის მათ საკუთრებაში არ დაურეგისტრირა.

ამ საკითხთან დაკავშირებით ქონების ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ „მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას და საუბარი იმაზე, რომ პრივატიზებული მიწა კერძო საკუთრებას წარმოადგენდა, არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანა.“

ამავე თემაზე ვრცლად:

მთავრობამ ბობოყვათის სანაპიროზე 19 ჰექტარი გაყიდა, პლაჟი კი 45 წლით გაასხვისა

86 წლის კაცმა გონიოში მიწის რეგისტრაციაზე ათწლიანი სასამართლო დავა მოიგო

მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ დააკმაყოფილა ლადო მჟავანაძის სარჩელი. ლადო მჟავანაძე 86 წლისაა და გონიოში ცხოვრობს. ის უკვე 10 წელზე მეტია მიწის რეგისტრაციას ითხოვს. მას ამისთვის ხანგრძლივი ბრძოლა დასჭირდა.

იმავე მოსამართლემ ლადო მჟავანაძის სარჩელი 2020 წელს არ დააკმაყოფილა, თუმცა სააპელაციო სასამართლომ, შემდეგ კი უზენაესმა სასამართლომ, მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძეს საქმის ხელახლა განხილვა დაავალა – 86 წლის კაცი სასამართლოში ბათუმის მუნიციპალიტეტის მიწის კომისიის წინააღმდეგ დავობდა, მას ყოფილი მეურნეობის მიერ გადაცემული მიწის საკუთრების აღიარებაზე 2017 წელს უარი უთხრეს.

საუბარია გონიოში კონკრეტული მიწის ნაკვეთის რეგისტრაციაზე. „ეს მიწები გონიოელებს მოგვცა ციტრუსის მეურნეობის დირექტორმა, კირილე ბერიძემ, ოფიციალურად გაფორმდა აქტები… ჭაობი იყო, ამოვაშრეთ და ბოსტნები მოვაწყვეთ, ბოსელიც მქონდა, რომელიც 2012 წელს დამინგრიეს,“ – ამბობს ლადო მჟავანაძე. 87 ოჯახი მეურნეობისგან გადაცემულ მიწებს ამ დრომდე იყენებს თუმცა მიწის აღიარების კომისია მათ საკუთრებაში გადაცემაზე უარს ამბობს.

ლადო მჟავანაძე [მარცხნივ] სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ. 3 მაისი
„…ბათილად იქნა ცნობილი და კომისიას დაევალა ხელახლა მსჯელობა ლადო მჟავანაძის მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთის აღიარებაზე – 147 კვადრატი, ასევე ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის 2022 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილება ლადო მჟავანაძის ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის თაობაზე“, – ამბობს ანა ბერძენიშვილი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტი. ეს ორგანიზაცია სასამართლოში ლადო მჟავანაძისა და სხვა გონიოელების ინტერესებს იცავს. ლადო მჟავანაძის ინტერესებს „გამჭვირვალობა საქართველოდან“ იცავს ასევე იურისტი მარიამ შაინიძე.

იურისტი ანა ბერძენიშვილი განმარტავს, რომ რადგან სადავო მიწის ნაკვეთი ჯერ დარეგისტრირდა ხელვაჩაურის, ხოლო შემდეგ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად, ბათილად იქნა ცნობილი მათი განკარგულებები და მიმართვები, რადგან სამომავლოდ ხელი არ შეეშალოს ლადო მჟავანაძის რეგისტრაციას საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.

ამ თემაზე:

80 წლის კაცმა მერიას სასამართლო 2-ჯერ მოუგო, მაგრამ მერია მიწას მაინც არ ურეგისტრირებს

„რუსეთი აშკარად ამზადებს ტერაქტს“ – პოდოლიაკი კრემლთან დრონების გამოჩენაზე

რუსეთის ბრალდებას იმის შესახებ, რომ უკრაინა დრონებით დაესხა თავს კრემლს, ოფიციალური კიევი უარყოფს. ზელენსკის პრესსამსახურის განცხადების შემდეგ კრემლის ბრალდებას ტვიტერზე გამოეხმაურა მიხაილო პოდოლიაკი, უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი.

„რაც შეეხება დრონებს კრემლის თავზე. ეს ყველაფერი პროგნოზირებადია… რუსეთი აშკარად ამზადებს ფართომასშტაბიან ტერაქტს. ამიტომ იგი პირველად აკავებს ყირიმში მსხვილ, სავარაუდო დივერსიულ ჯგუფს, შემდეგ კი „კრემლის თავზე დრონების“ დემონსტრირებას ახდენს.

უპირველეს ყოვლისა, უკრაინა აწარმოებს ექსკლუზიურად თავდაცვით ომს და არ ესხმის ობიექტებს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. რისთვის? ეს არ გადაწყვეტდა რაიმე სამხედრო საკითხს. მაგრამ ეს აძლევს რუსეთის ფედერაციას საფუძველს, გაამართლოს თავისი თავდასხმები მშვიდობიან მოსახლეობაზე…

მეორეც, ჩვენ ინტერესით ვაკვირდებით უბედური შემთხვევებისა და ინციდენტების მზარდ რაოდენობას, რომლებიც ხდება რუსეთის ფედერაციის სხვადასხვა კუთხეში. ენერგეტიკულ ობიექტებზე ან კრემლის ტერიტორიაზე დაუდგენელი უპილოტო საფრენი აპარატების გაჩენა მხოლოდ ადგილობრივი წინააღმდეგობის ძალების პარტიზანულ ქმედებებზე შეიძლება მიუთითებდეს. მოგეხსენებათ, დრონების შეძენა შესაძლებელია ნებისმიერ სამხედრო მაღაზიაში…

პუტინის კლანის მიერ ქვეყანაში ძალაუფლების კონტროლის დაკარგვა აშკარაა. მაგრამ, მეორე მხრივ, რუსეთს არაერთხელ უსაუბრია ჰაერზე ტოტალურ კონტროლზე. ერთი სიტყვით, რუსეთის ფედერაციაში რაღაც ხდება, ოღონდ კრემლის თავზე უკრაინის დრონების გარეშე“ – წერს პოდოლიაკი ტვიტერზე.

  • რა მოხდა?

„კიევმა ღამით კრემლზე დრონებით შეტევა სცადა, მაგრამ თავდასხმა წარმატებით იქნა მოგერიებული“ – განაცხადა დღეს, 3 მაისს, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პრესსამსახურმა.

პრესსამსახურის ცნობით, ორი უპილოტო საფრენი აპარატი კრემლისკენ, პუტინის რეზიდენციისკენ იყო მიმართული.

„სამხედრო და სპეცსამსახურების მიერ სარადარო სისტემების დროული ქმედებების შედეგად, მოწყობილობები მწყობრიდან გამოვიდა“, – ციტირებს პრესსამსახურს რუსული მედია.

კრემლი აცხადებს, რომ უკრაინის შეტევის შედეგად პუტინი არ დაშავებულა, მისი სამუშაო გრაფიკი არ შეცვლილა და პუტინი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.

„რუსეთი იტოვებს უფლებას, უპასუხოს კრემლზე თავდასხმის მცდელობას, სადაც და როცა საჭიროდ მიიჩნევს,“ – წერს რუსული სააგენტო „ტასი“ პრესსამსახურზე დაყრდნობით.

რუსეთი აცხადებს, რომ უკრაინამ ღამით კრემლზე შეტევა სცადა

„კიევმა ღამით კრემლზე დრონებით შეტევა სცადა, მაგრამ თავდასხმა წარმატებით იქნა მოგერიებული“ – განაცხადა დღეს, 3 მაისს, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პრესსამსახურმა.

პრესსამსახურის ცნობით, ორი უპილოტო საფრენი აპარატი კრემლისკენ, პუტინის რეზიდენციისკენ იყო მიმართული.

„სამხედრო და სპეცსამსახურების მიერ სარადარო სისტემების დროული ქმედებების შედეგად, მოწყობილობები მწყობრიდან გამოვიდა“, – ციტირებს პრესსამსახურს რუსული მედია.

კრემლი აცხადებს, რომ უკრაინის შეტევის შედეგად პუტინი არ დაშავებულა, მისი სამუშაო გრაფიკი არ შეცვლილა და პუტინი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.

„რუსეთი იტოვებს უფლებას, უპასუხოს კრემლზე თავდასხმის მცდელობას, სადაც და როცა საჭიროდ მიიჩნევს,“ – წერს რუსული სააგენტო „ტასი“ პრესსამსახურზე დაყრდნობით.

______________

ფოტო ტელეგრამდე გავრცელებული ვიდეოკადრებიდან 

ზვავმა წელს ბახმაროში 20 სახლი დაანგრია

წელს ბახმაროში ზვავმა 20-ზე მეტი სახლი დაანგრია. კურორტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ზვავმა სახლები ზამთარში პიონერის ქუჩაზე დაანგრია.

ზვავის შედეგის ამსახველი ფოტოები ფეისბუქზე ვრცელდება:

ზვავი ბახმაროში/facebook

სტიქიის შედეგების შემსწავლელი კომისია ჩოხატაურის მერიაში ჯერ შექმნილი არ არის. დაეხმარება თუ არა დაზარალებულებს მუნიციპალიტეტი, ეს აღნიშნულმა კომისიამ უნდა განსაზღვროს.

3 მაისის მდგომარეობით, ზვავი რამდენიმე ადგილზე ჩამოწოლილია ბახმაროში მისასვლელ გზაზეც, რის გამოც მოძრაობა შეწყვეტილია.

„ამ წუთებშიც გრძელდება გზის გაწმენდა შესაბამისი ტექნიკით. ზუსტად როდის გაიხსნება გზა – 5 თუ 10 დღეში – ამის განსაზღვრა ამ დროისთვის რთულია. რაც შეეხება დიდთოვლობით თუ ზვავის გამო დანგრეულ სახლებს, დაზუსტებული ინფორმაცია ამ დროისთვის არ გვაქვს“ – გვითხრა შალვა ცინცაძემ, ჩოხატაურის მერის წარმომადგენელმა ბახმაროს ადმინისტრაციულ ერთეულში.

ზვავი ბახმაროში/facebook

რუსეთის საჰაერო თავდასხმა ხერსონში, სუპერმარკეტზე – არიან დაღუპულები

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება, რომ დღეს, 3 მაისს, დილით, რუსულმა არმიამ საჰაერო თავდასხმა განახორციელა ხერსონში, სუპერმარკეტზე, რის შედეგადაც მინიმუმ სამი ადამიანი დაიღუპა.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ადგილზე ხუთი ადამიანი დაიჭრა.

სამინისტრო წერს, რომ ეს არის ერთადერთი ჰიპერმარკეტი, რომელიც ფუნქციონირებს ხერსონში,  ხოლო დაღუპულები და დაშავებულები მაღაზიის მომხმარებლები და თანამშრომლები არიან.

გუშინ, 2 მაისს,უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა, განაცხადა, რომ ბოლო დღეებში რუსეთმა შეცვალა საჰაერო თავდასხმის ტაქტიკა. პოდოლიაკის თქმით, ამჯერად რუსი სამხედროები პირდაპირ სარაკეტო დარტყმებს ახორციელებენ სამოქალაქო ობიექტებზე, მრავალბინიან სახლებზე ან იმ ადგილებზე, სადაც ბევრი ხალხი იმყოფება.

ვინ ზის „უცნობის“ მატარებელში? – ლევან ცუცქირიძის ბლოგი

ლევან ცუცქირიძე არის პოლიტოლოგი, აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის – EECMD-ის აღმასრულებელი დირექტორი.

დატრიალდა ძველი ბორბალი.

დიდი ალბათობით, ხდება ის, რაც სავარაუდო იყო: „ქართული ოცნება“ ვერ ხვდება, რომ საზოგადოება ერთიანია თავისუფლებისა და ევროპული იდეის გარშემო და ახლა შეეცდება სხვა გზებით მოსპოს პოლიტიკური და სამოქალაქო თავისუფლება. უცნობის აქციის შემდეგ, „პოლიტიკოსმა და საზოგადო მოღვაწე“ ზაზა პაპუაშვილმა მოთხოვნები დააყენა. ფრიდონ ინჯიამ მათი საკანონმდებლო ინიციატივებად გარდაქმნა ითავა. შალვა პაპუაშვილი ალბათ ბიუროზე გაიტანს და დაამტკიცებს. შემდეგ, როგორც უკვე ვნახეთ.

მაგრამ მაინც, რას გულისხმობს ეს მოთხოვნები? მაგალითად,  რას ნიშნავს „სუვერენული ეკონომიკური პოლიტიკის გატარება,“ „ევროკავშირის და სხვა ქვეყნის პოლიტიკოსებისგან სახელმწიფო სუვერენიტეტის პატივისცემა და შიდა პოლიტიკურ საქმიანობაში ჩარევის აკრძალვის კატეგორიულად მოთხოვნა“, „სკოლებში ფუნდამენტური განათლების დანერგვა“ ან  „ლგბტ პროპაგანდის კანონით აკრძალვა?“

ეჭვი მეპარება, ფრიდონ ინჯიას, ზაზა პაპუაშვილს ან „უცნობს“ რაიმე წარმოდგენა ჰქონდეთ იმაზე, თუ როგორ მუშაობს ეკონომიკა. უბრალოდ, თვლიან, რომ „სუვერენული ეკონომიკა“ კარგად ჟღერს და ასეთი რამ უნდა თქვან. ბუნებრივია, მათი გაქანების ხალხისგან მეტ განმარტებებს არ უნდა ელოდე. უბრალოდ ვიტყვი, რომ სუვერენული ეკონომიკური პოლიტიკის იდეა მათი მოგონილი არ არის (ისევე როგორც არაფერი სხვა, რაც თქვეს).

ამას პოპულისტი მმართველები იყენებენ ხოლმე ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად ან შესანარჩუნებლად. როგორც წესი, ასეთ იდიოტიზმს რამდენიმე წელში მოჰყვება ხოლმე დიდი ინფლაცია და ეკონომიკის სრული მოსპობა. და რა მოჰყვება ჰიპერინფლაციას და ეკონომიკის მოსპობას? ხალხის გამოსვლები, ამბოხი, არეულობა და ქაოსი. შემდეგ ასეთი ლიდერები საკუთარ შემოქმედებას ციხეში ან უკეთეს შემთხვევაში, იძულებით ემიგრაციაში აგრძელებენ ხოლმე, როგორც ჟანრის კანონი მოითხოვს.

ლევან ცუცქირიძე, პოლიტოლოგი, აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის – EECMD-ის აღმასრულებელი დირექტორი

რა შეიძლება ვთქვათ „ევროკავშირისა და სხვა ქვეყნის პოლიტიკოსებისგან სახელმწიფო სუვერენიტეტის პატივისცემისა და შიდა პოლიტიკურ საქმიანობაში ჩარევის აკრძალვის კატეგორიულად მოთხოვნაზე?“ რეალურად, ეს ნიშნავს ევროკავშირის და სხვა ქვეყნებისგან (აშშ) დისტანცირებას და იმ დახმარების პროგრამების შეჩერებას, რომლებსაც ეს ქვეყნები ახორციელებენ.

თუკი ისინი აღარ უნდა ჩაერიონ ჩვენს საქმეში, მაშინ აღარც თბილისის ავტობუსების შეძენა, არც სოფლის მეურნეობის დახმარება, არც გზებისა და ხიდების რეაბილიტაცია, არც ექთნების გადამზადება, არც მთავრობის სხვა პროგრამების დაფინანსება უნდა გაგრძელდეს, ხომ ასეა? ამიტომაც, ამ და წინა მოთხოვნის შესრულების შემთხვევაში, ეკონომიკურად და პოლიტიკურად იზოლირებულ ქვეყანას მივიღებთ.

კი, მაგრამ, რა უნდა მოხდეს ასეთ, იზოლირებულ ქვეყანაში? თუკი ხალხი გაღარიბდება და გაბრაზდება, როგორღა უნდა შევინარჩუნოთ ხელისუფლება? ამისათვის საჭიროა რეპრესიები, ირაციონალური შიშების გამოყენება და მარჯვე პროპაგანდა. პროპაგანდა ადრეული ასაკიდან უნდა დაიწყოს, ამას ნიშნავს მოთხოვნა, რომ „სკოლებში დაინერგოს ფუნდამენტური განათლება.“

როგორ გავიგოთ ეს?

რა, მათემატიკა და გრამატიკა არ არის ფუნდამენტური განათლება?

ვეჭვობ, მათ ამაზე მსჯელობა შეეძლოთ, მაგრამ, რა თქმა უნდა, გულისხმობენ იმას, რომ ბავშვებს აღარ ველაპარაკოთ მათ უფლებებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე; ვასწავლოთ მხოლოდ ის, რასაც ჩვენ, უფრო სწორად, ინჯია, პაპუაშვილი, უცნობი და კომპანია ჩათვლიან საჭიროდ: მორჩილება და განსხვავებულობის, კრიტიკული აზრის შიში.

პროპაგანდა დიქტატურის საფუძველია, მაგრამ საჭიროა პოლიტიკური კონკურენციის რეალური მოსპობა. ამიტომ უნდა მოხდეს „ნაციონალური მოძრაობის“ „დიქტატორული რეჟიმის“ პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება!“ როგორც ჩანს, მათთვის არჩევნები არ არის საკმარისი პოლიტიკური შეფასება, კიდევ რაღაც ახალი ინოვაციაა საჭირო.

„სამართლებრივ შეფასებას“ რაც შეეხება, ეს არის ნაბიჯი ოპოზიციური პარტიის კრიმინალიზაციისკენ. დღეს ეს ნაციონალური მოძრაობა იქნება, ხვალ ნებისმიერი სხვა. სწორედ ამას აკეთებს ყველა დიქტატორული რეჟიმი: ის ან ყიდულობს ლოიალობას ოპოზიციისგან ან ანადგურებს მას.

თუმცა, მხოლოდ ნაცმოძრაობის აკრძალვა არ არის საკმარისი. ამიტომ, მოიფიქრეს, მათი აზრით, „ოქროს გასაღები“ სამოქალაქო და სხვა პოლიტიკური ჯგუფების შესაზღუდადაც.

ეს არის საკრალური „ლგბტ პროპაგანდის“ აკრძალვა. ეშინია ხალხს, რომ განსხვავებული ორიენტაციის ადამიანის დანახვით ქუჩაში ან ტელევიზორში, მათაც აერევათ სექსუალური თავგზა? ეშინიათ!

შეგვიძლია მათი ეს შიში ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენოთ?

რა თქმა უნდა! ასე ფიქრობს ეს ხალხი.

მაგრამ რას ნიშნავს ეს რეალურად? რა თქმა უნდა, უპირველესად იმას, რომ ეს გამოიწვევს ბევრი ჩვენი თანამოქალაქის, რომლებიც სექსუალურ უმცირესობებს განეკუთვნებიან, უფლებების კიდევ უფრო შეზღუდვას და მათი ღირსების შელახვას. თუმცა, სინამდვილეში მათი სამიზნე სულაც არაა სექსუალური უმცირესობები, მათი სამიზნე ვართ ყველანი ჩვენ.

იდეაში, ასეთი შეზღუდვით, ნებისმიერ გამოსვლას, მოვლენას ან საგანს, რომელიც პირდაპირ ან ირიბად ეხება ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს შესაძლოა, მიენიჭოს „ლგბტ პროპაგანდის“ იარლიყი და ამით მისი კრიმინალიზაცია მოხდეს. სრულიად შესაძლებელია ასეთი კანონით აკრძალო ნებისმიერი შეკრება, სადაც მათთვის მიუღებელი გარეგნობის, ჩაცმულობის თუ ქცევის ადამიანები გამოჩნდებიან ან რაიმეს იტყვიან; დახურო ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები; დაწვა წიგნები და ნახატები, დალუქო გამომცემლობები, გააუქმო სპექტაკლები, კინო სეანსები თუ ტელევიზიები სადაც, მათი აზრით, „ლგბტ პროპაგანდა“ მიმდინარეობს. გეცნობათ ისტორია? მეც.

ეს არის და ეს: იზოლაცია + თავისუფლების კერების ჩაქრობა = დიქტატურას საქართველოში (და ფულსა და ძალაუფლებას ინჯიასთვის, ქართული ოცნებისთვის, „უცნობისა“ და სხვებისთვის).

მაგრამ ამ ყველაფერს მაინც სჭირდება რაღაც პოზიტიური, დემოკრატიული ფასადი, რომ ადვილად იყიდოს ხალხმა. ამიტომ, უნდა მოვითხოვოთ „დემოგრაფიული ვითარების გამოსწორება“ და ხალხისთვის პოლიტიკური კრიზისის დროს თითქოს გადამწყვეტი ხმის მიცემა, ერთგვარი „პირდაპირი დემოკრატიის“ ამოქმედებით.

როგორ უნდა მოხდეს ეს ეკონომიკურ და პოლიტიკურ იზოლაციაში, ავტოკრატიული მმართველობისას და თანაც, ყველაზე სულელური ეკონომიკური იდეების გამოყენებით, გაუგებარია, მაგრამ მაინც. წარმოიდგინეთ როგორ ბრწყინვალედ მუშაობს პირდაპირი დემოკრატია მაშინ, როდესაც აღარც ოპოზიციაა, აღარც სამოქალაქო ორგანიზაციები, აღარც უფლებადამცველები, აღარც დამოუკიდებელი ჟურნალისტები, აღარც უხერხული წიგნები, არც პრობლემური რეჟისორები ან მხატვრები და პრინციპში აღარც არავინ ვინც „უხერხულობას“ ქმნის. ეს არის ამათი იდეალური საქართველო და ახლა ისინი სწორედ ამ დისტოპიის რეალიზებისთვის მუშაობენ.

ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ ყველა პირობა, რაც მათ დააყენეს შესრულდა.

როგორ საქართველოს მივიღებთ სინამდვილეში?

მივიღებთ კიდევ უფრო ღარიბ, კიდევ უფრო დაუცველ ქვეყანას, რომელიც ჩამოაშორეს ტრადიციული ქრისტიანული სამყაროს უძლიერეს პოლიტიკურ ერთობას – ევროკავშირს და მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე ძლიერ სამხედრო ალიანსს – ნატოს, მშვიდობის ამ ნამდვილ სივრცეებსა და ალიანსებს, რომელთა წევრებს შორისაც მათი შექმნის შემდეგ, აღარასოდეს მომხდარა სერიოზული ომი.

მივიღებთ კიდევ უფრო გაღარიბებულ ოჯახებს, რომელთაც დაკარგეს ოჯახური სივრცის, ოჯახური კეთილდღეობის დაცვის უნიკალური შესაძლებლობები. ამ ყველაფრის გამო, კიდევ უფრო დაცარიელებულ ქალაქებსა და სოფლებს;

დემოგრაფიული ვითარების გაუმჯობესების ნაცვლად გვექნება ერის გაქრობის სწრაფი, გამოუსწორებელი პროცესი. და ეს  ყველაფერი მოხდება ქვეყანაში, რომელსაც წინ,  მაგიდაზე ედო შესაძლებლობა, ყოფილიყო მდიდარი, ძლიერი და ლიდერი სახელმწიფო რეგიონში; რომელსაც წარსული წამოეწია და მის აწმყოდ და მომავლად იქცა; სადაც მონობამ, შიშმა და ფობიებმა გაიმარჯვეს იმედსა და თავისუფლებაზე; სადაც ოცნებამ ყველას „უცნობის“ იმ მატარებელში გვიკრა თავი, რომლის ბოლო გაჩერება არც თუ კარგად დავიწყებული საბჭოთა სიძველეა.

გამოვა ეს საქმე? არა. რატომ? ერთი შეხედვით, თითქოს კარგად მოფიქრებული გეგმაა: პოპულისტური გზავნილები, რომელსაც ხალხი აჰყვება და თავისი ხელით მოსპობს საკუთარ თავისუფლებას. თუმცა, ამ ყველაფერს სამი დიდი პრობლემა აქვს: ერთი ის, რომ საზოგადოება აღარ ყიდულობს ასეთ პროდუქტს, ვადაგასულია უკვე. მეორე, ოცნებამ ჯერ კიდევ მარტში, საბოლოოდ დაარღვია საზოგადოებრივი ხელშეკრულება და ის ვეღარ შეძლებს ისე იმოქმედოს, როგორც აქამდე შეეძლო – ცალ კარში, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე და არაორგანიზებული საზოგადოების ფონზე.

მესამე ისაა, რომ ისინი ახალს ვერაფერს ქმნიან, რუსული ავტორიტარიზმის დამყარების გეგმების ასლების გარდა. ეს ყველაფერი ხომ რუსული სახელმძღვანელოებიდან გადმოწერილი გეგმაა. შესაბამისად, ეს სახელმძღვანელო ჩვენც წაგვიკითხავს და ვიცით, თუ რა სვლებია გაწერილი. ამაში აღარაფერია მოულოდნელობა და  ახალი. ეს არის ამ გეგმის მთავარი სისუსტე და ამ ადამიანების კრიტიკული ნაკლი: მათ არ აქვთ პოლიტიკური შემოქმედების უნარი, მხოლოდ მიმბაძველობის.

მიმბაძველობით კი არაფერი გამოვა ჩვენს ქვეყანაში, რადგანაც საქართველო არ არის რუსეთი და ქართული საზოგადოება არ არის რუსული საზოგადოება. და ბოლოს, საქართველოში შეცვლილია საარჩევნო და პოლიტიკური დემოგრაფია და პოლიტიკურ კლიმატს უფრო ახალგაზრდა და უფრო თავისუფალი ადამიანები ქმნიან. ეს არის ის, რასაც ისინი ვერ თუ არ ხედავენ; ეს არის, ის, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება მათ გარდაუვალ პოლიტიკურ ფიასკოში.

სულაც არ  მიმაჩნია, რომ ჩვენი ბრძოლა თავისუფლებისთვის ადვილი იქნება. პირიქით, უფრო რთული, ვიდრე ალბათ  ოდესმე ბოლო წლების განმავლობაში, მაგრამ ეს არის ჩვენი ბედი და ჩვენი პასუხისმგებლობა.  თავისუფლებისთვის ბრძოლა გრძელდება.

____

 

რიგა-ბათუმს შორის ფრენა განახლდა – ავიარეისი კვირაში ორჯერ შესრულდება

ლატვიურმა ავიაკომპანია Air Baltic-მა რიგა-ბათუმის მიმართულებით ფრენა განაახლა.

TAV-ის ცნობით, 2023 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე პირველი რეისით ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ლატვიის დედაქალაქიდან 119 მგზავრი ჩამოფრინდა.

Air Baltic-ი რიგა-ბათუმის მიმართულებაზე ზაფხულის სეზონის განმავლობაში კვირაში ორჯერ იფრენს.

რაც შეეხება ფასებს, ბათუმიდან რიგაში ფრენის ფასი 150-მდე ევროა, პირიქით კი – დაახლოებით 140 ევრო. ავიაბილეთების ღირებულება გაიზრდება ივლისსა და აგვისტოში.

ავიაკომპანია Air Baltic-ი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კვირაში ხუთჯერ ასრულებს ავიარეისს.

სკვერი და შადრევანი ბათუმში, რაშიც მერიამ 309 778 ლარი დახარჯა

„ეს შადრევანი არასდროს ჩართულა,“ – გადმოგვძახეს თამარის დასახლებაში, რელიგიის მუზეუმთან მდებარე კორპუსში მცხოვრებმა ადამიანებმა, როცა ვიკითხეთ: ბოლოს როდის ჩართეს ახალი შადრევანი?

ბათუმში, თამარის დასახლებაში, რელიგიის მუზეუმთან მდებარე სკვერისა და შადრევნის მოწყობის სამუშაოები გასული წლის ბოლოს ჩაიბარა მერიამ, თუმცა შადრევანი არ მუშაობს – აქ შადრევნის აუზში გამდინარე წყალში ჩაყრილი და ერთმანეთში ახლართული ელექტროსადენები დაგხვდებათ. შადრევანშია ქალის ქუსლიანი ფეხსაცმელიც.

ასე გამოიყურება შადრევანი 2 მაისს. ფოტო: „ბათუმელები“/ჯაბა ანანიძე
ახალი შადრევანი ბათუმის რელიგიის მუზეუმთან

„თომა, გამოიწიე აქეთ“ – ქალი პატარა ბიჭს მიმართავს, რომელიც შადრევნის ირგვლივ დარბის. ქალს ვინაობის გამხელა არ სურს, თუმცა ამბობს, რომ თბილისის ინციდენტის შემდეგ, როცა შადრევანში ბავშვი დაიღუპა, ახალ შადრევანს შიშით უყურებს.

„როცა აწყობდნენ შადრევანს, მაშინ გასინჯეს და ჩართეს, ხელოსნებიც აქ იყვნენ. ეს გასული წლის შემოდგომაზე იყო. მერე შადრევანი არ ჩართულა,“ – ამბობს ქალი და თომასთან ერთად შადრევნის ტერიტორიას ტოვებს.

„მახსოვს, ბოლოს ახალი წლის დღეებში ჩართეს, მერე არ ჩაურთავთ, არ ვიცი, რატომ“, – გვიყვება ნანული კუნჭულია, რომელმაც შადრევანთან ახლოს მდებარე კორპუსიდან გადმოგვხედა.

„მგონი, არც არის დასრულებული, მე მაქ ფანტანი არ მინახავს,“ – ამატებს კიდევ ერთი ქალი, რომელიც სადარბაზოდან გამოდის.

შადრევანთან ახლოს ახალი ფილები დაუგიათ, აქ რამდენიმე ახალი სკამიც ჩაუდგამთ, რომელთა ზედაპირიც უკვე დაბრეცილია. გამოკეტილია თავად რელიგიის მუზეუმიც.

სკამი რელიგიის მუზეუმთან არსებულ სკვერში / 2.05.2023

ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ბათუმის მერიამ, კონკრეტულად კი კეთილმოწყობის და ინფრასტრუქტურის სამმართველომ, 309 778 ლარი დახარჯა რელიგიის მუზეუმთან ახალი სკვერისა და შადრევნის მოსაწყობად. სამუშაოები გასულ წელს ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ – „ჯიზი გროუფმა“ შეასრულა.

მერიის სამმართველოს ვთხოვეთ, მოეწოდებინა ინფორმაცია თანხის დეტალური ხარჯვის შესახებ. გვითხრეს, რომ ინფორმაცია წერილობით უნდა გამოვითხოვოთ.

ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით კი, „შესრულებული სამუშაოები დამაკმაყოფილებელია და შეესაბამება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს“.

მერიის კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამმართველოს უფროსი, აკაკი ბერიძე ამტკიცებს, რომ „შადრევანი მუშაობს ჩვეულებრივად“. თუმცა ბათუმის მერიის სხვა თანამშრომლებთან გასაუბრებით ირკვევა, რომ ბათუმის მერიის მაღალჩინოსნის ნათქვამი სიმართლე არ არის.

„შადრევანი მუშაობს ჩვეულებრივად, თუ ახლა გათიშულია, ესე იგი, რაღაც მოვლა-შენახვის სამუშაოებს აწარმოებენ… სერვისების მართვის სააგენტოსთვის არის გადაცემული მოვლა-შენახვაში,“ – უთხრა „ბათუმელებს“ აკაკი ბერიძემ, კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამმართველოს უფროსმა.

სერვისების მართვის სააგენტოში კი,  გვითხრეს, რომ რელიგიის მუზეუმის წინ მდებარე შადრევანი სააგენტოსთვის მართვაში ჯერ არ გადაუციათ. ეს სააგენტო უვლის საზოგადოებრივ სივრცეებში არსებულ შადრევნებს.

რატომ არ მუშაობს შადრევანი? – ვკითხეთ ბათუმის მერიის თამარის დასახლების ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელს, თეიმურაზ ბაკურიძესაც.

„არ არის ჩართული, რადგან უსაფრთხოების ტესტი ჯერ არ არის ჩატარებული. ამ კვირის ბოლომდე მაქსიმუმ ჩაირთვება. გადმობარება უნდა მოხდეს სერვისცენტრზე. ტესტირება ჩასატარებელია უსაფრთხოებაზე,“ – გვითხრა თეიმურაზ ბაკურიძემ.

ბიზნესმენი კი, რომელმაც შადრევანი მოაწყო, აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ შადრევანი შემკვეთს ჩააბარა.

„ჩაიბარეს ეს სამუშაოები ჩვეულებრივად, რამე პრობლემა რომ ყოფილიყო, დაგვირეკავდნენ, საგარანტიო აქვს, შადრევანი ჩაბარდა და ფუნქციონირებდა,“ – გვიპასუხა ზურაბ ცეცხლაძემ, კომპანიის „ჯიზი გროუფის“ ხელმძღვანელმა.

კომპანიის ხელმძღვანელს ვკითხეთ: რამდენად სწორია ელექტროსადენი პირდაპირ, შეფუთვის გარეშე იყოს ჩაყრილი შადრევნის აუზში?

„…თურქეთიდან მყავდა სპეციალისტები ჩამოყვანილი, გავერკვევი, თუ რამე პრობლემები არის“, – აღნიშნა ზურაბ ცეცხლაძემ.

პროექტის მიხედვით, ასეთი შადრევანი უნდა მოწყობილიყო რელიგიის მუზეუმთან / ესკიზი პროექტიდან
ახალი შადრევანი ბათუმის რელიგიის მუზეუმის წინ / 2.05.2023

„მოსახლეობასთან ერთად მაქვს მე ეს შადრევანი გახსნილი, წელსაც ჩართული იყო, მოგწერთ ყველაფერზე წერილობით, ობიექტზე ვარ გასული,“ – გვიპასუხა აკაკი ბერიძემ.

„ბათუმელებმა“ რელიგიის მუზეუმის წინ და „მეგრულ-ლაზურ რესტორანთან“ მდებარე სკვერებზე სტატია 26 აპრილს მოამზადა. მაშინაც კეთილმოწყობის სამმართველოს პრესცენტრში გვითხრეს, რომ კომენტარს არ გააკეთებდნენ და საჯარო ინფორმაცია უნდა გამოგვეთხოვა.

სტატიაში ვწერდით, რომ ორი სკვერის მოსაწყობად მერიას ხელშეკრულება 1 მილიონ 21 ათას 260 ლარზე ჰქონდა გაფორმებული, საიდანაც ნახევარ მილიონზე მეტი – 524 257 ლარი ჩაურიცხეს კომპანია „ჯიზი გროუფს“, იმ დროს, როცა „მეგრულ-ლაზურ“ რესტორანთან არსებულ სკვერში გავლაც კი რთულია, ნაწილი კი, დაჭაობებულია.

ამ ნახევარი მილიონიდან, სულ ცოტა, 309 778 ლარი რელიგიის მუზეუმთან არსებული სკვერისთვის დაიხარჯა.

კომპანია „ჯიზი გროუფთან“ ხელშეკრულება შეწყდა 2022 წლის 23 დეკემბერს – ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო. რატომ გადაუხადეთ კომპანიას 2022 წლის დეკემბერში 195 750 ლარი [ჯამში კომპანიისთვის გადახდილია 524 257 ლარი], როცა დეკემბერშივე იცოდით, რომ კომპანია ნაკისრ ვალდებულებებს არ ასრულებდა? – ეს ერთ-ერთი კითხვაა, რაც საჯარო ინფორმაციის სახით გამოვითხოვეთ კეთილმოწყობის სამმართველოდან. საჯარო ინფორმაცია ამ დრომდე არ მიგვიღია.

„დღეს საღამოს იქნება, მაგალითად, ჩართული შადრევანი?“ – ვკითხეთ აკაკი ბერიძეს.

„ცუდად მესმის, მომწერეთ და ისე გიპასუხებთ,“ – გვიპასუხა ბათუმის მერიის მაღალჩინოსანმა.

ასე გამოიყურება შადრევნის აუზი რეაბილიტაციის შემდეგ, ბათუმში, რელიგიის მუზეუმთან / 2.05.2023

„მივმართავთ მერიას, რომ ჩართონ შადრევანი, რადგან ახლოვდება ზღვის სეზონი,“ – ეს უკვე სამუზეუმო გაერთიანების ხელმძღვანელმა, თეონა ზოიძემ გვითხრა. ამ გაერთიანების ნაწილია რელიგიის მუზეუმიც, რომელიც დღეს, 2 მაისს, დაკეტილი დაგვხვდა.

თეონა ზოიძემ „ბათუმელებს“ განუმარტა, რომ რელიგიის მუზეუმი არ გახსნილა კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ.

„…რადგანაც მუზეუმი იყო სარემონტო, ჩვენ გამოვაცხადეთ ტენდერი, მაგრამ კომპანიამ ვალდებულებები არ შეასრულა… რადგან ზაფხულის სეზონი ახლოვდება, გადავწყვიტეთ, ჩვენი ძალებით ჩავატაროთ ეს სარემონტო სამუშაოები, მუზეუმი გაიხსნება სავარაუდოდ ივნისის შუა რიცხვებში, შადრევანი კი ჩვენზე არაა დამოკიდებული,“- აღნიშნა თეონა ზოიძემ.

სამუზეუმო გაერთიანებას ხელშეკრულება კომპანია „დიდ გზასთან“ 47 774 ლარზე გაუფორმებია 2022 წელს. სამუშაოების შესრულების ვადა – 2 თვე.

რაც შეეხება სკვერს „მეგრულ-ლაზურთან“, კომპანია „ჯიზი გროუფის“ ხელმძღვანელმა, ზურაბ ცეცხლაძემ გვითხრა, რომ ვალდებულებები ქვეკონტრაქტორმა კომპანიამ ვერ შეასრულა. ბიზნესმენს არ ახსოვს, ქვეკონტრაქტორის სახელწოდება ან მიზეზი, რის გამოც სკვერი ვერ მოეწყო.

ზურაბ ცეცხლაძემ განმარტა, რომ მას მხოლოდ ის თანხა ჩაურიცხეს, რა სამუშაოებიც შეასრულა. „დაახლოებით 120 ათასამდე ჯარიმა გადავიხადეთ, თავისთავად პირგასამტეხლო გამოაკლდა ფაქტობრივ სამუშაოებს,“ – დასძინა ზურაბ ცეცხლაძემ „ბათუმელებთან“.

„ბათუმელების“ წინა სტატიას, სადაც „მეგრულ-ლაზურ რესტორანთან“ მდებარე სკვერში არსებული მდგომარეობა იყო აღწერილი, განხილვა მოჰყვა ბათუმის საკრებულოს წინა სხდომაზე.

29 აპრილს, ბათუმის საკრებულოს სხდომაზე, 2022 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში მოისმინეს. „ოცნების“ ფრაქციამ შესრულება დადებითად შეაფასა. ყველაფერი კარგად მიდიოდა, ვიდრე აკაკი გვიანიძემ ბიუჯეტის შესრულების ეჭვქვეშ დაყენების საილუსტრაციოდ „ბათუმელების“ სტატიები არ გამოიყენა.

ამას მოჰყვა საბიუჯეტო-საფინანსო სამსახურის უფროსის ვრცელი განმარტება, რომელიც ასე დასრულდა:„ არც ერთი თეთრი არ წაუღია იმ კომპანიას იმ შეუსრულებელ სამუშაოებზე.“

„რაც შეასრულა, ის ჩავრიცხეთ და რაც არა – არა“ – განმარტა კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმაც. ის კი არა და, „შავ სიაშიც“ გავუშვითო. შესრულებულ ნაწილში აკაკი ბერიძემ რელიგიის მუზეუმის მიმდებარედ არსებული სკვერი დაასახელა: „შადრევანი მოეწყო და ახალი განათებაც დამონტაჟდა“.

„ხომ ვამბობდი, „ბათუმელები“ ტყუის“ – თქვა მინდია გოგუაძემ „ოცნებიდან“, მან ამ თემაზე ხუთი წუთი ილაპარაკა, პათოსით – „ბათუმელები“ მოსახლეობას ატყუებს.

როგორც იქნა, „ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარესაც მიეცა ამ თემაზე სიტყვის თქმის საშუალება: „.. აღმოჩნდა, რომ ტყუილია, „ბათუმელების“ ინფორმაცია, რაც წაიკითხა და რაც  გააჟღერა… ახლა მე მინდა ბოლომდე მივაწვე ამ ჩემს პირველ ჩვენებას, უამრავი ასეთი ქეისი დამისახელეთ რა, ველოდები ჩამონათვალს ფოსტაზე “ – განაცხადა თენგიზ აფხაზავამ.

___

ამავე თემაზე:

დაჭაობებული სკვერი ბათუმში, რაშიც მერიამ ნახევარი მილიონი დახარჯა

რუსეთი უკრაინას 26 „შაჰედით“ დაესხა თავს ღამით – უკრაინის თავდაცვამ 21 გაანადგურა

3 მაისს, გამთენიისას, რუსეთის ჯარებმა უკრაინაში 26 ირანული დრონი – „შაჰედი“ გაუშვეს. უკრაინის თავდაცვის ძალებმა მათგან 21 გაანადგურეს –  ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა ავრცელებს.

სარდლობის ცნობით, დრონები გაუშვეს რუსეთის ფედერაციის ბრიანსკის რეგიონიდან, ასევე სამხრეთიდან – აზოვის ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროდან.

დრონების თავდასხმის სამიზნე იყო დნეპროპეტროვსკი, სადაც ჩამოაგდეს 7 ირანული დრონი, მაგრამ ერთი დრონი ადმინისტრაციულ შენობას მოხვდა და ხანძარი გაჩნდა.

3 ირანული „შაჰედი“ მოხვდა კროპივნიცკის ნავთობის საცავს, რასაც აფეთქება და ხანძარი მოჰყვა, ასევე, ნიკოლაევში, დრონის დარტყმის შედეგად, კერძო სახლში ხანძარი გაჩნდა.

აღნიშნული შემთხვევების შედეგად მსხვერპლის და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

დრონების სამიზნე იყო ქალაქი კიევიც, სადაც ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ყველა „შაჰიდი“ გაანადგურეს.

________________

ფოტო: უკრაინის საჰაერო ძალები/facebook

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 3 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 3 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 191 940 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +520]
  • ტანკი – 3 702 ერთეული [+1]
  • ჯავშანტექნიკა – 7 199 ერთეული [+6]
  • საარტილერიო სისტემა – 2 946 ერთეული [+16]
  • MLRS – 544 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 300 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 308 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 294 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 2 505 ერთეული [+28]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 947 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 5 865 ერთეული [+14]
  • სპეცტექნიკა – 363 ერთეული [+3]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 3 მაისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 416 თვითმფრინავი
  • 230 ვერტმფრენი
  • 3 935 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 421 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 8 948 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 095 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 4 717 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 9 928 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რუსეთმა შეცვალა სარაკეტო თავდასხმის ტაქტიკა – პოდოლიაკი

როგორ შეიძლება მოემზადოს ქალი დედობისთვის – მეან-გინეკოლოგის რჩევები

მედიცინას არ შეუძლია ყველა თანდაყოლილი დეფექტის თავიდან აცილება, მაგრამ სპეციალისტების თქმით, დაორსულებამდე ჯანმრთელობის სწორად მართვითა და ჯანსაღი ქცევების პრაქტიკით ჯანმრთელი ბავშვის დაბადების შანსი იზრდება. 

სწორედ ამ მეთოდებსა და პრაქტიკაზე საუბრობს „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ მეან-გინეკოლოგი მაია ძნელაძე.

  • ქალბატონო მაია, რატომ არის საჭირო ორსულობამდე ფოლიუმის მჟავის მიღება, რაში გვეხმარება?

ორსულობისას ფოლიუმის მჟავის დეფიციტის ყველაზე ხშირი და ვერაგი გამოვლინებაა სპინა ბიფიდა. ფოლიუმის მჟავა, იგივე ვიტამინი B9, ორსულობის დადგენისთანავე ინიშნება, მაგრამ ეს არ კმარა. ნერვული მილის დეფექტები მუცლადყოფნის პირველი 28 დღის განმავლობაში ვითარდება, ამიტომ რეკომენდებულია, ქალმა, რომელიც ორსულობას გეგმავს, 2 თვით ადრე მიიღოს ფოლიუმის მჟავა და გააგრძელოს მიღება ორსულობის 12 კვირის ჩათვლით.

თუ ქალს უკვე ჰყავს ნერვული ღეროს დეფექტის მქონე შვილი, შედარებით მაღალია რისკი ასეთი პათოლოგია მომდევნო შვილთანაც განვითარდეს.

ასეთ შემთხვევაში ფოლიუმის მჟავას დოზას მკურნალი ექიმი განსაზღვრავს.

არაერთი კვლევა ადასტურებს, რომ ნერვული ღეროს დეფექტების განვითარების რისკს ფოლიუმის მჟავა 70 პროცენტით ამცირებს.

CDC: თუ ქალს აქვს საკმარისი ფოლიუმის მჟავა სხეულში, სულ მცირე, ორსულობამდე ერთი თვით ადრე და ორსულობის დროს, ეს ხელს შეუწყობს თავიდან აგვაცილოს [ნაყოფის] განვითარებადი ტვინისა და ხერხემლის სერიოზული თანდაყოლილი დეფექტები – ანენცეფალია და სპინა ბიფიდა. 

  • მომავალი დედის რა დაავადებები არის განსაკუთრებით საყურადღებო?

ორსულობა ჯანსაღი ფიზიოლოგიური პროცესია, რომლის დროსაც ქალის ორგანიზმი მნიშვნელოვანი ცვლილებებს განიცდის. თუ მომავალ დედას ენდოკრინული პრობლემები – ჩიყვი, დიაბეტი, ასევე სიმსუქნე აქვს, ხშირად ვაწყდებით პრობლემებს ორსულობის დროს.

ჭარბი წონა ზოგადად და ორსულობის დროსაც პრობლემაა. პირველ რიგში, ორსულმა კალორაჟის თვალსაზრისით უნდა იკვებოს, არ უნდა დაივიწყოს, რომ რასაც ის მიირთმევს, ნაყოფის განვითარებაზე მოახდენს გავლენას. უმჯობესია ორსულმა საკვები ხშირად და მცირე ულუფებით მიიღოს.

პრობლემურია ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება – ჰიპოთირეოზი, მის ფონზე მიმდინარე ორსულობისას ხშირია ისეთი გართულებები, როგორიცაა სპონტანური აბორტი, არტერიული ჰიპერტენზია, ნაყოფის ზრდა-განვითარების შეფერხება, მანკები. მნიშვნელოვანია ამ მხრივ ორსულობის პირველი ტრიმესტრი. დედის მიერ არ ჩატარებული მკურნალობა ასეთ დროს შეიძლება მიზეზი გახდეს იმისა, რომ მომავალში ბავშვს ჰქონდეს სწავლასთან დაკავშირებული პრობლემები და დაბალი IQ. 

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთან მუშაობს ფარისებრი ჯირკვლის სკრინინგპროგრამა, რომელიც აჭარის მოსახლეობისთვის უფასოა. პროგრამის ფარგლებში ხორციელდება ორსულობის დროს TSH-ის, FT4-ის, ფარისებრი ჯირკვლის კვლევა და აუცილებლად ენდოკრინოლოგის კონსულტაცია.

რაც შეეხება დიაბეტს ორსულობისას, ვხვდებით ორი ტიპის დიაბეტს – გესტაციურს და პრეგესტაციურს. პირველი ორსულობისას გამოვლინდება, მეორე – როცა ქალს დაორსულებამდე ჰქონდა დიაბეტი.

როდესაც ქალს შაქრიანი დიაბეტი აქვს, მან ორსულობა აუცილებლად უნდა დაგეგმოს და საგანგებოდ მოემზადოს. სწორი და მართებული მიდგომა ამ დროს საგრძნობლად ამცირებს გართულებებს. ყველაზე არასასურველი გართულებებია დიდი ზომის ნაყოფი (მაკროსომია), მკვდრადშობადობა, ნაადრევი მშობიარობა. ასეთი ორსული იმყოფება ასევე ენდოკრინოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ.

  • რა ძირითადი გამოკვლევები არის რეკომენდებული ორსულობამდე? რისი დეფიციტი და მეტობა შეიძლება იყოს ნაყოფისთვის საზიანო?

ორსულობის მოსამზადებლად აუცილებელია მეან-გინეკოლოგთან ვიზიტი, განსაკუთრებით, თუ ქალის ასაკი 35 წელს აღემატება, რადგან ასეთ დროს მეტია სხვადასხვა პათოლოგიის რისკი.

მნიშვნელოვანია, აქვს თუ არა ქალს ჩატარებული ვაქცინები (ჩუტყვავილა, წითელა). საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია აიცრას;  აქვს თუ არა ქრონიკული დაავადებები ანამნეზში; საჭიროა სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებზე სკრინინგი.

  • სხვა რა რეკომენდაციები არსებობს ამ მხრივ?

რეკომენდებულია მავნე ჩვევებისგან გათავისუფლება (ალკოჰოლი, თამბაქო, ნარკოტიკული საშუალებები); ასევე საჭიროა რეგულარული ფიზიკური აქტივობა, სტრესული ფაქტორების მაქსიმალურად შემცირება და ფოლიუმის მჟავას ყოველდღიური მიღება.

————————————

აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის რეკომენდაციები ბავშვებში თანდაყოლილი დეფექტების თავიდან ასაცილებლად:

  • მოერიდეთ ალკოჰოლს ორსულობის ნებისმიერ დროს. ალკოჰოლი ქალის სისხლიდან განვითარებად ბავშვზე გადადის ჭიპის მეშვეობით. ამ დროს ყველა სახის ალკოჰოლი ერთნაირად საზიანოა, მათ შორის, ღვინო და ლუდი.
  • ორსულობის დროს ალკოჰოლის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სპონტანური აბორტი, მკვდრადშობადობა და მთელი სიცოცხლის განმავლობაში ფიზიკური, ქცევითი და ინტელექტუალური შეზღუდვები. ქალებისთვის საუკეთესო რჩევაა, დაორსულების მცდელობისას ალკოჰოლის მიღების შეწყვეტა.
  • მოერიდეთ სიგარეტის მოწევას. ორსულობის დროს მოწევა  მოიცავს ნაადრევი მშობიარობის საშიშროებას, ასევე გარკვეულ თანდაყოლილ დეფექტებს (ტუჩის ნაპრალი ან სასის ნაპრალი). თამბაქოს კვამლის არეში ყოფნაც კი აყენებს ქალს და მის ორსულობას პრობლემების საფრთხის წინაშე. დაორსულებამდე მოწევის შეწყვეტა საუკეთესოა. ორსულმა ქალმა მოწევისთვის რაც შეიძლება ადრე თავის დანებებით შეუძლია დაიცვას ბავშვი ჯანმრთელობის ზოგიერთი პრობლემისგან, მაგალითად, როგორიცაა ნაკლები წონა დაბადებისას.
  • მოერიდეთ მარიხუანას და სხვა ნარკოტიკებს. ორსულობის დროს  მარიხუანას ან სხვა ნარკოტიკების მოხმარების გამო ბავშვი შეიძლება დაიბადოს ნაადრევად, მცირე წონით ან ჰქონდეს ჯანმრთელობის სხვა პრობლემები, როგორიცაა თანდაყოლილი დეფექტები. ვინაიდან ჩვენ არ ვიცით ორსულობის დროს მარიხუანას მოხმარების უსაფრთხო დოზის შესახებ, ქალებმა, რომლებიც არიან ორსულად ან აპირებენ დაორსულებას, არ უნდა გამოიყენონ მარიხუანა.
  • თავიდან აიცილეთ ინფექციები. ზოგიერთი ინფექცია, რომელიც ქალმა შეიძლება მიიღოს ორსულობის დროს, შეიძლება საზიანო იყოს განვითარებადი ბავშვისთვის და შეიძლება გამოიწვიოს დაბადების დეფექტებიც კი.
  • მოერიდეთ გადახურებას და დროულად უმკურნალეთ ცხელებას. ორსულობის დროს თავიდან უნდა იქნას აცილებული გადახურება. გადახურება შეიძლება გამოწვეული იყოს ცხელებით ან მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებით (როგორიცაა ცხელ აბაზანაში მოხვედრა), რაც ზრდის სხეულის ძირითად ტემპერატურას. გადახურებამ შეიძლება გაზარდოს გარკვეული თანდაყოლილი დეფექტების [გულის თანდაყოლილი დაავადებები] მქონე ბავშვის გაჩენის შანსები.

ერთხელ მანქანაც დამეჯახა, მაგრამ გადავრჩი – 94 წლის ექთანი ბათუმიდან

„მუდამ შრომაში ვარ. სახლში შრომა, სამსახურში შრომა, ვისაც უჭირს, მუდამ მის გვერდით ვარ. მუხლის ჩახრა არ მიყვარს. უნდა ვიდგე და უნდა ვაკეთო კარგი საქმე,“ – ასე იწყებს 94 წლის ნაზი ანაკიძე საკუთარ თავსა და საქმიანობაზე საუბარს.

ნაზი ექთანს სამედიცინო ცენტრ „სანიტასში“ შევხვდით. მისთვის ჩვეულებრივი სამუშაო დღე იყო, დილიდან დატვირთული.

„ექიმობაზე ვოცნებობდი, მინდოდა თერაპევტი გამოვსულიყავი, მაგრამ დავქორწინდი და სწავლის გაგრძელება ვეღარ შევძელი,“ – გვეუბნება და საკუთარი ისტორიის მოყოლას გასული საუკუნის 40-იანი წლებიდან იწყებს.

1929 წელს აბაშაში, სოფელ მარანში დაიბადა. მეშვიდე კლასამდე იქ ცხოვრობდა. მისი ოჯახი ბათუმში საცხოვრებლად მეორე მსოფლიო ომის დროს, 1944 წელს გადმოვიდა. რკინიგზის სკოლა დაამთავრა და 1946 წელს საფერშლო-სამედიცინო ტექნიკუმში დაიწყო სწავლა.

„ჩემი ერთადერთი ოცნება იყო, რომ უმაღლესი დამემთავრებინა. მე ბიზნესის კეთება ან რამე მსგავსი არასდროს მაინტერესებდა. ისეთი პერიოდიდან მოვდივარ, რომ ჩვენ კმაყოფილი ვიყავით ხელფასით და ჩვენი ცხოვრებით.

ბავშვობიდან ექიმობაზე ვოცნებობდი. სამედიცინო ტექნიკუმის დამთავრება დაწყებით საფეხურად მინდოდა, რომ მერე სამედიცინოზე სწავლა შემძლებოდა. მაგრამ დავქორწინდი და ვეღარ შევძელი სწავლის გაგრძელება,“ – გვიყვება ნაზი ანაკიძე.

მეც მიკვირს, როგორ ვმუშაობ დღემდე - 94 წლის ექთანი ბათუმიდან

მისი კარიერა ქედაში, რაიონულ საავადმყოფოში დაიწყო.

„დიდად კი არ მინდოდა, მაგრამ მაშინ რაიონში განაწილებდნენ და ვალდებული იყავი, ორი წელი გემუშავა“, – ამბობს ნაზი.

მოგვიანებით ბათუმში დაბრუნდა და 50-ზე მეტი წელი ექთნად მუშაობდა კანისა და ვენერული დაავადებების დისპანსერში.

„პენსიაზე როცა გავედი, მაშინაც კი არ მიფიქრია სამსახურისთვის თავის დანებება. ვფიქრობ, ცოტა ზარმაცი უნდა იყო, რომ სახლში ჯდომა მოგინდეს. თან ძნელია ისე ცხოვრება.

94 წლის ვარ და მეც მიკვირს, როგორ ვმუშაობ დღემდე. რა თქმა უნდა, ცოტა ძნელია, მაგრამ პირობები არ იძლევა იმას, რომ მარტო პენსიაზე იყო.

ახლა ბეჟან იაკობაძის კლინიკაში ვმუშაობ. შვილივით მიდგას გვერდში. შვილს რაც უნდა ეკეთებინა, ის მიკეთებს და მეხმარება. ვჭირდები ბატონ ბეჟანს, თორემ ახლა მე სახლში უნდა ვიყო,“ – ამბობს ნაზი.

„ერთი შვილი მყავდა. ცოტა რთული პერიოდი იყო მაშინ, თავს იკავებდნენ მეორე შვილის გაჩენისგან. აი, ამ პერიოდში მოვყევი მე და აღარ გავაჩინე მეორე შვილი.

მინდოდა, ჩემი ერთადერთი შვილი ყოფილიყო ნასწავლი და პატიოსანი. პატიოსნება ეს პირველი იყო ჩვენი ოჯახისთვის და სწავლა. ნასწავლი ადამიანები სხვანაირი კეთილები არიან, რომ იცოდეთ.

ადამიანისთვის მთავარია ცოდნა და პატიოსნება. კიდევ ქვეყანა უნდა უყვარდეს. ადამიანს თავისი ქვეყანა თუ არ უყვარს, ეს ძალიან ძნელია. უნდა გიყვარდეს შენ სადაც დაიბადე, გაიზარდე და ცხოვრობ.

შვილისთვის არაფერი დამიკლია. პოლიტექნიკური უნივერსიტეტი დაამთავრა თბილისში, მაგრამ დღეს აღარ მყავს. 62 წლის იყო, როდესაც გარდაიცვალა.

ჩემი მეუღლე, ზურაბ კაკაბაძე იყო კინო „თბილისის“ დირექტორი.

1982 წელს დაიღუპა. ახალგაზრდა წავიდა.

ასე, რომ ჩემი ცხოვრება დამთავრებულია უკვე, რომ არ ვმუშაობდე. ჩემთვის სამსახური არის მაცოცხლებელი. მუშაობა მიყვარს ძალიან.

თავისუფალ დროს არაფრით არ მოვინდომებ ჯდომას და დასვენებას. არ შემიძლია, უსაქმოდ არ შემიძლია.

მარტო დარჩენა ძალიან ძნელია, ძალიან ძნელი. შვილიშვილთან ვცხოვრობ და შვილთაშვილსაც მოვესწარი,“ – გვიყვება ნაზი.

ამბობს, რომ როდესაც ქმარი გარდაეცვალა, ცხოვრების ხალისი წაერთვა. ამიტომ მთელი ძალა და ენერგია თავის სამსახურში ჩადო.

„თავიდან ძალიან გამიჭირდა. მერე მთლიანად მუშაობაზე გადავერთე. ძალიან ჭკვიან ექიმებთან ვმუშაობდი, შესანიშნავ ექიმებთან.

თან ადამიანები მიყვარს. მიყვარს ადამიანი, ვინც არ უნდა იყოს ის,“ – ამბობს ნაზი ანაკიძე.

ადამიანებისა და საქმის სიყვარულია ალბათ, რაც ყოველ დილით სამსახურში მოსვლის ძალას მაძლევსო, იმასაც ამბობს.

„დიდი მომთხოვნი ადამიანი არ ვიყავი არც ახალგაზრდობაში და არც ახლა. გაჭირვებასაც ვეგუები, მაგრამ ეს მაღალი სახლები რომაა, ეს მანერვიულებს. მიწისძვრა რომ იყოს, ისეთივე კატასტროფა შეიძლება მოხდეს, როგორც თურქეთში.

ბათუმი იმ დროიდან მახსოვს, როცა იტალიურ ეზოებში ჯერ კიდევ ცისტერნებით შემოდიოდნენ და კანალიზაციას ისე ცლიდნენ.

მშვიდი და წყნარი ქალაქი იყო ყოველთვის. მიხაროდა აქ ცხოვრება.

ახლა ქუჩაში ვერ გაივლი. ადამიანებზე მეტი მანქანაა. ასაკოვანი ადამიანისთვის რთულია ამ ქალაქში მოძრაობა. ერთხელ მანქანაც დამეჯახა, მაგრამ გადავრჩი. რაც არ მომწონს ბათუმში, ეს მშენებლობებია. საშინელებაა. არ უნდა ყოფილიყო ამსიმაღლე სახლები“.

Exit mobile version