მთავარი,სიახლეები

„არ ინერვიულოთ თქვენ, კუნძული აშენდება“ – ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ოპოზიციას

27.11.2023
„არ ინერვიულოთ თქვენ, კუნძული აშენდება“ – ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ოპოზიციას

„კუნძული აშენდება, მაგაზე არ ინერვიულოთ თქვენ.“ – უპასუხა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ, რამაზ ჯინჭარაძემ საკრებულოს წევრს ოპოზიციიდან, თეკლა კავაზაშვილს, მას შემდეგ, რაც მან შტორმით გამოწვეულ პრობლემებზე, განსაკუთრებით კი სარფის სანაპიროს დაზიანებაზე გაამახვილა ყურადღება.

„ვნახოთ.“ – ასეთი იყო თეკლა კავაზაშვილის პასუხის პასუხი. მანამდე მან სარფის სანაპიროზე შტორმის შედეგად დაზიანებულ ინფრასტრუქტურაზე ისაუბრა.

თეკლა კავაზაშვილის ინფორმაციით, სარფში ზღვასთან ახლოს, მშენებარე კორპუსის მეორე სართულამდე აღწევს ტალღა, თან დიდი ზომის ქვებს ისვრის.

„დაწყებული სარფის სანაპიროდან ახალი ბულვარის ჩათვლით გზის პირას, მთელი ინფრასტრუქტურა მოშლილია. ასვე  კვარიათის ბოლოს შენდება კორპუსი, რომელზეც ნებართვა გაცემულია. ახლა როცა შტორმია იქ მეორე სართულამდე აღწევს ტალღა. მაინტერესებს, როდესაც გავცემთ ამ ნებართვებს, რატომ არ ვითვალისწინებთ, რომ ეს არის ბუნება, რომელიც ყოველთვის წაიღებს თავისას. როგორ შეიძლება ავაშენოთ კორპუსი ზღვაში, როცა ვიცით, რომ შტორმის დროს ზღვა საფრთხეს შეუქმნის იქ მაცხოვრებლებს. თუ არ გჯერათ, შეგიძლიათ გახვიდეთ და ნახოთ, საშინელი მდგომარეობაა. და გვინდა კუნძული ავაშენოთ, რა ვიცი მისახედი ამბავია“, – განაცხადა თეკლა კავაზაშვილმა სხდომაზე.

თეკლა კავაზაშვილი საუბრობდა სასტუმრო „პანორამა კვარიათის“ მიმდებარედ დაწყებულ მშენებლობაზე, სადაც მშენებლობის დასაწყებად ტერიტორია გათხარეს. ნაკვეთის ზედა ნაწილში სატრანსპორტო გზა გადის.

ზედხედი

იგივე ადგილი შტორმის დროს

ადგილზე გამოკრული ბანერის მიხედვით, მშენებლობის დამკვეთი შპს „ახალი ჯგუფია“, მშენებელი კი – „ანაგი“. აქ მშენებლობის ნებართვა ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა გასულ წელს გასცა.

რენდერის მიხედვით, სასტუმრო 6-სართულიანი იქნება. სამშენებლო მიწის ნაკვეთი 1272 კვ მეტრია.

საინფორმაციო დაფა

სარფის სანაპიროს თითქმის მთელი პერიმეტრი და იქ არსებული ინფრასტრუქტურა შტორმაა დააზიანა, ლოდები კი საავტომობილო გზებზეც დატოვა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: