მთავარი,სიახლეები

ქალი ხულოდან, რომელიც სოკოს მოყვანას გეგმავს – „მიყვარს ბრძოლა“

28.11.2023 • 2295
ქალი ხულოდან, რომელიც სოკოს მოყვანას გეგმავს – „მიყვარს ბრძოლა“

დღეს 43 წლის გულნარა ლაბაძეზე გიყვებით. ის ხულოს სოფელ უჩხოში ცხოვრობს. გულნარას შვილები თბილისსა და ბათუმში ცხოვრობენ, მან კი სოფელში დარჩენა ამჯობინა და მარტო ცხოვრობს.

ქალის თქმით, ხულოს მკაცრი ზამთრის პირობებში მარტო ცხოვრება ძალიან რთულია.

„ხშირად ვგრძნობ დაღლას, მაგრამ არ მინდა, რომ ამას შევეგუო. 43 წლის ვარ. რა დროს დაღლაა ჯერ?“ – ამბობს გულნარა.

გულნარა სულ მალე კალმახა სოკოს სათბურს მოაწყობს უჩხოში, რაზეც წლებია ოცნებობდა და აქამდე ვერ მოახერხა, რადგან არ ჰქონდა შესაბამისი სივრცე: „ხის სახლი მაქვს და ეს სივრცე არ გამოდგებოდა სოკოს ტომრების განსათავსებლად, რადგან მათ ტენიანობა სჭირდებათ“.

„ახლა სარდაფი მაქვს აშენებული, სადაც შესაძლებელია სოკოს ტომრების განთავსება და ჩემი იდეის განხორციელება. ვიწყებ რესურსების შემოკრებას და სადღაც იანვრის ბოლოს, თებერვლის პირველ ნახევარში უნდა მქონდეს მზა სოკო სარეალიზაციოდ.

კალმახა სოკოსა და შამპინიონის წარმოებას ვაპირებ. ძირითადად მაინც კალმახა სოკო მექნება“, – გვიყვება გულნარა.

გულნარამ ხულოს ქალთა ოთახის პროექტის ფარგლებში 4800 ლარის დაფინანსებაც მიიღო, რითაც სოკოს 100 ტომრის შეძენას გეგმავს. მას ზუსტად აქვს გათვლილი ყველა ნაბიჯი.

სოკოს წარმოებაზე გულნარამ ბევრი არაფერი იცოდა, მხოლოდ სოკოს ტყეში დაკრეფის, დაკონსერვებისა და გაყიდვის გამოცდილება ჰქონდა. ინტერნეტში ხვდებოდა ხოლმე სახლში წარმოებული სოკოს შესახებ ინფორმაცია, რითაც ძალიან დაინტერესდა და ახლა უკვე თვითონ იქნება მწარმოებელი.

„მარტოხელა ქალი ვარ და სოფლის პირობებში ვცხოვრობ. შეშაც უნდა მოვიკრიბო, მოსავალიც უნდა დავაბინაო… ამიტომ მალევე ვერ დავიწყე სოკოს საკითხებზე ზრუნვა. თან მასწავლებელი ვარ და ხულოს კოლეჯშიც ვმუშაობ.

მალე ვიყიდი და დავამონტაჟებ ყველა საჭირო ინვენტარს. ამ საქმეში გამოცდილ ადამიანებთან გავიარე ონლაინკონსულტაცია, მქონდა სატელეფონო საუბარიც და თეორიულად ბევრი რამ ვიცი უკვე. ისიც ზუსტად ვიცი, თუ რა მინდა. პირველ ეტაპზე სოკოს ტომრების განთავსება ჩემთვის პრაქტიკული გამოცდილება იქნება.

ზამთრის პერიოდი დამემთხვა და შეიძლება რაღაცები ისე ვერ წავიდეს, როგორც ვგეგმავ, მაგრამ როცა პირველ ეტაპს გავივლი, რასაც გამოცდის ეტაპს ვეძახი და რომელიც აუცილებლად უნდა ჩავაბარო, შემდეგ დავასაქმებ ჩემს 2 მეზობელსაც“.

გულნარამ ზუსტად იცის, სად უნდა შეიძინოს სოკოს წარმოებისთვის საჭირო ტომრები.

„საწყის ეტაპზე 100 მზა ტომარას განვათავსებ ეტაპობრივად, რომ თანდათან დავკრიფო სოკოც. ჩემი რეალიზების არეალი ხულოს მუნიციპალიტეტი და ადგილობრივები იქნებიან. იმ შემთხვევაში, თუ სოკოს რეალიზება ცოცხალი სახით ვერ შევძელი, დავაკონსერვებ. ამ შემთხვევაში შევძლებ ბათუმში და სხვა მუნიციპალიტეტებში მის რეალიზებას.

საკმაოდ რთული საქმეა, ადგილზე წარმოება სულ სხვა ძალისხმევას მოითხოვს. მეშინია ცოტა, მაგრამ თან პრინციპულად მინდა, რომ ბოლომდე მივყვე ჩემს დასახულ მიზანს და სოკო გავიტანო ადგილობრივ ბაზარზე“, – გვეუბნება გულნარა.

ქალი გაზაფხულზე ჟოლოს ბაღის გაშენებასაც აპირებს, 200-300 ძირი მინდა დავრგოო – ამბობს.

გულნარას 3 შვილი ჰყავს, ისინი თბილისსა და ბათუმში ცხოვრობენ, მისი ქმარი სამი წლის წინ გარდაიცვალა. ქალის თქმით, თავად ვერ აუწყო ქალაქში ცხოვრებას ფეხი და სოფელში დარჩენა ამჯობინა.

„ჩემს სოფელში ძალიან კარგი ხალხი ცხოვრობს და აქაური ბუნებაც მიყვარს, თუმცა გასულ წელს იმდენად მკაცრი ზამთარი იყო… თვითონ ვებრძოდი ამ ყველაფერს. გასულ წელს პირუტყვიც მყავდა. მე ვაკეთებდი ყველაფერს, სახურავის გადმოთოვლა იყო ეს თუ რამე სხვა.

შეშა შეკვეთით მოვატანინე. ზოგი შვილებმა, ზოგი მეზობლის ბიჭებმა დამიხერხეს, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ დაასრულეს და მე დავასრულე ეს საქმე.

წელს გავყიდე პირუტყვი. სოფლის მეურნეობას აქამდეც ვეწეოდი. სარეალიზაციო კარტოფილი, სიმინდი, ლობიო მომყავს“.

ჩვენთან საუბრისას გულნარა ახალგაზრდობის წლებსაც იხსენებს.

„17 წლის ვიყავი, როცა დავქორწინდი. ეს საკუთარი ნებით არ ყოფილა. მაშინ მოტაცება იყო. ასე შეიქმნა ჩემი ოჯახი, თორემ მე სწავლა მინდოდა, სამართალზე მინდოდა ჩამებარებინა. სულაც არ მინდოდა პედაგოგიური, მაგრამ 90-იანების ბნელი პერიოდი დამემთხვა სტუდენტობისას, როცა ბევრ ახალგაზრდას არ დაუფასდა შრომა და ნიჭი.

დაქორწინებიდან მალევე შემეძინა შვილები. მათ ყურადღება სჭირდებოდათ და არავინ მყავდა დამხმარე. ვერც ქმარი მეხმარებოდა შვილების გაზრდაში ისე, როგორც საჭირო იყო.

ხულოში ანდრია პირველწოდებულის სახელობის კოლეჯი დავამთავრე, დაწყებითების სპეციალობით. მწარედ მახსოვს, რომ უნივერსიტეტში უფულობის გამო ვერ ჩავირიცხე. ცოდნას არავინ უყურებდა, მთავარი  იყო ფული.

ბევრი ვიბრძოლე. მიყვარს ბრძოლა. 

კოლეჯმა ვერ მომცა საფუძვლიანი ცოდნა, ჩემით ვცდილობდი მის შევსებას. დღესაც კი, ყველა საინტერესო ტრენინგს თუ სხვა სახის შემეცნებით შეხვედრას ვესწრები ცოდნის გასაღრმავებლად.

კომპიუტერული უნარები რომ შევისწავლე, სამი შვილი მყავდა და 2 სკოლაში ვმუშაობდი. 5 კილომეტრის დაშორებით იყო მეორე სკოლა. იქაც რომ დავასრულებდი გაკვეთილების ჩატარებას, შემდეგ დაბა ხულოში გავრბოდი ლექციების მოსასმენად.

მიხარია, რომ ეს გავაკეთე, თუმცა ძალიან დიდი მსხვერპლიც გავიღე. ჯანმრთელობაზეც დამეტყო. ამხელა თოვლი. ბევრჯერ გავცივებულვარ გზაში.

სტიმულს ის მაძლევს, რომ შვილები მყავს და მინდა მათ ძლიერი დედა ჰყავდეთ, მიუხედავად იმისა, რომ დიაბეტი მაქვს. არ მინდა, რომ ამ დაავადებამ დამიმორჩილოს, მინდა,  მე დავიმორჩილო ის.

მინდა, აქტიური ვიყო. შვილების გაზრდის პერიოდში ბევრ რამეს ჩამოვრჩი. ყველაფერს მე ვაგვარებდი, ყველა საქმე ჩემი გასაკეთებელი იყო, შემოტანაც და გატანაც.

მართალია, ქმარი მყავდა მაშინ, მაგრამ ის სხვა საკითხებში იყო ჩართული. რა დროც დავკარგე ამ ყველაფერში და ჩემი ნიჭი, შემართება ვერ დავხარჯე, მინდა, რომ ახლა გამოვიყენო და ვიყო ერთ-ერთი წარმატებული ქალი“, – მეუბნება გულნარა და დასძენს, რომ ნებისმიერი სახის პირადი შემოსავალი ქალისთვის უმნიშვნელოვანესია და არ აქვს მნიშვნელობა, ის სოფელში ცხოვრობს თუ ქალაქში.

„ქალებს არავინ უშლით დასაქმებას ხულოში, მაგრამ სად უნდა დასაქმდნენ?! საკმარისი დასაქმების ადგილების შექმნაა საჭირო“ – ამბობს გულნარა.

მისი თქმით, ხულოში მცხოვრები ქალების უმრავლესობამ ვერ შეძლო განათლების მიღება ნაადრევი ქორწინებისა და სხვა მიზეზების გამო, რის გამოც ისინი პირადი შემოსავლის გარეშე დარჩნენ.

„ძალიან განვიცდი მათ ამბავს და ვგულშემატკივრობ ასეთ ქალებს, რადგან ქალისთვის საკუთარი შემოსავლის ქონა ძალიან ბევრს ნიშნავს. მინდა ვუთხრა ქალებს, ნუ დაკმაყოფილდებიან დღევანდელით და ყოველთვის იყვნენ მომავლის მხარეს.

არ უნდა მოვდუნდეთ ქალები, მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ დრო, ვიბრძოლოთ, რადგან ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და მნიშვნელობა.

ჩემს გოგო შვილსაც სულ იმას ვეუბნები, რომ პირადი შემოსავალი გაიჩინოს ჯერ და შემდეგ შექმნას ოჯახი. შესაძლოა ისეთი ქმარი გყავდეს, რომ ყველაფრით უზრუნველყოფილი იყო, მაგრამ საკუთარი შემოსავალი მნიშვნელოვანია, სოფელში – განსაკუთრებით“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: