განათლება,მთავარი,სიახლეები

„ასწიეთ ხელი, ვის გწამთ ღმერთის?“ – რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია სკოლებში

27.11.2023 • 6037
„ასწიეთ ხელი, ვის გწამთ ღმერთის?“ – რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია სკოლებში

„იმ ქართველებს, რომლებიც მართლმადიდებლობის გარდა სხვა აღმსარებლობას ირჩევენ, გამოლაყებული აქვთ ტვინი. ასე გვეუბნება ხოლმე ჩვენი ქართულის მასწავლებელი.

წელს ხშირად ვეხებით რელიგიურ თემებს, რადგან ჰაგიოგრაფიას გავდივართ და „აბო“, „შუშანიკი“ – სულ ასეთ გმირებზე გვიწევს საუბარი“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ბათუმის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მეათეკლასელი ელენე (სახელი შეცვლილია).

არაოფიციალურ საუბრებში ცალკეული მასწავლებლები საჯარო სკოლებში რელიგიური ნიშნით მოსწავლეების მიმართ დისკრიმინაციის შემცირებაზე საუბრობენ, თუმცა      მოსწავლეების ნაწილს ჯერ კიდევ უწევთ პედაგოგების მხრიდან იმის მოსმენა, რომ თურმე „მუსლიმები არ არიან ქართველები“ და, რომ „ქართველობის“ საზომი ასეთი პედაგოგებისთვის მხოლოდ მართლმადიდებლობაა.

„როცა ვცდილობთ საპირისპირო აზრის გამოთქმას, ბრაზდება და უხეშად გვაწყვეტინებს. „შენ საიდან იცი გოგო?“, – ასე მომმართავს ხოლმე“, – ამბობს ნატა. ისიც უფროსკლასელია.

არც ნატა და არც ნინი არ არიან მუსლიმები, თუმცა ამბობენ, რომ ხშირად მასწავლებლის გამონათქვამები იმდენად უხეშია თუნდაც მუსლიმების მისამართით, რომ მათში პროტესტს და დისკომფორტს იწვევს.

„მე ძალიან მაწუხებს ასეთი დამოკიდებულება, რადგან 4-5 მუსლიმი თანაკლასელი მყავს და ისინიც ისმენენ ამ ყველაფერს.

მაწუხებს, რადგან მასწავლებელს ხომ აქვს კლასში გარკვეული ავტორიტეტი, გავლენა, მეც ვუსმენ, მეც მაინტერესებს, რას ამბობს მასწავლებელი, ამიტომ თუ ასეთი დისკრიმინაციული ენით ისაუბრებს ის განსხვავებული რელიგიის ბავშვებზე, სხვებსაც იგივე დამოკიდებულება გაუჩნდებათ და შემდეგ ეს ბავშვებიც ასეთი დამოკიდებულებით გაზრდიან თავიანთ შვილებს“, – გვეუბნება ელენე.

ნატა (სახელი შეცვლია), უფრო მძიმე გამონათქვამებსაც იხსენებს, რომელიც ასევე ქართულის მასწავლებელს უკავშირდება.

„კიდევ ასეთი რაღაც გვითხრა, რომ მუსლიმს და ქრისტიანს არ შეიძლება შვილი ჰყავდეთ, ეს არ არის კანონიერი და ჩემთვის მისაღებიო.

შევეკამათე, ასე რატომ ფიქრობთ-მეთქი, იწყებს თავის მართლებას და შემდეგ ამ კამათში გადის გაკვეთილის დრო“, – ამბობს ნატა.

თუმცა მოსწავლეები გვიყვებიან, რომ პედაგოგი, რომელიც „ისტორიული კონტექსტით“ ცდილობს გაამართლოს თავისი დამოკიდებულება, არასდროს ესაუბრება იმ გამოჩენილ ქართველებზე, რომლებსაც განსხვავებული მრწამსი ჰქონდათ, თუმცა დიდი წვლილი შეიტანეს ამ ქვეყნის განვითარებაში.

მაგალითად, ცნობილი კომპოზიტორი ზაქარია ფალიაშვილი, მეწარმე ძმები – ზუბალაშვილები, რომლებმაც ბათუმის ღვთისმშობლის ტაძარი ააგეს, ცნობილი საზოგადო მოღვაწე, მიხეილ თამარაშვილი, რომ კათოლიკეები იყვნენ, ამის შესახებ მასწავლებელს ბავშვებთან არასდროს უსაუბრია.

„არ გვსმენია ამის შესახებ“ – გვეუბნებიან მოსწავლეები.

რელიგიური ნიშნით ბავშვების დისკრიმინაციის გარდა, მოსწავლეები გენდერული ნიშნით დისკრიმინაციაზეც საუბრობენ.

„ათ მცნებაზე ვსაუბრობდით ერთხელ და ასეთი ლაპარაკი წამოიწყო, რომ გაშიშვლებულები დადიან ეს ქალები და მერე, როცა აუპატიურებენ კაცები, უკვირთ ძალადობაო.

ან თმას რომ იღებავენ და ათას რამეს ირჭობენ სახეზე, ამას ნამდვილი ქრისტიანი ქალი არ იზამსო. შემდეგ გამოიხედავდა ჩემკენ და დააყოლებდა, – „ელენე, შენ თავზე არ მიიღო“, რადგან მე თმას შეღებილი მაქვს და ალბათ ამიტომ.

მისი თქმით, ქართულის მასწავლებელი კლასში უკონტექსტო კითხვებსაც სვამდა.

„მაგალითად, ერთხელ თქვა, აბა, ასწიეთ ხელი, ვის გწამთ ღმერთის“. მე არ ავწიე და მას შემდეგ ძალიან უცნაურად მიყურებდა ხოლმე – რომელ მშობელს უნდა ათეისტი, ან აგნოსტიკოსი შვილიო და დაიწყებდა, რელიგია უნდა ისწავლებოდეს სკოლაშიო. მერე კი დაამატებდა, გამოლაყებული აქვთ ტვინი იმ ქართველებს, ვინც სხვა გზას ირჩევსო.

მე ბავშვობაში მომნათლეს მშობლებმა და ბევრი ბავშვია ასე, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ყველა მორწმუნეა? შეიძლება ბავშვს არ ჰქონდეს ჯერ კარგად გააზრებული შეხედულებები რომელიმე აღმსარებლობაზე, ან ათეისტი შეიძლება იყოს და ამიტომ უნდა გალანძღოს მასწავლებელმა?“ – გვეუბნება ელენე.

მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ არაფერი იცოდნენ, თუ განსხვავებული მრწამსის მოქალაქეები არ ისვენებდნენ მათთვის მნიშვნელოვან დღესასწაულებზე.

„ჩვენ გვეგონა, რომ ისვენებდნენ მუსლიმები ბაირამზე და არ ისვენებენ“, – გვეუბნებიან ბავშვები.

მაგალითად,    12 წლის მართას (სახელი შეცვლილია. ის მისი მშობლების ნებართვით ჩავწერეთ), რომლის ოჯახიც ქრისტესშობას 25 დეკემბერს აღნიშნავს, სურს, რომ განსხვავებული აღმსარებლობის ბავშვებსაც შეეძლოთ მათთვის მნიშვნელოვანი დღესასწაულების აღნიშვნა.

მან თავისი სკოლის ადმინისტრაციას წინადადება შესთავაზა, თუმცა უარი მიიღო.

„გადავწყვიტე გამეკეთებინა პროექტი რელიგიური მრავალფეროვნების დასაცავად და რადგან ბავშვები მხოლოდ მართლმადიდებლურ დღესასწაულებზე ვისვენებთ, მინდოდა, რომ სხვა რელიგიის აღმსარებელ ბავშვებსაც შეგვძლებოდა დასვენება და ვთხოვდით სკოლის ადმინისტრაციას, რომ არ დაეწერათ ჩვენთვის „არა“.

ჩავატარე გამოკითხვა სკოლაში, რადგან ბევრი ბავშვი გვყავს სხვა აღმსარებლობის, მაგრამ სამწუხაროდ, არ გამოგვივიდა. არ გაითვალისწინეს ჩვენი თხოვნა და უფრო მეტიც, საპატიო „არა“ საერთოდ გააუქმეს“, – გვეუბნება მართა, რომელიც  ბათუმის ერთ-ერთ კერძო სკოლაში სწავლობს.

მისი თქმით, სხვა მხრივ, მასწავლებლების მხრიდან რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია არ უგრძნია სკოლაში, „ერთადერთი, როცა რაღაც რელიგიური შინაარსის კითხვას სვამ, მასწავლებლები გპასუხობენ მათი თვალთახედვიდან და არა, ვთქვათ, მეცნიერული თვალსაზრისიდან.

ბიბლიურ მაგალითებზე თუ ვსაუბრობთ, მათი რელიგიური თვალსაზრისიდან გეუბნებიან პასუხს და არ ამბობენ, რომ ეს მათი რელიგიური წარმოდგენაა და არა ზოგადი ფაქტი“, – ამბობს მართა.

ილუსტრაცია ვიდეორგოლიდან/TDI

სკოლაში არსებულ მდგომარეობაზე თავის გამოცდილებას გვიზიარებს ჯაბა ბერიძეც. ის ახლა სტუდენტია და სკოლა ორი წლის წინ დაასრულა.   

ჯაბა ბათუმის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში სწავლობდა და რელიგიურ საკითხზე ჰქონია დისკუსია და ხშირად კამათიც მასწავლებლებთან.

„როცა მასწავლებელი რელიგიაზე საუბარს იწყებდა, ყოველთვის აღნიშნავდა, რომ  ქართველი არ უნდა ყოფილიყო, მაგალითად, მუსლიმი. ჩვენი წინაპრები ოდითგანვე იბრძოდნენ ქრისტიანობის შესანახად და ასე შემდეგ. 

გამომდინარე იქედან, რომ მე მუსლიმი ვარ, ხშირად მიწევდა ამ საკითხზე კამათი. 

ვეუბნებოდი, რომ რელიგია და ეროვნება არ უნდა გაგვეიგივებინა. 

მაშინ ყველაფერი გულთან მიმქონდა და განვიცდიდი, გამომდინარე იქედან, რომ უმცირესობაში ვიყავი, რადგან უმრავლესობა იმ აზრს უჭერდა მხარს, რომ ქართველი არ უნდა ყოფილიყო მუსლიმი. 

ამის გამო მქონდა განცდა, რომ თითქოს ვიჩაგრებოდი.

რელიგიურ სიმბოლოებს რაც შეეხება, არ მახსენდება ჩემს სკოლაში იყო თუ არა, ერთადერთი, რაც მახსენდება, ის იყო, რომ კუთხეში, სადაც ერთ-ერთი გარდაცვლილი მოსწავლის ფოტო იდო, მისი სურათის ირგვლივ ელაგა ხატები და სანთლები. ეს უბრალოდ პატივისცემის ნიშნად იყო“-გვეუბნება ჯაბა ბერიძე. 

მისი თქმით, არა მარტო სკოლაში, ცხოვრების განმავლობაში ხშირად უწევდა იმის მტკიცება, –  „მერე რა, რომ მუსლიმი ვარ, რომელი ქრისტიანია ჩემზე პატრიოტი?“. 

ყველაზე შეურაცხმყოფელია, როცა გეკითხებიან, „აი, მაგალითად, თურქეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტი რომ გაჩნდეს, შენ ვის მხარეს დაიჭერ?“.

რატომ აქვთ განცდა ადამიანებს, რომ რელიგიის გამო შეიძლება მხარს უჭერდე არა შენს ქვეყანას, არამედ სხვა სახელმწიფოს, არ ვიცი. ალბათ წარსულის შიშების გამო ხდება ეს ყველაფერი, როცა აჭარა ოსმალეთის იმეპერიას ჰქონდა მიტაცებული. “-ამბობს ჯაბა. 

მისი თქმით, შეურაცხმყოფელი იყო ის ფაქტიც, როცა პარლამენტის დეპუტატს მხოლოდ იმიტომ, რომ ის მუსლიმია, უცხო ქვეყნის  აგენტობაში დასდეს ბრალი. „მაშინ, როცა იგივე მართლმადიდებელს არ ეტყვიან, რომ რუსეთის აგენტია ან ჯაშუში, მხოლოდ იმიტომ, რომ ის მართლმადიდებელია“-გვეუბნება ის.

სამოქალაქო განათლების მასწავლებელი და ეროვნული ჯილდოს მფლობელი პედაგოგი ლადო აფხაზავა წლებია, რაც სკოლაში კონფლიქტების მოგვარების თემატიკაზე მუშაობს.

ლადო აფხაზავა/ფოტო: ლელა დუმბაძის

 აქვს რელიგიური ნიშნით კონფლიქტების მოგვარების საკითხებზე მუშაობის გამოცდილებაც.

მისი თქმით, წინა წლებთან შედარებით სკოლებში ბევრად შეცვლილია მდგომარეობა, რადგან პედაგოგებმა ძალიან ბევრი ტრენინგი გაიარეს დისკრიმინაციის აღმოფხვრის საკითხებზე, თუმცა ამ მიმართულებით მაინც არის სამუშაო.

„დღესაც გვაქვს სკოლები, სადაც ხატები და სხვა რელიგიური სიმბოლოებია გამოფენილი. ასეთ სკოლებში არ ითვალისწინებენ ყველაზე მთავარს – მოსწავლეს.

თუ ჩვენ ვამბობთ, რომ მოსწავლეზე ორიენტირებული უნდა იყოს სკოლა, მაშინ რა გამოდის, რომ ნაწილის აზრს ითვალისწინებ და მეორე ნაწილის აზრს არა?

ასევე, „რელიგია შემოიტანეთ სკოლაში“, რომ არის ხოლმე ასეთი მოწოდებები, ამ ხალხს ჰგონია, რომ რაღაც კარგი ინიციატივაა და ვერ ხვდებიან, რა შედეგებზე შეიძლება გავიდეთ ამით.

ეს შედეგები არ იქნება კარგი, რადგან ჩვენ არ გვყავს რელიგიის კვალიფიციური მასწავლებლები და რელიგიის სწავლება არ გულისხმობს მხოლოდ ერთი რელიგიის სწავლებას.

ბავშვს ჰყავს მშობელი და ის გადაწყვეტს, რომელ აღმსარებლობას შეასწავლის საკუთარ შვილს. მგონი ამას ისედაც ახერხებენ და სკოლაში იმ ფორმით ამ საგნის შემოტანით, რასაც

პოპულისტები გულისხმობენ ხოლმე, მხოლოდ  დისკრიმინაციას შევუწყობთ ხელს“, – ამბობს ლადო აფხაზავა.

მაგალითად, ფეისბუქში, მასწავლებლების ერთ-ერთ ჯგუფში ერთი პედაგოგი მუსლიმ მოსწავლეებს უწოდებდა „მაჰმადიანებს“, რასაც თავად მუსლიმები დისკრიმინაციულ ტერმინად მიიჩნევენ.

პედაგოგი დაჟინებით იმეორებდა, რომ ტერმინი „მაჰმადიანი“ არ არის დისკრიმინაციული და ამ სიტყვის გამოყენებაში პრობლემას ვერ ხედავდა.

ლადო აფხაზავას თქმით, ცუდია, როცა პედაგოგი დისკრიმინაციული ენით საუბრობს და ასევე დასძენს, რომ ტოლერანტობა არ უნდა დარჩეს ქაღალდზე – რეალურ ცხოვრებაში უნდა შეგვეძლოს განსხვავებულის მიღება.

„ქართველები ტოლერანტები არიან, ეს თუ ესმით, მოსწონთ, მაგრამ თუ, მაგალითად, მუსლიმ ბავშვებს ბაირამი ან რამადანი მივულოცე, მეუბნებიან: რა საჭირო იყო ახლა ამის მილოცვა.

მაინც რაღაცნაირად უცხოდ აღიქვამენ არამართლმადიდებელ მოსახლეობას, რაც ძალიან ცუდია“, – გვეუბნება ლადო.

მისი თქმით, განათლებას არა პოპულისტური განცხადებები, არამედ პრინციპული გადაწყვეტილებები სჭირდება. „ის, რაც მოიტანს ზიანს, უნდა მოვარიდოთ სკოლას“, – ამბობს ლადო აფხაზავა.

„ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის“ მიხედვით, „დაუშვებელია საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის რელიგიური ინდოქტრინაციის, პროზელიტიზმის ან იძულებითი ასიმილაციის მიზნებისათვის გამოყენება.“

ილუსტრაცია ვიდეორგოლიდან/TDI

არასამთავრობო ორგანიზაცია „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ კვლევების მიხედვით, 2022 წელს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში  რელიგიური შეუწყნარებლობის გარდა სავარაუდო ეთნიკური ნიშნით შეუწყნარებლობის ხუთი ფაქტი გამოვლინდა.

„აღნიშნული ხუთი შემთხვევიდან ორი ფაქტის შესახებ ინფორმაცია შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეგზავნა შესაბამის სკოლას, ერთზე – წერილობითი პასუხი გაეგზავნა განმცხადებელს, ორი ფაქტის შესახებ კი მიმდინარეობს წარმოება“, – ამბობს TDI.

აღნიშნული ორგანიზაცია სკოლის სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესშიც მონაწილეობდა, რათა ახალი სახელმძღვანელოების შედგენისას არ ყოფილიყო გამოყენებული რელიგიური ან ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციული კონტექსტი ან ტერმინოლოგია და შესაბამისობაში ყოფილიყო ადამიანის უფლებებთან.

ისევე როგორც ჯაბა ბერიძე, სხვა ახალგაზრდებიც, ვისაც ვესაუბრეთ, მიიჩნევენ, რომ განათლების ხარისხის გაუმჯობესების კვალდაკვალ, ახალი თაობა უკეთ გადაიაზრებს წარსულის ამ გამოცდილებას და მომავალში უფრო ნათელი დამოკიდებულება ექნებათ როგორც  მუსლიმების, ასევე სხვა აღმსარებლობის საქართველოს მოქალაქეების მიმართ, რომლებიც ამ ქვეყნის პოლიტიკურ თუ სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში მონაწილეობენ და „არა ისეთი, როგორსაც დღეს ვაწყდებით ხოლმე, საზოგადოების გარკვეულ ნაწილში“ – ამბობენ ახალგაზრდები.

 

მთავარი ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან. ფოტოზე: რელიგიური სიმბოლიკა ბათუმის ერთ-ერთი საჯარო სკოლის საკლასო ოთახში. 

__________________________________

სტატია მომზადდა „ბათუმელების“ მიერ, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარე, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) პროექტის „რელიგიური, ეთნიკური უმცირესობებისა და მიგრანტებისთვის მართლმსაჯულებისადმი ხელმისაწვდომობის გაზრდა საქართველოში“ ფარგლებში.

სტატიის შინაარსზე სრულად  პასუხისმგებელია „ბათუმელები“ და მასში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები დონორი ორგანიზაციების შეხედულებებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: