მთავარი,სიახლეები

აქცია ბათუმში შშმ გოგონების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ

26.11.2023 • 674
აქცია ბათუმში შშმ გოგონების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ

დღეს, 26 ნოემბერს, ბათუმის ცენტრალურ პარკში აქცია გაიმართა შშმ გოგონების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ.

აქციის ორგანიზატორი შშმ ქალთა ალიანსი იყო. ალიანსის თავმჯდომარის, დეა ერემაშვილის თქმით, აქცია ეხმაურება აჭარაში შშმ მოზარდებზე სავარაუდო ძალადობის საქმეს, რომლის შესახებაც ორგანიზაციამ პროკურატურას წელს, ზაფხულში მიმართა.

აქცია ბათუმში

„5 ივნისს ჩვენ პროკურატურაში განცხადება შევიტანეთ მასობრივი ძალადობის ფაქტებზე შშმ თემში, სადაც მოძალადეები და მსხვერპლები თემის წევრები იყვნენ. უფროსი ასაკის მამაკაცები ფაქტობრივად ძალადობდნენ უმცროსი ასაკის გოგონებზე.

350 ვიდეო დევს პოლიციაში, მაგრამ თემის მხრიდან მიდის ბულინგი, არ არის ოჯახების მხარდაჭერა, მსხვერპლების უმრავლესობა არასრულწლოვანია და ოჯახებს არ უნდათ ამ ინფორმაციის გაცხადება, იმიტომ, რომ რცხვენიათ, ზოგს ეშინია, ზოგის მოსყიდვა მიდის.

როცა ძალადობა ხდება წლების განმავლობაში და შენ თვალს ხუჭავ, მე ვთვლი, რომ ეს უარეს მოძალადედ გაქცევს.

ჩვენ გვინდა ამ აქციით ვაჩვენოთ ამ ადამიანებს, რომ მარტო არ არიან, რომ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ მათ ჰქონდეთ ღირსეული ცხოვრება. მთავარია, მივმართოთ პოლიციას, იმიტომ, რომ ეს არ დასრულდება, ოდესღაც ვიღაცამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და შიშს აჯობოს.

ამ დრომდე მხოლოდ ერთი ადამიანია დაკავებული.

აქცია ბათუმში

გამოძიება ვერ იძვრის, იმიტომ, რომ მსხვერპლი არ მიმართავს პოლიციას და მეორე – ვინც მიმართა, ის ცვლის ჩვენებებს ზეწოლის გამო. მგონი, პოლიციას პირველ რიგში უნდა დაეკავებინა ეჭვმიტანილები, რომ ადამიანებისთვის ზეწოლა მოგვეხსნა, მაგრამ ვერ მოხდა დროული და ეფექტური მოქმედება, სამწუხაროდ“ – უთხრა „ბათუმელებს“ დეა ერემაშვილმა.

___________

ამავე თემაზე: 

ბავშვებზე სექსუალურად ძალადობდნენ და ვიდეოებს უღებდნენ

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: