მთავარი,სიახლეები

„მამამ მიგვატოვა, არავინ გვყავს, რომ დაგვეხმაროს“ – ქალი შვილის გადარჩენას ითხოვს

27.11.2023 • 1816
„მამამ მიგვატოვა, არავინ გვყავს, რომ დაგვეხმაროს“ – ქალი შვილის გადარჩენას ითხოვს

„ჯერ სახეში დამარტყა, მერე თმაში წამავლო ხელი და თმით მითრია. მაშინ ოთხი თვის ფეხმძიმე ვიყავი. ამის შემდეგ კიდევ იძალადა ჩემზე“, – ამბობს 31 წლის ქალი „ბათუმელებთან“, რომლის რეალურ სახელს მისივე თხოვნით არ ვასაჯაროებთ. 

ხატია (სახელი შეცვლილია) ამბობს, რომ ქმრის გარდა, სიტყვიერი თუ ფიზიკური თავდასხმის მსხვერპლი არაერთხელ გამხდარა დედამთილისა და მულისგანაც. „აღარ მინდა სოციალურ ქსელებში შემომივარდნენ და აქაც მომაყენონ შეურაცხყოფა“, – გვეუბნება ქალი.

ოჯახი თავდაპირველად ხულოს ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობდა. თუმცა შემდეგ ბათუმში ნაქირავებში გადმოვიდნენ საცხოვრებლად.

„მოგვიანებით ქალაქთან ახლოს, ერთ-ერთ სოფელში ემიგრანტმა დაგვითმო სახლი და იქ ვცხოვრობდით. მთავარია, სახლს მიმიხედოთო, გვითხრა და ქირას აღარ ვიხდიდით“, – გვეუბნება ხატია.

მას შვილი სამი თვის წინ შეეძინა, თუმცა ბავშვი მძიმე მდგომარეობაშია და კლინიკა „მედინას“ რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

დედა ამბობს, რომ ზუსტ დიაგნოზს ვერ ეუბნებიან, ამიტომ შვილის თურქეთში გადაყვანა სურს.

„თავიდან სხვადასხვა ვერსია იყო, ჯერ ფილტვი არ ეხსნებაო – მითხრეს, ახლა მეუბნებიან, თავზე აქვს დაზიანებები, ჟანგბადი არ მიეწოდებაო. სავარაუდოდ, სტრესული ორსულობის შედეგიაო.

ჩემი შვილის მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება, ამიტომ სასწრაფოდ უნდა გადავიყვანო თურქეთში, თუმცა ამის ფინანსური შესაძლებლობა არ მაქვს. ძალიან ვთხოვ საზოგადოებას, რომ დამეხმაროს, არავინ მყავს. მეც და ბავშვიც მიგვატოვეს“, – ამბობს ხატია.

მისი თქმით, მეუღლესთან კონფლიქტის მიზეზი ის იყო, რომ მას ქმარი ყოველთვის  ფულს სთხოვდა.

„ხან მუშაობდა, ხან – არა. ბოლოს ჩვენი კონფლიქტის მიზეზი ის იყო, რომ თამაშობდა და რასაც იშოვიდა, სულ კაზინოში ყრიდა.

სახლში მხოლოდ მე ვმუშაობდი და ჩემს კისერზე იყო ყველაფერი, კომუნალური გადასახადები, საჭმელი, ყველაფერი მე მომქონდა. სიგარეტის ფულსაც მე მთხოვდა და ამაზე ვჩხუბობდით“, – ამბობს ხატია.

მისი თქმით, როცა მას პირველად სცემა, მეორე დღეს, სამსახურში ყოფნის დროსაც უგზავნიდა მუქარის შეტყობინებებს. „მოგკლავო მწერდა“, – გვეუბნება ხატია.

ქალმა პოლიციას მიმართა და მუქარის წერილებიც აჩვენა.

„განყოფილებაში ყოფნის დროსაც დამირეკა და მემუქრებოდა. პოლიციელებმაც მოისმინეს მუქარის სიტყვები და დააკავეს. ორი დღე იყო დაკავებული. შემაკავებელი ჰქონდა დედამთილსაც, მაგრამ შემდეგ დედამთილი, მული მაიძულებდნენ განცხადება გამომეტანა. მაინც არავინ გყავს და სულ მარტო დარჩებიო.

მეც გამოვიტანე განცხადება.

ეს იყო მარტში. მერე თითქოს ნორმალურად მიდიოდა ყველაფერი, მაგრამ ორი თვის შემდეგ ისევ მოუხშირა თამაშს და დაიწყო ფულის თხოვნა და ისევ დაიწყო უსიამოვნებები“, – გვიყვება ხატია.

ქალის თქმით, ზაფხულში ჯერ მისი დედამთილი წავიდა სახლიდან, შემდეგ კი მისი გერი (ქმრის შვილი პირველი ქორწინებიდან) და ბოლოს – ქმარიც.

„მითხრა, რომ ბახმაროში აპირებდა წასვლას და მუშაობას. ორსულ ქალს მარტო როგორ მტოვებთ-მეთქი, მაგრამ არაფერი გიჭირსო – მითხრა და წავიდა.

არ მირეკავდა, ათ დღეში ერთხელ შეტყობინებას თუ გამომიგზავნიდა. მაღაზიაში ვიყავი, როცა მშობიარობა დამეწყო და არავინ იყო ჩემ გვერდით. მეზობელი დამეხმარა და სამშობიაროში მიმიყვანა.

ჩემს ქმარსაც მისწერეს, უთხრეს, რომ ახალშობილი რეანიმაციაში იყო, მაგრამ არ მოვიდა. არც ნახა, არც მოიკითხა. არავინ მოსულა ჩემი და ბავშვის სანახავად. ცოცხალი ვიყავით თუ არა, არავინ დაინტერესებულა“, – გვეუბნება ხატია.

ცოტა ხნის წინ მან გაიგო, რომ დედამთილი თურქეთში წასულა, ქმრისგან კი მხოლოდ ერთი შეტყობინება მიიღო – „საქართველოდან მივდივარ“.

„როგორც მითხრეს, გერმანიაში წავიდა. მე და ჩემი შვილი კი სრულიად მარტოდ დაგვტოვა“, – ამბობს ხატია. ამბობს, რომ შვილის გარდა არავინ ჰყავს, ოჯახის არც ერთი წევრი, ვინც მასზე იზრუნებს და დაეხმარება შვილის მკურნალობაში, ამიტომ ის საზოგადოებას სთხოვს სამი თვის დემეტრეს გადარჩენაში დახმარებას.

ახალგაზრდა ქალმა ბავშვის ნათლიის საბანკო ანგარიშების გამოქვეყნება გვთხოვა.

________________________________________

თუკი გაქვთ სურვილი და შესაძლებლობა დაეხმაროთ ახალგაზრდა დედას შვილის გადარჩენაში, თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ შემდეგ მისამართზე:

თიბისი – GE32TB7010945164300002

საქართველოს ბანკი – GE71BG0000000020218600

მიმღები: ინდირა მოწყობილი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: