მთავარი,სიახლეები

კიდევ ერთი ცათამბჯენი სტადიონთან – ბათუმის საკრებულო 2 ახალ პროექტს განიხილავს

25.11.2023
კიდევ ერთი ცათამბჯენი სტადიონთან – ბათუმის საკრებულო 2 ახალ პროექტს განიხილავს

ბათუმში, ბაგრატიონის #139-ში, ცენტრალურ სტადიონთან ახლოს შპს ,,გთემ ბილდინგი’’ მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას გეგმავს. კომპანიმ მერიას სამშენებლო ტერიტორიის განაშენიანების დეტალური გეგმა [გდგ] წარუდგინა. დოკუმენტის მიხედვით პროექტი ითვალისწინებს როგორც საცხოვრებელი ბინების ასევე სასტუმრო ნომრების მოწყობასაც.

მშენებლობა ერთ ჰექტრამდე ტერიტორიაზეა დაგეგმილი [10048 კვ.მ.-ს] . კომპანიამ კ2 კოეფიციენტის გაზრდა მოითხოვა. მერიის განმარტებით თანხმობის შემთხვევაში კომპანია ნამატი ფართობის 10 პროცენტს მერიას გადასცემს. ეს კანონის მოთხოვნაც არის.

საპროექტო ტერიტორიასთან ახლოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ბათუმის ლუდის ქარხანა მდებარეობს. დოკუმენტში წერია, რომ ეს ქარხანა სამშენებლო ტერიტორიიდან 372 მეტრით არის დაშორებული. შესაბამისად, ის ძეგლის  დაცვის ზონაში არ არის.

იმ პროექტების მიხედვით, რაც „ბათუმელებმა“ უკვე შეისწავლა და გამოაქვეყნა ბათუმის ცენტრალური სტადიონის ირგვლივ არსებული ტერიტორია მომავალში ერთგვარ ცათამჯენების უბნად შეიძლება იქცეს.

რა გამოწვევების წინაშე დააყენებს ეს გადაწყვეტები ქალაქს არაერთი მიმართულებით ამაზე „ბათუმელები“ სპეციალისტებთან ერთად მუშაობს და მათ განმარტებებს მოგვიანებით გამოვაქვეყნებთ.

დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში შპს „გთმ ბილდინგის“  პროექტიც სტადიონის მიმდებარე უბანს დაემატება. ფუნქციური გადანაწილების მიხედვით ამ ტერიტორიას მინიჭებული აქვს საქმიანი ზონის სტატუსი.

რენდერი – დოკუმენტების მიხედვით შენობის სიმაღლე 240 მეტრი იქნება

რენდერი

 

მომავალში შესაძლო გამოწვევების გათვალისწინების აუცილებლობაზე სპეციალისტები „გთმ ბილდინგის“  განაშენიანების გეგმაშიც წერენ:

დღევანდელი მდგომარეობით ქ. ბათუმში მოქმედი განაშენიანების გეგმით, ჩვენს საპროექტო ტერიტორიაზე მოქმედებს საქმიანი ზონა (შზ-3), რომელშიც მოქმედი კოეფიციენტებია კ1-0,5-0,7; კ2-4,6 და კ3-0,2-მდე. გარდა აღნიშნული დოკუმენტისა, ტერიტორიის სამშენებლო განვითარებაზე მსჯელობისას, ასევე ვეყრდნობით მიწის ნაკვეთის სიახლოვეში უკვე შეთანხმებული და შეთანხმების პროცესში მყოფი ურბანული და არქიტექტურული დოკუმენტაციით გამოვლენილ სიმჭიდროვეს და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებელებს. ჩატარებული კვლევის შედეგებით ეს მაჩვენებელი ერთ-ერთი ყველაზე მაღალია ბათუმის მასშტაბით.

შპს „გთმ ბილდინგი“ ედნარ პაპუნაიშვილის საკუთრებაა, კომპანიას ჯუმბერ ჭყონია ხელმძღვანელობს.

რენდერი

მომავალ სხდომაზე, რომელიც 27 ნოემბერს უნდა გაიმართოს, საკრებულო კიდევ გდგ დოკუმენტზე იმჯელებს, რომელიც მასთაბური სამშენებლო პროექტის მშენებლობას კახაბრის დასახლებაში ითვალისწინებს.

კახაბრის დასახლებაში დაგეგმილი პროექტის რენდერი

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: