მთავარი,სიახლეები

წამსვლელი თვითმფრინავები გაჭედილია ქართველებით, უკან დამბრუნებლები არა – ემიგრანტი

24.11.2023 •
წამსვლელი თვითმფრინავები გაჭედილია ქართველებით, უკან დამბრუნებლები არა – ემიგრანტი

„სახელმწიფო ალბათ ყველაფერს უნდა აკეთებდეს იმისათვის, რომ ხალხი დასაქმდეს, ხელფასი ჰქონდეს. აი, რამდენი წელი გავიდა, აქ ცხოვრება სულ უფრო უარესი და უარესი ხდება.

იმდენი ადამიანი მიდის… მე და ჩემი შვილი საქართველოში რომ ვბრუნდებოდით, ავედით თვითმფრინავში, მეგონა შემეშალა – ქართული საუბარი არ ისმოდა. ჩვენ გარდა ქართველი უკან არავინ ბრუნდებოდა. მარტო ჩვენ მოვდიოდით უკან და უცხოელი ტურისტები. აქედან ყველა მიდის. წამსვლელი თვითმფრინავები გაჭედილია ქართველებით და უკან დამბრუნებლები არა,“ – ემიგრაციიდან დაბრუნებული ქალი, ჯანიკო ნიკოლაძე საკუთარ გამოცდილებაზე გვიყვება.

ჯანიკო ნიკოლაძე თერჯოლაში, სოფელ ქვედა სიმონეთში ცხოვრობს. სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო ორჯერ გახდა ემიგრანტი. მის მეუღლეს ბანკიდან სესხი ჰქონდა აღებული, სამსახურის გარეშე დარჩა და ოჯახმა თანხა ვეღარ გადაიხადა.

„სესხის გამო 2020 წელს გავხდი იძულებული წავსულიყავი ემიგრაციაში, კვიპროსზე სამუშაოდ. ურთულესი იყო, პირველ რიგში ენობრივი ბარიერის გამო. მიშველა იმან, რომ რუსული ვიცი და ამით გავდიოდი ფონს. ვმუშაობდი სასტუმროში დამლაგებლად. იტყვი რა არის დამლაგებლობაშიო რთულიო, მაგრამ იყო ურთულესი. სულ მცირე 12 საათი ვმუშაობდი და ანაზღაურება მქონდა 900 ევრო.

სამწუხაროდ, კოვიდი დაიწყო ყველგან და რა თქმა უნდა იქაც. გავხდი იძულებული წამოვსულიყავი. დავბრუნდი სახლში, სულ რაღაც ოთხ თვეში.

ბანკი, რა თქმა უნდა, თავისას ითხოვდა, ძალიან გვავიწროებდა. ისევ გავხდი იძულებული, წავსულიყავი პოლონეთში, ამჟამად ჩემს შვილთან ერთად,“ – გვიყვება თავის ისტორიას ჯანიკო ნიკოლაძე.

ჯანიკოს თქმით სამუშაო პოლონეთშიც მძიმე იყო.

„ქათმების ფაბრიკაში ვმუშაობდით. სიცივეში -5 გრადუს ტემპერატურაზე მოგვიწია მუშაობა. მაგრამ აი, რომ ვადარებდი იქაურ პირობებს საქართველოში არსებულს, გული მიკვდებოდა.

დილით ადრე, 5 საათზე, ტრანსპორტი სავსე იყო სამსახურში წამსვლელი ხალხით. გაჭედილი. ყველა მუშაობს. აუარებელი ფაბრიკებია – ქათმის, ინდაურის, „კალბასის“, ღორის, საქონლის, თხის, ავეჯის… სულ ვფიქრობდი, ნუთუ არ შეიძლება, ჩვენთანაც მუშაობდეს რამე ერთი ფაბრიკა მაინც.

12-14 საათი ვმუშაობდით ორივე, მე და ჩემი შვილი. იქ ნამუშევარი ფულით ჩვენი პრობლემები მოვაგვარეთ, 10 თვეში დავფარეთ სესხი და მერე გადავწყვიტეთ უკან, საქართველოში დაბრუნება. არც კი ვიცი, საქართველოში რამდენი წელი დამჭირდებოდა, რომ ეს თანხა დაგვეფარა, ეს პრობლემა მოგვეშორებინა. შეუძლებელი იყო, ამიტომ გავრისკეთ და წავედით.

ჩემი აზრით, ამ მთავრობამ ქვეყანა უკან დახია. უკუსვლით წაიყვანა ქვეყანა, თორემ ჩვენ დღეს აქ არ ვიქნებოდით და ამდენი პრობლემები არ გვექნებოდა.

ახლა სოფელში ვცხოვრობთ, გვყავს საქონელი, ღორი, გოჭი, ქათამი, ვენახები, ყანები, მაგრამ აქედან შემოსავალი არაფერში გვყოფნის. თუ ოჯახის ერთი წევრი მაინც არ მუშაობს და ხელფასი არ აქვს, მხოლოდ სოფელში არსებული შემოსავლით, ვერ იცხოვრებ,“ – გვიყვება ჯანიკო ნიკოლაძე.

ჯანიკო ამბობს, რომ მისი ემიგრაციიდან დაბრუნება გამონაკლისია. სოფელში, სადაც ის ცხოვრობს, ოჯახი არ არის, საიდანაც ერთი წევრი მაინც არ იყოს წასული საზღვარგარეთ. ჯანიკოს თქმით, სახელმწიფო არ ზრუნავს საკუთარი მოქალაქეების კეთილდღეობაზე.

„ევროპაში პენსიონერებს პენსია მაღალი აქვთ. ჩვენ რა გვჭირს 30 წელი, რომ ვერ დავდექით ფეხზე ისე, რომ ან პენსიონერი იყოს ნორმალურად ან პატიოსნად მშრომელი ადამიანი?

როცა არ ფიქრობს მთავრობა ხალხზე, არ ფიქრობს ქვეყანაზე და მარტო კორუფციითა დაკავებული, ვფიქრობ, ეს ამიტომ ხდება. აღარ მორჩათ ხალხისთვის ფული. თვითონ ვერ დაიკმაყოფილეს თავისი მოთხოვნილებები ჯერ. ასე ჰგონიათ თვითონ უნდათ მარტო არსებობა.

უსამართლობაა, რომ ემიგრაციაში მყოფი ხალხიდან ყველა ვერ აძლევს ხმას არჩევნებზე. მნიშვნელოვანია და აუცილებელი ემიგრანტების ხმები არ დაიკარგოს. ძალიან ბევრს უნდა არჩევნებში მონაწილეობა, მაგრამ ხშირად ისე შორს არის ქალაქებიდან საარჩევნო უბნები, შეუძლებელია ადამიანი წავიდეს, მისცეს ხმა და გამოხატოს თავისი აზრი.

ერთეულები ახერხებენ, მაგრამ ბევრი – ვერ, მიუხედავად იმისა, რომ აქვს სურვილი,“ – ამბობს ჯანიკო ნიკოლაძე.

ჯანიკოს თქმით, მისთვის, როგორც ყოფილი ემიგრანტისათვის, ქალისთვის, რომელმაც იცის, რა სირთულე ახლავს უცხო ქვეყანაში ცხოვრებას და მუშაობას, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ჰქონდეს ღირსეული ანაზღაურება და შრომითი პირობები. რომ აღარ მოუწიოს სამუშაოდ სხვაგან წასვლა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: