მთავარი,სიახლეები

ბევრმა ემიგრანტმა ქალმა თავისი გაკეთებული რემონტი თვალითაც ვერ ნახა – ისინი გადავასვენეთ

27.11.2023 •
ბევრმა ემიგრანტმა ქალმა თავისი გაკეთებული რემონტი თვალითაც ვერ ნახა – ისინი გადავასვენეთ

ნინო ჩოგოვაძე პროფესიით ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია. უმაღლესი განათლება ქუთაისში მიიღო, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა. 90-იანი წლების მიწურულს საქართველოდან ამერიკის შეერთებულ შტატებში ემიგრაციაში წავიდა.

ის ე.წ. პირველი თაობის ემიგრანტია. განსხვავებით დღევანდელი ემიგრაციული ტალღისა 90-იანებში საქართველოდან წამსვლელები ტოტალურ შიმშილს, ომს, კრიმინალს და სრულ უიმედობას გაურბოდნენ.

„ანდაზის მიხედვით წყალწაღებული ხომ ხავსს ეჭიდებოდა, მე ის მოსაჭიდებელი ხავსიც არ მქონდა,“ – უყვება ნინო ჩოგოვაძე „ბათუმელებს“ იმ ბნელ წლებზე, როცა საკუთარი სახლის, შვილის და ქვეყნის დატოვება მოუწია თავის და ოჯახის გადასარჩენად.

„31 წლის ასაკში მომიწია ქვეყნის, ქალაქის და ოჯახის დატოვება. ბევრი ემიგრანტი ადამიანის წასვლის მიზეზი ძალიან ჰგავს ერთმანეთს. ჩემიც მათ შორის, თითქმის იდენტურია.

ასეთი ტერმინი დავამკვიდრე ჩემს მეგობრებში. 90-იანი წლებში საქართველოში დაიწყო ე.წ ქარავანიზაცია. ქარავანი დაიძრა ქვეყნიდან, ეს იყო პურის ფულის მშოვნელთა საზოგადოება. სამწუხაროდ, ამ ქარავანში 70 % გახლდა ქალი. ერთ-ერთი მსხვერპლი ამ ქარავანიზაციის გავხდი მეც. ჩემი მთავარი მიზანიც იყო პურის ფულის შოვნა,“ – იხსენებს ნინო.

ნინო ჩოგოვაძე დეტალურად გვიყვება ჩაბნელებულ, უღარიბეს ქალაქში ცხოვრების წლებზე. დღეებზე, როცა საარსებო წყაროს უშედეგოდ ეძებდა. თავისი გაჭირვების აღსაწერად ნინო ერთ ეპიზოდს იხსენებს. როცა მისი შვილი 6 წლის გახდა, სკოლაში ვერ შეიყვანა, რადგან არ ჰქონდა საშუალება, რომ ბავშვისთვის საჭირო ნივთები – ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ჩანთა და წიგნები ეყიდა. მეორე წელს, როცა უკვე 7 წლის გახდა, ვერც მაშინ შეიყვანდა მისი მეგობარი, რომ არ დახმარებოდა და სასკოლო ნივთები და ტანსაცმელი არ ეყიდა.

უნივერსიტეტში საუკეთესო სტუდენტი იყო. სწავლის პერიოდში ზედმეტსახელი მქონდა „გუგას დედა“, რადგან ლექციებზე თავის პატარა შვილთან ერთად დადიოდა.

„ზოგჯერ ბავშვს დაცვის თანამშრომლებსაც კი ვუტოვებდი, როცა სხვა გამოსავალი არ მქონდაო,“ – იხსენებს. წლების შემდეგ, ფიქრობს, რომ თავის ქალაქში რომ დარჩენილიყო, ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტი იქნებოდა, თავის სათქმელს იტყოდა. თუმცა სულ სხვანაირად გამოვიდა.

„1999 წლის 8 ივლისს გავიდა მატარებელი ქუთაისის რკინიგზის სადგურიდან. როცა მატარებელი დაიძრა, გამცილებლებს გამოეყო გუგა, რომელიც იყო ცხრა წლის და ვიდრე მატარებელი არ დაიმალა, მორბოდა. ასე მოხდა. ახლაც ემოციების გარეშე ვერ ვიხსენებ ამ ამბავს. ჩემი შვილი ვნახე 11 წლის, 2 თვის და 5 დღის შემდეგ,“ – ამბობს ნინო.

ნინოს თქმით, ემიგრაციის პირველი წლები რთული იყო.

„ეს იყო ოჯახების გახლეჩის და დანაკუწების ეპოქა, რომელიც აზიანებს ურთიერთობებს, აზიანებს ფსიქიკას… ყველაფერს აზიანებს.

მერე წამომეწია სკაიპი და გავხდი „სკაიპის დედა“. ასეთი სენტიმენტებით ვიცხოვრეთ წლები. ბევრი წლის შემდეგ გუგა ჩამოვიყვანე. მერე დედაჩემი ჩამოვიყვანე და აღარ ვარ მარტო, მაგრამ იცით რაშია საქმე? სულ ვაკეთებ შედარებას მაუგლისთან.

მაუგლიმ ვერ მოახდინა ადაპტირება ადამიანებთან? იმიტომ, რომ მან განვითარების ყველა ეტაპი გამოტოვა. ასევეა ემიგრაციის წლები, როდესაც ბავშვები არიან უდედოდ. შენ ეს  გამოტოვე, მორჩა, დამთავრდა.

შეიძლება პირდაპირ არ გითხრას. ჩემი შვილი მე ამას არ მეუბნება, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ქვეცნობიერში აქვს ეს ფრაზა –  „დედამ მიმატოვა“. ამას ვერაფერი ვერ შეცვლის. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჩემი შვილი 24 საათი მუშაობს თავის შვილებისთვის – რომ სწავლის ფული გადაიხადოს, სამედიცინო დაზღვევა ჰქონდეთ ბავშვებს, თავად გამოცადა ყველაფერი და იცის“.

  • ემიგრანტები, როგორც აქტიური მოქალაქეები

„ძალიან არ მიყვარს ფრაზა – „არ ვერევი პოლიტიკაში, რა ჩემი საქმეა პოლიტიკა“. ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ პოლიტიკა ზუსტადაც ჩვენს ცხოვრებაზე აისახება. ჩვენ მივდივართ არჩევნებზე, ჩვენ ვქმნით პოლიტიკურ ამინდს, ჩვენ ვუქმნით ჩვენს შვილებს იმ გარემოებას, რომელშიც მათ უნდა იცხოვრონ. თითოეული ვართ ჩვენი შვილების მომავლის შემქმნელები.

მარტო ის არაა, რომ მე ვთქვათ საბანკო ანგარიში მაქვს გახსნილი ჩემი შვილიშვილისათვის და კოლეჯის თანხას ვაგროვებ. გამიმართლა, რომ კარგ ქვეყანაში ვარ და ამას მოვახერხებ. მშვენიერი და გადასარევია, მაგრამ მარტო ეს არ კმარა. პოლიტიკაა ის, რომ ბავშვს სამოქალაქო ღირებულებები ასწავლო და არა ის ჩოხა ჩააცვა, მერე მან მჯიღი დაიკრას გულზე და ჰიმნი იმღეროს. არა.

ყველა არჩევნებში ვარ ჩართული. კომისიაში ვზივარ, ვეხმარები და ხმებს ვითვლი, ერთ ამბავში ვარ. ვაშინგტონი და ნიუ იორკია ძირითადი ბირთვი, მაგრამ ახლომდებარე შტატებიდანაც – ნიუ ჯერსი, ფილადელფია, ჩამოდიან ემიგრანტები და აძლევენ ხმას. ჩვენთან ნიუ იორკში არჩევნები არ ყალბდება.

2012 წელსაც კი, როდესაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, მაშინაც გამჭვირვალე იყო არჩევნები. გაყალბებები აქ არ ხდება და ვერ ხდება, ისე როგორც საქართველოში. 2012 წლის გარდა „ქართულ ოცნებას“ არჩევნები ნიუ იორკის შტატში არ მოუგია. სწორედ იმიტომ, რომ აქ ვერ აყალბებენ.

პოლიტიკოსები ჩვენ არ გვისმენენ. ფულის გამგზავნ ბანკებს დავემსგავსეთ. არადა, გარდა იმისა, რომ საქართველოს ეკონომიკაში, ბიუჯეტში ძალიან დიდი წილი შეგვაქვს, გარდა იმისა, რომ აქ ჩამოსული ქალი ლამის 2-3 ოჯახს არჩენს, გარდა ამ ეკონომიური მხარისა, ჩვენ კიდევ სხვა რესურსი ვართ საქართველოსი.

  • ემიგრაციის ახალი ტალღა

„ემიგრაციაში წასვლა ძალიან კარგი რამეა, როცა განათლების მისაღებად მიდიხარ. მშვენიერია, რომ იღებ სხვა ქვეყნის გამოცდილებას, აქ თუ კარგ უნივერსიტეტში მოხვდი, მთლად გადასარევია.

მაგრამ ახლა ვინ მიდის ქვეყნიდან? მოაზროვნე, ახალგაზრდა და განვითარების მომტანი ძალა გადის ქვეყნიდან. მე დღემდე გული მწყდება. ზუსტად ვიცი, ვიქნებოდი ერთ-ერთი საუკეთესო პედაგოგი ჩემ ქალაქში.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მომავალი თაობა დავაფინანსეთ და ჩვენმა შვილებმა უკეთესი განათლება მიიღეს, მოხდა ის, რაც მოხდა და ჩვენ, სამწუხაროდ, რუსეთის პროპაგანდა დღემდე გვერევა.

ჩვენ ამ პროპაგანდის მსხვერპლი ვართ. რუსეთს არ აინტერესებს განათლებული საზოგადოება. დღესაც ხედავთ ფრანკლინის კლუბის ახალგაზრდებს როგორ ებრძვიან და დასდევენ, არის წიოკი.

არასტანდარტული განათლების წარმომადგენლებთან იმიტომ იბრძვიან, რომ ეს არის რუსეთის დირექტივა. რუსეთს აწყობს, რელიგიურად დაბნელებული საზოგადოება.

ქარავანიზაციამ გამოიწვია ის, რომ მტერი უფრო მოგვერია. იმიტომ, რომ საშოვარზე გასული ადამიანები, იმდენად ვერ ახერხებენ თუნდაც აქციაზე გამოსვლას და პროტესტის გამოხატვას.

სამწუხაროა და ფაქტია, რომ ბოლო წლებში გაიზარდა მიგრაცია.

მე არ ვარ არალეგალი, მაგრამ ხშირად ვერთვები ამ პროცესებში, როდესაც იწერება საქმეები. თითქმის ყველა, მექსიკიდან ჩამოსული ადამიანი ავსებს პოლიტიკურ თავშესაფარზე მოთხოვნას.

აი, ადამიანი, რომელმაც შემოხაზა 41, 48, ბილბორდებზე იყო გაკრული და ჭკუაზე არ იყო, ჩვეულებრივი აქტივისტია „ქართული ოცნების“, ჩამოდის ამერიკაში მექსიკით და თქვენ რომ წაიკითხოთ მათ საქმეებში რა წერია (მე არ მაქვს უფლება დეტალები მოგიყვეთ), თურმე მიშას გამოსაყვანად რომ დადგა „ვივამედთან“ აქციაზე, ქოცმა თავში ჩაარტყა და ა.შ. ასეთ რამეებს წერენ და ამით იგებენ პროცესებს.

ხანდახან ვბრაზდები, წავიდა, შემოხაზა 41, 48 და ჩამოვიდა ახლა და იძახის მიშა გადავარჩინეო. რაღაცა საოცრებები ხდება.

ისინი იყენებენ საქართველოს პოლიტიკურ ამინდს, რომ ამ ქვეყანაში ჩამოვიდნენ.

2000-იანების დასაწყისში ერთ-ერთ ოფისში ვიმუშავე შვიდი წელი. ეს იყო სათავო ოფისი, საიდანაც იგზავნებოდა თანხები. სულ პირველად ამ ოფისში იყო იბეიზე და ამაზონზე გამოწერა, იმიტომ, რომ  ჩვენ ფეიფალით ვიწერდით და ვუგზავნიდით.

იმ პერიოდში პოლიტიკური ქეისები გადიოდა, მაგრამ „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ გარკვეული პერიოდი რომ გავიდა, ეს პოლიტიკური ქეისები შეწყდა. ქვეყანას სხვა პროექტები ჰქონდა და ესე მარტივად ვეღარ ძვრებოდნენ. ახლა ისევ დაბრუნდა.

რაც შეეხება პოლიტიკოსებს. პოლიტიკოსები, რომლებიც ჩამოდიან ამერიკაში და ემიგრანტებს ხვდებიან, მათ მესიჯებში არ ვართ ჩვენ.

ბრტყელი და ერთმანეთის მსგავსია მათი მესიჯები. თითქმის არცერთთან არ წავედი შეხვედრაზე, შეიძლება მე დიდად ვერაფერი ვერ შევცვალო, მაგრამ რატომღაც ნდობის ფაქტორია ცოტა ჩამოწეული და ეს ძალიან არ მომწონს.

აქ ჩვენ უფრო ვხედავთ ოპოზიციის  წევრებს შორის ერთმანეთთან პირველობისთვის ბრძოლას და ვითომ გარე მესიჯია – საქართველო უნდა გადავარჩინოთ, ბიძინა უნდა მოვიშოროთ და ამისთვის რატომღაც ყველა ცალ-ცალკე რაღაცებს ლაპარაკობს. ჩემთვის ეს მოსაწყენია.

ნინო ჩოგოვაძე

  • მე, როგორც აქტიური მოქალაქე ემიგრანტი

ყველა აქციაზე ქუჩაში ვარ. დაწყებული 2014 წლიდან არცერთი აქცია არ გამომიტოვებია, უკრაინის, ყირიმის დროს და მაშინ ძალიან ციოდა ამერიკაში. მახსოვს, როგორ ჩაფუთნულები მივდიოდით. გამათბობლები ვიყიდეთ ამაზონზე, ხელში გვეჭირა და ჯიბეში ვიდებდით, რომ ვიყინებოდით…

აქაური ემიგრანტები ფინანსურადაც ვეხმარებით აქციებს. ჩემ მეგობარს ორგანიზაცია ჰქონდა, საოკუპაციო ხაზთან მდგომ ადამიანებს თანხებს  ვუგროვებდით, პლედები რომ ეყიდათ და ყავის ფული ჰქონოდათ.

ქვეყანაში მიმდინარე პროცესები ყველა ოჯახის მდგომარეობაზე აისახება და თუ ეს თანმიმდევრულად და თანადროულად არ გამოსწორდა, უფრო მეტი ოჯახი გაიხლიჩება ხვალ და ზეგ.

  • დაბრუნება

რომ შემეძლოს დავხატო ჩემი მდგომარეობა, დავხატავდი ჩემოდანზე ჩამომჯდარ ადამიანს, რომელიც გასაქცევადაა გამზადებული. ასე ვარ მე პირადად. ვიცი ბევრი ჩემნაირი. ბინა იყიდეს საქართველოში, რემონტი გააკეთეს და ვეკითხები: რატომ აკეთებ იქ? მეუბნებიან – მივდივართ.

სამწუხაროა, რომ ბევრმა ის თავისი გაკეთებული რემონტი თვალითაც ვერ ნახა. გადასვენების ცერემონიალით გავაცილეთ აეროპორტიდან ის ემიგრანტი ქალები, რომლებსაც თვალით არ ჰყავდათ ნანახი შვილები წლების განმავლობაში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: