სიახლეები

საკრებულოს ოპოზიცია ბათუმში მიწისქვეშა პარკინგის მოწყობას ითხოვს

25.11.2023 • 1196
საკრებულოს ოპოზიცია ბათუმში მიწისქვეშა პარკინგის მოწყობას ითხოვს

საკრებულოს ოპოზიცია ბათუმში მიწისქვეშა პარკინგების მოწყობას ითხოვს. ამის შესახებ ბიუჯეტის  2024 წლის პროექტის შენიშვნებში ჩაწერეს. პროექტი შენიშვნებით საკრებულომ მერიას უკვე დაუბრუნა. მერიას კორექტირებული პროექტის საკრებულოში წარსადგენად 10 დეკემბრამდე ვადა აქვს.

პარკინგის პრობლემა ერთ-ერთია მათ შორის, რაზეც ოპოზიცია სხდომებზე ხშირად საუბრობს.

„ბათუმის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტი ვერ პასუხობს ქალაქის გამოწვევებს, ყოველწლიურად იზრდება ქალაქში  პრობლემები, მათი გადაწყვეტის შესაძლებლობები კი არ ჩანს წარმოდგენილ დოკუმენტში. მოვითხოვთ ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნას საკითხები რომლებიც მოაგვარებს ქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკას.

ქალაქისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ახალი საპარკინგე სივრცეები, ეს მოგვცემს საშუალებას მზარდი ტურისტული ნაკადის შემთხვევაში არ მივიღოთ ქალაქის პარალიზება, როგორც ეს ხდება ყოველწლიურად.  “ – ამბობს რეზო ხარაზი.

ოპოზიციამ რვა მისამართი წარუდგინა მერიას მიწისქვეშა საპარკინგე სივრცეების პროექტებისთვის. ეს მისამართებია:

  • ძველ ბათუმში, ჭაჭა თაუერის მიმდებარედ არსებული ტერიტორია.
  • რუსთაველის ადმინისტრაციული ერთეული, საზღვაო აკადემიის მიმდებარედ არსებული ტერიტორია.
  • ფიროსმანის ქუჩაზე სამხატვრო სასწავლებლის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთი.
  • ზურაბ გორგილაძის ქუჩაზე ვარდების სკვერი.
  • ზურაბ გორგილაძის და ჯავახიშვილის ქუჩის კვეთა.
  • რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზო.
  • ბაქოს ქუჩაზე კათოლიკური ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე.
  • ადლიის დასახლება

ქალაქის განტვირთვის მიზნით ოპოზიცია ბევრ სხვა ღონისძიებასთან ერთად ქალაქის შემოსასვლელში, მდინარე ყოროლისწყალზე, არსებული ხიდის რეკონსტრუქციასაც აყენებს დღის წესრიგში.

კორპუსების ზომა იზრდება, მაგრამ არა პარკინგის – ბათუმის მწვავე პრობლემა

გადაბეჭდვის წესი